მსოფლიოს ქვეყნების ტრადიციული საახალწლო კერძები

ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია, როცა ირგვლივ ყველაფერი იდუმალებით არის მოცული, თითქოს ზღაპრულ სამყაროში ვართ და ველოდებით ჩვენი სურვილების ასრულებას. ამ დროს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თითოეულ დეტალს, რომელზეც, დიდწილად არის დამოკიდებული, როგორი იქნება მომავალ წელი…

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სჯერათ, რომ ტრადიციულ კერძებს ბედნიერების მოტანა შეუძლია…

ინგლისი
ინგლისში საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია პლუმპუდინგის გარეშე, რომელსაც ღორის ქონის, პურის ნამცეცების, ფქვილის, ქიშმიშის, კვერცხისა და სანელებლებისგან ამზადებენ. სუფრაზე მიტანამდე მას რომს ასხამენ და ცეცხლს უკიდებენ, რაც დღესასწაულს უფრო ალამაზებს.
სადღესასწაულო კერძია ბოსტნეულით ფარშირებული ინდაურიც.

ამერიკა
ამერიკაში საახალწლო სუფრის აუცილებელი კერძია ინდაური, რომელსაც სახლში არსებული პროდუქტით ავსებენ: ყველით, ნივრით, სოკოთი, შავი ქლიავით… და სანელებლებით…

ავსტრია-უნგრეთი
ამ ქვეყნებში სადღესასწაულოდ ფრინველს არ ამზადებენ. ტრადიციულ ავსტრიულ სუფრაზე აუცილებლად იხილავთ შნიცელს, შტრუდელს, ასევე, თევზის სალათს ავსტრიულად.
უნგრეთში საახალწლო სუფრის მშვენებაა ბეიგლები – ხაშხაშისა და კაკლის რულეტები, რომლებმაც აქ ებრაული სამზარეულოდან გადმოინაცვლეს.

დანია, შვედეთი
დანიელების მთავარი საახალწლო კერძია ვირთევზა, რომელიც ბედნიერებისა და სიმდიდრის სიმბოლოდ ითვლება.

გერმანია

გერმანიაში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ქაშაყი, რომელსაც ბედნიერება მოაქვს.
სადღესასწაულო კერძია მოშუშული კომბოსტოს მწნილი სოსისთან ერთად, მოხარშული ღორის ხორცი და მრავალფეროვანი ძეხვეული და ცნობილი საშობაო ნამცხვარი, რომელიც ქიშმიშისა და ნუშისგან მზადდება.

ისრაელი
ისრაელში ახალი წელი სექტემბერში იწყება. სადღესასწაულო სუფრას ამშვენებს მხოლოდ ტკბულეული: ფინიკი, თაფლი, ვაშლი და ბროწეული. ასევე მოხარშული თევზი, შემწვარი ვაშლი, კომბოსტო და ჭარხალი.

ჰოლანდია, საფრანგეთი
ჰოლანდიელების სადღესასწაულო სუფრა წარმოუდგენელია ფრიტიურში მოხალული ფუნთუშებისა და მარილიანი მარცვლეულის გარეშე.
საფრანგეთში კი საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს შემწვარი წაბლი, ლამაზად გაფორმებული ბუტერბროდები ბატის პაშტეტით, ხამანწკები, ყველის მრავალი სახეობა და… ფრანგული ღვინო.

პოლონეთი
პოლონეთში სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად თორმეტი კერძი უნდა იყოს, ოღონდ ხორციანი არც ერთი კერძი არ არის. სოკოს სუპი ან ბორშჩი, შვრიის ფაფა შავ ქლიავთან და შოკოლადის ტორტი. აუცილებელი კერძია თევზი, რომელიც ბევრ ქვეყანაში ოჯახური ბედნიერებისა და კეთილდღეობის სიმბოლოა.

ჩეხეთი და სლოვაკეთი

ამ ორი ქვეყნის საახალწლო სუფრის მშვენებაა შტრუდელი – ფენოვანი რულეტი ვაშლით.

რუმინეთი, ავსტრალია, ბულგარეთი
ამ ქვეყნების სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად ნახავთ განსაკუთრებულ ნამცხვარს, რომელშიც დებენ მონეტას, თხილს ან წიწაკის თესლს. ვისაც "საჩუქარი" შეხვდება, დამდეგ წელს აუცილებლად იპოვის თავის მეორე ნახევარს.

იაპონია
იაპონიაში 30 დეკემბერს სადღესასწაულო სუფრას აუცილებლად ამშვენებს მოტი – მოხარშული ბრინჯისგან და ხილისგან მომზადებული ნამცხვარი. სუფრაზე უნდა იყოს ლაფშა, რაც უფრო გრძელი იქნება, მით უფრო ხანგრძლივი ცხოვრება ელით სტუმრებს. სუფრას ამშვენებს ზღვის კომბოსტო, შემწვარი წაბლი, მოხარშული თევზი და მარცვლეული. ეს ყველაფერი ბედნიერების, წარმატების, ჯანმრთელობის და სიმშვიდის წინაპირობაა.

ესპანეთი, პორტუგალია, კუბა

ბევრ ქვეყანაში – ესპანეთში, პორტუგალიასა და კუბაზე კეთილდღეობისა და ბერნიერი ოჯახური კერის სიმბოლოდ ვაზი ითვლება. ამიტომ ამ ქვეყნის მაცხოვრებლები ახალი წლის დადგომისას, 12 საათზე, ჭამენ 12 მარცვალ ყურძენს და თითო მარცვლის მირთმევისას თითო სურვილს ჩაუთქვამენ.

იტალია
იტალიაში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ყურძენი, კაკალი, ოსპი, როგორც ხანგრძლივი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სიმბოლო.

ტიბეტი
ტიბეტში ახალ წელს უამრავ ღვეზელს აცხობენ სხვადასხვა შიგთავსით და ურიგებენ ნაცნობებსა და უცნობებს. რაც მეტ ღვეზელს დაარიგებ, მომავალ წელს უფრო მეტად გამდიდრდები!

ბელგია
ბელგიაში ახალ წელს მიირთევენ საქონლის ძეხვს ტრუფელებთან ერთად, ტახის ხორცს, ტრადიციულ ტორტსა და ღვინოს.
ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

დაე, მომავალ წელს მოეტანოს სიმშვიდე, სიკეთე და კეთილდღეობა!

ბელა გველესიანი

скачать dle 12.0