"მშობლიურო ჩემო მიწავ..."

გვესაუბრება ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე:

_ ბატონო ვაჟა, საკონსტიტუციო სასამართლომ 7 დეკემბერს მიწის უცხოელებზე გაყიდვაზე დაწესებული მორატორიუმი გააუქმა, რითაც მათ საშუალება მიეცათ მიწაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში წარმოება განეახლებინათ. დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრში, 2500 განაცხადია შესული, რის უკანაც ათასობით ჰექტარი მიწის უცხოელზე გასხვისება იგულისხმება. როგორია ამ საკითხზე თქვენი მოსაზრება?

_ ეს თემა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ჩვენს მიწებს და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ეხება. ამ ეტაპზე, საქართველოს განვითარების გზა ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი ყურადსაღები მახასიათებელია. ვიდრე ჩვენი ქვეყანა ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიდგენს და თავისუფალ ხალხთა თანასწორუფლებიანი ოჯახის ღირსეული წევრი არ გახდება, ვგულისხმობ, ევროკავშირს, მანამდე მიწის როგორც ჩვეულებრივი აქტივის განხილვა, დაუშვებელია. ამას ჩვენს სინამდვილეში გარკვეული ისტორიაც აქვს. აღარ მოვყვები თუ როგორ დაყოვნდა მიწის რეფორმა იმის გამო, რომ ამ პროცესს დამოუკიდებლობის პირველ წლებში გარკვეული კონტექსტი ჰქონდა. ბოლო პერიოდს თუ შევეხებით, "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნისას ასეთი მიდგომა იყო _ მიწა უნდა შევიდეს მიმოქცევაში და გაიყიდოს. უფრო მეტიც, უნდა გაიყიდოს ყველაფერი _ მინდვრები, მდინარეები, მათი კალაპოტებიც კი, ჭალები და ა.შ. იყიდება ყველაფერი სინდისის გარდა _ ასეთი იყო ხელისუფლების ერთ-ერთი წევრის კახა ბედნუქიძის პოზიცია, რაც ქვეყნის განვითარების ამ ეტაპისთვის, ჩემი აზრით, მიუღებელია. ამ ფაქტს საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ "ნაცმოძრაობის" ზემოხსენებული მიდგომები უარყოფილი იქნა, მაგრამ ლიბერალური თეორიების მომხრეების გავლენა, მათ შორის, საქართველოში საკმაოდ ძლიერია. ეს გავლენა ძლიერი აღმოჩნდა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ისტებლიშმენტშიც. ამიტომაც იყო საუბრები იმაზე, რომ უნდა მომხდარიყო მიწების გასხვისება, რაც თითქოს, განავითარებდა სოფლის მეურნეობას, აგრალურ სექტორს, გამოიწვევდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას და ა.შ. მაგრამ ქართულ საზოგადოებაში პროტესტის დიდი მუხტის გამო "ქართული ოცნება" იძულებული გახდა გონივრული გზით წასულიყო. განსაკუთრებით, ფასეულია სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის, ამჟამად, პარლამენტის წევრის ოთარ დანელიას პოზიცია, რაც ამ თემასთან მიმართებაში სავსებით ადეკვატურია.

