სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, გვესაუბრება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ისნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.

– ჩემი აზრით, ნახევარი, ერთი წელი არ არის ის ვადა, რომ სათანადოდ შეაფასო სად იყო დაშვებული შეცდომები, დღეს ახალი ხელმძღვანელების საქმიანობის კრიტერიუმი მიღწეული წარმატებები იქნება, აქედან გამოჩნდება, რამდენად სწორად მუშაობდა წინა მინისტრი. თუ მართლაც არის ობიექტური პრობლემები, რომელსაც მეორე მინისტრიც შეიძლება წააწყდეს, მაგრამ გადაილახება და ტემპის დაბრუნება მოხდება, შესაბამისად ეს უკვე აჩვენებს წინამორბედების ჩავარდნას. ამ ოთხპუნქტიანი გეგმის ნაწილი იყო ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა, მთავარმა პროკურორმა შოთაძემ ჯერ იყო და თქვა, უცხოელ პროკურორებს ჩამოვიყვანთო, რითაც ფაქტობრივად მთელი პროკურატურის დისკრედიტაცია მოხდა. შოთაძის განცხადება იმის მიმანიშნებელი იყო, რომ იგი საკუთარ სისტემაში აღარავის ენდობა, რომელსაც ავტორიტეტი ექნება. ამიტომ მისი გადადგომაც საჭირო იყო, რადგან ჩემი აზრით, ესეც არ იყო მთავრობისთვის ქულების მომტანი. იგივე საპარლამენტო კომისიის შექმნაც, ე.ი. ვაღიარეთ, რომ არ გვყავს სათანადო დონის საგამოძიებო სტრუქტურები? თან რა ხდება, იმ ადამიანებს, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში უამრავი კითხვა არსებობს, საზოგადოებას "ქართული ოცნების" მიმართაც გააჩნდა კითხვები, რატომ არ ისხდნენ ეს ადამიანები მსჯავრდებულის სკამზე, სამწუხაროდ კომისია შევუქმენით, სადაც უმრავლესობით დავნიშნეთ და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა დავავალეთ.

მართალია, "ქართულ ოცნებას" ისეთი შეცდომები არ დაუშვია, რაც ადამიანის ღირსებას შეეხებოდა, არ არის უსამართლობის განცდა, რომ ვიღაცას უმიზეზოდ ჩაგრავენ, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით იმ ადამიანებისთვის სათანადო პასუხისმგებლობის დაკისრება, ვინც რას იმსახურებდა. ჩვენ "ქართული ოცნების" ლოიალობასთან გვაქვს პრეტენზია, ის მეტად ლოიალურია წინამორბედებთან მიმართებაში, ვიდრე ამას საზოგადოება მოითხოვს. ასე თუ მივყვებით, პრაქტიკულად ყველგან ხდება იმის აღიარება, რომ, რასაც ჩვენ მოსახლეობას ვპირდებოდით, ვერსად წინ ვერ წავიწიეთ. ასე რომ, როდესაც რაღაცას ვერ აკეთებ, უნდა გადადგე, ეს პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. მთავრობა სწორად მოიქცა რომ გადადგა, ამით ახალ სამთავრობო გუნდს საშუალება მიეცემა ჩავარდნები გამოასწოროს. დღეს პარლამენტის რეპუტაციაც საკმაოდ შელახულია, ამიტომ ვისურვებდი, რომ პარლამენტმაც თავიდან მიმართოს ამომრჩეველს ახალი მანდატის მოსაპოვებლად, რათა ხელი არ შეუშალოს მთავრობის საქმიანობას, თუნდაც თავისი ასე ვთქვათ, არაპოპულარობით. საპარლამენტო რესპუბლიკაში დეპუტატები არიან ძირითადად მაკონტროლებელი ფუნქციის მატარებელი, ჩვენს კრიტიკა იქნება თუ პოზიცია, ის ძალა უნდა ჰქონდეს, რაც საერთოდ აქვს ავტორიტეტულ ორგანოს.

აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მთავრობასთან ერთად პარლამენტსაც ჭირდება ახალი ნდობის მოპოვება. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტი არ იყოს მთავრობისთვის ასე ვთქვათ, დამამძიმებელი თავისი ავტორიტეტით. პერსონალიებზე არ ვისაუბრებ, უბრალოდ, თვითონ მთავრობის პროგრამა იყო ლიბერალური, უფრო მემარჯვენე, ახალ მთავრობას თუ ექნა მემარცხენე ცენტრისტული პროგრამა, ანუ სოციალ-დემოკრატიული მიმართულებით, რაც კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ჩვენ სოციალური სახელმწიფო ვართ, ძირითადი მიმართულებებიც ეს უნდა იყოს. შესაბამისად, ხელისუფლებაშიც ის ხალხი უნდა იყოს, ვინც ამ პოზიციას იზიარებს, დეპუტატს კითხვას რომ უსვამ, მას რა თქმა უნდა გარკვეული პოლიტიკური პლატფორმა უნდა გააჩნდეს. თუ ისევ ის ადამიანები იქნებიან მხარდაჭერილი, შესაბამისად ეს ჩვენი ხალხის პრობლემა იქნება. არჩევნები იმიტომ ტარდება, რომ საზოგადოებამ თავისი მხარდაჭერა-არმხარდაჭერა ამ გზით დააფიქსიროს, თორემ მიტინგებით პრობლემა არ წყდება. 

