უკადრისა

მოვა დრო, სააკაშვილთან ერთად ნინო ბურჯანაძესაც მოუწევს მართლმსაჯულების წინაშე პასუხის გაცემა იმ დანაშაულების გამო, რაც მათ ერთობლივად, დუეტში აქვთ ჩადენილი ქართული სახელმწიფოს წინაშე _ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობა ბიძინა ივანიშვილმა უყიდა. მე მაგას როგორ ვიკადრებდი?! _ ისეთი აღშფოთებული ტონით თქვა ეს სიტყვები ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ, რომ ტელეწამყვანი ემა ტუხიაშვილი დაიბნა და რესპონდენტს ვერ ჩაეკითხა: კი, მაგრამ, შემოგთავაზათ თქვენ ბატონმა ბიძინამ, პრეზიდენტობას გიყიდითო და თქვენ უარი თქვით?

უნდა აღინიშნოს, რომ ქალბატონ ნინოს ძალიან უყვარს ეს ფრაზები "როგორ გეკადრებათ?", "მე მაგას როგორ ვიკადრებ?", თუმცა როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, ქალბატონ ნინოს ისეთი რაღაც-რაღაცები აქვს ნაკადრი ქართულ პოლიტიკაში, მტრისას.
ასე, მაგალითად, თავის დროზე ქალბატონმა ნინომ იკადრა და მამამისის მეგობარს და მფარველს, რაც მთავარია, თავის ნათლიას, ედუარდ შევარდნაძეს, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვოდა ახალგაზრდა ნინიკოს კარიერულ წინსვლაში და რომელმაც, ფაქტობრივად, შექმნა ნინო ბურჯანაძე, როგორც პოლიტიკოსი, უყოყმანოდ უღალატა და შევარდნაძის მოწინააღმდეგეების ბანაკში ისე გადაპაკუნდა, კადრება-არკადრების მორალურ-ზნეობრივ საკითხებზე სულაც არ უფიქრია.

სიტყვა პაკუნი უდროოდ და უადგილოდ ჩვენ კი არ გაგვხსენებია, ის მიშა სააკაშვილს გაახსენდა, როცა "ვარდების რევოლუციის" ამბებს იგონებდა.

_ მე და ზურა დიდ საგონებელში ვიყავით. გვესმოდა, რომ დიდი პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩვენს თავზე. მძიმე ფიქრებში ვართ… ამ დროს გავიხედეთ და აგერ არ მოპაკუნობს ნინო ბურჯანაძე…

არ დაგვავიწყდეს, რომ ეს მიშასთან და ზურასთან მოპაკუნებული ნინო ბურჯანაძე იმ დროისთვის პარლამენტის თავმჯდომარე იყო და, ფაქტობრივად, მისმა მოპაკუნებამ გადაწყვიტა `ვარდების რევოლუციის~ ბედი, რომელიც, ექსპერტთა აზრით, წმინდა წყლის სახელმწიფო გადატრიალება იყო.

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელიც თავისი სამსახურებრივი და პოლიტიკური მოვალეობებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს უპირველესი დამცველი უნდა ყოფილიყო, სახელმწიფო გადატრიალების მეთაურთა რიგებში აღმოჩნდა და ახლადშექმნილ ტრიუმვირატში თავისი "ღირსეული" ადგილი დაიკავა.

რომ არა ნინო ბურჯანაძის უკადრებელი საქციელი, შეიძლებოდა სახელმწიფოს გადამტრიალებელ ავანტურისტებს ისე ლაღად ვერ გაეშალათ ფრთები და ქართული სახელმწიფოსთვის ამდენი უბედურება არ დაეტეხათ თავს.

მას შემდეგ, რაც შევარდნაძე გადადგა, პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე გახდა და ორი თვის შემდეგ საკუთარი ხელით დაადგა პრეზიდენტის "გვირგვინი" მიშა სააკაშვილს გახურებულ თავზე.
ედუარდ შევარდნაძე ისე გარდაიცვალა, რომ თავის ნალოლიავებ ნათლულს ღალატი ვერ აპატია და პოლიტიკოსს, რომელსაც ლამის საქართველოს დედოფლად მოჰქონდა თავი, ხან ბურჯანაძის გოგოს ეძახდა, ხან ბურჯანაძის გომბიოს.

სააკაშვილმა მადლიერების ნიშნად ნინო ბიცოლას (ქ-ნ ნინოს ცხრუკვეთელი ქმარი ბადრი ბიწაძე და მიშას ბებია, მზია წერეთელი ერთმანეთს ენათესავებოდნენ და, აქედან გამომდინარე, ანგლობის ხასიათზე დამდგარი მიშა ხანდახან ქ-ნ ნინოს ბიცოლას ეძახდა) მილიონად ღირებული აგარაკი 1 ლარად აჩუქა.

