ქალბატონი სალომე მთელ საქართველოში ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ევროპული პოლიტიკა იცის არა წიგნებიდან, არამედ რეალური ცხოვრებიდან

გვესაუბრება ფსიქოლოგი, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე:

_ ბატონო რამაზ, როგორ დაახასიათებთ საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს?

_ ქალბატონი სალომე მთელ საქართველოში ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ევროპული პოლიტიკა იცის არა წიგნებიდან, არამედ რეალური ცხოვრებიდან. იგი ევროპულად აზროვნებს. ჩვენ ხომ ევროპისკენ მივიწევთ. სალომე ზურაბიშვილი თავისი აზროვნებით, წესით უკვე ევროპელია, ანუ საითკენაც ჩვენ მივიწევთ, უკვე იქ არის. იგი თავისი ხასიათის გამო და პოლიტიკური პროფესიული ასაკის გამოც ამ თანამდებობაზე ყოფნისას კარიერაზე ფიქრს არ დაიწყებს. ომის თემაზე გაკეთებული განცხადება "ნაცებმა" სათავისოდ გამოუყენეს და ზურაბიშვილს მოღალატეობა დასწამეს. ეს არის "ნაციონალების" დაუნდობელი სტილი, მათთვის ტყუილ-მართალს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ზურაბიშვილს სიფრთხილე დააკლდა. ეროპაში ლაპარაკობენ იმას, რასაც ფიქრობენ. აქ, ჯერ იმაზე უნდა იფიქრო, მეტოქე რას დაგაბრალებს. ევროპაში დაბრალების კულტურა ნაკლებია. ამ პირობებში წარიმართა პირველი ტური.

_ როგორ შეხვდა ამ პროცესებს საზოგადოება?

_ მოსახლეობაში მიმდინარე პროცესები ცალკე მოვლენაა. პოლიტიკოსები აკეთებენ გათვლას _ რის მერე რა მოხდება. ისინი ჭადრაკს თამაშობენ. მოსახლეობა არ ითვლის რის მერე რა მოხდება, ის იმას აკეთებს, რაც იმ წუთას მას გულს მოფხანს. ეს ყოველთვის ასე იყო. საზოგადოებას უკმაყოფილება რაღაცნაირად უნდა გამოეხატა, რაც იმით გამომჟღავნდა, რომ "ქართულ ოცნებას" ხმა არ მისცეს. გავლენა იქონია სუბელიანის, ფარცხალაძის თემებმა. ისე გამოჩნდა, რომ რა დანაშაულებებსაც "ნაცმოძრაობა" სჩადიოდა, იგივეს აკეთებდა "ქართული ოცნება". ივანიშვილმა თქვა: რასაც აკეთებენ, ყველაფერს ჩვენ გვაბრალებენო. ეს, "ნაციონალების" მხრიდან კარგად გათვლილი პიარი იყო. მათ სჭირდებოდათ საზოგადოებას დაენახა თითქოს, "ქართული ოცნება" და "ნაცმოძრაობა" ამ თემაში არ განსხვავდება. სურდათ ხალხს ეთქვა: არც ერთს მივცემ ხმას, არც მეორეს და სახლში დავრჩებიო. მოსახლეობის სახლში დარჩენა განაპირობა სწორედ სუბელიანების, ფარცხალაძეების თემების წამოტივტივებამ, ასევე, შვილმკვდარ მამებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა. პოლიტიკური პროცესების პარალელურად პედალირება ამ საკითხებზეც ხდებოდა, რამაც შედეგი გამოიღო და მოსახლეობის 50% სახლში დარჩა. ასე, რომ პირველი ტური "ნაცებმა" იდეალურად გათვალეს. რაც შეეხება მეორე ტურს, აქ, ნაციონალებმა" ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს, რის გათვლასაც უკვე ექვსი წელია ვერ ახერხებენ _ "ნაცებს" ჰგონიათ, თუ "ქართულ ოცნებას" დაამარცხებენ, თვითონ გაიმარჯვებენ. "ნაცმოძრაობა" ვერასდროს გაიმარჯვებს. ის თაობა, ვისაც მათი მოღვაწეობა ახსოვს, მხარს არასდროს დაუჭერს, თუ მათში ცვლილებები არ მოხდა. არადა, "ნაცები" შეცვლას არც აპირებენ. ფაქტობრივად, მეორე ტურში წაგება ამან განაპირობა — გრიგოლ ვაშაძემ და დანარჩენებმა აჩვენეს, რომ ისინი ისევ სიცრუეზე, ძალადობაზე ორიენტირებულნი არიან. სააკაშვილის ყოველდღიურად ეთერში ჩართვა, ციხიდან ახალაიების, მერაბიშვილის გამოშვების პირობა მეორე ტურშიც გაგრძელდა. ხალხმა ცხადად დაინახა, რომ "ნაცები" მოსვლას აპირებენ და ის 50% სახლებიდან გამოვიდა. ჩამოყალიბდა მოძრაობა _ "არა ნაცებს", რამაც მეორე ტურის შედეგი გადაწყვიტა.