ხალხი სოფლის მეურნეობის პრიორიტეტად გამოცხადებას უჭერდა მხარს, მთავრობამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა, რამაც ისეთი ინტერესი გააჩინა, რომ ლუკმა-პურის საშოვნელად გადახვეწილმა ხალხმა სოფლებში დაბრუნება დაიწყო. 2016 წლიდან ეს დარგი აღარავის გახსენებია და შესაბამისად, სოფლად ყველაფერი ისევ ჩაკვდა. ტურიზმი განვავითაროთო, რა სარგებელს მივიღებთ ამით, როცა სოფლის მეურნეობის პროდუქტებიც კი უცხოეთიდან შემოგვაქვს. დედაქალაქში მალე გავლა შეუძლებელი გახდება ქრონიკული საცობების გამო, ამდენი ტაქსი არასდროს მინახავს, ლამის მთელი საქართველო თბილისშია ჩამოსული, რომ როგორმე ოჯახი არჩინოს. ქალაქის განტვირთვის ახალ-ახალი გზების ძიებას, იქნებ ჯობდეს პროფესიონალებს დაუჯერონ, ააღორძინონ სოფლის მეურნეობა, ხალხს ადგილზე დასაქმების საშუალება რომ გაუჩნდება, თვიონვე დაუბრუნდება სოფელს..

მთავარი მიზანი ისაა, ხელისუფლებამ შეძლოს იმ გამოწვევების გადალახვა, რომელიც მის წინაშე დგას, საბოლოო მიზანია, ადამიანები კარგად ცხოვრობდნენ და ამას როგორ მიაღწევ, სოფლის მეურნეობით, მაღალი ტექნოლოგიებით, ინდუსტრიალიზაციით თუ საერთოდ უსაქმურობით…დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ისეთი შედეგი მივიღოთ, რომ ჩვენი მოსახლეობა კარგად ცხოვრობდეს. სამწუხაროდ, რეალობა გვიჩვენებს, რომ რომ ვისაც თავისი თავის გამოკვება არ შეუძლია, ის დამოკიდებულია, ასე ვთქვათ, გარე ფაქტორებზე და შენი ეკონომიკა ყოველთვის არ არის მდგრადი. ვთვლი, რომ სოფლის მეურნეობა ამ თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანი დარგია. ჩვენს ქვეყანაში ინდუსტრიალიზაციის განვითარება, დიდი საწარმოები, წარმოუდგენლად მიმაჩნია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ბაზარი ძალიან მცირეა. აქცენტი მცირე საწარმოებზე, იმ გადამამუშავებელი საწარმოებზე უნდა გაკეთდეს, რაც სოფლის მეურნეობის პროდუქციასთან იქნება დაკავშირებული. საკუთარი დარგის წარმოება-განვითარება და არა იმპორტი, ეს არის ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი.

ბუნებრივია, ამას ჭირდება ფინანსები ჭირდება, ამ დაფინანსებას კი ბანკები არ იძლევიან. მათ სოფლის მეურნეობაში არ უნდათ ფულის ჩადება, იმიტომ, რომ ბევრად უფრო მიმზიდველი სეგმენტები აქვთ, სადაც პირველ რიგში თვითონ არიან წარმოდგენილები, ამას გარდა უნდათ სავალუტო სპეკულაციები, რასაც ბოლო ხანს ძალიან ხშირად ვხედავ, ეს არის ლარის კურსის ცვალებადობა, რაც ბანკებს კოლოსალურ მოგებას აძლევს და ეს ასახულიც არის მათ შემოსავლებზე. ტურიზმი ვახსენეთ, გეთანხმებით, ჩვენ პროდუქციას ვერ ვაჭმევთ ტურისტებს, ამიტომ რა ფულიც შემოდის მათგან, ისევ უკან გადის მათი კვებისა და მომსახურებისთვის. სოფლის მეურნეობის განვითარება თუ გვინდა, პროგრამა ლოკალურად ერთ კაცზე არ უნდა იყოს დამყარებული. ბევრს ეხსომება კოლმეურნეობა, თუ არ მოგვწონს ეს სახელი, საბჭოთა გადმონაშთად ვთვლით, დავარქვათ კოოპერატივი, კიბუცი, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ, საჭიროა კოლექტიური მეურნეობა. თავის დროზე იმიტომაც შექმნეს კოლმეურნეობები, რომ ერთი ადამიანი ვერასდროს ახერხებს სოფლის მეურნეობაში იმ წარმატების მიღწევას, რაც კოლექტიურ შრომას შეუძლია მოუტანოს, რადგან ტრაქტორის და ნებისმიერი ტექნიკის შეძენა, საკმაოდ ძვირადღირებული "სიამოვნებაა", ერთი ადამიანი ვერასდროს შეიძენს თუ არ არის საერთო საკუთრება და საერთო საქმეს არ ემსახურება. ამ ტრაქტორებისა და მექანიზმების გარეშე კი დღევანდელი სოფლის მეურნეობა არ არსებობს, როგორ შეძლებ კონკურენცია გაუწიო, უფრო იაფი დაგიჯდეს პრუდუქციის წარმოება იმ უცხოელთან შედარებით, რომელიც უამრავ ჰექტრებს ტექნიკით ამუშავებს. ჩვენი გლეხისა და ფერმერისთვის ეს ხელმიუწვდომელია, ამიტომ არის საჭირო კოლექტიური მეურნეობის შექმნა, მიწის ფართობების გამსხვილება და ეს ყველაფერი სახელმწიფოსთან უნდა იყოს ასე ვთქვათ, მიბმული. 

