არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას ქვეყნის უმაღლესის ხელისუფლების წარმომადგენლები, ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და უბრალო მოქალაქეები ესწრებოდნენ.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.  ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.
ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც რამდენიმე წუთის წინ არჩილ ტატუნაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განცხადება გააკეთა. მან არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.



 

მეტის ნახვა
24-03-2018, 17:30


სკოლის მოსწავლეების დაჭრის, ჩხუბის, მოკვლის საზარელი ისტორიების შემდეგ, ყოველთვის თვალი გამირბის მოზარდებისკენ, საკმარისია რამდენიმე ერთად დავინახო და მექნიკურად, ვაკვირდები: ხომ არ ჩხუბობენ, ხომ არ კამათობენ?
აღმაშენებელზე რამდენიმე მოსწავლე შევნიშნე ერთად შეკრებილი, გაცხარებით საუბრობდნენ, ნაბიჯი შევანელე, თასმისკენ დავიხარე, თან ვცდილობ მოვისმინო, რაზე საუბრობენ:


- მე დღეს 20 კილო მოვიტანე, მაგრამ ნიას მამამ 100 კილომდე მაინც მოიტანა.

- მეც მაქვს სახლში ერთი ყუთი გადადებული.

- კი მესამე ადგილზე ვართ, მაგრამ სულ რაღაც 30 ქულით ვუსწრებთ მეოთხე ადგილს და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოვრჩეთ.

- აუ, რამდენიმე ქულა, ტელეფონი რომ დაგრჩა ჩართული გაკვეთილზე, იმისთვისაც დაგვაკლეს.

– შენ რომ დავალება არ გეწერა, რა გგონია, მაგის გამო არ დააკლდა მთელ კლასს ქულა? ბიჭო, გადაიწერე მაინც, ან მოგვწერე და დაგაწერინებთ.

ვა, რა კილოგრამები, რისი მიტანა, რომელი ქულები? რა ადგილი? ჯერ რაღაც თავანი მეგონა, მერე კლასი და დავალებაო, რომ ახსენეს – უფრო დავიბენი. გადავწყვიტე მეკითხე. ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. თბილისის 23-ე საჯარო სკოლის მერვეკლასელები აღმოჩნდნენ ბავშვები. კილოგრამებით – მაკულატურის შეგროვებას ითვლიდნენ, ქულებით კი – სკოლის დირექტორის მიერ დაწესებულ აქტივობებში გამარჯვებას.
როგორც გავარკვიე, 23-ე საჯარო სკოლა საკუთარ პროექტ „რეიტინგს“ – ახორციელებს უკვე წელიწადია. ეს არის ნაკრები სახალისო აქტივობების, რომლებიც თავის მხრივ ხელს უწყობს რიგი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
როგორც დირექტორი მაგდა ბარამიძე ამბობს: ეს აქტივობები, გარდა უნარ-ჩვევების გამომუშავებისა, აუმჯობესებს სწავლისა და დისციპლინის ხარისხს მოსწავლეებს შორის.

მაგალითად, სპიკერების კონკურსი – აკადემიური აქტივობა – ამ კუნკურსმა სპიკერის უნარ-ჩვევების მქონე ბავშვები წარმოაჩინა. თითო კლასს უნდა წარმოედგინა თითო სპიკერი: ბავშვები იწყებდნენ საუბარს ფრაზით: ჩემი აზრით – და შემდეგ ავრცობდნენ, რეგლამენტი ჰქონდათ 15 წუთი და მათ აფასებდნენ სკოლის მასწავლებლები, უფროსკლასელები და მოწვეული სტუმრები.
პროექტში მონაწილეობენ მე 7-დან მე 10 კლასის ჩათვლით მოსწავლეები – მაგრამ სხვა კლასებიც ჩართული არიან. უფროსკლასელები – შეფასების სისტემაში მონაწილეობენ, მსაჯობენ სპორტული შეჯიბრებების დროს.

ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის პირადად, აქტივობა – იზრუნე პატარაზე. პროექტში ჩართული მოსწავლეები უმცროსკლასელებს ეხმარებიან ჩანთების კლასამდე მიტანაში და პირიქით, უკეთებენ სიურპრიზი: ახალი წლის თუ დაბადების დღის მილოცვა, მაგალითად, ფერადი ბუშტებითა და კანფეტებით, დედის დღისთვის დაეხმარნენ მისალოცი ბარათების დაწერაში და ასე შემდეგ.

თავის მხრივ, პატარებმაც მოუმზადეს რამდენჯერმე სიურპიზი უფროსკლასელებს, მადლობის ნიშნად.
მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას ემსახურება ერთ-ერთი აქტივობა, რომლის ფარგლებშიც მე 7 და მე 10 კლასელები გაკვეთილს უტარებენ უმცროსკლასელებს. ისინი თავად გეგმავენ გაკვეთილს, შემდეგ უთანხმებენ მასწავლებელს და მეორე ცვლაში ატარებენ უმცროსკლასელებისთვის გაკვეთილს. ჩემდა გასაოცრად, ამ აქტივობაში ბიჭების ჩართულობა ძალიან მაღალია. როგორც დირექტორმა მაგდა ბარაბიძემ მიამბო: უმეტესობას ისეთი სტრუქტურიზებული გაკვეთილი ჰქონდა, გამოცდილ პედაგოგსაც შეშურდებოდა.

„მოუარე შენს სკოლა“ – მოსწავლეებმა გაზაფხულის დადგომისთანავე მოხატეს მთელი მესამე სართულის ფანჯრები. შემდეგ გაასუფთავენებ და თავიდან, თემატურად მოხატავენ. საახალწლოდ, ყველა კლასმა თავისებურად და საკუთარი ხელებით მორთო საკუთარი კლასი. ერთ დღეს, შეიძლება ადრე მოვიდნენ და მთელი სართული დაალაგონ – მოვა სკოლის დამლაგებელი და დალაგებული ხვდება.

„სიკეთის ბუმერანგი“ – ესეც, ჩემთვის ყველაზე საინტერესო აქტივობაა: ერთი კლასი თავის წილ სიკეთეს დადებს თუ არა ქვაზე, მეორე კლასს გამოიწვევს, ის მეორე მესამეს და ასე ატრიალებენ ბავშვები სიკეთის ტკბილ და თბილ სუნს სკოლაში. სიკეთის გამოწვევების ვიდეოები სკოლის ფეისბუქგვერდზე დაიდება.

ამ მომენტისათვის 20 სასწავლო, საგნობრივი პროექტი მიმდინარეობს. მასწავლებელი აძლევს კლასს სასწავლო პროექტს და შემდეგ კათედრები აფასებენ 10-დან 100 ქულამდე. ეს პროექტი უშუალოდ საგნის ცოდნაზეა ორიენტირებული.

პარალელურად ტარდება მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ჩატარდა ფოტოკონკურსი: ჩემი თვალით დანახული მომავალი.
მალე დაიწყება ინტელექტუალურ-გასართობი შოუ „განძის ძიება“. სკოლა გეგმავს, მიმანიშნებელი სიტყვებისა და გამოცანების მიმაფანტვას ახალი აღმაშენებლის ფეხმავალ ნაწილზე. ასე ბავშვები სახალისო თამაშის გარდა – საცხოვრებელ ადგილსა და უბანსაც შეისწავლიან.
რაც შეეხება „სადამსჯელო“ ქულებს, ანუ მინუს ქულებს – ისინი იწერება დისციპლინარულ გადაცდომებზე, დაგვიანებისას, საშინაო დავალებისა და სასკოლო ნივთების არქონის დროს (რა თქმა უნდა, დავალებები და ნივთები სპონტანურად მოწმდება).

დიდი მნიშვნელობა ენიჭება მხარდამჭერთა კლუბს – მშობლების აქტივობებს, ცალკე ტარდება დედებისთვის აქტივობები და კონკურსები, ცალკე მამებისათვის. სულ მალე იგეგმება „მამების ფეხბურთი“. ბავშვები და მშობლები აქტიურად აგროვებენ მაკულატურას – მაკულატურით მოგროვებული თანხით უკვე შეიძინეს ბავშვებმა სკოლისთვის – პროექტორი.

