2011 წლის გაზაფხულზე ლიბიის სამთავრობო და ოპოზიციურად ძალებს შორის დაწყებული სამხედრო დაპირისპირება 20 ოქტომბერს ქვეყნის ლიდერის მუამარ კადაფის მკვლელობით დასრულდა. 69 წლის დიქტატორი 18 წლის მეამბოხემ თავში გასროლით მოკლა. ქვეყნის სათავეში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოსული პოლიტიკოსი, რომელიც ლიბიას 42 წლის განმავლობაში მართავდა, ხელისუფლებიდან სახელმწიფო გადატრიალების შედეგად წავიდა.

დღეს ბევრი მსჯელობს იმაზე კადაფი ხალხის კეთილდღეობაზე მზრუნველი გმირი იყო თუ სისხლიანი ტირანი, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ლიბიის ლიდერს ქალები და მათ გარემოცვაში ყოფნა უყვარდა. მისი პირადი დაცვის ელიტური ქვედანაყოფიც კი სპეცრაზმელი ქალებისგან შედგებოდა და „ამაზონელები“ როგორც მათ ევროპაში ეძახდნენ, კადაფს 20 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდნენ. კადაფი დარწმუნებული იყო, რომ ქალებს კატების მსგავსად, მეექვსე გრძნობა გააჩნიათ, რომელიც მათ ეხმარება ინტუიციით შეიგრძნონ საფრთხე და იმოქმედონ უფრო სწრაფად, ვიდრე კაცებმა. „ამაზონელები“ კადაფს ქვეყანაში არეულობის დაწყებამდე იცავდნენ, მოგვიანებით კი მათი კვალი გაქრა..

პოლკოვნიკს უჩვეულოდ ჩაცმა უყვარდა – ბედუინების კარავში დაბადებულ პოლიტიკოსს ხშირად იხილავდით ბედუინების ძვირფას სამოსში, რაც პატივმოყვარე იმპერატორის იერს აძლევდა.

ფსიქოლოგები დღემდე ვერ ხსნიან ლიბიის ლიდერის ზოგიერთ ახირებას. მაგალითად, ადამიანი, რომელსაც ფული და ძალაუფლება არ აკლდა, სიცოცხლის ბოლო დღემდე უპირატესობას კარავში ძილს ანიჭებდა. კარავში მართავდა საზეიმო მიღებებს და ნებისმიერ ქვეყანაში გამგზავრებისას, კარავს და საყვარელ აქლემს თან დაატარებდა.

ლიბიელი დიქტატორის პირველი ცოლი მისივე მასწავლებელი იყო, თუმცა ეს ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. მეორე ცოლთან, საფია ფარკაშთან კი დიქტატორს ექვსი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინა. ცოლებისა და „ამაზონელების“ გარდა, ლიბიის ლიდერის ცხოვრებაში არსებობდა ქალი, რომელსაც უახლოეს გარემოცვაში ყველაზე მეტად ენდობოდა და რომლის გარეშე არც ერთ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ვიზიტზე არ მიემგზავრებოდა.
2011 წელს სკანდალურმა „ვიკილიქსმა“ამერიკელი დიპლომატების მიმოწერა გაასაჯაროვა. გამოქვეყნებული მასალების თანახმად, ლიბიელ დიქტატორის უახლოეს გარემოცვაში 38 წლის უკრაინელი მედდა, გალინა კოლოტნიცკაია შედიოდა, რომელიც მუამარ კადაფის პირადი ექიმის ფუნქციას ასრულებდა, თუმცა სინამდვილეში დიქტატორის საყვარელი იყო და მასზე უზარმაზარი გავლენა ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიბიამდე კადაფის ფავორიტი ქალი კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში ცხოვრობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, მან ჯერ სამედიცინო კოლეჯი, შემდეგ კი სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა. 2002 წელს კიევის ერთ-ერთმა დასაქმების სააგენტომ ექიმებისა და ექთნებისთვის უცხოეთის ვაკანსიები გამოაცხადა. გალინამ გადაწყვიტა ბედი ეცადა და უცხო ქვეყანაში სამუშაოდ გაემგზავრა. თავიდან ქალი ტრიპოლის სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა, 2008 წლის დეკემბერში კი სამუშაოდ კადაფის კლინიკაში გადავიდა.

არავინ იცის როგორ მოახერხა ქერათმიანმა უკრაინელმა კადაფისთვის თავის შეყვარება, მაგრამ ფაქტია, რომ დიქტატორი მის გარეშე ვერ ძლებდა და ყველაზე მეტად ენდობოდა. უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის დროს, პოლკოვნიკმა გალინას დედა მოინახულა, კარგი შვილის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა და ძვირფასი საათი აჩუქა, რომელსაც კადაფის ფოტო ამშვენებდა. ცნობისთვის, კადაფი ასეთ საათებს მხოლოდ უახლოესი გარემოცვის წევრებს ჩუქნიდა და ამით ადამიანის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას აღნიშნავდა.

„სისულელეა. დედა კადაფის საყვარელი არასოდეს ყოფილა. ჭორების გამო ის თავს ძალიან ცუდად გრძნობს და ადგილს ვერ პოულობს. დედა უბრალოდ, კადაფთან მედდად მუშაობდა და კარგი ანაზღაურება ჰქონდა, რომელიც თვითონაც ყოფნიდა და მეც მეხმარებოდა. ლიბიის ლიდერთან 4 უკრაინელი მედდა მუშაობდა, მაგრამ რატომღაც კადაფი დედაჩემს ყველაზე მეტად ენდობოდა და საქმიან ვიზიტებში ყოველთვის თან დაჰყავდა. კადაფი ბედუინი იყო, ამიტომ უდაბნო ძალიან უყვარდა. უდაბნოში ხშირად მიდიოდა და მხლებლებიც მიჰყავდა. უდაბნოს სიცხეში, ორი და სამი თვე კარვებში ცხოვრება და განსაკუთრებით, მუშაობა ძალიან ძნელია, მაგრამ, კადაფს ამის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო. უცხოეთში ვიზიტების დროს, თავად კარავში ცხოვრობდა, თანმხლებ პირებს კი ძვირად ღირებულ სასტუმროების საპრეზიდენტო ნომრებში აბინავებდა. დედა ყოველთვის ამბობდა, რომ ის კეთილი და გულისხმიერი ადამიანი იყო, მაგრამ შეეძლო სიმკაცრეც გამოეჩინა – განაცხადა „ვიკილიქსის“ სკანდალური მასალის გამოქვეყნების შემდეგ მედიასთან გალინას ქალიშვილმა ტატიანა კოლოტნიცკაიამ.

