რატომ ჰგონიათ ზაზა კოლელიშვილი "ნაციონალებს" კანონიერი ქურდი?

მოკლედ, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეა, 16 დეკემბერი, თელავში დიდ სტუმრიანობას ველოდებით. "ნაციონალებიც" დაიძრნენ რამდენიმე მანქანითა და დროშების ფრიალით. წინა დღეს აცხადებდნენ 800 მანქანით მივდივართო, მაგრამ ესეც ისეთივე ბლეფი აღმოჩნდა, როგორც ამბავი 800 ათასი მხარდამჭერისა. მივიდნენ ველისციხემდე და ლიანდაგზე გაიჭედნენ, იქით აღარ გაუშვეს გახარიას ბიჭებმა. ამავე დროს ველისციხეში მოხვდა მსახიობი ზაზა კოლელიშვილი, ისიც თელავისკენ მიეშურებოდა. გააჩერეს "ნაცებმა" — სად მიდიხარ, შენი ასე და ისეო? ვა, რა გინდათ, ბიჭებოო? იკითხა ამან, რომელსაც ორი ძმაკაციც ახლდა. რა გვინდა და შენი დრო მოვიდა, შე ასეთო და ისეთოო. რა ჩემი დრო, რეებს ბოდავთ, თქვე კეთილმინძრეულებოო? შენ ქურდი მურტალო არა ხარ, სამშობლოს და მომავალ თაობას რო ანაგვიანებო? ჩამოდი, სად მიეთრევი, სალომე უნდა "გააპრავოო"?! ზაზა მიხვდა, რაშიც იყო, დაიწყო ახსნა, ქურდი არა ვარ, მსახიობი ვარო. იმათ, იმ "ანგელოზმა" "ნაცებმა" არ დაიხიეს უკან, აღარც ამათ დაუთმეს და ატყდა ჩხუბი. როგორც ჩვენი იურისტები იტყვიან, შედეგად, ყველა დაშავდა, კოლელიშვილს თითი აქვს მოტეხილი, სხვებს კიდევ ახლაც ეტყობათ ნაკაწრები. ესენი ძლივს გაეშვნენ, "ჩერეზ" ველისციხე გაქუსლეს თელავისკენ. ზაზა კოლელიშვილმა არ დაიზარა, მეორე დღეს ისევ ეწვია ველისციხეს, მოძებნა ძაან "განათლებული" ტიპები, დასხა და "გაურჩია" საქმე — ხალხო, მე მურტალო კი არა ვარ, მსახიობი ვარ, უბრალოდ ქურდის როლი შევასრულე ფილმ "კუკარაჩაშიო". ველისციხელებმაც კვერი დაუკრეს, ტიპებს აუხსნეს, ეს კაცი მართალიაო. ამათ თავები ჩაღუნეს, არ ვიცოდითო, ჩვენ ქურდი გვეგონაო, ეხლა აქედან იგრე ვერ გაგიშვებთ, უნდა დავლიოთო. დასხდნენ, იქეიფეს, ჭიქა ასწიეს, ერთმანეთიც გადაკოცნეს, მაგრამ ველისციხელი "ნაციონალები" ბოლომდე მაინც არ არიან დარწმუნებულნი, რომ ეს კაცი კანონიერი ქურდი არ არი.

* * *
ვიცი, დაგებადებათ კითხვა: დავიჯეროთ, მართლა არსებობენ ასეთი დეგენერატები საქართველოში, ზაზა კოლელიშვილის შესახებ რომ არ იციან? იმ ქვეყანაში, სადაც ბევრმა ილია ჭავჭავაძის შესახებ არაფერი იცის, ეს ამბავი არ უნდა გაგიკვირდეთ!

ვინ არის ზუგდიდის ე.წ. მაყურებელი, რომელიც თენგიზ გუნავამ გიორგი გახარიასთან ჩაუშვა?

