შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გიორგი გახარია არა მარტო ძლიერი მინისტრია, არამედ ძლიერი პოლიტიკოსიც

"ნაცმოძრაობის" აქტივისტები თელავში ბათუმის მოვლენების გამეორებას აპირებდნენ

გვესაუბრება "იურისტთა და ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის" ხელმძღვანელი, ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე:


_ ბატონო გრიგოლ, საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობა ჰქონდა ე.წ. ოპოზიციას, კონკრეტულად "ნაცმოძრაობას". თუმცა მიზნის განხორციელების საშუალება არ მისცა პოლიციამ.. გურჯაანში განვითარებული მოვლენების შემდეგ პარლამენტში მოხსენება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

_ პარლამენტში გამოსვლით დავინახეთ, რომ გიორგი გახარია არა მარტო ძლიერი მინისტრია, არამედ ძლიერი პოლიტიკოსიც. ჩემი აზრით, შსს-მ ინაუგურაციის დღეს თელაველებს და, საერთოდ, ქვეყანას, თავიდან ააცილა მოსალოდნელი დიდი დაპირისპირება. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ე.წ. ოპოზიციის აგრესიული ჯგუფი თელავში ჩასვლის შემთხვევაში აპირებდა ორი წლის წინ ბათუმში განვითარებული მოვლენების გამეორებას _ მანქანების დაწვა, დამსხვრევა… ბატონმა გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, "ნაცმოძრაობა" საჯაროდ აცხადებდა, რომ აპირებდა ინაუგურაციის ჩაშლას. ანუ შეკრებების და მანიფესტაციების კანონის ჩარჩოდან გადიოდა. აქედან გამომდინარე, შსს-მ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. "ნაცმოძრაობას" პოლიცია თელავში ჩასასვლელად ალტერნატიულ გზას სთავაზობდა, რადგან ოპოზიციურ პარტიას და მოსახლეობას შორის შესაძლო იყო დაპირისპირება. ამიტომაც შესთავაზეს შემოვლითი გზა, რაზეც ნაცებმა უარი თქვეს. შედეგად კი დავინახეთ, ბანდერლოგებივით (ბანდერლოგები _ მაიმუნების ჯგრო "მაუგლიში") ზოგი ხეზე ადიოდა, ზოგიერთები მანქანებზე დახტუნაობდნენ, მანქანების გადაბრუნებას ცდილობდნენ და ა. შ. 

შსს-ის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაა, ვფიქრობ, უწყებამ ეს გამოცდა ინაუგურაციის დღეს კიდევ ერთხელ წარმატებით ჩააბარა. 

კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ბოლო დროს ხშირად გვესმის ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომ ქვეყანაში კრიმინალური შემთხვევების რაოდენობა გაიზარდაო და აკრიტიკებენ შსს-ს. როდესაც თუნდაც თვითმარქვია პოლიტიკოსი პოლიციელს აგრესიულად ექცევი, აყენებ სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას, სწორედ ამით ხდება კრიმინალის წახალისება. "ნაცმოძრაობის" აღარაფერი მიკვირს, მაგრამ უცნაურია, როდესაც, ერთის მხრივ, ეწევიან პოლიციის დისკრედიტაციას და, ამავე დროს, მათ სთხოვენ კრიმინალთან ეფექტურ ბრძოლას. 

_ ხომ დააკავეს "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე, რომელიც თავს პოლიტიკოსად მიიჩნევს, ხოლო მისმა თანაპარტიელებმა კირკიტაძის დაკავება პოლიტიკურ დევნად შეაფასეს.

_ ჩემი აზრით, კირკიტაძის და სხვა აქტივისტების დაკავებით შშ-ის მინისტრმა გზავნილი გაუგზავნა ნიკანორ მელიას და მისი პარტიის წარმომადგენლებს, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება. იმავე მელიას საქციელი, როდესაც პოლიციელს თითქმის ეჭიდავებოდა, საყურადღებოა. ყველამ კარგად ვიცით, რომ "ნაცმოძრაობის" წევრები პროვოკაციებისა და ძალადობის პროფესიონალები არიან. შეიძლება ვთქვათ, იმ დღეს მელიამ "მიშა 2" როლი შეასრულა. როგორც სააკაშვილი იქცევა ხოლმე აგრესიულად, მელიამაც იგივე გაიმეორა.

_ თქვენ კი თქვით, პოლიციამ თავიდან აიცილა მოსახლეობისა და ნაცების შეტაკება, მაგრამ ველისციხეში მაინც მოხდა ინციდენტი, რისთვისაც ორი ადგილობრივი მოსახლეა დაკავებული. რა მოხდა იქ?

