ბოლო ხანებში სომხეთში ვითარება დაიძაბა.

მოვლენების ეპიცენტრში კი ნიკოლ პაშინიანი მოექცა, რომელსაც სომხური საზოგადოება, აქამდე, ჟურნალისტად იცნობდა.
პაშინიანი 1975 წელს დაიბადა, 1991 წელს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, ჟურნალისტიკის მიმართულებით. 1994–98 წლებში რამდენიმე ყოველდღიური გაზეთის ჟურნალისტი და მთავარი რედაქტორი იყო. ყველაზე დიდხანს, 13 წლის განმავლობაში, იგი გაზეთ “Haykakan zhamanak”-ის მთავარი რედაქტორის პოსტს იკავებდა.


2008 წლის იანვარში პაშინიანი 7 წლით დააპატიმრეს, 2010 წელს მას 7-წლიანი სასჯელი 3.5 წლამდე შეუმცირდა, ხოლო 2012 წლიდან იგი სომხეთის პარლამენტის წევრად აირჩიეს. პაშინიანი ამჟამად პარტია “სამოქალაქო შეთანხმებას” მეთაურობს, რომელიც “ელკის” შემადგენლობაში შედის.
2017 წლის არჩევნებში მისმა ბლოკმა 105-დან მხოლოდ 9 მანდატის მოპოვება შეძლო. პარტია "სამოქალაქო შეთანხმებას" ლიბერალური, დასავლური კურსი აქვს. ისინი ევრაზიულ კავშირში სომხეთის ყოფნის წინააღმდეგ გამოდიან.

ნიკოლ პაშინიანის პოლიტიკური ბიოგრაფიიდან არაერთი ინიციატივის გახსენება შეიძლება, რომელიც რუსეთის და სომხეთის ურთიერთოების ეწინააღმდეგება. მის ოპოზიციურ ფრაქციას ეკუთვნის ინიციატივა, რომელიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან სომხეთის გამოსვლას უკავშირდება.

პაშინიანს ხისტი პოზიცია ჯერ კიდევ 2013 წელს დადებული შეთანხმების რატიფიკაციისას გამოჩნდა, რომელიც სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ რუსეთსა და სომხეთს შორის გაფორმდა. ამ შეთანხმების პირველი პუნქტი ამბობს, რომ სამხედრო ტექნიკის გადამცემ ქვეყანას უფლება აქვს კონტროლი განახორციელოს სამხედრო ტექნიკის ხელმისაწვდომობასა და გამოყენებაზე და შემსყიდველმა ქვეყანამ ამისთვის პირობები უნდა უზრუნველყოს.

სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე გვესაუბრება:

– ბატონო სოსო, რა ხდება დღეს სომხეთში? პაშინიანი დასავლეთის პროექტია?

– სომხეთში მიმდინარე მოვლენები ძალიან ჰგავს საქართვლოში 2003 წელს განვითარებულ სიტუაციას, როცა თბილისში ანთებული თვალებით დარბოდა ხალხი და ყველა კუნჭულში მიშა-მიშას გაიძახოდნენ.
იგივე სიტუაცია იყო რუსეთშიც, როცა ელცინი მოდიოდა ხელისუფლებაში.
ასეთი ეიფორიები, როგორც წესი, არ მთავრდება ხოლმე კარგად, რადგან ხდება არსებული ელიტების ცვლა და ხელისუფლებაში მოდიან პერსონები, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ სახელმწიფოს სტაბილურობის და მისი მოწყობის შესახებ.
ამას მოჰყვება ხოლმე რეპრესიული მანქანის ამოქმედების მკაცრი აუცილებლობა მოწინააღმდეგეების დათრგუნვის და იმ გაუგებრობების დასაფარად, რომელსაც რეჟიმების ცვლა იწვევს.
რაც შეეხება პაშინიანს, მისი ძირითადი ბრალდება სარქსიანის მიმართ ისაა, რომ შარშან ყარაბაღის ხუთდღიან კონფლიქტში პოზიციები თითქოს დათმო.

– ეს ჩვეულებრივი ტექნოლოგიაა, თუნდაც ჩვენი გამოცდილების მაგალითზე – ეროვნული ღირებულებებისა და სამშობლოს ცნების წინ წამოწევით ხელისუფლებაში მოდიან და მერე მთელი ძალებით ებრძვიან ეროვნულობის ყოველგვარ გამოვლინებას.

– ეს გახლავთ მანიპულაციის მექანიზმი. ადამიანის ძირითად იმპულსებზე მანიპულაციით მოდიან ხელისუფლებაში ასეთი ტიპის ლიდერები და ჩვენ უახლოეს მომავალში ვიხილავთ ამ შედეგებს ერევანში.
რაც ეხება რუსეთის როლს, რუსეთს არ აქვს დამუშავებული ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკა და ამას თვითონაც აღიარებენ. ის, რომ ყველგან ყველაფერს ტანკები გადაწყვეტენ, არასწორია.
რაზეა საუბარი, როცა რუსეთმა ვერ მოახერხა და თავისი აქტივების დიდი ნაწილი ამერიკის მთავრობის ობლიგაციებში აქვთ დაბანდებული. რუსეთიდან გატანილი კაპიტალის მოცულობა 2017 წლის მონაცემებით, 60 ტრილიონი რუბლი იყო, ანუ ტრილიონი დოლარი.
რუსეთი არ არის ჰომოგენური სახელმწიფო, როგორიც იყო, მაგალითად, სტალინის დროს. დღეს იქ ძლიერია ლიბერალური ფლანგი, რომელიც შიგნიდან ღრღნის ამ ქვეყანას. ამიტომაც რუსეთისა და დასავლეთის დამოკიდებულება იმაზეა დამყარებული, რამდენად შეძლებენ კონსოლიდირებას დასავლური ძალები და მოახერხებს თუ არა რუსეთი მყარად ჩამოყალიბებული სამოკავშირეო კონტრნაბიჯების გადადგმაას.

– ანუ რუსეთი ამ დაპირისპირებაში დამარცხდება?

– რა თქმა უნდა. მაგრამ, მოდი, თანმიმდევრულად მივყვეთ: ბალტიისპირეთი რომ მტრულადაა განწყობილი, ეს საყოველთაოდ ცნობილია, მოლდოვაში საპარალამენტო უმრავლესობა და ოლიგარქი პლახატნიუკი ანტირუსულ ისტერიაში არიან. უკრაინის შესახებ, მოგეხსენებათ. იგივე ვითარებაა ყაზახეთშიც. ნაზარბაევმა კირილიცას მაგივრად ლათინური შრიფტი დანერგა. 
თვით სომხეთში აშშ-ის საელჩოში 200 თანამშრომელია დასაქმებული, როცა რუსეთის საელჩოში 60 კაცია. სომხეთში აშშ-ის საელჩო ყველაზე მრავალრიცხოვანია ახლო აღმოსავლეთში.
ანუ ცეცხლოვანი რკალი რუსეთის გარშემო სახეზეა.

– ბატონო სოსო, რა მოუტანა ფერადოვანმა რევოლუციებმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს? თუ ერთად მათი განხილვა არამიზანშეწონილი და არაგონივრულია?

