12 მაისს "ბასიანის" "დაპყრობას" დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს რუსთაველი. გაისმა პოლიტიკური მოწოდებები. აქციაზე კი ტრანსგენდერების, გეების, ფემინისტების გარდა თავი მოიყარა პოლიტიკოსებმა და იმ ადამიანებმაც, ვინც ჩათვალეს რომ საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ღამის კლუბ "ბასიანიდან" იწყებოდა და მთავრდებოდა.

მოხდა დაყოფა, ერთ მხარეს იდგნენ "გასხივოსნებულები", მეორე მხარეს "ბნელები": "გასხივოსნებულთაგან" რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა პოლიციელს, იყო გინება, ფურთხი. ეგრედწოდებულ არაცნობადებს მხარი ეგრედწოდებულმა ცნობადებმა აუბეს და ოხრად "დაიყარა" ზიზღი, აგრესია: მოვუხნათ დედის ტრაკი ამ ბნელებს!” – დავით კოვზირიძე;

"მოგხანთ სალი კლდეები და სახელოვანი წარსული!” – ანა სუბელიანი;
"დაუხეთქეთ თავები და გააჯმევინეთ სახლში მაგათ!" – სალომე ბარკერი;
"ვიღაც ნაბიჭვრები რომ სხედან იქ სადღაც!" – ბექა წიქარიშვილი;
"მოდით, ბევრი ვიყოთ რომ მოვუხნათ კარგის ტრაკები!” – ხათუნა გოგებაშვილი;
"ვიღაც ყ.ე სამართალდამცველი თმაში მწვდა" – მათე ხიდაშელი;

"ჩვენ ვიცავთ თავისუფლების იდეალს, რომელიც მათ დაკარგეს, იმიტომ რომ თავისუფლება არის აქ და არა კაბინეტებში. დამოუკიდიებლობის მოპოვება დიდი ბრძოლის შედეგი იყო. არავინ არ გვაჩუქებს თავისუფლებას და ბრძოლა დღესაც გრძელდება. მივმართავ მაყურებელს, თავს ნუ მოატყუებინებთ ამ ხალხს. მოდით და შემოგვიერთდით, ვინაიდან ეს არის ბრძოლა პროგრესსა და განუვითარებლობას შორის", – ლაშა ბუღაძე;

"ბასიანს არბევენ, ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს ევროპაში. ესაა კალაძის დანაპირები "ღამის ცხოვრების" განვითარების შესახებ? ნარკოდანაშაულს ვერაფერი მოუხერხეს და ახლა განტევების ვაცს ეძებენ, ვინმეს უნდათ რომ შეახოცონ ხელი. ღამის ეკონომიკა კრიმინალის დამარცხებამ, უსაფრთხო გარემომ და ტურიზმის ბუმმა შექმნა და არა კალაძის `ღამის სამინისტრომ".
ნუ ანგრევთ იმას, რაც თქვენ არ შეგიქმნიათ! ჩემი სოლიდარობა ბასიანს!”, – რომან გოცირიძე;
"არ დაგვიტოვეს ადგილი, ისეთი სადაც შეგვიძლია ვიყოთ ისე როგორც გვინდა. ჩვენ არაფერს არ ვაფუჭებთ, ჩვენ არაფერს არ ვაშავებთ. არ ვაშავებთ, როდესაც ვცეკვავთ. მეტი რა გავაკეთოთ?" – ბაია პატარაია.

დავით ზურაბიშვილი: "კეთილი ინებეთ ხელისუფლებავ და ეს ფაშისტი ნაბიჭვრები მოაცილეთ აქციას!"
დავით გაბუნია: "აქ რაც ხდება არის არანაკლები, რაც ხდებოდა 7 ნოემბერს… ჩვენ აქ ვიდგებით 17 მაისსაც, სამწუხაროდ, აქ ვიქნებით ალბათ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისაც, 26 მაისს".

გიორგი ვაშაძე: "ხელისუფლებავ! ახალგაზრდებს თმის ღერი არ ჩამოუვარდეს თორე კუდით ქვას გასროლინებთ!"
"სამწუხაროდ, მე დღესაც არ მაქვს პასუხები და კომუნიკაცია გუშინდელ ღამესთან დაკავშირებით. ჩემი დაჟინებული რჩევაა, სასწრაფოდ მოხდეს გუშინდელი ღამის ოპერაციის დეტალური განმარტება, დაიწყოს დიალოგი, თუნდაც განსხვავებული პოზიცების მატარებელ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ადამიანებთან, რომლებიც დღესაც იბრძვიან თანამედროვე და თავისუფალი ქვეყნის მომავლისთვის. ამ მოცემულობაში, ცხადია ღამის ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელად მიმაჩნია დღეს, თუ ეს წინააღმდეგობები არ გადავლახეთ", – სერგი გვარჯალაძე.

ღამის ეკონომიკის "მინისტრის" (რომელსაც თურმე 4000 ლარზე მეტი აქვს ხელფასი და ჯერჯერობით არანაირი პროექტი არ განუხორციელებია) მხარდამხარ "ბასიანის" დასაცავად "იბრძოდნენ" დეპუტატებიც, ყოფილები, მომავალი. საბოლოო ჯამში "პრადვინუტული საზოგადოება" შეჯერდა, რომ რუსთაველზე იდგა "მთელი თფილისი" და რომ ყველა ვინც "ბასიანში" არ დადის ბნელია. აქცენტი გადატანილი იქნა ეკონომიკაზე და რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა ჩანდეს, თურმე სერგი გვარჯელაძის "ღამის ეკონომიკა" "ბასიანზე ყოფილა დამოკიდებული. როგორც ჩანს, არავინ მიაქცია ყურადღება, რომ წინა ხელისუფლების დროს, სასტუმრო "აჭარის" კლუბში ("აჭარა მიუზიკლ ჰოლი"), შეიჭრა სპეცრაზმი, იგივე მოტივით, რაც "ბასიანში", კლუბის დირექტორი სერგი გვარჯალაძე იყო და თავად კლუბი, ასეთივე ცნობილი, როგორც `"ბასიანი”, მაშინ სუბუტექსის დიდი პარტია იქნა ამოღებული. მაშინ საზოგადოება ამართლებდა ძალოვანების ქმედებას და ხელისუფლებას ნარკორეალიზატორების მიმართ კანონის კიდევ უფრო გამკაცრებისკენ მოუწოდებდა. ამდენად, "ბასიანში" რომ ხედავს გვარჯალაძე გამოსავალს და ღამის ეკონომიკის აღორძინებას, გასაკვირი არაა.

