ვინ მოუწყო საფრანგეთს "ფრანგული გაზაფხული" ზამთარში?

კიდევ ერთხელ დადასტურდა მსოფლიო წამყვანი პოლიტოლოგების შეფასება _ ტრამპის პოლიტიკური სვლების გათვლა შეუძლებელია. სწორედ იმ დროს, როდესაც ტრამპი სინ ძინ პინს ხვდებოდა, კანადაში აშშ-ის მოთხოვნით დააპატიმრეს ერთ-ერთი უდიდესი ჩინური ტელეკომუნიკაციების გიგანტური კორპორაციის "ჰუავეის" კომერციული დირექტორი ვან ჯოუ. დაკავების შესახებ მხოლოდ სამი დღის შემდეგ გახდა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ვან ჯოუ კორპორაციის დამფუძნებლის და მფლობელის შვილია. კომერციუილ დირექტორს ბრალად ირანთან დაწესებული სანქციების პირობების დარღვევა წაუყენეს. კანადის ვანკუვერში "ჰუავეის" დირექტორის დაკავებამ გააღიზიანა და აღაშფოთა არამარტო ჩინეთის ხელისუფლება, მოსახლეობაც. მათი შეფასებით, ჩინეთის უსაფრთხოებას დაემუქრა საფრთხე.

ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასი აღმოჩნდა ამერიკულ პრესაში გავრცელებული ცნობა, თითქოს დონალდ ტრამპმა კმაყოფილება გამოთქვა ქალბატონ ვან ჯოუს დაკავებაზე. "…შესაძლოა, ამით სავაჭრო ომი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ და ჩინეთზე გავლენა გავაძლიეროთო~, უთქვამს ტრამპს. აშშ-ის პრეზიდენტს არც სახელმწიფო მდივანი ჩამორჩა _ …გადაწყვეტილების მიღებისას ყველამ ჩვენი ინტერესები უნდა გაითვალისწინოსო", განაცხადა.
ჩინეთის ხელისუფლებამ, თავისთავად, პროტესტი გამოთქვა და დაგმო ბიზნესმენის დაკავება. ამის გარდა, მოქმედებაზე გადავიდა და ორი კანადის მოქალაქე, რომელთაგან ერთი დუპლომატია, დააკავეს ჩინეთში. მიმომხილველები არ გამორიცხავენ, რომ ჩინეთმა ეკონომიკური კუთხითაც შეუტიოს აშშ-სა და კანადას. სიტუაცია იმდენად დაიძაბა ქვეყნებს შორის, რომ კანადის პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრიუდოს თავის მართლება მოუხდა. ჩვენ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა გვაქვს და მის საქმიანობაში არ ვერევითო, განაცხადა მომხდარის კომენტირებისას. კანადის მართლმსაჯულებამ ვან ჯოუ პატიმრობიდან გაათავისუფლა, თუმცა ქვეყნის დატოვების უფლების გარეშე. რაც შეეხება ექსტრადაციას, რასაც დაჟინებით ითხოვდა აშშ, ჯერჯერობით გადაიდო და, ადვილი შესაძლებელია, საერთოდ.

აშშ-ში პროკურორ მიულერის საგამოძიებო ჯგუფი კვლავ აგრძელებს მუშაობას და უკვე 30 მილიონი დოლარი დახარჯეს. გამოძიების პერიოდში საპრეზიდენტო არჩევნებში რუსულ კვალს ვერ მიაგნეს, ამიტომ ახლა ფინანსურ საკითხებზე გადაერთვნენ. დონალდ ტრამპის ყოფილ ადვოკატს მაიკლ კოენს თავდაპირველად წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთთან კავშირს ედავებოდნენ, მაგრამ, საბოლოოდ, ფინანსური დარღვევებისთვის რამდენიმე მუხლით გაასამართლეს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. კოენი სასჯელის მოხდას ციხეში 6 მარტიდან (?) შეუდგება. ამერიკელი მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ფინანსური საკითხების გამოძიება ტრამპის მომხრეების ერთგვარი გაფრთხილებაა. ამის გარდა, მიულერის ჯგუფი დაინტერესებულია წინასაარჩევნოდ დახარჯული შემოწირულობით შეგროვილი 100 მილიონი დოლარით. წარადგენს თუ არა ხარჯთაღრიცხვას ტრამპის გუნდი, სავარაუდოდ, საახალწლო არდადეგების შემდეგ გამოჩნდება.

