მოღალატეთა პარპაში, ანუ ვინ და რატომ დაპატიჟეს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე?!

თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში "ქართულმა ოცნებამ" წაიფორთხილა, შეიქმნა საშიშროება, რომ "ნაციონალები" ერთ სახელისუფლებო შტოს ხელში ჩაიგდებდნენ და ამას შემდგომში მოჰყვებოდა პრობლემების ესკალაცია.

ხალხოსნურ ენაზე რომ ვთქვათ, კაი გვარიანად აირეოდა მონასტერი. ჩვენ ეს არ დავუშვით, მთელი საქართველო დავდექით ფეხზე და გზა გადავუკეტეთ ბოროტებას. ახლა "მიშმაკები" ამტკიცებენ, ჩვენ 800 ათასი ადამიანი გვიჭერს მხარს, სერიოზული ძალა ვართ, ნება იბოძეთ, ანგარიში გაგვიწიეთ, სალომეს პრეზიდენტობა გააუქმეთ და ჩვენი გრიგოლის ძლევამოსილება აღიარეთო, თქვენი არჩევნები ყალბიაო. ამ შემთხვევაში, მე სრულად ვეთანხმები "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს, ირმა ინაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ "ნაციონალების", ანუ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მოთრეული და ცესკოს მიერ ოფიციალურად დამტკიცებული 740 ათასი ხმა არის ყალბი და გამოგონილი. დიახ, მე კარგად ჩავიხედე ამ საკითხში და ასევე ვაცხადებ, ეს გახლავთ ყალბი ციფრები. ადრეც მოვუწოდე "ქართულ ოცნებას" და კიდევ გავიმეორებ: "ნაციონალებმა" არჩევნები გააყალბეს თითქმის ყველა ქალაქში, ყველა რაიონში და ყველა სოფელში, ასევე ყველა რგოლში, დააშინეს და დააშანტაჟეს ლამის ნახევარი საქართველო. ვინაიდან, ცენტრალური საარჩევნო კომისიაც გადატენილია მათი "პადელნიკებით", იქაც ადგილი ჰქონდა დიდ ოღრაშობას!

ჰოდა, ასე იყო თუ ისე, ჩვენ არ დავუშვით ბოროტების დაბრუნება… თუმცა, ილია ჭავჭავაძისა არ იყოს, რა გითხრათ, რით გაგახაროთ? სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე მოხდა გაუგონარი რამ – ვითომ ჟურნალისტ ელისო კილაძეს და ვინმე მოპოეტო ელემენტ მიხეილ ღანიშაშვილს გაუგზავნეს ოფიციალური მოსაწვევები. კილაძე რა წარმონაქმნიცაა, იცით, ის წლების განმავლობაში აწარმოებს ცილისმწამებლურ კამპანიას "რუსთავი 2"-თან ერთად "ქართული ოცნებისა" და პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, არანაკლებ ზიზღიანობით გამოირჩევა სალომე ზურაბიშვილის მიმართაც და უწოდებს მოღალატეს. რაც შეეხება ვინმე ღანიშაშვილს, მისი არსებობის შესახებ არც კი ვიცოდი (გნებავთ გაუნათლებლობაში ჩამითვალეთ), ახლა გავიგე, "დავგუგლე" და აი, ეს ამომიგდო:

"ძაღლ იყოს იმის მკვდრისადა, ვინაც სალომეს ხმა მისცას, გაუბედურდეს ცხოვრებით, მისი სახლ-კარი დაიქცას"!

დიახ, თურმე მწერალსა და პოეტს, მიხეილ ღანიშაშვილს (ილტოსპირელს) სალომე ზურაბიშვილისთვის ლექსიც მიუძღვნია, რომელიც არაერთ გამოცემაში გამოქვეყნებულა. სანამ ილტოსპირელის "შედევრს" შემოგთავაზებთ, ერთი ამბავი უნდა გავიხსენო: როცა ჯაბა იოსელიანი ცოცხალი იყო, მისთვის პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს უკითხავს, ამა და ამ კანონიერ ქურდს იცნობო? ჯაბა დაფიქრებულა… არა, არ ვიცნობ და ისეთი ქურდის დედა, მე რომ არ ვიცნობო. ჰოდა, თითქმის იგივეს გავიმეორებ – ისეთ მწერალსა და პოეტს დააფსას თავზე ელისო კილაძემ, მე რომ არ ვიცნობ! მეტიც, კობა ხაბაზმა და მეგი გოცირიძემ დამატებით დააფსან თავზე, საქართველოში ცნობილი და უფრო სტაჟიანი პოეტები რომ არ იცნობენ!

