რა მიზნით ჩამოვიდა საქართველოში უკრაინელი მებრძოლების შვიდკაციანი ჯგუფი და ვინ არის ბატალიონ "დონბასის" ხელმძღვანელი სემიონ სემეჩენკო?

"ქართველმა სამართალდამცავებმა უკრაინიდან ჩამოსული მებრძოლების შვიდკაციანი ჯგუფი კი დააკავა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სხვა ჯგუფებიც იქნებიან შემოსული, რომელთა სტუმრობის სავარაუდო მიზანიც საქართველოში ე.წ. მაიდნის მოწყობაა", აცხადებს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით გაგნიძე.

მედიასაშუალებებით არაერთხელ ითქვა, რომ ბოლო "მაიდნის" დროს, კიევში, შენობების სახურავებზე განლაგებული სნაიპერები ესროდნენ მომიტინგეებსა და სპეცრაზმ "ბერკუტის" წევრებს. მოგვიანებით ქართველი სნაიპერების ინტერვიუებიც ვიხილეთ ტელევიზიით, რომლებიც ადასტურებდნენ სისხლიან ანგარიშსწორებაში მონაწილეობას და ამ ყველაფერში სააკაშვილის ჩართულობას. ახლა ეტყობა "ვალს" უბრუნებენ სააკაშვილს მისი უკრაინელი მხარდამჭერები და საქართველოში გადმოსხეს "დესანტი". მე არ ვიცი ვინმეს თუ სჯერა, რომ უკრაინელი მებრძოლები საქართველოს ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად და ახლობლების მოსანახულებლად ჩამოვიდნენ, როგორც თავად აცხადებენ. ისინი თურმე არც აპირებდნენ 2 დეკემბრის ნაცმოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მისვლას. მე გამოძიების დასრულებამდე ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ დაკავებულებს მართლაც ჰქონდათ იარაღი და საბრძოლო მასალა, მაგრამ კრიტიკას ვერ უძლებს მავანთა სიტყვები, სტუმრები" თვითფრინავით ჩამოვიდნენ საქართველოში, კონტროლი გაიარეს და იარაღს როგორ შემოიტანდნენო. რად უნდოდა შემოტანა, როცა რაიმე ასე ვთქვათ, ოპერაციის ჩასატარებლად მიდიან, მათ ყოველთვის ადგილზე ხვდება იარაღიც და საბრძოლო მასალაც. ბინაც წინასწარაა მათთვის გამზადებული და ხშირ შემთხვევაში იარაღიც იქ ხვდებათ. თუ მართლაც სასტუმროს ნომრებში აღმოაჩინა პოლიციამ იარაღი, მე სასტუმროების მეპატრონეების მიკვირს, როგორ ვერ შენიშნეს იარაღი და საბრძოლო მასალა რომ შეჰქონდათ. 

თავად რადას დეპუტატი სემიონ სემენჩენკოც გარკვეულ ეჭვებს ბადებს. მის პერსონასთან დაკავშირებით, არცთუ სახარბიელო ინფორმაცია დევს ინტერნეტსივრცეში. სემენჩენკო სინამდვილეში კონსტანტინე იგორის ძე გრიშინია, ეროვნებით რუსი, რომელიც სევასტოპოლში დაიბადა და გაიზრდა. მან რამდენიმე წლის წინ შეიცვალა გვარ-სახელი. მამამისი სამხედრო ოფიცერი იყო, მხარი დაუჭირა ყირიმის რუსეთთან მიერთებას და ოჯახთან ერთად სევასტოპოლში დარჩა საცხოვრებლად. სემენჩენკოს ჩაოყალიბებულია ბატალიონი "დონბასი", რომელიც უკრაინელების ნაწილისთვისაც მიუღებელია, უკრაინის ხელისუფლებაც უარყოფითადაა მათ მიმართ განწყობილი, ამას არც მალავს და "დონბასის" მებრძოლებს მარადიორებად იხსენიებს".