_ ბატონო რამაზ, "ნაციონალები" აცხადებენ: არჩევნები გაგვიყალბესო.

_ "ნაციონალების" მხრიდან გაყალბებაზე საუბარი, სამარცხვინოა. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ ამ საქმეს გაყალბება არ სჭირდებოდა "პატრიოტთა ალიანსის" აქცია იყო, სადაც 100 ათასი ადამიანი შეიკრიბა, ხოლო ნაცების აქციაზე _ მსოლოდ ხუთი. მიტინგების შეფარდება გიჩვენებს, რომ არჩევნებში მიღებული ციფრები _ 20%-ით ზურაბიშვილის გამარჯვება კიდევ მცირე მოგებაა. აშკარაა, პირველ და მეორე ტურშიც "ნაცებმა" რაღაც იეშმაკეს. ამიტომ, ლოგიკური მეჩვენება ინაშვილის მოთხოვნა: შეისწავლონ შედეგები, მით უმეტეს, რომ ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია: როგორ ქაჩავდნენ ვაშაძისკენ ხმებს "ქართული ოცნების" კომისიებში ჩამჯდარი "ნაციონალები". "ქართული ოცნების" შემადგენლობა ხომ "ნაცებისგან" თავისუფალი არ არის. მათ სახელად ჰქვიათ "ქართული ოცნება", თორემ, რეალურად, "ნაცები" არიან. "ნაცებს", გარდა იმისა, რომ ვერ ხვდებიან _ ხალხს ასეთი აგრესიული, დანაშაულზე, სიცრუეზე წამსვლელი პარტია არ უნდა, კიდევ ერთი რამ შეეშალა. ანუ, ერთი ის, რომ ვერ ხვდებიან: ხალხის სიმპათია უნდა მოიპოვონ და არა შიში. მეორე _ რაც უფრო უსიმპატიუროდ, არალოგიკურად მოიქცევი, მით უფრო დაგაკლდება ხალხის მხარდაჭერა. ევროპული, ცივილური სტილი დამარცხებულის მხრიდან მეტოქის გამარჯვების აღიარებაა. მათ 2012 წელს აღიარეს "ქართული ოცნების" გამარჯვება. ახლაც იგივე უნდა გაეკეთებინათ. 20%-ით მოგების ფონზე ჯიუტად იმის ძახილი: ვაშაძემ მოიგო, არჩევნები გაყალბდაო, უაზრობაა. 

_ რა შეცდომები დაუშვა "ქართულმა ოცნებამ"?

_ ძირითადი შეცდომები მენეჯმენტშია დაშვებული. როგორც ჩანს პოლიტიკური მართვა, ივანიშვილმა, ცუდად იცის. კომერციული სტრუქტურის მართვა პოლიტიკურისგან ძალიან განსხვავდება. ივანიშვილმა იცოდა "ნაცმოძრაობა" რასაც წარმოადგენდა, მაგრამ ვერ გაუშვა. ანუ, საქმე ასე მარტივად არ არის _ არ მოგეწონა და გაუშვა, ბევრად რთული მექანიზმები, რთული პროცესებია. ივანიშვილი ბუნებით ქველმოქმედია, მას არ უყვარს პიარი, მოქმედებს პრინციპით _ სიკეთე გააკეთე და გაიარე. ივანიშვილი წლების მანძილზე სიკეთეს ყოველგვარი პიარის გარეშე აკეთებდა. ეს გააგრძელა პოლიტიკაშიც. ამ დროს პოლიტიკას პიარი სჭირდება იმიტომ, რომ მოსახლეობისთვის ბუნდოვანია რას აკეთებს ხელისუფლება. 

ამან გამოიწვია ის, რომ მმართველი გუნდის რეიტინგი დაცემულია და უფრო გახშირდა ლაპარაკი მესამე ძალაზე. ამ არჩევნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ეს არის აქცენტი მესამე ძალაზე. რეალურად, მგონია რომ ამ ინიციატივას უფრო პოლიტიკური იერი აქვს. ანუ პოლიტიკოსები ხედავენ, რომ მესამე ძალა საჭიროა, მაგრამ შესაძლებლობები ნაკლებადაა. ყველაზე მეტი შესაძლებლობა აქვს "პატრიოტთა ალიანსს". იგი, ხალხის თვალში გამოჩნდა როგორც ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ითხოვს "ნაციონალების" იურიდიული და "ქართული ოცნების" პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას.

_ მოდით, დღეს არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას საერთაშორისო პოლიტიკის ჭრილშიც შევხედოთ. არჩევნების პერიოდში "ნაცები" კრემლის აგენტობაში სდებდნენ ზურაბიშვილს ბრალს. ეს ბრალდებები ხალხის გასაგონად გაისმოდა თუ მათი პატრონებისადმი?