_ გავიმეორებ, პოლიციამ აგვაცილა უფრო დიდი დაპირისპირება. ყველა დასახლებაში არიან რომელიმე პარტიის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ამასთან, მაქვს ინფორმაცია, როდესაც ნაცების კოლონა მიემართებოდა კახეთში, გზადაზგა ხდებოდა მცირე მასშტაბის პროვოკაციები და კონფლიქტები მოსახლეობასთან. ეს მცირე კონფლიქტები რომ არ გადაზრდილიყო უფრო დიდმასშტაბიანში, სწორედ ამის ლოკალიზება მოახდინა შსს-მ ველისციხეში. რაც შეეხება ველისციხის მკვიდრთა დაკავებას, სავარაუდოდ, ისინი პროვოკაციის მსხვერპლნი არიან. დეტალები ძიების დასრულების შემდეგ გამოჩნდება.

_ "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებას ადანაშაულებს, პროვოკაციები მიგვიწყო, წესრიგის დამრღვევები შემოგზავნილი პროვოკატორები იყვნენო.

_ როგორც გითხარით, პროვოკაციების ოსტატები თავად არიან. მათი სტილია, სხვას დააბრალონ თავიანთი ნამოქმედარი. თავის გსასმართლებლად სამი-ოთხი დღის შემდეგ აქვეყნებენ ჩანაწერებს. დადასტურებული ფაქტები რომ ჰქონოდათ, იმავე დღეს გამოაქვეყნებდნენ. მათი ფოტომონტაჟების აღარავის სჯერა. გვითვალთვალებენო, ამაზეც წუწუნებენ. მართალია, თვალთვალი არასასიამოვნოა, მაგრამ მართალ ადამიანს ამისი არ ეშინია. მეორეც, თუ მართლაც ხდებოდა მსგავსი ფაქტები, ე.წ. ოპოზიციას ჰყავს "ჯიბის ტელევიზიები", მათი ოპერატორების მეშვებოით შეეძლოთ ფაქტების დაფიქსირება. ისინი ცდილობენ, თავიანთი დანაშაული სხვას, მათ შორის, ძალოვან სტრუქტურებს გადააბრალონ.

_ ბატონო გრიგოლ, ჰქონდა თუ არა პოლიციას უფლება, გამოეყენებინა უხეში ძალა, როდესაც შეურაცხყოფდნენ? ჩვენზე დიდ და განვითარებულ ქვეყნებში, როგორც ვხედავთ, პოლიციელები არავის ებოდიშებიან.

_ თუნდაც იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციელები იმას, რასაც ნაცები ინაუგურაციის დღეს აკეთებდნენ, ნამდვილად არავის მოუთმენდნენ. ასევე სხვა ქვეყნებში. იარაღს თუ არ გამოიყენებდნენ, ყველას დააკავებდნენ, ვინც შეურაცხყოფას აყენებდა. ამის გარდა, როდესაც პოლიციელები კანონის ფარგლებში მოქმედებენ, "ნაცმოძრაობა" თვლის, უკანონოდ იქცევიანო. იმავე დროს, პოლიციას დასცინიან, კრიმინალს არ ებრძვისო. ეს მათი სტრატეგიაა, მოახდინონ პოლიციის, სამართალდამცავი სტრუქტურების დემორალიზაცია. შსს-ის მინისტრმა გიორგი გახარიამ ღიად დააფიქსირა, ვინც პოლიციელზე აღმართავს ხელს ყველა დაკავებული იქნება. ეს ტენდენცია მომავალშიც იქნება შენარჩუნებული. აუცილებელია გატარდეს პრევენციული ზომები, რათა პოლიციელის შეურაცხყოფა ვერავინ შეძლოს.

_ გამოდის, რომ პოლიციასაც სჭირდება დაცვა?

_ პოლიციელი შსს-ის ხელმძღვანელობამ უნდა დაიცვას. ვიმეორებ, აუცილებელია ღირსეული თანამშრომლების წახალისება სხვადასხვა მეთოდებით. ამით ყველა თანამშრომელს ექნება სტიმული, ღირსეულად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა.

_ დაბოლოს, რამდენიმე დღეში ახალი წელი შემოაბიჯებს. რას გვეტყვით, რისი იმედი ვიქონიოთ?

_ პირველ რიგში, თქვენი გაზეთის რედაქციას ერთგულ მკითხველთან ერთად წინასწარ მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. მომავალი წელი მართლაც ცხელი იქნება, რადგან 2020 წელს საპარლამენტო არცევნებია. იმედი ვიქონიოთ, ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის მომავალი წარმატებული იქნება.

გია ბურდული

скачать dle 12.0