ამ შემთხვევაში ქ-ნ ნინოს არ უთქვამს: _ ამას როგორ ვიკადრებ, მილიონად ღირებულ სახელმწიფო ქონებას ერთ ლარად როგორ ვიჩუქებო?

ის კი არა, როცა მოგვიანებით გაბრაზებულმა მიშამ ქ-ნ ნინოს აგარაკის წართმევა მოინდომა, მან ბოლომდე იბრძოლა, რომ აგარაკი არ დაეთმო, მაგრამ ვერაფერს გახდა, რის გამოც ძალიან ნაწყენი და ძალიან გულნატკენი იყო.
სხვათა შორის, ქალბატონი ნინო ორჯერ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ეს მოვალეობა ორივეჯერ იმას მოახმარა, რომ მიხეილ სააკაშვილი ორგზის გაპრეზიდენტებულიყო.

ასე რომ, სულ ტყუილად ცდილობს ნინო ბურჯანაძე საკუთარი პერსონის უმწიკვლო და უპატიოსნეს პოლიტიკოსად წარმოჩენას და სულ ტყუილად ირგებს სააკაშვილთან მებრძოლი გმირის მანტიას _ მას ლომის წილი აქვს შეტანილი სააკაშვილის აღზევებაში, უფრო მეტიც, ის თვითონ არის სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულების მთავარი მონაწილე და ხელშემწყობი.
მოვა დრო, სააკაშვილთან ერთად ნინო ბურჯანაძესაც მოუწევს მართლმსაჯულების წინაშე პასუხის გაცემა იმ დანაშაულების გამო, რაც მათ ერთობლივად, დუეტში აქვთ ჩადენილი ქართული სახელმწიფოს წინაშე.

გემახსოვრებათ, ალბათ, სააკაშვილი მოულოდნელად იწყებს საუბარს ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ და მას ყოველგვარი ეგრეთ წოდებულის გარეშე სამხრეთ ოსეთად მოიხსენიებს, როგორც ლეგიტიმურ სახელმწიფო წარმონაქმნს.

სააკაშვილი თავის გამოსვლებში მიზანმიმართულად იმეორებს და იმეორებს ტერმინს სამხრეთ ოსეთი! სამხრეთ ოსეთი! სამხრეთ ოსეთი! რითაც დაჟინებით ცდილობს, საზოგადოებაში დაამკვიდროს აზრი, რომ სამხრეთ ოსეთი _ ეს არის რეალურად არსებული სახელმწიფო წარმონაქმნი და არა სეპარატისტების და ოკუპანტების მიერ მიტაცებული საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი.

სამხრეთ ოსეთის პარალელურად სააკაშვილი კოდორის ხეობას სულ უფრო ხშირად მოიხსენიებს ზემო აფხაზეთად, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხეობას არასოდეს არ რქმევია ზემო აფხაზეთი.

საზოგადოების ყურის გახედნვა ამ ახალი სახელებით დიდხანს არ გაგრძელებულა _ სულ მალე სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტს ოფიციალურად დაამტკიცებინა კოდორის (დალის) ხეობის ახალი სახელწოდება _ ზემო აფხაზეთი, ხოლო საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, რომელსაც აქამდე ეგრეთწოდებულს ვეძახდით, რითაც ხაზს ვუსვამდით მის არალეგიტიმურობას, პარლამენტის დადგენილებით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციად გაფორმდა, რომლის საზღვრებში შეყვანილი იქნა ახალგორიც.

ეს ის ახალგორია, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, გუმბარიძის დროს, ქსნის ხეობის ქართული მოსახლეობის კატეგორიული მოთხოვნით სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გამოეყო.
საბჭოთა კავშირის დროს გამოეყო, მაგრამ დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველოს დროს ორმა ქართველმა _ ერთმა პრეზიდენტმა და მეორე პარლამენტის თავმჯდომარემ, უკაცრავად გამოთქმაზე და, ისევ უკან შეტენეს ცოტა ხნის წინათ არარსებულ, მაგრამ მათ მიერვე გაცოცხლებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთს, იქ "არჩევნები" ჩაატარეს და ასე დააკანონეს იურიდიულად და სამართლებირვად ახალი "სახელმწიფო" _ სამხრეთ ოსეთი, თავისი საზღვრებით, თავისი "რეზიდენტით" და "მთავრობით".
სწორედ სააკაშვილისა და ბურჯანაძის მიერ დაარსებული ეს ახალი "სახელმწიფო" სამხრეთ ოსეთი ცნო მოგვიანებით რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

სწორედ სააკაშვილისა და ბურჯანაძის მიერ გავლებულ საზღვრებს მოჰყვება მავთულხლრთების ის ეკლიანი ზოლი, მარყუჟივით რომ უჭერს საქართველოს ყელზე და ნელ-ნელა გუდავს.

