მეტის ნახვა
17-03-2018, 18:32


ამ დღეებში დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იბერიას“ეთერში არანაკლებ შემაშფოთებელი განცხადება გააკეთა და ბრძანა, რომ საქართველო მომაკვდავი ერების ხუთეულშია. რა გახდა ზემოთ ხსენებული განცხადებების გაკეთების საფუძველი და ნამდვილად უიმედოა თუ არა მდგომარეობა, ამაზე სასაუბროდ, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარეს თამარ ჩიბურდანიძეს ვესაუბრეთ:

– ამასწინათ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საქართველოში და ზოგადად, თანამედროვე სამყაროში არსებული აბორტების პრობლემაზე ისაუბრა. 


– მეუფე შიო, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, მკვეთრი განცხადებებით გამოირჩევა. ბოროტება, რომელზეც მეუფე შიომ ყურადღება გაამახვილა, აბორტებია. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მოსაზრებას, რომ აბორტი ქალის უფლება. ჩემი აზრით, აბორტი მკვლელობაა, რადგან ნებისმიერი არსება, რომელიც ჩაისახება, უფლისგან ნაჩუქარი სიცოცხლეა. 21-ე საუკუნეში მსოფლიოში არასასურველი ორსულობისგან დაცვის უამრავი საშუალება არსებობს, რომ ამ ნაყოფის მკვლელი არ გახდე. ათასობით ოფიციალური აბორტი ადასტურებს, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ დაბალი შეგნება და სამოქალაქო კულტურაა. როგორც ჩანს, მეუფე შიოს ძველი მონაცემები ახსოვდა. გასულ წელს 10 თუ 12 ათასით იკლო აბორტების რაოდენობამ და 40 ათასი აღარ არის, თუმცა წელიწადში 10 000-იც რომ იყოს, მაინც ძალიან ბევრია.

– თუმცა, აბორტების აკრძალვის მომხრე არ ხართ..

– რაც შეეხება აბორტების აკრძალვას, ამის მომხრე ვიყავი, მაგრამ სპეციალისტებთან საუბრისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების ნახვის შემდეგ, დავრწმუნდი, რომ ეს უარეს შედეგებს გამოიწვევს, რადგან ვისაც აბორტის გაკეთება უნდა, მაინც გაიკეთებს. მაგალითად, ირლანდიიდან და კიდევ 3–4 ქვეყნიდან, სადაც აბორტი აკრძალულია, მსურველები პროცედურის ჩასატარებლად მეზობელ ქვეყნებში მიდიან, რაც კიდევ სხვა პრობლემებს იწვევს. საქართველოში ძალიან გავრცელებულია მედიკამენტური აბორტი, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ქალის ორგანიზმზე. ვფიქრობ, რომ აბორტს აკრძალვით კი არა, მის წინააღმდეგ პროპაგანდით უნდა ვებრძოლოთ. როცა ამ მიმართულებით, ქვეყანაში სამოქალაქო კულტურისა და შეგნების ამაღლებას შევძლებთ, შემდეგ შეგვიძლია აკრძალვაზეც ვიფიქროთ.

– გაეროს ბავშვთა ფონდის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ყოველი 225 000 ანუ ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს. 9.4% ანუ 77 ათასი ბავშვს კი უკიდურეს სიღარიბეში უწევს ცხოვრება. იქნებ, გახშირებულიაბორტების მიზეზი სოციალურ ფონში უნდა ვეძიოთ?

– არა, ეს 2016-ის კი არა, 2008 წლის შედეგებია. ჩვენ ეს ინფორმაცია გაეროს ბავშვთა ფონდში გადავამოწმეთ და გვითხრეს, რომ ბოლო კვლევა 2008–2009 წელს ჩატარდა.
გეთანხმებით, რომ საქართველოში ოჯახების დიდ ნაწილს უჭირს შვილების გამოკვება და ქვეყანაში მძიმე სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობაა, მაგრამ აბორტის მძიმე სოციალური მდგომარეობით გამართლება სრული სიცრუეა. 2014 წელს ჩვენმა ფონდმა ანონიმურობის დაცვით ჩაატარა კვლევა ქალბატონებში, რომლებიც აბორტის გაკეთებას აპირებდნენ. კვლევის თანახმად, გამოკითხული ქალბატონების 64%-მა განაცხადა, რომ უბრალოდ, მეტი შვილი არ უნდა. მეორე ადგილზე გავიდა სელექციური აბორტები და მესამე ადგილზე, დაახლოებით 20%-მდე იყო სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა.

– ალბათ, იმაში მაინც დამეთანხმებით, რომ მრავალშვილიანი ოჯახების დიდი ნაწილი უმძიმეს მდგომარეობაშია. თქვენი აზრით, 20 ლარიანი დახმარება, რომელსაც პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი ითვალისწინებს, საკმარისია?


– მე ამ კანონპროექტის თანაავტორი ვარ და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა არავითარი 20 ლარიანი დახმარება, კანონპროექტის მიზანი უპირველეს ყოვლისა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სტატუსის განსაზღვრა იყო, რომელიც საქართველოში 2006 წელს გაუქმდა. თუ 2006 წლამდე სტატუსი 7 და მეტ შვილიან ოჯახს ჰქონდა, ახლა 4 და მეტ შვილიან ოჯახებს ექნება. რაც შეეხება დახმარებებს, მრავალშვილიანთა სოციალური პაკეტი ძალიან დიდია და შედის კომუნალურ გადასახადებში შეღავათი, კულტურა, სპორტი, განათლება, აქტივობებში სახელმწიფო სუფსიდირება, საგადასახადო შეღავათები და ა.შ. და ეს ყველაფერი ეტაპობრივად განხორციელდება. რაც შეეხება ელექტროენერგიის სუფსიდირებას, ოთხშვილიანი ოჯახი წლიურად მიიღებს ელექტროენერგიაზე 240 ლარიან სუფსიდირებას. ხუთი და მეტ შვილიანი ოჯახს ყოველ ბავშვზე 120 ლარი დაემატება. კონკრეტული ინიციატივის მომხმარებელი სოციალურად დაუცველების გარდა, 300 ათას სარეიტინგო ქულამდე მყოფი პირები, ანუ საშუალო ფენაც იქნება. მრავალშვილიანი ოჯახების ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ ბავშვებს სრულყოფილ განათლებას ვერ აძლევენ და სახელოვნებო თუ სპორტულ წრეებში ვერ დაჰყავთ. მარიამ ჯაშისა და შოთა ხაბარელის ინიციატივით მოხდება წრეობრივი მუშაობის და სპორტული აქტივობების სუფსიდირება. ამის გარდა, შესაძლებელია მუნიციპალიტეტებმა ტრანსპორტით მგზავრობის სუფსიდირება განახორციელებს, სოფლის მეურნეობა თავისი მიმართულებით იმუშავებს და ა.შ. ასე, რომ ინფორმაცია, რომ მრავალშვილიან ოჯახები 20 ლარიან დახმარებას უნდა დასჯერდნენ, მიზანმიმართულად გავრცელებული აბსურდია, რომ მოხდეს მთელი პოზიტივის წაშლა. ეს არის დიმიტრი ხუნდაძის ძალიან კარგი ინიციატივა და ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი, რაც საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახებისათვის განხორციელებულა.

– როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, თუ ადამიანების დასაქმება არ მოხდა, მრავალშვილიანი ოჯახის კეთილდღეობისთვის მხოლოდ დახმარება საკმარისი არასოდეს იქნება. არადა, ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანი სწორედ დახმარებების გამო, თავს არიდებს მუშაობას.

– გეთანხმებით, დახმარება არასოდეს იქნება საკმარისი თუ ადამიანმა არაფერი გააკეთა. მე ძალიან ბევრს დავდივარ საქართველოში და ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები და ზოგჯერ ისეთი განცდა მაქვს, რომ ჩვენ 21-ე საუკუნისკენ კი არა, უკან მივდივართ და საკუთარი პასუხისმგებლობა გვავიწყდება. ქვეყანაში იმდენად დიდი დემოგრაფიული პრობლემაა, რომ სახელმწიფომ შეუძლებელი უნდა შეძლოს, რომ ამ ოჯახებს დაეხმაროს. რაც შეეხება სოციალური დახმარების მიღების გამო უმუშევრობას, 2013 წელს, როცა სოციალური დახმარებები გაორმაგდა და 2016 წელს, როცა ამ გაორმაგებულ დახმარებებს თითო ბავშვზე 10 ლარი დაემატა, სოციალურად დაუცველების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, მაგრამ ზოგიერთი ჯანმრთელი და შრომისუნარიანი ადამიანი დახმარების მოხსნის შიშით არ მუშაობს. ამიტომ მე ყოველთვის ვამბობ, სანამ ქვეყანაში სოციალურად დაუცველის სტატუსი ამ ფორმით არსებობს, ქვეყანა ფეხზე ვერ დადგება და საქართველოს ეკონომიკური წინსვლა გამორიცხულია. ზოგიერთი რომ არ შიოდეს, მაინც მშიას გაიძახის, რომ სტატუსი არ მოეხსნას. 

– საუბრის ბოლოს თქვენი განცხადების შესახებაც გვითხარით, რომელიც "იმედის" ეთერში გააკეთეთ.

– 2017 წელს მსოფლიომ საქართველო მომაკვდავი ერების სიაში შეიყვანა. ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა ერის დაბერების კუთხით, ანუ 2050 წლისთვის მოსახლეობის დაახლოებით 33% იქნება პენსიონერი, ანუ ბიუჯეტიდან თანხის მიმღები. ძალიან მაღალია მიგრაციის დონე და მწარმოებელი ფენა ყოველწლიურად იკლებს, რაც ყველა ქვეყანაში ვიზალიბერალიზაციის თანმდევი პროცესია. ქორწინებისა და ახალშობილთა რაოდენობა იკლებს, განქორწინებულთა რაოდენობა იმატებს და ამ ყველაფერს დემოგრაფიულ კრიზისამდე მივყავართ. ჩვენი მცდელობა და ის ხუთი წელი, რაც დემოგრაფიულ ინიციატივებზე ვმუშაობთ, უწმინდესის ინიციატივასთან ერთად, შობადობის გაზრდას ემსახურება. ჩვენ გავიარეთ 90-იანი წლების სიდუხჭირე, მიგრაცია, სიკვდილიანობა, აბორტების საგანგაშო რაოდენობა და შედეგად მივიღეთ ის, რაც გვაქვს, მაგრამ არ მინდა საუბარი პესიმისტურად დავამთავრო. მე 19 საუკუნის დასაწყისში შავი ჭირისა და გამუდმებული ომების წყალობით, დაახლოებით 400 000 ვიყავით. მოსახლეობა თითქმის განადგურდა, მაგრამ მე 19 საუკუნის ბოლოს თითქმის მილიონ ნახევარი გავხდით და ფაქტობრივად, მკვდრეთით აღვდექით. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მომაკვდავი ერების სიაში შეგვიყვანეს, სერიოზული პრობლემები გვაქვს და უახლოესი 30 წელი დემოგრაფიული კრიზისის პერიოდში ცხოვრება მოგვიწევს, დარწმუნებული ვარ, რომ არ გავქრებით და ქართველი ერი აუცილებლად გადარჩება!

ნელი თორდია

მეტის ნახვა
17-03-2018, 18:00


კულტურის სამინისტრო, რომელიც 2014 წელს აცხადებდა, რომ საყდრისი უძველესი ოქროს მაღარო არ იყო, აფეთქებული საყდრისიდან მოპოვებულ არტეფაქტებს ფრანკფურტში იმის დასტურად გამოფენს, რომ საქართველო ოქროს მოპოვების უძველესი კერაა.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში განმარტეს, რომ გამოფენაზე გამოტანილი იქნება ნეოლითიდან ბრინჯაოს ხანამდე პერიოდს მიკუთვნებული მიწათმოქმედების, ღვინის და ოქროს წარმოებასთან დაკავშირებული მასალები, მათ შორის, საყდრისსა და არუხლოში აღმოჩენილი ნივთები.
ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის თანამშრომელმა, საყდრისის მკვლევარმა ირინა ღამბაშიძემ, ნეტგაზეთს უთხრა, რომ საყდრისში მოპოვებულ იარაღებს გამოფენენ. არქეოლოგის თქმით, სამთო წარმოების მთელი ციკლი იქნება ნაჩვენები. გამოფენა ასახავს გერმანულ–ქართული თანამშრომლობის შედეგად მოპოვებულ მასალას, რომელიც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ასპექტებს წარმოაჩენს. ხაზი გაესმევა საქართველოს, როგორც ღვინის კულტურისა და ოქროს მოპოვების სამშობლოს.

გამოფენა, სახელწოდებით “ოქრო და ღვინო საქართველოში” ფრანკფურტის არქეოლოგიის მუზეუმში 2018 წლის 5 ოქტომბრიდან 2019 წლის 10 თებერვლამდე იქნება ღია. ეს გამოფენა კულტურის სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილია, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კულტურის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო 2018 წელს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

საყდრისი უძველესი ოქროს მაღარო იყო, სადაც 5 400 წლის წინ ოქროს მოიპოვებდნენ. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარეობდა.
ირინა ღამბაშიძე გერმანელი მკვლევრების ჯგუფთან ერთად საყდრისის ოქროს მაღაროს 2004 წლიდან იკვლევდა. საყდრისს 2006 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, 2013 წელს კი მოუხსნეს. კომპანია RMG–იმ, რომელიც ამ ტერიტორიაზე ოქროს მოპოვების ლიცენზიას ფლობდა, 2014 წელს ააფეთქა და ოქროს მოპოვებითი სამუშაოები დაიწყო. ირინა ღამბაშიძე ითხოვდა, რომ საშუალება მიეცათ, საყდრისი ბოლომდე შეესწავლა, რადგან მაღაროს მხოლოდ მესამედი იყო შესწავლილი. საყდრისში აღმოჩენილი არტეფაქტები დღეს ეროვნულ მუზეუმშია განთავსებული. კომპანია RMG–იმ პირობა დადო, რომ მაღაროში აღმოჩენილი არტეფაქტებისთვის ბოლნისში მუზეუმს ააშენებს. ირინა ღამბაშიძის თქმით, მუზეუმი წელს გაიხსნება.

