წინასიტყვაობის მაგიერ

ამასწინათ გურიაში ვიყავით თანამშრომლის დედის ორმოცზე.

საოცარი სილამაზისაა გურია, მაგრამ ამ საოცარი სილამაზის მხარეში კიდევ უფრო საოცარი სილამაზისაა ჩოხატაური – გურიის მიკროშვეიცარია და ამ მიკროშვეიცარიაში ჩადგმული კიდევ ერთი საოცრება – სოფელი ხიდისთავი.
სასაფლაოზე გასვლის შემდეგ, წესისამებრ, სუფრა გაიშალა.
სუფრასთან ასამდე კაცი იჯდა – სულ ასაკოვანი ადამიანები.

– ახალგაზრდები რატომ არ ჩანან? – გავიკვირვეთ.

– ახალგაზრდები თხილის და ჩაის საკრეფად არიან თურქეთში გადასული, ზოგიც ევროპაშია, ზოგიც რუსეთში, ზოგი – ამერიკაში. მოხუცებიღა დავრჩით, ნენა და ჩვენც მივდივართ ნელ-ნელა "საზღვარგარეთ"… ვის უნდა დარჩეს ეს ქვეყანა, არ ვიცი. – ასეთი იყო პასუხი ჩვენს კითხვაზე.

მხოლოდ გურიაში არ არის ასეთი მდგომარეობა – მთელ საქართველოში ასეა – ახალგაზრდები მასობრივად მიდიან ქვეყნიდან.
ერთი სოციოლოგიური გამოკითხვის მონაცემები ვნახე ამასწინათ – 800 გამოკითხული ახალგაზრდიდან თითქმის ას პროცენტს საზღვარგარეთ სურს განათლების მიღება, ხოლო 80 პროცენტი უკან დაბრუნებას არ აპირებს.

მართლაც ვის ვუტოვებთ ამ ქვეყანას, განგების მიერ ბოძებულ სამოთხეს, რომელიც ვიღაც-ვიღაცებს რატომღაც ჯოჯოხეთად ეჩვენებათ და თავქუდმოგლეჯილი გარბიან აქედან.

რედაქციაში დაბრუნებული თორმეტი წლის წინათ გამოქვეყნებულ ერთ ჩემს წერილს გადავაწყდი, რომელშიც ზუსტად იმ უმტკივნეულეს თემაზეა ლაპარაკი, რომელზეც ახლა გესაუბრეთ.
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ თორმეტი წლის განმავლობაში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა და ქვეყნის დაცარიელების შემაძრწუნებელი პროცესი გრძელდება.

სად გარბიხართ, ქართველებო?

კოდორის ხეობაში ჩატარებული "ძლევამოსილი" სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ ორი მონა გაათავისუფლა, სამაგიეროდ, ავსტრიის პოლიციამ 52 ქართველი დაიჭირა, რომლებიც საქართველოდან მონობას გაექცნენ, უფრო ზუსტად, მონობის საძიებლად გაიქცნენ, ოღონდ მაძღარი მონობის საძიებლად.

"აღსდექ, კრულვითა დაღდასმულო,
ქვეყანავ, მშიერ მონების.
საბედისწერო ომში გვიწვევს
დღეს აღშფოთება გონების".

როდინდელი ლექსია ეს და ახლა, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში რამ გამახსენა?
ის ორი მონა, კოდორის ხეობაში რომ აღმოაჩინეს, ლუკმაპურის შოვნის სურვილმა აიყვანა იქ, კოდორში.
კოდორი იყო მათი ავსტრიაც და ჰოლანდიაც – რა ექნათ, უფრო შორს ვერ წავიდნენ…

– ორი მონა გავათავისუფლეთ, ორი მონაო – აცმუკდნენ და აჭყლოპინდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და რაც კი ტელეკამერები იყო, ამ ისტორიული ფაქტის აღსაბეჭდად მიმართეს.

ამ ხელისუფლებას რომ ორი კაცის მონობა გაუკვირდება – ლამის მთელი საქართველო დაიმონეს და ორი მონა გინდ იქით იყოს, გინდ – აქეთ.
ათასობით და ათიათასობით ადამიანს რომ დაამშევ, მერე წყალწყალა სუპს რომ დაუდებ წინ და თანაც თავს იწონებ: ერთი მნახეთ, რა გულმოწყალე, რა კეთილი ბატონი ვარ, როგორ ვზრუნავ ჩემს საცოდავ მონებზეო, – ეს რაღაა, თუ არა მონათმფლობელობის აგიტაცია-პროპაგანდა, ბატონყმობის რაღაც ახალი, ცინიზმამდე და მარაზმამდე აყვანილი ფორმა?