– ეს ქვეყნები, ძირითადად, დასავლეთის მიერ მათი გეოპოლიტიკური ინტერესების მიხედვით განიხილებიან, საჭიროების მიხედვით.
არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ამ ქვეყნებს ბევრი პრეფერენცია ექნებათ იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ, ან უფრო სწორად, აკეთებინებენ. აშშ-ი მოქმედებს სრულიად კონკრეტული სქემით – ქვეყნებში ამყარებენ პოლიტიკურ კონტროლს. მათ მიერ კონტროლირებად ხელისუფლებებს კი იმას აკეთებინებს, რაც თვითონ აინტერესებთ და არაფრად აგდებენ საზოგადოებების განწყობებს.

– რატომ არ გახდა მაგალითი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის იგივე უკრაინის ან თუნდაც საქართველოს მაგალითი?

– საერთოდ, ძალიან ძნელია დასკვნების გამოტანა, რადგან ყველა სახელწმიფოს თავისი შიდა პრობლემები ახასიათებს და ამ პრობლემების გვირაბებიდან იხედებიან.
სომხებმა ვერ გამოიტანეს დასკვნები. ვერც გამოიტანდნენ. საქმე ისაა, რომ ანტიპატია იმდენად დიდი იყო სომხეთის ხელისუფლების მიმართ – კორუფცია, პრობლემები მართვის სფეროში და ა.შ. რომ ხალხის უკმაყოფილება საკმაოდ მასშტაბური იყო იყო.
დასავლეთის ალტერნატივა გაცილებით უარესია, ფერადი რევოლუციების შედეგები კი უმძიმესი, მაგრამ ის, რითაც მანიპულირებს დასავლეთი, ხალხს აიძულებს თვალი დახუჭონ მოსალოდნელ შედეგებზე.
რაც ნაკლები იყო დასავლური გავლენა, იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა უფრო შეინარჩუნეს მოსახლეობის კეთილდღეობის ნიშა, მაგალითად, ბელორუსში, ყაზახეთში…

– საქართველო კი ახალი შიდაპოლიტიკური ძვრებისთვის ემზადება. როგორც მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა...


– ივანიშვილი ძალიან შეზღუდულია იმ გავლენით, რაც ლიბერალურ ფრთას აქვს და მხარდაჭერილია სოროსისა და დასავლელი ლიბერალების მიერ.
მისი დაბრუნება შეიძლება განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომ ეს გავლენები სუსტდება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მაიკ პომპეო მოვიდა. ის, სავარაუდოდ, შეცვლის მიმართულებას, ლიბერალური წნეხი და კონტროლი მოსალოდნელია, შეიცვალოს. თუ ასე განვითარდა მოვლენები, დადებითი ძვრები შეიძლება მოხდეს და ბიძინა ივანიშვილს, შესაძლოა, საშუალება მიეცეს რადიკალური ცვლილებები განახორციელოს.

ირანდა კალანდაძე

P.S. პაშინიანი უკვე სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.

მეტის ნახვა
8-05-2018, 10:54


ორიოდე დღის წინ რუსეთმა კიევსა და ოდესაში მომხდარი გამიზნული მკვლელობების შესახებ განაახლა საუბარი, სადაც პოროშენკოც ფიგურირებს. ამ საკითხებთან დაკავშირებით "საერთო გაზეთის" სტუმარია ტრისტან წითელაშვილი, როგორც ინფორმირებული და აღნიშნულ სიტუაციების შესახებ ინფორმირებული პირი.

– თქვენ თუ გახსოვთ, როდესაც 2014 წელს მაიდანზე დახოცეს მშვიდობიანი მომიტინგეები, ერთ კვირაში მედიით განვაცხადე, რომ ამ საქმეში მიხეილ სააკაშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. მაშინ ჩემი მისამართით წამოვიდა ლანძღვა-გინება, ხან პროვოკატორი მიძახეს და ხან კრემლის აგენტი. მე იმ დროს უკვე მქონდა გარკვეული სახის ინფორმაცია, რადგან სააკაშვილის მიერ ჩაყვანილ ზონდერებში აღმოჩნდნენ ჩემი ყოფილი ხელქვეითები, ჩემს მიერ მომზადებული სნაიპერები, როდესაც ჯარში მსახურობდნენ…

– თქვენთან რატომ გამოვიდნენ კავშირზე, გაუგებარია…

– როდესაც დახოცეს მშვიდობიანი მომიტინგეები (6-ნი იყვნენ ესენი), ამის შემდეგ დაიწყო მათზე ნადირობა, ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო მათი ლიკვიდაცია (ყიფიანის მოკვლა მოასწრეს, გვერდზე ქუჩაზე ნახეს მოკლული). ამ ოპერაციის შემდეგ ფული უნდა გადაეხადათ, ცხადია. ამათთან მივიდა იქაური ერთ-ერთი ჯგუფის ხელმძღვანელი, მეტსახელად `ჟან~, რომელიც იცნობდა "ბეჟოს" (სააკაშვილის ჩაყვანილი) და უთხრა, დროზე წადით აქედან, ცუდი ამბავი გელითო. ამათ, ამავდროულად, შეიტყვეს, რომ ყიფიანი უკვე მოკლული იყო და გაქრნენ. რა ფული, რის ფული! მამულაშვილს ჰყავდა წაყვანილი, ის ხელმძღვანელობდა და ამერიკელი ოფიცერი ქრისტოფერ ბრაიანი. ასევე, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბი და უკრაინის ახლანდელი უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი პაშინსკი. მათ შეაიარაღეს სააკაშვილის სნაიპერები; განალაგეს ზოგი სასტუმრო "უკრაინაში", ზოგი – კონსერვატორიის შენობაში და მიიღეს ბრძანება…

– ხალხის დახოცვაზე რატომ იყვნენ დაგეშილები?

– იანუკოვიჩთან ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობდა ევროსაბჭოს ლიდერების მხრიდან, რომ ჩატარებულიყო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. დათანხმდა, ბოლო-ბოლო, იანუკოვიჩი, 18-ში ხელი უნდა მოეწერა თანხმობაზე, მაგრამ ეს უკვე მიუღებელი იყო აქეთა მხარისთვის, რადგან იმას ნიშნავდა, რომ ესენი მიზანს ვერ მიაღწევდნენ. ამიტომ საჭირო იყო არეულობა და შტურმით ძალაუფლების ხელში აღება. ამ დროს მაკკეინიც ჩაფრინდა, შედგა თათბირი და ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო ესეც, ადამიანების დახოცვა. თუ ხალხი დაშლას დაიწყებდა და დრო გაიწელებოდა, ყველაფერი ეშლებოდათ, ამიტომ უნდა დაესწროთ იანუკოვიჩის ხელის მოწერისთვის და მოეკლათ, როგორც თავიანთი მომხრეები, ისე – "ბერკუტელები". ჩაატარეს დაგეგმილი და აიღეს კიდეც ხელში ძალაუფლება. რა თქმა უნდა, არჩევნებზე ეს მხარე ვერ გაქაჩავდა, დონეცკი, დონბასი, ხარკოვი – პრორუსული მოსახლეობა იყო, მხოლოდ ბენდერები ვერ გადასძალავდნენ.

გიორგი ბეჟიტაშვილი, კობა ნერგაძე, ალექსანდრე რევაზიშვილი, ცეზარ ბაჯელაძე, გიორგი სარალიძე და მერაბ ყიფიანი – ამათ კი შეასრულეს დავალება, მაგრამ ჰყავდათ `გამწმენდი ჯგუფი~, რომელსაც ფაქტების მოსპობა ევალებოდა, მათ შორის, შემსრულებელი სნაიპერების. ორის მოკვლა მოასწრეს, ყიფიანის და სარალიძის, დანარჩენები, ბაჯელაძის გარდა, წავიდნენ. ბაჯელაძე ახლო კონტაქტში შევიდა მამულაშვილთან, ფიქრობდა, ფული ავიღოო… გაიფანტნენ მიშას სნაიპერები სხვადასხვა ქვეყნებში და შემდეგ მოხდა ჩემთან კონტაქტზე გამოსვლა.

