გასაიდუმლოებული შობა - სად ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოს ლიდერები?

სახელმწიფოს პირველი პირები ყველგან და ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან და არც შობა და ახალი წელი გახლავთ გამონაკლისი. ადამიანებს აინტერესებთ სად და როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიო ლიდერები, თუმცა ხშირად, დღესასწაულის დადგომამდე, ასეთი თემები მკაცრად გასაიდუმლოებულია.

დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველ წელს საშობაო არდადეგები წინა წლის მსგავსად, ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გაატარა, რომელიც ტრამპის პირად საკუთრებას წარმოადგენს. თეთრმა სახლმა არ გაახმაურა პრეზიდენტის საშობაო გეგმების დეტალები, თუმცა მელანია ტრამპმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამერიკის პირველი ოჯახი საშობაო სადილის შემდეგ ტრადიციულად, ღვთისმსახურებას ესწრება.

ემანუელ მაკრონის საშობაო გეგმების დეტალებიც ასევე მკაცრად გასაიდუმლოებულია. მედიამ იმის გარკვევა მოახერხა, რომ ფრანგი ლიდერი დღესასწაულის დღეებშიც კი არ ტოვებს ქვეყანას და მთავრობის წევრებისგანაც იგივეს ითხოვს. მაკრონს მიაჩნია, რომ დასვენების ადგილი მინისტრის ფუნქციებთან შესაბამისი იყოს, რაც ნიშნავს, რომ საახალწლო არდადეგების მიუხედავად, მინისტრებმა ქვეყანა არ უნდა დატოვონ და დედაქალაქთან ახლოს უნდა იყვნენ.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საშობაო არდადეგებს ქმართან, იოაჰიმ ზაუერთან ერთად ატარებს. სადღესასწაულო თუ სამუშაო დღეებში მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალი დილაობით, ყავის ნაცვლად, პიტნის ჩაის მიირთმევს, უყვარს შMშ-ების წერა და ზოგჯერ, ნამცხვრების ცხობა. არ უყვარს სამკაულები, სუნამო და პარფიუმერია.

სამუშაო მაგიდაზე რუსეთის იმპერატორის, ეკატერინე მეორეს პორტრეტი უდევს, ჩანთაში კი მობილური ტელეფონი, სათვალე, უბის წიგნაკი და ფანქარი. წლების წინათ ანგელა მერკელი დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა, თუმცა ამჟამად, მავნე ჩვევაზე უარი თქვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი არჩია. მერკელის ყოველდღიური სამოსი შარვალი და კოსტიუმია. ის საზოგადოებამ კაბით მხოლოდ ერთხელ იხილა — ოსლოში ოპერის გახსნის დღეს.
რაც შეეხება საშობაო ვახშამს, კანცლერის ოჯახში ის საკმაოდ მოკრძალებულია. გერმანული მედიის ინფორმაციით, მერკელს მწვანე კომბოსტოს კერძები, ბოლონეზეს სპაგეტი, და სხვადასხვა სუპები უყვარს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი შობა-ახალ წლის სადღესასწაულო დღეებში მრავალწლიან ტრადიციას იცავს: შობის დილას ეკლესიაში მიდის, შემდეგ კი მეგობრებს ხვდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერი ყველაფერს აკონტროლებს — გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური ცხოვრებიდან დაწყებული, საახალწლო ღონისძიებებით და საზეიმო სუფრით დამთავრებული. საშობაო არდადეგების წინ ტერეზა მეიმ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სადღესასწაულო ვახშამს თავად ამზადებს. საახალწლო სუფრაზე უპირატესობას ბატს ვანიჭებ და არა ინდაურს — აღნიშნა მეიმ და პატარა კულინარიული საიდუმლოც გაამხილა. მისი თქმით, ცხიმი, რომელსაც ფრინველი შეწვისას გამოყოფს, შეიძლება კარტოფილის შეწვის დროს გამოვიყენოთ.

პრემიერის სახლში ცეკვები არასოდეს ეწყობა. როგორც გაირკვა, მეის ცეკვა არ ხიბლავს, სამაგიეროდ, პოპულარულ სატელევიზიო შოუებს დიდი სიამოვნებით უყურებენ. „მიყვარს არაჩვეულებრივი აგატა კრისტის ექიმი პუაროს ყურება, რომლის როლი შესანიშნავად შეასრულა დევიდ სუშემ“ — ამბობს მეი. შობის დღეებში ინგლისის პრემიერ მინისტრი საქველმოქმედო ღონისძიებებშიც აქტიურად მონაწილეობს.

ასევე მოკრძალებულად აღნიშნავს შობას დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი. საზეიმო ვახშამში მონაწილეობის მიღება მხოლოდ 25 ზრდასრულ ადამიანს შეუძლია, ამიტომ მხოლოდ ოჯახის წევრებს იწვევენ. შარშან გამონაკლისი პრინცი ჰარის იმ დროისთვის, საცოლის მეგან მარკლის გამო დაუშვეს და სამეფო ოჯახის მომავალი წევრი ვახშამზე მიიწვიეს. სამეფო ოჯახის ტრადიციის თანახმად, მოწვეულმა სტუმარმა საზეიმო სუფრაზე საჩუქარი უნდა მიიტანოს.
რუსეთის პრეზიდენტი ახალ წელს ტრადიციულად ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი დღესასწაულის დღეებშიც სამუშაო რეჟიმშია, მაინც ახერხებს გამონახოს დრო სპორტისა და აქტიური დასვენებისთვის.

რუსეთის ყველაზე მხიარული პოლიტიკოსის ვლადიმერ ჟირინოვსკის საახალწლო გეგმებში მხოლოდ გართობა და მხიარულება შედის. 31 დეკემბერს დაახლოებით 6 საათზე რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულიპარტიის ლიდერი სუფთა ჰაერზე სასეირნოდ გადის, შემდეგ ძველი წელის გასაცილებლად სახლში, ოჯახის წევრებთან ბრუნდება და 12-ის ნახევარზე ისევ სახლიდან გადის რომ ახალ წელს ქუჩაში შეხვდეს.

რამდენჯერმე ახალ წელს წითელ მოედანზე, შამპანურით ხელში შევხვდი, მაგრამ ახლა სასმელის შეტანა აკრძალეს, ალბათ, ვიღაცამ ბოთლები დაყარა. 12 საათზე ახალი წლის სადღეგრძელოს ავწევ, რომ ადამიანები უფრო მხიარულები იყვნენ, ნაკლები იჩხუბონ და მეტი დრო სიყვარულს დაუთმონ. დაქორწინდნენ მეორედ, თუ საჭიროა, მესამედაც. დაე, ყველგან მენდელსონის მარში ისმოდეს და ღმერთმა დაგვიფაროს სამგლოვიარო მუსიკისგან. ყველა ქალაქში ქორწილები და ოლიმპიური თამაშები იმართებოდეს, ქალები სამშობიაროში მიდიოდნენ და კაცები გასართობად — ამბობს ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის მხიარული ლიდერი.

ჯერჯერობით უცნობია, სად და რა ვითარებაში შეხვდებიან 2019 წელს ზემოთ ჩამოთვლილი პოლიტიკოსები, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანი ტრადიციას დაარღვევს და ახალ წელს განსხვავებულ ფორმატში შეხვდება.

ნელი თორდია
скачать dle 12.0