"საერთო გაზეთში" არაერთი ინტერვიუ გამოქვეყნდა მსოფლიოს ჩემპიონთან, ბატონ რომან რურუასთან. ამ ინტერვიუებში ბატონი რომანი კვალიფიციურად და საქმის ღრმა ცოდნით საუბრობდა ქართული პოლიტიკისა და ეკონომიკის პრობლემებზე.

ამჯერადაც გთავაზობთ საუბარს რომან რურუასთან, რომელიც ასევე მნიშვნელოვან და ჩვენი ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებს ეხება.

– ბატონო რომან, რამდენადაც ვიცით, თქვენ გასულ წელს აფხაზეთში ბრძანდებოდით. რა ხდება იქ, რა სიტუაციაა, როგორ ცხოვრობენ, როგორ დაგხვდნენ?


– 90-იანი წლების იმ საშინელი ომის შემდეგ აფხაზეთში არ ვყოფილვარ. სულ მაწუხებდა და მაინტერესებდა იქაური ყოფა.
ისტორია ცნობილია, მაგრამ რომ გაანალიზო, ყველაფერი რატომ და როგორ მოხდა, უნდა ჩახვიდე, მიხვიდე იქ, სადაც ეს ამბავი მოხდა.

დაახლოებით ორი-სამი თვის წინ თბილისში სტუმრად იყვნენ აფხაზეთში მცხოვრები სპორტსმენები. იქ გავიცანი ერთი აფხაზი და ერთი ოსი სპორტსმენი. მათ დამპატიჟეს სოხუმში. მეც გადავწყვიტე ჩასვლა. ინგირის სასაზღვრო პუნქტთან დამხვდნენ ჩემი მასპინძლები. წამიყვანეს გალში და მერე გავემგზავრეთ სოხუმში.

როგორც აღმოჩნდა, ხმა გავრცელდა, საქართველოდან სტუმარი ჩამოგვივიდაო, შეიკრიბა საზოგადოება.

გულისტკივილით, მაგრამ საკუთარი უდანაშაულობის განცდით შევხვდი მათ. შეხვედრაზე ყოფილი "ბაევიკებიც" აღმოჩნდნენ, რამდენიმე "გეროი აბხაზიიც" იჯდა დარბაზში, რომელმაც, ალბათ, ქართველებთან ომში მიიღეს გმირობა…

შემდეგ სუფრა გამართეს – თავდაცვის სამინისტროს ყოფილ სანატორიუმში. ძალიან უბრალო, მოკრძალებული სუფრა იყო. სადღესასწაულოდ და გასართობად არ ვიყავით შეკრებილი.

– რაზე ისაუბრეთ?

– როგორ ვცხოვრობთ, რას ვაკეთებთ, რას ვაპირებთ, თუმცა, ბუნებრივია, საუბარი ომსაც შეეხო, იმას თუ რამ გამოიწვია კონფლიქტი – გაუგებრობა იყო ეს თუ სპეციალურად დაგეგმილი პროვოკაცია?!.

მე მქონდა კითხვები მათთან. ორივე მხარე ვაღიარებდით, რომ ურთიერთობებში პრობლემები პროვოცირებული იყო გარკვეული ძალებისგან.
აფხაზებთან საუბარში გავიხსენე გაგრა-თბილისის მატარებელი, რომელსაც სოხუმში ფანჯრები ჩაულეწეს.
ცნობილია, რომ ამ ინციდენტს კონსტანტინე ოზგანი ხელმძღვანელობდა.

ვინ იყო კონსტანტინე ოზგანი? – ვიკითხე მე. თვითონვე მიპასუხეს, თურქი იყოო. თურქს რა ხელი ჰქონდა, რატომ მიუშვით ამისთანა საქმეების დასატრიალებლად-მეთქი?!

ლოგიკურად, საუბარი მიმყავდა იქითკენ, რომ თურქულ სამყაროს, ჩრდილოეთი კავკასიის ჩათვლით, მუდამ ჰქონდა სოხუმისა და მთლიანად აფხაზეთის ხელში ჩაგდების ინტერესი.

ჩვენმა ისტორიულმა, უზარმაზარი ტერიტორიის მქონე რუსეთის სახელმწიფომ კარგად იცის, რა სურს მუსულმანურ სამყაროს.
ამ მოსაზრების დამადასტურებლად ერთ ამბავს მოგიყვებით.

1990 წელს ვახტანგ გოგუაძესთან ერთად სტამბულში ვიმყოფებოდი. ერთ საღამოს რუსეთის ელჩს შევხვდით. საუბარში არ ვერეოდი, თუმცა ჩემთვის ეს შეხვედრა დახურული არ იყო და ვისმენდი, რაზე საუბრობდნენ. გარკვეული ხნის შემდეგ ელჩს ვუთხარი: ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან-მეთქი. ეს ის პერიოდია, ბასაევი და გილაევი რომ "დასეირნობენ" აფხაზეთში და "ბაევიკებს" აგროვებენ სოხუმში. ამ პერიოდში ჩრდილო კავკასიელები უკვე არიან აფხაზეთში და ემზადებიან ქართველების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

მე ვიკითხე: რა უნდათ ჩრდილო კავკასიელებს აფხაზეთში-მეთქი? მიზნად ჰქონდათ კავკასიის ხალხთა კონფედერაციის შექმნა. დედაქალაქად სოხუმი უნდა გამოცხადებულიყო.

