სეისმომედეგი მშენებლობის შესახებ კანონი კი მივიღეთ, მაგრამ მისი დაცვით თავს არავინ იწუხებს. რკინა-ბეტონის კარკასული შენობები 12-სართულიანზე მეტი არ უნდა იყოს, რადგან მიწისძვრის დროს ყველაზე მეტად ეს შენობები ინგრევაო, მაღალი სეისმური რისკის მქონე საქართველოში კი 30–40-სართულიან კორპუსებს ვაშენებთ.

ცალკე საკითხია რამდენად ხარისხიანი მასალებით შენდება ეს "მონსტრები". "ვარდოსნების" ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, სომხური პერლტიანი ცემენტი გახდა "პრიორიტეტული", რაც მისი დაბალი ფასით იყო გამოწვეული. საშენი მასალების სპეციალისტები და მშენებლები კი ამბობდნენ, პერლიტიანი ცემენტის რკინა-ბეტონში გამოყენება არ შეიძლება, სომხეთში 1988 წელს მომხდარ მიწისძვრას იმიტომაც ჰქონდა დამანგრეველი შედეგი, რომ შენობების კარკასებში ასეთი ცემენტი იყო გამოყენებულიო, მაგრამ მოგებას დახარბებულზე ამ არგუმენტმაც ვერ გაჭრა. ნაცხელისუფლება კონტროლის გამკაცრებაზე არც იფიქრებდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რადგან სამშენებლო ბიზნესი მთლიანად "ნაცბობოლების" ხელში იყო და სავარაუდოდ, დღესაც ასეა. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით "მშენებელთა ლიგის" წარმომადგენლებს გავესაუბრეთ.

კონსტრუქტორ ვაჟა დარჩიაშვილის განცხადებით, იმ პერიოდში მასიურად შემოდიოდა სომხეთიდან პერლიტის დანამატიანი, ანუ გოგირდის მაღალი შემცველობის მქონე ცემენტი, რომლის რკინა-ბეტონის კონსტრუქციებში გამოყენება დაუშვებელია, რადგან არმატურის კოროზიას იწვევს. სხვა შემთხვევაში პრობლემა არ ყოფილა ამ ცემენტის გამოყენება, საკმაოდ კარგ ხსნარს იძლევა, უბრალოდ, ლითონთან არ უნდა ჰქონდეს შეხება. ჩვენს რესპონდენტს 2009-2011 წლებში ბევრი ახალაშენებული შენობა გამოუკვლევია, ზოგან მშენებლობა დამთავრებულიც არ იყო, მაგრამ უკვე იმ დონეზე იყო წასული კოროზიის პროცესი, რომ არმატურა განშრევებული იყო. ფაქტობრივად, ბეტონის ჩასხმის მომენტიდანვე იწყებოდა კოროზია. ამ ობიექტების დასახელებაც შემიძლია, უბრალოდ არაკორექტული იქნება ჩემი მხრიდან. ახალაშენებული შენობების პირველ სართულზე რომ შეხვიდოდი, ცემენტის სუნიც კი არ იგრძნობოდა, გოგირდის სუნით იყო იქაურობა გაჯერებულიო. შემოწმებულ შენობათა შორის, ერთი გასართობი ცენტრი ყოფილა, ორსართულიანი შენობა, თუმცა სართულების სიმცირე, დიდი შეღავათი ნამდვილად არ არის. ვაჟა დარჩიაშვილის აზრით, ყველა ახალაშენებული კორპუსის გამოკვლევა უნდა მოხდეს და წუნის შემთხვევაში შეძლებისდაგვარად გაძლიერდეს, რაც იოლი არ იქნება.

ანზორ საკანდელიძე ("მშენებელთა ლიგის" თავმჯდომარე): საქმე იმაშია, რომ პერლიტს, როგორც აქტიურ დანამატს, ცემენტში ორჯერ ამატებდნენ, პირველად, კაზმის დამზადების დროს, რაც შემდეგ გამოიწვება და მიიღება კლინკერი. შემდეგ ეს კლინკერი იფქვება და მზადდება ცემენტი. ამ პროცესშიც რომ ამატებდნენ პერლიტს, იმიტომაც იყო ცემენტში გოგირდის ჭარბი რაოდენობა, თორემ სუფთა კლინკერულ ცემენტს (პორტლანდცემენტი) დამზადებისას აღარაფერი ემატება და კოოროზიული პროცესებიც უფრო ნაკლებია. 

