პრეზიდენტი მიდის! პრეზიდენტი მოდის! გაუმარჯოს პრეზიდენტს!

აკადემიური უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტიო – გვითხრეს, მომავალიო, მომავალი, თორემ, ძველი კოკასა შიგან იდგა და წარმოდინდა უკვეო.
რაო? აკადემიურიო? ანუ, ეს ფილოსოფოსი პრეზიდენტი აკადემიური ქცევებითაც არ გამოირჩეოდა? მოვუკვდი მე მაგას აღარა. როგორ დახვეწილად იცოდა ხოლმე ღაწვების აფაკვლა – იცოდა რატომ, თუმცა? ჯერ კიდევ, იცის. არსად წასულა, ვერსად გაგიგდიათ.

ხოდა, მიდის მსჯელობა, ვინ იქნება ახალი პრეზიდენტი, როგორი იქნება, რა გვარისა და წარმომავლობის, ცოლი ეყოლება თუ კარგი ცოლი, შვილის ყოფილი ქმრები და მეგობრები ნასამართლევი ნარკომანები ეყოლება თუ დოცენტები და ასე უსასრულოდ.
არადა პრეზიდენტი ცოცხალია, პრეზიდენტს ვადა არ გასვლია, პრეზიდენტს ჯერ მოსავალი არ აუღია.
რა კეთილი, რა თბილი, როგორი მოსიყვარულე – ყველას გვერდით ედგა – ყველა ფეხმსუბუქი ქალბატონის ქომაგი, ყველა ნარკომანის და ხულიგანის დამცველი… მაინც ავიწროებდნენ, მაინც ჩაგრავდნენ, მაინც აუგად იხსენიებდნენ…

ახლა კი, ახლა სიცოცხლეშივე, მმართველობის პერიოდშივე შემცვლელი უნდათ მოუძებნონ…
მოვუკვდი მე აღარა, ასულა დუშეთში, პრეზიდენტი რომ გახდა მას მერე, გაუჩერებია მანქანა ბირჟასთან და ჩამოურიგებია სამიოდე ადამიანისთვის მთელი 30 ლარი… დადის ოთხი წელია ეს ამბავი ლეგენდად. დადის რა, მე თავად დავატარებ თუ დავათრევ – რად გინდა, არავინ უფასებს, არავინ აიტაცა, არავინ გააპიარა…

თქვენზე იყოს იმ სამი ადამიანის ცოდო, მარგველაშვილი რომ მეორედაც აგერჩიათ – ხომ ისევ ავიდოდა, ხომ ისევ გააჩერებდა ბირჟასთან მანქანას და ხომ ისევ ჩამოარიგებდა 30 ლარს?
ახლა, მარგველაშვილს საერთოდ არავინ უპირებს კანდიდატად წამოყენებას – როცა ავირჩიეთ, მაშინაც მივქარეთო.
რათა, კაცო, რათა?

ტყუილად ირხეოდა მთელი ოთხი წელი ლერწამის თავთავივით ხან აქეთა მხარეს და ხან იქეთა? თქვენ ფუყე თავთავის რხევაში არ აგერიოთ, ფილოსოფოსის თავი და მხრები, მსუყე თავთავის რხევა რა რთული ამბავია, იცით, განა?
საერთოდ, თუ არ გინდოდათ და არ მოგწონდათ, რას აგვარჩევინეთ, ბატონო, რას მოგვახვიეთ თავს, ჩვენი თავის ტკივილი არ გვეყოფოდა, ახლა ამ საცოდავის მწარე ბედზეც რომ უნდა ვიდარდოთ?
არ გვინდოდა და არ მოგვწონდა რას გვიქვიან – არ ვიცნობდით საერთოდო…
ბიჭოს, გაგეცნოთ ჯერ, დაგიშალეთ?

ნაციონალებო, თქვენ რაღა მოგივიდათ, აკი, როცა ვეტო გჭირდებოდათ, მაშინ სადილად პატიჟებდით და არც დანა-ჩანგლის მოხმარების წესს უწუნებდით და ახლა? ახლა ვის უტოვებთ? ახლა რატომ მოიძულეთ? ახლა რატომ ეძებთ ახალ კანდიდატს? რავა, ამას ცუდად ეფაკლება ღაწვები?
გუშინდელივით მახსოვს, როგორ წარგვიდგინეს მეოჯახე ფილოსოფოსი ოჯახის გარეშე და როგორ გვითხრეს რომ უნდა აგვერჩია.
ახალ კანდიდატს რა ეშველება, ნეტავი? ახალ კანდიდატს ვინ წარადგენს და ვინღა გვთხოვს გვერდში დავუდგეთ და შემოვხაზოთ?
ახლა, მეორეს მხრივ, მარგველაშვილი თუ შემოვხაზეთ, იმიტომაც არ მოეხაზა, აი? იმიტომაც არ მოგვეხაზა, აი?
კაცო, რამდენმა პრეზიდენტმა გაიარა ჩემს ხელში, არც ერთი არ შემცოდებია ასე, იმიტომ რომ, ამ საწყალმა პრეზიდენტობის მეტი არაფერი იცის და რა უნდა ქნას აწი, რა გააკეთოს, რით ირჩინოს თავი, რით არჩინოს ოჯახი, ვინღა მისცემს კარტოფილის თესლს, ვინღა მოურწყავს ნარგავებს? სადღა ექნება ძვირადღირებული ვისკი და კოსტიუმები?

გული მეწურება, მაგრამ რა ვუყო…

როცა მე მისკენ ვიყავი, ის ეშმაკებისკენ იყო და ახლა ეშმაკებიც რომ შემოეცალნენ და დარჩა ეულად – კი ისევ მისკენ ვარ, მაგრამ ეშმაკსაც რომ დავიწყებია, ისეა მაგისი საქმე და ვეღარ ვუშველი.
მაინც მიკვირს, ვინ, კაცო, ვინ უნდა მოიყვანოთ ამაზე აკადემიური, ამაზე ბუნჩულა, ამაზე კეთილი და თბილი, ამაზე ჭკვიანი და განათლებული? – მაინც რა საყვარლად ეფაკლება ხოლმე ღაწვები – ჩაქრიიი…

პრეზიდენტი მიდის და პრეზიდენტი მოდის!
გაუმარჯოს პრეზიდენტს!
თამუნა კეშელავა
скачать dle 12.0