შენაც, ბრუტუს?

მოყოლებული იულიუს კეისრის ეპოქიდან, პოლიტიკური ცხოვრების ბნელ და სისხლის სუნით აშმორებულ ლაბირინთებში დღემდე ისმის გაოცებით და გაკვირვებით ნათქვამი:

_ შენაც, ბრუტუს?!

_ "შენაც, ბრუტუს" არა, მაგრამ _ "შენაც, გრიშავ?!" აუცილებლად აღმოხდებოდა შორეულ ამსტერდამში მყოფ სააკაშვილს, როცა ის მისგან ნაფერებ-ნალოლიავებმა გრიშამ, ვაშაძემ, ფაქტობრივად, «на х..»-ზე გააგზავნა, როცა სააკაშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრება კერძო პირის კერძო მოსაზრებად გამოაცხადა და არა პოლიტიკური ლიდერის დირექტივად, რომელიც უპირობოდ უნდა შესრულდეს.

ენამ მიყივლა და მეორე ტურის წინ ასეთი რამ დავწერე: II ტური, ეს იქნება სააკაშვილის და "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური სასაფლაო-მეთქი.

ეს წინასწარმეტყველება მართლაც ახდა და დღეს თუ ვინმე არის სერიოზულად დაზარალებული II ტურის პოლიტიკური ბატალიების შემდეგ, ეს არის "ნაცმოძრაობა" და მისი ბელადი მიხეილ სააკაშვილი.

საქმე ის არის, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ღიად თქვა უარი მიხეილ სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ სამოქმედო გეგმაზე, რითაც მოცემულ სიტუაციაში მთავარ პოლიტიკურ ფიგურად გრიგოლ ვაშაძე აღიარა.

გაერთიანებული ოპოზიციის ეს კონფრონტაციული დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ არც "ნაცმოძრაობას" გაუპროტესტებია და არც გაერთიანებულ ოპოციზიაში შემავალ `ნაცმოძრაობის~ წარმომადგენლობას.

ერთადერთმა ნიკა მაჭუტაძემ გამოთქვა თავისი აღშფოთება და ვიღაც-ვიღაცებს შეჩვენებით დაემუქრა, თუმცა ისიც მალე მოეგო გონს და მანაც ოპოზიციის ახალი ჰიმნის ტექსტს ააყოლა ბანი.

სააკაშვილი მიხვდა, რომ მის მიერ შემოთავაზებული საყოველთაო დაუმორჩილებლობის და რევოლუციის გეგმა ჩავარდა და, როგორც იტყვიან, სასწრაფოდ გადაატრიალა "პლასტინკა", მაგრამ გვიანი იყო _ პროცესის მართვის სადავეები მას უკვე გაექცა ხელიდან და გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტიკური სუბიექტების თვალში მისი ავტორიტეტი საგრძნობლად შეირყა.

მას უკვე არ უსმენდნენ _ უფრო ზუსტად, მოსმენით კი უსმენდნენ, მაგრამ მის მოსაზრებებს ანგარიშს არ უწევდნენ და იმ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, რაც მათ მიაჩნდათ სწორად.
ვაშაძე მიზანმიმართულად აგრძელებდა სააკაშვილისგან დისტანცირების ტაქტიკას და ღიად მიანიშნებდა, რომ ის დამოუკიდებელი პოლიტიკური პერსონაა და არა სააკაშვილის მარიონეტი.

სააკაშვილმა სცადა დაყვავებით, მოფერებით, კომპლიმენტებით მოელბო უეცრად გაკერპებული ვაშაძის გული, მაგრამ ვაშაძე სულაც არ აღმოჩნდა ისეთი მიამიტი და სენტიმენტალური ბუნების კაცი, რომ მსგავსი დითირამბებით მოხიბლულიყო და გული აჩვილებოდა.

სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა და "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ჩართვაში კიდევ ერთხელ "მიაწვა" ღალატის და განდგომის გზაზე შემდგარ ყოფილ თანამებრძოლებს _ თქვენ რა საკუთარ თავზე წუხხართ მხოლოდ და რას ბაქიბუქობთ, როცა ქვეყანა თავზე გვექცევაო, რაზეც გაწიწმატებულმა და გაკაპასებულმა ნიკა გვარამიამ მკვახედ მიუგო: თქვენ რა განაღვლებთ, თქვენ შორს ხართ, ჩვენ კიდევ აქ ვართ, ოჯახები გვყავს, შვილები გვყავს და მათ უსაფრთხოებაზე არ უნდა ვიფიქროთო?

ნათელი იყო, რომ გვარამიას ბაგეებით ვაშაძე და ოპოზიცია ეპასუხებოდა ქვეყნის გადარჩენის სურვილით შეპყრობილ "პატრიოტ" სააკაშვილს და მის იმ ადგილზე მოსმას ცდილობდა, რაც მას ვაშაძემ და ოპოზიციამ მიუჩინა.