მშიერი მონების ქვეყანა და მშიერი მონების სევდიანი და სასოწარკვეთილი ქვეყნის ბედნიერი, სახეგაბადრული, მაძღარი და გაყეყილი ხელისუფლება, რომელიც გგონია, რომ სადაცაა დააბოყინებს და თავზე გადაგასხამს ჯერ კიდევ მოუნელებელ საქართველოს.

***

რამდენი ადამიანია წასული საქართველიდან მაძღარი მონობის საძიებლად? ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს (არ უნდათ, რომ არსებობდეს და იმიტომ), თუმცა ამბობენ, რომ სადღაც მილიონნახევრამდე, შეიძლება ასი ათასით მეტი, შეიძლება ასი ათასით ნაკლები.
კი მაგრამ, რამდენი ადამიანი ცხოვრობს სულ საქართველოში?

ამბობენ, ოთხმილიონნახევარი, შეიძლება ასი ათასით მეტი, შეიძლება ასი ათასით ნაკლები.
ამ ასი ათასს ისე იტყვიან, თითქოს საქმე ას ქათამს ან ას გოჭს ეხებოდეს.

ორმილიარდიანი ჩინეთი ახერხებს ზუსტად დათვალოს თავისი მოსახლეობა, ჩვენ ოთხი თუ ხუთი მილიონის დათვლა ვერ მოგვიხერხებია?

ვერ მოგვიხერხებია იმიტომ, რომ არც იმ ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა და არც ამ ხელისუფლების ინტერესებში შედის ამის გაკეთება.
ქვეყანაში, სადაც არჩევნების დროს მკვდრები ცოცხლდებიან და ცოცხლები ქრებიან, ზუსტი სტატისტიკა ხელის შემშლელი ფაქტორია.
არეულ-დარეული, ერთმანეთში ალუფხული დავთრით ცდილობდნენ და ცდილობენ ღმერთის მოტყუებას საქართველოს ძველი და ახალი პატრონები და ბატონები.

შემაძრწუნებელი სანახავია გოგორიშვილების და მისთანების კალმით გადადღაბნილი ეს დავთარი – გადაფხეკილი, გადაშლილი, ათჯერ ჩასწორებული და გადასწორებული დოკუმენტი, მონათა სია, ქართველთა გაბითურების ამაზრზენი მოწმობა.

– ზედმეტი ხომ არ მოგვდის, ძალიან ბევრს რომ არ ვხოცავთ, ძალიან ბევრს? – შეჰბედეს თურმე ლენინს, როდესაც რევოლუციის მსხვერპლთა რიცხვმა რამდენიმე მილიონს გადააჭარბა.

– რა მოხდა მერე, ნიკოლოზს თვლით კი არ ჩაუბარებია ჩემთვის რუსეთი, – მოსწრებულად მიუგო პროლეტარიატის ბელადმა.
რამდენი ვიყავით ქართველები ამ ოცდაათიოდე წლის წინათ და რამდენი ვართ ახლა?

ამ კითხვაზე პასუხს ვერავინ გაგვცემს – არც შევარდნაძეს გადმოუბარებია თვლით სამოქალაქო ომით გაპარტახებული საქართველო და არც სააკაშვილს მიუთვლია მისგან მისხალ-მისხალ, იმანაც ის გადააბარა სოროსს, რაც წინამორბედმა გადმოულოცა – დაუთვლელად, ბითუმად, "ოპტომ".
ნახირს ითვლიან, ცხვრის ფარას ითვლიან და ისე აბარებენ მწყემსები ერთმანეთს.

ქართველებს არ ითვლიან – ჯოგად, ბრბოდ, მასად, "კუჩად" გადმოლალავენ ხოლმე ახალი "მწყემსები" თავიანთ საჩეხში.
რამდენი ვართ დღეს ქართველები?