2011 წლის 15 თებერვლიდან ლიბიაში კადაფის დამხობის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები დაიწყო. საპროტესტო ტალღა ბევღაზიდან დაიწყო და თანდათან, სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რომელმაც 2000-მდე ადამიანი შეიწირა. არეულობის დაწყებისთანავე, ლიბიიდან უცხოელების ევაკუაცია დაიწყო. გალინა კოლოტნიცკაია უკრაინაში, 2011 წლის 27 თებერვალს სატვირთო თვითმფრინავი Ил 76-ით დაბრუნდა. იმავე რეისის მგზავრები იხსენებენ, რომ ქალი საშინლად მთვრალი იყო და თვითმფრინავში დებოში ატეხა.

„ლიბიაში ალკოჰოლური სასმელის მიღების გამო, ადამიანებს ხუთწლიანი ციხე ემუქრებათ, თუმცა კოლოტნიცკაია ისეთი მთვრალი იყო, რომ თვითმფინავში ორმა კაცმა შემოიტანა. როცა მიხვდა, რომ სატვირთო თვითმფრინავის კაბინაში იმყოფებოდა, ქალმა საშინელი ყვირილი ატეხა. ითხოვდა პოლიტების გვარების დასახელებას და მათი სამსახურიდან გათავისუფლებით იმუქრებოდა. ის საშინლად აგრესიული იყო. ამბობდა, რომ კადაფის ქალია და მისი გაბრაზების უფლება არავის აქვს. მგზავრები და ეკიპაჟის წევრები გაოგნებულები უყურებდნენ და რაღაც მომენტში მისი დაბმაც კი დააპირეს, რადგან მასზე ლაპარაკი და შეგონებები არ ჭრიდა – იხსენებს ერთ-ერთი მგზავრი.

სამშობლოში დაბრუნებისთანავე, გალინა ჟურნალისტების ალყაში მოექცა, მაგრამ თავის დაძვრენა მოახერხა და ჟურნალისტებს ბროვარში, ახლად შეძენილ ბინაში დაემალა.

სასიკვდილოდ განწირული დიქტატორი კოლოტნიცკაიაზე ადრე მეორე უკრაინელმა მედდამ დატოვა. გალინას მსგავსად, ყოფილ უფროსს ისიც სითბოთი და სიყვარულით იხსენებდა და ლამის, ზებუნებრივ თვისებებს მიაწერდა:

„კადაფთან მუშაობა რომ დავიწყე, 21 წლის ვიყავი და არაბულად ერთი სიტყვაც კი არ ვიცოდი. კადაფი, რომელსაც უკრაინელი მედდები „მამიკოს“ ვეძახდით, ჩვენთან განსაკუთრებით გულუხვი იყო. მე ყველაფერი მქონდა, რაზეც კი მიოცნებია: საკუთარი სახლი, ძვირფასი ავეჯი, პირადი მძღოლი და ა.შ. თუმცა, სახლში მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურა მქონდა დამონტაჟებული და ფაქტობრივად, პირადი ცხოვრება არ მქონდა. ლიბიაში ჩასვლიდან პირველ სამ თვეს კადაფის რეზიდენციაში მისვლის უფლება არ მქონდა. ალბათ, „მამიკოს“ ეშინოდა, რომ მისი ცოლი, სოფია იეჭვიანებდა, მაგრამ მალე ეს აკრძალვა მოიხსნა და კადაფისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, რეზიდენციის ხშირი სტუმარი გავხდი. მე და სხვა უკრაინელ მედდებს გვევალებოდა, რომ გამუდმებით ლიბიის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გვეკონტროლებინა. ის შესანიშნავ ფორმაში იყო და არტერიული წნევა და გულის რიტმი ახალგაზრდებზე უკეთესი ჰქონდა.

უკრაინული პრესა კადაფის ჰარამხანას გვეძახდა, რაც სისულელეა. ჩვენ მისი საყვარლები არასოდეს ვყოფილვართ და მხოლოდ იმისთვის ვეხებოდით, რომ წნევა გაგვეზომა ან ინექცია გაგვეკეთებინა. „მამიკო“ თავის მეგობარ სილვიო ბერლუსკონეზე ფრთხილი და წინდახედული იყო. მას უბრალოდ მოწონდა, როცა გარშემო ლამაზი ნივთები და ადამიანები ეხვია. გაცნობისას ხელი ჩამომართვა და პირდაპირ თველებში ჩამხედა. მოგვიანებით გავიგე, რომ ყველა გადაწყვეტილებას ადამიანთან პირველი შეხვედრისა და ხელის ჩამორთმევის დროს იღებდა. ის უდიდესი ფსიქოლოგი იყო.. კადაფს თან ვახლდი ამერიკაში, იტალიაში, პორტუგალიასა და ვენესუელაში ვიზიტის დროს. თუ კარგ ხასიათზე იყო, გვეკითხებოდა, რამე ხომ არ გვჭირდებოდა და ტანსაცმლის შესაძენად, დამატებით ბონუსებს გვაძლევდა. „მამიკო“ თავის თანამშრომლებს საკუთარი პორტრეტით დამშვენებულ ოქროს საათებს ჩუქნიდა. ეს საათი ნიშნავდა, რომ ლიბიაში ჩვენს წინაშე ნებისმიერი კარი გაიღებოდა და ჩვენი ნებისმიერი პრობლემა მოგვარდებოდა. ვგრძნობდი, რომ მოსახლეობის ერთ ნაწილს კადაფი არ უყვარდა. სამედიცინო პერსონალი ვერც ჩვენ გვიტანდა, რადგან მათზე სამჯერ მეტი ხელფასი – თვეში 3000 დოლარი გვქონდა. მე სხვებზე მეტად გამიმართლა -ტრიპოლიდან თებერვლის დასაწყისში წამოვედი, რადგან ხუთი თვის ორსული ვიყავი და მეშინოდა, რომ „მამიკო“ ჩემს სერბ რჩეულს არ მოიწონებდა. ალბათ კადაფი ღალატს არასოდეს მაპატიებდა, მაგრამ ლიბიიდან გაქცევა სწორი გადაწყვეტილება იყო. როგორც ვიცი, „მამიკო“ ჩემი უკრაინელი კოლეგებისა და საკუთარი შვილებისგან ბოლომდე მასთან დარჩენას და მასთან ერთად სიკვდილს მოითხოვდა“ – იხსენებდა ოქსანა ბალინსკაია.

