"მოიქეცით წესიერად, "ნაცებო", თორემ ინაშვილის მუშტი მონაგონი იქნება, თუ ხალხს მწყობრიდან გამოიყვანთ"

რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ პარლამენტის სხდომაზე ირმა ინაშვილსა და ნაცების "დამრტყმელ ძალას", ნიკანორ მელიას შორის მომხდარი დაპირისპირება. "პატივცემული" ნიკანორი შენიშვნების მიუხედავად, ვერაფრით დაშოშმინდა და ლაპარაკს არ აცლიდა ირმა ინაშვილს, რომელიც ფრიად მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას აპირებდა.

როგორც ცნობილი გახდა, ქართული მხარე მიუერთდა მაროკოს პაქტს მიგრანტთა შესახებ, ეს მაშინ, როცა აშშ-მა და სხვა განვითარებულმა ქვეყნებმა უარი თქვეს ამ ხელშეკრულება-შეთანხმებაზე ხელი მოეწერათ. საინტერესოა, როდესაც ჩვენზე გაცილებით ძლიერი და მდიდარი ქვეყნები უარს ამბობენ მიგრანტების აღებაზე, საქართველო, რომელსაც საკუთარი ასეულათასობით დევნილი ვერ დაუბრუნებია აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რატომ ირგებს "რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკის" როლს? ნაცმოძრაობა თავის სატელიტებიანად, ვგულისმობთ, როგორც პოლიტპარტიებს, ისე "ენჯეოშნიკებისა" და ჟურნალისტების გარკვეულ წრეს, უცხოელი მიგრანტებისადმი განსაკუთრებული "ტოლერანტობით" რომ გამოირჩევიან ეს არახალია, სამწუხარო ის არის "ქართული ოცნების" გარკვეული ნაწილიც რომ სრულ თანხვედრაშია ამ კუთხით კოლექტიურ ნაცებთან. ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ ნიკანორ მელიას მორიგი გამოხტომა, სწორედ ამ "ტოლერანტობით" იყო გამოწვეული. სანამ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, გადავხედოთ როგორ ეხმაურებიან ინტერნეტსივრცეში ირმა ინაშვილსა და ნიკა მელიას შორის მომხდარ ინციდენტს. ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი ხელისუფლებას მიმართავს, "რაც ვერ მოახერხეთ კაცებმა და ვითომ პოლიტიკოსებმა, ის შეძლო და გააკეთა ირმა ინაშვილმა. ცნობილ ამორალსა და აღვირახსნილ ნაციონალს, ამ მჩხავანა მელიას, რომელიც ისე იქცევა, გეგონება ოჯახში კი არა, ბოსელშია გაზრდილი, რასაც დაპირდა ირმა ინაშვილი, შეუსრულა კიდეც, სახეში შეაყარა დოკუმენტები და სიფათშიც ლაზათიანად "ხია". ვერასდროს წარმოვიდგენდი, ეს ურცხვი ნიკანორი, ისე თუ გამოიყვანდა მწყობრიდან ინაშვილს, რომ ბოლოს და ბოლოს მისი გასალახი გახდებოდა. ხოდა მოიქეცით წესიერად ნაცებო, თორემ ინაშვილის მუშტი მონაგონი იქნება, თუ ხალხს მწყობრიდან გამოიყვანთ. ისეთ სიძულვილსა და აგრესიას მიიღებთ ყოველდღე, რასაც თქვენ და თქვენი გაბომჟებული კუმირი აფრქვევს უცხოეთიდან".

