საქართველო სააკაშვილის დროშით სააკაშვილთან ომში ვერ გაიმარჯვებს!

"ასავალ-დასავალის" წინა ნომერში გამოქვეყნებული წერილის — "დროშები, დროშები, დროშები… ნელა!!!" — რომელშიც იმაზე ვსაუბრობდით, რომ არ შეიძლება, სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის პარტიული დროშა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოდ რჩებოდეს, ცნობილი პოეტი და პუბლიცისტი, "საერთო გაზეთის" მთავარი რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავა ეხმაურება:

– სააკაშვილის პარტიული დროშის შესახებ არაერთი წერილი მაქვს გამოქვეყნებული. თუმცა, "ასავალ-დასავალის" წინა ნომრის პუბლიკაციამ ლექსიც დამაწერინა:

სააკაშვილის ჰიმნით,
სააკაშვილის დროშით,
ვერ გაიმარჯვებს ქვეყანა
სააკაშვილთან ომში.
გამარჯვებულის პოზით
მორჩით ხის ხმლების ლესვას,
რაც ვერ გაიგეთ პროზით,
იქნებ, გაიგოთ ლექსად:
სააკაშვილის ჰიმნით,
სააკაშვილის დროშით,
სულ წაგებული იქნებით
სააკაშვილთან ომში!

დიახ, სააკაშვილმა საკუთარი პარტიის დროშა სახელმწიფო სიმბოლოდ ისე გამოაცხადა, რომ არც სპეციალისტების აზრი მოუსმენია და არც ქართველი ხალხისთვის უკითხავს, გვსურდა თუ არა ნაციონალური მოძრაობის დროშა ჩვენი სახელმწიფოს დროშა გამხდარიყო?

საერთოდ სახელმწიფო სიმბოლიკის მთავარი დანიშნულება ის არის, რომ ერი გააერთიანოს. ქვეყნის მთელი მოსახლეობა, ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური მრწამსის განურჩევლად, სახელმწიფო სიმბოლოს მიმართ ცალსახა პატივისცემით უნდა იყოს გამსჭვალული.

– ფაქტია, ხუთჯვრიანი დროშის შემთხვევაში ასე არ არის!

– ამ დროშის მიმართ ქართველ საზოგადოებაშიც და ჰერალდიკის სპეციალისტებშიც სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის არა ქართული, არამედ იერუსალიმის კათოლიკე ჯვაროსანთა დროშა, რომელიც ფრანცისკანელთა ორდენის საკუთრებას წარმოადგენს.
სხვათა შორის, ამ დროშაზე პრეტენზიას ჩვენი მეზობელი სომხებიც აცხადებენ.

– სომხები ამბობენ, რომ ხუთჯვრიანი დროშა სომხურია?

– საქმე ის არის, რომ ეს ხუთჯვრიანი დროშა გადაფარებული იყო მაცხოვრის საფლავზე, რომლის მცველებიც სომეხთა სამეფო შტოს წარმომადგენლები იყვნენ. მოგვიანებით სიმხებმა, როგორც ხშირ შემთხვევაში სჩვევიათ, ეს დროშა სომხურ დროშად გამოაცხადეს.
თუმცა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს დროშა საქართველოში მთელი ერის გამაერთიანებლის ფუნქციას იმ მიზეზიაც ვერ შეასრულებს, რომ მასზე ჯვრებია გამოსახული.

— თუ შეიძლება, უფრო დააკონკრეტეთ.

– მოგეხსენებათ, საქართველო მხოლოდ ქრისტიანებით დასახლებული ქვეყანა არ არის, ჩვენი მოსახლეობის 10 პროცენტი მუსულმანია და როცა მათ ჯვრებიან დროშას ვუფრიალებთ, გამოდის, რომ ასიაათასობით თანამემამულეს ერთიანი ქართული სივრციდან ვრიყავთ.