– ფაქტოვრივად, დახმარება გთხოვეს…

– დიახ. ჩვენზე ნადირობენ, უნდა დაგვხოცონო. ბუნებრივია, როდესაც ადამიანი მოგმართავს დახმარებისთვის და ეს სიკვდილ-სიცოცხლის ამბავია, შედიხარ მის მდგომარეობაში. ვინ ნადირობს-მეთქი? აშშ-ის სპეცსამსახურებიც ნადირობს, მარტო სააკაშვილზე არ არის საუბარიო. გავიარე კონსულტაციები, მოვახერხე და გავედი იანუკოვიჩის ადვოკატებზე. არ დაგიმალავთ, შევხვდი მათ. ვუთხარი, რომ არიან ცოცხალი მოწმეები, რომლებიც მზად არიან, აღიარონ, რაც ჩაიდინეს და ვისი ბრძანებით, მაგრამ გარანტიებია საჭირო. შევიკრიბეთ "ძალიან ისეთი" პირები, შევხვდი კონკრეტულ ერთ პირს, რომლის ვინაობას არ დავასახელებ ჯერჯერობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მე წავსულიყავი ევროპაში, რათა შევხვედროდი ამ ხალხს. მივიღე გარანტიები, რომ აღნიშნულ პირებზე არ აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმეები. პარალელურად, ჩაერთვებოდა ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის სხვადასხვა ორგანიზაციები და იქნებიან ეს ადამიანები დაცულები. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანები დასხდებოდნენ ტელეკამერების წინ და ისაუბრებდნენ თავიანთ ნამოქმედარზე. რა თქმა უნდა, საუბარი არ არის საქართველოზე, ევროპის ქვეყნების ტელევიზიები იგულისხმება.

ჩავედი და შევხვდი, ავუხსენი, რა გზით შეიძლებოდა მათი შველა. ამის შემდეგ შევხვდი იტალიელ ჟურნალისტს (რამდენიმეს), შევხვდი "ბი-ბი-სის" წარმომადგენელს სამხედრო ექსპერტის კუთხით, რათა ანალიზი გამეკეთებინა და, ამავდროულად, არ მომხდარიყო თუნდაც უმნიშვნელო დეტალის უმართებულოდ წარმოჩენა. პრეზიდენტს რომ უყენებ ბრალდებას, ხელს ადებ პარლამენტის თავმჯდომარეს, უშიშროების საბჭოს მდივანს და ა. შ. ჰაი-ჰარად ვერ ილაპარაკებ. ეს გუნდი იყო ყველა უბედურების შემოქმედი და ზედ დართული მიხეილ სააკაშვილი, აქტიური ფიგურა იმ სიტუაციებში. ის არის ამ "სპექტაკლების" დამდგმელი (გარდა სნაიპერებისა, სხვა "შემსრულებლებიც" ჰყავდა ჩაყვანილი საქართველოდან). დავდიოდი ჟურნალისტებთან ერთად იმ ქვეყნებში, სადაც ეს სნაიპერები იყვნენ, იწერდნენ და ვუდარებდით მათ ნაამბობს ერთმანეთს; ვიყავით იმ ადგილებზე, რომელზეც საუბრობდნენ და აბსოლუტური სიზუსტე იყო. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილმა ესენი საქართველოდან გაიყვანა ყალბი პასპორტებით. გვარ-სახელები, რომლებიც ამათ დამისახელეს, ამოვიღეთ აეროპორტის ბაზიდან – წამი-წამზე დაჯდა ყველაფერი. გარდა სნაიპერებისა, იმ ადგილობრივებსაც გავესაუბრე, ვინც მონაწილეობდა იმ ამბებში. ამას დაერთო ისიც, რომ მე ხელში ჩამივარდა ოპერატიული მასალა, რომელშიც ის ღამეა ასახული, რაც დოკუმენტად დევს – სააკაშვილის, პოროშენკოს, პარუბის, პაშინსკის, ბრაიანის და მაკკეინის ნაავკაცარი.

ამ ფილმის ჩვენებამ ფეხზე დააყენა ევროპის ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები,. ფილმის ბოლოში ამბობენ განწირული სნაიპერები, რატომ იძლევიან ინტერვიუს; რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და მათი გადარჩენის ერთადერთი გზა არის ეს – აღიარონ, ვისი ბრძანებით რა დავალებას ასრულებენ და თუ რამე დაემართებათ, გამოსაძიებელი არაფერი იყოს.

ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ დამიკავშირდნენ იანუკოვიჩის ადვოკატები, ჩამოვიდნენ კიდეც და ჩემთან დააზუსტეს, თუ მისცემდნენ სააკაშვილის სნაიპერები ჩვენებას. მე ისევ მომიწია ჩასვლამ მათთან და ამ ადამიანებმა მისცეს აღიარებითი ჩვენება. კიევის პეჩორის სასამართლომ მიიღო ეს ჩვენებები და, ამასთანავე, მათ წარედგინათ ეს ფილმიც.

ახლა, რა ხდება უკრაინაში: 23 თებერვალს დაიბარეს უკრაინაში სააკაშვილი დაკითხვაზე ამ საქმესთან დაკავშირებით. სააკაშვილმა უთხრა პოროშენკოს: ხო რამდენი ბრალდება წამიყენეთ. აგერ, კიდევ, უკვე ისეთი, რომ შენ თუ სასამართლოში მიმიყვან, დავაღებ პირს და ვიტყვი ყველაფერს. მიიმწყვდია ჩიხში სააკაშვილმა პოროშენკო, რაღა ექნა? ამიტომ იყო, რომ 22 თებერვალს იძულებითი დეპორტაცია გაუკეთეს სააკაშვილს, მოაცილეს ქვეყნიდან, თორემ სასამართლოს მიერ სხვა საქმესთან დაკავშირებით, გასვლის უფლება ჰქონდა ჩამორთმეული. სააკაშვილის ავანტურისტობა ვის გაუკვირდება და, აი, ამ შემთხვევაშიც გამოიყენა მომენტი, დაიძვრინა თავი უკრაინიდან.

ძალაუფლება რომ აიღეს ხელში, რეგიონები იყო დასამორჩილებელი, რადგან ძალიან ცუდად ჰქონდათ საქმე. რეგიონებძი შეიქმნა "ანტიმაიდნის კონიტეტი", მათ შორის, ოდესაში, ოდესა კი კარგი ლუკმა იყო სააკაშვილისთვის, ნაოცნებარი ლუკმა. თვით ოდესა რაში ანაღვლებდა, ოდესის პორტი იყო მნიშვნელოვანი, რომ ეწარმოებინა, როგორც იარაღის კონტრაბანდა, ისე – ნარკოტიკების.