რაც შეეხება კადაფის ფავორიტ ქალს, გალინა დიდხანს ვერ იჯერებდა, რომ „მამიკო“ აღარ ჰყავდა.
„სამზარეულოში შევედი, რომ ყავა მომედუღებინა. ამ დროს, ტელევიზიით ლიბიის ამბებს გადასცმდნენ და კადაფის სიკვდილის შესახებ გამოაცხადეს. ყავის ჭიქა ხელიდან გამივარდა და ისტერიკა დამეწყო. ბევრი ვერ გამიგებს, მაგრამ ვისაც კადაფთან უმუშავია, იცის, რომ ის ძალიან კეთილი, სამართლიანი და ბრძენი ადამიანი იყო. ცუდად გავხდი, როცა დავინახე მეამბოხეები როგორ სცემდნენ და ამცირებდნენ. ამის ყურება ვერ შევძელი.. ვფიქრობ, რომ ის ევროპის რომელიმე ქვეყანაში უნდა გაქცეულიყო და საერთაშორისო სამართალს ჩაბარებოდა, მაგრამ ძალიან მამაცი იყო და იმედს ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი არ კარგავდა“ -იხსენებს გალინა. ბოლო ინფორმაციით, გალინა თურქ ბიზნესმენზე გათხოვდა და ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გალია ტომსონის სახელით ცხოვობს. კადაფის ფავორიტ ქალს 41 წლის ასაკში მეორე შვილი შეეძინა, რომელსაც რატომღაც, მუამარის ნაცვლად, ნიკოლასი დაარქვა...

სალომე სახოკია

მეტის ნახვა
12-04-2018, 17:07


„სირცხვილი და უნამუსობაა, რასაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს. მკვლელი და საქართველოს დამღუპველი როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს, ეს არის ქვეყნისთვის უბედურება. მე გამოვდივარ ინიციატივით და მოვუწოდებ მთელ საქართველოს, რომ შევიკრიბოთ და დავიცვათ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი შემოტევებისგან“. ოქიტაშვილის მოწოდებას ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერთა მძაფრი რეაქცია და კულტურის პალატის პრეზიდენტის მისამართით ბრალდებათა კასკადი მოჰყვა. დავინტერესდით რატომ გახდა ასეთი მოწოდების გაკეთება საჭირო და კომენტარისთვის დავით ოქიტაშვილს დავუკავშირდით:

– საზოგადოებამ ჩემი მოწოდება არასწორად გაიგო. ბიძინა ივანიშვილს არავის დაცვა არ ჭირდება, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა მთელი ქვეყანა და თითოეული ოჯახი გადაარჩინა. დაცვაში ვიგულისხმე, რომ ნებისმიერი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი იქნება, დათო ოქიტაშვილი თუ სხვა, დაცული უნდა იყოს ცილისწამებისგან. როცა მავანი 24 საათი გაიძახის, რომ ივანიშვილმა რაღაცა დაწვა, რაღაცა ამოთხარა და რაღაცა რუსეთს მიყიდა, საზოგადოება უნდა შეიკრიბოს და ამაზე თავისი აზრი დააფიქსიროს. ელემენტალურ მაგალითს გეტყვით.. არასწორი ინფორმაციის გამო, საზოგადოების ნაწილს ჰგონია, რომ ბატონი ბიძინა ამ ხეებს მოსახლეობის ნების საპირისპიროდ თხრის და თავის ეზოში რგავს. ჯერ ერთი, მისი სახლიდან იმ ადგილამდე, სადაც უნიკალური ბაღი შენდება, ორი კილომეტრია და ამასთან, ხეების ამოღება პატრონების ნებართვით და სოლიდური კომპენსაციების გადახდის შემდეგ ხდება. ბოლოს და ბოლოს, ეს ბაღი ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის კეთდება და მადლობას თუ არ ვამბობთ, ცილს მაინც არ უნდა დავწამოთ. ყველა ჩვენგანის უკან ოჯახი, მშობლები და შვილები დგანან და ისინი უსაფუძვლო ცილისწამებას ყველაზე მეტად განიცდიან. მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელმაც თავის დროზე ჩვენ დაგვიცვა, ამას არ იმსახურებს. ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილის კლანს ვერავინ მოერეოდა ბიძინა ივანიშვილის გარდა და ამიტომ არიან გაგიჟებულები.

– როგორც ვიცი, ამ მოწოდების შემდეგ, სააკაშვილის მხარდამჭერების თავდასხმის ობიექტი გახდით და შეიძლება ითქვას, რომ თავადაც დასაცავი ხართ..