— თუმცა, მთავარი პრობლემა, ალბათ, მაინც ის არის, რომ საქართველოს თავზე სააკაშვილის პარტიული დროშა ფრიალებს!

– როცა ჩვენ ვამბობთ, რომ სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობა — ეს იყო კრიმინალური რეჟიმი, მაშინ იმასაც უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ის კრიმინალური რეჟიმი სწორედ ამ დროშის ქვეშ ბოგინობდა. ამ დროშით მოსულმა ბანდამ მოკლა გირგვლიანი, რობაქიძე, ვაზაგაშვილი, შავაძე, თეთრაძე და უამრავი უდანაშაულო ადამიანი, ამ დროშით მოსულმა ბანდამ დახვრიტა გურამ შარაძე, რომელიც, სხვათა შორის, სწორედ ამ დროშის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა და ქართული სახელმწიფოს თავზე "ნაცმოძრაობის" პარტიული ალმის აფრიალებას აპროტესტებდა. ამ დროშას აფრიალებდა სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოში, სამარცხვინოდ წაგებული ომის დროსაც.

მოკლედ, ეს დროშა არანაირად არ უკავშირდება საქართველოს გამარჯვებასა და ერთიანობას.

– ე.ი. მიგაჩნიათ, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშა უნდა შეიცვალოს?

– სულაც არა ვარ იმის მომხრე, რომ რამდენჯერაც ხელისუფლება შეიცვლება, სახელმწიფო სიმბოლიკაც იმდენჯერ გამოიცვალოს, თუმცა, ჩემი ცალსახა პოზიციაა, რომ სააკაშვილის პარტიული დროშა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო არ უნდა იყოს! დიახ, ეს დროშა უნდა შეიცვალოს!

როგორ კარგ საქმეებსაც არ უნდა აკეთებდეს "ქართული ოცნება", ეს კარგი საქმეები ყოველთვის სააკაშვილის აქტივში ჩაიწერება, რადგან სააკაშვილის პარტიული დროშის ქვეშ კეთდება. სააკაშვილი მუდმივად ამბობს, რომ ქართული სახელმწიფო თვითონ შექმნა და საქართველოს ისტორიაც მისით იწყება, რაც, რა თქმა უნდა, სრული აბსურდი და პარანოიაა, მაგრამ გამოდის, რომ "ქართული ოცნება", რომელიც საააკაშვილის პარტიულ დროშას სახელმწიფო სიმბოლოდ ტოვებს, სააკაშვილს ამ აბსურდსა და პარანოიაში ეთანხმება.

მივმართავ ხელისუფლებას – თუ სააკაშვილის პარტიული დროშის ქვეშ აგრძელებთ ქვეყნის მართვას, მაშინ სააკაშვილი მართალი ყოფილა, ქართული სახელმწიფო მართლა მას შეუქმნია და რაღას ერჩით?! ბარემ დააბრუნეთ საქართველოში და მის პარტიულ დროშასთან ერთად, თვითონ მიშასაც ეცით თაყვანი.

– რა გზას სთავაზობთ ხელისუფლებას სახელმწიფო დროშის შესაცვლელად?

– ეს საკითხი საზოგადოებრივი მსჯელობისა და დისკუსიის საგნად ვაქციოთ. ხელისუფლებამ სპეციალისტებს უნდა მოუსმინოს, საზოგადოების აზრი გაითვალისწინოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.

ეს დროშა თუნდაც იმიტომ არის შესაცვლელი, რომ ქვეყანაში სააკაშვილის რეჟიმის რეციდივები გამოირიცხოს. სანამ თავზე ანტიქართული და სისხლიანი ნაცმოძრაობის დროშა დაგვფრიალებს, ქართულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ და ქვეყანას წინ ვერ წავიყვანთ!
ესაუბრა 

ჯაბა ხუბუა

გაზ. "ასავალ-დასავალი", 
2018 წ. 24–30 დეკემბერი, #52
скачать dle 12.0