ეკონომიკის წითელი ხაზი, რომელიც ადამიანის გულზე გადის

ყველას გემახსოვრებათ ებრაელი "ბანკირი" შეილოკი "ვენეციელი ვაჭარიდან", კაცი, რომელიც ფულის მსესხებელს, თუკი მან ვალი ვერ დააბრუნა, ერთ გირვანქა ხორცის ნაჭერს, ანუ გულს სთხოვს ვალის დასაფარავად.

ამ პიესის ალეგორია პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, რომ ეკონომიკის წითელი ხაზი ადამიანის გულზე გადის.
საქართველოს 600 000 მოქალაქეს, რომლებიც ე.წ. ურჩ გადამხდელებად, პრობლემურ მსესხებლებად ითვლებოდნენ, საბანკო ვალებისგან გული საგულეს აღარ ედოთ, საქართველოს მთავრობამ და `ქართუ ბანკმა~ ბანკირების ხელში ჩავარდნილებს ვალი სრულად გაუნულა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბვალიანობის შემცირების მიზნით, მოსახლეობის გარკვეული კონტინგენტისთვის ვალების ჩამოწერა მოხდა.
გაიხსნა სპეციალური საიტი _ vali.ge, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს, არის თუ არა სიაში თავისი სახელი და გვარი და ჩამოეწერა თუ არა წლების განმავლობაში დაგროვილი დავალიანება.

გაჩნდა უამრავი მადლიერი ადამიანი, რომლებიც ვალის გარეშე შეხვდებიან ახალ წელს.
ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ვალები სხვადასხვა ბანკებიდან 600 000-ზე მეტ ადამიანს გაუნულდა.
პროფესორ ლია ელიავას აზრით, მიუხედავად ამ დიდი ფინანსური აქტისა და მადლიერი 600 000 ადამიანისა, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკმაყოფილო დარჩა, ანუ მოსახლეობის ის ნაწილი, ვინაც შეძლებისდაგვარად, გაჭირვების მიუხედავად, ბანკებიდან აღებულ სესხებს პატიოსნად იხდიდა, მას ეს საფინანსო შემოწირულობა არ შეხებია.

ლია ელიავა: "ვინც იხდიდა, მას შეღავათიც არ შეეხება, ხოლო ვინც საერთოდ არ იხდიდა, ვალი გაუნულდა.
საინტეერსოა, რომ ასეთი იყო ხელისუფლების გადაწყვეტილება, რამაც ძალიან ბევრი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია, იმათი, ვინც ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, თავიანთ საკრედიტო დავალიანებას პატიოსნად იხდიდა. როცა მოსახლეობა ხედავს, რომ პირმა, რომელმაც აიღო სესხი ბანკიდან, "შეჭამა". უპასუხისმგებლოდ არ აბრუნებს და ბოლოს ეს სესხი უნულდება, გული წყდება, სწყინს. ეს იწვევს საზოგადოების შუაზე გახლეჩას. არ შეიძლება ცალი ხელით ერთი გაახარო და მეორე, იმის გამო, რომ კეთილსინდისიერია _ დაჩაგრო.

მოკლედ, ვალების განულების პროცესი ტექნიკურად სწორი პროცესი იყო, მაგრამ მორალურად გაუმართლებელი. ნაწილი ადამიანებისა კმაყოფილია, ნაწილი უკმაყოფილო და ნაწყენი და უნდა ითქვას, რომ ადამიანების გულში წყენა რჩება და ამ წყენის გაქრობა აღარაა ადვილი. მეტსაც გეტყვით, სამეგრელო და გურია შეჭამა ფაროსანამ, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან არავითარი დახმარება მოსახლეობისთვის არ ყოფილა იმის მიუხედავად, რომ გაუნადგურდათ მოსავალი, ზამთრის სარჩო საერთოდ აღარ დარჩათ. კახეთში რომ წამოვა სეტყვა და ხელისუფლება ზარალის ანაზღაურებაზე იწყებს ფიქრსა და ლაპარაკს, სამეგრელო და გურია საქართველო არ არის? ასეთი ცალმხრივი მიდგომები არ არის გამართლებული.

რაც შეეხება სესხებს. ვისაც გაუნულდა, ჰგონიათ, რომ მათი საკრედიტო ისტორია სუფთა დაფასავით იქნება და არავითარი კვალი იმისა, რომ ეს ადამიანები იყვნენ ურჩი გადამხდელები, არსად არ გამოჩნდება, მაგრამ ეს ასე არ არის. როდესაც ისინი მიაკითხავენ ბანკებს სესხის ხელახლა ასაღებად, მაშინ მიხვდებიან, რომ ჯობდა, თვითონ გადაეხადათ ვალი, ვიდრე სახელმწიფოებრივი აქტით განულებულიყო მათი დავალიანება.
თვითონ მთავრობის არასწორი და გაუაზრებელი მოქმედება სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ნაწილ მოსახლეობას, ფაქტობრივად, ურჩ გადამხდელებს, შეღავათი გაეწია.

ამ ფინანსურ აქტს, ამ მოქმედებას, შეიძლება, არ მოჰყვეს ხმამაღალი და მკვეთრად გამოხატული პროტესტი მოსახლეობისგან, მაგრამ მათ გულში ეს უკმაყოფილება რჩება და ადრე თუ გვიან აუცილებლად იჩენს თავს ამა თუ იმ ფორმით.
გულნატკენი მოსახლეობა ძალიან რთული სამართავია.