კომპანია RMG–მ 2013 წლის 26 აპრილს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართა, რომ საყდრისის მაღარო არა ოქროს, არამედ სპილენძის მომპოვებელი მაღარო იყო და მის მიმართ გეოლოგებსა და არქეოლოგებს ცალსახა დამოკიდებულება არ ჰქონდათ. 2013 წლის 5 ივლისს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნა იმ მოტივით, რომ მას კანონის დარღვევით ჰქონდა ძეგლის სტატუსი მინიჭებული. 

2014 წლის მარტში კულტურის სამინისტრომ მისცა RMG–ის ამ ადგილას სამუშაოების წარმოების უფლება. ანგარიშში, რომელსაც სააგენტოს დირექტორმა ნიკა ანთიძემ მოაწერა ხელი, აღნიშნულია, რომ საყდრისში უძველესი ოქროს მაღაროს არსებობა არ დასტურდება. სააგენტოს მიაჩნია, რომ ირინე ღამბაშიძისა და თომას შტოლნერის მიერ ჩატარებული კვლევების დოკუმენტაცია არ არის სარწმუნო, რადგან პრეისტორიულ ხანაში ოქროს მოძიება, მისი მოპოვება წარმოუდგენელი იყო.
საყდრისის საკითხი პოლიტიზებული იმითაც გახდა, რომ მასთან დაკავშირებულ დისკუსიაში ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო, რომელიც უკვე აღარ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ივანიშვილმა 2014 წლის 18 მარტს იმედის ეთერით განაცხადა, რომ ოდიშარია სუსტი კულტურის მინისტრი იყო, რომელსაც გადაწყვეტის დროულობა აკლდა. ივანიშვილის შემდეგი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამტკიცებდა, რომ საყდრისი უძველესი ოქროს მაღარო არ იყო.


მეტის ნახვა
17-03-2018, 17:00


ყველაზე პოლიტიზირებული ოლიმპიური თამაშები - ასეთი შეფასება მისცეს წლევანდელ, უკვე განვლილ მთავარ სპორტულ ღონისძიებას სპორტულმა ჟურნალისტებმა თამაშების დაწყებისთანავე. მოგვიანებით ჩვენს კოლეგებს პოლიტოლოგებიც დაეთანხმნენ. მსგავსი შეფასება 1980 და 1984 წლების ოლიმპიადების ბოიკოტირებისასაც (იმ დროს ჯერ კაპიტალისტურმა ბანაკმა განაცხადა უარი მოსკოვის თამაშებში მონაწილეობაზე საბჭოთა ჯარების ავღანეთში შეჭრის მიზეზით, ხოლო ლოს-ანჯელესის ოლიმპიადას სოციალისტურმა სამყარომ ბოიკოტითვე უპასუხა) არ გაუკეთებიათ. წლეულს დოპინგის სკანდალის გამო რუსეთს მხოლოდ ნეიტრალური, ოლიმპიური დროშით გამოსვლის უფლება მისცეს.

სპორტული ღონისძიებები სამხრეთ კორეაში პოლიტიკურმა მოვლენებმა გადაფარა. გვახსოვს, ოლიმპიადაზე ფხენჩხანში ჩრდილო კორეელები ეწვივნენ. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოელთა დელეგაციაში თავიანთი ქვეყნის მთავრობის მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, რომლებიც სამხრეთელმა მოძმეებმა თბილად მიიღეს. ფხენჩხანში გადაწყდა, რომ სამხრეთელებსა და ჩრდილოელებს შორის პოლიტიკური დიალოგი მომავალშიც გაგრძელდებოდა. კიმ ჩენ ინის დამ სამხრეთელთა პრეზიდენტს მუნ ჯინ ირს თავისი ძმის წერილი-მიწვევა პირადად გადასცა.

ჩრდილო და სამხრეთ კორეელთა თბილი შეხვედრა, თავისთავად, ბევრს არ ესიამოვნა. იმასაც ამბობდნენ, რომ დიალოგი დროებითი მოვლენა იყო, რათა ოლიმპიადის დღეებში შეერბილებინათ დაძაბული ვითარება, თავიდან აეცილებინათ ნებისმიერი მოსალოდნელი ექსცესები. ჩრდილოელთა ვიზიტით უკმაყოფილება ვერ დაფარა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა და პოლიტოლოგების შეფასებით, პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, როდესაც ჩრდილოელებს ხელი არ ჩამოართვა და დემონსტრატიულად დატოვა დარბაზი, სადაც სხვებთან ერთად ჩრდილოელთა დელეგაციის წევრებიც იმყოფებოდნენ.
დიალოგი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის გასულ კვირას გაგრძელდა, ამჯერად ჩრდილოეთში. სამხრეთელთა სამთავრობო დელეგაციას პირადად კიმ ჩინ ინმა უმასპინძლა. შორიდანაც კარგად ჩანდა, რომ სტუმარ-მასპინძელს შორის საკმაოდ თბილი ურთიერთობა სუფევდა. მასპინთელთა ლიდერთან საუბარი 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. დამშვიდობებისას საკმაოდ დიდხანს ართმევდა ხელს კიმ ჩენ ინი სტუმარს, ხოლო უკვე მიმავალ ლიმუზინს 5 წუთი უქნევდა ხელს. ექსპერტებმა გულთბილ შეხვედრას და, სავარაუდოდ, წარმატებულ მოლაპარაკებას დიდი შეფასება მისცეს. საინტერესოა აღმოსავლეთ აზიის სპეციალისტების მოსაზრება. მათი ვარაუდით, გამორიცხული არ არის, დღის წესრიგში დადგეს სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის გაერთიანების საკითხი. ექსპერტების აზრით, გაერთიანებაზე საუბარი დღეს-ხვალ არ დაიწყება, საამისოდ ნიადაგის მომზადებაა საჭირო. ექსპერტების ვარაუდით, თუ მოხდება ჩრდილო-სამხრეთ კორეის გაერთიანება, მათი შრომისმოყვარეობისა და მენტალიტეტის გათვალისწინებით, რამდენიმე წელში მსოფლიო ახალ ძლიერ ქვეყანას მიიღებს.