– ბატონო დავით, იმ ტრაქტორების და აგრეგატების ლამის 90%, რომელიც სახელმწიფომ 2013 წელს პირდაპირ ქარხანა-მწარმოებლისგან შეიძინა, ჩვენს გლეხობას და ფერმერებს მომსახურებოდა და რაშიც მილიონობით თანხა (სავარაუდოდ 15 მილიონი ლარი) გადაიხადეს, სანდო წყაროების ინფორმაციით, გაძარცვული ყრია სახელმწიფო შპს `მექანიზატორის~ სხვა და სხვა სერვისცენტრებში. 


– ზუსტად მაგ ტრაქტორებთან დაკავშირებით მოხსნეს მაშინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრი კირვალიძე, რომელიც მერე პრემიერმა კვირიკაშვილმა დააბრუნა თავისი მრჩევლის სტატუსით და როგორც ამბობენ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაფორმალური მმართველი, ბატონი კირვალიძე გახლდათ. მე იმიტომაც ვუთხარი გიორგი კვირიკაშვილს, ადამიანს, რომელთანაც ვმეგობრობ, თანამდებობიდან გადამდგარიყო, რომ ჭაობია შექმნილი, მე ხომ არ დამირქმევია მისთვის ბრეჟნევი? 

ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ადამიანებს სახელ-გვარებით ვირჩევთ და არა მათი ხედვით, პოლიტიკური მსოფლმხედველობით. ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ ეს კაცი არის წესიერი, ზრდილობიანი, ასე, ვაცლავ ჰაველზე წესიერი კაცი არ არსებობდა, იბრძოდა თავისი ხალხის თავისუფლებისთვის, მათი უფლებების დასაცავად, მაგრამ პრეზიდენტად ვერ ივარგა და ჩეხებმა თანამდებობიდან გადააყენეს, იგივე მოხდა პოლონეთში ვალენსასთან დაკავშირებით. პატიოსნება, მორალური ღირებულებები, ეს სიმბოლოა, რომლისკენაც ყველა პოლიტიკოსი უნდა მიისწრაფოდეს, მაგრამ როცა ტექნოკრატებზე მიდის არჩევანი, იქ ადამიანის პროგრამა და პროფესიონალიზმია მთავარი, რამდენად შეუძლია მას თავისივე წარმოდგენილი პროგრამის შესრულება. ლაპარაკი ყველას შეუძლია, თუ ადამიანი არ ასრულებს თავის მოვალეობას, უნდა შეიცვალოს. ვთვლი, რომ მამუკა ბახტაძეს სწორი ხედვა აქვს, მას სრულად ვეთანხმები, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემა ბანკებშია. ამას ყოველთვის ვამბობდი, თავის დროზეც ვთქვი, რომ კახა ბენდუქიძე და ლადო გურგენიძე, ბანკირები ვერასდროს ააშენებდნენ ქვეყანას, პირიქით, გააღატაკებდნენ ხალხს, ვფიქრობ, ამას ყოველწლიურად ადასტურებს ცხოვრება, ხალხი სულ უფრო და უფრო ღატაკდება, ხოლო ბანკირები სულ უფრო მდიდრდებიან, ეს სანამდე უნდა გაგრძელდეს? გაიხსენეთ, მამუკა ხაზარაძის განცხადებები, პარლამენტარებს უკვე მოგვიწოდებდა, რომ სასწრაფოდ უნდა გაგვეტარებინა საპენსიო რეფორმა, თურმე უკვე დაგვიანებულიც იყო და ამ მიმართულებით ვერანაირ კრიტიკას ვერ მიიღებდა, ე.ი. მისთვის ფული უნდა მიგვეცა. 

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
21-06-2018, 15:30


კეშას ბლოგი
_______________________
– სიზარმაცეში, დავიწყებაში, ხვალისთვის გადადებაში…
ყველაფერი გვეზარება – ყველაფერს შუა გზაზე ვტოვებთ და ვყრით… სტატუსების დაწერით ვიოხებთ გულს და მეზობლებთან ჭორაობით გაგვყავს დრო.