– რა ვთქვი ისეთი განსაკუთრებული, რომ სრულიად სანაცეთი პიჯაკიდან ამოვარდა? მათ გასაგონად ვიტყვი, რომ ასეთ ლანძღვა-გინებას მივეჩვიე და ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო. როცა მაკრიტიკებენ, სოფიკო ჭიაურელის სიტყვები მახსენდება — უბედურება ისაა, როცა შენზე არაფერს ამბობენ. თუ გლანძღავენ, ვიღაცას აინტერესებო. ასე, რომ რამდენიც უნდა მლანძღონ და მაგინონ, ეს მხოლოდ მაძლიერებს, მაგრამ ამ ადამიანებისთვის წმინდა არაფერი არსებობს და იქამდე მივიდნენ, რომ ჩემი სამი თვის შვილიშვილსაც კი ლანძღავენ. მათ ყველაზე მეტად საზოგადოების შეკრების ეშინიათ, რადგან ამ შეკრებას მოჰყვება გადაწყვეტილება, რომელიც მათთვის განაჩენი იქნება. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მოწოდებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და უამრავმა დახმარების ხელი გამომიწოდა. ჩვენ აუცილებლად დავთქვამთ დღეს და შევიკრიბები თ. ნაციონალურ მოძრაობას პასუხი თუ არ გავეცით, ყოველგვარ ზღვარს გადადიან. საინტერესოა, სააკაშვილს, რომელმაც კარიერის გამო, მოქალაქეობა დათმო, ახლა რატომ გაახსენდა საქართველო?

– სამწუხაროდ, სახელისუფლებო გუნდშიც ბევრი პრობლემაა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევის შემდეგ განვითარებულმა პროცესებმაც დაადასტურა.

– გეთანხმებით. ვატყობ, რომ შიგნიდან რყევა დაიწყო, ამიტომ „ქართული ოცნება“ დროულად უნდა გამოფხიზლდეს. როგორც ვიცი, უმრავლესობის დატოვებაზე გედევან ფოფხაძის გარდა, სხვებიც ფიქრობენ. გული მწყდება, რომ ასეთი მოქმედებებით ნაციონალურ მოძრაობას საშუალებას ვაძლევთ, რომ ადამიანები ლანძღონ და ლაფი ასხან. დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ცუდის აგორებას ცდილობენ, მაგრამ საბედნიეროდ, საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვთ და არასოდეს ექნებათ.

მე „ქართული ოცნების“ პარტიის წევრი არ ვარ, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი გახლავართ. შესაბამისად, პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ამ ადამიანებს ხმას არავინ მისცემდა. იმის ნაცვლად, რომ მის გვერდით დადგნენ და ცილისწამებისგან დაიცვან, ზოგიერთებმა ბუჩქებში დამალვა ამჯობინეს. არ მინდა დავიჯერო, მაგრამ ბევრის მსგავსად, მეც მაქვს განცდა, რომ `ქართული ოცნების~ შიგნით ღალატს აქვს ადგილი. თუნდაც ის, რაც ახლახან მოხდა. იმის ქვოტა იყო თუ ამის ქვოტა, „ქართული ოცნების“ დეპუტატების გადაწყვეტილებამ საზოგადოება გააღიზიანა. როგორ შეიძლება საზოგადოებრივ არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, რომელსაც მოსახლეობა თავისი ჯიბიდან აფინანსებს, აირჩიონ ადამიანი, რომელიც უწმინდესს ლანძღავს? საზოგადოებას კითხონ, უნდა თუ არა ამ პოზიციაზე ნინია კაკაბაძის ხილვა და საზოგადოებამ გადაწყვიტოს ვის აძლევს ხმას.

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ვიღაც განგებ ცდილობს მოსახლეობის გაღიზიანებას, რომ ის ძალა გააცოცხლოს, რომელსაც ქართველმა ერმა უარი უთხრა. მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი კარგადაა. რა თქმა უნდა, არის უმუშევრობა და გაჭირვება, მაგრამ ხელისუფლებას ისეთი უმძიმესი მემკვიდრეობა დახვდა, რომ ამის გამოსწორებას დრო უნდა. თუ რომელიმე სამინისტრო ცუდად მუშაობს, კეთილი ვინებოთ და პასუხი მის ხელმძღვანელობას მოვთხოვოთ და არა ივანიშვილს. ეს უმადურობაა ოჯახის მიმართ, რომელმაც თავი გადადო, რომ ქვეყანა მანიაკებისგან გაეთავისუფლებინა. ამ ადამიანს ეს არაფერში ჭირდებოდა. საერთოდ არ მოვიდოდა პოლიტიკაში და მშვენივრად იცხოვრებდა, როგორც მანამდე ცხოვრობდა. ზოგიერთებისგან განსხვავებით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბუჩქებში არ დამალულან და ყველა უსამართლო ცილისწამებას პასუხს გასცემენ. ის ოჯახები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა არაერთი უბედურებისგან იხსნა, არსად წასულან. ისინი აუცილებლად შეიკრიბებიან და ამ მანქურთებს პასუხს გასცემენ. 

ნელი თორდია

მეტის ნახვა
12-04-2018, 13:30


უმთავრესი ნახტომი ლგბტ საზოგადოებებმა საბჭოთა კავშირის დაშლისა და ორპოლუსოვანი მსოფლიოს დაცემის შემდეგ განახორციელეს, როდესაც “ადამიანის უფლებების” დასავლური კონცეფცია ღირებულების ერთადერთ შესაძლო სისტემად დამკვიდრდა. 1990 წლის 17 მაისს, აფა-ზე ორიენტირებული და ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მყოფმა ჯანდაცვის მსოფლიო საზოგადოებამ ამოიღო ჰომოსექსუალიზმი დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან. სწორედ ამ დღეს აღნიშნავს ლგბტ-საზოგადოება ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ.