რამდენი ვართ და, რამდენიც ვიყავით, იმას მინუს რუსუდან გუგუსიანი, მინუს ამირან რობაქიძე, მინუს სანდრო გირგვლიანი, მინუს ნავთლუღის ბაზრობასთან დახვრეტილი სამი ბიჭი, მინუს საკნებში ჩახოცილი შვიდი პატიმარი, მინუს ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ყოფას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა, მინუს ყველა, ვინც საზღვარგარეთ გაიქცა და იქ დალია სული მარტოობაში, სიღატაკეში, მონობაში, სამშობლოსა და ახლობლების ნატვრაში.

90-იან წლებამდე უკან თუ დავიხევთ და იქიდან დავიწყებთ ათვლას, მაშინ რამდენი ვართ და რამდენიც ვიყავით, იმას მინუს ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ჟიული შარტავა, გია აბესაძე, ვოვა ვეკუა, ზურაბ ჭავჭავაძე, ირაკლი გოცირიძის ორი ვაჟი, გურამ შარაძე და მისი ვაჟები, მანანა გიგინეიშვილის ვაჟი, ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი, ამირან კალაძე, გოჩა ესებუა, სოსო სიგუას დედა, რომელიც შვილის პოლიტიკური შეხედულებების გამო საკუთარ სახლში მხეცურად აწამეს და მოკლეს…

რამდენი ვართ და რამდენიც ვიყავით, იმას მინუს ძმათამკვლელ ომში დახოცილი გამსახურდიას ჯარისკაცები და კიტოვანის გვარდიელები, `მხედრიონელები~ და სახალხო მოლაშქრეები, ყველა ქართველი, ვინც ან ერთმანეთს, ან მტერს შეაკვდა, სოხუმთან თუ ტამიშთან, ცირკთან, დიდუბის მეტროსთან, კოდორის ხეობაში, წალენჯიხაში, ხობში, კახეთში, იმერეთში…

საქართველოს ბოლო ათწლეულების ცხოვრება მინუსების უსასრულო, გრძელზე გრძელი ბილიკია – ბილიკი არყოფნისკენ, ბილიკი საერთო აკლდამისკენ, ბილიკი უფსკრულისკენ.

– წარმატებული ოპერაცია იყო, ერთი გუგუსიანი დაიღუპა და ისიც შემთხვევით, – ამბობენ ხელისუფალნი.

იქ, სადაც ერთი ადამიანის სიცოცხლე არაფრად უღირთ, არაფრად უღირთ ათასების სიცოცხლე, ასიათასების სიცოცხლე.
ათასიც და ასი ათასიც ერთისგან შედგება და როცა ათასს და ასი ათასს ერთი აკლდება, იქ აუცილებლად ირღვევა ღვთის მიერ დაწესებული დიდი ჰარმონია.
– საქართველოს მინუს ეს ხელისუფლება უდრის გადარჩენას! – წავიკითხე ამასწინათ ერთ კედელზე მიწერილი.
ჩვეულებრივი კედელი იყო, აშკარად დილეტანტი კალატოზის მიერ აცაბაცად ამოყვანილი, ბათქაშჩამოცვენილი, გაქუცული.
მართლაც ერთი ჩვეულებრივი კედელი იყო, ოღონდ არაჩვეულებრივი შინაარსის…

***
– ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები არნახულად იზრდება, ამას ადასტურებს მსოფლიო ბანკის მონაცემებიო, – გადარეულია სიხარულისგან პრეზიდენტი სააკაშვილი.

მელამ თავისი კუდი მოიყვანა მოწმედო, სწორედ ამაზეა ნათქვამი.

ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა თუ აღმავალი გზით მიდის, ეს შვიდასი ათასი უპოვარი და ღატაკი საიდან, თქვე უღმერთოებო?
შვიდასი ათასი ლუმპენპროლეტარი, მათხოვრის დონეზე დასული, არასმქონე ქართველი.
კი მაგრამ, სულ სამი მილიონი ვართ დარჩენილი (მილიონნახევარი საზღვარგარეთაა) და ამ სამი მილიონიდან შვიდასი ათასი თუ ლუმპენპროპლეტარია, მაშ ვინ ცხოვრობს უზრუნველად ამ `ბედნიერ~ საქართველოში?