ეს, თავისთავად, რთული საკითხი გახლდათ, რადგან სომხეთი და აზერბაიჯანი ამ ინიციატივას არ მიესალმებოდნენ, თუმცა, როგორც გითხარით, საქართველოში ეს აზრი მაშინ აქტიურად განიხილებოდა.

მაშინ მიდიოდა საუბრები იმაზე, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელ სუბიექტად გამოყოფოდა საქართველოს და ისე შეერთებოდა კონფედერაციას.
ამ მოსაზრებების მხარდამჭერები ფიქრობდნენ – რუსეთი იშლება, იგი საბოლოოდ დაინგრევა და ყველა ეთნოსი, მათ შორის, აფხაზებიც დამოუკიდებლობას მიიღებენო. ჩრდილოეთ კავკასიელი მებრძოლები ამ პერიოდში დაბანაკდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე.

მანამდე ფსოუს ყარყარაშვილი და კიტოვანი მიადგა და დალიეს იქ ცივი წყალი…

უკან გამობრუნებულებმა კი რაც გზაზე შეხვდათ, ყველაფერი გადაწვეს. ერთ სახლს ვერ ნახავთ, გაუდაბურებულია საზღვრისპირას ყველაფერი. ხეხილი არაა, ნახნავ-ნათესი და არაფერი. რომელიღაცა ჯიშის ყვითელი ყვავილი ხარობს, უვარგისი სარეველა, იმითაა მოფენილი იქაურობა.
მე ვფიქრობ, ნამოსახლარები ქართველების იყო, რადგან აფხაზების რომ ყოფილიყო, მოახერხებდნენ ამდენ ხანში სახლ-კარის და მიდამოს აღორძინებას…

– თქვენ რას ფიქრობთ, რატომ გადაწვავდნენ ქართველი მებრძოლები სახლებს?

– საქმე იმაშია, რომ ჩვენ მაშინ არ გვყავდა რეგულარული ჯარი. ჯარისკაცს, როგორც წესი, არ ასწავლიან მოსახლეობის ჟლეტას. მაშინ საქართველოში იყო მოხალისეებით შექმნილი შენაერთები – "თეთრი გიორგი", "მხედრიონი" და ა. შ. რა მიზნები ჰქონდათ მათ, თვითონ განსაჯეთ.

– ქვეყანას იცავდნენ, ბატონო რომან.


– რისი დამცავები იყვნენ ან ვისგან იცავდნენ ეს მშიერმუცელა მონები?

– რუსებისგან.


– რუსები მერე შემოვიდნენ, როცა დაინახეს, ჩრდილო კავკასიელებით რომ გაივსო იქაურობა.
გავაგრძელებ იმ ისტორიას, თურქეთში რუსეთის ელჩს რომ შევხვდით. ელჩს მაშინ ვკითხე: რა ინტერესი აქვთ ჩეჩნებს აფხაზეთში-მეთქი?
– ზღვაზე გასასვლელიო, – მიპასუხა მან.

მე კვლავ ვკითხე:
– რუსეთი ამას დაუშვებს?
– არასოდესო, – მითხრა მან და ტუჩზე თითი მიიდო, სიჩუმის ნიშნად.
ტყუილად კი არ ამბობს ერდოღანი, აჭარა თურქეთის ნაწილიაო. მუსულმანური სამყარო შეერთებისთვის იბრძვის – ჩრდილოეთი კავკასია, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთმანეთისკენ მიისწრაფვიან.

– ბატონო რომან, კვლავ დადგა დღის წესრიგში საკითხი – ნატოში შესვლა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე.

– იდიოტია ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ოდესმე ნატოში შევა საქართველო.

თქვენი აზრით, რუსეთი თავისი ხელით გამოიჭრის ყელს?

გასული საუკუნის ბოლოს რა არ ვუწოდეთ რუსეთს, რა აღარ მოვიმოქმედეთ, სიტყვებით ვერ აღწერ იმას, რაც რუსეთის მიმართ ჩავიდინეთ, ხოდა, გავიდა მათი ჯარი, მაგრამ თქვა, იყავით ნეიტრალური, არც ერთი ქვეყნის ჯარს თქვენს ტერიტორიაზე ნუ დააყენებთო.
ევროპა გვინდაო, გაიძახის ზოგიერთი.

ძალიან კარგი. ყველას გვინდა ევროპა, მაგრამ ხომ უნდა გაითვალისწინო რეალობა, რომელიც წინ გიდგას?! ჩვენ გეოპოლიტიკურ ჩიხში ვართ მოქცეული.
დაიშლება რუსეთიო.

კარგი, ბატონო, მაგრამ რას ვაპირებთ მერე? რატომ არ გვახსოვს ჩვენი დიდი მამულიშვილის ილია ჭავჭავაძის მიერ დატოვებული "ფორმულა" – მამული, ენა, სარწმუნოება? ახლა ის ჟამი გვიდგას, რომ პირველ რიგში სარწმუნოება უნდა დავაყენოთ, ანუ სარწმუნოება, მამული, ენა.

სარწმუნოება არის ის ძალა, რომელიც ვერ დაამარცხა და გაანადგურა ვერც ირანმა, ვერც არაბეთმა, ვერც ოსმალეთმა და ათასმა ურჯულომ.
თუ რუსეთი განადგურდება, ანუ ყველაზე ძლიერი მართლმადიდებლური ქვეყანა თუ აღარ იქნება, ამ გარემოცვაში ერთადერთი, გასანადგურებლად განწირული, დაუძლურებული მართლმადიდებლური ქვეყანა ვიქნებით ჩვენ.