გამარჯვებული კლასი მიიღებს „ოცნების საკლასო ოთახს“ – რომელიც იქნება ყველაზე მაგრად აღჭურვილი კლასი.
გულდაწყვეტილი არც მეორე და მესამე ადგილზე გასული კლასები დარჩებიან.
სკოლის ფეისბუქგვერდზე ყოველდღიურად იდება სიახლეები, ყოველდღიურად ულოცავენ დაბადების დღეებს მოსწავლეებს, ყოფილი მოსწავლეების წარმატებებზე წერენ, ამჟამინდელი მოსწავლეების მიღწევებზე: მაგალითად, ახლა მთელი სკოლა თალს ადევნებს ალექსანდრე შვანგირაძეს – რომელიც ჩონგბურთის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობს.

შენი სკოლა ამაყობს შენით! – ეს სკოლის სლოგანია. დირექტორის თქმით, იგი თითოეული მოსწავლით ამაყობს: სკოლა არ არის მხოლოდ აკადემიური განათლება, მოსწავლეებმა უნდა გამომიმუშაონ საჭირო უნარ-ჩვევები, სკოლა უნდა დაეხმაროს მათ, თავი წარმოიჩინონ სპორტში, მოაწყონ გამოფენები, განახორციელონ პროექტები. ნახონ რა მადლი და სიამოვნებაა, ადამიანების დახმარება. მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა იზრდებოდნენ პიროვნულად და მუდმივად უნდა ვითარდებოდნენ და ამის საწყისი სკოლამ უნდა მისცეს. უმარავი გამოხმაურება გვაქვს მშობლებისგან, ბავშვები ყოველდღიურად ამოწმებენ სკოლის გვერდს. ჩემთვის მთავარია, საინტერესო და სასარგებლო გახდეს სკოლაში ყოფნა. ბავშვების ბედნიერი სახეების დანახვაზე უკეთესი არაფერია.
მშობელი თამარ ჭანტურია: ასე ახლოს ჩემს შვილთან არასოდეს ვყოფილვარ, სულ უფრო ხშირად ვსაუბრობთ სკოლაზე და სკოლის პროექტებზე. დედების კონკურსში ჩვენმა კლასმა გაიმარჯვა. კონკურსამდე ყველა წვრილმანში მედგა შვილი გვერდით, მეხმარებოდა, აზრს მიზიარებდა. ნათქვამი გვქონდა, რომ მთავარი მონაწილეობაა და არა გამარჯვება. მაგრამ, ისეთი ბედნიერი იყო, ისეთი ამაყი იყო, რომ გავიმარჯვეთ – ეს ემოცია მთელი ცხოვრება გამყვება. ყველაზე მთავარი მაინც ურთიერთობაა, მშობლისა და შვილის ურთერთობა საერთო საქმისთვის, ყველამ იცით, როგორი იშვიათი გახდა კომპიუტერისა და ტელეფონების საუკუნეში, ადამიანური ურთიერთობები და პატარა ბავშვივით მიხარია, რომ მე და ჩემს შვილს საერთო საქმე გვაქვს და ეს საერთო საქმე – ჩემი შვილის სკოლაა, ჩვენი სკოლაა.