წინმსწრები მოვლენები:

სამწუხაროა, რომ ამ ფაქტებს წინ სიკვდილი უსწრებდა. სიკვდილი, რომელმაც, საზოგადოების დიდი ნაწილი შეაშფოთა, დააფიქრა. სიკვდილი დადიოდა ღამის კლუბებში, ფესტივალებზე (კაზანტიპი). საზოგადოების აზრის გასაგებად, დღეს საუკეთესო საშუალება სოციალური ქსელია და როცა რამდენიმე ახალგაზრდამ სიკვდილს თვალებში ჩახედა დაისვა კითხვები – რას აკეთებს ხელისუფლება? რატომ იყიდება თავისუფლად ღამის კლუბებში გაურკვეველი თუ გარკვეული სახის ნარკოტიკი? რატომ არ აკავებენ "ბარიგებს"? რამდენიმე ადამიანი აქციების მოწყობის ინიციატივითაც გამოვიდა და კანონის გამკაცრება მოითხოვა. საქმე ისაა, რომ მოქმედი კანონის მეტად გამკაცრება, უბრალოდ შეუძლებელია და საზოგადოების მოთხოვნაც, შესაბამისად, აბსურდული. მთავარი, კანონის აღსრულებაა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამას არავინ, ან ძალიან ცოტა ითხოვს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს უფრო ადრე, წინ უსწრებდა "უსისხლო" და "უსიკვდილო" ფაქტები: ორი წლის განმავლობაში, რამდენჯერმე იქნნენ დაკავებულნი ქართული შოუ-ბიზნესის "ელიტარული" წარმომადგენლები, რომელთა დასაცავად ცალკე "ელიტამ" და ცალკე საზოგადოების მუდამ უკმაყოფილო ნაწილმა, მკლავები დაიკაპიწა. მოხდა ისე, რომ დეპუტატებიც ჩაერთვნენ საქმეში და დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით "გამომცხვარ" "პეტიციებზე" თავიანთი ფაქსიმელე სავიზიტო ბარათივით, დამღად დაასვეს. მოგვიანებით, ერთმა დეპუტატმა ბოდიშიც მოიხადა "პეტიციაზე" ხელის მოწერის გამო – საზოგადოებას ასე თუ არ უყვარდა ეს "ცნობადი სახე", ამას როგორ წარმოვიდგენდიო, ხელმოწერა "უკან გამოითხოვა" და ერთი სიტყვითაც არ დაგმო ფაქტი – დიდი რაოდენობის ნარკოტიკების შემოტანა.

"ელიტამ" გარისკა და აღიარა, "ცნობადის" დაკავებამდე ტაბუდადებული საკითხი და განაცხადეს, რომ თურმე "ცნობადმა" საკუთარი მოხმარებისთვის შემოიტანა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის წამალი. მოგვიანებით, ალბათ, ინანეს აჩქარება – "ცნობადი" მალე გაათავისუფლეს – არც გამოცხადებული თვითმკვლელობის და არც კონტრაბანდისთვის არ დააკავეს, მისი ნაზი ბუნებისთვის ციხე ზედმეტი იყო.

12 მაისს, გამთენიისას ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, მოხდა ისე, რომ იმ ადამიანების ნაწილიც კი, ვინც წინა დღეებში ზედმეტი დოზისგან გარდაცვლილ ბავშვებს გლოვობდნენ, უცებ აღმოჩნდნენ ნარკოტიკების გამსაღებელთა დამცველები. `"ეთრმა ხმაური", რომელსაც თავის დროზე, ჩანასახშივე, ე.წ. ხმაური არ აუკრძალეს და არ დააკავეს ნარკოტიკების პოპულარიზაცია-აგიტაციისთვის, ხელისუფლების შეცვლაზე `"ჭიკჭიკდა", "გირჩმა", რომელსაც კანაფის დათესვისა და აგიტაციისთვის პასუხი არავინ მოსთხოვა, საქმიანობას არ შევწყვეტთო. "ბარიგებმა", უკაცრავად, დილერებმა, რევოლუცია "დაანონსეს". "სტრატეგიულად მნიშვნელოვან" ადგილზე მეტეორული სისწრაფით გამოცხადებულმა ნაცმაცუნებმა "ამბრაზურას" როლი იკისრეს.

ასეთ ფონზე "ბასიანის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ტატო გეთიამ განაცხადა: "კვლავ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და კლუბის გახსნის კონკრეტულ ვადას ვერ გვეუბნებიან, თუმცა საუბარი არ არის თვეებზე, საუბარია დღეებზე". ანუ, "ბასიანი" ზარალის ანაზღაურებას ითხოვს და პარალელურად აცხადებს რომ თურმე კლუბში, ნარკოტიკი კი არა, ციტრამონი იყიდებოდა.
"ბასიანის" გარდა პოლიცია შევიდა ღამის კლუბ "გალერიში", თუმცა დიდი ვნებათაღელვის ფონზე `"გალერი" არავის გახსენებია. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია: "კლუბი “ბასიანის” მთავარი მოწილე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია! აკაკი ხურციძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯ 1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსი 2012 წლამდე, აკაკი ხურციძის ვაჟი, გიორგი ხურციძე უკრაინაშია…
კლუბი "ბასიანი" – წილები და მეწილეები:
– აკაკი ხურციძე 50%
– ნიკო ნიკოლაძე 10%
– ნათია ორაშვილი 10%
– ზვიად გელბახიანი 10%
– ივანე გეთია 10%
– ვახტანგ გოცაძე 10%".

ასევე სოციალურ ქსელში, "გალერის" შესახებ ვრცელდება ინფორმაცია: "გალერი" იყო ჩერნიგოველის სახელობის ეკლესიის შენობა. შენობა გროშებად გაიყიდა 90-იან წლებში, აფხაზეთის ომის დროს.