არავის ვაგინებ, არც ამერიკას, არც ევროპას. მშვენიერი ქვეყნები და სახელმწიფოები არიან, მაგრამ საქართველოს შველა მათ არ შეუძლიათ.
ვიღაცებს სურთ შევიდეთ სამხედრო ალიანსებში და აქ, ჩვენს ტერიტორიაზე განვათავსოთ უცხო ძალების თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა.

ჩვენი ქვეყანა სარაკეტო ზონა არაა, ბატონებო. ერთი ციცქნა ქვეყანაა, ერთადერთი პატარა მართლმადიდებლური საყრდენი მუსულმანურ გარემოცვაში.
კიდევ ვიმეორებ, საქართველო ნატოში ვერ შევა, მაგრამ თუ ასეთი რამ მართლა მოხდა, ერთ საათში წიფის გვირაბთან რკინის კარს ჩამოგვიკიდებენ და დავემშვიდობებით გურიასაც, აჭარასაც, სამეგრელოს კი, თავისთავად, აფხაზეთი მიიერთებს.

შემთხვევით კი არ უთქვამს ელცინს – დასავლეთში გამსახურდია უნდა იყოს და აღმოსავლეთში შევარდნაძეო.

არც ჟირინოვსკის წამოსცდენია ზერელედ სიტყვები: ჩვენ არ გვაქვს საზღვრები საქართველოსთან, ჩვენ გვაქვს საზღვარი თურქეთთანო.

– როგორ უყურებენ ამ ამბებს აფხაზეთში?


– მე დავრწმუნდი, რომ აფხაზეთს არავითარი დამოუკიდებლობა არა აქვს. იქ რუსეთის გარეშე არაფერი არ ხდება და არც მოხდება.
ჩვენ მოვატყუეთ რუსეთი, როცა ვთქვით, რომ ჩვენს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარებს არ განვათავსებდით. მეორედ მათ ვეღარ მოვატყუებთ. თუ ხტუნაობას თავს არ დავანებებთ, დასავლეთ საქართველოს საზღვარს გვირაბამდე და შესაძლებელია, ხაშურამდეც გადმოსწევენ, რადგან ცხინვალი განზე რჩება, საზღვარს გააკეთებენ ხაშურთან, დასავლეთ საქართველოსთან გააერთიანებენ და ვიჯდეთ ჩვენ თბილისში გამოკეტილი.

გახსოვთ, ალბათ, აფხაზეთში ჩემს სტუმრობასთან დაკავშირებით გარკვეული ხნის წინ ინტერვიუში ვისაუბრე.
იქ ვთქვი: მე აფხაზეთში კიდევ წავალ, რადგან ჩამესვლება-მეთქი. უცნობმა დამირეკა და მეკითხება: როგორ ფიქრობთ, აფხაზეთში ჩვენ არ ჩაგვესვლება?
– მე რომ ჩამესვლება, ვიცი და თქვენი ამბის მე რა მოგახსენოთ-მეთქი.
– თქვენ რატომ ჩაგესვლებათო?
– მე ცოდვა არ მაწევს-მეთქი.
– ე.ი. ჩვენ ცოდვილები ვართო?
– ეს თქვენ გეცოდინებათ-მეთქი, – ვუპასუხე.

ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ ყველას აქვს უფლება, ჩავიდეს აფხაზეთში, ვისაც იქ საშინელი ცოდვები არ აქვს დატრიალებული.

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
6-03-2018, 13:30


უფროს თობას მშვენივრად ახსოვს, რომ საბჭოთა კავშირის დროს, აზარტული თამაშები კანონით აკრძალული იყო და მხოლოდ იატაკქვეშეთში არსებობდა. კაზინოების ლეგალიზაცია გარდაქმნის ეპოქის დადგომისთანავე დაიწყო. პირველი ლეგალური სამორინე „ორი ჯუჯა“ თბილისში 1990 წელს, ფილარმონიის ერთ-ერთ დარბაზში გაიხსნა. სათამაშო ბიზნესის იატაკქვეშეთიდან გამოსვლის შემდეგ, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა. კაზინოს ვალების გამო ლომბარდში ბინებისა თუ მანქანების ჩადება, ბანკიდან სესხების აღება და სუიციდი ლამის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თანამედროვე მსოფლიომ აზარტული თამაშებისადმი ავადმყოფური ლტოლვა (გემბლინგი) დიდი ხანია სოციალურ პრობლემად აღიარა, მედიცინამ კი მას დაავადებათა კოდირების საერთაშორისო სისტემაში საკუთარი ნომერი F63.0 მიანიჭა. იმ საფრთხეების მიუხედავად, რასაც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება იწვევს, საქართველოში სათამაშო ბიზნესის რეგულირებაზე ჯერჯერობით, არც ერთ ხელისუფლებას არ უზრუნია. დღემდე არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსოციალურ დახმარებას შესთავაზებს.