ექსპარლამენტარი ხათუნა ხოფერია, "ირმა, შენ ხარ ქალი, რომელმაც ხალხის ტკივილი კოდორით გადმოიტანე! შენ ხარ პოლიტიკოსი, რომელიც არც პარტიას შეუქმნია და არც ვინმე ლიდერს, შენ ხალხის წიაღში ხარ ჩამოყალიბებული, თვითნაბადი ხარ! ამიტომ არის შენი ნათქვამი ყოველი სიტყვა მისაღები და ახლობელი უბრალო ადამიანებისთვის! ამიტომ არ ესმის შენი ათასი გადამთიელის მიერ დაფინანსებულ და "დაზაკაზებულ" ვაიქართველებს! მიიღე ჩემგან დიდი პატივისცემა და თანადგომა მეგობარო". ნიკანორ მელია ვერც პოლიტიკოსობაში ვერც იუმორში რომ ვერ "ქაჩავს" ფაქტია, მის მიერ ინტერნეტსივრცეში გამოდებულ ირმა ინაშვილის საათის ფოტოს კომენტარით, გადარჩენილი ვარ, მტერს მოხვდა ირმას მარჯვენა, აგერაა მტკიცებულება — ირმა ინაშვილმა ისე მძლავრად დაარტყა მაგიდაზე, საკუთარი საათი გაწყვიტა — აგერ არის მტკიცებულება რა ძალა აქვს ინაშვილს მაჯებში, მაგიდას როცა დაჰკრა ხელი, საკუთარი საათი გაწყვიტა, ნუ ინაშვილმა დღეს დროთა კავშირი გაწყვიტა", რა კომენტარები მოყვა, რა "ეპითეტებით" ამკობენ ნიკანორს ქართველი მამაკაცების ნაწილი, ამას გაზეთში ვერ დავწერთ. ნიკანორ-"ბატონო", მართლა გადარჩენილი ხარ, ირმა ინაშვილს კარატეში "შავი ქამარი" ჰქონია, მართლა რომ ეკადრა შენთან ფიზიკური ანგარიშსწორება, დარწმუნებული ვარ ხუმრობის ხასიათზე კარგა ხანს ვერ იქნებოდი.

ნაცების გაწიწმატება და მელიას "წინა ხაზზე" გამოშვება სხვა ფაქტორსაც უკავშირდება, ირმა ინაშვილის თუნდაც იმ განცხადებას, რომ "სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმური პრეზიდენტია, ვერავინ იტყვის, რომ მას ლეგიტიმაცია არ აქვს. რეალურად სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტური მოიგო და მხარდაჭერა მოიპოვა. საგამოძიებო ორგანოებს მივმართავ 780.000 ხმაზე დაიწყონ გამოძიება. კერძოდ, რამდენად რეალურია ნაცმოძრაობის მიერ მოპოვებული ხმები. გამოძიების პარალელურ პროცესს ვაწარმოებთ, რომელიც კონკრეტულ ფაქტებს დადებს".

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე: "დიახ, ნაცებსა და საქართველოს მტრებს უნდა ეშინოდეთ ირმა ინაშვილის! ის საქართველოს დიდი პატრიოტი და მამულიშვილია, რომელმაც თავისი განვლილი გზით დაამტკიცა ქვეყნის ერთგულება. ასეთი ლიდერი სჭირდება საქართველოს! ქართველი ხალხის სათქმელს ამბობს მუდამ".

ინტერნეტმომხმარებლებს უკვირთ, რატომ უკეთებს იგნორირებას მმართველი პარტია "პატრიოტთა ალიანსის" მიერ შემუშავებულ რეზოლუცია, რომელიც ნაციონალების მმართველობის რეჟიმად გამოცხადებას ეხება.