საინტერესოა ასევე ისიც, რომ, მაგალითად "ბასიანში", როგორც ამბობენ, თავისი "სადილერო" "ბუტკა" აქვს გახსნილი ცნობილი მომღერლის ცნობილ ქმარს. ხოლო "გალერიში" გადაღებული ვიდეოები, რომელიც სოციალურ ქსელში იქნა გამოქვეყნებული, სხვა არაფერია თუ არა გარყვნილება. არც "ბასიანი" და არც "გალერი" დღევანდელი და გუშინდელი "პროდუქტი" არაა. "გალერი"უფრო მხცოვანია, `"ბასიანი" უფრო ახალგაზრდა, მაგრამ ამ ორივე `ღამის ეკონომიკის მთავარ სიძლიერეს~ აკავშირებს პოლიტიკა.

"ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, 10%-იანი წილის მეპატრონე არის ზვიად გელბახიანი. ზვიად გელბახიანი არის ვალერი გელბახიანის ძმის შვილი. თავის მხრივ ვალერი გელბახიანი, როგორც თავად აცხადებდა, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ იდევნებოდა. მეტიც, ბადრი პატარკაციშვილთან ურთიერთობისა და მისი შტაბის ხელმძღვანელობის გამო, ის თურმე სასიკვდილოდ გაწირეს. ისმის კითხვა: მაშ როგორ მოხდა რომ "დევნილი" ვალერი გელბახიანის ძმის შვილი "ბასიანში" 10%-იანი წილი მფლობელია? იმიტომ ხომ არა, რომ თავის დროზე, როცა ვალერი გელბახიანი დაბრუნდა საქართველოში (დედა მყავს ავად და მომეცით ნება რომ ვნახოო, ამ მოტივით ჩამოვიდა და ნება მისცეს კი არა, ხელიც არავინ ახლო თუ არ ჩავთვლით ერთდღიან პატიმრობას) საქართველოს მთავარი ნარკუშა და ნარკობარიგა ირაკლი – ერეკლე კოდუა აეროპორტში დახვდა? ვინმემ არ თქვას, ეს ევალებოდაო. ჰო, აბა, თურმე, ეგრედწოდებულ პოლიტიკურ დევნილს სოდ-ის უფროსზე ნაკლები არ უნდა დახვედროდა აეროპორტში და თან არ დაგავიწყდეთ, ამ "სტუმართმოყვარე აქტის" დროს კოდუა გელბახიანის სს საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო.

რუსთაველზე აქციაზე მისულმა გახარიამ, აქციის მონაწილეებს მოსთხოვა ბოდიში მოეხადათ იმ პოლიციელებისთვის, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენეს. იმ ადამიანებმა, რომელთაც არა ერთ კომენტარში აღიარეს, რომ კლუბში "კაიფის გამო დადიოდნენ" (დაგვაცადეთ ჩვენ ეს გვისწორდება) ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადეს. პარლამენტში გახარიამ გამგებთათვის გასაგებად თქვა, გამოძიება მიდის და გვაცალეთ ყველა თავისას მიიღებს, პოლიციელთა შეურაცხყოფისთვისაც და ნარკოტიკების გასაღებისთვისაცო. ახლა "საქართველოს მომავალს", "დაგვაცალეთ კაიფი, ჩვენ ეს გვისწორდება" ხალხს არჩევანი არა აქვთ. ეგრედწოდებულ ლიდერებს, თავისი დამცველებითურთ ცხირ-პირში მიარტყეს ფირები, სადაც ბარიგობის, წინააღმდეგობის გაწევის და შეურაცხყოფის კადრებია აღბეჭდილი. ერთადერთი გზა, რაც მათ დარჩათ ისევ აქციის მოწყობაა, თუმცა როგორც "ცნობადმა სახე" ნიკა ქავთარაძე წერს: "მოვიდა ტიპი ჩვენს მოედანზე და მივეცით საშუალება, რომ მისი წესებით გვეთამაშა". გახარიამ დიდი ანგარიშით მოუგო საპარლამენტო ოპოზიციასაც. ამდენად, ლიდერებმა უკვე იციან, რომ ჩანასახშივე წაგებულ აქციას, მოწოდებას – "თავისუფლებას გვართმევენ, თავისუფლება დავიცვათ" – ანკესზე ტრანსგენდერების და "ჩვენ კაიფი გვინდა" ხალხის გარდა, მხარს არავინ დაუჭერს.

ახლა ისინი სხედან და ტირიან…

ქეთევან ზარნაძე

მეტის ნახვა
29-05-2018, 17:00


"საერთო გაზეთის" სტუმარია სკანდალური განცხადებებით ცნობილი რესტავრატორი, ქვაზე ჩუქურთმის ოსტატი, ბატონი არჩილ ღუდუშაური.

– სად აღარ მივედი – არავინ მისმენს… საშინელი სენია მოდებული: უცოდინარობა, გაუნათლებლობა, ისევ და ისევ ყოველგვარი უცხოურის თაყვანისცემა… ქართული აღარაფერი უნდათ… საქართველოს ისტორია გაყალბებულიაო, გიკვირთ! კარგი, გააყალბეს შენამდე, შენ რომ მოხვედი, როგორადაც შეგიძლია, თქვი სიმართლე!
საქართველო ზესაოცარი ქვეყანაა საკუთარი სალოცავი მდინარეებით, მთებითა და ნაგებობებით, მაგრამ უბედურება ის არის, რომ გადაკეთდა უცხოური რელიგიებით – დაწყებული ქრისტიანობით, დამთავრებული მუსლიმანობით, ყველას მითვისებული აქვს ქართული სალოცავები, ძველებიც და ახლებიც… მაგალითად, უფლისციხეში ქართველთა ღმერთის ტაძარი დაინგრა და გადაკეთდა ქრისტიანულად, ისევე, როგორც მცხეთაში. სვეტიცხოველი კი არ აშენებულა, არამედ გადაკეთდა. სვეტიცხოველს აქვს სამი კედელი, შიდა კედელი არის ქართველთა ღმერთის სალოცავი, რომელიც გარედან შეფუთეს ქრისტიანული კედლით. ეს იმდენად უხეიროდაა გაკეთებული, მითუმეტეს მისთვის, ვინც იცნობს ბერძნულ კულტურას, მასზე საუბარიც კი სამარცხვინოა. თვით ტაძარი ბერძნული არქიტექტურული მიმდინარეობის შენობაა. დღემდეა შემორჩენილი ქართული სიმბოლოები სვეტიცხოველზე: გონიო, ბორჯღალი, ვაზი…

– "ქართულ რელიგიას" თქვენ რას უწოდებთ?