ქვეყანა კი გვეღუპება, სიზარმაცეში გვეხრჩობა ქვეყანა.
ნაცების განდევნაც გვეზარებოდა, მთელი ცხრა წელი გვეზარებოდა – ვეტყოდით, გვიპასუხებდნენ, ვუპასუხებდით, დაგვტუსქავდნენ, დაგვტუქსავდნენ ას და ორასს ადამიანს და დანარჩენ ორასი ათაას, დანარჩენ ორ მილიონს, იმ ორასის გვერდით დადგომა გვეზარებოდა…
დაარბიეს 7 ნოემბერს აქცია, ცრემლსადენი აირით, ხელკეტებით, რეზინის ტყვიებით, აკუსტიკური თოფებით და წყლის ჭავლით დაარბიეს, ზოგი სცემეს, ზოგი ძალიან სცემეს, ზოგს თავი გაუტეხეს, ზოგს თავიც არ შეარჩინეს და 8 ნოემბერს – ქვეყანამ მშვიდად მისცა ხელისუფლებას უფლება, რუსთაველი დაელაგებინა, სისხლი აეწმინდა რუსთაველიდან – ქუდზე – კაცი, კაბაზე – ქალი არ გამოვიდა მეორე დღეს რუსთაველზე. შეგვეშინდა? – რისი? შეუძლებელია მთელ ერს მოერიოს პოლიცია, შეუძლებელია მთელ ქვეყანას მოერიოს ჯარი – ყველას ხომ ვერ დაგვხოცავდნენ – უბრალოდ, დაგვეზარა… 9 ნოემბერსაც დაგვეზარა და 10 ნოემბერსაც…

გავუშვით ნაცები, ჩვენ არა, თავად ნაცებმა გაყიდეს ნაცები და წავიდნენ და ახლა დასჯა დაგვეზარა – აუ, დაიჭერ ნაცს და ატეხენ დანარჩენი ნაცები მთელ ამბავს, დაგემუქრებიან სტრასბურგით, დაგემუქრებიან ამერიკით და აღშფოთებისთვის მუდამ მზადყოფნაში ევროპით – ხოდა, დავეზარა – უმტკიცე ახლა სტრასბურგს, ეომე ახლა ინფორმაციულად ნაცებს, უხსენი ახლა ამერიკას და ევროპას – რომ ყოფილი მთავრობის წევრებზე მაკომპრომიტირებელი ინფორმაცია გაქვს – ამიტომ, დავწვით ინფორმაცია, ფერფლს გავატანეთ სამართალია…
ჩვენ ისე ზარმაცები ვართ, რომ 51-ე სკოლის დირექტორს 6 თვე ეზარებოდა მოკლულ მოსწავლეზე კარგის თქმა, 6 თვე ათრევინა ჭორს და სიბინძურს, 6 თვე სილაში ედო სირაქლემასავით თავი…

ჩვენ ისე ზარმაცები ვართ, რომ ლგბტ საზოგადოება, თუ მთელი წლის მანძილზე, ეწევა თავისი თავის პროპაგანდას და აგიტაციას – ჩვენ მხოლოდ 17 მაისს გვახსენდება, 17 მაისს გვეწვება ჯიგარი…
ისე ზარმაცები ვართ, რომ ერის სიწმინდეზე საუბარს საუბრით ვამთავრებთ, არ ვაპროტესტებს გაბორდელებულ ქალაქს – კანონიერია ბორდელები? კანონიერად ზის 16 წლის გოგო ზრდასრული კაცის მუხლებზე შუა აღმაშენებელზე?
აპოლიტიკურობა მოგვინდა… ჩვენ მოგვინდა აპოლიტიკურობა? პარადოქსიც აღარ არის, სასაცილოა… როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში აპოლიტიკური იყოს რამე, როცა არც ერთხელ არ გამოვსულვართ ქუჩაში პოლიტიკური პარტიების შეძახილის გარეშე? არც ერთი სოციალური მოთხოვნის გამო არ გადაგვიკეტია რუსთაველი?

რატომ? – არ გვშია და არ გვწყურია?