ახლა კი დავუბრუნდეთ ღანიშაშვილის "შედევრს", რომელმაც საქართველოს მმართველი პარტიიდან დაიმსახურა უმაღლესი ჯილდო, ანუ მიწვევა სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე. სათაური გახლავთ "მოღალატე":

"ძაღლ იყოს იმის მკვდრისადა,
ვინაცა სალომეს ხმა მისცას,
გაუბედურდეს ცხოვრებით,
მისი სახლ-კარი დაიქცას!
სიცოცხლე აღარ ეღირსოს,
ოდენ სიკვდილზე აიცრას,
ცრემლად მოექცეს ყოველი,
თუკი ფიქრობდეს რაც-რას!
მისი ჯიშ-გასაგისობა
უფალმა აღარ დაიცვას,
გაწყდეს, გათავდეს 
შვილ-ძირით,
გეენის ცეცხლში დაიწვას!
წყევლა, კრულვა და გინება
იმ წელს, იმ დღესა და იმ წამს,
როცა ის დედას გაუჩნდა,
მისი აკვანი დაირწა!
შენა ხარ, ზურაბიშვილო,
ღალატად ითქმის რაიცა,
სამშობლოს გამამტყუვნარო,
სუნთქვაც ჩაგიწყდეს, ხმაიცა!
რუსის წისქვილზე 
წყლის მსმხელო,
პუტინის ხასაც, ყმაიცა
ერთად ხარ, 
კრემლის ერთგულო,
ის დროა, აქით გაიქცა.
ეხლა რო ხელისუფლება
ხელისუფლობდეს მაინცა,
ანდა ერი რო ერობდეს,
ცოტა გვწყალობდეს ცაიცა.
შენნაირ მოღალატისთვის
ციხეა ძმაიც, დაიცა,
ხაროში უნდა გგმანავდნენ,
წამებაში რო გაიცრა.
კრულ იყოს მისი სახელი,
ვინაც ღალატზე წაისწვრა,
გამყიდველს საქართველოსას
სიკვდილთან 
ჰქონდეს ჟამის წვნა"!

კარგად წაიკითხეთ? კარგად გააცნობიერეთ, რას წერს ეს ღვარძლი და ბალღამი, რომელიც ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ოფიციალურად დაპატიჟეს? როგორც მეუბნებიან, ეს ფაქტი დიდი გარჩევის საგანი გახდა სამთავრობო კულუარებში და ასევე პარტია "ქართულ ოცნებაში". ამავე პარტიის ბევრმა წამყვანმა ფიგურამ უარი თქვა თელავში წასვლაზე. იკვლევენ, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს. ისე, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ წაიმარაზმა? ფაქტია, შიგნით ბევრი გველი გყავს ჩაბუდებული და სიტუაციას ვერ აკონტროლებ. აი, ეს გახლავთ მიკრო-სქემა, თუ როგორ წააგო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური "ქართულმა ოცნებამ". ამ შემთხვევაში არის კიდევ ერთი ვერსია, რომელსაც მე პირადად არ ვეთანხმები – ზოგიერთი "გამპრავებელი" აცხადებს, რომ თურმე სალომე ზურაბიშვილი ყველას პრეზიდენტია და მოსაწვევების გაგზავნაშიც არაფერია საგანგაშო. კი, ბატონო, თუ "ყველას პრეზიდენტია"-ს პრინციპით მივუდგებით, მაშინ დაეპატიჟებინათ ყველა, რატომ მხოლოდ ელისო კილაძე და გიჟუა მიხეილ ღანიშაშვილი? რა დააშავეს ნოდარ მელაძემ, ნიკა გვარამიამ, ან ეკა კვესიტაძემ? რაც მთავარია, რა დააშავეს შენმა მომხრეებმა, რომლებმაც მეორე ტურში გადაგარჩინეს?

არ ვლაპარაკობ მასაზე, მთელ მოსახლეობაზე, მაგალითად, რა დააშავა ამ გაზეთის რედაქტორმა ვახტანგ ხარჩილავამ, რომელიც ამბრაზურასავით ჰყავთ გადაფარებული და მეორე ტური თავის წილ მოიგო? მოდით, თავი დავანებოთ ყველას და ყველაფერს, ეს ფაქტი გახლავთ საბოტაჟის საუკეთესო ნიმუში – სადღაც ვიღაც რეგვენს აზრად მოუვიდა, მოსაწვევები გაეგზავნა საზოგადოებისთვის მიუღებელი პერსონებისთვის, რა გამოიწვია ამ ყველაფერმა? ის, რომ უკიდურესად გაღიზიანდნენ ის ადამიანები, რომლებიც ლამის შეაკვდნენ "ნაციონალურ მოძრაობას". მათ დაინახეს, რომ "ქართული ოცნებისთვის" მადლსა და უმადურობას ერთი ფასი ჰქონია და ისევ გრძელდება ავადსახსენებელი კოჰაბიტაცია. სხვათა შორის, მოგვიანებით გაჩნდა მორიგი ვერსიაც – ინაუგურაციაზე მისაწვევ პირთა სია გიორგი მარგველაშვილის პროტოკოლის სამსახურმა შეადგინაო, სალომე ახალია და ბუნებრივია, პროტოკოლის ახალი სამსახური ვერ ეყოლებოდაო. სრული იდიოტობა. ესე იგი, მარგველას ხალხმა ინაუგურაციაზე ბომბი რომ შემოგიგდოს, არ ამოწმებ, ხომ? იქნებ ბინ ლადენი დაგიპატიჟა, არ უნდა წაიკითხო? არ მჯერა ამ ვერსიის. ზოგიერთი იმასაც კი ამბობს, ეგ კარგია, უნდა დავპატიჟოთ ყველა, მოვიდნენ და გულები დაუსკდეთო. მე პირადად მრჩება შთაბეჭდილება, რომ სადღაც იქ, ზემოთ ვერ არიან თავიანთ მატორზე და კაი გვარიანად ურევენ სიტუაციას. ესე იგი, მტრის შემორიგებას ცდილობ და ამ დროს კარგავ ასეულობით ათას მომხრეს? ან კი რა მტერი და რა ანგარიშგასაწევი ფიგურები არიან კილაძეები თუ ღანიშაშვილები?!