უკონტროლოდ მიშვებული სათამაშო ბიზნესსა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე სამოქალაქო საზოგადოება „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე გვესაუბრა:

– პროფესიით პედაგოგი ვარ და 25 წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე, უამრავი თაობა აღვზარდე, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს გემბლინგით და მისგან მომდინარე საფრთხეებით დავინტერესდი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემი უახლოესი ადამიანი ერთ-ერთი კაზინოს მახეში გაება და გარკვეული თანხის მოძიება დაჭირდა. მაშინ გავარკვიე, რომ ამ პრობლემით უამრავი ადამიანი იყო დაზარალებული და გამიჩნდა იდეა, რომ შემექმნა მოძრაობა, რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს დაეხმარებოდა. მოძრაობამ, რომელიც ერთი წლის წინ შევქმენით, გემბლინგით დაზარალებული ადამიანები და მათ შესახებ ინფორმაცია მოიძია. კერძოდ, რამდენმა დაკარგა სახლ-კარი კაზინოებსა თუ სამორინეებში წაგებული ფულის გამო, რამდენმა თვითმკვლელობით დააასრულა სიცოცხლე და ა.შ. ეს იყო შემზარავი სტატისტიკა, რომლის თანახმად, საქართველოში ნახევარი მილიონამდე ადამიანი რეგისტრირებული მოთამაშეა. აქედან ნახევარი სკოლის მოსწავლე ან სტუდენტია. 2016 წლის გამოკითხვით, თინეიჯერულ ასაკში, აზარტულ თამაშებზე 15% გოგონა არის დაამოკიდებული და 44% ვაჟი. მხოლოდ ბოლო 8 თვის მანძილზე, აზარტული თამაშების გამო, კახეთში ორი თვითმკვლელობა მოხდა, ერთი ჭიათურაში, ერთი ხარაგაულის რაიონში, თბილისში და ა.შ. სტატისტიკის შედგენის პერიოდს დაემთხვა თბილისში მოზარდთა გახშირებული სუიციდის ფაქტები. აღსანიშნავია, რომ ჩვენ არა მარტო აზარტულ თამაშებზე გვაქვს ონლაინების ჩახსნის მოთხოვნა, არამედ ნებისმიერ აზარტულ თამაშზე, „ლურჯი ვეშაპი“ იქნება თუ თეთრი. ახალგაზრდა ადამიანების სიკვდილი ქვეყნის ტრაგედიაა ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვთ დაიბლოკოს ნებისმიერი ონლაინ ხაზი, რომელსაც ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის უბედურება მოაქვს.

– სათამაშო ბიზნესის უკან დიდი ფული და გავლენიანი ადამიანები დგანან. მათთან შებრძოლება ბევრმა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და თქვენ როგორ აპირებთ?

– ჩვენი სტატისტიკური მონაცემები და მოთხოვნები საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ლევან გოგიჩაიშვილს გავაცანით. ბატონმა ლევანმა ყურადღებით მოგვისმინა და აღნიშნა, რომ ჩვენს მოსაზრებებს მთლიანად იზიარებს. ამის შემდეგ, მთავრობას ჩვენი მოთხოვნებით მივმართეთ და აქტიურად ჩავერთეთ კანონპროექტის შემუშავებაში. სამწუხაროდ, ფინანსთა სამინისტრომ იმდენად უსუსური კანონპროექტი წარმოადგინა, რომ საკანონმებლო ორგანომ უკან დააბრუნა. მოგეხსენებათ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გემბლინგი უმძიმეს დაავადებად აღიარა, რომელიც ნარკომანიაზე რთულად იკურნება და ამ დროს, სახელმწიფომ შემოგვთავაზა „გაშავების“ სამწლიანი პრინციპი. ჩვენ თავიდანვე ვითხოვდით, რომ ეს უვადო ყოფილიყო, რადგან სახელმწიფოს არც ფსიქო- სარეაბილიტაციო ცენტრები აქვს და არც იმის სურვილი, რომ ამ სამი წლის მანძილზე ადამიანს დამოკიდებულებისგან განკურნებაში დაეხმაროს. საზღვარგარეთ აზარტული თამაშების ბიზნესი ძალიან მყარ რეგულაციებშია მოქცეული და სახელმწიფო აკონტროლებს. მაგალითად, პორტუგალიას სამორინეებსა და ონლაინ თამაშებში 25 წლამდე ასაკობრივი ზღვარი აქვს დაწესებული, როცა ჩვენთან ეს ზღვარი 18 წლამდეა. რაც შეეხება ონლაინ-თამაშებს, აქ სახელმწიფო საერთოდ ვერ აკონტროლებს ვინ რეგისტრირდება მოზარდი თუ ზრდასრული..

– გამოდის, რომ პორტუგალიას, სადაც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია მოხდა, სათამაშო ბიზნესის მიმართულებით უფრო მკაცრი რეგულაციები აქვს?


– პორტუგალიაში სახელმწიფო ნარკოტიკების სფეროსაც და სათამაშო ბიზნესსაც იმ დონეზე აკონტროლებს, რომ პრობლემები არ შექმნას. ჩვენთან კი ასეთი პრობლემების გამო, ადამიანები უსახლკაროდ რჩებიან და ბევრი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს. აი, ახლა გვაქვს ფაქტი, რომ 60 წელს მიღწეულმა ადამიანმა აზარტული თამაშების გამო, თბილისში ორი სახლი დაკარგა. მეორემ წაგებული ფულის გადასახდელად, „ვივუსიდან“ ონლაინ სესხი მამის პირადობის მოწმობით აიღო, თანაც ისე, რომ მამას სესხის გატანაზე ხელი არ მოუწერია. არავისთვის ახალი არაა, რომ აზარტული თამაშების გამო დაზარალებული ადამიანები საბანკო ვალდებულებებს იღებენ და ხშირად უსახლკაროდ რჩებიან. დაახლოებით ერთი წლის წინ, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტს გიორგი კეპულაძეს ვესაუბრე და მითხრა, რომ ასეთი ფაქტების შესახებ მათთვისაც ცნობილია.