ჩვენ გვეზარება პასუხი მოვთხოვოთ ჩინოვნიკებს და მერე გვიკვირს – გვიკვირს რატომ ეზარებათ მათ პასუხების გაცემა.
ჩვენ არ ვითხოვთ, გვითხრან, სად მიდის ბიუჯეტიდან თანხები, არ ვკითხულობთ, როგორ ხდება, რომ ბიუჯეტი იზრდება და ჩვენ ვპატარავდებით – მერე გვიკვირს, ამა თუ იმ ჩინოვნიკის გაზრდილი ხელფასი, მერე გვიკვირს დარიცხული პრემიები, დარიცხული დანამატები…
ვუყვებით მეზობლებს, მეგობრებს ვუყვებით, ნაცნობებს ვაჩერებთ და საქმის კურსში ვაყენებთ: რამდენი დანამატი და ხელფასი აუღია ამას და ამას, გაოცების გამომხატველი ჟესტიკულაციებით ვიღლებით, ვოხრავთ და საფულეში ვიხედებით – მაგრამ ისევ გვეზარება, გვეზარება კითხვის დასმა ხმამაღლა და ისინიც იწერენ და იჯიბავენ, იჯიბავენ და მდიდრდებიან – ასე იყო და ასე იქნება – სანამ ჩვენ გვეზარება…
ჩვენ სარალიძის მოკლული შვილისთვის სამართლის თხოვნაც დაგვეზარა – დაგვეზარა და მივუგდეთ ნაცებს, მერე კონტრაქცია მოვაწყვეთ, რამდენიმე საათიანი და დავიშალეთ, ისევ ნაცების ანაბარა დავტოვეთ – გავსულიყავით ორასი ათასი ადამიანი და სად გამოჩნდებოდა ორი ათასი ნაცი – ვნახავდით, გამოვსულიყავით ყველა დაბასა და ქალაქში, ორი მილიონი გამოვსულიყავით, ამდენნი მაინც ხომ ვართ დარჩენილნი და ვინ იქნებოდა ნაცი, ვინ მოუსმენდა კუპრავას.

ტყუილია, ტყუილია რომ პოლიტიკოსები წყვეტენ – ხმა ერისა წყვეტს, ხალხის ხმაა გადამწყვეტი – მაგრამ, როცა ერს და ხალხს ხმა არა აქვს, როცა ერს და ხალხს ხმის ამოღება ეზარება, როცა ერმა და ხალხმა რამდენიმე ასეულ ადამიანს დაუთმო ასპარეზი – შედეგი ასეთია – დავტკბეთ.
რა შიში? ყველა მეორე ექსტრემალი ვართ, რომ გვკითხონ… მოტოებით დავრბივართ, პარაპლანებიდან ვხტებით, ახალ ნარკოტიკებს ვსინჯავთ, ავტორბოლებში ვიღებთ მონაწილეობას, ვჩხუბობთ უბანში ორი, ათის წინააღმდეგ, უთანასწოროდ და ამაყად. ყველა მეორე, საკუთარ სიცოცხლეს უაზროდ ვაგდებთ საფრთხის ქვეშ ყოველდღიურად – რა შიში, არ ვართ ჩვენ მშიშრები – ზარმაცები და ნაცარქექიები ვართ.
ნაცარქექიაც კი არ იყო მშიშარა, ისიც ებრძოდა დევს.

ჩვენ გვეზარება ჩვენი მიწის და სახლის დაცვა და მთავრობას ვლანძღავთ, მთავრობას ვთხოვთ პასუხს – უცხოელები რომ ჩვენს ქვეყანაში მიწებს და სახლებს ყიდულობენ – არ მოგვწონს, მაგრამ ვინ მიყიდა უცხოელს, ის მიწა და სახლი – ეს გვავიწყდება.
გვეზარება დაველოდოთ ქართველ მყიდველს, გვეზარება შრომით ვიშოვნოთ ის რამდენიმე ათასი, რომელსაც უცხელი გვიხდის ზედმეტად და ამიტომ, უშრომელად ვუთმობთ მათ ჩვენს მიწა-წყალს, ამიტომ არ ვყიდით ქართველზე.
7 შვილის დედა შეკრულ ბარგზე ზის, არც ერთი ქართველს არ უნდა, რომ სახლი მიაქირავოს, ამდენი ბავშვი სახლს გამიფუჭებსო, იხმაურებსო, მეზობლებს შემიწუხებსო.

თურქი ხომ არ შეუწუხებს მეზობელს, არც არაბი, არც ერაყელი.
თურქს და ერაყელს ქართველი გოგოები რომ მოჰყავს შუღამისას სახლში – ეგ რატომ არ აწუხებთ ქართველ მეზობლებს?
9 ვაჟი რომ გაზარდეს ხერხეულიძეებმა – მაშინაც წუხდებოდნენ, ნეტავი, ქართველები? მაშინაც უკვირდათ, ნეტავი, ბევრი შვილი და ბევრი ბავშვი ერთად?
ბავშვები რომ შიმშილობენ, სათამაშოები რომ არა აქვთ ბავშვებს, ფერად ფანქრებს და სახატავ რვეულებს რომ ნატრობენ ბავშვები – ეგ ხომ არ გვაწუხებს?
კი, ეგაც სიზარმაცეა, გვეზარება ადამიანების მოსმენა, მოთმენა გვეზარება, აღზრდაში მონაწილეობის მიღება გვეზარება, სხვისი ტკივილის გაზიარება გვეზარება, დახმარება გვეზარება.
ისე წინ და წინ წავედით, უკვე ცოლის მოყვანა და გათხოვება გვეზარება, შვილის გაჩენა გვეზარება, მისი მოვლა და პატრონობა გვეზარება.
სიღარიბის ბრალიაო – მეტყვით ახლა და ეგაც ისეთივე ტყუილია, როგორც ის, რომ სამართლის მოთხოვნა გინდოდათ, მაგრამ კუპრავამ გადაგაფიქრებინათ – ღატაკ ქვეყნებში ყველგან მაღალი შობადობაა – ჩვენს გარდა. აქაც უცნაურები ვართ. აქაც პარადოქსს ვაწვებით. ღატაკს – ღარიბზე მეტი შვილი ჰყავს, ღარიბს – საშუალო მაცხოვრებელზე მეტი, საშუალო მაცხოვრებელს – მდიდარზე მეტი…