რატომ აქამდე არ შეისმინა ხელისუფლებამ ხალხის მოთხოვნა, რატომ არ გამოცხადა ნაციონალების მმართველობა რეჟიმად, რომელიც არბევდა ჟურნალისტებს, ქუჩაში ხოცავდა ახალგაზრდებს (140 ახალგაზრდაა დახვრეტილი), აწამებდა, ამაზრზენი მეთოდებით შეურაცხყოფდა და კლავდა პატიმრებს, ქონებას ართმევდა ადამიანებს, დაკარგა ტერიტორიები? მოსახლეობის ჭარბვალიანობაზე ასე რომ "სწუხან" კოლექტიური ნაცები, ეს ზუსტად მათი ბელადის "ნულოვანი ტოლერანტობის" შედეგია, განურჩევლად რომ ყრიდნენ ხალხს ციხეში და ოჯახს როგორმე რომ გამოეხსნა პატიმარი იმ ჯოჯოხეთიდან, უკანასკნელ საცხოვრისს ყიდდა. დღეს ამ რეჟიმის "შემოქმედნი" ბედავენ და მმართველ ძალას თუ მათგან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს მოიხსენიებენ კრიმინალებად. თურმე მათი სისხლიანი მმართველობის ცხრა წელზე არ უნდა ვისაუბროთ და ცხოვრება "სუფთა ფურცლიდან" დავიწყოთ. ძალით თავსმოხვეული კოჰაბიტაცია, რომ ექვსი წელია გრძელდება და ნაციონალებს დღემდე არ გაეცათ საკადრისი პასუხი, ეს "ქართულ ოცნებაში" ჩაბუდებული ფერნაცვალი ნაცებისა და სოროსის ბუდიდან აფრენილი ე.წ. პოლიტიკოსების "დამსახურებაა", ვფიქრობთ, ეჭვი არავის ეპარება. ეს კონტიგენტი მარტო პარლამენტსა და მთავრობაში არ არიან მრავლად, "ავ ენებს" თუ დავუჯერებთ, ცესკოც მთლიანად მათ აქვთ მონოპოლიზებული კომისიის თავმჯდომარიანად. თურმე ნაცების "ფავორიტ" ვაშაძეს 800.000-მდე ამომრჩეველმა მისცა ხმა. თუ ამდენი მხარდამჭერი ყავთ, აქცია-მიტინგებზე 5.000 ადამიანს რატომ ვერ უყრიან თავს? ინაუგურაციის ჩასაშლელად "მობილიზებულებმა" ხომ მთლად გაიმასხარავეს თავი, ველისციხის "მისადგომებთან" სულ რაღაც 200 "პროტესტანტი" დაითვალეს. ირმა ინაშვილის განცხადებით, ბათუმის "გრანდიოზულ" აქციაზე 50 ადამიანი თუ მივიდა, უარესი მდგომარეობა ჰქონიათ ქუთაისში, ოცამდე ნაციონალი თუ მათი მხარდამჭერი აპროტესტებდა სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებასო. კახეთმოვლილმა "მელიამ და კომპანიამ" რა "ცეცხლიც დაანთეს" რუსთაველის გამზირზე, ამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენ თ. ირმა ინაშვილი ითხოვს აუცილებლად იქნეს გამოძიებული არჩევნების შედეგები, რამდენად რეალურია ნაცმოძრაობის კანდიდატისთვის მიცემული ხმები. "პატრიოტთა ალიანსი" პარალელურ გამოძიებას აწარმოებს, ინაშვილის განცხადებით, დაახლოებით თვენახევარში დასკვნას გამოაქვეყნებენ. გამოძიება მარტო არჩევნების შედეგით კი არა, თავად კომისიის საქმიანობითაც, კომისიის წევრების პერსონალიებითაც უნდა დაინტერესდეს. როგორც "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ ჩვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ცესკო მთლიანად ე.წ. ელიტარი "ენჯეოშნიკებით" არის დაკომპლექტებული, იმ ე.წ. უფლებადამცველთა თანამოაზრეებით, რომლებმაც მეორე ტურის წინ დიდი აპლომბით გვამცნეს, ხელისუფლება ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავსო, თუმცა პროკურატურაში დაკითხვაზე რომ დაიბარეს, ბრინჯივით დაიბნენ და ზღაპრების თხზვა დაიწყეს. ისე, ეს საქმეც საეჭვოდ მიჩუმდა, რა ეტაპზეა ძიება არავინ იცის. იმედია, საქმე ბოლომდე მივა და ყალბისმქნელი იქნება თუ ცრუდამსმენი, საკადრისად დაისჯება.

კობა ნარჩემაშვილმა ერთ ადრინდელ ინტერვიუში მითხრა, "ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ ტელევიზიებში არსებობს, ჟურნალისტებმა რომ არ გააპიარონ, მეორე დღესვე დამთავრდება ეს პარტიაო. სრულ სიმართლეს ამბობდა ბატონი კობა, ნაცმიდრეკილმა მედისაშუალებებმა და ხელისუფლებაში "ჩანერგილმა" ფერნაცვალმა ნაცებმა და სხვა საეჭვო წარმომავლობის ელემენტებმა "სასიცოცხლო ინექციები" რომ არ შეუშხაპუნონ ნაცმოძრაობას, დიდი ხნის წინ იქნებოდა "გარდაცვლილი". ამ "ჩანერგილებს" მიუძღვით დიდი "წვლილი" აქამდე რომ არ დადგა სააკაშვილის, ვაშაძეების, მელიების და სხვათა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ღიად მოუწოდებენ ხელისუფლების დამხობისკენ, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ რიგით მოქალაქეებს თუ პოლიციელებს, აზიანებენ პატრულის თუ პარლამენტარების ავტომანქანებს. ირმა ინაშვილმა ტელეიმედში განაცხადა, რომ "ჩანერგილები" მცირერიცხოვანი ჯგუფია, თუმცა მათი ვინაობის გამჟღავნებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0