რაკი ქურდებზე და "მაყურებლებზე" ჩამოვარდა სიტყვა, კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით. 2017 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში მთავრობის მომავალ წევრებთან შეხვედრისას "ნაციონალები" აშკარად დაუკრეფავში გადავიდნენ. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს არა მხოლოდ პრემიერს და მინისტრებს, არამედ გარეშე ადამიანებსაც. მაგალითად, დეპუტატმა თენგიზ გუნავამ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან "ჩაუშვა" ერთი პიროვნება (ბიზნესმენი ხვიჩა ცხაკაია), რომელიც თურმე ქურდული გაგებით ზუგდიდს უყურებს. მინისტრმა გუნავას ჰკითხა: ვინ არის და რას უყურებსო? კიო, მართლა უყურებს საეჭვოდო, — უპასუხა გუნავამ ადამიანზე, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს ქურდულ სამყაროსთან, საერთოდ არ მოღვაწეობს ზუგდიდში, ამჟამად ბიზნესი აქვს ბათუმში და რაც მთავარია, 2007 წელს ის ცრუბრალდებით დააპატიმრა სწორედ თენგიზ გუნავამ. იგივე გუნავა არ ჩერდება, 2018 წლის 20 დეკემბერს (ერთი წლის შემდეგ), როცა გიორგი გახარია პარლამენტში ანგარიშის ჩასაბარებლად მივიდა, კვლავ შეახსენა, ხვიჩა ცხაკაია ზუგდიდს ისევ უყურებსო. ვააა, ერთი უნდა ჩამოვიდე ზუგდიდში და ვნახო, ეს ცხაკაია ვინაა და რას უყურებსო… ეტყობა, "რუსთავი 2"-ს უყურებსო. ზუგდიდის ე.წ. მაყურებელი "საერთო გაზეთს" ამ თემაზე თავად ესაუბრა:

– ბატონო ხვიჩა, საინტერესოა, ზუგდიდში რას უყურებთ, ბუნებას, ცას, მიწას თუ "რუსთავი 2"-ს?

– ოჯახს ვუყურებ, შვილებს და შვილიშვილებს… სახლიდან დამირეკეს და მითხრეს, გუნავამ ისევ გახსენაო. გავგიჟდი კინაღამ, ვერ მოვიშორე ეს კაცი. დედა მომიკლეს გუნავამ და მეგის ქარდავამ, 2007-ში დამიჭირეს და ვიჯექი 2012-მდე.

– პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდით?

– არა, ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა და ბიძინა ივანიშვილმა სულზე მომისწრო.

– გუნავამ "მაყურებლის" სტატუსი რანაირად მოგანიჭათ?

– არ ვიცი… მე არ ვცხოვრობ ზუგდიდში, ორწელიწადნახევარია ბათუმში ვარ. 57 წლის კაცი ვარ, რაღა დროს ჩემი მაყურებლობაა? ამათ ტვინი საერთოდ არ აქვთ. გუნავა ვინ იყო, იმას მოგიყვებით ორი სიტყვით: ეს ადამიანი დასდევდა მემწვანილე ქალებს, ბოდიში და "ტრუსიკში" უძვრებოდა 20 ლარის გულისთვის. მერე მიშამ მოათრია. გუშინ მიშა იყო, ხვალ გრიშა რომ იყოს, გუნავა იგივეს გამკეთებელია. ეს ის კაცია, რუსები რომ შემოვიდნენ 2008-ში, ტყეში გაიქცა თავის ძმაკაცებთან ერთად. გუნავამ კაცობის რა იცის, ჩემზე რა უნდა ილაპარაკოს, ან ეგ რანაირი ზუგდიდელია?! ერთი ზუგდიდელი დაასახელოს, მე რომ ცუდი გამიკეთებია. მე გამოვუყვან 2 ათას ზუგდიდელს, ვინც მაგ მათხოვარმა დაღუპა და დააქცია. პროვოკატორია, ახლა უნდა, ახალი შარი ამკიდოს. ეს ღორი, ხედავთ, რას კადრულობს? ბიჭო, ამან პარლამენტის ტრიბუნიდან როგორ უნდა ილაპარაკოს, სხვის შვილებს ხოცავდნენ, წიხლებით სდგებოდნენ, აუპატიურებდნენ, ამისთანებს პარლამენტში რა უნდათ? გუნავა უნდა ეგდოს სადღაც, ეს მათხოვარი!!!

– კაი, ბატონო, თავის დროზე დაგიჭირათ, 5 წელიწადი ციხეში გამყოფათ, ახლა რა უნდა, თქვენ რა ვერსია გაქვთ?

– მაგან გიორგი მღებრიშვილთანაც ილაპარაკა იგივე, ამომიყვანა უკვე ყელში, ყველა მეხვეწებოდა, არაფერი უთხრა, პროვოკატორია, სპეციალურად აკეთებსო. აი, გაჩერებული ვარ, დამიჭირა, 14 წელი მომისაჯეს, დედა მომიკვდა ნერვიულობაზე, ცოლი კინაღამ მომიკვდა, ეხლა ვერ გავიგე, გუნავა ვინაა ამისთანა?!