არ დაგავიწყდეთ, რომ ღატაკებად მხოლოდ ისინი ითვლებიან, რომლებსაც სახლში ტელევიზორი და მაცივარიც კი არა აქვთ, ხოლო დანარჩენები – ტელევიზორ-მაცივრიანები, მაგრამ უმუშევრები, უსახსრონი, მშივრები – უზრუნველყოფილთა კატეგორიას მიეკუთვნებიან.
თუ გაქცევის თავი გაქვს, ასეთი ქვეყნიდან უნდა გაიქცე, აბა, რა უნდა ქნა?

თუმცა სად გაიქცევი, ამათ ისეთი გრძელი საცეცები აქვთ, ავსტრალიის თუ ახალი ზელანდიის რომელიმე ფერმაში თხის წველის დროს ჩაგავლებენ.

***

"სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი" – ესეც როდინდელი ლექსია, მაგრამ იმდენად თანამედროვეა, გეგონება, აგერ, ახლახან, ნოღაიდელის მთავრობის მორიგი სხდომის მოსმენის შემდეგ დაიწერა ცხელ გულზეო.

მაძღარ მონობას ეძებენ-მეთქი, ვთქვი ზემოთ. თუმცა ეს ფრაზა სხვარანირადაც შეიძლება ითქვას: – მონობას კი არა, თავისუფლებას ეძებენ საკუთარი სახლ-კარიდან აყრილი ქართველები, თუმცა თავისუფლების ძებნაში კვლავ მონის უღელში ყოფენ თავს, რადგან ქართველებისთვის საქართველოს გარეთ თავისუფლება მაინც ტყვეობაა, მაინც მონობაა.

ასეთ ვარსკვლავზეა ქართველი კაცი დაბადებული, ასეთი ზნე და ხასიათი აქვს – ახალ ნიადაგს ვერ ეგუება – "გადარგვას" არ ექვემდებარება.
მეორე თვისებაც აქვს ქართველს – ხშირად მონობაში გადიდკაცებაზე უარს არ ამბობს და მერე მტრისას, ეს მონობაში გადიდკაცებული თავის სისხლსა და ხორცს რომ მოუტრიალდება, რათა პატრონს ერთგულება დაუმტკიცოს და თავი მოაწონოს.
ჩვენ გადიდკაცებული მონების მონები ვართ, ყმების ყმები.

ის რა კაცია, ვინც სხვა კაცის კაცის კაცია? იმას, როცა მოესურვებათ, მაშინ ამოშლიან კაცთა სათვალავიდან, როცა მოუნდებათ, ისევ ჩაწერენ…
მბრძანებლის, ზედამხედველის სტატუსით მოვლენილი სხვისი მონები სხვებს ვერ გაათავისუფლებენ.
თავისუფლება უმაღლესი, უზენაესი ღირებულებაა და მას დასარიგებლად და გასაცემად მონებს არავინ მიაშავებს.

***

სად გარბიხართ, ქართველებო?

დიდგორიდან არ გაქცეულხართ, ბასიანიდან არ გაქცეულხართ, დიდი თურქობის დროს არ გაქცეულხართ, არაბობის და მონღოლობის დროს არ გაქცეულხართ და რაღა "მოქკავშირისა" და "ნაცმოძრაობის" დროს შეგიჩნდათ დამღუპველი შიში?

სად გარბიხართ, ქართველებო?

სხვა საქართველო არსად არის, სხვა საქართველოს ვერსად ნახავთ.

აბა, სად გარბიხართ, სად მიეშურებით, სად მიიჩქარით?

უცხოელებმა თვითონ ზიდონ თავიანთი ღამის ჭურჭელი, თქვენ კი თქვენი ჯვარი ზიდეთ!!!

მეტის ნახვა
8-07-2018, 18:00


გვესაუბრება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე:

– ბატონო სოსო, არსებულმა ეკონომიკურმა პრობლემებმა მთავრობა შეიწირა. რით ვერ მოიძებნა ოპტიმალურიგამოსავალი, რათა ქართული ეკონომიკისგანვითარების გზას მივაგნოთ?