ჩრდილოეთ კორეის შემდეგ სამხრეთელები ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდნენ და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადასცეს კიმ ჩენ ინის სიტყვიერი თანხმობა შეხვედრაზე. როგორც ამერიკელი მიმომხილველები იუწყებიან, ამან თავდაპირველად დააბნია თეთრი სახლის ადმინისტრაცია. თუმცა, შეთავაზება შემდეგ ტრამპმა თავის გამარჯვებად მიიწერა. დაწესებული სანქციები ჯერ კიდევ ძალაში რჩება. ორმხრივი შეხვედრა მაისის ბოლომდე უნდა შედგეს, მაგრამ ზუსტი დრო და ადგილი უცნობია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტერაში მიესალმება აშშ-ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრას და მშვიდობიან დიალოგს. დასავლელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ წელიწადზე მეტია, მსოფლიოს ნერვები დააწყვიტეს, ერთმანეთს შეურაცხყოფაც არაერთხელ მიაყენეს, მაგრამ, როგორც იქნა, საღ აზრამდე მივიდნენო. თავად დონალდ ტრამპი ამერიკელებს დიდებულ გარიგებას ჰპირდება. ვნახოთ…

ამასობაში გასულ კვირას დაწყებული "სავაჭრო ომი" გრძელდება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ომი ჯერ არ დაწყებულა, ვითარება "სავაჭრო ომის" ზღვარზეაო. ალუმინისა და ფოლადის გადასახადის გაზრდის გარდა, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში ევროპიდან შეტანილ ავტომობილებზეც აპირებენ მოსაკრებელის გაზრდას. თავისთავად, გავრცელებულმა ცნობამ შეაშფოთა ავტომწარმოებლები. თუმცა ჟენევაში მიმდინარე ტრადიციულ ავტოგამოფენაზე სიახლეს უარყოფითად არ უმოქმედია. ევროპის ქვეყნები უკვე გაღიზიანებით აცხადებენ, რომ ასეთ მოპყრობას არ შევეგუებითო. როგორც მიმომხილველები აცხადებენ, ევროპელებმა შეიძლება უარი თქვან ამერიკული გაზის შეძენაზე. საკითხი ქვეყნებში აქტიურად განიხილება და გადაწყვეტილებასაც, სავარაუდოდ, მალე მიიღებენ.

საბაჟო ტარიფების გაზრდის მიზანშეუწონილობაზე ტრამპი კონგრესმაც გააფრთხილა, რომლებიც გადაწყვეტილებებით შეშფოთებულები არიან. მათი განცხადებით, ტარიფების გაზრდა აშშ-ის უშუალო მოკავშირეებს _ გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეას დააზარალებს. ტრამპი იძულებული გახდა, კანადას, მექსიკასა და ავსტრალიას არ გაუზარდოს გადასახადი. ექსპერტების განმარტებით, ფოლადის იმპორტის წილი ჩინეთიდან მხოლოდ სამი პროცენტი ყოფილა, რაც ჩინურ ეკონომიკაზე და მრეწველობაზე მნიშვნელოვან ცვლილებას ვერ მოახდენს. წინააღმდეგობების მიუხედავად, დონალდ ტრამპი თავის პოზიციას მტკიცედ იცავს: "…თუ არ გინდათ გაზრდილი ტარიფის გადახდა, გადმოიტანეთ თქვენი ქარხნები ამერიკაში და აქ აწარმოეთ პროდუქცია", _ ასე უპასუხა მან უკმაყოფილო მეწარმეებს.

როგორც ამერიკელი პოლიტოლოგები აცხადებენ, ტრამპი ასრულებს წინასაარჩევნო დაპირებას _ ამერიკა კვლავ აქციოს ზესახელმწიფოდ. თუმცა მის გუნდში განხეთქილებაა. საბაჟო ტარიფების გაზრდას არ დაეთანხმა ტრამპის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ჯერი კონი და თანამდებობიდან გადადგა.
რუსეთის, კერძოდ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ახალი შეიარაღების დემონსტრირებიდან ორი კვირა გავიდა, მაგრამ დღემდე განსჯის საგნად რჩება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ შეიარაღების დემონსტრირებას უპასუხისმგებლო ნაბიჯი უწოდა. თუმცა რას გულისხმობდა, არ დაუკონკრეტებია. მიუხედავად მკვეთრი განცხადებისა, როგორც დასავლეთის პრესა იუწყება, გაოცებულები არიან, რადგან არ მოელოდნენ ასეთი შეიარაღების ხილვას. ამერიკული პრესა შეცდომად მიიჩნევს საკუთარი ხელისუფლების პოზიციას, რომელიც რუსეთთან დიალოგს არ აწარმოებს. ოთხმა სენატორმა (მათ შორის სამი დემოკრატია და ერთი დამოუკიდებელი) წერილი გაუგზავნა სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს, სასწრაფოდ დაიწყოს რუსეთთან მოლაპარაკება მსოფლიოში სტრატეგიულ სტაბილურობაზე. ტილერსონის მოადგილემ ტომ შენონმა მათ უპასუხა, რომ მზად არიან, ნებისმიერ დროს აწარმოონ მოლაპარაკება რუსეთთან.

სენატორების აზრს იზიარებს მსოფლიოს კორიფე პოლიტიკოსი ჰენრი კისინჯერი. მისი განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება არათუ დროული, დაგვიანებულიც არის. აუცილებელია, სასწრაფოდ დაიწყოს ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთთან მოლაპარაკება. "…ამ საკითხის გადადება დაუშვებელია", _ განაცხადა ჰენრი კისინჯერმა.

რუსეთის პრეზიდენტის ფედერალურ კრებაზე მოხსენების შემდეგ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუ ჩაწერა NBC-ის ჟურნალისტმა მეგან კელიმ. აღსანიშნავია, რომ ამ ჟურნალისტმა შარშანაც ისაუბრა პუტინთან. ამის გარდა, კელის საკმაოდ ცუდი ურთიერთობა აქვს დონალდ ტრამპთან. შარშანდელისგან განსხვავებით, წლეულს გაცილებით მწვავე საუბარი ჰქონდა პუტინთან. ინტერვიუს სრული ვერსია, პარასკევს, როგორც ამბობენ, ყველაზე ყურებად დროს უჩვენეს ამერიკაში. ინტერვიუს ბოლოს თავის კომენტარში მეგან კელიმ განაცხადა: "…ნურავინ ეცდებით პუტინის ჭკუაში მოტყუებას". ვერაფერს იტყვის ადამიანი, უცნაური შეფასებაა ამერიკელი ჟურნალისტის მიერ.

"ბებერი ქალბატონის", ევროპის კონტინენტზე, როგორც ირკვევა, ყველაფერი როდი ყოფილა რიგზე. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნების პოლიტიკოსები ორგანიზაციას სსრკ-ს ამსგავსებენ. მათ უკმაყოფილებას განსაკუთრებით ბრიუსელის დიქტატი (როგორც მიაჩნიათ) იწვევს. ევროპელების განცხადებით, იძულებით ახვევენ თავს მათთვის მიუღებელს. ამასთან, ჩივიან, სუვერენიტეტი დავკარგეთო. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ არ შეიცვლება ევროკავშირის პოლიტიკა, შესაძლოა, ორგანიზაცია დაიშალოს კიდეც. მით უფრო, როდესაც ორგანიზაცია უკვე დატოვა დიდმა ბრიტანეთმა, ხოლო ავსტრია, უნგრეთი, ჩეხეთი, პოლონეთი სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას. ჩვენ კი მივილტვით ევროკავშირისკენ, მაგრამ იქ რა დაგვხვდება, ძნელი სათქმელია.