– ყველას გვახსოვს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, აზარტული თამაშების შეზღუდვის პირობა დადო, თუმცა ძლიერი ლობისტების გამო, დაპირების შესრულება ვერ მოახერხა. 2013 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა და ქვეყნის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში კაზინოების აკრძალვის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს, ბათუმი აზარტული თამაშების ცენტრად იქცა, თუმცა, ამ სფეროდან შემოსული ფული ბიუჯეტის მხოლოდ 1% შეადგენს, რის გამოც ქვეყნის იმიჯი არ უნდა შეილახოს..


– დიახ, ასეა და არავინ იფიქროს, რომ სახელმწიფო ამ ბიზნესით აშენდა და აყვავდა. თუ ვინმე აშენდა, ეს ამ დაწესებულებების მფლობელებია, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა, პირიქით, დაზარალდა. აზარტულ თამაშებში ჩართულთა 70% წარმოადგენს საშუალო ფენა, რომლის ყოველთვიური ხელფასი საარსებო მინიმუმზე ოდნავ მეტია. იმის გათვალისწინებით, რომ ხელფასის მნიშვნელოვანი ნაწილი სათამაშო დაწესებულებებში მიედინება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ადამიანები ვეღარ ახერხებენ სამომხმარებლო ნივთებისა და პროდუქტების შეძენას, რაც ეკონომიკური კოლაფსის ერთ-ერთი ნიშანია. ბუნებრივია, ოჯახის შემოსავალის კლება სამომხმარებლო ხარჯების კლებას იწვევს, რაც თავის მხრივ, საქონლის და მომსახურეობის შემცირებას განაპირობებს. ყოველივე ეს მწარმოებელს აიძულებს შეამციროს ბაზრისთვის საქონლისა და მომსახურეობის მიწოდება და შედეგად, ვიღებთ მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებას, რაც უარყოფითად მოქმედებს საინვესტიციო ბაზარზე. მერწმუნეთ, თუ აზარტული თამაშები არ შეიზღუდა და ზოგი არ აიკრძალა, თუ სათამაშო ბიზნესმა ისედაც გაღარიბებული მოსახლეობის გაყვლეფა გააგრძელა, ეს ეკონომიკურ კოლაფსამდე მიგვიყვანს. ამის თავიდან ასაცილებლად, სასურველია აზარტული თამაშის დაწესებულებებში დაწესდეს სივრცითი და ქონებრივი შეზღუდვა, რათა მაქსიმალურად შემცირდეს საშუალო ფენის ჩართულობა და მხოლოდ მაღალ შემოსავლიანი მოთამაშეები დაუშვან.

– ქალბატონო თამარ, კაზინოებსა თუ სამორინეებში ძალით არავინ შეჰყავთ..

– მათ ადამიანების მიზიდვის საკუთარი მეთოდები აქვთ. მააგალითისთვის გეტყვით, რომ იანვრის დასაწყისში ზესტაფონში, ცენტრალური ბაზრის შესასვლელში გახსნეს სამორინე და ყველა ზესტაფონელს გაუგზავნეს მესიჯი – თუ მობრძანდებით, 10 ლარს მიიღებთ საჩუქრადო. ალბათ, ბევრი მივიდა.. ასეთმა დაწესებულებებმა ადამიანი ერთხელ თუ შეიტყუეს, მერე მისი მახეში გაბმის მეთოდები მშვენივრად იციან. სათამაშო ბიზნესის წესია, მოთამაშეს დროის შეგრძნება დაკარგული ჰქონდეს. ამიტომ კაზინოში მზის შუქი არსაიდან შედის და საათებიც არსად კიდია. ეს არის შავი ბიზნესი, რომელსაც ნამდვილ ბიზნესთან საერთო არაფერი აქვს. 

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ბოლოს და 2017 წლის დასაწყისში, აზარტული თამაშებიდან გამომდინარე, 2354 კრიმინალური შემთხვევის ფაქტი დაფიქსირდა. წაგებული თანხა რომ გადაეხადათ, ზოგმა მოიპარა და განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა, ზოგმა სახლ-კარი დაკარგა, ზოგმა თავი მოიკლა და ა.შ. გემბლინგით დაავადებულები წაგების დროს აფექტის მდგომარეობაში ვარდებიან და აგრესიულები ხდებიან. ამ აგრესიას სათამაშო დაწესებულებაში ფსიქოლოგის ნაცვლად, დაცვის თანამშრომელი ხვდება, რომელსაც მოთამაშე შენობის გარეთ გაჰყავს და სასტიკად უსწორდება. რამდენიმე დღის წინ, მეტროსადგურ „სამგორთან“ მცხოვრები ადამიანები დაგვიკავშირდნენ, გვიშველეთ, გაუსაძლის მდგომარეობაში ვრთო. მათ სახლებთან ახლოს, კაზინო „კრისტალბეთი“ მდებარეობს და თითქმის ყოველ დღე, საშინელი სურათის მხილველები არიან. ამასწინათ, მოვაჭრე ქალებმა ძლივს გამოგლიჯეს დაცვას ბიჭი ხელიდან, თორემ ცემით კლავდნენო. სად არის ამ დროს სახელმწიფო და რატომ არ იცავს თავის მოქალაქეებს ასეთი განუკითხაობისგან?

– ყველაზე ხშირად რომელ სათამაშო დაწესებულებაში დაზარალებული ადამიანები გიკავშირდებიან და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს რაში ხედავთ?