– იმის სათქმელად რომ მდგომარეობა უარესდება, ენა არ მომიბრუნდება, გარკვეული მიმართულებებით პროგრესის ნიშნები არის, თუმცა, მთავარი გამოწვევა რაზეც, ჯერჯერობით, ვერცერთმა ხელისუფლებამ ღირსეული პასუხი ვერ გასცა არის ის, რომ მაკრო-ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე ვერ აისახა. ზოგადად, ზრდა გვაქვს, მაგრამ ამის სარგებელს, ნაყოფს საზოგადოების დიდი ნაწილი საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე ვერ გრძნობს.
ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის შეძლოს, მოახერხოს, რომ ეკონომიკური ზრდა როგორმე თითოეულ ოჯახზე დაიყვანოს. ზოგადად, ამას ეკონომიკური ტერმინით ინკლუზიურიეკონომიკა ჰქვია. ანუ კორელაცია, კავშირი ეკონომიკაზე 10%-ით მკვიდრდება, ასეთ შემთხვევაში, მოსახლეობის კეთილდღეობა 7–8%-ით მაინც უნდა იზრდებოდეს. თუმცა, სტატისტიკის მიხედვით, კვლევები ადასტურებენ, რომ იზრდება უთანაბრობა, სიღარიბე განსაკუთრებით, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში.

ახლა, ფაქტობრივად, ასიმეტრიული განვითარება გვაქვს, სადაც საზოგადოების ერთი ნაწილი უკეთესად ცხოვრობს, შეიძლება ეს მზარდი ნაწილია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ნაწილი ამ თამაშს ისე უყურებს როგორც კინოფილმ `პირველ მერცხალში~ ჩვენი ფეხბურთელები ფოთიდან უყურებენ ინგლისელების თავურით თამაშს, მხოლოდ თვალყურის დევნებაში არიან, რეალურად კი, თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან.

_ ანუ, საზოგადოებაზე, ხალხის კეთილდღეობაზე მორგებული ეკონომიკა არ გვაქვს?

– არის ასეთი გამოთქმა: ჯოჯოხეთამდე გზა კეთილი სურვილებით არის მოკირწყლულიო. ნებისმიერმა ხელისუფალმა სანამ თავის საქმიანობას დაიწყებს უნდა გაიცნობიეროს ჰიპოკრატეს პრინციპი, რაც მედიკოსებს აქვთ – არ ავნო. ანუ, სანამ ცოცხალ ორგანიზმს მკურნალობას დაუწყებ, მანამდე ეს სუბიექტი რომლის სამკურნალოდაც მოგიწვიეს, დაგიძახეს თუ დაგიქირავეს იმაზე უარეს მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენო, ვიდრე აქამდე იყო. ეს სლოგანი თითოეულ ხელისუფალს უნდა ჰქონდეს. თვითონ საქართველოს ეკონომიკა იმდენად ღია და გახსნილი სისტემაა – 140 ქვეყანასთან გვაქვს ეკონომიკური კავშირები, რომ აქ, მარტო საკუთარი ჭკუით, გონებით და თანმიმდევრული პოლიტიკით ყველაფერს ისე ვერ დაალაგებ როგორც გინდა. მაგრამ ჩვენი ამოცანაა გარე, ნეგატიური ფაქტორები ჩვენს საწინააღმდეგოდ კი არ გავაძლიეროთ, არამედ მათი ჩვენი ინტერესების შესაბამისად გამოყენება შევძლოთ. მაგალითად, საქართველოს აქვს კარგი გეოგრაფიულ-გეო-პოლიტიკური მდებარეობა, იგი არის გზაჯვარედინზე, რამაც შეიძლება სარგებელი მოუტანოს ეკონომიკასმომსახურების, ენერგეტიკული და ფინანსური ხაზით, რასაც მიზანსწრაფული მოქმედება სჭირდება, რათა ის პოტენციური კლიენტების, ადრესატების ერთობლივი მოქმედება ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ არ მოხდეს. ფრთხილი დამოკიდებულება გვმართებს იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ქვეყნის შიდა ეკონომიკური ველი ნეგატიური ფაქტორებისგან დავიცვათ, ხოლო მეორე მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვართ კუვეითი ან სხვა ენერგეტიკული რესურსებით მდიდარი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოს რომელიღაც ერთი ბუნებრივი ფაქტორისგან მიღებული რენტული შემოსავლით.

იმ პიკური მდგომარეობისთვის, რაც 1988 წელს გვქონდა, არ მიგვიღწევია. ვარდნა იმდენად მკვეთრი იყო, ზემოთ ასვლას წლები სჭირდება. ჩვენ, დაახლოებით, 35-40 წლით უკან გადავვარდით.

