ფიქრია ყაზაიშვილი

ფიქრია ყაზაიშვილი
სწავლობდა ადამიანთმცოდნეობისა და პოლიტოლოგია-სოციოლოგიის ინსტიტუტში, შემდეგ სწავლა გააგრძელა შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე. წერს კინოსცენარებს, ლექსებს, მოთხრობებს.
2014 წელს გაიმარჯვა ლიტერატურულ კონკურსში `ასი საუკეთესო ლექსი~. მისი ნაწარმოებები ხშირად იბეჭდება ქართულ ჟურნალ-გაზეთებში.
ჰყავს ოთხი შვილი.
წარმატებები და შემოქმედებითი გამარჯვებები ვუსურვოთ ამ მრავალმხრივ ნიჭიერ ახალგაზრდა ქალბატონს.

*********************************

ლ ე ქ ს ე ბ ი
**
ეს მე ვარ

-------------------------

ახლა ქარია, აშრობს სისველეს, საგაზაფხულოდ ამზადებს ქალაქს
და მიხარია, რაღაც ისეთი, რასაც სახელი უბრალოდ არ აქვს.....
ახლა დარია...... გაუბედავად აშიშვლებს მიწა ნაზმორებ მკლავებს
ან სიზმარია ეს ყველაფერი, ანდა ცხადს უნდა რომ სიზმარს გავდეს....
და სადაც უნდა ვცოცხლობდე ახლა, ცხადში თუ სიზმრად, დღისით თუ ღამით....
და ორ ნაბიჯზეც რომ იყოს ჩემგან სიკვდილ სიცოცხლის გზაგასაყარი
მე ვერ შევაქცევ ზურგს ამ სიხარულს, უეცრად მოსულს, სტიქიის მსგავსად...
და მე გადავდებ გარდაცვალებას, თუნდ ცოდვის ვერმიტევების ფასად....
ახლა ქარია, დასანანია, წვეთები კვალსაც რომ არ ტოვებენ...
მეტამორფოზით დაღლილ ქალაქში,წარსულს აწმყოზე ამათხოვრებენ...
რა მიხარია არ ვიცი....ალბათ სითბო, ამ ციცქნა ოთახს რომ ავსებს
ეს მე ვარ, მე ვარ! დიახაც მე ვარ, სამყაროსხელა სიმშვიდით სავსე....

DM-3

-------------------------

... არ ვიცი რა გითხრა...
დუმილით საშენოდ განმაწყობ...
მე მინდა ვიშვილო
ღამე შუქჩრდილებით
და ჩემში ჩავღვარო...
... შემოდი... თვალებში
მითხარი რას ნიშნავს
შენი ანკესივით
ნასროლი სიჩუმე...
ლამის ამოვარდეს
ეს გული ბუდიდან...
სიჩუმით მიშორებ?
თუ უფრო მიზიდავ...
რა გითხრა, არ ვიცი...
მეგონა, ჩამკეტე...
არა, გასაღები
არც გაგხსენებია
შენ გამიჯახუნე!
მომგლიჯე დარაბებს
უფანჯრო ოთახში
ჟანგბადის გაშვებით
და არ მწერ არაფერს...
სრულიად არაფერს...
როცა ერთმარცვლიანს
მოველი პოემას;
არ გინდა!
რას შვრები!
მე გარდავიცვლები
თუ არ დაველოდე
ჩვენს განმარტოებას.
რა გითხრა ღამეა –
ისევ გაცრეცილი
ცოტა ფერნაკლული
ლექსისთვის ნამეტი...
მე მცივა...
მწყურია...
შენი გარყვნილება...
ერთად მოწეული
ღერი სიგარეტის...
... რა გითხრა? რომც გითხრა...
მითხარი რას მეტყვი
ისეთს, რომ დავმდორდე
როგორღაც მოვთავსდე
ჩემი შეგრძნებების
ვიწრო კალაპოტში...
მინდა არ მინდოდე...
მაგრამ რომ მინდიხარ?
შეჩერდი ... იცოდე!
სხვა მოდის! სხვა მოდის!
მე ის სხვა არ მინდა!
ტყუილად მიდიხარ!
რა გითხრა არ ვიცი!
მინდა დაველოდო
შენგან მრავალწერტილს...
ან ნიშანს ძახილის!
რომ გავთავისუპლდე...
ნუ გაიბუტები
ასე ვერ ვიცხოვრებ!
ასე ვერ ვისუნთქებ!
მითხარი, დავმთავრდით!
მითხარი, ვიჩქარეთ
ამ ჩქარი ქროლვებით
ვნებების მარხილის
მითხარი, ორივე
ავყევით იმპულსებს...
რომ დროა ზამთარის
და არა აპრილის...
... შორია იქამდე?
... რაღაცა მითხარი....
ძალიან მარტო ვარ...
ფიქრები შიშობენ
თენებას უშენოდ...
გრძნობებს ვერ ვალაგებ
მიშველე!!!
იტყვები მიშოვე საჩემო.
... ამ წერილს შენ ალბათ
ამაღამ იპოვი...
პასუხიც იქნება
ხვალამდე დაწერო
... რა გითხრა არ ვიცი...