უფლის სახლში მოსალოცად შევდივართ და იმის კითხვა გვეზარება – რატომ არის გადაქცეული უფლის სახლი ისევ სავაჭრო დახლად – რა უნდა გასაყიდ პოვიდლოს და მურაბას, რა უნდა გასაყიდ შოკოლადს უფლის სახლში? ვისი მიწიდან მოჰყავთ ეს ხილი და ბოსტნეული, ზეცაში გამოკერებული მიწიდან? ამისთვის ვაჩუქეთ მიწები, რომ მერე იქ მოყვანილი პროდუქცია ოთუსბირად მოგვყიდონ?
თუ იმაზე ზედმეტი მოგყავთ, რაც თავად გჭირდებათ, უპატრონო ბავშვები აღარ გვყავს? აღარ გვყავს გაჭირვებული ოჯახები?
რად უნდა მღვდელს სასტუმრო და ბიზნესი, რად უნდა მღვდელს სასახლე?

ნაცარქექიაც კი ადგა ერთ დღეს და გზას გაუდგა, იმანაც კი მოკლა, ერთ დღეს, დევი, იმანაც დაიწყო, ერთ დღეს, ცხოვრებასთან ბრძოლა…
ჭეშმარიტად, სიზარმაცე – ჩვენი საყვარელი ცოდვაა.
სიზარმაცეში ვერ ვიპოვნით ჭეშმარიტებას, სიზარმაცეში ვერ ვიპოვნით სიმართლეს, სიზარმაცეში ვერ ვიპონით პურს – სანახაობა კი, სანახაობა რამდენიც გვინდა.

ველოდები იმ დღეს, როცა სანახაობის ნახვაც დაგვეზარება…
სიზარმაცე – მკვლელობაა, ქურდობაა – სიზარმაცე, მეძავეობაა – სიზარმაცე, საკუთარი მშობლების და შვილების უპატივცემულობაა – სიზარმაცე, უფლის უსიყვარულობაშია -სიზარმაცე, ცილისწამებლობაა – სიზარმაცე…
ყველა ცოდვის თანაზიარნი ვართ, ჩვენი სიჩუმით და უმოქმედობით, ჩვენ, ასე საყვარლად ზარმაცნი

მეტის ნახვა
21-06-2018, 14:00


რატომ გამოცხადდა გამარჯვებულად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტენდერში კომპანია, რომელიც სახელმწიფოს მიერ წარდგენილი პირობებიდან ვერც ერთს ვერ აკმაყოფილებს?

"ანაკლიაში ღრმაწყლიანი პორტი"-ს ტენდერში გამარჯვებულად "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის", იგივე "ხაზარაძე და კონტი-ჯგუფი"-ს გამოცხადებამ გაკვირვება გამოიწვია.

ცხადია, გაკვირვება იმ ადამიანებმა გამოხატეს, ვინაც ღრმად არიან ჩახედული "ანაკლიის ღრმაწყლიანი პორტის" მნიშვნელოვან საკითხებში. სამწუხაროდ, სწორედ ის "მნიშვნელოვანი საკითხები" გამორჩათ, ან შეგნებულად გამოტოვეს მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა და მთავრობის მიერ შექმნილმა სატენდერო კომისიამ.

თავშივე უნდა ვახსენო: საქართველოს მთავრობამ უცხოელ ექსპერტებს 1,5 მილიონი ევრო გადაუხადა 5,5 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული პროექტისთვის – "ღირსეული, გამოცდილების და შესაბამისი ფინანსების მქონე ინვესტორის შერჩევაში"!

კაცმა რომ თქვას, კი ღირს ეს საქმე მილიონნახევარი ევრო, მაგრამ – შეასრულა კი საქართველოს მთავრობის შეკვეთა და რაში მდგომარეობდა იგი?
ეკონომიკის მინისტრ ქუმსიშვილის თქმით, "რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლის თანახმადაც მოხდა აღნიშნული კონსორციუმის შერჩევა, იყო 4 ძირითადი კრიტერიუმი, მათ შორის განვითარების კონცეფცია, ფინანსური მდგრადობა, რეგიონის ეკონომიკური განვითარების ზოგადი ხედვა და იურიდიული მიმართულება."