– როდის უნდა შეიქმნას ქვეყანის ეკონომიკური განვითარების კონცეფცია?

– განზრახულობა არის, მაგრამ ეს ზოგადი ცნებაა. ეს იგივეა გქონდეს სურვილი იყო ჯანმრთელი და მდიდარი. ვინ ამბობს ამაზე უარს, მაგრამ მისი მიღწევის გზებია მოსაძებნი, ხომ? გვინდა ვიყოთ ენერგეტიკული და ფინანსური ჰაბი. კი ბატონო, მაგრამ რა კეთდება საიმისოდ, რომ ამ მიმართულებით კაპიტალი შემოვიდეს, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, მომზადდეს კვალიფიციური კადრები, რათა ისინი ქვეყნიდან კი არ გარბოდნენ, არამედ ეს რესურსი ადგილზე გამოვიყენოთ?! – სამწუხაროდ არაფერი. შესაძლოა, მდგომარეობა ოდნავ გამოსწორდა, მაგრამ ვისაც ჩვენ ვეჯიბრებოდით ისინი ხომ არ გაჩერებულან ერთ ადგილზე, არამედ კვლავ წინ მიიწევენ. ამიტომ, 1988 წელს ჩვენ ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების წევრი ქვეყანავიყავით და 32 ქვეყნის საშუალო დონის მაჩვენებელი მოსახლეობის ერთ სულზე წარდგენილიმშპ-თი, დაახლოებით, 40%-მდე იყო. 30 წლის შემდეგ კი, იგივე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ეს პროცენტი 12-ს შეადგენს. ანუ, პრობლემა უფრო მწვავედ დგას, საკუთარი გზა ვერ გვიპოვია.

– როგორ გავარკვიოთ რამდენად სწორად ვითარდება ჩვენი ქვეყანა?

– არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, რომელიც გვიჩვენებს ქვეყანა სწორი გზით ვითარდება თუ მხოლოდ ციფრების მანიპულაციას აქვს ადგილი. მოდით, მოვახდინოთ შეფასება – საქართველოში უფრო მეტი ქართველი ბრუნდება თუ პირიქით, გადის. მეორე – ზოგადად, კმაყოფილი მოსახლეობა სჭარბობს თუ პირიქით, მესამე – ბოლო ექვსი თვის მანძილზე მოსახლეობის მდგომარეობა გაუარესდა, გაუმჯობესდა თუ იგივე დარჩა. ამ კრიტერიუმებით თუ ვისარგებლებთ, მაშინ ეს მაჩვენებლები გაცილებით სოლიდური, ობიექტური იქნება, ვიდრე სავალუტო ფონდის დეპეშით გამოგზავნილი შეფასება, თუ სტატისტიკის სამსახურის მიერ დადებული ციფრი მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ხელისუფლებას ირჩევს არა სავალუტო ფონდი ან რომელიმე საერთაშორისო ფინანსური და ეკონომიკური ორგანიზაცია, არამედ საზოგადოება, ხალხი. ნებისმიეირ ხელისუფლება ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული. ამიტომ, ხალხის აზრი განმსაზღვრელია. რაც არ უნდა კარგად წარმოვაჩინოთ საქმე, თუ საზოგადოება უკმაყოფილოა, ჩვენი შეფასება არაფერი იქნება.
რატომ გადიან ქვეყნიდან? – საბჭოთა კავშირის პირობებში ქართველთა 96% საქართველოში ცხოვრობდა, მხოლოდ 4% იყო გასული დანარჩენ 14 რესპუბლიკაში, რუსეთის ჩათვლით. დღეს, ბევრი ქართველი დამდუღრულივით გარბის საქართველოდან იმის გამო, რომ პერსპექტივა, ეკონომიკური ცოდნა-გამოცდილება არ აქვს. ერთ-ერთ პოლიტიკოსთან შეხვედრაზე ვიყავი, მან ტრაბახი დაიწყო: თუ ადრე, საქართველოდან ძიძები, მომვლელები გადიოდნენ, ახლა, ქვეყანას ინჟინრები, ინტელექტუალები ტოვებენ, რაც პროგრესზე მიუთითებსო. როგორ მიუთითებს ყოველივე პროგრესზე? პირიქით, საქმე უფრო მძიმედ არის, როდესაც მაღალი კვალიფიკაციის ადამიანი ქვეყანაში სათანადო სამსახურს, თავისი უნარის, ცოდნის გამოყენების არეალს ვერ პოულობს და იძულებულია მოღვაწეობა ქვეყნის გარეთ გააგრძელოს.