– ეს ერთი და ორი დაწესებულების კი არა, სისტემური პრობლემაა, რადგან სახელმწიფომ მართვის ყველა სადავე დაკარგა.. ჩვენს ორგანიზაციაში განხორციელებული ზარის შემდეგ, დავინტერესდი დ სამგორის მეტროსთან მდებარე „კრისტალბეთში“ შევედი. ნანახმა გული მომიკლა.. ორსართულიანი, უზარმაზარი შენობა მოუვლელი, ცუდად ჩაცმული ახალგაზრდებით იყო სავსე, რომლებიც უკანასკნელ კაპიკებს კაზინოში ტოვებდნენ. დავთვალე და 10 წუთში 6 ადამიანი შევიდა. გამოსვლით კი ერთი საათის შემდეგ, ორი ახალგაზრდა გამოვიდა. გავბედე და ვკითხე – მოიგეთ თუ წააგეთ მეთქი და ერთს 50 ლარი წაუგია და მეორეს 100 ლარი. არადა, წვიმიან ამინდში, ორივეს გახეული ფეხსაცმელი ეცვა... 

რაც შეეხება გამოსავალს, უნდა აიკრძალოს სათამაშო ობიექტების ლიცენზირება და მშენებლობა, უნდა აიკრძალოს ონლაინ-თამაშების ვებ-გვერდები, რაც რეალურად, მინიკაზინოებს წარმოადგენს. უნდა დაიხუროს ყველა სლოტ-კლუბი და ტოტალიზატორი. კაზინოები უნდა მოექცნენ უმკაცრეს რეგულაციებში, უნდა მოხდეს მოთამაშეთა ერთიანი ბაზის შექმნა და ოჯახის წევრებს მიეცეთ უფლება, რომ მოთამაშე შავ სიაში შეიყვანონ. სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში პერიოდულად უნდა ჩატარდეს სინფორმაციო კომპანია აზარტული თამაშების წინააღმდეგ. სახელმწიფომ უნდა შექმნას ფსიქორეაბილიტაციის ცენტრები, სადაც გემბლინგით დაავადებული ადამიანები იმკურნალებენ. მივმართავ ყველა დედას. იყავით ფხიზლად და ნუ შეგრცხვებათ ამ პრობლემის გამხელა. გავერთიანდეთ აზარტული თამაშების წინაღმდეგ, რომელიც დაავადებაა და შველა ჭირდება.

და ბოლოს, სტატისტიკური მონაცემებით, მხოლოდ კაზინო „აჭარაში“ ყოველდღიურად, 1000–1500 ადამიანი შედის. აზარტული თამაშებისადმი ავადმყოფური დამოკიდებულება მამაკაცებში უფრო ხშირია, თუმცა ქალებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს, რდგან ფსიქოთერაპიას გაცილებით ძნელად ემორჩილებიან. ქალებში გემბლინგს ხშირად თან ახლავს ფსიქიური აშლილობა, მამაკაცებში კი ალკოჰოლიზმი, ამიტომ ასეთი ადამიანები ადვილად ანგრევენ ოჯახებს და სამუშაო ადგილებს ხშირად იცვლიან.

ნელი თორდია

მეტის ნახვა
6-03-2018, 12:00


დაინაწილეს თბილისი ახლო თუ შედარებით შორებელმა მეზობლებმა, აღმშენებლის გამზირი თუ უკვე თურქულ-არაბული კვარტალის "სტატუსი" მიენიჭა, "ზემელს" კი ირანელები "უტევენ". მავან ვაი-ქართველთა ხელშეწყობით, ამ ისტორიულ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით მოფენილ უბანს, სრული განადგურება ემუქრება, თუნდაც იმიტომ, რომ აქაურობასაც გადაუარა უკანონო მშენებლობების ტალღამ. თუ ვინმე შეეწინააღმდეგა, "მოღალატედ" გამოაცხადებენ, ინვესტიციების მოზიდვას ხელს უშლისო და შეიძლება "ინვესტორმა" უჩივლოს კიდეც "ინტრიგანს", "აღმშენებლობაში" ხელს მიშლისო და მატერიალური ზარალის გადახდაც მოსთხოვოს.

ქართველ ჩინოვნიკებს კარგად რომ ეხერხებათ მღვრიე წყალში თევზის ჭერა, ბარნოვის ქუჩის დასაწყისსა და მის შემოგარენში მიმდინარე პროცესებიც მოწმობს. როგორც ჩანს, არც კულტურისა და განათლების სამინისტროების ხელმძღვანელობებს ანაღვლებთ, რა საფრთხე ემუქრება (სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ) "ლევანდოვსკის გიმნაზიის" სახელით ცნობილ 49-ე სკოლას და მის მოსწავლეებს, რადგან ბარნოვის ქუჩის მცხოვრებნი წლებია ამაოდ ითხოვენ გაჩერდეს სკოლის გვერდით უკანონო მშენებლობა. ერთ-ერთმა იქ მცხოვრებთაგანმა, ინჟინერმა და პედაგოგმა მედიკო ბოჭორიშვილმა წერილობით მიმართა დედაქალაქის მერიას, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია.