– მაგალითად, "გიორგი" არის ქართული ღვთაება…

– "გიორგი" ბერძნულია და მიწათმოქმედს ნიშნავს…

– საქმე მაგაში გახლავთ, რომ როგორც ბევრი სხვა რამ, მითვისებული აქვთ ბერძნებს. ორივე "გიორგობა" მიძღვნილია მის წამებასა და სიკვდილზე, დაბადებასა და წარმატებაზე არ არის აქცენტი, რატომ, არ დაბადებულა? ქართული ღვთებაა და იმიტომ!

– კაპადოკიაში დაიბადა… გასაგებია კაპადოკია ძველი ქართული (კოლხური) ცივილიზაციის ნაწილი იყო…

– ხალხმა უნდა გაიგოს სიმართლე, რაც დაავიწყეს და თავს მოახვიეს, უნდა გაიხსენონ… შაბათი მეშვიდე დღეა ბიბლიურად, ხომ? კვირის პირველი დღე არის ქართველთა ღმერთის შვილის დღე, დღესასწაული, რომელიც მითვისებული აქვთ ქრისტიანებს. რომ გამოვაცალკევოთ და აღვნიშნოთ, რომ ეს ქართული ღმერთის დღეა და არა ქრისტიანული, უკვე შედეგია. მაგალითად, სვეტიცხოველი შიგნიდან კვირაცხოველია, კვირაცხოვლობა ქართული დღესასწაულია, რომელიც ქრისტიანებმა მიითვისეს. ბარბარობაც ქართულია, ბარბარე მზის სალოცავია, რომელიც შემდეგ ქრისტიანებმა მიითვისეს (ცნობისათვის, მეფის რუსეთი უფრო გვიწყობდა ამაში ხელს და 40-იან წლებამდე კომუნისტები).

_ მაშასადამე, თქვენ ამბობთ, რომ ძელიცხოველი უკვე უცხოურია? სვეტიცხოველი ხომ ძელიცხოველზე დაიდგა.

– უცხოურის ხიბლია. სვეტიცხოველს გარეთა კედლები რომ მოვხსნათ, საწყისი არის ქართული სალოცავი. ბავშვობაში, სვეტიცხოველში რომ დავდიოდი, სამი ახალგაზრდა გოგონა იყო გიდი და იმ მყარი ათეიზმის დროს ისინიც ყვებოდნენ, რომ სვეტიცხოვლის შიგნითა კედელი იყო ქართული სალოცავის კედელი.
ანჩის ხატი, როგორც შენობა-ნაგებობა, არის ბუდა რომელიც 1989 წელს გამოიტანეს როგორც იესო და არის ბუდა. ახლა ხელოვნების მუზეუმში ინახება ორი ბუდა, ერთი არის ნამდვილი ბუდა რასაც ჰქვია…
ქურთებს რომ გადაეცათ ნარიყალას ქვემოთ არსებული ტერიტორია ე.წ ათეშგათი. ათეშგათი შებოლილია 1985 წელს…

– რას ჰქვია შებოლილი…

– მაგ ადგილზე იყო მცირე ზომის ხის საწყობი სადაც ინახებოდა საბურავები და ის დაიწვა. შეისწავლონ ჭვარტლი და ხომ გაირკვევა რა შემადგენლობისაც არის – რომელი "მუდმივი ცეცხლის ტაძარი" რა ტყუილები და სიბრიყვეა, როგორ უნდა ბედავდეს ვინმე ასე თვალში ნაცრის შეყრას?
მე ისეთი პროფესია მაქვს ადვილად ვერავინ დამიდგება წინ, მითუმეტეს, რომ რაზეც ვსაუბრობ საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და გადამოწმებული. მე რომც არაფერი ვთქვა, თვითონ ღაღადებენ ქვები!… "მუდმივი ცეცხლის ტაძარი" კი არა, იქ არსებული ქართული სალოცავი მიართვეს ქურთებს! რომელი პოლიტიკის ნაწილია საკუთარი ისტორიის გაყალბება, არ მესმის და ვერც გავიგებ!
კაცხის სვეტი! – სვეტს ქვემოთ შემორჩენილი აქვს მზის სიმბოლო, მაგრამ რვა წელი გავიდა და გადაკეთდა ქრისტიანულად, რატომ?! რა ვქნა, საიდან ვიყვირო რომ გაიგოთ _ ქრისტიანობა არის ახალი ბერძნული რელიგია რომელსაც შიგნით გაერთიანებული აქვს კიდევ რამდენიმე რელიგიური მიმდინარეობა. ბერძნული, ებრაული _ თვით იმ ებრაულში განშტოებებია. მაგალითად, იოანობა. იქ წერია, რომ იესო მივიდა იოანესთან და გახდა, "ჩვენებურად" რომ ვთქვათ "იოანისტი". ეს უკვე სულ სხვა რელიგიური მიმდინარეობაა, ხომ?