იმის თქმა მინდა, რომ ამ საკითხისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა არასწორი იყო. ერთადერთი, რითაც მდგომარეობის გამოსწორება შეიძლება, დამატებითი თანხების გამოყოფაა საჭირო და ვალებში ჩაფლული მოსახლეობისთვის სავალალო ტვირთის ოდნავ მაინც შემსუბუქება _ ვთქვათ, 20 000 ლარი ვალიდან 2 ან 3 000 რომ დაგიფარავენ, ამითაც მადლობელი იქნება ადამიანი.
შევთანხმდეთ იმაზე, რომ ე.წ. `შავი სიები~ არ უქმდება. წეღანაც გითხარით, ყველა ისტორია რჩება საკრედიტო ისტორიების ბიუროში და კონკრეტულ შემთხვევაში, როცა კომერციული ბანკი მიმართავს ბიუროს, მიაწვდიან ინფორმაციას, რომ მსესხებელი განულებულთა სიაშია. ბუნებრივია, ბანკი თავს შეიკავებს სესხის გაცემისგან.

ეს სიტუაცია რამდენიმე თვეში დადგება და ადამიანები, ახლა რომ კმაყოფილები არიან, ხვალ პროტესტს გამოხატავენ. ეს ჩვეულებრივი ამბავია _ ადამიანის ხასიათიდან გამომდინარე _ რაც უნდა კარგი გაუკეთო ადამიანს, შემოსადავებელი თუ მიეცი, უკან არ დაიხევს.

დაკრედიტების წესები, რომელიც შემოიღო ეროვნულმა ბანკმა, არის საკმაოდ მკაცრი და კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან, მსესხებლის ოჯახის თითოეული წევრის შემოსავალ-გასავალი შეისწავლონ და თუ აღმოჩნდა, რომ შემოსავლები არის ძალიან მცირე, სპეციალურ შკალაზე მოცემული ციფრების მიხედვით იძლევიან სესხებს. მაგალითად, თუ მსესხებლის შემოსავალი თვეში 1000 ლარია, მისი სასესხო მოთხოვნა არ უნდა აღემატებოდეს შემოსავლის 25%-ს, ანუ 250 ლარზე მეტის სესხის აღება არ შეუძლია. საკმაოდ მკაცრი პირობებია.

როგორც წესი, კანონს უკუქცევის ძალა არ აქვს და ის არ მოქმედებს ადრე არსებულ მდგომარეობაზე და თუ ვინმე ფიქრობს, რომ სესხი აუცილებლად უნდა აიღოს, დაელოდოს დროს, თორემ ახლა თუ აიღებს სესხს, მისი გადახდა ისეთივე მძიმე და რთული იქნება, როგორც ადრე იყო, რადგან კანონი არ არის მარეგულირებელი დოკუმენტი. ახალი ბრძანება უნდა გამოიცეს და შემდეგ შეიძლება საუბარი სესხების შესაძლო ლიბერალიზაციაზე. დრო დასჭირდება ამ პროცედურებს. ამ საკითხის განხორციელებას კომერციული ბანკებიც დააბკროლებენ, რადგან უმცირდებათ შემოსავალი. ეს არც მოსახლეობისთვის იქნება ხელსაყრელი, რადგან, ფაქტობრივად, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის საკრედიტო რესურსებისადმი წვდომა მნიშვნელოვნად იზღუდება.
ყველას გვახსოვს, მთავრობამ თავის დროზე სიღარიბესთან ბრძოლა გამოაცხადა. საინტერესოა, როგორ აპირებს ის ამის გაკეთებას? თუ იმით, რომ ღარიბს მოუსპოს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება, ეს არ არის სიღრიბესთან ბრძოლის არც სურვილი და არც მოქმედება. 

ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ღარიბი მოსახლეობა ვეღარ შეიძენს, ვთქვათ, ახალ მაცივარს, ახალ ტელევიზორს და ა. შ. ამას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს _ ასეთი ოჯახებიდან გამოსული ახალგაზრდები ოჯახებს ვერ შექმნიან, ბინას ვერ აიღებენ იპოთეკით, შეეშინდებათ ბავშვის გაჩენის და ა. შ.
მე სულ ვამბობ: ჩვენი ხელისუფლება, წინანდელი, იმის წინა, რატომღაც ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომ არ აქვთ გათვლილი მოქმედებების რისკები, წინ არ იხედებიან. ამის მიზეზი, ჩემი აზრით, უცოდინარობა და არაპროფესიონალიზმია. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: ცოდნა, ცოდნა და კიდევ ერთხელ ცოდნა. პროფესიონალური განათლება აკლია ჩვენს ქვეყანას და სასტიკად აზარალებს მას. მაგრამ ყველაზე საწყენი და სავალალო ისაა, რომ სწორედ ეკონომიკურ გუნდში არის ასეთი პრობლემები. გაურკვეველი განათლების და გამოცდილების ადამიანები ინიშნებიან თანამდებობებზე ეკონომიკის კუთხით. როგორ შეიძლება რეფორმები ანდო ისეთ ადამიანებს, რომლებსაც წარმოდგენაც არ აქვთ ეკონომიკის ანბანზე?!

ისე არ გამიგოს ვინმემ, თითქოს საქართველოში არ იყოს განათლებული ადამიანები და კერძოდ, მცოდნე, პროფესიონალი ეკონომისტები. მე ვიცნობ ახალგაზრდებს, შესანიშნავ ეკონომისტებს, მცოდნეებს, მოაზროვნეებს, მაგრამ ისინი არ ჩანან და რატომღაც წამოტივტივებულნი არიან გაუგებარი ცოდნისა დ გამოცდილების ადამიანები. არ ვიცი, რა ნიშნით პოულობენ მათ. ბევრი კარგი ეკონომისტი გვყავს, რომლებიც კარგად გაართმევდნენ თავს პრობლემებს და ქვეყანა ეკონომიკურად უკეთეს მდგომარეობაშიც აღმოჩნდებოდა.

ირანდა კალანდაძე
скачать dle 12.0