განათლების დარგი - საქართველოს ბერმუდის სამკუთხედი

2018 წლის ბოლოს ქართველი მასწავლებლებისთვის ორი არასასიამოვნო სიახლის შესახებ გახდა ცნობილი:

1. 2019 ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მასწავლებლების საბაზო ხელფასის ზრდა არ იგეგმება. მასწავლებლების ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა მხოლოდ 2020 წლიდან არის მოსალოდნელი.

2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების პედაგოგთა მკვეთრ შემცირებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ამგვარად მასწავლებელთა საბაზო ხელფასის მატება გახდება შესაძლებელი, რომელიც დღეს 405 ლარს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროში მასწავლებელთა მოსალოდნელი შემცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ, განათლების სისტემაში დასაქმებული ადამიანები და დარგის სპეციალისტები მოვლენების ამგვარად განვითარებას არ გამორიცხავენ.

„საერთო გაზეთს“ განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი ესაუბრა:

– დავიწყებ იმით, რომ მასწავლებელთა ხელფასებისთვის ძალიან დიდი ფულია საჭირო, ჩვენ კი ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა არ ვითარდება, მრეწველობა არ არსებობს და ბიუჯეტი განათლებისთვის ფულს ვერ იმეტებს. ამიტომ, ნებისმიერი ხელისუფლების დროს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ექსპერტი რეკომენდაციას გვაძლევდა, რომ მასწავლებლების რიცხვი შემცირებულიყო. მე მაქვს ნანახი დოკუმენტი, სადაც ერთ-ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ხელისუფლებას რჩევა-რეკომენდაციას აძლევს, რომ მასწავლებლებს ხელფასები სხვა მასწავლებლების შემცირების ხარჯზე მოუმატონ და ასეც ხდება.. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სკოლებიდან 40 000-ზე მეტი მასწავლებელი გაუშვეს. პრაქტიკულად, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე მასწავლებელთა რიცხვი განახევრებულია და ეს პროცესი გრძელდება.

– როდემდე?

– საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს თუ მიყვებით, საქართველოში 28 000 მასწავლებელი უნდა დატოვონ და არსებული სახელფასი ფონდი მათზე გაანაწილონ. წარმოიდგინეთ, 67 000-დან 39 000 მასწავლებელი უნდა გაუშვან და უმუშევართა არმიას შეუერთონ. აი, ეს წერია იმ რეკომენდაციებში.

– როგორ აისახება მასწავლებელთა მასიური შემცირება განათლების ხარისხზე?

– როგორ და დასვამენ თითო კლასში 60–70 ბავშვს და ვიქნებით აფრიკის ჩამორჩენილი ქვეყნების დონეზე. ბუნებრივია, შემცირებას გადარჩენილ მასწავლებლებს დატვირთვას გაუზრდიან და განაკვეთნახევარს ან ორ განაკვეთს მისცემენ, მაგრამ 28 ათასი მასწავლებელი როგორ უნდა ეყოს 600 ათასზე მეტ მოსწავლეს არ ვიცი. ასეთი წმენდა სააკაშვილის დროს ჩატარდა, როცა მცირესაათიანი მასწავლებლები გაუშვეს. ამ პროცესებს თან ახლავს ეროვნულ სასწავლო გეგმაში სასწავლო საათებისა და დისციპლინების კლება, ფინანსური კლასების შეერთება, მცირეკონტინგენტიანი სკოლების დახურვა და ა.შ. ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რასაც ნაციონალები აკეთებდნენ. თითქოს ქართულმა ოცნებამ შეაჩერა ეს პროცესები, მაგრამ მაინც იძულებულს გახდიან..

– რჩევები და რეკომენდაციები იძულებას არ ნიშნავს და საბოლოო გადაწყვეტილება მაინც მთავრობის მისაღებია.