უბედურებაა, აბა, რა არის, როცა შენს სულიერებასთან ერთად სრულიად უცხო რამ ითვისებს შენივე მზა შენობა-ნაგებობებსაც და იქიდან გიქადაგებს უცხოურს!… ასე მიითვისა ყველა უცხოურმა ქართველი ადამიანის სულიერება და მატერიალური სიმდიდრე და მინდა ხმა მივაწვდინო ვინმეს, ვთქვათ, "იუნესკოს", "მსოფლიო ძეგლთა დაცვის ორგანიზაციას", მე – ერთი კაცი თუ ვერაფერს გავაწყობ, ფაქტი დაფიქსირდეს რომ ტყუილზეა აგებული ეს ყველაფერი და დღესვე თუ არა, ხვალ მაინც უნდა დაუბრუნდეს კანონიერ შემოქმედს – დაგვიბრუნდეს ის, რაც ჩვენია!
"ალაზანი" მუსლიმანური სახელია, ქართულად ერქვა "ღვთის წყალი", სალოცავი მდინარე იყო…

– მაშასადამე, თქვენ ამბობთ რომ ქართულ რელიგიას ერქვა "გიორგიანობა" და ვიყავით (გვერქვა) "გიორგიანელები"?

_ გეოგრაფიული მეზობლები "გრუზიას" რომ გვიწოდებენ, "გურჯისტანს" – ეს ნიშნავს არა ქრისტიანობას, არამედ "გიორგიანელობას", ქართულ რელიგიას. ქართული მიწა-წყალი შემოსაზღვრულია ძველ არა მხოლოდ ქართულ რუკებში, ევროპულშიც და აზიურშიც და არის "გიორგიათი" შემოსაზღვრული.
ფაქტია, რომ საუკუნეების მანძილზე ხდებოდა მსოფლიო ისტორიის გაყალბება, უპირველესად ქართულს ვწუხვარ, ჩვენს თანამედროვეობაში კი ასე გამიზნულად ხდება რელიგიებისა და ისტორიული ფაქტების აღრევა, ვიღაცამ ხომ უნდა თქვას?
სულ რვა საუკუნეა, რაც საქართველომ ქრისტიანობა მიიღო, თქვენ კი გგონიათ, IV საუკუნეში მივიღეთ...

– მე 9 საუკუნეში მიიღეს რუსებმა ქრისტიანობა და მანამდე რა ჰქონოდათ, როცა მე 5 საუკუნეში ტომობრივი გაერთიანება ჰქონდათ…

– არ მიუღია მთლიანად რუსეთს (ან სად იყო), ეს ჩვენ მივიღეთ რვა საუკუნეა…

– რას ამბობთ? თქვენ მეუბნებით რომ XII–XIII საუკუნეებში მივიღეთ? ჩვენ მართლმადიდებლობის მიღების საწყისად ნანა დედოფლისა და მირიან მეფის გაქრისტიანება გვაქვს…

– არა! არა! ამ მოგონილ ზღაპრებს ნუ იჯერებთ! ეს იყო უცხოურის ხიბლი!

ჯვარი არის მსოფლიო ნიშანი, რომელიც აქვს ავსტრალიასაც, ინდონეზიასაც, ტიბეტსაც, ევროპასაც და რომელი ერთი ჩამოვთვალო, ინდიელებსაც კი. ჯვარი სამყაროს ოთხი მხარეა და გვქონდა ჩვენც, ბერძნებსაც, აისორებსაც და ა. შ ჯვარი არ არის არც ქართული და არც არავის ნიშანი, სამყაროს ოთხი მხარეა და მორჩა, ქართული ნიშანი არის ბორჯღალი!"

გადაკეთებულია ყველაფრის ისტორია და ასაკი! მაგალითად, თბილისის მეჩეთი და ე.წ არმიანული ეკლესია, სულ 170–180 წლისაა. აგურები შეამოწმონ! არმიანული ეკლესია აშენებულია ქართული აგურით, მეჩეთი – რუსული დაბეჭდილი აგურით, თარიღიც ზედ არტყია, მანამდე ეგ უცხოური სალოცავები იქ არ იყო, ეს არის ფაქტი და რატომ გავურბივართ? ათეშგათი იყო, მაგრამ ქურთული კი არა, ქართული სალოცავი იყო…

– ამეებს საიდან ამბობთ, პროფესიიიდან გამომდინარე?

– რესტავრაციებზე მუშაობა არც არის საჭირო, თვალნათლივ ეტყობა ყველა შენობას როგორ გადაკეთდა. მაგალითად, ანჩისხატს აბსოლუტურად ყველა გადაკეთება ეტყობა შეუიარაღებელი თვალისა და ცოდნის გარეშეც. მეტეხი მხოლოდ სამი საუკუნეა რაც ქრისტიანულად გადაკეთდა და ეტყობა გადაკეთება – მანამდე იყო ქართული რელიგიის შენობა, სახელიც იგივე შერჩა, ვერც შეუცვალეს.

– ქვაშვეთი? იმ ადგილას არაფერი იყო, ანუ არ არის ახლით შეფუთული?

– ქვაშვეთი მხოლოდ 100 წლისაა, მაგრამ ქვაშვეთი იმიტომ აშენდა, რომ "მასონი" ითარგმნება "ქვაშვეთად". ქვის შვეთაც შეიძლება, თლაც, ფლეთვაც, ხვეწაც, ტეხვაც. "მასონი" თვითონ რელიგიების ნაკრებია და ამ ნაკრებით გაკეთდა ერთი ახალი მიმდინარეობა.

უცხოელებს ესმით რასაც ვსაუბრობ, მაგრამ რატომღაც ქართველებს არ ესმით. ახლახანს დავესწარი უცხოური რელიგიების შეკრებას. თურქეთიდან იყო სუფისტების შეიხი, სუნიტების შეიხი, შიიტების შეიხი, დერვიშების შეიხი და ნაკაიძის თბილისელი წარმომადგენელი, ხოლო შეხვედრა იყო ბაპტისტების ეკლესიაში, მათ მოაწყვეს შეხვედრა და სცეს პატივი. მოკლედ რომ ვთქვათ, უცხოური რელიგიების შეკრება იყო საქართველოში. მე კი დავესწარი, მაგრამ არ დამალაპარაკეს, მხოლოდ ნაკაიძის წარმომადგენელმა უთარგმნა დერვიშების შეიხს რასაც ვამბობდი და დიდი ყურადღებით მისმენდა რომ წარმოვუდგინე თავი "ქართული" რელიგიის წარმომადგენლად, მაგრამ ვიღამ დამალაპარაკა, გამარიდეს იმ კაცს ბაპტისტებმა…
ბაპტისტების გადასაწყვეტია საქართველოში მე, ქართველი, ვის დაველაპარაკები და ვის არა? ეს იმდენად დამამცირებელია ქართული მიწისა და რელიგიისთვის, რა გითხრათ…