"ქართული ოცნება" იძულებული გახდა გარკვეული ცვლილებების პაკეტი მოემზადებინა, რომლის თანახმადაც უცხოელებზე მიწების გასხვისება აკრძალულია. მათზე ნებადართულია მხოლოდ ცალკეული მიწის ნაკვეთების გასხვისება თუ ამას თან ახლავს სწორი ინვესტიცია და კონკრეტული პროექტი. შესწორებების ეს ნაწილი კონსტიტუციაში პრეზიდენტის ინაუგურაციასთან ერთად 16 დეკემბრიდან შევიდა ძალაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეალური ვარიანტი არ არის, ვფიქრობ, სოფლის მეურნეობის სავარგულების გასხვისებასთან დაკავშირებით ადეკვატურია. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 7 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რის თანახმადაც უცხოელებზე მიწის გაყიდვის მორატორიუმი გაუქმდა, სავარაუდოდ იმით იყო გამოწვეული, რომ ამ ერთკვირიანი შუალედის პერიოდში თქვენს მიერ ნახსენები 2500 განაცხადის დაკმაყოფილება იგეგმებოდა. გამორიცხული არც ის არის, რომ ამ ხნის განმავლობაში რეესტრში რაიმე სხვა მნიშვნელოვანი განაცხადებიც შესულიყო და სხვა ფართობების დაკანონებაც მომხდარიყო. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ ასეთი შესასძლებლობა შექმნა. ჩვენ, ქართული საზოგადოების წევრებმა ეს შესაძლებლობა გავაპროტესტეთ, რითაც მთავრობა ვაიძულეთ ყოველდღიურ რეჟიმში გაეკეთებინა განცხადებები, რომ უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაკანონება ამ კონკრეტულ პერიოდში არ მომხდარა. ასეთ დროს, როგორც წესი, საპროტესტო აქცია აზრს მოკლებული არ არის, რაც გაიმართა კიდეც საკმაოდ პატივსაცემი ადამიანების ხელმძღვანელობით. აქციაში მონაწილეობდნენ როგორც საზოგადო მოღვაწენი, ისე რიგითი მოქალაქეები. ბუნებრივია, არსებობენ მოდური აზროვნების ტყვეობაში მყოფი ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დღესვე, დაუყოვნებლოვ, გასხვისება ქვეყნის აღმავლობას გამოიწვევს.

ასეა თუ ისე, საზოგადოებამ შეძლო ხელისუფლება ეკონტროლებინა, რაც დემოკრატიის ერთ-ერთი მახასიათებელია. ნიშანდობლივია, რომ უცხოელებზე ხელაღებით, დაუყოვნებლივ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გაყიდვის მოსურნე მეხოტბეები იმაზე არ საუბრობენ, რატომ არ მოიქცა ასე თუნდაც, ჩეხეთის ხელისუფლება, რომელმაც თავის დროზე, 10 წლით აკრძალა სასოფლო სამეურნეო სავარგულების უცხოელებზე გასხვისება იმ მოტივით, რომ მეზობელი გერმანელი ფერმერები ეკონომიურად და ფინანსურად გაცილებით ძლიერები იყვნენ და ისინი ჩეხ ფერმერებთან მიმართებაში არათანასწორ კონკურენტუნარიან პირობებში იქნებოდნენ ჩაყენებული და შედეგად, იძულებული გახდებოდნენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მათთვის მიეყიდათ. მსგავსი დამოკიდებულებაა პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში. იგივე ხდება ახალ ზელანდიაში, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ეკონომიკაა _ უცხოელებზე მიწების გაყიდვა აქაც კატეგორიულად იკრძალება. მიწის უცხოელებზე გასხვისება აკრძალულია თურქეთშიც, სადაც 10 ჰექტარზე მეტ მიწას ვერაფრით შეიძენთ. ასეთი რამ დაუშვებელია. საქართველოში ლიბერალიზმის ოაზისის მოწყობა მაშინ, როცა ჩვენი სამეზობლოს ყველა წევრ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უცხოელებზე გაყიდვა აკრძალულია, დაუშვებელია. ვგულისხმობ, სომხეთს, აზერბაიჯანს, რუსეთს. თუ არ ვცდები ასეა უკრაინაშიც. ხომ უნდა დავფიქრდეთ, რას გამოიწვევს ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი _ მეწინავეობას თუ ჩვენი ეროვნული ინტერესების ჩარეცხვას?! მიწა ჩვეულებრივი საბაზრო ურთიერთობების ელემენტი არ არის, არამედ საარსებო სივრცის ნაწილია. აქედან გამომდინარე, ამ საკითხისადმი განსაკუთრებით ფაქიზი დამოკიდებულება არის საჭირო.