ვითარება ამ კუთხით მეტნაკლებად გამოსწორდა, მაგრამ უბედურება ისაა, რომ უკანონო მშენებლობების მასშტაბი შემცირების მაგივრად, მატულობს. ჯერ ისიც ვერ გაგვირკვევია, რა უნდა ვუშველოთ დარღვევით აშენებულ მრავალსართულიან კარკასული ტიპის კორპუსებს, ამ დროს კვლავ გრძელდება ამგვარ კორპუსების მშენებლობებზე ნებართვების გაცემა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დიღმის მასივის ტერიტორიაზე დაახლოებით 11 მილიონი კვ.მ. ფართის საცხოვრებელ კორპუსების აშენებაზე ყოფილა ნებართვები გაცემული, რაც სრული კატასტროფა იქნება. ვაკესა და საბურთალოზე ხომ საშინელება ხდება, მაგრამ თუ ეს მშენებლობები არ გავაჩერეთ, კორპუსების სიმჭიდროვით დიღომი ორივე უბანს გაასწრებს.

სეისმომედეგი მშენებლობის შესახებ კანონი კორპუსებზე მიშენება-დაშენების, რეკონსტრუქციის, გამაგრებითი სამუშაოების საკითხსაც არეგულირებს. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, კონკრეტული შენობა მთლიანად უნდა აკმაყოფილებდეს დღევანდელ სეისმომედეგობის ნორმას – რვა ბალს. დავით ნარმანიამ თანამდებობიდან წასვლის წინ თავი მოიწონა, ჩემი მერობის პერიოდში 140 მილიონი ლარის გამაგრებითი სამუშაოები ჩავატარეთო. მერწმუნეთ, წყალში გადაყრილია ეს თანხები, რადგან არცერთ დასრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების დროს არ არის შემოწმებული და დაფიქსირებული, რომ გამაგრებული ობიექტი 8-ბალიან მიწისძვრას გაუძლებს. ძალიან მეეჭვება, ამ დონემდე გაემაგრებინათ, ეს შენობები ძირითადად, კომუნისტების მმართველობის პერიოდშია აშენებული, როცა სეისმომედეგობის ნორმა შვიდი ბალი იყო. ამ შენობებმა ბუნებრივია, ამორტიზაცია განიცადა, მით უმეტეს, რომ 50–60 წელი მათ არავითარი ზედმეტი შეკეთებები არ ჩატარებია. განსაკუთრებით პრივატიზაციის შემდეგ წავიდა ამორტიზაციის პროცესი უფრო აქტიურად. უზარმაზარი პრობლემაა წლობით მიტოვებული, დაუმთავრებელი მშენებლობები, რომელიც ათასობითაა დედაქალაქში, მათი კონსერვაციაც კი არ მომხდარა, შესაბამისად, სეისმომედეგობა, კოროზიამედეგობა, ხანგამძლეობა მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული, რადგან წლების განმავლობაში ათოვს და აწვიმს. არაფრით არ შეიძლება იქ მშენებლობის განახლება, ყველა დანგრევას უნდა დაექვემდებაროს, არადა ბევრგან დაწყებული და დამთავრებულიც არის მშენებლობა. საბურთალოზე, ასათიანისა და ზაქარიაძის ქუჩების კვეთაზე 15 თუ 17 წელი მიტოვებული იყო მშენებარე კორპუსი, სადღაც 2–3 სართული თუ იქნებოდა აშენებული, არმატურები მთლად დაჟანგული იყო. მშენებლობა რომ განაახლეს, ვკითხე, როგორ რისკავდნენ ამ გავერანებულ შენობაზე რაიმეს დაშენებას, ექსპერტიზის დასკვნა აღებული გვაქვს, რომ შესაძლებელიაო. მაინც დააშენეს რამდენიმე სართული, უკვე დაბზარულია მთელი შენობა, გასულ ზაფხულს მიმდგრები იყვნენ აქეთ-იქიდან და ამაგრებდნენ.