გიორგი ჩხეიძე

მეტის ნახვა
29-05-2018, 16:00


თითქმის ერთი წელია ხატიაშვილების ექვსსულიანი ოჯახი გამოსახლების მოლოდინით ცხოვრობს. ოჯახის უფროსი, 79 წლის ვიქტორ ხატიაშვილი პირველი ჯგუფის ინვალიდია, მისი მეუღლე, 78 წლის ნარი გეგეშიძე კი პენსიონერი. ხატიაშვილების ერთი ქალიშვილი საზღვარგარეთ, სამუშაოს საძიებლად არის წასული, მეორე დროებით უმუშევარი მარტოხელა დედაა და 15 წლის შვილს ზრდის. წლების მანძილზე, ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე გახსნილი კერძო ავტოსადგომი იყო, რომელსაც 1993 წლიდან 2011 წლამდე საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდნენ.
2011 წელს მერიის სსიპ „ქონების მართვის სააგენტომ“ ოჯახს საიჯარო ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეუწყვიტა და ამის მიზეზად, საიჯარო საფასურის გადაუხდელობა დაასახელა, თუმცა ოჯახში არსებული გადახდის ქვითრები საპირისპიროზე მეტყველებს. ნარი გეგეშიძის მონაყოლიდან ირკვევა, რომ მათთვის ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი მერიის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ უფროსმა დავით ჭედიამ საკუთარ მეგობარზე გაასხვისა. მოგვიანებით კი ზემოთ აღნიშნული ტერიტორია არაბმა ინვესტორებმა შეიძინეს. ნარი გეგეშიძისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის არა ერთი მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ საქმეზე გამოძიების დაწყება საჭიროდ არ ჩათვალა, ხატიაშვილების ოჯახი კი დღემდე ქუჩაში დარჩენის საფრთხე ემუქრება. სად გაქრა ხატიაშვილების მიერ გადახდილი გადასახადები და როგორ დაკარგა ოჯახმა ერთადერთი საცხოვრებელი?

„საერთო გაზეთს“ ნარი გეგეშიძე ესაუბრა:

— თითქმის ერთი წელია, რაც ქუჩაში დარჩენის მოლოდინით ვცხოვრობთ. ჩემი მეუღლე პირველი ჯგუფის ინვალიდია. ინსულტის შემდეგ პარალიზებულს დიაბეტური განგრენის გამო, აპრილში ფეხი მოკვეთეს და თავადაც ხედავთ, რომ ლოგინიდან ადგომა არ შეუძლია. ასეთი ავადმყოფი გამუდმებულ მოვლას საჭიროებს, ამიტომ შვილი მუშაობას ვერ ახერხებს და ჩვენ გვივლის. ამბის მოყოლას ცოტა შორიდან დავიწყებ და გეტყვით, რომ 1964 წლიდან 2007 წლამდე გლდანის 1 მიკრორაიონში მდებარე 33-ე ბაგა-ბაღის გამგედ ვიმუშავე. ბაღის შენობის უკან 1800 კვ.მ. ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორია მდებარეობდა. მოგეხსენებათ, სამოქალაქო ომის შემდეგ მოსახლეობას ეკონომიურად გაუჭირდა. ყველა ცდილობდა, პატარა ბიზნესი წამოეწყო და ოჯახი ამით ერჩინა. მეც ამ პერიოდში გადავწყვიტე ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორია გამესუფთავებინა და ავტოსადგომი გამეხსნა. 1995 წელს ხსენებული მიწის ნაკვეთი იჯარით ავიღეთ, გავასუფთავეთ, მავთულბადით შემოვღობეთ, ნარგავები ჩავყარეთ და ღამის ავტოსადგომი გავხსენით. მაშინ ქონების მართვის სააგენტოს ნაცვლად, ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული არქიტექტურის სამსახური იყო და იქ ხუთწლიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ, რომელიც ვადის გასვლის შემდეგ გავაგძელეთ. ბოლო, მესამე ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და 2013 წლის 6 ივლისამდე ჰქონდა ვადა. საიჯარო გადასახადს, რომელიც წელიწადში 6000 დოლარს შეადგენდა, წლების მანძილზე კეთილსინდისიერად იხდიდით. 2010 წელს ქონების მართვის სააგენტომ 4 წლის საიჯარო გადასახადების წარდგენა გვთხოვა. მოთხოვნის შესაბამისად, მერიაში გადახდის ქვითრები წარვადგინეთ. მერიამ დაადასტურა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო და შენიშვნა არ მიგვიღია. 2011 წელს მერიამ უძრავ ქონებაზე ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით, საიჯარო გადასახადის ოდენობის გადახედვა გადაწყვიტა და სამხარაულის საექსპერტო ბიუროს ექსპერტიზის გავლა მოგვთხოვა. ეს ეტაპიც გავიარეთ და მერიაში ავიღეთ საბუთი, რომლის მიხედით, საიჯარო გადასახადი იგივე დარჩა, თუმცა 6000 დოლარის ნაცვლად, ამ თანხის ექვივალენტი ლარებში უნდა გადაგვეხადა. ყოველთვიურად, 500 დოლარის ექვივანენტს ვიხდიდით ლარებში. 2011 წელს ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთის შესყიდვის მიზნით, მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსს დავით ჭედიას შესაბამისი განცხადებით მივმართეთ და აქედან დაიწყო ჩვენი ოჯახის უბედურება.

— თანმიმდევრობით გვიამბეთ რა მოხდა.