რა უნდა დავამატო – ალბათ, უნდა ვთქვა: რომ ბავშვი, რომელიც სკოლაში სწავლობს სიკეთის კეთებას, უმცროსის დახმარებას და უფროსის პატივისცემას – კარგი ადამიანი გაიზრდება. ბავშვი, რომელიც დედის სიყვარულს უზიარებს მასზე პატარას, მეტად შეძლებს ოჯახის და მშობლების დაფასებას. ბავშვს, რომელსაც არ სჭირდება სკოლის გარეთ ათას წრეზე სირბილი, საკუთარი ნიჭის გამოსავლენად და წარმატების მისაღწევად, რომელიც საკუთარი სკოლის კედლებში აწყობს გამოფენას – მეტი დრო დარჩება მშობელისა და მეგობრებისთვის და მეტი მოტივაცია გაუჩნდება სწავლის.
ალბათ, სხვა სკოლებზეც უნდა ვთქვა ორიოდე სიტყვა: ჩემი მეგობრის შვილი, მესამეკლასელი, ყოველ დღე ითხოვს სკოლაში დავალების შემოწმებას – ამბობს, რა აზრი აქვს თემის დაწერას, თუ მასწავლებელი არც კითულობს და ვერც ვიგებ, სწორად მიწერია, თუ არაო. მეორე მეგობრის შვილის პედაგოგი – ძარღვების დაჭიმვამდე ყვირის გაკვეთილზე და ურჩ, უსახურ, ცუდ მომავალზე საუბრით ასრულებს მშობელთა კრებას. მესამე მეგობრის შვილის მასწავლებელმა – ფეხებზე მკიდია, თუ არც ისწავლიანო.

არ არის ჩვენი თაობა არც ურჩი, არც უსახური, არც ცუდი. პირიქით, ძალიან რთულ ვითარებაში იბრძვიან განათლების მისაღებად – დარბიან რეპეტიტორებთან, ემზადებიან საგნებში, რომლებშიც სკოლა ვერ აძლევს განათლებას, ეხვეწებიან მასწავლებლებს დავალებების შემოწმებას.
ხოდა, მიბაძეთ, მიბაძეთ ადამიანებს, რომლებმაც ამ ყველასათვის რთულ პირობებში, გზა იპოვნეს მომავალი თაობის წასახალისებლად, ადამიანებად გასაზრდელად – გადასარჩენი გზა იპოვნეს.

მართალია, პროექტი ქალბატონ მაგდა ბარამიძეს ეკუთვნის, მაგრამ, რომ არა მასწავლებლები, რომ არა ტექნიკური სამსახური სკოლის, რომ არა მანდატურები და დამლაგებლებიც კი – მარტო მის განხორციელებად ვერ შეძლებდა.
მეტი ბედნიერი ბავშვი ჩვენს გვერდით!
მეტი სკოლა, რომელიც საკუთარი მოსწავლეებით იამაყებს!
თამუნა კეშელავა

მეტის ნახვა
24-03-2018, 14:30


რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქართულმა მედიცინამ წლების განმავლობაში ისეთი ნაბიჯები გადადგა, როგორიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ზოგან იშვიათობას წარმოადგენს, ზოგან – საერთოდ არაფერი იციან მკურნალობის მსგავსი მეთოდების შესახებ, რაც საქართველოში წლების განმავლობაში ხორციელდება. თუმცა ქართულმა საზოგადოებამ ნაკლებად უწყის ამის შესახებ, რის გამოც მკურნალობას საზღვარგარეთ ამჯობინებენ. რა სიახლეებია ქართულ მედიცინაში? "საერთო გაზეთი" იწყებს რუბრიკას "გამოჩენილი ქართველი ექიმები".

ჩვენი სტუმარია გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გულ-სისხლძარღვთა
ქირურგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარდიოქირურგიის რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი, ბატონი ზვიად ბახუტაშვილი.

_ რა ხდება, ბატონო ზვიად, გულის დაავადებების კუთხით საქართველოში? გახშირდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები? გულის ქირურგია უფრო შრომატევადი გახდა?