მოკლედ, გარყვნილება ლეგიტიმირებულ იქნა და მას ფიზიოლოგიური და მორალური ნორმის, ანუ ცხოვრების ალტერნატიული ფორმის ერთ-ერთი ვარიანტის სტატუსი მიენიჭა. შლუზები გაიხსნა, და პათოლოგიური მოვლენა დასავლეთში არნახული სისწრაფით განვითარდა. ლგბტ-თანამეგობრობამ თავის უმთავრეს ამოცანად დაისახა “მოუხსნას ჰომოსექსუალურობას პათოლოგიისა და დევიაციის მარკერი” ყველა ეროვნულ სახელმწიფოში, რაც დაიწყო 90-იანი წლებიდან. ამის პარალელურად მიმდინარეობდა მამათმავლობისთვის დასჯის გაუქმების საყოველთაო პროცესი, რომელიც დღეს მხოლოდ აფრიკისა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში შემორჩა. რუსეთში არსებული შესაბამისი კანონი გაუქმდა 1993 წელს, როდესაც ქვეყანა ევროპის საბჭოში შესასვლელად მოემზადა.
სოდომიტების განსაკუთრებული მდგომარეობის დამტკიცების უმთავრეს საშუალებად იქცა ოჯახის ინსტიტუტის სრული უარყოფის იდეა, რომელსაც ისინი ჩამორჩენილსა და გაცვეთილ მოვლენას უწოდებენ. მაგრამ, როდესაც მიხვდნენ, რომ ამგვარმა მოთხოვნამ შესაძლოა არ გასჭრას, მაშინ ტაქტიკა შეცვალეს და დაიწყეს აქტიური გამოსვლა ერთსქესიანი “ქორწინებების” დასამკვიდრებლად, რითაც ქორწინების ინსტიტუტის შიგნიდან რღვევას შეეცადნენ.

სწორედ ეს გახდა სექსუალური რევოლუციის საკვანძო ეტაპი, რომელიც ადამიანის ბუნებისა და დასავლეთის ნაქები “უფლებების” წინააღმდეგაც არის მიმართული. რაც შეეხება ევროპულ უფლებებს, ერთსქესოვანი კავშირები კანონმდებლობისგან ითხოვენ სქესის ცნების, ანუ მამაკაცისა და დედაკაცის, როგორც ადამიანური საზოგადოების ცნების ამოღებას. მათ ნაცვლად უნდა შემოიტანონ ერთგვარი უსქესო არსებები — “დასაქორწინებელი ა”, “დასაქორწინებელი ბ”, “მშობელი ა”, “მშობელი ბ”, “პარტნიორი ბ”, რომელიც შეაქვთ არა მარტო სამოქალაქო კოდექსში, არამედ იურიდიულ დოკუმენტებშიც, რომელიც არეგულირებს შრომის საკითხებს, სოციალურ უზრუნველყოფას. “მამაკაცი” და “დედაკაცი”, “ქმარი” და “ცოლი” როგორც სამართლის სუბიექტები უნდა გაქრნენ. სამართლებრივი სივრცის ჩარჩოში იცვლება ოჯახის, როგორც ასეთის სტრუქტურა, რადგან ერთსქესოვანი ქორწინება გულისხმობს ბავშვთა მიშვილების უფლებას, ეს კი ცვლის ნათესაობის ცნების ხასიათსაც და აუქმებს კავშირს ბიოლოგიურ მშობლებსა და მიშვილებულ ბავშვს შორის. ბავშვები რჩებიან ფესვების გარეშე. ანუ, კანონმდებლობითი აქტით ცდილობენ შეცვალონ ბიოლოგიური რეალობა და შექმნან კაცობრიობის ახალი მოდგმა გადამწყვეტი ნაბიჯი რევოლუციისკენ გადაიდგა კაიროს 1994 წლისა და პეკინის 1995 წლის კონფერენციებზე, რომელიც მიეძღვნა დედამიწის მოსახლეობისა და დედაკაცთა მდგომარეობის საკითხებს.

სწორედ აქ მიიღეს გადაწყვეტილებანი, რომლებმაც დასაბამი მისცა ჰომოსექსუალისტთა ქორწინების აღიარებას და ჰომოსექსუალური წყვილებისთვის სამედიცინო ხელშეწყობის ტექნიკის გაფართოებას. საქმე იმაშია, რომ კონფერენციის დოკუმენტებში ოჯახის განსაზღვრება იმდენად გაბუნდოვანებულია, რომ არსებული ტექსტი მათი თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ასე, მაგალითად, კაიროს კონფერენციის მოხსენებაში “ოჯახი, მისი ფუნქცია, უფლებები, შემადგენლობა და სტრუქტურა” ნათქვამია: “მართალია, სხვადასხვა სოციალური, კულტურული, სამართლებრივი და პოლიტიკური სისტემებისთვის დამახასიათებელია ოჯახის განსხვავებული ტიპები, ოჯახი საზოგადოების ძირითადი ბირთვია და როგორც ასეთს უფლება აქვს დაცულ იქნეს და მიიღოს ყოველმხრივი დახმარება”. “ოჯახი სხვადასხვა ფორმებს ღებულობს კულტურულ, პოლიტიკურ და სოციალურ სისტემებში” მსგავსმა ფორმულირებებმა მაშინ სერიოზული სკანდალი გამოიწვია. მრავალი იურისტი იქვე შენიშნავდა, რომ ამგვარი ფორმულირებები გარდაუვალად მიიყვანდა საზოგადოებას ბუნების საწინააღმდეგო კავშირებამდე. მაგრამ შემაჯამებელ დოკუმენტში შეტანილ იქნა ზოგადი ცნება “წყვილი”, რომელსაც დაუმტკიცეს მათთვის აუცილებელი უფლებები. კერძოდ, მითითებული იყო იმ აუცილებლობაზე, რომ “წყვილებსა და ინდივიდებს უნდა გაეწიოს დახმარება ჰყავდეთ შვილები”…