სილა, რომელიც გვარამიას ხელით ვაშაძემ და ოპოზიციამ საჯაროდ და სახალხოდ გააწნა სააკაშვილს, ფაქტობრივად, სილა კი არა საკონტროლო გასროლა იყო, რითაც, მოცემულ ეტაპზე, სააკაშვილის, როგორც ოპოზიციის ლიდერის, არსებობას წერტილი დაესვა.

საქართველოში მისივე თანამებრძოლების თუ "ხელქვეითების" მიერ პანღურამორტყმული და გაბითურებული სააკაშვილი ახლა, როგორც ამბობენ, უკრაინის საარჩევნო ფრონტზე აპირებს გადართვას.

ჩასვლით ის უკრაინაშიც ვერ ჩავა, მაგრამ ამჯერადაც დისტანციურად შეეცდება პროცესების მართვას და ისედაც არეულ-დარეული უკრაინის კიდევ უფრო არევ-დარევას.

სააკაშვილის მოქმედებებში ყველაზე გასაოცარი და გასაკვირი ის არის, რომ, რასაც ის თავისი პოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში აკეთებდა და აკეთებს, თითქოსდა რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ეს რუსეთის სასარგებლოდ ლაგდება და მის წისქვილზე ასხამს წყალს.

ასე იყო საქართველოში, ასე იყო უკრაინაშიც.

კიდევ უფრო გასაოცარი ის არის, რომ, მიუხედავად ზემოთთქმულისა, სააკაშვილი მაინც პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსად ითვლება და ის დღემდე დასავლეთის პოლიტიკური წრეების მფარველობით და მხარდაჭერით სარგებლობს.

არ არის საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდესო, ნათქვამია.

მოვა დრო, სააკაშვილთან დაკავშირებულ საიდუმლოებებსაც აეხდება ფარდა, ხოლო მოსკოვში, წითელ მოედანზე, აუცილებლად დაიდგმება მიხეილ სააკაშვილის ძეგლი წარწერით: მიხეილ სააკაშვილს _ მადლიერი რუსი ხალხისგან.

თუმცა, სანამ ეს მოხდება, მანამდე კიდევ დიდი დროა, ამ ხნის განმავლობაში კი დიდი კონსპირატორი კიდევ ბევრ მავნებლობას ჩაიდენს.

მისი ბოლო მავნებლობა, მისი ყველაზე უტიფარი და ცინიკური "ხუმრობა" _ მის მიერვე ოკუპანტად შერაცხული რუსეთის ბარაქიანი ძუძუებით გამოზრდილი გრიგოლ ვაშაძის, თხემით ტერფამდე რუსი პოლიტიკოსის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა _ სააკაშვილს ბუმერანგივით შემოუტრიალდა უკან.

როგორც ჩანს, ვაშაძემ სათანადო ინსტრუქციები მიიღო თავისი პატრონებისგან და სააკაშვილს იმ დროს ჩასცა ზურგში ლახვარი, როცა ის ამას ყველაზე ნაკლებად ელოდებოდა.

…როგორც სარწმუნო წყარომ გვაცნობა, ისედაც ნერვიული და ფსიქიკური პრობლემებით დახუნძლულ სააკაშვილს, ბოლო ხანებში, საკმარისია, ჩაეძინოს, იმწამსვე ხმამაღლა იწყებს ყვირილს: შენაც, ვაშაძევ! შენაც, ვაშაძევ!

იმავე წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილი ყოველღამე სიზმრად ხედავს შევარდნაძეს, რომელიც შეშინებულ მიშას თითს უტრიალებს ცხვირწინ და ერთსა და იმავე ფრაზას უმეორებს დაუსრულებლად: _ მე რომ გამწირე, კარგი იყო? შენ რომ გამწირე, კარგი იყო?

სხვები თეთრ სამოსში არიან გამოწყობილნი, შევარდნაძეს კი რატომღაც შავი სამოსი აცვია.

_ რატომ გაცვიათ მხოლოდ თქვენ შავი სამოსი? _ უკითხავს ერთხელ მიშას ბატონი ედუარდისთვის.

_ რა ვიცი, ჩემო მიშიკო… აქაური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მითხრა, თქვენ იმდენი შავი საქმე გაქვთ გაკეთებული, თეთრი სამოსის ჩაცმის უფლებას ვერ მოგცემთო. ჰოდა, დავდივარ ასე სუდარაში…

ამ სიტყვებზე მიშას იმწამსვე ეღვიძება და სკუკუნს იწყებს _ არ მინდა სუდარა! არ მინდა სუდარა!

ვაშაძევ და მელიავ, უგულავავ და გვარამიავ, ხოშტარიავ და ბაქრაძევ და კიდევ სხვა მრავალნო თახსირნო და მატრაბაზნო, თქვენ მოგეცათ ამ კაცის ცოდვა, ისედაც გადარეული მთლად რომ გადაიყვანეთ ჭკუაზე და ასე უპატრონოდ რომ დააგდეთ უცხო ქვეყანაში.

ვახტანგ ხარჩილავა
скачать dle 12.0