პროფკავშირების შენობის წინ მიმდინარეობდა აქცია და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეები კი არ დაერბიათ, არამედ, ფიზიკურად გაენადგურებინათ. დაუძახეს ბაჯელაძეს სააკაშვილმა და მამულაშვილმა, შენ იქნები ჩვენი წარმომადგენელი და გაჰყვები "მემარჯვენე სექტორს", პარუბის და 250-კაციანი ჯგუფი გაუშვეს ავტობუსებით ოდესაში და პარაცუკი (ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, პარლამენტარია ისიც). ჩავიდნენ ოდესაში, დაიწყეს პროვოცირებებით და ბოლოს მომიტინგეები მოაქციეს ალყაში ისეთნაირად, რომ შერეკეს ამ შენობაში. თან წაღებული ჰქონდათ გამზადებული "მოლოტოვის კოქტეილები" და როგორც კი შენობაში შერეკეს მომიტინგეები, კარებები ჩაურაზეს, ფანჯრებში კი "კოქტეილებს" ყრიდნენ. ვინც ფანჯრიდან ხტებოდა, იმას ესროდნენ, სახანძრო დახმარების მანქანები კი არ მიუშვეს. რა თქმა უნდა, – ამას თვითონ ამბობს ბაჯელაძე. ეს იყო უშუალოდ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული მკვლელობა და მის მიერ გაცემული ბრძანება. ამით მან, ფაქტობრივად, დაიმორჩილა ოდესა და ცდილობდა, ხელში ჩაეგდო სრული ძალაუფლება. ოდესის გუბერნატორად გამომცხვარ სააკაშვილს ჩაჰყავს ოდესაში თავისი დაჯგუფებები და, მათ შორის, მახაური (მოკლეს უკვე კიევში), ჩეჩენი.

ოთხი პასპორტი ჰქონდა. ეს მახაური თურქეთშიც ჰყავდა გაგზავნილი სააკშვილს ერთი პირის ლიკვიდაციისთვის. სააკაშვილის ერთ-ერთი შემსრულებელი იყო, ლორთქიფანიძის გამოჩეკილი, იმ ლორთქიფანიძის, სააკაშვილმა ოდესის პოლიციის შეფად რომ დანიშნა.
სააკაშვილმა დაიწყო ინტენსიური კრიმინალური ქმედებები უკვე ოდესაში. რა თქმა უნდა, იმ დროს ყველა საქმეში ერთად და ერთნაირად იგულისხმებიან ის პირები, ვინც გითხარით, ცხადია, პოროშენკოს ჩათვლით. მერე აერიათ მეგობრობა, თორემ ამ ოთხ ადამიანს უნდა ემართა მთელი უკრაინა (სააკაშვილი, პოროშენკო, პაშინსკი, პარუბი). ასეც იქნებოდა, გადაინაწილებდნენ სფეროებს, მაგრამ სააკაშვილმა მოინდომა ყველაფერი. არანაირი პოლიტიკური დაპირისპირება არ ყოფილა მათ შორის, გარდა ფინანსური ინტერესებისა. სააკაშვილმა პოროშენკოსთან დაახლოებული ბიზნესმენი გაიტაცა, გამოსძალა მილიონები და მანდ დამთავრდა მათი მეგობრობა. მერე ავაქოვთან დაახლოებული ბიზნესმენი გაიტაცა და მას გამოსძალა და ა. შ. დაიწყო იგივე, რასაც საქართველოში აკეთებდა: ბიზნესმენების გატაცება მილიონების გამოძალვის მიზნით; ბიზნესმენებისგან ფულის იძულებითი ამოღება; ადამიანების ლიკვიდაცია; გაუპატიურებები… მან დაიწყო ოდესიდან (ამის მასალები მაქვს) სირიაში ტერორისტთა გადასროლა, რომლებიც უკრაინის დროშის ქვეშ იბრძოდნენ "ისლამური სახელმწიფოს" შემადგენლობაში. ერთ-ერთი პროვინცია რომ გაათავისუფლეს, შტაბში ნახეს უკრაინული დროშა, უკრაინული სიგარეტები და პირი, რომელიც დაატყვევეს, აღმოჩნდა უკრაინელი, რომელიც სააკაშვილის მიერ იყო გაგზავნილი. მიშას ხელს უწყობდა ყველანაირად მაკკეინი. ოდესის პორტიდან ხდებოდა იარაღის გადაყიდვა, ნარკოგადაზიდვები და უმთავრესი – მან გახსნა იქ გაურკვეველი მიმართულების კლინიკა "უკრაინის ომში მონაწილე მეომრების სარეაბილიტაციო ცენტრიო". სინამდვილეში, რომ შეჰყავდათ დაჭრილები და ოპერაციას რომ უკეთებდნენ, ჯანმრთელ ორგანოებს აჭრიდნენ. მესამე ოპერაცია რომ ტარდებოდა ორგანოების ამოსაღებად და გასაყიდად, დაიჭირეს ამ საქმეში სირიელი ბიზნესპარტნიორი, რომელმაც აღიარებითი ჩვენება მისცა… აი, ასეთ და ამდენ სიბინძურეებში იყო ჩაბმული სააკაშვილი ოდესაში, ხალხის ცოცხლად დაწვის ჩათვლით. დემოკრატიის კი არა, სიკვდილის შუქურაა სააკაშვილი! "ბი-ბი-სის" ბიურომ ისრაელში გადაიღო ფილმი ოდესის ამბავზე, რომელიც აჩვენეს უკვე, დეტალურადაა აღწერილი ყველაფერი, ბაჯელაძე ინტერვიუში ამბობს, აღიარებს.

– ისიც ევროპაშია?

– არა, ბელარუსში. ყველგან მომიწია ჩასვლამ და საუბარმა. ჯერ არ დამისრულებია მისია, ახლა მათთან მივდივარ, ვისაც იარაღის კონტრაბანდაში აქვს მიღებული მონაწილეობა უკრაინაში. 
შემდეგ, უნდოდათ სპექტაკლის დადგმა, რომ გავანადგურეთ რუსეთის ქვედანაყოფები და საიდანღაც მოიტანდნენ ცხედრებს, ჩააწვენდნენ სანგრებში, მიუდებდნენ იარაღს, გადაიღებდნენ და აი, "ქართულმა ლეგიონმა" ჩაატარა სპეცოპერაცია, გაანადგურა რუსული ქვედანაყოფებიო, სინამდვილეში "ბომჟები" და გაურკვეველი ვინაობის გვამები იყო.
აი, ამას აკეთებდნენ უკრაინაში ის ქართველი "გმირები", რომლებიც ვითომ საქართველოს იცავდნენ იქ, უკრაინაში.

P.S. ბატონმა ტრისტანმა მიჩვენა ფოტომტკიცებულებები და იმ სახის დოკუმენტაცია, რომელსაც მიზეზთა გამო ვერ ვაქვეყნებთ.

გიორგი ჩხეიძე

მეტის ნახვა
8-05-2018, 10:30


"საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს ქართული ტელევიზია, თითქმის ყველა მათგანი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებია და ამ ქვეყნების ინტერესებს ემსახურებიან. ესენი იმაზე კი არ დარდობენ, რა უჭირს საქართველოს, მათი მთავარი საფიქრალია რა დავალებას მიიღებენ ამერიკიდან და რა გრანტით "დაჯილდოვდებიან" შესრულებული "სამუშაოსთვის", აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე, ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე.