ხელშეკრულებას, რომელსაც მთავრობა ტენდერში გამარჯვებულს სთავაზობდა, დეტალებში ვერ განვიხილავთ, რადგან იგი უსაშველოდ დიდია. ამიტომ აქ შევჩერდეთ და გადავხედოთ უმთავრეს პირობებს, რომელიც – "ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინტერესების გამოხატვა"-ში მონაწილეს უნდა წარმოედგინა:

  1. 100 მილიონი და მეტი ტვირთბრუნვის დამადასტურებელი პროგრამა-წინა საპროექტო მოსაზრება.
  2. პორტის პროექტი უნდა იკავებდეს ზღვის სანაპირო ზოლის მაქსიმალურად მცირე ნაწილს.
  3. უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ უნდა ეხებოდეს დასახლებულ ტერიტორიას.
  4. წარმოდგენილი პროექტი უნდა იყოს მომგებიანი და ტექნიკურად შესრულებადი.
  5. ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს ინვესტორები, პროექტის დაფინანსების დამადასტურებული საბანკო საბუთებით
"ანაკლია პორტის" მშენებლობის ტენდერის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გამოჩნდა და 12 მონაწილეს შორის ვიხილეთ – "კონტი-ჯგუფი" და "თი-ბი-სი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.
წინადადებები, რომლითაც ხაზარაძის კონსორციუმი შემოდის, სახელმწიფოსთვის არარეალურიც არის და საზიანოც.

"ხაზარაძე და კონტი-ჯგუფის" პროექტის გაცნობის შემდეგ ცხადი გახდა, რომ:

  1. იგი ვერ ასრულებს ტენდერის უმთავრეს მოთხოვნას – 100 და მეტი მილიონ ტონა ტვირთბრუნვას წელიწადში. ექსპერტთა დასკვნით, წარმოდგენილი კონცეფცია ვერანაირად ვერ გასცდება წელიწადში 30 მილიონ ტონა ტვირთბრუნვას და მას შემდგომი განვითარების პერსპექტივა არ გააჩნია. უკიდურეს შემთხვევაში, მისი ტვირთბრუნვის გაზრდა ისედაც შეზღუდული ზღვის ნაპირის ხარჯზე უნდა მოხდეს.
  2. იგი იკავებს ზღვის სანაპირო ზოლის 4 კილომეტრს.
  3. პირდაპირ დამიზნებულია ანაკლიის აბორიგენ მოსახლეობაზე და ითხოვს 200 ოჯახის გასახლებას.
  4. პორტის მშენებლობა დაგეგმილია გაშლილ ზღვაში, რაც მის საეჭვო დანიშნულებას უსვამს ხაზს.
  5. საგანგაშოა ის, რომ "ხაზარაძე და კონტი-ჯგუფი" ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ ეძებს ინვესტორს და დამფინანსებელს, მათ შორის, აცხადებს, რომ ჩინეთშიც ჰყავს პარტნიორი მოძიებული, მაგრამ მას საიდუმლოდ ინახავს!..

კონსორციუმ "ანაკლია-პორტი და ეკო-პარკი"-ს მიერ წარმოდგენილი წინა საპროექტო მოსაზრება:

  1. წარმოდგენილ კონცეფციას გააჩნია გარანტირებული, შემდგომი განვითარების პერსპექტივა და იგი გაანგარიშებულია წელიწადში 100 და მეტი მილიონ ტონა ტვირთბრუნვაზე.
  2. იგი ზღვის ნაპირის მხოლოდ 800 მეტრს იკავებს.
  3. საერთოდ არ ეხება დასახლებულ ტერიტორიას.
  4. პორტი შენდება ხმელეთზე და 350 მეტრი სიგანის არხით უერთდება ზღვას.
  5. კონსორციუმ "ანაკლია-პორტი და ეკო-პარკი"-ს მიერ წარმოდგენილი წინა საპროექტო მოსაზრების ტექნიკურად გადაწყვეტა, მსოფლიოში აღიარებულ (Ernst& Yang) კომპანიაში ექსპერტიზაგავლილი დოკუმენტაციის თანხლებით ეჭვს არ იწვევს. დასაბუთებულია მისი ეკოლოგიურად გამართულობა და თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისობა. ასევე, მზადყოფნაში აქვს ინვესტორთა მიერ წარმოდგენილი პორტის მშენებლობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბანკო გარანტიები.

ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით – "ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებულ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" იგივე "ხაზარაძე და კონტი-ჯგუფს" მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა და სატენდერო კომისიამ ასიდან 80 ქულა მიანიჭა!"
– სასწრაფოდაა გასარკვევი, – რატომ აირჩიეს ზემოთხსენებულმა ექსპერტებმა და სამთავრობო კომისიამ კომპანია, რომელსაც სტატიის დასაწყისში ჩამოთვლილი ხუთი ძირთადი მოთხოვნიდან ხუთივეში, თითქმის გადაუჭრელი პრობლემები გააჩნია?

– რაში მიენიჭა გამარჯვებულს – "ასიდან 80 ქულა"?