– ბატონო ხვიჩა, სანამ დაგიჭერდათ და ბრალდებად ნარკოტიკების შენახვას წაგიყენებდნენ, მანამდე რაიმე შეხება გქონდათ?

– არა, შეხება საერთოდ არ მქონია. არავითარი ნარკოტიკები არ იყო, თვითონ დაწერეს ქაღალდზე, ვითომ აღმომიჩინეს და ამის მიხედვით გამასამართლეს. გამომძიებელი გამომიგზავნეს და მეუბნება, "ჰეროინი" გქონდა, "მეტადონი" გქონდაო. 7 წელი ერთში მომცეს, 7 — მეორეში, სასიკვდილოდ გამიმეტა, ახლა რაღა უნდა?! ეგენი ყველაფერს კადრულობენ იმიტომ, რომ არიან იქ, სადაც არ უნდა იყვნენ!!!

– პოლიტიკასთან რამე შეხება გაქვთ?

– არანაირი!

– არჩევნებში "ოცნებას" ხომ არ ეხმარებოდით?

— "ოცნებას" ვეხმარები… პოლიტპატიმრები ვინც იყვნენ, ყველასთან ვმეგობრობდი, კარგი ურთიერთობა მქონდა. არ შეიძლება, იმ ადამიანს და იმ მთავრობას პატივი არ ვცე, რომელმაც 16 ათას ოჯახს შვილები დაუბრუნა. არა, ბატონო, "ოცნებას" არ ვცე პატივი და გუნავას დავუნთო სანთლები?! ასე რომ მოვიქცე, მაშინ კაცი კი არა, ღორი ვიქნები! დიახ, პატივი უნდა სცე იმას, ვინც ნორმალურად იქცევა, ესენი როგორ იქცეოდნენ? უბრალოდ ჩემამდე ვერ დადის, გუნავა და მისნაირები პარლამენტში როგორ უნდა იყვნენ? მე ზუგდიდელი კაცი ვარ, ყველასთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, მილიციონერ გუნავას მსგავსად მოხუცებს არ ვუძვრები ჩანთებში და ლარებს არ ვართმევ. აი, ასე გახდა ეგ ღორი სამხარეოს უფროსი. მაგის პერიოდში სამეგრელოში ხალხი რომ დაიჭირეს, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, ბავშვებით გამოტენა ციხეები. თურმე ახლა მე ვარ დამნაშავე და თან რაღაცას ვუყურებ. მე ჩემ ხალხს ყოველთვის ვეხმარებოდი და დავეხმარები, ზუგდიდი ჩემი ქალაქია, გუნავას იმდენი ბოროტება აქვს გაკეთებული, იქ მარტო ვერ ივლის!

— თქვენ ამბობთ, გიორგი მღებრიშვილთანაც "ჩამიშვაო", მაშინაც იგივე თქვა, რაც გახარიასთან?

– არა, მღებრიშვილთან ილაპარაკა, ცხაკაია მეთხილეებს ფულს სძალავსო. არა, ძმაო, თხილთან არანაირი შეხება არ მაქვს. არ ჩერდება და რაღა უნდა, არ ვიცი!

– ახლა რას აპირებთ?

– რა უნდა დავაპირო, პროვოკატორ გუნავას ხომ არ ავყვები? მაგასაც ეგ უნდა!

– პოლიცია ხომ არ შეგხმიანებიათ, ხომ არ გადაგამოწმეს, მართლა მაყურებელი ხართ თუ დამკვირვებელი?

– არა, არც მღებრიშვილის პერიოდში შემხმიანებია ვინმე და არც ახლა, როგორ, ზუგდიდელებმა და პოლიციამ არ იციან, ვინ ვარ? შემომხედეთ, ჩემზე ადამიანმა რომ თქვას, მაყურებელიაო, თავში ფაფა უნდა ჰქონდეს ტვინის მაგივრად!

* * *
აბა, მეგობრებო, მეტი რაღა დავამატო ხვიჩა ცხაკაიას ნათქვამს? აშკარად ჩანს, თენგიზ გუნავა წერასაა ატანილი. გახარიას ეუბნება, მე ცხაკაიები და მისთანანი ვერ მაწუხებენ, ხალხი მეცოდებაო. ნუ, ეხლა გუნავას გულჩვილობის ამბავი რომ ვიცით, ხალხზე ფიქრით ღამეებს ათენებს. ალბათ, გიორგი გახარია ახალი წლის მერე მაინც ჩავა ზუგდიდში და ნახავს, ცხაკაია რას უყურებს ასე დაჟინებით.

გელა ზედელაშვილი
скачать dle 12.0