გია ბურდული

მეტის ნახვა
17-03-2018, 14:30


ვიზალიბერალიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები, გიორგი კვირიკაშვილის მიმართვა და რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივები – ამ და სხვა თემებზე „საერთო გაზეთს“ პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერი გოგი თოფაძე ესაუბრა:

– დავიწყებ იმით, რომ ევროპასთან უვიზო რეჟიმი უდავოდ პერსპექტიული ნაბიჯია, რომელიც ახალი კონტაქტების დამყრებისა და ახალი ტექნოლოგიების ათვისების საშუალებას იძლევა, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ მას ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობისგან დაცლა მოჰყვა. ვიზალიბერალიზაციის მინიჭებიდან ერთი წლის თავზე, საქართველოდან ჩასული კრიმინალებისა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გამო, გერმანია „შეჩერების მექანიზმის“ ამოქმედებაზე ალაპარაკდა. ამის მიუხედავად, მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება. ევროპამ მუსულმანური სამყაროს წევრებს არ მიუხურა კარი, რომლებიც ტერაქტებს აწყობენ, ქალებს აუპატიურებენ, შიშს და ქაოსს თესავენ და ქართველებს გამოყრიან? ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ქრისტიანი მუშახელი ურჩევნიათ, ვიდრე ისლამური ქვეყნიდან ჩასულები.

– ხელისუფლება უვიზო რეჟიმის შეფერხების თავიდან აცილებას გამკაცრებული ზომებით აპირებს. ახალი რეგულაციებით, ყველა დამრღვევს უკან დაბრუნების ანუ რეადმისიის ხარჯების გადახდა თავად მოუწევს. ფინანსურ სანქციებთან ერთად, შესაძლოა, გვარის შეცვლის პროცედურებიც გართულდეს.

– მარტო ეს არ გვიშველის. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ სანამ წარმოებებს არ ავამუშავებთ და ხალხს არ დასავაქმებთ, არაფერი გამოვა. ისტორიას თუ გადავხედავთ, უფრო მძიმე პერიოდებიც გვქონია, მაგრამ ყოველთვის ვპოულობდით გამოსავალს. ახლაც ვიპოვით თუ წარმოების ამუშავება და ხალხის დასაქმება მოხერხდა. ამდენი უცხოელი მრჩეველები ჩამოდიან, სავალუტო ფონდი და „მსოფლიო ბანკი“ ჭკუას გვასწავლიან და არავის უთქვამს წარმოება გააკეთეთ და მოსავალი გადაამუშავეთო. პირიქით, წლების მანძილზე ჩაგვჩიჩინებდნენ, რომ ტექნოლოგიებს ჩამოვრჩით და ფასეულს ვერაფერს შევქმნით, ამიტომ წარმოება და სოფლის მეურნეობა უნდა დავივიწყოთ და ტურიზმს და სატრანსპორტო კორიდორის ფუნქციას დავჯერდეთ. რას ვერ შევქმნით, როცა თვითმფრინავიდან დაწყებული, ავტომობილებით დამთავრებული, ყველაფერს ვაწარმოებდით. 5 მილიონზე მეტნი ვიყავით და პროდუქცია ექსპორტზე გაგვქონდა. 300 ღვინის ქარხანა გვქონდა,100-ზე მეტი საკონსერვო და 15 ეთერზეთების ქარხანა, ჩაის ფაბრიკები და ეს ყველაფერი სრული დატვირთვით მუშაობდა. ფაბრიკა-ქარხნები მოშალეს, გაანადგურეს და ჯართად გაყიდეს და მოსახლეობა როგორ უნდა დავასაქმოთ? ახლა ჩვენი მოქალაქეები ჩაის და ციტრუსებს თურქეთში კრეფენ. კიტრი, პომიდორი, კარტოფილი, ხილი და ლამის მწვანილიც შემოგვაქვს და მის ხარისხსაც ვერ ვაკონტროლებთ, ამიტომ მეტწილად, უხარისხო და გემოდიფიცირებული პროდუქცია შემოგვაქვს.

– კი, მაგრამ თქვენი საკანონმდებლო ინიციატივით, საქართველოში ცოცხალი, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემოტანა და წარმოება ხომ აიკრძლა?


– აიკრძალაა, მაგრამ კანონი ძალაში 2017 წლის 1 იანვრიდან უნდა შესულიყო, მერე 2018 წლისთვის გადაიტანეს და ჯერჯერობით, ამ მიმართულებით, არაფერი ისმის. სამწუხაროდ, თანამედროვე ლაბორატორიაც არ გვაქვს, რომელიც ანალიზებს ჩაატარებს. თუ ევროპისკენ მივდივართ, ევროპაში პროდუქციაში გმო-ს დასაშვები ზღვარი 0,9%-ია და ჩვენთან, ხანდახან 40% მდე ადის. რა თქმა უნდა, ბოლო წლებში სოფლის მეურნეობაში ბევრი რამე გაკეთდა, უამრავი ფონდი შეიქმნა და საქართველოში მოუხნავ მიწას ვეღარ ნახავ, მაგრამ ეს საკმარისი არაა და გაცილებით მეტის გაკეთებაა საჭირო. უახლოეს 3–4 წელიწადში, ალბათ, აქამდეც მივალთ.

– საქართველოს პრემიერ მინისტრის რუსეთის ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ განცხადებას ოპოზიციამ უღირსი და კაპიტულანტური უწოდა, თუმცა განცხადების გაკეთებიდან 24 საათის შემდეგ, ცხინვალის რეგიონში გარდცვლილ არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი გაათავისუფლეს და ისინი უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. თქვენ როგორ შეაფასებთ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას?