უკვე ხუთ კვირაზე მეტია, საფრანგეთის მოსახლეობა შიშით ელოდება შაბათის დადგომას. `ყვითელი ჟილეტების~ აქციები ქვეყნის მასშტაბით საწვავის ფასის მომატების დაანონსების შემდეგ დაიწყო. მშვიდობიანი აქციები სხვადასხვა ორგანიზაციების დარბევებში გადაიზარდა. პოლიციელებთან შეტაკების შედეგად ორივე მხარეს არიან დაშავებულები. უპრეცედენტოდ ბევრი მომიტინგის დაპატიმრება გახდა აუცილებელი. დაზარალდნენ ჟურნალისტებიც, ზოგიერთი ცრელმსადენი გაზით, ზოგიც რეზინის ტყვიებით. რომ არა ჩაფხუტი, შესაძლოა, რეზინის ტყვიებს სავალალო შედეგები მოჰყოლოდა. წინასწარი გათვლებით, საფრანგეთში თვენახევრიანმა აქციებმა დარბევების თანხლებით ხაზინა მილიარდ ევროზე მეტით აზარალა. აქ მხედველობაში არ აქვთ განადგურებული კერძო მაღაზიები, კაფეები და დამწვარი ავტომობილები.

ევროპელმა ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ საფრანგეთში აქციები მას შემდეგ აგორდა, რაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააჟღერა ერთიანი ევროპული ჯარის შექმნის აუცილებლობა. ამის გარდა, პარალელს ავლებენ 2011 წლის ე.წ. `არაბულ გაზაფხულთან~, როდესაც ერთბაშად რამდენიმე ქვეყანა მოიცვა `ფერადმა რევოლუციებმა~. ექსპერტები აღნიშნავენ, საფრანგეთში აქციები სპონტანური არ ყოფილა, მართული იყო. თუმცა ვინ იყო დამკვეთი, დირიჟორი, ვერ ასახელებენ. რადიკალურად განწყობილი მომიტინგეები რომ იმართებოდნენ, აშკარად ჩანდა ეკრანზე. დავალებებს წითელ სამოსებში ჩაცმული ადამიანები აძლევდნენ.

საინტერესოა რომ დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონს აქციების დაწყებისთანავე შესთავაზა პარიზის კლიმატის შეცვლის ხელშეკრულებიდან გამოსვლა და ნატოს დაფინანსების გაზრდა. წინადადებამ კიდევ უფრო გაუძლიერა ეჭვი ექსპერტებს, რომ აქციები მართულია. ევროპელი ჟურნალისტების ვარაუდით, ტრამპმა არ აპატია მაკრონს, აშშ-ისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების მცდელობა. მაკრონი იძულებული გახდა, დათმობებზე წასულიყო _ მოსახლეობას შეპირდა მინიმალური ხელფასის გაზრდას, საწვავის ფასევის უცვლელად დატოვებას და ა. შ. რაც საფრანგეთის ხაზინას 15 მილიარდი ევრო დაუჯდება.

სტრასბურგში საფრანგეთის ერთ-ერთ მთავარ ქალაქში. გასულ კვირას საშობაი ბაზრობაზე მარტოხელა ტერორისტმა ავტომატური იარაღით ოთხი ადამიანი მოკლა, 15 დაჭრა. დამნაშავეს პოლიცია 3 დღე ეძებდა, რომელიც წინააღმდეგობის გაწევის დროს მოკლეს. ექსპერტები აღნიშნავენ, ტერაქტი მაკრონს აძლევს ხელსო. თავის მხრივ, მაკრონმა მოუწოდა მოსახლეობას, თავი შეიკავონ აქციებისგან, რათა თავიდან აიცილონ გაუგებრობები. მიუხედავად თხოვნისა, საფრანგეთის ქალაქებში გასულ შაბათს მაინც გაიმართა შედარებით მცირერიცხოვანი აქციები, მაგრამ პოლიციას კვლავ დასჭირდა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება. დასავლეთის პრესის მიხედვით, საფრანგეთში მსგავსი აქციები 1968 წლის შემდეგ არ ყოფილა. პოლიტოლოგების განცხადებით, სოციალური საკითხები მხოლოდ შირმაა და მთავარი მიზანი ხელისუფლების შეცვლაა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პარალელურად ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც მართავენ აქციებს ე.წ. `ყვითელჟილეტიანები~. მოხდება თუ არა ფერადი რევოლუციები `ბებერი ქალბატონის~ კონტინენტზე, მომავალში გამოჩნდება.

გია ბურდული
скачать dle 12.0