"ტვ პირველზე", ვახო სანაიას გადაცემაში იმიტომ მოხდა დაპირისპირება ჩემსა და წამყვანს შორის, რომ თავიდანვე პროვოკაცია იყო ჩადებული შავკანიანებთან დაკავშირებით. მათ დაჩეხილი ვიდეოკადრები დადეს, სადაც არ ჩანს როგორ დაიწყო ჩხუბი ბელიაშვილის ქუჩაზე. ვიმეორებ, იქ რასობრივ ნიადაგზე არ მომხდარა დაპირისპირება, უბრალოდ, ე.წ. ქართულმა ტელევიზიებმა შეფუთეს ასე, რასაც შორს მიმავალი ზრახვა აქვს. იმ ფონზე, როცა უამრავი ქართველი დევნილი გვყავს, გვჭირდება ამდენი უცხოელი მიგრანტი? სწორედ ეს კითხვა გახდა სტუდიაში დაპირისპირების მიზეზი. ვახო სანაიას არ ესიამოვნა ჩემი ნათქვამი, ისტორიულ ჰერეთში ქართველებს რომ აწამებენ, ამას რატომ არ აშუქებთ-თქო. სანაიამ აქეთ შემომიტია, ჭკუას ნუ მასწავლიო, რითაც პირდაპირ მიანიშნა, რომ არ გააშუქებენ. ამიტომ ვუთხარი, რომ ჰერეთელების პრობლემების არ გაშუქების მიზეზი, "სოკარის" მიერ მათ ტელევიზიაში მიტანილი რეკლამებია, არ უნდათ აზერბაიჯანელების განაწყენინება, რადგან ხვალ-ზეგ შეიძლება აღარ მიუტანონ ეს რეკლამები. სანაია იმიტომაც გაცხარდა, რომ მტკივნეულ ადგილზე დავარტყი, მტკივნეულ ადგილზე მოხვედრილმა ნათქვამმა ისე გააცოფა სანაია, რომ ეთიკის ნორმებიც დაავიწყდა. ქართული ტელეჟურნალისტიკის ისტორიაში, ვგულისხმობ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდს, არცერთ ტელევიზიაში, მათ შორის, "რუსთავი 2"-ში არასდროს ყოფილა, რომ რესპოდენტისა თუ სტუმრისთვის ასეთი შეურაცხყოფა მიეყენებინოთ, სისულელეს ლაპარაკობ, წადი, დატოვე სტუდია, ეს ბოლო გადაცემაა შენთვისო და ა.შ. ბოლო გადაცემა ვისთვის იქნება და საერთოდ რა იქნება, ამას მომავალი გვიჩვენებს. სანაია ძალიან ბევრ ტელევიზიას იცვლის, სამსახურიდან წასვლის მიზეზი თავად უკეთ მოეხსენება. "ტვ პირველის" ხელმძღვანელობის ადგილზე, სანაიას ბოლოდროინდელ საქციელს რეაგირების გარეშე არ დავტოვებდი. სოციალურ ქსელს რომ გადავხედე, ნამდვილად არ იხსენიებენ თბილად და ტკბილად სანაიას და თავად ტელევიზიას. 

ჩემი ვარაუდით, მისი მიზანი იყო, შეურაცხყოფა მიმეყენებინა ან რაღაც ისეთი მეთქვა, რომ "კავკასიის" მსგავსი სცენარი დადგმულიყო. სიმართლისთვის უნდა ითქვას, რომ თითქმის ყველა ტელევიზიაში უჩნდებათ პრობლემები კონსერვატიულად, ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებს, მათ ლაპარაკს არ აცლიან წამყვანები, სამაგიეროდ ლიბერასტებს სულგანაბულები უსმენენ, საუბარში არ ეჭრებიან და არც კითხვას უსვამენ. ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები მიუღებელია ლიბერასტულად მოაზროვნე "კონტიგენტისთვის", წამყვანებთან ერთად სხვა რესპოდენტები და სტუმრებიც გაწყვეტინებენ სიტყვას, არ გაძლევენ პოზიციის ჩამოყალიბების საშუალებას, რაც გამიზნულად ხდება. ტრადიციული ღირებულების მატარებელი ადამიანები ტელევიზიებს უბრალოდ ანტურაჟისთვის ვჭირდებით.

სანაიას იმის მაგივრად რომ ბოდიში მოეხადა თავისი განცხადებების გამო, ბრძანებს ისევ იმ პოზიციაზე ვრჩები, რაზეც ვიყავიო, თან ვითომ ხუმრობს, იყო თუ არა პენალტიო. ვიცით ბატონო, ფეხბურთი რომ უყვარს, მეც ძალიან მიყვარს, ამიტომ ამ `ფეხბურთისმოყვარულს~ ვურჩევ გაითვალისწინოს, რომ როდესაც მატჩის დროს მსაჯი ნეიტრალურ ფიგურად კი არ რჩება, მხარედ იქცევა, ის თამაში ცუდად ფასდება. ასევე უნდა იყოს გადაცემის წამყვანიც, ხსენებულ გადაცემაში კი სანაია გამოკვეთილად მხარე იყო. ერთ-ერთ სტუმარს ლამის თოფით დაადგა, თქვენ შეიძლება კანის ფერის გამო პრობლემა არ გქონიათ საქართველოში, მაგრამ თქვით, ხომ გაგიგიათ სხვებს რომ ექმნებათო. ამიტომ ვუთხარი სანაიას, რომ ქართველები და ყველაფერი ქართული ეზიზღებათ. სანაიას კოლეგებიც აყვნენ, იგივე იდეოლოგიის მქონე ჟურნალისტები, თურმე ჩამჭრელი კითხვა დამისვეს, რაზეც ვერ ვუპასუხე. კუდი მოაბეს შავკანიანი სტუმრის აბსურდულ კითხვას, ღმერთი თეთრია თუ შავიო. მასაც ვუთხარი, რომ სისულელე იყო ამგვარი კითხვის დასმა, მეტი რა პასუხი უნდა გამეცა?! შეგნებულად არ შევყევი დისკუსიაში, რადგან ეს იყო შეურაცხმყოფელი კითხვა, მაშინ უნდა მეთქვა, რომ ისიც გიორგი გაბუნუასავით შეურაცხყოფდა ქრისტეს და სულ სხვა გადაცემა წავიდოდა. რა ფერზეა საუბარი, როცა ქრისტე არის ნათელი და უხილავი. ამ გადაცემის შემდეგ, უამრავი ადამიანი მიკავშირდება და მხარდაჭერას მიცხადებს, საინფორმაციო სააგენტო `ჰერეთის~ წარმომადგენლებმა მითხრეს, სანაიამ მარტო თქვენ კი არა, ჰერეთელებსაც მოგვაყენა შეურაცხყოფა და ჩვენს მიმართაც მოიხადოს ბოდიშიო. ცხადია, სანაიას არც ის ესიამოვნა, როცა ვკითხე ძაღლებსა და კატებს გადაცემების ციკლს რომ უძღვნით, რატომ არ აშუქებთ რა სავალალო დემოგრაფიული მდგომარეობაა შექმნილი ქვეყანაში, ქართველები თუ ხართ, ჯერ ქართველების პრობლემები გააშუქეთ და მერე იზრუნეთ უცხოტომელ მიგრანტებზე-თქო. ამიტომ ვამბობ, რომ ესენი არ არიან ქართული ტელევიზიები, სულგაყიდული ხალხია, რომლებისთვისაც მთავარი მსუყე გრანტებია. გრანტი კი ქართველების უფლებების დაცვაზე არ მოდის, `პრიორიტეტული~ რელიგიური, ეთნიკურ უმცირესობების ინტერესების "დაცვაა". 