_ ვერ ვიტყვით, რომ გახშირდა, რადგან საქართველოს მასშტაბით არ არსებობს სრული აღრიცხვიანობა. იყო წლები, როცა გულ-სისხლძარღვთა ქირურგიას მოსახლეობის 10% მიმართავდა, შემდეგ ვითარება შეიცვალა. დღეს, შესაძლოა, უფრო მეტ ადამიანს სჭირდებოდეს ამ კუთხით კვლევა, მონიტორინგი, მაგრამ ეს სერიოზულ ხარჯებს მოითხოვს. ჩვენთან უნდა იყოს დასავლეთ ევროპის დონის ეკონომიკა, ოჯახის ექიმი, პოლიკლინიკა, ამბულატორიული ნაწილი აქტიურად უნდა იყოს ჩართული ადამიანის ჯანმრთელობის საქმეში, დროზე რომ მოხდეს დიაგნოსტირება. ასეთი სურათი თუ გვექნება, მაშინ უფრო ნათლად გვეცოდინება, მოიმატა თუ არა ქვეყანაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებმა.

მსოფლიოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასე ვთქვათ, ნომერ პირველ მკვლელ დაავადებად ითვლება. მისით გარდაცვლილთა რიცხვი ონკოდაავადებებით გარდაცვლილებთან შედარებით, გაცილებით მეტია. ამას ემატება ისიც, რომ მთელ მსოფლიოში საშუალო ასაკი გაიზარდა, სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრ ქვეყანაში 80 წელს გადასცდა, შესაბამისად, მოიმატა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებმა, ამიტომ გარკვეულ პოპულაციაში გაიზარდა თუ შემცირდა დაავადებების ინტენსივობა, ამაზე ზედაპირულად ვერ ვისაუბრებთ.

_ ჩვენი ეროვნული ხასიათი და ბუნება ჯანმრთელობის კითხით გარკვეულ როლს ხომ არ თამაშობს?


_ დაბალი სოლარიზაციის ქვეყნებში ბევრად უფრო მაღალია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. მაგალითად, იტალიაში 1 მლნ მოსახლეზე ბევრად ნაკლები ოპერაცია კეთდება, ვიდრე გერმანიაში, უფრო მეტი კეთდება ფინეთსა და ნორვეგიაში. მნიშვნელოვანია ხმელთაშუა ზღვის მედიტერანული კვების სტილი, სადაც ზეთისხილი და სხვა მსგავსი საკვები ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესაძლებლობას. თუმცა ევროპაში მკვეთრი განსხვავებაა _ რაც უფრო ჩრდილოეთით მიდიხართ, დაავადებების რისკი მეტია.

_ მოგვიყევით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის კუთხით ქართულმა სამედიცინო და პრაქტიკულმა მეცნიერებამ უკანასკნელ წლებში რა წარმატებებს მიაღწია?!


_ მეცნიერება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. საბჭოთა კავშირის დროს ექიმი მეცნიერიც უნდა ყოფილიყო, თუმცა ახლა სხვა ვითარებაა _ პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, ახალი ოპტიმალური რეკომენდაციები გაცილებით მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენნაირი მცირე მოსახლეობისა და ეკონომიურად დაბალგანვითარებული ქვეყანა თუ მოახერხებს მოწინავე ტექნოლოგიების კარგი კოპირება გააკეთოს, ეს იქნება დიდი მიღწევა. 17 წელიწადია ჩვენს კლინიკაში კარდიოქირურგიის განყოფილება ფუნქციონირებს და პირველი იყო კორონალური შუნტირება, ანუ გულის იშემიური დაავადების _ ინფარქტის პროფილაქტიკა, რომელიც ჩვენთან განხორციელდა. ეს იყო ყველაზე ფართოდ მოთხოვნადი ჩვენს საზოგადოებაში, დღეს გულის დაავადებათა სრულ სპექტრს ვმკურნალობთ, როგორც მედიკამენტოზურად, ასევე ოპერაციული ჩარევის თვალსაზრისითაც. დღეს მკურნალობის ასეთი სრული სპექტრი ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არ არსებობს.