გიორგი სადაღაშვილი (მშენებელი): ასათიანის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე ხუთი თუ ექვსი 32-სართულიანი რკინა-ბეტონის კარკასული ტიპის საცხოვრებელი კორპუსის აშენება უნდოდათ. მოსახლეობამ სასამართლოში შეიტანა სარჩელი, სამივე ინსტანციაში მოიგო პროცესი. მერიას დაევალა მშენებლობა შეეჩერებინათ, სანამ სამშენებლო დოკუმენტაცია კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არ მოვიდოდა. ეს ერთეული შემთხვევა არ არის, სხვაგანაც გაუჩერებიათ უკანონო მშენებლობები, მაგრამ მერე ისევ გრძელდება, რადგან მერია თავისი ბრძანება-გადაწყვეტილებების დუბლირებას ახდენს, სასამართლო ერთს რო გააუქმებს, მერე სხვა გადაწყვეტილებას რთავენ საქმეში თანამიმდევრობით, ვითომ პროექტსაც ცვლიან და მაინც აგრძელებენ მშენებლობას. ამის მაგალითი ატენის ქუჩაზე 27-სართულიანი კორპუსი. იქ მცხოვრებლებმაც მოიგეს სასამართლო პროცესები, გააჩერებინეს მშენებლობა, მაგრამ ქალაქის მერის შეცვლის შემდეგ კვლავ განახლდა. ახლა უკვე ხალხი დააპირისპირეს ერთმანეთთან, თავიდან ვითომ 12-სართულიანი კორპუსი უნდა აშენებულიყო, მერე პროექტში კიდევ 15 სართული დაამატეს და აუშენებელი ფართები წინასწარ გაყიდეს. ახლა ეს მყიდველები დაობენ, დროზე დამთავრდეს მშენებლობა, ფული გვაქვს გადახდილი, როდემდე უნდა ვიყოთ უბინაოდო. 

ბესო ჭიჭინაძე: (არქმშენინსპექციის ყოფილი უფროსი): სრული ქაოსია ნებართვების გაცემის სფეროში, როგორ შეიძლება მშენებლობის ნებართვა ელექტრონულად, ერთი არქიტექტურული ნახაზის საფუძველზე გაიცემოდეს, შარშანდლამდე ასე იყო, ეტაპობრივად, მშენებლობის პროცესში უნდა მომზადებულიყო პროექტი. მერე გამოვიდა მთავრობის № 41 დადგენილება "სახანძრო უსაფრთხოების შესახებ". 500-ზე მეტი ობიექტის მშენებლობაა შეჩერებული, რადგან პროექტში გათვალისწინებული არ იყო სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. ამ ობიექტების მშენებლობა განაშენიანების რეგულირების საფუძველზე დაიწყეს, რომ მერე ეტაპობრივად შეთანხმდებოდა შენობის პროექტი და გაიცემოდა მშენებლობის ნებართვა. ახლა მათ არც ნებართვა აქვთ, ძველი წესით ახალ ნებართვას ვეღარ გასცემენ, პროექტი ისეა შეთანხმებული, რომ სახანძრო ნორმები არ არის გათვალისწინებული, ბუნებრივია, პროექტს კორექტირება ჭირდება, ერთი სიტყვით, ისეთი ქაოსია შექმნილი, გაოგნდებით. ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ არცერთი არქიტექტურული კომპანია საავტორო ზედამხედველობას არ ახორციელებს თავის ობიექტზე, არქიტექტორი მშენებლობაზე საერთოდ არ მიდის. არადა უხეში დარღვევებით მიმდინარეობს მშენებლობა, რაც საფრთხის ალბათობას ზრდის. რაც შეეხება სამშენებლო მასალების ხარისხს, მთავრობის №57 დადგენილების თანახმად, საშენი მასალები, ნაკეთობები და სხვა ელემენტები მშენებლობის პროცესში უნდა შემოწმდეს და შესაბამისი დოკუმენტაციაც შედგეს, რაც ობიექტის დამთავრების შემდეგ მიმღებს უნდა წარუდგინონ, რომ ეს ყველაფერი შემოწმებულია. სინამდვილეში არანაირი შემოწმება არ ხდება, არც სამშენებლო მასალა მოწმდება და არც ის, როგორ შენდება. სამშენებლო ბლოკები არასდროს მოწმდება სიმტკიცეზე, არც ღერძულა გაჭიმვაზე, არც სითბოგამტარობის კოეფიციენტი მოწმდება და ა.შ. უდიდესი შეცდომა იყო მშენებლობის სამინისტროს გაუქმება, როგორ შეიძლება ქვეყანაში, სადაც სამშენებლო ბუმია, ბიზნესის ერთ-ერთი პირველი შემოსავლის წყარო მშენებლობაა, რომელიც მუდმივად მუშაობს, მშენებლობის სამინისტრო და შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები არ არსებობდეს. 