ჰომოსექსუალური ქორწინებების ლეგალიზაცია და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენება ჰომოსექსუალური პირების მიერ, იურიდიულად გადაწყდა გაერო-ს ჩარჩოებში, რის შემდეგაც ევროპის კავშირი ამ პოლიტიკის დამტკიცებას “ევროპის სივრცეში” შეუდგა. 1994 წლის 8 თებერვლის რეზოლუციაში ევროპარლამენტი წევრი-ქვეყნებისგან მკაფიოდ ითხოვდა ბოლო მოეღოთ ჰომოსექსუალისტებისთვის დაწესებული აკრძალვისთვის ჰყოლოდათ ოჯახი, იძლეოდა რეკომენდაციებს გარანტირებული ჰქონოდათ მთელი რიგი უფლებები, პარტნიორთა რეგისტრაციის შესაძლებლობა და მოხსნილიყო შეზღუდვა ჰომოსექსუალისტთა მიერ ბავშვთა მიშვილებაზე. 2000 წელს, ადამიანის უფლებათა ქარტიაში ევროპის კავშირმა უარი თქვა სქესის მითითებაზე ქორწინების განსაზღვრებისა და ბავშვის უფლებების დამტკიცების სფეროში (ლაპარაკია მშობლების თანასწორუფლებიანობაზე დედისა და მამის ხსენების გარეშე). 2001 წლის 5 ივლისის რეზოლუციაში ევროპარლამენტმა წევრ-ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა შეეცვალათ თავიანთი კანონმდებლობა ჰომოსექსუალისტთათვის თანაბარი უფლებების მინიჭების მხრივ და ევრო კავშირის დღის წესრიგში დაეყენებინათ საკითხი ჰომოსექსუალისტთა შორის ურთიერთობის კანონიკურობის აღიარებაზე.

2003 წელს, ევროპარლამენტმა გაიმეორა თავისი მოთხოვნა მოხსნილიყო ჰომოსექსუალისტთა დისკრიმინაციის ყველა ფორმა (იურიდიული და ფაქტობრივი), კერძოდ, ქორწინებისა და ბავშვთა მიშვილების სფეროში. შემდეგტ, 2006 წლის რეზოლუციაში ქვეყნებს რეკომენდაცია მისცეს მიეღოთ ახალი ზომები ერთსქესოვანი ქორწინებების ლეგალიზაციისთვის და მოუწოდეს ყველას თავიანთი კანონმდებლობა ჰომოსექსუალისტებისადმი უფრო “ლმობიერი” კანონებით შეეცვალა თ. გარდა ამისა, ამავე რეზოლუციით გათვალისწინებულია მთელი რიგი ზომები იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არაფერს იღონებენ ამ პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვლენილი სხვადასხვა ექსცესებისადმი. მოცემული პოლიტიკის გატარების სხვა საკვანძო სტრუქტურად მოგვევლინა ევროპის სასამართლო ადამიანის უფლებების განხრით ევროპის საბჭოში, რომელმაც შექმნა უფლება აკრძალულიყო დისკრიმინაცია სექსუალურ ორიენტაციაზე. 
მოკლედ, ერთსქესოვანი ქორწინებების დამტკიცება — ეს არის ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მკაფიოდ განსაზღვრული კურსი, რომელსაც გააჩნია შორსმიმავალი შედეგები და შესაბამისი იურიდიული ინსტრუმენტების ფართო სპექტრი.

იმისთვის, რათა არ გამოეწვიათ ევროპელთა პირველდაწყებითი მძაფრი საპროტესტო რეაქცია, გარდამავალი ნაბიჯის სახით ევროპის პოლიტიკური ელიტის მაღალმა ეშელონებმა შეიმუშავეს ქორწინების ალტერნატიული ფორმა, ერთსქესიანი პარტნიორობის დარეგისტრირების უფლება, რომლის წყალობითაც ისინი ღებულობდნენ საგადასახადო შეღავათებს და მემკვიდრეობის უფლებებს.

პირველად კანონი ამის შესახებ მიღებულ იქნა დანიაში 1989 წ., ხოლო დღეისთვის ის არსებობს ანდორაში, ავსტრალიაში, ავსტრიაში, ბრაზილიაში, დიდ ბრიტანეთში, უნგრეთში, გერმანიაში, ისრაელში, ირლანდიაში, ისლანდიაში, კოლუმბიაში, ლიხტენშტეინში, ლუქსემბურგში, სლოვენიაში, ფინეთში, ხორვატიაში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, ეკვადორსა და აშშ-ს ზოგიერთ შტატში. ჰომოსექსუალისტებს შეუძლიათ ოფიციალურად დარეგისტრირდნენ იტალიის ზოგიერთ ქალაქშიც. სხვადასხვა ქვეყნებში ეს “კავშირები” სხვადასხვაგვარად იწოდება, განსხვავებულია უფლებების ჩამონათვალიც, რომლებითაც ისინი სარგებლობენ, თუმცა ამით არსი არ იცვლება — ეს არის ჰომოსექსუალისტთა “ქორწინების” დაკანონების პირველი ფორმა. ბრძოლის ალგორითმი კარგად არის შემუშავებული და საკმაოდ მკაფიოდ მუშაობს. ნიადაგის მომზადების შემდეგ,”წინწაწეული” მმართველები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და ჰომოსექსუალისტებს უკვე ქორწინების სრული უფლებები მიანიჭეს. პირველი სახელმწიფო, რომელმაც ეს აღიარა, გახდა ჰოლანდია (2001 წ.), შემდეგ ამ გზას დაადგნენ ბელგია (2003), ესპანეთი, კანადა, სამხრეთ აფრიკა, ნორვეგია, შვედეთი, პორტუგალია, ისლანდია, არგენტინა, დანია და აშშსა და მექსიკის ზოგიერთი შტატები. 2013 წლის აპრილს მათ შეუერთდა ურუგვაი და ახალი ზელანდია, 18 მაისს — საფრანგეთი, ხოლო 21 მაისს ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ერთსქესიანი ქორწინიების უფლებას იძლევა ინგლისსა და უელსში. ამჯერად მსგავს კანონპროექტებს განიხილავენ ლუქსემბურგი, ნეპალი და პარაგვაი.

ქეთევან ზარნაძე

მეტის ნახვა
12-04-2018, 10:30


კეშას ბლოგი
___________________
ქრისტე აღსდგა! – გილოცავთ.
მანამდე ზეციდან ჩამოვიდა, კაცის სახე მიიღო – ადამიანთა ცოდვებისგან დამძიმებული მიწა შეამსუბუქა და ჩვენს გამო ეწამა.
15 საუკუნის წინ „ტფილისის კაცნი დასხდებოდეს და მარიამ-წმიდა ეკლესიაი აღაშენეს“. ტაძრის დასავლეთს ფასადის ფილებზე წარწერაა: „უფალო, მეფე დაჩის შეხეწიე“ – იგულისხმება ვახტანგ გორგასლის ვაჟი, დაჩი უჯარმელი. ტაძარი დღეს – ანჩისხატის სახელითაა ცნობილი.
ანჩისხატი ერთადერთი ტაძარი იყო თბილისში, რომელსაც არაბთა ბატონობის დროს, ზარების რეკვის უფლება ჰქონდა შენარჩუნებული. ამის გამო, მას „ზარების საყდარს“ უწოდებდნენ.