მედიკო ბოჭორიშვილი:
დავით ნარმანიამ თანამდებობიდან წასვლის წინ, 2017 წლის 5 ოქტომბრის №1–2186 ბრძანებით, კალაძის საარჩევნო პროგრამების სრულიად საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც მომაკვდავ ერთა ხუთეულის თავში მყოფი ქვეყნის ბავშვთა ინტერესებზე წინ, ირანელი მოქალაქის კერძო ინტერესები დააყენა. სკოლას, რომელსაც 111 წლის ისტორია აქვს, პრაქტიკულად ესპობა ნორმალურად არსებობის საშუალება ესპობა, რადგან სკოლის სამსართულიან შენობას ერთადერთი მზიანი ფანჯრების მხრიდან ირანელის ხუთსართულიან სასტუმროს უშენებენ. 

ბარნოვის ქუჩის ეს მონაკვეთი ძალიან დამრეცია, ზამთარში მოაჯირის გარშე თითქმის ვერ გაივლით, სასტუმროს ავტოსადგომთან ერთად, ავტოფარეხიც ექნება, ასე რომ ტროტუარზე ჩაყოლებულ მოაჯირს ორ ადგილზე ჩაჭრიან და მოაშიშვლებენ იქაურობას. ვეკითხები დედაქალაქის ხელმძღვანელობას და სხვა უწყებებს, ბავშვებმა უსაფრთხოდ როგორ უნდა იმოძრაონ, ზემოდან მომავალი მძღოლი ვერც ხედავს სკოლასთან რა ხდება, უცბად რომ გადმოვიდეს ბავშვი უმოაჯირო ტროტუარიდან სავალ ნაწილზე, ხომ გასრისავს, მძღოლის დასჯა უშველის იმ ბავშვს? სასტუმრო ფუნქციონირებას რომ დაიწყებს, ცხადია, ხმაურიც მოიმატებს. ამ სასტუმროებს რეალურად რა "ფუნქციაც" აქვს, ყველამ კარგად ვიცით, ცხვირწინ რომ აუშენებ ამ ე.წ. სასტუმროს ფანჯრებით სკოლისკენ, რას უნდა უყურონ ბავშვებმა, ვიღაცების პირადი ცხოვრების პიკანტურ მომენტებს? რამდენი ირანელი დაიჭირეს ნარკოტიკის შემოტანა-რეალიზაციის ფაქტზე, რა გარანტია გვაქვს, რომ მოსწავლეებს არ ჩაითრევენ ნარკოტიკის მოხმარებაში? 

მედიკო ბოჭორიშვილი: ბარნოვის ქუჩის დასაწყისი და მისი შემოგარენი ძველი თბილისის ნაწილია, ძალიან საინტერესოა, როგორც ლანდშაფტური, ისე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისი თ. ბარნოვის № 2 200 წლის წინ არის აშენებული, მის მეპატრონეს ლოსაბერიძეს მეორე სართულზე სტამბა ჰქონდა გამართული, იაკობ გოგებაშვილი ამ სტამბაში ბეჭდავდა თავის "დედა ენას". ეს ულამაზესი, ღია აივნებიანი სახლი ქართული არქიტექტურის ნიმუშია. მისი გაგრძელებაზეა სახლი უნიკალური დახვეული ხის კიბით, სხვათა შორის, რამდენიმე ქართულ ფილმშია გადაღებული ეს კიბე. დღეს ეს კიბე ავარიულ მდგომარეობაშია, ასვლა არ შეიძლება, მაგრამ უცხოელებისთვის მაინც ძალიან საინტერესოა, მოწონთ და ფოტოებს უღებენ. ბარნოვის №4–6 სახლებიც კულტურის ძეგლებია, მაგრამ მაინც გაყიდეს, მხოლოდ მიწის სამუშაოებზეა ნებართვა გაცემული (2007 თუ 2008 წელს) და რის აშენებას აპირებს ახალი მფლობელი, კაციშვილმა არ იცის. მომდევნო სახლის ყიდვა იტალიელებს უნდოდათ, მაგრამ რომ დაათვალიერეს, უარი თქვეს, ამის ხელის ხლება არ შეიძლება, მომავალ არქიტექტორები ამ სახლის მაგალითზე უნდა გაიზარდონო. ახლა ამ სახლს ზემოდან ირანელის სასტუმრო "უტევს", მეორე მხრიდან 20 მეტრი სიღრმის სასაძირკვლე ქვაბული. კომპანია "ემ კვადრატი" აპირებს რაღაცის აშენებას. ადგილობრივი არჩევნების დროს ელენე ხოშტარია მოვიდა, ვითომ ჩვენს დახმარებას აპირებდა, მართალი ხართ, როგორ შეიძლება არქიტექტურული ძეგლების ხელყოფაო. მერე ეტყობა გაარკვია, რომ მშენებელი მისი ქმრის კომპანია იყო და აღარ გამოჩენილა. 