როგორ შეიძლებოდა არქმშენინსპექციის, გარემოს დაცვის სამსახურის, სანეპიდსადგურის ერთ რაღაც ზედამხედველობით სამსახურში გაერთიანება. დადიან ამ სამსახურის წარმომადგენლები (რა თქმა უნდა ყველა ახალგაზრდა) სამშენებლო ობიექტებზე და მხოლოდ იმას ამოწმებენ მშენებლობის ნებართვა თუ არის გაცემული, არსებობის შემთხვევაში ვადაგასული ხომ არ არის, ხარისხს არავინ უყურებს. რომ შეამოწმო, სპეციალისტ უნდა იყო, ერთ-ერთ ობიექტზე ზედამხედველობის სამსახურიდან ოთხი წარმომადგენელი იყო მისული, როგორც გაირკვა, ერთი ფილოლოგი იყო, მეორე ისტორიკოსი, დანარჩენი ორიც არ იყო მშენებელი. თუ მშენებლობის სამინისტრო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები არ აღადგინეს, მშენებლობის სფერო ვერასდროს მოწესრიგდება. ადრე არქიტექტურის სამსახურის უფროსები არქიტექტორები იყვნენ, თანაც გამოცდილი პროფესიონალები, დღეს ამ სამსახურის უფროსები იურისტები არიან, რომლებსაც მარტო ის აინტერესებთ, მშენებლობის ნებართვა თუ არის გაცემული, იურიდიული ნორმები ხომ არ დაირღვა. 

ანზორ საკანდელიძე: რაღა ექსპერტული შემოწმება უნდა, როცა ხედავ, ჟანგიან, უკვე კოროზირებულ არმატურას რომ დებენ კონსტრუქციებში, რამდენად სწორად დებენ, ეგ კიდევ ცალკე საკითხია. არც მთავრობა ამოწმებს, არც მუნიციპალიტეტები, მარტო სამშენებლო კომპანიის პატიოსნებაზეა დამოკიდებული შეამოწმებს თუ არა. ვიღაცა მართლაც კეთილსინდისიერი მშენებელია, მაგრამ ამ განუკითხაობაში მისი პროდუქციაც უფასურდება, მყიდველი ვეღარ არჩევს, რომელია კარგი და რომელი ცუდი. 

ახლა რა ექსპერტული დასკვნებიც იდება, ყველაფერი ფორმალურია. ასე, რომ არ იყოს, ვინ გასცემდა მეწყერულ ზონებში, ან ნაყარ მიწაზე მრავალსართულიანი კორპუსების აშენების დასაშვებობაზე დასკვნას. ერთ მაგალითს გეტყვით, სამშენებლო კომპანია "დირსი", რომელმაც მთელი კვარტალი გააშენა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, როგორც მითხრეს, მონოლითში აკეთებს ყველაფერს, ანუ კორპუსს გარედან მთლიანად ბეტონს არტყამენ. მძიმე ბეტონის თბოტექნიკური მაჩვენებელი ძალზე დაბალია, კონდენსირება ხდება. იმიტომაც ჩივის ხალხი, კედლებზე სოკოები ჩნდებაო. ამასაც რომ თავი დავანებოთ, მაგ ტერიტორიაზე ადრე ნაგავსაყრელი იყო, არაფრით არ შეიძლებოდა აქ მრავალსართულიანი კორპუსების აშენება, მით უმეტეს მტკვართან ასე ახლოს, აგრესიული დინების ზონაში. გრუნტი უკვე დაწეულია, რაც იმის მომასწავებელია, რომ კორპუსების კედლები დაიბზარება. რამდენადაც ვიცი, იქ ბინები თითქმის არ იყიდება, რაც სერიოზული ზარალია მშენებლისთვის. ასე რომ, თვითონ სამშენებელო კომპანიაც დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ზემოხსენებულ შემოწმება-ექსპერტიზებს ფორმალური სახე არ ჰქონდეს.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
17-02-2018, 12:00


მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს,  ბატონ გიორგი კვირიკაშვილს - საქართველოს წინააღმდეგ დიდი საინფორმაციო ომია გამოცხადებული.