– ყველამ ვიცით, რომ რუსეთი „საჩუქარი“ არაა და ამხელა ქვეყანა კიდევ სხვების ტერიტორიებს ეპოტინება. იაპონია კურილიის კუნძულებში ასობით მილიარდებს იხდის და არ თმობენ, მაგრამ ეს კონტაქტები ყველა შემთხვევაში, რაღაცას მოგვიტანს. თუ გვინდა, რომ ოდესმე ჩვენი ტერიტორიები დავიბრუნოთ და რუსეთში ექსპორტი გავიტანოთ, ჩრდილოეთ მეზობელთან რეალური ურთიერთობა უნდა შევქმნათ. დასავლეთმაც გარკვევით მიგვანიშნა, რომ რუსეთთან საერთო ენა უნდა გამოვნახოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების გარეშე, მხოლოდ დასავლეთის შეშფოთების ხარჯზე, დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. ისიც უნდა გვხსოვდეს, რომ ნატოსთან ერთად, საქართველოში თურქეთიც შემოვა. ეს რომ რუსეთმა დაუშვას, ჩრდილოეთ კავკსიასაც დაკარგავს. 2021 წელს ყარსის ხელშეკრულებიდან, რომლის ძირითადი მხარეები რუსეთი და თურქეთი არიან, 100 წელი სრულდება, ამიტომ რუსეთის ლანძღვა კარგს არაფერს მოგვიტანს. რეალურად, მსოფლიოს ახლა სხვა პრობლემები აქვს და საქართველოს ბედი არავის აწუხებს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ პრინციპულები უნდა ვიყოთ და აგრესიულ მეზობელთან საერთო ენა უნდა მოვნახოთ და ეკონომიკის გაძლიერებაზე ვიმუშაოთ. პრობლემების შესახებ ყოველ წუთს გვესმის, მაგრამ არვინ ამბობს ბოლო წლებში რამდენი სიკეთე გაკეთდა. რა თქმა უნდა, ხარვეზები არის, შეიძლება სახსრებიც არასაკმარისია, მაგრამ შეუძლებელია, გონიერმა ქართველმა არ აღიაროს, რომ წარმოების გარეშე, ქვეყანა ფეხზე ვერ დადგება. მჯერა, რომ უახლოეს წლებში ეს საკითხები დღის წესრიგში დადგება. ფაბრიკა-ქარხნები ისევ აგუგუნდება და ემიგრანტები დაბრუნდებიან. მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ასე იქნება.

ნელი თორდია

მეტის ნახვა
17-03-2018, 13:30


ვაგრძელებთ საუბარს ტელემედიაში არსებულ პრობლემებზე. "საერთო გაზეთის" სტუმარია პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე:

_ ბატონო რამაზ, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეკლამის განთავსების უფლების მინიჭებამ კერძო ტელევიზიები გააღიზიანა. რამდენად ლოგიკურია საზოგადოებრივი და კერძო ტელევიზიები ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ და რატომ გახდა საზ.მაუ მწვავე თავდასხმის ობიექტი?

_ ზოგადად, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეკლამის გაზრდა კომერციულ ტელევიზიებს, ცოტა არ იყოს, ნერვებს უშლის იმდენად, რამდენადაც საქართველოში სარეკლამო თანხები საკმაოდ მწირია. თუმცა, მეორე მხრივ, რეკლამის თავისებურებაა მასთან მივიდეს, ვისაც მაყურებელი უყურებს. თუ საზ.მაუ-ს არავინ უყურებს, მაშინ რეკლამა მასთან არ მივა. რაც შეეხება საზოგადოების, ანუ მომხმარებლის დამოკიდებულებას ამ მოვლენის მიმართ – ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ მესამე სექტორმა – არასამთავრობო ორგანიზაციებმაც იმაზე ატეხეს ყვირილი, რაზეც კერძო სექტორი წუხს. ანუ, ისინი, რატომღაც, კერძო სექტორის გვერდით განლაგდნენ. ამ დროს, ამ პროცესში, სწორედ საზოგადოებრივი მხარე არის დაზარალებული და წესით, არასამთავრობოებს როგორც საზოგადოების წარმომადგენლებს, უკმაყოფილება სწორედ საზოგადოების პოზიციიდან უნდა გამოეთქვათ. საზოგადოებრივი ტელევიზიის ძირითადი ფუნქცია სწორედ ის არის, რომ წამგებიანობის მიუხედავად, ექნება თუ არა მას ამისგან მოგება, ხალხს მაღალი ხარისხის პროდუქცია მიაწოდოს, ეს იქნება მუსიკა, კინო, ლიტერატურა თუ სხვა. ანუ, საზოგადოებრივი ტელევიზია გამიზნულია იმისკენ, რომ მოსახლეობა გაზარდოს და მაღალი კულტურის პროდუქციამდე მიიყვანოს. აი, რაზე უნდა ედარდა ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციებს. წესით, ამ ტიპის პრობლემების წამოწევა და ხმაურია მათი ფუნქცია და არა კომეციული ტელევიზიების მხარდამხარ დგომა. 

– მაინც რა არის კერძო ტელევიზიების ასეთი გულისწუხილი. მათი პრობლემა მხოლოდ რეკლამაა თუ ძაღლის თავი სხვაგან არის დამარხული? 

– ძაღლები ძალიან მიყვარს, მაგრამ მისი თავი, ალბათ, ბევრგან მარხია. ერთ-ერთი ის არის, რაც ზემოთ აღვნიშნეთ: თუ სარეკლამო დროის თანხები განაწილდება, მათ, რა თქმა უნდა, ნაკლები ერგებათ, რაც წუხილის სერიოზული მიზეზია და არც გასაკვირია. 

– საზ.მაუს დაფინანსება გამჭირვალეა, მაგრამ ვინ დგას კერძო ტელევიზიების უკან, არ ვიცით, მათი საქმიანობა, აბსოლუტურად, გაუმჭირვალეა. ეს რა საფრთხის შემცველია?

– ეს პრობლემა ყველა ქვეყანას უდგას. თანამედროვე მსოფლიომ აქედან გამოსავალი არ იცის. არადა, ამას თავისი პოლიტიკური მხარე გააჩნია, რაც შემდეგში მდგომარეობს: კი ბატონო, მთავრობა პირდაპირი დირექტივით ტელევიზიას არ მართავს, მაგრამ შეუძლია ამის საფასური მთავრობასთან დაახლოებულ ბიზნესს გადაახდევინოს და პოლიტიკური ზეგავლენა უკვე ეკონომიკური ბერკეტებით მოიპოვოს. ასე, რომ სახელმწიფოს მხრიდან მართვა პოლიტიკურად ნეიტრალური ტელევიზიების არსებობას არ გამორიცხავს. ისინი, ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფების ხელში, შეიძლება, ინსტრუმენტი აღმოჩდნენ. ამ საკითხებზე როცა ვმუშაობდი, ერთი პოლონელი ექსპერტი გვყავდა ჩამოყვანილი. მან, მაშინ როცა ჯერ კიდევ არ იყო ლაპარაკი რუსეთის ჰიბრიდულ ომებსა და საინფორმაციო პოლიტიკაზე, ჩვენ გვითხრა: თქვენ, ღარიბი ქვეყანა ხართ და დიდი ქვეყნების გავლენას წინ ვერაფრით აღუდგებით, ისინი თქვენს მედია-სივრცეს დააფინანსებენ, რითაც თავიანთ საინფორმაციო პოლიტიკას გაატარებენ. ერთადერთი გზა, ამ ყველაფრისგან თავის დაზღვევის, საზოგადოებრივი ტელევიზიის შექმნააო – გვითხრა მან. პოსტ.საბჭოთა სივრცეში მართლაც სასწრაფოდ საზოგადოებრივი ტელევიზიები შეიქმნა. ეს ფუნქცია საზოგადოებრივი ტელევიზიისაა _ მან იმის გაკეთება უნდა მოახერხოს, რასაც ვერ ან არ ახერხებს კომერციული ტელევიზია. ასე, რომ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის, საინფორმაციო სივრცის დაცვის თვალსაზრისითაც, საზოგადოებრივი ტელევიზია აუცილებელია. ვიმეორებ, სამწუხაროა, რომ ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციებს ეს მხარე არ ანაღვლებთ.