სხვა რომ არაფერი ეკადრებინა "უკადრისა" ნინო ბურჯანაძეს, "სამხრეთ ოსეთთან" დაკავშირებული მარტო ეს ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი საქმე ეყოფოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში სანანებლად და მოსაბოდიშებლად, თუმცა ქალბატონი ნინო ის ადამიანი არ არის, რომელიც საკუთარ თავს რაიმეში დაადანაშაულებს და გაამტყუნებს.

ქალბატონი ნინოს მიერ ნაკადრები საქმეების ნუსხა ამით არ მთავრდება. ის საკმაოდ გრძელია და, ცხადია, აქ ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ არ შეიძლება ამ ჩამონათვალიდან ერთი, ყველაზე მთავარი "კადრება" გამოვტოვოთ.
ძვირფასო ქართველებო! ერთი კარგად დახედეთ თქვენი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს _ ის არც თქვენი მამის სახელი წერია, არც ეროვნება.

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტიო, კი ვთქვით, მაგრამ ამ თქვენი დოკუმენტიდან ვერავინ გაიგებს, პირადად ვინ ბრძანდებით თქვენ _ ვისი ძე თუ ვისი ასული ხართ, რა ეროვნების ხართ, რა ჯიშის და რა ჯილაგის ხართ.
_ ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების გაქართველებას და ქართულ სივრცეში მათ ინტეგრაციას შევუწყოთ ხელიო, _ საიდუმლოდ "მიჩურჩულა" ყურში ამ "პატრიოტული" იდეის ერთ-ერთმა ავტორმა და ამ იდეის მთავარ ადრესატებად სომხები და აზერბაიჯანლები დაასახელა.

თვრამეტ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც პასპორტიდან მამის სახელი და ეროვნება ამოგვიშალეს, მაგრამ ამის გამო გაქართველებული ჯერ არავინ მინახავს _ ყველა თავის ენაზე ჭიკჭიკებს და ყველა თავისას უბერავს, ყველაზე ბედნიერი კი მაინც ჩემი ნაცნობი გიორგი დადიანია, რომელიც აქამდე გიორგი არშაკის ძე დადიანი იყო, ახლა კი მხოლოდ გიორგი დადიანია და სამეგრელოს მთავრების შთამომავალი ვარ მეო, ამტკიცებს.

საქართველოში მცხოვრებ სომეხს და აზერბაიჯანელს ეროვნება რომ ამოვუშალეთ, ამით მათ არაფერი დაუკარგავთ _ აგერ ორ ნაბიჯზე აქვთ სახელმწიფო სომხეთი და სახელმწიფო აზერბაიჯანი, ანუ სომეხი მაინც სომეხად დარჩება, აზერბაიჯანელი აზერბაიჯანელად, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ, ვისაც ერთი საქართველოს გარდა სხვა საქართველო არ გაგვაჩნია და ამ ერთადერთი საქართველოდანაც ამოგვშალეს, როგორც ერი.

ამ დოკუმენტის მიხედვით, ჩვენ უკვე არ ვწერივართ მსოფლიოს ხალხთა სიაში და იცით, როდის მოხდა ეს სამწუხარო ამბავი? იმ დროს, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ბრძანდებოდა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ანტიქართული, ანტიეროვნული კანონი როგორმე გაეთრია.

_ ეს კანონი, ფაქტობრივად, სხვა კანონპროექტებს ამოუდეს ქვეშ და ისე გააპარესო, _ ამბობს პარლამენტის ზოგიერთი იმჟამინდელი წევრი.

ასეა თუ ისეა, პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის დიდი ძალისხმევით მამის სახელიც ამოგვიშალეს და ეროვნების აღმნიშვნელი გრაფაც გააქრეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებიდან.
ეს ისეთი ნელი მოქმედების ბომბია, ეს ისეთი დიდი მასშტაბების მავნებლობაა, რომელმაც შეიძლება ერთ სამწუხარო დღეს ქართული სახელმწიფოს არსებობას დაუსვას წერტილი.