თავის დამშვიდება იმით, რომ ჩვენთან მედია თავისუფალია და ვისაც რა უნდა, ის თქვას, არა გვგონია, მართებული იყოს.
მედიის თავისუფლებასაც აქვს თავისი საზღვარი, რომლის გადალახვის შემდეგ ის შეიძლება თავისი ქვეყნის დამანგრეველ, დესტრუქციულ ძალად იქცეს.
ქართული მედია დღეს ზუსტად ამ ეტაპზეა…

იმოქმედეთ, ბატონო პრემიერო, სანამ გვიან არ არის!


აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ, რომელიც გასულ კვირას ციხიდან 2 დღით, ოჯახის დაღუპული წევრების ორმოცზე დასასწრებად გაათავისუფლეს, „რუსთავი 2“-თან თქვა, რომ საქართველოდან მისი გატაცების უფლება ქართველ ძალოვანებს კვირიკაშვილმა მისცა და ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმაც იცოდა.

მუხთარლის თქმით, მის გამტაცებლებს კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვათ და ყველა მათგანი ქართველი იყო.
ჟურნალისტიო, კი ვთქვით მუხთარლიზე, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბატონი მუხთარლი ჟურნალისტი არ არის და არც არასოდეს ყოფილა, ხოლო პუბლიკაციები, რომლებსაც ის დროდადრო აქვეყნებდა, სულაც არ ეკუთვნის მის კალამს.

მუხთარლი ამტკიცებს, რომ ის კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

ისმის კითხვა: პირები, რომლებსაც მუხთარლის გატაცება წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი, ამ ოპერაციის განხორციელებისას რატომ ჩაიცვამდნენ მაინცდამაინც პოლიციის ფორმას და რატომ მისცემდნენ საბაბს გასატაცებლად გამზადებულ აფგანს, რომ ხელი პოლიციისთვის დაედო?

ამ ოპერაციის დამგეგმავები, თუ ის მართლაც დაიგეგმა, ნუთუ ისეთი წინდაუხედავები და სულელები იყვნენ, რომ კონსპირაციის ელემენტარული წესები არ იცოდნენ და მუხთარლის მოსატაცებლად ფორმებში გამოწკეპილ პოლიციელებს აგზავნიდნენ?

მუხთარლის მოკვლას და წყალში გადაგდებას ხომ არ უპირებდნენ – ქართველ პოლიციელებს ის თავიანთი აზერბაიჯანელი კოლეგებისთვის ცოცხალი და საღსალამათი უნდა გადაეცათ, ხოლო ეს ცოცხალი და საღსალამათი აფგანი ქართულმა კრიმინალურმა პოლიციამ დამიჭირაო, რომ იტყოდა, ხომ ცხადზე ცხადი იყო თავიდანვე?

რა გამოდის? – ქართული მხარე საკუთარ თავს უწყობდა პროვოკაციას და საკუთარი თავის წინააღმდეგ გამზადებულ სამხილს აჩეჩებდა ხელში პატივცემულ აფგანს?

კითხვა მეორე – როგორ მოხერხდა ის ამბავი, რომ საპატიმროდან ორი დღით გაშვებული აფგანი, რომელიც, ცხადია, ბადრაგის კონტროლქვეშ იმყოფებოდა, ოპერატიულად უკავშირდება „რუსთავი 2“–ს და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ინტერვიუს აძლევს მას.
ალბათ, მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ ამ ინტერვიუს მომზადება და ორგანიზება საკმაოდ დიდ სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული, თუმცა ეს სირთულეები წარმატებით გადაილახა და ინტერვიუ შედგა, რაც ეჭვს ბადებს, რომ, „რუსთავი 2“–ს რაღაც უჩინარი ძალები აქტიურად ეხმარებოდნენ აზერბაიჯანის მხრიდანაც.

საინტერესოა, ეს „რუსთავი 2“ ტელეკომპანიაა თუ საერთაშორისო მასშტაბის საჯაშუშო–სადაზვერვო ორგანიზაცია, რომელსაც თითქმის ყველა ქვეყანაში აქვს გაშლილი თავისი სადაზვერვო–საჯაშუშო ქსელი.
მსგავსი ტიპის ინტერვიუები პირველი ხომ არ არის „რუსთავი 2“–ის პრაქტიკაში?
ისიც საკითხავია, რატომ ჰგავდა აფგან მუიხთარლის ინტერვიუს ტექსტი ასე ძალიან „რუსთავი 2“–ის ეთერში არაერთგზის გაჟღერებული განცხადებების ტექსტს?