– თავად მედიას როგორ ესმის სიტყვის თავისუფლება? ტელევიზიები რაც მოეპრიანებათ იმ ინფორმაციას ავრცელებენ, მერე, ამას სიტყვის თავისუფლებად ნათლავენ და პასუხსაც არ აგებენ.

– კი, კი, ასეა, ოღონდ, აქ, ერთი რამ მოხდა, რითაც საქართველო, ამ მხრივ, შეიძლება უნიკალურიც იყოს: მედია ძალიან ძლიერი აღმოჩნდა იმ მხრივ, რომ მან სახელმწიფო სტრუქტურები ძალიან დააშინა. ანუ, პიარ-ამოცანამ ბევრ პოლიტიკოსში მედიის შიში უფრო გამოიწვია, ვიდრე სხვა რამ. მოგეხსენებათ, მედიის მიმართ შიში არც უცხოეთისთვის არის უცხო. მათაც მიაჩნიათ, რომ მედიის გადაკიდება არ ღირს. თუმცა, უცხოეთში არ ხდება ის, რაც შედეგად ჩვენ მივიღეთ. ანუ, სურათი ასეთია: ფაქტობრივად, "თავისუფლების ინსტიტუტის" ხელშეწყობით, დაჟინებული მოთხოვნით (მაშინ მე და გიგა ბოკერია ბევრს ვკამათობდით) მედიის მიმართ ყველა ტიპის სანქცია გაუქმდა. კერძოდ, გაუქმდა ის მუხლები, რომლებიც კრძალავდა დეზინფორმაციის გავრცელებას, აუცილებლობას, რათა პროპორცია დაცული ყოფილიყო, ინფორმაციის ცალმხრივად გაშუქების დაუშვებლობას და ა.შ. მაშინ მეგონა, რომ ეს მხოლოდ კამათი იყო რაღაც იდეის გარშემო, თუმცა, "ვარდების რევოლუციის" მერე მივხვდი, რომ მსგავსი ნაბიჯებით მათ, ფაქტობრივად, "ვარდების რევოლუცია" გაამზადეს, მას პოლიგონი მოუსუფთავეს. ასე, რომ კანონმდებლობის შექმნა გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურით მოხდა. შედეგად რა მივიღეთ?! დასავლეთში ბევრ ანალოგიურ საკითხს სასამართლო არეგულირებს. ანუ, ცილისწამებისთვის იმდენად დიდ თანხებს ახდევინებენ, რომ მედია ორგანიზაცია შეშინებულია, მათ არ აწყობთ ამ თანხების გადახდა. საქართველოში ასეთი რამ არ ხდება. სანამ სასამართლო სისტემა არ ამუშავდება, იმ ზომიერების ბალანსს, რომელიც მედიას დასავლეთში აქვს, ვერაფრით მივაღწევთ. ამ პრობლემას არაფერი ეშველება, სანამ სასამართლო სისტემას ხელი-ფეხი არ აეხსნება. ეს კანონმდებლობის ბრალიც არის და მოქალაქეებისაც _ მოქალაქის მიერ მედიისგან გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ჩივილი ძალიან იშვიათია.

– მედია-საშუალებები რომლებიც სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიას იჩემებენ, ამ დროს, ძალიან მტრულნი და აგრესიულნი არიან. ამ შემთხვევაში, რა პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს მედიასთან ურთიერთობის თვალსაზრისით?

– ეს ცოტა ძნელი საკითხია – აქვს კი საერთოდ რაიმე პოლიტიკა? _– თარი თავის გარდა ბევრი არაფერი აწუხებთ. შესაბამისად, არ აწუხებთ, რომ შეიძლება საზოგადოებამ სახე დაკარგოს იმის გამო, რომ ხელისუფლება არ მოუვლის მასმედიას. ასეთი ზრუნვის მაგალითები უცხოეთში ბევრია. მაგალითად, ბელგიაში საზოგადოებრივი ტელევიზიის ფონდთან ერთად ბეჭდური მედიის ფონდიც არსებობს. აქაც, იგივე პრინციპი ვრცელდება _ ძირითადი მიზანი მაღალი ხარისხის ბეჭდური პროდუქციის ხელშეწყობა და მერე, საზოგადოების გემოვნებაში იმ აზრის ჩამოყალიბებაა, რომ მაღალი ხარისხი დაბალს სჯობს. ჩვენ წინასწარ გავიძახით: საზოგადოებას უკეთესი ურჩევნიაო. საზოგადოებას ურჩევნია უკეთესი ფეხსაცმელი, მანქანა და ა.შ. მაგრამ ხელოვნება, ლიტერატურა, ინტელექტუალური პროდუქცია უკეთესი რომ იყოს, ამას გემოვნების გამომუშავება სჭირდება. 

– აშკარაა, ქართული ტელევიზიები ბევრს სცოდავენ. მათი საქმიანობა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო ტერორს ხომ არ ჰგავს?


– სპეციფიკა მედიაში დევს. თუკი მედია სახელმწიფოს მიმართ აგრესიას შეინარჩუნებს, იგი უფრო ადვილად გაიყიდება, გასაღდება. მოსახლეობის დიდ ნაწილს სახელმწიფოს მიმართ მისი აგრესია გულს ფხანს. შესაბამისად, მედია არის კიდეც აგრესიული. მოსახლეობა სახელმწიფოსთან მიმართებაში გულს რომ იფხანს, ნუ გაგვიკვირდება. ერთი რეჟისორი წერდა: `ოტელო~ ცამეტჯერ დავდგი და სულ მაწუხებდა კითხვა _ რას ერჩოდა იაგო ოტელოს, რატომ ვერ იტანდა. ამასობაში ჯარში წასვლა მომიწია. დაბალი ჩინის ოფიცერი ვიყავი და მივხვდი, რატომ შეიძლება გქონდეს ზედა ჩინის ოფიცრების მიმართ აგრესია. კითხვებიც მომეხსნაო. დაახლოებით, იგივე მდგომარეობაა ფართო საზოგადოებასა და მთავრობას შორის. ზემდგომების მიმართ საზოგადოებაში აგრესია იყო, არის და იქნება. თუკი მედია შემოსავალს სხვაგვარად ვერ გამოიმუშავებს, მაშინ მუდამ აგრესიული იქნება.

– ბატონო რამაზ, სააკაშვილის დროს ტელევიზიები აყვავებულ ქვეყანაზე მოგვითხრობდნენ, ახლანდელს კი პიარი საერთოდ არ ანაღვლებს. რეალურად, როგორ უნდა იყოს?