15 საუკუნის წინ დაარსა ალავერდი ერთ-ერთმა ასურელმა მამამ – იოსებ ალავერდელმა.
დიდია ჩემი ტაძარი – სიძველის სიდიდე აქვს, ლოცვის სიდიდე, ჯვრის სიდიდე, მლოცველის სიდიდე.
გააქვს და გამოაქვს მართლმადიდებელი მრევლი დღეს, ვისაც არ ეზარება.
წაიყვანეს იეღოლევებმა ჯვარის მატარებელი მართლმადიდებლები.

ქუჩა-ქუჩა, სახლ-სახლ, კარ-კარ დადიან იეღოველები და ინგლისურს გასწავლით უფასოდო – გვთავაზობენ. უფასო ინგლისური სათაგურშია მხოლოდ.
რა არის სეპარატიზმი? – სოციალური იზოლაცია არ არის? კანონის დაუმორჩილებლობა არ არის? ცხოვრობენ იეღოველები ასე იზოლირებულად, დგამენ ლიტერატურის სტენდებს იქ, სადაც გარე ვაჭრობა აკრძალულია, აკრავენ ჩემს კარზე ბუკლეტებს, სთავაზობენ ჩემს არასრულწლოვან შვილს მათთან სიარულს უცხო ენის შესასწავლად, უარს ამბობენ ჩვენი სისხლის გადასხმაზე…

სად არის ამ დროს ჩემი ეკლესია, სად არიან ამ დროს ჩემი მღვდლები და ბერები?
კათოლიკურმა ეკლესიამ ბზობას ბზის კონები საჩუქრად დაურიგა თავის მრევლს – მართლმადიდებლებმა ბზის ორი ტოტი 2 ლარად ვიყიდეთ, მარჯანიშვილზე, ეკლესიის წინ დღის ორ საათზე, უკვე 5 ლარად იყიდებოდა ბზის სამი ტოტი – ცოტაღა დაგვრჩაო.
ერთხელ კედი მაჩუქეს – ვიღაც კეთილ ადამიანს ეკლესიისთვის სხვადასხვა ზომის კედები შეუწირია – საწარმო ჰქონია. ხოდა, იარა, იარა ამ კედმა და ჩემამდეც მოვიდა – მღვდლის სახლიდან იარა და ისე მოვიდა ჩემამდე. სულ არ იცის იმ მამაომ, მისი ტაძრისთვის შეწირული კედი თუ ჩემამდე მოვიდა. ხოდა – ეკლესიისთვის და მრევლისთვის შეწირული განკარგვის უფლება თუ აქვს მამაოს სურვილისამებრ – ბზის გაყიდვაც შეუძლია რომ უზრუნველჰყოს მისაღებ ფასად – სურვილი და ნება არა აქვს, უბრალოდ.

უამრავი საეკლესიო სკოლა გვაქვს ქვეყანაში – სადაც გადასახადი იმდენად ძვირია, მე ვერ გავწვდები ჩემი შვილის მიბარებას.
ასამდე უფასო პანსიონატები გახსნეს აჭარაში თურქებმა – სამჯერადი კვება აქვთ ბავშვებს, გაკვეთილების მომზადებაში ეხმარებიან, მერე ყურანს ასწავლიან და თურქულს.

ჩემს მიწაზე უფასოდ ასწავლიან ყურანს თურქები ჩემს შვილებს, ჩემს დამშეულ შვილებს სამჯერ აჭმევენ დღეში, ისლამისადმი ლოცვის სანაცვლოდ…
ჩემი ეკლესია კი ფულს მთხოვს ჩემი შვილისთვის „მამაო ჩვენოს“ სწავლებაში. მაშინაც კი მთხოვს, თუ ვეტყვი, რომ სოციალურად დაუცველი ვარ და მიჭირს.

და ჰქვია ამ საეკლესიო სკოლებს ამა თუ იმ წმინდანის სახელი: წმინდა ილია მართლის, წმიდა ნინოს, იოანე პეტრიწის, წმიდა გიორგის, კეთილმსახური მეფე თამარის, წმიდა ბარბარეს და ა. შ… ვისია ეს სკოლები? რატომ ჰქვიათ საეკლესიო სკოლა, რატომ არიან წმინდანების სახელობის – თუ ლოცვის და ბიბლიის შესწავლას ვყიდით?

ჩემი წმინდანების ცრემლით და სისხლით გაჯერებულ მიწაზე, წმინდანების ძვლებით დალოცვილ ჩემს მიწაზე – ყურანს ასწავლიან ჩემს შვილებს უფასოდ, უფასოდ ასწავლიან ინგლისურს და იეღოვას…

ზუსტად ორჯერ ნაკლებ ფასად იყიდება სანთელი ეკლესიის გარეთ. ანუ, სანთლის დამზადება იმაზე ორჯერ და მეტჯერ ნაკლები ჯდება – რა ფასიც ეკლესიაში ადევს სანთელს? და რატომ ორმაგდება ეკლესიაში სანთლის ფასი? რა აორმაგებს? ლოცვა? ლოცვას ვყიდით სანთელთან ერთად?
დავანთებ სანთელს, შუამდეც არ არის ჩამწვარი, მოვლენ, ჩააქრობენ და ტომარაში უკრავენ თავს – თავიდან გადასამუშავებლად. ერთმა მოძღვარმა მითხრა, საკმარისია სანთლის თავი მოიწვას, გეთვლებაო. სად მეთვლება, რაში მეთვლება, ვინ მითვლის? ბოლომდე ჩამწვარი სანთლის მადლი მინდა მე. ბოლომდე დასრულებული ლოცვის და ბოლომდე გადაწერილი პირჯვარი მინდა მე.