ჟურნალისტის ძმამ რამდენიმე ტაქსისტი დააყაჩაღა, ამასთან დაკავშირებით, საჯარო განცხადება გავაკეთე, ეს ტელეკომპანია "ქართულ ოცნებას" ჩადენილ "დანაშაულობებს" რომ უთვლის, თავისი ძმის ყაჩაღობებთან დაკავშირებით სიუჟეტი რატომ არ გააკეთა-თქო. სხვათა შორის, ამ პიროვნებას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და გაათავისუფლეს. ამ განცხადების შემდეგ, ამ ტელეარხმა დამბლოკა, ახლა "ტვ პირველიც" თუ დამბლოკავს, არ იქნება ეს ჩემთვის ტრაგედია. თუ ყველა კონსერვატიულად, ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებს დაბლოკავენ ტელევიზიები, არ არის გამორიცხული ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. ეროვნული მოძრაობის და ნაციონალების მმართველობის დროსაც ჩაკეტილი იყო ტელევიზიები, მაგრამ ხალხი ქუჩაში გამოდიოდა და იქ ლაპარაკობდა, უტელევიზიობას პოლიტიკური მოვლენებისთვის ხელი არ შეუშლია. ჩვენ გადაცემაში მიწვევას გვამადლიან, სამაგიეროდ, "გირჩი", რომელიც ებრძვის ეკლესიას, ჯარს, ეროვნულობას, ყველა გადაცემაში უზით, ყველა ქართველთმოძულე, ქართველების მტერი ტელევიზიების მუდმივი სტუმარია. ბარემ ჩუსტები და ხალათიც აჩუქონ, რომ სახლში წასასვლელად დრო არ დაკარგონ.

– ეროვნულად მოაზროვნე ხალხი რეიტინგისთვის ჭირდებით ტელევიზიებს, საზოგადოებას განსხვავებული აზრის მოსმენა უნდა. მარტო ფსევდოლიბერალები რომ მიიწვიონ თოქ-შოუებში, იმ მწირ მაყურებელსაც დაკარგავენ, რაც ყავთ ქართულ ტელევიზიებს.

– ამიტომ ვამბობ, რომ ანტურაჟისთვის ვჭირდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრის გამოხატვის საშუალებას არ შეგვიზღუდავდნენ, ახლა უკვე შეურაცხყოფაზეც გადმოდიან. ელიზბარ ჯაველიძეს ეთერი გათიშული ეგონა და შეიგინა, ატყდა ერთი ამბავი, ისე მონათლეს, თითქოს ინგა გრიგოლიას შეაგინა. მაინ და მაინც უნდა შეეგინებინა სანაიას, რომ შეურაცხყოფად ჩაეთვალათ. "ტვ პირველის" მხრიდან ადექვატური საქციელი იქნებოდა სანაიას ბოდიში მოეხადა, შეცდომა ვის არ მოსვლია, მაგრამ კიდევ აქეთ არიან დიდ გულზე, თურმე აზრი არ შეუცვლია. მე რომ გამოვიდე და ვთქვა, ზოგიერთი ჟურნალისტი რეალურად რა პიროვნებაცაა, ბევრი მათგანი შეიძლება ბევრი მათგანი მარტო ტელეეთერში ვერ გამოჩნდეს კი არა, ქუჩაშიც ვერ გამოვიდეს, მაგრამ ამას არ ვაკეთებ, მორალი არ მაძლევს ამის უფლებას. ესენი ჯერ სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდნენ, ახლა სააკაშვილის დაბრუნებას და ქართველების წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურებიან. "ქართული ოცნების" ხელისუფლება მართლა დამნაშავეა, ამათ პასუხი რომ არ აგებინა, არ შეაფასა მათი "მოღვაწეობა" და არ დაითხოვა ტელეეთერებიდან. იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ჰიტლერს ემსახურებოდნენ, სამუდამოდ ჩაიკეთა გერმანული მედიის კარი, ჩვენთან კი რეჟიმის "გამპრავებლები" სახელმწიფო უწყებების პრესსამსახურებში და სამთავრობო ტელევიზიებში დაასაქმეს, ხოლო ის ჟურნალისტები, რომლებიც ცხრა წელი რეჟიმის მიერ იდევნებოდნენ, ახლაც უმუშევრები სხედან. იმიტომაც არის კარგად ხელისუფლების პიარის საქმე. თქვენ გგონიათ, ციხის გამაუპატიურებლებზე ნაკლებები იყვნენ ის ჟურნალისტები, რომლებმაც კარგად იცოდნენ რა ხდებოდა, მაგრამ ემსახურებოდნენ ამ უბედურების `შემოქმედთ~. ახლობელთან სტუმრად ვიყავი, "პოპულარული" სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" გადიოდა, გავოგნდი, ფილმის პერსონაჟმა კაცმა მცირეწლოვან შვილს ისეთი უწმაწურობა უთხრა, ვერ გავიმეორებ. ძალიან მაინტერესებს, შეიძლება ასეთი უხამსობის პროპაგანდა? ქართული ტელეარხების ყურება არ შეიძლება, მე უბრალოდ, იძულებული ვარ ვუყურო, საჯარო სივრცეში ვარ ჩართული და უნდა ვიცოდე ქვეყანაში რა ხდება. 

აფგან მუხთარლიზე რომ შემოიხიეს ყველაფერი, უდანაშაულო ქართველი, ბესო ქუზიბაბაშვილი რომ ზის აზერბაიჯანის ციხეში, ამაზე ხმას რატომ არ იღებენ ტელევიზიები, უფლებადამცველები და პოლიტიკოსები? ჩვენს ხელისუფლებას ერთი ტაშ-ფანდურა რომ აქვს ატეხილი ნოვრუზ-ბაირამზე და ულოცავენ ჩვენს თანამოქალაქე მუსლიმანებს, ერთხელ თუ ჩასულა ჰერეთში პრეზიდენტი ალიევი და იქაურებისთვის თუ მიულოცია ქრისტიანული დღესასწაულები? ჰერეთში მცხოვრებ ქართველებს რომ შეურაცხყოფს, იმ ქვეყნის მეგობრად მოხსენიება ცოტა გადაჭარბებული ხომ არ არის? ქართულ ეკლესია-მონასტრებს შეურაცხყოფენ, თქვენმა ეპისკოპოსმა აზერბაიჯანის მოქალაქეობა მიიღოს საინგილოში რომ იქადაგოსო, ეკლესიების გარდა, ქართულ სკოლებსაც არ ხსნიან, ქართული წიგნები ვერ შედის, ასე თუ გაგრძელდა, იქ ქართველი აღარ დარჩება. ამას რატომ არ აშუქებენ ე.წ. ქართული ტელევიზიები? მწვადებს შავკანიანებს კი ნუ უწვავენ, ჰერელებს შეუწვან, ამ გმირ ხალხს. დიდ პატრიოტებად რომ მოაქვთ თავი ამ ოპოზიციონერებს, ისინი რატომ არ იღებენ ხმას იმის წინააღმდეგ, თუნდაც საინგილოში რაც ხდება? მე უკვე "შავ სიაში" ვარ შეყვანილი, ძალიანაც რომ მინდოდეს ჰერეთში ჩასვლა არავინ შემიშვებს, მაგრამ ვცდილობ რაღაც გავაკეთო, მარტო საუბრით არ ვიფარგლები. ჯანდაცვის კომიტეტში და საერთოდ პარლამენტში შეხვედრები მქონდა ამ საკითხებზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი გავაგზავნე. მე თუ რაღაცას ვამბობ, საქმითაც ვცდილობ, იმიტომ ვარ მიუღებელი იმ "კონტიგენტისთვის", რომელიც საზოგადოებას წამლავს. ამათი ჭკუით პატრიოტიზმი, კულტურის და ტრადიციების დაცვა თურმე სისულელეა, ამის დამკვიდრებას ცდილობენ, მათთვის მთავარი სექსუალური უმცირესობის და არაქართველების დაცვაა.