ეს ის კითხვებია, რომლებიც ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებს სცილდება და მას შესაბამისმა ორგანომ უნდა მიხედოს.

აქვე გაცნობებთ მცირე ინფორმაციას იმ ჩინური კომპანიის შესახებ, რომელსაც ანაკლიის პორტის სატენდერო კომისიამ უარი უთხრა:
"Powerchina" უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც მომსახურებების ფართო სპექტრს უზრუნველყოფს.
კომპანიის ბიზნესი მოიცავს უძრავ ქონებას, ინვესტიციებსა და ფინანსებს. 2015 წლის ივნისის მონაცემებით, "Powerchina" 70,4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს და დასაქმებული ჰყავს 200 000 ადამიანი.

"PowerCina"-ს საზღვარგარეთის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა, ბატონმა დუ ჩუნგუომ განაცხადა: "Powerchina" თანახმაა, რომ ანაკლია პორტის პროექტის კაპიტალში ინვესტიცია განახორციელოს. `Pოწერჩჰინა~ საკმაოდ მდიდარი გამოცდილება გააჩნია უცხოეთის ბაზარზე მუშაობისა. ჩვენ საქართველოში ოთხი გზის მშენებლობის პროექტი გვაქვს განხორციელებული. ჩვენ ასობით ადამიანი გვყავს მზადყოფნაში, რომლებიც მზად არიან პორტის ასაშენებლად. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს ძალიან კარგი პარტნიორი, შპს "ანაკლია ეკო პარკი და პორტი". თავად ბატონმა თეიმურაზ ქარჩავამ ამ პროექტისათვის ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ორი კომპანიის კომბინაციით ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის მოგებას."

როგორც ნახეთ, ბატონი დუ ჩუნგოუს ოპტიმიზმი არ გამართლდა. `შესანიშნავმა სამეულმა~ კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-ხაზარაძის შემადგენლობით სულ ფეხებზე დაიკიდეს "პაუერ ჩაინა" თავისი 70-მილიარდიანი ბრუნვით და ისეთი ხელოვნური ბარიკადები აღუმართეს "პაუერ ჩაინას", ისეთი აბსურდული მოთხოვნები წაუყენეს, ისეთი ჩინოვნიკურ-ბიუროკრატიული აბლაბუდები დაუხლართეს, "პაუერ ჩაინა" მიხვდა, რომ ამათთან საქმის დაჭერა არ ღირდა.

როგორც ამბობენ, სწორედ დიმიტრი ქუმსიშვილი იყო ის კაცი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი შეცდომაში შეიყვანა და დაარწმუნა, `პაუერ ჩაინა~ თვითონ ამბობს უარს პროექტის განხორციელებაზე და საკუთარი ნებით ტოვებს ასპარეზსო.

შედეგი: ქვეყანას ხელთ შერჩა მოპარტახებული ანაკლიის სანაპირო და პორტის აშენების გაურკვეველი, ბუნდოვანი, პესიმისტური პერსპექტივა.
ტენდერი რომ მიკერძოებულად, კანონის სრული დარღვევით, სატენდერო პირობების უგულებელყოფით, ჩატარდა, ამის გამორკვევა და დამტკიცება ადვილზე ადვილი საქმეა, თუ ხელისუფლება მოინდომებს და იმ დოკუმენტებს გადაავლებს თვალს, რომლებიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის სამწუხარო და გამაოგნებელ ისტორიას ასახავს.

კვირიკაშვილის პრემიერობის დროს ამ დოკუმენტების შესწავლა, ალბათ, შეუძლებელი იყო, რადგან უნდა ვივარაუდოთ, რომ კვირიკაშვილი თვითონ მონაწილეობდა და თვითონ ლობირებდა ანაკლიის პორტის ტენდერის გაყალბებასა და ფალსიფიკაციაში.
იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი მთავრობა ობიექტურად შეისწავლის ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ ყველა საკითხს და ამ საუკუნის აფიორაში მონაწილე ყველა პირს სათანადოდ მიუზღავს.

კვირიკაშვილი, ქუმსიშვილი, ხაზარაძე – ქართული ეკონომიკის ბერმუდის სამკუთხედი იყო, სადაც ნელ-ნელა იძირებიოდა და უჩინარდებოდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა.

მადლობა ღმერთს, ეს სამკუთხედი დაიშალა, მაგრამ სანამ ძირფესვიანად არ აღმოიფხვრება და არ ამოიძირკვება ის შხამიანი ფესვები, რაც მათ ქართული ეკონომიკის წიაღში ასე ღრმად ჩაუშვეს, მანამდე ეკონომიკის წინსვლა უკიდურესად შეფერხდება.
დავით ქობალია

P.S.
ჩვენ ლონდონში დავუკავშირდით ბატონ თემურ ქარჩავას, რომელთან ინტერვიუსაც "საერთო გაზეთის"~ მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.

მეტის ნახვა
21-06-2018, 13:30