აქედან, „რუსთავი 2“–დან, ხომ არ უკარნახეს მუხთარლის ეს დემაგოგიური და საქართველოსთვის მრავალმხრივ საზიანო ტექსტი?
სახუმარო ამბავი ნამდვილად არ არის, როცა აზერბაიჯანის მოქალაქე უმძიმეს დანაშაულში, ფაქტობრივად, ტერორისტული აქტის მომზადებაში დებს ბრალს მეზობელი ქვეყნის, საქართველოს, პრემიერ–მინისტრს, მის ძალოვან სტრუქტურებს და ამ ქვეყნის ერთ–ერთ გავლენიან პირს, ბიძინა ივანიშვილს.
არამარტო მსოფლიოს დემოკრატიული თანამეგობრობის თვალში უტეხს ეს ინტერვიუ საქართველოს სახელს, არამედ ის შეიძლება ორ მეზობელ და მეგობრულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გაფუჭების საბაბიც გახდეს.

ვინც ქართული სახელმწიფოსთვის მრავალმხრივ საზიანო და საზიფათო ამ ინტერვიუს გაუკეთა ორგანიზება, ის საქართველოს მტერია და თუ მტერია, რატომ არ ვთხოვთ პასუხს ისე, როგორც მტერს უნდა მოსთხოვო?

დავიღალეთ იმის მტკიცებით, რომ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდის გააფთრებული საინფორმაციო ომი, რომელშიც ქართული მედიასაშუალებების ერთი ნაწილი აქტიურად არის ჩართული და ძირს უთხრის საკუთარი ქვეყნის სტაბილურობას და უსაფრთხოებას.
როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცებს ძალიან სურთ აზერბაიჯანში `არაბული გაზაფხულის~ მსგავსი `აზერბაიჯანული გაზაფხული~ მოიყვანოს და თანაც ამის გაკეთებას აზერბაიჯანის მეზობელი სახელმწიფოს, საქართველოს, ტერიტორიაზე არსებული ორგანიზაციების მეშვეობით აპირებს. 
ამ ადამიანებმა თავიანთ სამშობლოში რაც უნდათ, ის აკეთონ, მაგრამ ჩვენი სამშობლოს პლაცდარმად გამოყენების უფლება, მათი ზრახვების და მიზნების განსახორციელებლად, არავის არ უნდა მიეცეს.

ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა ამასწინათ ისიც კი თქვა, მიმართოს საქართველოს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, რომ აფგან მუხთარლი საქართველოს გადმოეცეს. ამით ჩვენ ქართული დემოკრატიის შელახულ რეპუტაციას აღვიდგენთ და საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის თვალში კვლავ დავიბრუნებთ იმ სახელს, რომელიც აქამდე გვქონდაო.

აფგანის გადასარჩენად და ქართული დემოკრატიისთვის ნამუსის მოსაწმენდად ომიც ხომ არ გამოვუცხადოთ ამ ჩვენს მოძმე აზერბაიჯანს, ჰა?
ზემოთნახსენები იმ ქართველი პოლიტიკოსისა, დიდი ხანია, არაფერი გვიკვირს, მაგრამ გვიკვირს იმ ქართველების, რომლებიც აფგანს კი იცავენ, მაგრამ იცავენ საკუთარი სამშობლოს იმიჯის შელახვის ფასად და საკუთარ სახელმწიფოს ისეთ დანაშაულში სდებენ ბრალს, რომელიც გამოძიებით ჯერ არ დადგენილა, საერთოდ მოხდა თუ არა?

მივმართავთ საქართველოს პრემიერ–მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს – საქართველოს წინააღმდეგ დიდი საინფორმაციო ომია გამოცხადებული.
თავის დამშვიდება იმით, რომ ჩვენთან მედია თავისუფალია და ვისაც რა უნდა, ის თქვას, არა გვგონია, მართებული იყოს.
მედიის თავისუფლებასაც აქვს თავისი საზღვარი, რომლის გადალახვის შემდეგ ის შეიძლება თავისი ქვეყნის დამანგრეველ, დესტრუქციულ ძალად იქცეს.
ქართული მედია დღეს ზუსტად ამ ეტაპზეა…

იმოქმედეთ, ბატონო პრემიერო, სანამ გვიან არ არის!

"საერთო გაზეთი"

მეტის ნახვა
17-02-2018, 11:00