– როგორც გითხარით, 2011 წელს გადავწყვიტეთ, რომ ნაკვეთი, რომელსაც 18 წელი ვუვლიდით, შეგვესყიდა და ბიზნესი გაგვეფართოვებინა. მიწის შესაძენი თანხა რომ მოგვეძიებინა, ბინა კერძო იპოთეკით დავტვირთეთ. ამასობაში, მერიამ მოგვწერა, რომ ჩვენს განცხადებას განიხილავდნენ, მაგრამ მანამდე მიმდებარე საცხოვრებელ კორპუსთან წითელი ხაზების დადგენა უნდა მომხდარიყო. ჩემი ფულით გავაკეთე გამიჯვნა ბაგა-ბაღის ტერიტორიიდან და ყველაფერი მერიაში წარვადგინე, მაგრამ ტერიტორიის შესყიდვის ნაცვლად, 2011 წლის 30 დეკემბერს ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა დავით ჭედიამ ხელშეკრულება უკანონოდ შეგვიწყვიტა.

– ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი რა იყო?

– საფუძველი ვითომ იჯარის საფასურის გადაუხდელობა იყო, სინამდვილეში კი ჭედიას ამ ტერიტორიის დასაკუთრება სურდა. შეგახსენებთ, რომ ამ ადამიანზე 2014 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა, გამოძიებასთან ითანამშრომლა და პასუხისმგებლობიდან თავის დაძვრენა მოახერხა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი იჯარა რატომ შემიწყვიტეს. მიპასუხეს, რომ საიჯარო გადასახადის დადგენასთან დაკავშირებით, წერილი გამოგიგზავნეთ, მერიაში მოსვლა გთხოვეთ და არ მოხვედითო. სინამდვილეში, წერილი არ ჩაგვბარებია და ამის დამადასტურებელი საბუთიც გვაქვს. ქონების მართვის სააგენტომ ჩვენი არგუმენტები არ გაითვალისწინა და სასამართლოში გვიჩივლა. ჩემს ოჯახს 25 000 დოლარის გადახდას თხოვდნენ, საიდანაც საიჯარო თანხა 17 641 დოლარს, ხოლო პირგასამტეხლო 8820 დოლარს შეადგენდა.

– როგორც ბრძანეთ, ქონების მართვის სააგენტომ 2010 წელს თქვენი 4 წლის საიჯარო გადასახადები შეამოწმა და დარღვევა ვერ ნახა. საინტერესოა, ერთ წელიწადში 25 000 დოლარიანი დანაკლისი საიდან აღმოაჩინეს?


– საქმეც ესაა.. 25 000 ლარი ფაქტობრივად, 4 წლის ქირა იყო და გამოდის, რომ 4 წელი არაფერი გადამიხდია. მალე გაირკვა, რომ ჩვენს მიერ ბანკში ყოველთვიურად გადახდილი თანხის ოდენობა, ქვითრებს არ ემთხვეოდა. მაგალითად, მერიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ 2009 წლის იანვარში ჩემმა ოჯახმა 291 ლარი გადაიხადა, ჩვენი ქვითრის მიხედვით კი ეს თანხა 834 ლარს შეადგენს. მერიის მონაცემებით, 2009 წლის თებერვალში შეტანილი თანხა 292 ლარია, ჩვენი ქვითრის მიხედვით კი გადახდილი თანხა 837 ლარი გახლავთ. 2010 წლის მაისში მერიის მონაცემებით 311 ლარია გადახდილი, ქვითარში კი 890 ლარი ფიქსირდება. 2011 წლის მაისში მერიის მონაცემებით 294 ლარია გადახდილი, ქვითარზე 842 ლარი ფიქსირდება და ა.შ.

– მერიამ საკუთარ მონაცემებსა და თქვენს მიერ გადახდილ ქვითრებს შორის ცდომილების არსებობა რით ახსნა?

– ფულს სხვა კოდებზე რიცხავდითო, რაც სრული აბსურდია.. მე ზუსტად იმ სახაზინო კოდებზე ვრიცხავდი, რომლებიც ხელშეკრულებაშია მითითებული. სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას, მერიის იურისტმა ლევან აფხაზავამ დაზუსტებული სარჩელი წარადგინა და ოჯახისგან უკვე არა 17 641 დოლარი, არამედ 17 641 ლარი და პირგასამტეხლო 8820 ლარი მოითხოვა. 11 ივლისს გამართულ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთი სიურპრიზი გველოდა — მერიის ადვოკატმა ლევან აფხაზავამ სასამართლოს დავალიანების შესახებ ახალი დოკუმენტი წარადგინა და საიჯარო ქირის სახით 15 000 ლარით ნაკლები ანუ 2841 ლარი მოითხოვა, პირგასამტეხლოს სახით კი 8820 დოლარის ნაცვლად, 2081 ლარი. მერიამ სასამართლოზე ისიც კი ვერ ახსნა, თუ რატომ მოხდა მათ მიერ თანხის ამდენჯერ ცვლილება, თუმცა დარწმუნებული ვარ საიჯარო გადახდების დამადასტურებელი ქვითრები რომ არ შემენახა, პირველად დასახელებულ თანხას კაპიკს არ დააკლებდნენ და 25 000 დოლარის გადახდას მომთხოვდნენ. საბოლოოდ, სასამართლომ მერიის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2 853 ლარისა და პირგასამტეხლოს 2064 ლარის გადახდა დაგვაკისრა, თუმცა მთელი უბედურება ისაა, რომ ჭედია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდა და პროცესების დასრულებამდე 6 თვით ადრე, მიწის ნაკვეთი თავის მეგობარზე ხათუნა გოგინაშვილზე გაასხვისა. სხვათა შორის, მისი მამა ზაურ გოგინაშვილი უმდიდრესი ადამიანია, რომელსაც თბილისში საცხოვრებელი კორპუსები, კახეთის რეგიონში ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწები, ალკოჰოლური სასმელის კომპანიები, და ღვინის ქარხნები აქვს. აღსანიშნავია, რომ გოგინაშვილებს ქონების დიდი ნაწილი დავით ჭედიას ქონების მართვის სააგენტოს უფროსის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში აქვთ შეძენილი. მიწის ნაკვეთი მე რომ შემესყიდა, საფასური 2 თვეში უნდა დამეფარა, გოგინაშვილებს კი განვადებით მისცეს. ფაქტობრივად, დავით ჭედიამ და ქონების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თამარ მათიაშვილმა მიწის ნაკვეთი უკანონოდ წამართვეს, მაგრამ სამართალს დღემდე ვერ მივაღწიე.. ნათქვამია, დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალიო.