_ თქვენ მეკითხებით: "ნაცებმა" მესიჯები თავიანთ პატრონებს გაუგზავნესო, მე არ ვთვლი, რომ მათი პატრონები მხოლოდ უცხოელები არიან. ვაშაძის კანდიდატურასაც ეტყობოდა _ ვინ არის პატრონი. "ნაცები" ორ ფრონტზე _ რუსეთის და ევროპის დაკვეთებზე თამაშობენ. რამდენადაც შეუძლიათ _ სიტყვით, ჯარისკაცებით, სისხლით აჩვენებენ დასავლეთს, რომ ევროპაზე ორიენტირებულნი არიან. დიდი თანხები ევროპიდან მისდით, მეორე მხრივ, საქმეს _ რუსეთისას აკეთებენ. ამჟამადაც, თუ არ ვცდები რუსულ დაკვეთაზე მუშაობდნენ. 

ჩინეთმა სასწრაფოდ შეცვალა სტრატეგია და იგივე ლოგიკით თავისი კომუნიკაციები პატარა ქვეყნებისკენ _ კავკასიისკენ წამოიღო, რაც გამოიხატა ჩადებულ ინვესტიციაში, რასაც აბრეშუმის გზა ჰქვია. ეს აბრეშუმის გზა "გასაფუჭებელი" იყო. რუსეთი ჩინეთის სტრატეგიის შეცვლით მილიარდებს კარგავს. თუმცა, იგი ჩინეთს ჭიდაობას ვერ დაუწყებს. ამიტომ, ძველი ხერხის გამოყენება გადაწყვიტა, რაც რუსეთმა 90-იან წლებში გამოიყენა _ საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უცხოური კაპიტალი რომ არ შესულიყო, მან, ფაქტობრივად, თავის გარშემო ყველგან კონფლიქტი გააღვივა იმდენად, რომ რუსეთის გარშემო არსებულ ცეცხლოვან რკალს კონფლიქტების ჯაჭვს უწოდებდნენ. ამ კონფლიქტების, არეულობის საშუალებით რუსეთმა, იმ პერიოდში, პოსტსაბჭოტა ქვეყნებში უცხოური კაპიტალის შესვლა დაბლოკა და ეს ქვეყნები თავისი გავლენის ქვეშ დატოვა. ჩვენ, რუსეთის ამ ნაბიჯმა უფრო მიგვაქცია ევროპისკენ და არა პირიქით. მაგრამ თავისთავად ესმომენტი _ აურიე ქვეყანა და მერე იმ ქვეყანაში კაპიტალი აღარ შევა, რუსეთის სტრატეგიაა. ვთვლი, რომ რუსეთისთვის ახლაც ეს სტრატეგია იყო საჭირო. შორეული აღმოსავლეთიდან ეს ხაზები თუ არ შეწყდებოდა, ნაწილი მაინც მის ტერიტორიაზე რომ გადასულიყო, რუსეთს ამისთვის არეულობა სჭირდებოდა, რისი განხორციელებაც "ნაციონალებმა" ითავეს.
_ თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით 2018 წლის არჩევნები ყველაზე ცუდად ჩატარებულ არჩევნებად გამოცხადდა.

_ ეს გაუგებარია. ჩვენ, გვახსოვს 2012 წელს თეფშებს როგორ ატუსაღებდნენ, რას უშვებოდნენ საბანკო მანქანას და ა.შ იმასთან შედარებით, ეს არჩევნები, დემოკრატიულობის განსახიერებაა. მეორე მხრივ, "ნაცმოძრაობა" ახერხებს იმას, რომ უცხოელ პარტნიორებს თავად აწვდიდეს ინფორმაციას და არა "ქართული ოცნება". რა ინფორმაციაც მისდით უცხოელებს, იგივეს ამბობენ. მით უმეტეს, ახლანდელი სცენარი 2003 წლის `"ვარდების რევოლუციის" სცენარს ბევრი ელემენტით ჰგავდა. ერთ-ერთი ელემენტი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების რევოლუციის სამსახურში ჩართვა. ყველას გვახსოვს, არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტი" "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი უმთავრესი მოტორი იყო. მაშინაც, დასავლეთს ინფორმაციას არასამთავრობო ინსტიტუტები აწვდიდნენ. დასავლეთს, დღესაც, არასამთავრობოების ნდობა უფრო მეტი აქვს, ვიდრე პოლიტიკური პარტიების. 

დასავლეთისთვის არსებითად მნიშვნელოვანი საქართველო მას მერე გახდა, რაც ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის იდეა ჩამოყალიბდა. იქამდე, საერთოდ არ ვარსებობდით, საქართველოს მიმართ ინტერესი არ იყო, მერე შევუყვარდი თ. მახსოვს, შვილ ბუშთან ერთ-ერთი ვიზიტის დროს, მან შევარდნაძეს მხარზე ხელი დაუბარტყუნა და უთხრა: მე, მიყვარს ის ქვეყნები, საიდანაც ნავთობის სუნი მცემსო. ეს ნავთობის სუნი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ, გვგონია, რომ დემოკრატიის გამო ხდება ყველაფერი, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ დასავლელ პარტნიორებს ნავთობის სუნი დემოკრატიაზე უფრო მეტად იზიდავდეს.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0