გენია

------------------

დღემ ღამეს მუზების ზმანება მოსტაცა,
მთვარიდან ფარდებათ დაეშვნენ ნოტები,
ხელი შეაცურა ღამეში მოცარტმა,
ხეებმა მიწამდე დახარეს ტოტები.
ერთხელ გაიქროლა ამურის ისარმა
და გადაღალული შექსპირი გაკაწრა,
მას მერე იჯდა და სიყვარულს რითმავდა
რაღაც სხვანაირად და უფრო ლამაზად..
მერე..გამოფრინდნენ მუზები ფერებად,
ქარმა ფოთოლცვენა ბაღებთან მიჰყარა,
ფუნჯი შეაწმინდა დუქანის კედელს და...
ზეცისკენ გასწია შემთვრალმა ნიკალამ.

მამრი DM-3

---------------------------------------

შემომახვიე ვნების საბურველი
გატეხილ ღამეში.....
სინდისი ამატკიე მტკივანი კბილივით.....
ყოველი არა მიქციე თანხმობად..
თვალებში ჩახედვით და თხოვნით....
მინდიხარ!
დაღლილი უაზროდ ნატკეპნი ბილიკით
გზად დაგელოდები....
მე თავად არ მოვალ....
შენ მოდი!...უბრალოდ.
ძალიან მარტივად...
თითქოს დედამ გთხოვა და რძეზე მიდიხარ....
პეშვით მომიშვირე შენი გარყვნილება...
ყლუპებად არ დავლევ.....
ერთბაშად გადავკრავ....
თითქოს უდაბნო ვარ, წვიმას დანატრული...
არავის არ ვგავარ...
გეტყვი რომ, არ ვიცი, მჯერა თუ არ მჯერა
ვნების გაზმორებით მოსული წამების...
ან სულაც არაყით გამომთვრალ სიგიჟის..
დამთავრდა...
პარასკევს გაუსწრო შაბათმა..
იქნებ გაყოლოდი?...
წავედი!
აქ სხვა ოქტომბერი არასდროს არ მოვა.....
ოდესმე თუ ჩემსკენ ისევე მოხვდები,
მეტყვი რომ გინდოდი..
მეტყვი რომ გახსოვდა თეთრი პარასკევით
შაბათის მონუსხვა...
მე ფურცლად ამოგხევ
ცხოვრების წიგნიდან
და დავიხურები....
თითქოს არაფერი...
თითქოს არც მოსულხარ... არადა...
ღამე... რომელიც თოვდა შიშველი წვივებით
... ახლაც აქ ტრიალებს. ..
აიღე გასაღები ჩემი სხეულიდან
შენი გარყვნილების...
და ერთ ღრიჭოში მოქცეული
ორის მღელვარებით.
არ მინდა

-----------------------------

არ მინდა ტბასავით ვავსებდე კალაპოტს...დუნედ და მოწყენით...
სხვა მინდა...და თუ არ იქნება არასდროს, შენს ბუდეს მოვწყდები...
- სად მიხვალ? – არ მკითხო უაზრო თვალებით და ტონით მაღალით!
ქალაქში სხვაც ბევრნი ივლიან ქალები ....იპოვე ახალი!
არ მინდა სიცოცხლე დახვრიტოს ეჭვმა და სიმძიმემ კამათის,
არ ღირდა სიბნელის ნათელთან შერწყმა და ერთობა ამათი!
არ მინდა სხვის კანში...სხვის როლში ...რომელიც სულ ერთი ფერია..
ატირდა ჰაერი ნაცრისფერ მინორში -- აქ რა დამრჩენია...
არ მინდა ტბას ვგავდე... მორჩილად ვავსებდე ხელოვნურ კალაპოტს,
თუ ვდუმვარ, არ ნიშნავს სათქმელი არა მაქვს... უბრალოდ არ ვამბობ!!

გ ა დ ა ა ტ რ ი ა ლ ე !

-------------------------------------

ფანჯრიდან შე-მოსილი ღმერთი
დახურულ ფანჯრებით ვაკავებ სამყაროს
ზიზღის და შიშების....
არ ვიცი რას ვშრები.... უფალო მაღალო, ზვავივით ვიშლები....
დაგმანულ დარაბებს აწყდება მდინარე
მღვრიედ და საშიშად,
არ მინდა დავნებდე, ვიცი რომ ვინანებ....ისევ რომ გაგიშვა!
სარკმელზე წვიმები ტირიან ცოდვების
ზეიმებს მიწაზე,
ვერ გავიღიმები, სიკვდილზე ბოდვები კარგს არას მიზამენ...
აღმართებს შეყოლილ მანძილებს ჩამოვრჩი
ცოდვები მათოვენ,
აღმართე ჯვარი და იმ გზაზე გამოჩნდი
მე რომ მიგატოვე.....
დახურულ ფანჯრებით ვაკავებ ქარებს და
მტვერწაყრილ ოცნებას
დღეს თუ გადავრჩები, ხვალ გავხსნი კარებს და
შევდგები ლოცვებად!скачать dle 12.0