ნაცხროვამ და მისმა სატელიტებმა ვახო სანაიას დაცვის "ეგიდით" ე.წ. ჟურნალისტი ელისო კილაძე მომიქსიეს, მერე ისიც დაწერა სიამოვნებით ვცემდი ნიკოლოზ მჟავანაძეს, ჩემი შვილი დაჭერილი რომ იყო, ცუდად შეეხოო. ვინმეს თუ უნახავს ჩემი ერთი პოსტი მაინც, სადაც მის შვილს ცუდად ვიხსენიებ, მე არ ვარ ის ადამიანი, პატიმარზე ცუდი ვთქვა, წაქცეულს ვურტყამდე. ეს კილაძის სტილია, ის ლანძღავდა ამაზრზენი სიტყვებით ჟურნალისტებს გიორგი მამაცაშვილსა და ნინო ჯღარკავას, უნდა ვუთხრა თქვენს შვილებს რა მშობლებიც ყავხართო. მე დავდე სოციალურ ქსელში მტკიცებულებები როგორ ლანძღავს მათ კილაძე, დადოს ამ ქალბატონმაც მტკიცებულება, როგორ გავლანძღე მისი შვილი. აი, ეს ადამიანი ყავთ წამოსკუპებული ეთერში ყველა ტელევიზიას და ალანძღვინებენ ხელისუფლებას თუ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს. ექსპერტობასთან ერთად, "ნათელმხილველობაზეც" აქვს კილაძეს პრეტენზია, თუმცა სამი წელია მისი "ხილვები" არ ცხადდება, ვერაფრით ვერ გადააყენა პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი. ტელევიზიებში მისი სისტემატურ სტუმრობასაც აქვს თავისი მიზეზი, ეჭვი არ მეპარება ჟურნალისტებზეც ექნება "კომპრომატები", აბა ერთი არ მიიწვიონ გადაცემაში, ცხვირწინ დაულაგებს "მტკიცებულებებს". არჩილ გამზარდიაზე ბრძანებდა კილაძე სუს-ის აგენტიაო, ახლა დღე და ღამე გამზარდიას უზის გადაცემაში, ახლა აღარ არის გამზარდია აგენტი? როგორ დამავიწყდა, ირაკლი ჩხვირკიაც ძალიან აქტიურობს სანაიას დაცვაში.

ახლა იცხრილება პოლიტსაბჭო და ყველაზე მეტად ესენი აკრიტიკებენ გასაყრელად გამზადებულ "თანაგუნდელებს". ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა, რა თქმა უნდა დადებითი მოვლენაა, ეს ხელისუფლებაზეც აისახება და იმედია, ვითარება გამოსწორდება. სახელისუფლებო გუნდიდან მისმა წასვლამ ძალიან ცუდად იმოქმედა, ყველაფერი უკან-უკან წავიდა, ფაქტობრივად თავზე დაიმხეს ყველაფერი სოროსის "ბუდიდან" აფრენილმა უმწიფარმა პოლიტიკოსებმა. როგორ გაიწმინდება, ვინ დატოვებს ხელისუფლებას და თავად "ქართულ ოცნებას", უახლოეს მომავალში ვიხილავთ.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
8-05-2018, 10:30


რატომ ვერ შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის გამოსწორება ამაზე განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი გვესაუბრა:

– განათლება დიდი პოლიტიკის ნაწილია და პოლიტიკური პარტია, რომელიც ამ მიმართულებით პროგრესულ და პოპულარულ რეფორმებს არ ატარებს, ვადაზე ადრე მიდის ხელისუფლებიდან. სააკაშვილის ხელისუფლება განათლებასა და მეცნიერებაში გატარებულმა არაპოპულარულმა და ანტიმეცნიერულმა რეფორმებმა შეიწირა. მისგან განსხვავებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში საუკეთესო პროგრამით მოვიდა, რომელიც პირველ რიგში, კანონმდებლობის მთლიანად შეცვლას ითვალისწინებდა, მაგრამ იმ პროგრამიდან არაფერი გაკეთებულა. რაც დღეს ხდება, კატასტროფაა! არასრულწლოვან ნარკომომხმარებელთა რიცხვი რამდენჯერმე გაიზარდა. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ე.წ. კლუბურმა ნარკოტიკმა 15-მდე მოზარდი შეიწირა. გაზრდილია არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების რიცხვიც, რაც იმის დამსახურებაა, რომ 14 წლამდე ასაკის ბავშვი მთლიანად გაათავისუფლეს პასუხისმგებლობისგან.

– რა გამოდის, რომ ყოველწლიურად, 600 მილიონს უვიცობაში და კრიმინალისა თუ ნარკომიდრეკილების ჩამოყალიბებაში ვიხდით?

– თუ გავითვალისწინებთ, რომ განათლების მიღების ნაცვლად, ბავშვები ნარკოტიკებს ეჩვევიან, მოძალადეებად ყალიბდებიან და ჭრიან და ჩეხავენ ერთმანეთს, ასე გამოდის. უძვირესი კერძო სკოლები გვაქვს: ამერიკული, ბრიტანული, ევროპული, არაეროპული, აზიური და ა.შ. ზოგან სწავლა 25 000 დოლარი ღირს, ზოგან 10 000 დოლარი და არაფერი. მოდის ბავშვი სახლში და მშობელი ყველა საგანში ამზადებს, რადგან იმდენ ცოდნას ვერ აძლევენ, რომ ბავშვმა დავალება დამოუკიდებლად შეასრულოს. დედამიწაზე არ არსებობს ქვეყანა, სადაც ზოგადი თუ უმაღლესი განათლების მიმართულებით, ასეთი მზაკვრული, ბოროტი, ანტიმეცნიერული და ახალგაზრდების განადგურებაზე ორიენტირებული სისტემა მოქმედებს. სტუდენტების განათლების დონეს რომ ვხედავ, ვრწმუნდები, რომ საერთოდ არაფერი იციან. ვეკითხები სახელმწიფო თუ კერძო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს – რად უნდათ ეს უვიცი ბავშვები, მარტო იმისთვის, რომ ხელფასი აიღონ?

– თავის დროზე, ვარაუდობდით, რომ უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების დღეს არსებული მოდელი სწორედ ასეთ შედეგებს მოიტანდა..

– არც ვცდებოდი, თუმცა დაფინანსების გარდა, სხვა პრობლემებიცაა. ჩემი აზრით, დანაშაულია, როცა ტექნიკურ, სამედიცინო ან აგრონომიულ ფაკულტეტებზე ისტორიას, გეოგრაფიას ან ლიტერატურას გამოცდებით აბარებენ და სპეციალურ საგნებში არავითარი ცოდნა არა აქვთ. წარმოიდგინეთ, სტუდენტებს ქართველი კლასიკოსების ერთი ნაწარმოებიც კი არ აქვთ წაკითხული და ეროვნულ გამოცდებს აბარებენ. გაუგებარია, რა ტესტია, რა წყობაა და რა მოთხოვნებია, რომ უნარების გარდა, არაფრის ცოდნა არ გჭირდება და სტუდენტი ხდები. სტუდენტებმა ქართული და მათემატიკა არ იციან და ქიმიის, ბიოლოგიის და საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნაზეა საუბარი? რატომ გვიკვირს, რომ ამდენი უმაღლესი სასწავლებლის პირობებში, პროფესიონალი ექიმების, ინჟინრების თუ აგონომების დეფიციტი გვაქვს? რა აგრონომი გახდები თუ ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია არ ჩაგიბარებია? რა ინჟინერი გახდები მარტო ისტორია-გეოგრაფიის ცოდნით?

