მაქსიმ შევჩენკო: რუსებისთვის ქართველები მენტალურად ყველაზე ახლობელი ხალხია

ცნობილი რუსი ჟურნალისტის მაქსიმ შევჩენკოს "ხო მოსკვისთვის" მიცემული ინტერვიუ, სადაც ის რუსულ ქართულ ურთიერთობებზე საუბრობს და საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს, ვფიქრობთ ინტერესმოკლებული არ იქნება მკითხველისთვის.

– ქართველმა ხალხმა ხმა მისცა სალომე ზურაბიშვილს, მას პირადად ვიცნობ, ვულოცავ ამ გამარჯვებას. ქართველებმა მხარი იმიტომ დაუჭირეს სალომე ზურაბიშვილს, მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდოდათ სააკაშვილის დაბრუნება. კითხვა მიჩნდებოდა, თვითონ ბიძინა ივანიშვილი რატომ არ ბრუნდება ხელისუფლებაში, პასუხი ცალსახაა, მას ამის უფლებას არ აძლევენ ამერიკელები, რომლებიც მთლიანად აკონტროლებენ პოლიტიკურ პროცესს. რამდენადაც ვიცი, ქართულ საზოგადოებაში უკვე სულ სხვა დამოკიდებულება მწიფდება ამ რეალობის მიმართ, ათეულობით ქართველთან მისაუბრია, მათგან ვიცი, რომ ქართველ ხალხს არც მმართველი ძალა მოწონს და არც ნაციონალები, ის ელოდება ნამდვილად ეროვნულად განწყობილ ძალას, რომელიც გადაარჩენს მართლმადიდებლურ საქართველოს, ძველ იბერიას. 

კითხვაზე თავად რუსეთისთვის რა მნიშვნელობა ექნება სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას, შევჩენკო აცხადებს, რომ რუსეთი ვერ აკონტროლებს საქართველოში ვითარებას, არც ესმით ეს, თუმცა არის ხალხი, ვისაც ესმის, მაგრამ მათ ხელფეხი შეკრული აქვთ. 

მაქსიმ შევჩენკო: "მე არ მესმის, დღემდე რატომ გვაქვს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი, როცა საქართველოს რუსეთის მოქალაქეების მიმართ უვიზო რეჟიმი აქვს დაწესებული. ამის ახსნა შეიძლება, ვიღაც უბრალოდ ბლოკავს მართლმადიდებელ ქართველ ხალხთან, ძველ ქრისტიანებთან ჩვენს ურთიერთობას, რომ ქართველები ჩამოვიდნენ და მოილოცონ რუსული ტაძრები, მაგალითად ლავრა თუ ამისი სურვილი ექნებათ. პატრიარქი ილია მეორე ხომ თავის დროზე ამ ლავრის სემინარიაში სწავლობდა. რუსებისთვის ქართველები მენტალურად ყველაზე ახლობელი ხალხია, შეიძლება ითქვას უკრაინელებზე ახლობლებიც კი. მართლმადიდებელი ქართველები ჯვრის მონასტრით, სვეტიცხოველით, ქართული, კავკასიური ბერმონაზვნობით, საბჭოთა პერიოდში ბევრჯერ ვყოფილვარ, შევხვედრივარ ბერებს, ისინი ჩვენთვის ძალიან ახლობელი ხალხია. ქართველებთან მაშინვე პოულობ საერთო ენას, უკრაინელებთან უძნელდებათ რუსებს საერთო ენის პოვნა, აი, ვის უნდა ვეძახდეთ მოძმე ხალხს. ბოლო-ბოლო ქართველის ხელისუფლების სათავეში ყოფნისას მიაღწია რუსეთმა ისეთ უდიდეს პოლიტიკურ წარმატებებს, როგორიც მთელი თავისი ისტორიის მანძილზე არ ჰქონია. ამიტომაც ვთვლი, რომ ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტით, ჩეხავენ ქართველებსა და რუსებს შორის სასიცოცხლო კავშირს. ქართველებისთვის ორი რამ არის მნიშვნელოვანი, ეროვნული აღმავლობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა". 

წამყვანის კომენტარს, რუსეთი არასდროს დაუშვებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასო, შევჩენკომ მკვახედ უპასუხა, რუსეთის ფედერაცია რუსეთი არ არის, რუსეთის ფედერაცია რუსეთის რაღაც ნამსხვრევია, რომელიც იმართება საერთაშორისო კორპორაციების მიერ ადგილობრივი ბიუროკრატების მხარდაჭერით. არ შეიძლება რუსეთის ფედერაცია ისტორიულ რუსეთთან ასოცირდებოდეს, ისტორიულ რუსეთს არავითარი კონფლიქტი არ აქვს საქართველოსთან და არც შეიძლება ჰქონდეს. რაც შეეხება 2008 წლის ომს, ეს იყო მედვედევ-ვარკოვიჩისეული თამაშები, ვარკოვიჩმა და ბაქრაძემ პასუხი გასცენ, როგორ გაუკეთეს ორგანიზება და მოაწყვეს ეს ომი. ეს სამარცხვინო, ბინძური ომი, რომელიც ორივე მხრიდან იყო პროვოცირებული რაღაც პარტიების მიერ, ვითარების გასამწვავებლად, ვიღაცას პუტინის ჩამოშორება უნდოდა, რომელიც იმ პერიოდში პეკინის ოლიმპიადაზე იყო წასული, ვიღაცას კიდევ რაღაც საკითხების გადაწყვეტა უნდოდა. ოდესმე გავიგებთ სრულ სიმართლეს ამ ყველაფერზე, ისე, რაზე ვლაპარაკობ, როცა საბჭოთა პერიოდის არქივების 70% დღემდე გასაიდუმლოებულია, დღემდე ეშინიათ გახსნა. აშკარად, ვიღაც "ჩამშვებების" შთამომავლობას, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, არ უნდათ გავიგოთ მათი გვარები, მაგრამ ვფიქრობ, ოდესღაც გავხსნით არქივებს და გავიგებთ რეალურად რაც ხდებოდა.

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0