ხსენებული ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლა-დაკავებას ფართო გამოხმაურება მოყვა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ერთ-ერთი არაქართველი ბლოგერის ინფორმაციას, რომ პოლონეთში არსებულ "ევროპული უსაფრთხოების აკადემიას", რომელიც სპეცრაზმელებსა და სამხედრო პირებს ამზადებს, მიმდინარე წლის 1 ნოემბერს პრეზიდენტყოფილი სააკაშვილი სტუმრობდა. ამ ცნობილ ბაზაზე, რომლის მომსახურებითაც ბევრი სარგებლობს, იმ დროს უკვე იმყოფებოდნენ სემიონ სემენჩენკო და მასთან დაახლოებული ათეულობით (სავარაუდოდ 40) სამხედრო პირი. რატომ არ ინტერესდება უკრაინის ხელისუფლება, რა მიზნით ვარჯიშობდა ეს ხალხი იქო. სააკაშვილსა და სემენჩენკოს შორის, რომელიც ექს-პრეზიდენტის დიდი ხნის მეგობრად და მოკავშირედ ითვლება, მოლაპარაკება შედგა, სააკაშვილმა მეგობარს სთხოვა, ნოემბრის ბოლოს რამდენიმე ჯგუფი ჩაეყვანა საქართველოშიო. დაჯგუფების გაგზავნის მიზეზად ვიპ-პერსონების და უძრავი ობიექტების დაცვა დასახელებულა. საინტერესოა, რა ობიექტები უნდა დაეცვა ამ ხალხს. ბატონი სემენჩენკო 29 ნოემბრიდან უკვე საქართველოში იყო, რამდენიმე დაჯგუფება კი 30 ნოემბერს გაგზავნეს, თუმცა ყველა ვერ შევიდა, ზოგიერთი საზღვრიდანვე უკან გააბრუნეს, დანარჩენებმა მაინც მოახერხეს საზღვრის გადალახვაო. ხსენებული ბლოგერის ინფორმაციით, 2 დეკემბერს უკრაინის საელჩოს საქართველოში ვინმე ევგენი შევჩენკო დაუკავშირდა, რომელმაც თავი სემენჩენკოს დამხმარედ და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების აგენტად წარადგინა და ამცნო, რომ უკრაინის რამდენიმე მოქალაქე დაიკარგა და დახმარება ითხოვა. ელჩი სემენჩენკოს დაკავშირებია, ამ უკანასკნელს საქართველოში ყოფნა და ამ ადამიანების გაუჩინარება დაუდასტურებია. ამის შემდეგ ატყდა ხმაური მედიასა და სოციალურ ქსელებშიო. მართალია, ზემოხსენებული ბლოგერი არ ახსენებს, მაგრამ გაირკვა, რომ ბატონმა შევჩენკომ 2017 წელს კერძო საწარმო "დონბას ბატალიონ კორპი" დაარეგისტრირა, სავარაუდოდ ეს იმ კერძო სამხედრო დაჯგუფების ("დონბასი") "გადასაფარად" გაკეთდა, რომელიც უკრაინაში აკრძალულიაო. სწორედ ამ დაჯგუფების წევრები ყოფილან ის შვიდი პირი, რომლებიც ჩვენმა სამართალდამცავებმა დააკავეს. 

პრეზიდენტ პოროშენკოს მრჩეველი ბირიუკოვი ადასტურებს, რომ დაკავებულებს შორის სემენჩენკოც იყო. სხვა და სხვა წყაროები მყავს, ისინი ადასტურებენ, რომ სემენჩენკო თბილისშია, ის იქ ოფიციალური დოკუმენტებით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა, დიპლომატიურ სკანდალში გაგვხვია, საკუთარი ხალხი გაწირა და გაიქცაო. ბირიუკოვი და უკრაინის სოციალური პარტიის ლიდერი ილია კივა ფეისბუქშიც წერენ, რომ ლვოვის პარტია "სამოპომოშჩი" სემენჩენკოს (ბატალიონ "დონბასის" ექსმეთაური) ხელმძღვანელობით, არის უკრაინაში ქართული დიპლომატიური სკანდალის "შემოქმედი". 