– დანგრეული მაღაროები, ავარიული სახლები და გზები საბოლოოდ, ვიღაცის არაპროფესიონალიზმის შედეგია, თუმცა ბოლო დროს, განსაკუთრებით ბევრ კითხვას ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმი აჩენს..

– რაც შეეხება სამედიცინო დარგს, დღევანდელი ექიმები სანატრელი გაგვიხდებიან, როცა პროფესიაში ექიმების ახალი თაობა შევა. თქვენ ნახავთ, რომ ცოტა ხანში, უბრალო დაავადებების სამკურნალოდ თურქეთში წასვლა დაგვჭირდება. რომელ არჩევით საგანზეა საუბარი? სამედიცინოზე მინიმუმ, ხუთი საგანი უნდა ბარდებოდეს: სამი, რომელიც ყველგან ბარდება და ამასთან, ქიმია, რომელიც მედიცინის ხერხემალს წარმოადგენს და ბიოლოგია. თანამედროვე მედიცინა ფიზიკის ცოდნასაც მოითხოვს, ამიტომ მომავალმა ექიმმა ეს საგანიც უნდა იცოდეს. ფიზიკა-ქიმიას კი ვერ ისწავლი, თუ მათემატიკა კარგად არ იცი. ამასწინათ, სტუდენტთა ჯგუფს ვკითხე მეტალი ელექტრულ დენს ატარებს თუ არა და ვერ მიპასუხეს. 21-ე საუკუნეში სტუდენტს ეს რომ არ ეცოდინება, სამედიცინოს სტუდენტი გოგორდმჟავას და მარილმჟავას ფორმულას რომ ვერ დაგიწერს და ფიზიოლოგიური ხსნარი არ იცის რაა, ის რა ექიმი უნდა დადგეს? ათასობით სტუდენტში თითო-ოროლა წარმატებულ და შრომისმოყვარე სტუდენტს ნახავთ და ისინიც საზღვარგარეთ გარბიან, იმიტომ, რომ აქ თუ ფული არ გაქვს და ვიღაცის შვილი არ ხარ, სამსახურს ვერ იშოვი. მაშინ რაში გვჭირდება ამდენი უმაღლესი სასწავლებელი? საბჭოთა კავშირის დროს, როცა 5 მილიონი ვიყავით, 18 უმაღლესი სასწავლებელი გვქონდა. ახლა ამის ნახევარი ვართ და 70-მდე აკრედიტებული უნივერსიტეტი გვაქვს. უნივერსიტეტების გარდა, დასახურია ბევრი მიმართულება. არ მესმის, რა საჭიროა პროფილურ უმაღლეს სასწავლებლებში არაპროფილური მიმართულებები? მაგალითად, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ისტორიის ან ჟურნალისტიკის ფაკულტეტები სრულიად ზედმეტია და თავის პროფილურ მიმართულებებს უნდა მიხედოს. ასევე, სხვებმაც. სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, გეტყვით, რომ განათლების სისტემის ყველა საფეხურზე ძირეული რეფორმებია გასატარებელი. 

თქვენი აზრით, რომელ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირდება განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა? ეს ადამიანი იმ ხუთკაციანი კომისიის წევრი გახლდათ, რომელმაც ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ღვაწლმოსილი პროფესიორები გაუშვა, თანაც ამ დროს, აკადემიური ხარისხი არ ჰქონდა. ასეთი საკადრო პოლიტიკის შედეგია, რომ განათლების სისტემაში ნაციონალების წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა.

– დღევანდელი განათლების სისტემას ყველაზე მწვავედ ნაციონალები აკრიტიკებენ. თქვენ კი ამბობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათი საგანმანათლებლო პოლიტიკა გააგრძელა და რადიკალური ცვლილებები არ განუხორციელებია.

– ნაციონალებს ოპონირებაში ბადალი არ ჰყავთ, ხელისუფლებამ კი მათთვის პასუხის გამცემიც კი ვერ ნახა.. ღრმა და საფუძვლიანი რეფორმირების ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ უმნიშვნელო ცვლილებები განახორციელა, რომლის წყალობით მივიღეთ გაცილებით უარესი, „ტაშფანდურა“ საგნებით სავსე და არაფრის მომცემი ეროვნული სასწავლო გეგმა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა ხომ საერთოდ, კორუფციის წყარო კი არა, მდინარეა.. ამდენი მკვლელობა და ძალადობა არ მოხდებოდა, რომ ასეთ გაუაზრებლად მიღებულ დოკუმენტებს მასწავლებელი და მოსწავლე არ დაეშორებინა.. ყველა მიმართულებით ჩიხში შევედით და ამას ხელისუფლება მშვიდად აკვირდება. ბავშვებში რომ ამდენი აგრესია და ძალადობაა, გაკვეთილების მიმდინარეობისას თუ გაკვეთილების შემდეგ ერთმანეთს რომ ჭრიან და ხოცავენ, თანამდებობის პირებმა პასუხი არ უნდა აგონ? 

– 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის ფაქტს გულისხმობთ?

– არა მარტო, მაგრამ თუნდაც ეს ფაქტი იყოს. სასწავლო პროცესის დროს მოხდა სასტიკი დანაშაული. კი არ მოკლეს, დაკლეს ბავშვები და სკოლის დირექციას პასუხი არ უგია.. რატომ არავინ დაინტერესდა, დანაშაულის ჩადენის დროს, სად იყვნენ 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორები? თუ ადგილზე იყვნენ, რა გააკეთეს, რომ ეს არ მომხდარიყო? მე თუ მკითხავთ, მარტო დირექტორები კი არა, სამინისტროს მთელი შემადგენლობა უნდა გაეშვათ. სანამ თანამდებობა მარტო მაღალ ხელფასთან ასოცირდება და არა პასუხისმგებლობასთან, ვერც ივანიშვილის დაბრუნება გვიშველის და ვერაფერი. დღეს არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდა ყველაზე დიდი გამოწვევაა, ამიტომ არათუ თანამდებობა უნდა დაატოვებინონ, პასუხი უნდა აგებინონ ყველას, ვისი ბრალეულობაც ამ საქმეში იკვეთება.

საერთოდ გაუშვან არაპროფესიონალი და გამოცდილების არმქონე დირექტორები, რომლებსაც სკოლის მართვა არ შეუძლიათ. შეცვალონ უვარგისი კანონი, რომელშიც წერია, რომ სკოლის დირექტორად მუშაობისთვის პედაგოგიური განათლება აუცილებელი არაა და 3 წლიანი სტაჟიც საკმარისია. ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. სამი კი არა, სკოლის დირექტორს ათწლიანი სტაჟი და განათლების სისტემის სხვადასხვა საფეხურები უნდა ჰქონდეს გავლილი, რომ ნამდვილი პროფესიონალი ერქვას. როგორ შეიძლება გამოცდილების არმქონე ადამიანი პროფესიონალი იყოს, როცა პროფესიონალიზმს წლები და გამოცდილება ჭირდება?

ნელი თორდია



მეტის ნახვა
8-05-2018, 07:00