– საერთაშორისო ორგანიზაციები ძალიან დიდი დოზით ერევიან საქართველოს საშინაო თუ საგარეო საქმეებში. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ საერთაშოორისო ექსპერტებმა და ორგანიზაციებმა დაუგდეს რეიტინგი „ქართულ ოცნებას“, თორემ ეს ხალხი სულ სხვა გეგმებით მოვიდა, ჰქონდა ბრწყინვალე პროგრამა მაგალითად, განათლებასა და მეცნიერებაში და პრაქტიკულად, არაფრის გაკეთების საშუალება არ მიეცათ. მე თვითონ ვიღებდი „ქართული ოცნების“ პროგრამის წერაში მონაწილეობას და მახსოვს, როგორ მოდიოდა ბატონი ბიძინა და ესწრებოდა კომისიის შეკრებას. ყველაფერი იცოდა, რაც უნდა გაკეთებულიყო და მოვიდა პარტიის ბრწყინვალე პროგრამით. რატომ არ გაკეთდა?! იმიტომ, რომ არ მისცეს საშუალება ამ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ნაციონალების გზას გააყოლეს. ვერავინ დამაჯერებს, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა არ არის და ვიღაცას არ უნდა ნაციონალების მობრუნება. როგორ შეიძლება ამდენი უსაქმური და არაპროფესიონალი ადამიანი მოიყვანო მთავრობაში ან პარლამენტში? თითქოს ვიღაც საგულდაგულოდ არჩევს უვარგის კადრებს, რომ ხელისუფლება დაძიროს. სხვანაირად, როგორ ავხსნა, რომ საპარლამენტო არჩევნების ინ პედაგოგების შემცირება და მასწავლებლებისთვის დაპირებული ხელფასების მომატებაზე უარის თქმა?

– როგორც ვიცი, მინისტრმა მასწავლებლების ხელფასის ზრდის საკითხი რეფორმის დაგვიანებას დაუკავშირა.

– რეფორმა რა შუაშია?! მასწავლებლები კატეგორიებად დაყოფილია და რა რეფორმა იგვიანებს? მასწავლებლების შემცირების? სახლში გაშვების? სასწავლო საათების შეკვეცის? მასწავლებლის გაშვებას აზრი არ აქვს, თუ ყველაფერი არ შეამცირეს. სახელფასო ეკონომია რო, გააკეთო და ფული დაზოგო, ან მასწავლებლები უნდა გაუშვა ან ფინანსური კლასები გააერთიანო, ან ორივე ერთად.

საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიები წელიწადნახევრით და ორი წლით ადრე იწყებენ მზადებას და ესენი ახლა, როცა პრაქტიკულად, წამზომი ჩართულია და საპარლამენტო არჩევნებამდე ორ წელზე ნაკლები დარჩა, ასეთ ნაბიჯს დგამენ. წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს არჩევნებში საჯარო სექტორის 67 000 და კერძო სექტორის 10 000 მასწავლებლის და მათი ოჯახის წევრების ხმა? ახლა რომ მოიგეს, არაფერს ნიშნავს. ხალხი წავიდა და სალომე ხმა მისცა იმის გამო, რომ ნაციონალების კანდიდატი არ მოსულიყო, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებზე ცოტა სხვაგვარად იქნება საქმე. იქ „ქართული ოცნება“ უნდა წარსდგეს ხალხის წინაშე. ის „ოცნება“, რომელსაც არაფერი გაუკეთებია ხალხისთვის. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ხალხი პრაქტიკულად, მიატოვა და არც ერთ დონეზე არ მუშაობს. არც თვითმმართველობის, არც მმართველობის, არც პარლამენტის დონეზე და არც მთავრობის დონეზე. ამ ხელისუფლების ყველა შტო დაცილდა ხალხს თუ არ ჩავთვლით ბიძინა ივანიშვილს და მის ქველმოქმედებას, მაგრამ ივანიშვილი არც მთავრობის წევრია, არც საკანონმდებლო ხელისუფლების და არაფრის. ქართულ ოცნებას რეიტინგი ისედაც შერყეული აქვს და ეს მასწავლებლები ისედაც განაწყენებულები არიან და არა მარტო ხელფასის გამო.. განაწყენებულები კი არა, გაწამებულები და გაგიჟებულები არიან და იმის მაგივრად, რომ ეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების კორუმპირებული, ყოვლად გამოუსადეგარი სქემა გადააგდონ, რაღაც სისულელეებს აკეთებენ. მაგრამ ამ სქემას არ აჩერებენ იმიტომ, რომ ამ კორუმპირებული სქემით უამრავი ადამიანი დიდ ფულს შოულობს. და ბოლოს, ვერც ერთი პარტია, მით უმეტეს მორყეული და რეიტინგშელახული სახელისუფლებო პარტია ვერ გაუძლებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიამდე მასწავლებელთა სექტორში მასშტაბური შემცირებები ჩაატაროს და ხელფასი არ მოუმატოს. ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ვინც არ უნდა მოთხოვოს გაერო იქნება, იუნისეფი თუ სხვა. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთონ, პირიქით მასწავლებლის პროფესიული სქემა უნდა გააჩერონ და ახალი მოდელი შემოიტანონ. თუ ამას არ გააკეთებენ, ჩავთვლი, რომ საკუთარი ნებით უთმიობენ ნაციონალებს ხელისუფლებას. სხვა დასკვნის გამოტანა უბრალოდ, შეუძლებელია.

ნელი თორდია
скачать dle 12.0