ორიოდე დღის წინ გავაცილე ჩემი კოლეგა და მეგობარი შვეიცარიის ქალაქ ბაზელიდან. მას ძალიან გაუკვირდა, როცა ჩვენს მიერ ჩატარებული ოპერაციების შესახებ შეიტყო. იმ ოპერაციებს, რასაც ჩვენ საქართველოში, ჩაფიძის კლინიკაში ვაკეთებთ, ბერნის საუნივერსიტეტო კლინიკაც კი არ აკეთებს.
მერწმუნეთ, სხვას რომ ეთქვა ეს, არ დავიჯერებდი, რადგან ბერნის კლინიკას თითო პაციენტზე უზარმაზარი ბიუჯეტი აქვს განსაზღვრული. ჩემი მეგობარი ცნობილი ექიმია ბაზელში, ბაბუამისი ნობელის პრემიის ლაურეატი იყო. ის თავის პროფესიაში ცნობილი და გამოცდილი ადამიანია და ძალიან გაუკვირდა, საქართველოში ასეთი ოპერაციების გაკეთების შესახებ რომ გაიგო, რასაც გერმანიაში, ჯერ არ აკეთებენ.

_ კერძოდ, რომელ ოპერაციებზე საუბრობთ?


_ მაგალითად, მინიინვაზიური მიდგომები. ეს მართლაც იშვიათი ოპერაციაა _ აორტის სარქველს ვცვლით პაციენტის გულის პერანგიდან გაკეთებული სარქველით. ამ მათოდით პირველად ერთმა იაპონელმა ქირურგმა ჩაატარა ოპერაცია. მსგავს ოპერაციებს გასული ზაფხულის სტატისტიკით, მსოფლიოში, დაახლოებით, 30 კლინიკა აკეთებდა. უკვე ორი წელიწადი ხდება, რაც წარმატებით ვაკეთებთ ამ ტიპის ოპერაციებს. მსგავს ოპერაციას ამიერკავკასიასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსად არ აკეთებენ, არც აღმოსავლეთ ევროპაში, თუ არ ვცდები, ერთგან, მხოლოდ პოლონეთში ტარდება ასეთი ოპერაციები.
უნდა აღვნიშნო, რომ ოპერაციების დროს ვცდილობთ, პაციენტს შევუნარჩუნოთ სარქველის აორტალური და მიტრალური და სტრუქტურები. სარქველების შენარჩუნების ძალიან მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სტატისტიკის თვალსაზრისი თ. ეკონომიურად მდიდარ ქვეყნებშიც კი ბევრი კლინიკა არ იტკიებს თავს, იზრუნოს ოპერაციის დროს სარქველების შენარჩუნებაზე, რადგან ეს ძალიან რთული, მაღალტექნოლოგიური პროცესია _ მეტ ენერგიას და დროს მოითხოვს და მედიკოსები, ძირითადად, უფრო მარტივი გზით მიდიან _ სარქველს მთლიანად იღებენ, არადა, საკუთარი სარქველით პაციენტს უფრო დიდხანს სიცოცხლის შანსი ეძლევა. ჩვენ ვცდილობთ, რა მონაპოვარიც გააჩნია თანამედროვე მედიცინას, ყველაფერი სრულად გამოვიყენოთ.
_ თქვენ თუ მოინდომეთ, სხვა ქვეყნებში, იგივე, მაგალითად, რუსეთში, რატომ არ ისურვეს ქირურგებმა ამის გაკეთება, რა უშლით ხელს?
_ მე არა ვარ განსაკუთრებული, უბრალოდ, ცოტა ზედმეტად უნდა დაიტვირთო, თავი შეიწუხო. ყველა შეძლებს ასეთი ტიპის ოპერაციების გაკეთებას, თუ მოინდომებენ და ნერვებსა და ენერგიას არ დაზოგავენ პაციენტის ჯანმრთელობისთვის.

_ და ბოლოს, რითი შეიძლება ავიცილოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები?

_ პირველ რიგში, არ მოსწიოთ თამბაქო. თამბაქო გულის პირდაპირი "მკვლელია". ერიდეთ ურეჟიმო კვებას. გაერიდეთ ჭარბ წონას. ვითარებას ართულებს უმოძრაობა და სტრესი, ხოლო თუ არსებობს მემკვიდრეობითი სნეულებები ან მიდრეკილებანი გარკვეული დაავადებებისკენ, იმ მიმართულებით მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
24-03-2018, 10:30