ბირიუკოვისა და კივას პოზიციას არაოფიციალური წრეებიც ეთანხმებიან, არეულობის მონაწილეები, რომლებსაც სათავეში სემენჩენკო უდგას, სავსებით შესაძლებელია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულონ, არ არის გამორიცხული ეს ბრალდება უკრაინასაც წარედგინოს, როგორც სახელმწიფოს. 

სემენჩენკო-გრიშინმა რადიო "თავისუფლებას" ფრიად "გულისამაჩუყებელი" ინტერვიუ მისცა, მან რა თქმა უნდა გამორიცხა დაკავებული უკრაინელი და ქართველი მებრძოლების საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირი და "დაგვმოძღვრა", მინდა ქართველები დაფიქრდნენ, თქვენ შესანიშნავი მეომრები ხართ, როგორ შეიძლება ვიღაცამ ხუთი კაცით და ჟანგიანი პისტოლეტით, რომელიც შეუგდეს, როგორც ჩანს, საქართველოს შსს-ს მეტი რესურსი არ ჰქონდა, გააკეთო რაღაც რევოლუცია რამდენიმე მილიონიან ქვეყანაში. 

თადარიგის მაიორი სემენჩენკო და სააკაშვილი წყლის ორი წვეთივით გვანან ერთმანეთს, თუნდაც იმიტომ, რომ სემიონიც მიშასავით ყველაფრის "სპეციალისტია". ბატალიონ "დონბასის" შტაბის ყოფილმა უფროსმა ერიომინმა ეს ჩვენი მაიორი 2014 წლის სექტემბერში, არაპროფესიონალიზმსა და გადაჭარბებულ პოპულიზმში დაადანაშაულა, ბატალიონი მისთვის კომერციული პროექტია, ფეისბუქზე წერა კი ეხერხება, მაგრამ მისი "მხედრობისა" რა მოგახსენოთ, კრიტიკულ მომენტებში, უბრალოდ უჩინარდება. ბატალიონის გასაპიარებლად ის ხშირად იწვევდა ჟურნალისტებს და ფოტოსესიებს აწყობდა, თავადვე ამბობდა, ვიცი, რომ ტელევიზიას არაფრისგან შეუძლია ფიგურა შექმნასო. ბატალიონ "დნეპრის" ასეულის უფროსმა შილოვმა ("დონბასის" ყოფილი მებრძოლი) სემენჩენკო ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტთან მიღებულ დანაკარგებში დაადანაშაულა, ისეთი სამოძრაო მარშრუტი შეადგინა, რომ უიარაღო ხალხს "ხორცსაკეპში" უკრა თავი, თვითონ კი უკანა ხაზზე ფეისბუქს იყო მიმჯდარი. ამის შემდეგ "დონბასიდან" ბევრი მებრძოლი გადავიდა სხვა სამხედრო დანაყოფებშიო.

სემიონ იგორის ძე სემენჩენკოს (წარსულში კონსტანტინე იგორის ძე გრიშინი) პერსონის უკეთ გასაცნობად, შემოგთავაზებთ მის მოკლე ბიოგრაფიას. იგი უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი (2014 წლის 27 ნოემბრიდან), ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, უკრაინის ეროვნული გვარდიის თადარიგის მაიორი გახლავთ, უკრაინის საზოგადო, სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. სემენჩენკო-გრიშინი მას შემდეგაა ცნობილი პიროვნება და პოლიტიკური წონის მქონე, რაც მოხალისეთა ბატალიონ "დონბასის" მეთაური და რადას დეპუტატი გახდა პარტია "სამოპომოშჩიდან". იგი კომპანია "ახალი თანამგზავრული ტელევიზიის" მფლობელიც გახლავთ. სემენჩენკოს ყოფილ თანამებრძოლებს ტყუილად არ შეპარვიათ ეჭვი, არ არის ეს კაცი სამხედროო, სევასტოპოლის ნახიმოვის სახელობის "შავი ზღვის სამხედრო სასწავლებელში" კი მოეწყო, მაგრამ როცა მიხვდა ფლოტში ვერ "გაქაჩავდა", სამოქალაქო სექტორში გადაბარგება გადაწყვიტა და სევასტოპოლის ტექნიკურ უნივერსტიტეტში საფინანსო ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. 1998–2004 წლებში საჯარო სამსახურში საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა, პარალელურად საზოგადოებრივ "მოღვაწეობასაც" ეწეოდა, გაზეთ "სევასტოპოლის მაცნეს" მთავარი რედაქტორი ყოფილა. ასე რომ, მას ჟურნალისტური გამოცდილებაც აქვს, ალბათ ამიტომაც ჩაერთო ბაჩუკი ქარდავას კუთვნილი საინფორმაციო სააგენტოს "ეგიდით", საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში დამკვირვებლად. სემენჩენკოს 2014 წლის შემოდგომაზე გაზეთმა "მოსკოვსკი კომსომოლეცმა" "გაუბაზრა", 2006–2008 წლებში "ვგიკში" სწავლობდა დრამატურგიასა და ტელევიზიის რეჟისურას, მაგრამ სადიპლომო ნამუშევარი ვერ შეასრულა და დიპლომი ვერ მიიღოო. 