ისე, კარგად გალექსა დღევანდელი სიტუაცია ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, რომელიც ადრე თავგადაკლული "ნაცი" იყო (თუმცა ბოლო დროს მოვიდა აზრზე):

"ხვალ თელავში ზეიმია,
სამზადისი – დიდიო,
მოსაწვევი თუ გინდა,
მელიასთან მიდიო"!

აბა, მეტი რაღა უნდა გითხრათ, ჩემო ძვირფასებო? ალბათ, ბოლოს დაგებადებათ კითხვა: ნეტა შენ თუ დაგპატიჟეს ინაუგურაციაზეო? კი, დამპატიჟეს, დიდი მადლობა, მაგრამ ის შეცდომა, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ, არ უნდა დაეშვათ. სადღაც გულში მაინც ვფიქრობ, ელისო კილაძის თემა სალომე ზურაბიშვილს განგებ შეუგდეს, რათა მის გარშემო გამოიწვიონ გულგატეხილობა და ხელჩაქნეულობა. როგორც ჩანს, მიზანი მიღწეულია. მთავრობის ადმინისტრაციია ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, სტუმრრები პოლიტიკური ნიშნით არ შეგვირჩევიაო. ამ შემთხვევაში პოლიტიკა არაფერ შუაშია, აქ წინა პლანზე გამოდის მორალი – თუკი შენ ცილისმწამებელს საკუთარ თანამებრძოლთან აიგივებ, ათანაბრებ და მის გვერდით აყენებ, ის თანამებრძოლი შეურაცხყოფილი რჩება, ის აუცილებლად მიგატოვებს. გაიგეთ, ხალხო, სწორედ მორალისა და ამორლობის აღრევამ დაგვიდო პირველი ტურის შედეგი, ოღონდ ნაწილობრივ. ვიმეორებ – "ნაცებმა" არჩევნების გაყალბების არნახული, უპრეცედენტო მაგალითი აჩვენეს. სხვათა შორის, ვინმე ღანიშაშვილმა განაცხადა, მე არ ვიცი, მოსაწვევი ვინ გამოწერა ჩემს სახელზე, მაგრამ ინაუგურაციაზე არ მივდივარო. აი, ისევ მორალთან მივდივართ, ის წავა თუ არა, ამას არ ქავს მნიშვნელობა, ამ გიჟუამ დაწყევლა თითქმის მთელი საქართველო. არა, ძველებისგან გამიგონია, წყევლა მაწყევარისააო, მაგრამ მაინც არასასიამოვნოა, ალბათ დამეთანხმებით.

P.S. მე არავის არაფერს წამოვაყვედრი. რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავილაშქრებ ბოროტების წინააღმდეგ და იმდენჯერ დავამარცხებ. ამ აზრზეა ყველა ჩემი ნაცნობ-მეგობარი. მე მხოლოდ იმას ვჩივი – როგორ უნდა გამოავლინონ ამდენი მოღალატე?!

და ბოლოს… ამ წერილს არ ვწერ პირადი განაწყენების ფონზე, უკვე გითხარით, მე დამპატიჟეს და იმის გამო, რომ მორალი და ამორალობა ერთ სიმაღლეზე დააყენეს, თავი შეურაცხყოფილად ვიგძენი და თელავში არ წავედი. არ ვიცი, შეიძლება არასწორად მოვიქეცი, შეიძლება ჩემი ადგილი აუცილებლად უნდა დამეკავებინა… შეიძლება სწორად მოვიქეცი… ამ წუთას სინდისმა როგორც მიკარნახა, ისე გადავწყვიტე.

გელა ზედელაშვილი
скачать dle 12.0