იძახოს მერე ქალბატონმა ნინომ _ მე ყველაზე დიიიიდი პოლიტიკოსი ვარ საქართველოში, მე ყველაზე პროფესიონალი პოლიტიკოსი ვარ, მაგრამ უსამართლოდ მავიწროებენ და საშუალებას არ მაძლევენ, ჩემს ქვეყანას ვემსახურო და სიკეთე და ბედნიერება მოვუტანოო.
ყელამდე ვართ თქვენს მიერ მოტანილი სიკეთით და ბედნიერებით, ქალბატონო ნინო და მეტს ნუ შეწუხდებით.

ნინო ბურჯანაძეს ყოველთვის ჰქონდა ნარცისიზმის ნიშნები, მაგრამ ბოლო ხანებში ეს ავადმყოფობა ძალიან მძიმე ფორმებით მოეძალა _ სულ საკუთარი თავის ქებაშია, სულ საკუთარი პერსონის განსაკუთრებულობაზე ლაპარაკობს აღმატებულ ხარისხში.

ბურჯანაძეს თუ დავუჯერებთ, ქალბატონი სალომე სპეციალურად მის გასანეიტრალებლად და დასაბალანსებლად "გამოუწერია" თურმე საფრანგეთიდან მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც, ქალბატონი ნინოს მტკიცებით, იმდენად დიდი წარმოდგენა ჰქონდა მასზე, როგორც პოლიტიკოსზე და იმდენად ეშინოდა ბურჯანაძის, რომ იძულებული გამხდარა, დამხმარე ძალად სალომე ზურაბიშვილი ჩამოეყვანა პარიზიდან და მრისხანე კონკურენტისგან თავდასაცავად ის აეფარებინა წინ, თუმცა სააკაშვილს ანგარიში შეეშალა და სულ მალე თვითონ გახდა ზურაბიშვილისგან დასაცავი.

ნინო ბურჯანაძე ძალიან არის განაწყენებული ბიძინა ივანიშვილზე, რომელმაც, მიუხედავად ქ-ნ ნინოს არაერთგზის მცდელობისა, მიუხედავად არაერთი პირდაპირი თუ ირიბი "ნამიოკისა", მაინც ვერ დაინახა ამ დიიიიდი პოლიტიკოსის დიიიდი პოტენციალი და მთავარ პოლიტიკურ პარტნიორად არ გაიხადა.

დიახ, ნაწყენია ქალბატონი ნინო ბატონ ბიძინაზე და, კაცმა რომ თქვას, აბა, არ უნდა იყოს ნაწყენი? _ თუ პრეზიდენტად ქალი გინდა, ქვეყანაში, სადაც ნინო ბურჯანაძე გყავს, მაინცდამაინც სალომე ზურაბიშვილს რატომ უნდა უყიდო პრეზიდენტობა, უყიდე ნინოს, მით უმეტეს, როცა იცი, რომ ამ ქალბატონს უკვე ორჯერ აქვს გავლილი პრეზიდენტობის ორთვიანი კურსები.

მართალია, როგორც ზემოთ ვთქვით, ეს ორი ორთვიანი "გაპრეზიდენტება" ნინო ბურჯანაძემ იმისთვის გამოიყენა, რომ ორჯერ "მოიყვანა" მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად, მაგრამ, მერე რა მოხდა, მისი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროინდელი "დამსახურებები" მაინც გაიხსენე, თუმცა სულ დაგვავიწყდა _ ქალბატონი ნინო ამაზე როგორ წავა, ამას როგორ იკადრებს!
_ პარლამენტის თავმჯდომარეობა რომ მამიკომ უყიდა საქართველოს მოსახლეობისთვის მიყიდული ბაღლინჯოიანი პურის ფქვილით ნაშოვნი მილიონებით, მაშინ ხომ იკადრა? ახლაც იკადრებდა, ოღონდ არავინ არაფერი შესთავაზა და როგორ უნდა ეკადრა? _ იკითხა ვიღაც ჭორიკანა არამკითხემ სოციალურ ქსელებში.

ჭორიკანებს და არამკითხეებს რა გამოლევს ამ ქვეყანაზე, მეტი საქმე არ აქვს ნინო ბურჯანაძეს, მათ ბურჭალაობას ყურადღება მიაქციოს _ ზის კოხტად და ელეგანტურად, გარშემო შემოვლებულ თავის ბრჭყვიალა გარსში, თავზე საკუთარი ხელით დადგმული შარავანდედი ადგას და ტკბება თავისი დიდი პოლიტიკოსობით, თავისი განუმეორებლობით და ერთადერთობით, ქვეყანაში კი არჩევნებს არჩევნები მოსდევს, სადაც მისი დიდი პოლიტიკოსობის, მისი მაღალი რეიტინგის არანაირი ნიშან-წყალი არ ჩანს…

ვახტანგ ხარჩილავა
скачать dle 12.0