– მოსახლეობაში აზრის ჩანერგვა–  ქვეყანა ყვავისო, საბჭოთა პერიოდშიც იყო, რაც სახარბიელო ნამდვილად არაა. იგივე ხდებოდა სააკაშვილის პერიოდშიც. ასეთი `ჩანერგვით~ ბედნიერი დიდხანს ვერ იქნები. საკმარისია ერთი ბზარი გაჩნდეს, მთელი საზოგადოება აფეთქდება. მსგავსი აფეთქება საბჭოთა კავშირის მიმართაც ვნახეთ და მიშასიც. ასე, რომ ასეთი ხელოვნური იდეოლოგია დიდი ხეირის მომტანი არ არის. რაც შეეხება საკითხს თუ როგორ ვაკეთოთ პიარი _ ეს რთული არ არის, უბრალოდ, სახელმწიფომ პიარისთვის თანხები უნდა გამოყოს და სახელმწიფომ იზრუნოს მოსახლეობას შესაბამისი შეტყობინებები გაუგზავნოს. მედია მრავალფეროვანი უნდა იყოს. ჩვენი პრობლემა იმაშია, რომ ხელთ ერთფეროვანი, მოჭიჭყინე, აგრესიული მედია შეგვრჩა, მეტი არაფერი.

– წეღან, საინფორმაციო ტერორი ვახსენეთ. "უსთავი2"-მა მუხთარლისთან ინტერვიუ ჩაწერა. ამ უკანასკნელმა პრემიერი და ბიძინა ივანიშვილი მის გატაცებაში დაადანაშაულა. ამ ტელევიზიამ საქართველო ტერორისტულ ქვეყანად გამოიყვანა, სადაც ხალხს იტაცებენ. ასე, რისთვის გაისარჯა?

_ სახელმწიფო სტრუქტურები ჯანდაბას, "რუსთავი2"-ის ქმედებით, ქვეყანა ვარდება ცუდ დღეში. რაზეც თქვენ ჩივით, ეს იმ პოლიტიკური გუნდის იდეოლოგიით კეთდება, რომელსაც "რუსთავი2" ერთგულად ემსახურება. თავად "რუსთავი2" მედია არ არის, ეს არის პარტიული ორგანო. იგი აკეთებს იმას, რასაც პარტია უბრძანებს. ასე, რომ მედიის თავისუფლებაზე კი ლაპარაკობს ბევრს "რუსთავი2", მაგრამ ყველაზე ნაკლებ თავისუფალი თავად არის.

– "რუსთავი2"-ს სახელმწიფო ბიუჯეტის საკმაოდ დიდი ვალი აქვს. 2001 წელს ტექნიკა შემოიტანეს, რომელიც არ განუბაჟებიათ. სააკაშვილის დროს
მილიონები ჩამოაწერეს. ამიტომ ახლაც დიდ გულზე არიან: სახელმწიფო ვალს რატომ გვთხოვსო. ამ დროს, 500 ლარის გადაუხდელობის გამო კონკრეტულ სუბიექტს, შეიძლება წარმოება გაუჩერონ. ეს რას ნიშნავს?


– თქვენს მსჯელობაში ერთი კითხვა მომიმწიფდა. თუკი ქვეყანაში ყაჩაღობა იქნება, თქვენ, პრეტენზია სახელმწიფო სტრუქტურების ანუ, პოლიციის მიმართ გექნებათ თუ ყაჩაღების?! _ სახელმწიფოს მიმართ ხომ?! ანალოგიურად, "რუსთავი2" ყაჩაღობს. ვის მიმართ უნდა გვქონდეს პრეტენზია? – რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მიმართ. თუკი სახელმწიფო მას ყაჩაღობის უფლებას აძლევს, იგი იყაჩაღებს. ისევ იმ პრინციპს მივადექით – მოდი, ჩავაგონოთ და იქნებ ინამუსოს. არ აქვს "რუსთავი2"-ს ეს ნამუსი და მოკალი. ამიტომ, სახელმწიფო მანქანამ ცოტა უფრო გაბედულად, უშიშრად უნდა იმუშავოს, მაშინ აღარ გვექნება ის სურათი, რაც ახლაა – "რუსთავი2"-ის დაძახილზე, პრაქტიკულად, მთელი მთავრობა ცხადდება ინტერვიუს მისაცემად იმიტომ, რომ ამ ტელევიზიის ეშინიათ. აი, როცა მედიის ეშინიათ სწორედ მაშინ ჩნდება ის პრობლემები, რაზეც ახლა, თქვენ, აქცენტს აკეთებთ. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მედიის შიში დაისადგურებს, ანალოგიური სიტუაცია შეიქმნება. ამიტომ, მთავარია შენს სახელმწიფოს მედიის, ქურდის, მძარცველის არ ეშინოდეს. თუკი შეეშინდება, მძარცველები რომ გამოჩნდებიან, პოლიცია გაიქცევა ხომ?! ანალოგიური პრობლემაა აქაც – თუკი მედია კანონს არღვევს, სახელმწიფოს არ უნდა ეშინოდეს, მაგრამ თუ ეშინია, მაშინ იგი ისევე ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, როგორც შეშინებული პოლიციელი.

– ბატონო რამაზ, ჩვენს ქვეყანაში რიგი ტელევიზიების მფლობელები თამბაქოს მაგნატები არიან. რაში სჭირდებათ მათ ტელევიზიებში მილიონების ხარჯვა? რას აკეთებს ამ დროს სახელმწიფო?

– ვიმეორებ, ჩვენი სახელმწიფოს პრობლემა არის მშიშრობა. სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, მაგრამ არ ერევა. სხვათა შორის, ახლახან, ერთი ყმაწვილი შემხვდა და ხუმრობით ჩაილაპარაკა: მგონი სააკაშვილის დრო მოგვენატროსო. ამაში არ იდო ის აზრი, რომ მას ცოცხები მოენატრა. იგი ერთ-ერთი პირველი იდგა იმ დროს საპროტესტო აქციებზე, მაგრამ მას უშიშარი ხელისუფლება მოენატრა. სააკაშვილის ხელისუფლება უშიშარი ნამდვილად იყო. ჩვენი ხელისუფლება თუ გააცნობიერებს იმას, რომ შეშინებულ სახელმწიფოში ყოფნა ნებისმიერი მოქალაქისთვის მიუღებელია ისევე, როგორც შეშინებული პოლიციელი, იქნებ ცოტა დაფიქრდნენ და სახელმწიფო პრობლემები გადაწყვიტონ.

რაც თქვენ ბრძანეთ, ქვემეხებზე უფრო ხშირად, სულხან-საბასი არ იყოს, სიტყვით დაკოდილობა შეიძლება უარესია, ვიდრე ცულით. აქაც, გამოიძებნებიან ადამიანები რომლებიც ამ მდგომარეობაში გამოსავალს იპოვნიან. მაგრამ იმისთვის, რომ ასეთი ადამიანები გამოჩდნენ, აუცილებელია ჩვენი ძალისხმევა. ამ საკითხებზე მართალი მსჯელობა, განხილვა, მგონი, საშურია.

თამარ შველიძე


მეტის ნახვა
17-03-2018, 10:30