ბატალიონი "დონბასი" სემენჩენკოს 2014 წლის აპრილში ჩამოუყალიბებია და უკრაინის თავდაცვის სამინისტროსგან უმოკლეს დროში "მუშაობისთვის" აუცილებელი ნებართვაც მიუღია. იგი ცოტა მოგვიანებით კიევში ჩავიდა მოთხოვნით, შეეწყვიტათ შერიგების მცდელობა და საომარი მდგომარეობა შემოეღოთ. ამ მოთხოვნით მიტინგი ჩაატარა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და "მაიდნის" სცენაზეც გამოვიდა სიტყვით. უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაქოვმა 20014 წლის აგვისტოში ფეისბუქით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სემენჩენკო ილოვაისკისთვის ბრძოლაში თეძოსა და ზურგის არეში დაიჭრა და წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა. პრემიერმა არსენ იაცენიუკმა და შს მინისტრმა ავაქოვმა სემენჩენკო ბოგდან ხმელნიცკის მესამე ხარისხის საბრძოლო ორდენით დააჯილდოვეს. შემდეგ რადას არჩევნებზე იყარა კენჭი და დეპუტატიც გახდა. ტელევიზიით კი უთქვამს პოდპოლკოვნიკის წოდება მომანიჭესო, თუმცა ამომრჩევლისადმი ფეისბუქმიმართვაში წერდა, რომ სახალხო გვარდიის თადარიგის მაიორი და ბატალიონ "დონბასის" სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურია. სემენჩენკო მისივე თქმით, 2000-იან წლებში დონეცკში გადავიდა საცხოვრებლად (მისი მეუღლე დონეცკელია, შვილებიც იქ დაიბადნენ), უსაფრთხოების სისტემებით იყო დაკავებული, მისი კომპანია ამონტაჟებდა თანამგზავრულ ტელევიზიისთვის საჭირო აპარატურას და მატერიალურად საკმაოდ უზრუნველყოფილი იყო, თუმცა 2014 წლის გაზაფხულზე, იძულებული გახდა, ოჯახთან ერთად კიევში გადასულიყო.

რუსული ტელეკომპანია "დოჟდის" ინფორმაციით, სემენჩენკო და მისი მეუღლე ნატალია მოსკოვეცი ფლობენ კომპანია "საოლქო კურიერულ სამსახურს", რომელიც ბრენდ "ახალი თანამგზავრული ტელევიზიის" შემადგენლობაშია. კომპანიის წლიური ბრუნვა მილიონნახევარი დოლარია, ხოლო წყვილის თვიური შემოსავალი მილიონი გრივნა. 

და ბოლოს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინიდან სამარცხვინოდ განდევნილი მიხეილ სააკაშვილი, ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხზე გადაცემას წაიყვანს. "გონივრული" ეჭვი მიჩნდება, რომ დიდი ალბათობით, ეს ტელევიზია მიხეილის მეგობარ-მოკავშირე სემიონ სემენჩენკოს ეკუთვნის.

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0