თუ მიწების გაყიდვას ვინმე იმით გაამართლებს, რომ ეს ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს, მაშინ ამას შავი იუმორით შევხედავ და ვიტყვი: იგივენაირად შეგვიძლია ადამიანების ორგანოებით ვაჭრობას შევუწყოთ ხელი, ან ძალიან მომგებიანია სექს-ბიზნესი და მოდით, მის განვითარებასაც შევუწყოთ მაშინ ხელი ან იგივე, ნარკობიზნესი ვაწარმოოთ, რომელიც მთელს მსოფლიოში მომგებიანია. ამით იმის გამართლება, რომ ეს ეკონომიკას განავითარებს და იმის თქმა, რომ ამის გამო საარსებო სივრცის ნაწილს უნდა შეველიოთ, რასაც სასოფლო-სამეურნეო სავარგული წარმოადგენს, არ შეიძლება. ახლა, მთელ რიგ რეგიონებში მიწის ნაყოფიერი ფენის ვაჭრობით არიან დაკავებულნი. რიგ ქვეყნებს შეუძლიათ სულაც არ დაიპყრონ მეზობელი ქვეყანა _ ვთქვათ, საქართველო. მათ შეუძლიათ აიღონ ჩვენი მიწის ნაყოფიერი ფენა, განათავსონ უნაყოფო ველზე და ამით გარკვეული კეთილდღეობა შეიქმნან. მაშინ ეგავყიდოთ ჩვენ მიწის ეს ნაყრი ფენა. ამიტომ აქ, გონივრული მიდგომაა საჭირო. სხვათა შორის, ერთი რამაც მინდა ვთქვა: ასეთი გადაწყვეტილებები საყოველთაო გამოკითხვით უნდა მიიღებოდეს, იქნება ეს პლებიციტი თუ რეფერენდუმი, რადგან ეს მთელს საზოგადოებას ეხება და მხოლოდ პოლიტიკოსებს არ უნდა ჰქონდეთ საშუალება საკუთარი მოსაზრება თავს მოგვახვიონ. სამწუხაროდ, ხელისუფლებაც თვლის, რომ ეკონომიკის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე უპრიანია სასოფლო სამეურნეო სავარგულების გაყიდვა. მაშინ გავყიდოთ ყველაფერი. მაგრამ რატომ ხალხს არ ვეკითხებით რა სურთ?! ესეც ძალიან სიმპტომატურია და პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

_ როგორც ვიცით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება. მაშინ გაუგებარია, რატომ გადაიდგა ასეთი ნაბიჯი ახალი კონსტიტუციის მიღებამდე 9 დღით ადრე?

_ რა თქმა უნდა, საეჭვო თემაა. არ არის გამორიცხული საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში გარკვეული ლობის მოქმედებას ჰქონოდა ადგილი.

_ ბატონო ვაჟა, 11 ათასი უცხოელი საქართველოში, ჯამურად, 50 ათას ჰექტარ სასოფლო- სამეურნეო
დანიშნულების მიწის ფართობს ფლობს. როგორ ფიქრობთ, უნდა ამოქმედდეს თუ არა დროულად კანონიერი ექსპროპრიაციის ყველა მექანიზმი?


- მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია მაქვს, ასეთი ძალადობრივი ზემოქმედების მომხრე არ ვარ რაც გასხვისებულია, იმის გამოსყიდვა შეიძლება, ჩამორთმევა_ არა. იმიტომ, რომ ჩვენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს ვაღიარებთ და მესაკუთრის მიმართ ასეთი
რევოლუციური მეთოდების გამოყენება ქვეყნის იმიჯს დააზიანებს. ამიტომ, ეს მიზანშეწონილი არ არის.

შესაძლებელია გამოსყიდვა, მაგრამ ესეც არარეალურია, რადგან იმ გაყიდული და გასაყიდი მიწების უმრავლესობა, ფაქტობრივად, დაუმუშავებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანა მიწისთვის რაღაც საკრალური ფუნქციის მინიჭება არ უნდა იყოს. ჩვენ შეგვიძლია ასე გავაკეთოთ: მიწებს რომელთაც შეეცვალათ მესაკუთრე და ამჟამად, მესაკუთრე უცხოელია, შეგვიძლია მათ მიმართ საკანონმდებლო დონეზე შემზღუდავი გადაწყვეტილებები შევიმუშავოთ _ ისინი დავავალდებულოთ, რომ ეს მიწა დაამუშაონ და მასზე დოვლათი შექმნან. ჩამორთ- მევა, წართმევა ან თუნდაც, არაადეკვატური საფასურის გადახდა, არარეალური მგონია. ამიტომ იყო ეს პროტესტი დროული და საზოგადოების სიმწიფის გამოცდა, რომ ფაქტობრივი დიალოგის დარღვევამდე უნდა იქნას შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული, რადგან შემდეგ მესაკუთრესთან დაპირისპირება ძნელი იქნება. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ისინი მიწები დაამუშაონ და დოვლათი შექმნან..

თამარ შველიძე
скачать dle 12.0