60 ყველაზე რთული ადგილია მონიშნული თბილისის რუკაზე და ხსენებული ფერდობი პირველ ადგილზეა. ორჯერ ჩამოინგრა აქ გრუნტი, პირველად 1974 წელს ჩამოინგრა, როცა სოლოლაკი-ზემო ვერის დამაკავშირებელი ქუჩა (ჭონქაძე) შენდებოდა და მუშები ცოცხლად დამარხა. სპეციალისტებმა ეს ანდროგენური ფაქტორით, ანუ სახიფათო ზონაში გაუთვალისწინებელი ჩარევის მიზეზით ახსნეს. მერე იქ ბენზინგასამართი სადგური ააშენეს, მეორედ 2005 წელს ჩამოიშალა ქანები და ეს სადგური მომსახურე პერსონალიანად ჩამარხა. ამ ფერდობის გაგრძელებაა ყოფილი ელბაქიძის ქუჩა, სადაც რამდენიმე წლის წინ სავალი ნაწილი მთლიანად ჩაინგრა. ეს იმიტომ მოვყევი, რომ რომ ორ სახლს შორის არსებულ მწვანე ზოლს უფრო ნიადაგშემაკავებელი ფუნქცია ჰქონდა, რომელიც ორი მხრიდან იყო ამოშენებული ქვის კედლით. ეს ტერიტორია თბილწყალკანალს ეკუთვნოდა, სტრატეგიული დანიშნულების გამო, მისი გასხვისება არაფრით არ შეიძლებოდა, მაგრამ ცნობილი "პრიხვატიზაციის" დროს გაყიდეს, ხეები მოჭრეს და გაანადგურეს იქაურობა. რაიმე მცირე ბიძგიც საკმარისია, რომ ხსენებული ფერდობი კვლავ ჩამოიშალოს, რამ უნდა შეაკავოს 45 გრადუსით დახრილ ბარნოვის ქუჩაზე მეწყერი? აღარც სკოლა დარჩება იქ და არც ეს სასტუმრო სხვა სახლებთან ერთად. წყალსაჭირხნი მრავალტონიანი კოშკი იდგა, ისიც მოსპეს და ჯართად გაყიდეს, როგორც ბერიას დროს გაყვანილი საკანალიზაციო სისტემა.

ბოლოს ირანელზე გაასხვისეს, ვერც იმან შეძლო მშენებლობის დაწყება, ვითომ სამსართულიანი შენობა უნდა აეშენებინათ, მაგრამ იტყუებოდნენ. ამ ირანელმა ისევ თავის ტომელზე გაყიდა ეს ტერიტორია, მაყაშვილის სახლი რომ დაანგრიეს, მაშინღა დავინახეთ, რომ თურმე სკოლის კედელი რამდენიმე ადგილზე ჰქონდა გამონგრეული და კოჭები შეწყობილი და საძირკველიც გაშიშვლებული. ამ ყველაფერზე სკოლის დირექტორები ისე იყვნენ გაყუჩებულები და ახლაც ისე არის მოქმედი დირექტორი გაჩუმებული, რომ ბუნებრივად ჩნდება უამრავი ეჭვი. თუ ის ირანელი კეთილსინდისიერი შემძენია, არაკეთილსინდისიერი გამყიდველი ხომ აგერ გვყავს, მოსთხოვონ პასუხი და მაშინვე გაირკვევა, რა და როგორ მოხდა. სამსართულიან შენობაზეა გაცემული საეჭვო დასკვნა და ხუთსართულიანს აშენებენ. სალომე ზურაბიშვილი ჩაერთო ამ საქმეში, რომელიც მოგეხსენებათ, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატია, არ შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით მოფენილ უბანში უკანონო მშენებლობა ხორციელდებოდესო.

შპს "თრიფელ ეის" იურისტი ამ ჩარევამ ძალიან გააწიწმატა, ვინ ეკითხება ზურაბიშვილს, მაგ უბანში ცხოვრობს და პრობლემები ექმნებაო. რაზე შეიძლება ამის შემდეგ ელაპარაკო ამ კომპანიის ხელმძღვანელობას? მშენებლობა ჯერ დაწყებულიც არ ჰქონდათ, რომ იქ მომუშავე სატვირთო ავტომანქანა მკვეთრ დაღმართზე მოცურდა, მეზობლის "მერსედესიც" დააზიანა და ბორდიურ-მოაჯირებიც. ამ კაცისთვის ზარალის ანაზღაურებას არავინ ფიქრობს. ჩვენ ამ კომპანიაზე მეტად, მთავრობასთან გვაქვს პრეტენზია, ფაქტობრივად დამალული აქვთ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიღებული დადგენილება, თქვენ წარმოიდგინეთ, "მშენებელთა ლიგასაც" კი არ ჰქონდა ეს დოკუმენტი, ჩვენ გადავეცით. იქ გაწერილია სეისმომედეგობის თვალსაზრისით, რამხელა დაშორება უნდა იყოს სახლებს შორის, რომ მიწისძვრის დროს სახლის ნგრევით წარმოქმნილმა ნაგავმა არ დააზიანოს გვერდით მდგომი კაპიტალური შენობა. რამხელა დაშორება უნდა იყოს კულტურის და არქიტექტურულ ძეგლსა და სხვა შენობას შორის. ყველა კულტურის ძეგლს აქვს თავისი ვიზუალური და ფიზიკური დაცვის არეალი. ფიზიკური დაცვის არეალში აკრძალულია ყველაფრის აშენება, რაც დაზიანების საფრთხეს შეუქმნის ძეგლს, გააუარესებს მის აღქმას და გამოყენებას. ხსენებული სასტუმროს მშენებლობა ფიზიკურადაც აზიანებს ბარნოვის ქუჩაზე არსებულ ძეგლებს, გავლენასაც ახდენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე, მაგრამ ამას არავინ აქცევს ყურადღებას. ჩვენ მარტო სიტყვით ვცემთ პატივს ჩვენ კულტურას თუ ღირსეულ წინაპრებს. ახლახანს ზარზეიმით აღნიშნა მერიამ იუნკერების და გმირი ქალის მარო მაყაშვილის ხსოვნა, ამ დროს სწორედ მარო მაყაშვილის სახლთან ხდება ეს უკანონობა და უზნეობა, რაზეც ყურს არავინ იბერტყავს.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
6-03-2018, 10:30