მინახავს რამდენიმე ტაძარი სადაც არც სანთლების გამყიდველი ზის და არც ფასი ადევს სანთელს – დევს სანთლები და დევს ყუთი – ვისაც რისი საშუალება აქვს იმ თანხას შეწირავს ტაძარს – ოღონდ ქალაქში არ მინახავს – არ მოვიტყუები – ვინ მოვატყუო, ჩემს თავს ხომ არ მოვატყუებ.
ხოდა, წელსაც, ამჯერადაც აჭარის სოფლებში დაკეტილი დახვდათ ეკლესიის კარები მრევლს, ჩარაზული დახვდათ ეკლესიის ჭიშკარი, არავის დაურეკავს ზარი.

ციხისძირში თავად ააგო სოფელმა ეკლესია. დიდი მრევლი ჰყავს ციხისძირის ტაძარას – მაინც არ ჩერდება ციხისძირის მოძღვარი აღდგომას და შობას სოფლის ტაძარში – დიდ ეკლესიაში უნდა წავიდე, დიდ ეკლესიაში ღვთისმსახურებაში უნდა დავეხმარო მღვდლებსო – ამბობს.
არც ციხისძირის ეკლესიაა პატარა – ეკლესიის სიდიდე ლოცვის სიდიდეზე, მრევლის სიმრავლეზე, რწმენის სიდიდეზეა დამოკიდებული – თორემ, ხუროთმოძღვრება ცალკე აღებული – შენობაა და მეტი არაფერი.

კონცერტია ღვთისმსახურება, რომ ბანის მისაცემად მიატოვო ტაძარი და მრევლი?
შენს სოფელში, უცხო ქვეყნის შვილები ყურანს ასწავლიან შენს შვილებს უფასოდ, კვებავენ და აცმევენ უფასოდ – შენ ტაძრის კარს უკეტავ ცხვირწინ და არ აზიარებ მრევლს, რომელმაც მარხვა შეინახა?

რატომ არ გინდა მოუარო და უპატრონო მართლმადიდებელ მრევლს, მამაო? რატომ არ ცდილობ, საპატრიარქოვ, ჩემი მართლმადიდებელი მრევლის შენარჩუნებას?

რატომ აგდებთ ჩემს ქრისტიანებს იეღოველების ხელში, რატომ ახსნევინებთ ჩემი ბავშვების კისრიდან ჯვარს მაჰმადიანებს?
პოლიტიკოსების და მთავრობის წევრებისთვის, ელჩებისთვის და კონსულებისთვის ხომ გცალიათ, მამაო?
გაჭირვებული ხალხისთვის რატომ არ გცალიათ, გაჭირვებულ მრევლზე რატომ არ შეგტკივათ გული.
გამოდით-თქო, გეხვეწებით უკვე მესამე წელია, გამოდით და ხალხი ნახეთ, ხალხს ესაუბრეთ, ჩამოდით ჯიპებიდან, კაბა თუ გიშლით ხელს, მე დაგეხმარებით ჩამოსვლაში და მოდით ჩვენამდე, მოდით მართლმადიდებლების გულამდე.
წელს გაიჟღერა სურვილმა ხალხში გამოსვლის, ქუჩებში ადამიანთა დალოცვის – სურვილი სურვილად დარჩა – ქუჩაში კი არა – სოფლებში ეკლესიებს მიკეტავთ აღდგომის წმიდა ღამით.

წაიყვანა ჩემი ქართველი მართლმადიდებელი იეღოველმა და ვაჰაბიტმა, კათოლიკემ და პროტესტანტმა, ევანგელისტურმა და ბაპტსიტურმა ეკლესიამ წაიყვანა კიდევ და აგერ, სულ მთლად ჩემს თვალწინ, ღიად მიჰყავს მუსლიმან თურქს ყურანის სასწავლად და ალაჰზე დასაფიცებლად.
ვინ უნდა მოვიდეს და ვის გავატან ჩემს შვილს? ვინ მოვა ჩემს სახლში და ვის გაჰყვება ჩემი შვილი? გვიყვარს ჩვენ ერთმანეთი და იმიტომ, შემტკივა მე ჩემს შვილზე გული და არ შემიძლია, ვერ ვიცოცხლებ, რომ წაიყვანონ, რომ წამართვან.

ბევრი შვილი გყავს, მამაო, ვიცი, კიდევ მეტი შეიძლებოდა გყოლოდა, კიდევ მეტი შეიძლება, რომ გყავდეს. არ გიყვარვართ, მამაო, ისე, როგორც მე მიყვარს ჩემი შვილი, თორემ ვის დაანებებდი ჩემს და-ძმებს, ვის გაატანდი ჩემს და-ძმებს.

ნუ დამტოვებ, მამაო, ობლად, ნუ დამტოვებ ობლად მართლმადიდებელს წმინდათა ძვლებით გაჯერებულ, ღვთისმშობლის კურთხეულ მიწაზე, რამდენჯერ უნდა ჩამოვიდეს უფალი მიწაზე და მიიღოს კაცის სახე, რამდენჯერ უნდა ეწამოს ჩვენს გამო, რამდენი ცოდვა უნდა აგვაცალოს მხრებიდან – რომ ვირწმუნოთ, რომ გვიყვარდეს, რომ დავიცვათ ჩვენი ჯვარი და ჩვენი ტაძარი.

ატარე მამაო, ჯიპი კი არა, ჯვარი ატარე, მამაო, და ნუ დამტოვებ მართლმადიდებელს ობლად, შემიყვარე, მამაო, შვილივით შემიყვარე და აღარ გაგემეტები, ვეღარ გამიმეტებ, აღარ დამიკეტავ ტაძარს, აღარ მიმცემ ურჯულოს და გადამთიელს, მიპატრონებ და დამიცავ, თუ ისე გეყვარები, როგორც მე მიყვარს ჩემი შვილი.

დამლოცე, მამაო!

მეტის ნახვა
12-04-2018, 04:00