– როგორც ვიცი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ამ საქმის შესწავლის მიზნით პროკურატურას მიმართა. პროკურატურისგან რა პასუხი მიიღეთ?

– საიას მიერ პროკურატურაში გაგზავნილ წერილში წერია, რომ ჩემი ოჯახი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების დღიდან კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და გაურკეველია, რაზე დაყრდნობით არის გაანგარიშებული და კონკრეტულად, რომელი თვეების დავალიანებას ითხოვს მერია. წერილში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ჩემს მიერ დასახელებული ფაქტები სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და გამოძიებას ექვემდებარება, თუმცა, პროკურატურიდან მიღებულ წერილში ასეთი რამ წერია: „როგორც გადახდის ქვითრებიდან ჩანს, თქვენს მიერ საიჯარო ქირის გადახდა ხორციელდებოდა სხვადასხვა სახაზინო კოდებზე, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო საამსახური 3208 სახაზინო კოდზე გადახდილ თანხებს ანაწილებდა სახელმწიფო და ქალაქ თბილისის ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის. შესაბამისად, ქალაქ თბილისის ბიუჯეტში აისახა გადახდილი თანხის 35%, ნაცვლად 100%-სა. ამიტომაც თბილისის მერიაში დაფიქსირდა თანხის არასრულად გადახდა“. საბოლოოდ, პროკურატურამ დაადგინა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს, მაგრამ დღემდე გაუგებარია, სად წავიდა ჩემს მიერ გადახდილი თანხის 65% და კეთილსინდისიერი გადამხდელი რატომ უნდა დავისაჯო ბიუროკრატიული შეცდომების გამო? ამის გარდა, საქმის სასამართლოში განხილვის დროს, არ მომხდარა იმ გარემოების გათვალისწინება, რომ იჯარით აღებული ფართის 38,3 კვ.მ მე არ მისარგებლია. 2007 წლიდან გლდანის რაიონის გამგებელმა აღნიშნული ფართი შემოღობა და იქ დევნილი მანანა თვარაძე ჩაასახლა, თუმცა ჩემი უამრავი მოთხოვნის მიუხედავად, იჯარის ხელშეკრულებაში არ მომხდარა ცვლილება ფართის ნაწილში და იმ ფართობის საიჯარო გადასახადსაც მე ვიხდიდი, სადაც დევნილი ქალბატონი ცხოვრობდა.

– როგორ აღმოჩნდა ხათუნა გოგინაშვილზე გასხვისებული მიწის ნაკვეთი არაბი ინვესტორების ხელში?

– არაბი ინვესტორები გოგინაშვილის მეგობარმა და სამშენებლო კომპანია „ბონა დეა და კომპანიას“ დირექტორმა პაატა ნუცუბიძემ მოიძია და 2017 წლის მარტში გოგინაშვილმა ჩემთვის წართმეული მიწა მათ მიყიდა. სხვათა შორის, ამ არაბებს სხვა მიწის ნაკვეთებიც ჩამოურიგეს. ზოგი თბილისში, ზოგი, ჯიხაიშში და ზოგი იანეთში. დღეს მიწის ნაკვეთი, რომელსაც ჩემი ოჯახი 18 წლის განმავლობაში უვლიდა, მიშელ სალიბას, სეიფ ჰაჩიმის, კაზან ფარიდის, სეიფ ჟანის და სიმონ ტაბჩარანის მფლობელობაშია, მე და ჩემს ოჯახს კი გამოსახლება გვემუქრება, რადგან ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, იპოთეკარებისთვის პროცენტების გადახდა ვეღარ შევძელით. როგორც გითხარით, მიწის შესაძენად, ბინა კერძო იპოთეკარებთან, ცოლ-ქმარ მარინა მაღალდაძე და კობა კახნიაშვილებთან იპოთეკით დავტვირთეთ. ეს ადამიანები ცნობილი მევახშეები არიან და უამრავი ოჯახი ჰყავთ გამწარებული. სამაჩაბლოდან დევნილები არიან და მშვენივრად იციან რას ნიშნავს უსახლკაროდ დარჩენა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი სახლიდან გაყრისთვის ყველაფერი გააკეთეს. ძირი თანხა 55 000 დოლარი იყო. ამის სანაცვლოდ, 92 000 დოლარი და ყვარლის რაიონი სოფელი საბუეში მდებარე მიწის ნაკვეთები წაგვართვეს და კიდევ 7000 დოლარს გვთხოვენ. 2017 წლის 27 ივნისს, როცა იპოთეკარები გამოსასახლებლად მოგვადგნენ, იძულებული გავხდი ნათესავის დახმარებით, ფული „საქართველოს ბანკიდან“ გამომეტანა და ახლა უკვე ბანკი გვედავება.. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩაგვაგდო მერიის უსინდისო ჩინოვნიკის მოქმედებამ. ამჟამად, ჩვენი სახლი „საქართველოს ბანკის“ სახელზეა გადაფორმებული და კაცმა არ იცის, ქუჩაში როდის გაგვყრიან. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების უფლებები უფრო დაცულია, ვიდრე ჩვენი და მერე გვიკვირს, რატომ გარბის ხალხი ქვეყნიდან. ჩემს მეუღლეს თვეში სულ მცირე, 500 ლარის მედიკამენტი ჭირდება. ამ დროს, პირველი ჯგუფის ინვალიდია და მხოლოდ 180 ლარიან პენსიას იღებს. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს დახმარებოდა, ერთადერთი შემოსავლის წყარო წაგვართვა და ახლა ბინიდანაც გვაგდებს..
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროკურატურამ საქმეში გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ აღმოაჩინა და ნარი გეგეშიძეს საქმის განხილვა სასამართლოში ურჩია. ხატიაშვილების ოჯახს ახალი სამართლებრივი დავის დასაწყებად არც ფინანსური და აღარც მორალური რესურსი გააჩნია, ამიტომ როგორ დასრულდება გამოსახლების მოლოდინში მცხოვრები ოჯახის ამბავი, ჯერჯერობით, უცნობია.

ნელი თორდია

მეტის ნახვა
29-05-2018, 14:30