– ბატონო სოსო, ახალმა პრემიერმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები შემოიტანა, როგორ უყურებთ ამას ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით?

– ფაქტობრივად, მიუხედავად იმისა, რომ ბახტაძე ფინანსთა მინისტრის რანგში შვიდი თვე იყო, მის მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ინიციატივები და ვერბალური განცხადებები მხოლოდ ფინანსთა მინისტრის ფუნქციებში არ ეტეოდა. ბევრი პოლიტიკურიგანცხადება გაკეთდა. მან, გარკვეულწილად, გააკეთა განცხადებები საბანკო სექტორის მიმართ, თქვა, რომ მათი ქმედება გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოექცეს და ზოგად ეროვნულ სახელმწიფოებრივ ეკონომიკურ ინტერესებსდამორჩილდეს.

ბახტაძე, ასევე, გამოვიდა ინიციატივით ბანკებს სესხის გაცემაზე გარკვეული შეზღუდვებიდაუწესდეს. საქართველოში საშუალო საპროცენტოგანაკვეთი შინამეურნეობათა სესხებზე ეს იქნება თუ არა იპოთეკით დატვირთული, დაახლოებით, 15%-ია, მაშინ როცა აშშ-ში ეს, დაახლოებით, 3,25%-ის ფარგლებში მერყეობს. დაახლოებით, 4–5ჯერ უფრო დაბალია საპროცენტოგანაკვეთი, სესხის ღირებულება განვითარებულ ქვეყნებში, ვიდრე ჩვენთან. კიდევ უფრო დაბალია იაპონიაში – 1,68%, ლუქსემბურგში – 2%. ჩვენთან, ბანკები ამით დიდ შემოსავალს ღებულობენ. საბანკო სექტორის მიმართ სახელმწიფოს საშუალება აქვს რეგულირებაუფრო იოლად მოახდინოს, იგი განსაზღვრავს როგორი უნდა იყოს კაპიტალის სიდიდე და ა.შ. ამიტომ, პირველ რიგში, სახელმწიფომ იმ სფეროზე იზრუნა, რომელზეც უფრო მეტი ზემოქმედების საშუალება აქვს.

ახლა ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით მცირე და საშუალო ბიზნესის გადასახადების ზღვარი 100 ათასიდან 500 ათას ლარამდე იწევა, ამით ბიზნესს სერიოზული შეღავათი ეძლევა.

– ეს რეგულაციები მისასალმებელია, მაგრამ რამდენად საკმარისია. კიდევ რა უნდა გაკეთდეს?

– გასაკეთებელი ბევრია: როდესაც ქვეყანაში სამეურნეო-სამეწარმეოერთეულების რაოდენობა მხოლოდ 120 კაცზე სამჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში; როდესაც დარღვეულიაპროპორცია დაქირავებით დასაქმებულსა და თვითდასაქმებულს შორის, ანუ ანაზღაურებითი სამუშაო ადგილების რაოდენობა ქვეყანაში მცირეა; როდესაც ბანკების მთლიან შემოსავლებში არაპროფილური საქმიანობიდან შემოსავლები თითქმის სჭარბობენ მათ ძირითად, პროფილური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს, ასეთ დროს რაიმე კმაყოფილებაზე საუბარი ჯერ ადრეა.

ჩვენ, ვცდილობთ, ის სტრუქტურა აღვადგინოთ, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში გვქონდა. ეს არის ფანტომური ტკივილების, ცნობიერების შედეგი, როცა მაგალითად, ადამიანს კიდური აღარ აქვს და წვივი სტკივა. ჩვენ, ფაქტობრივად, რაც მალე დავივიწყებთ იმ ძველ სტრუქტურას, რომელიც საქართველოს ჰქონდა, მით უკეთესი. უნდა შევძლოთ ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება, სადაც უფრო მაღალი წილი ადამიანურ კაპიტალს ექნება და შრომითი დანახარჯები შედარებით ნაკლები იქნება. ნაკლები იმედები უნდა დავამყაროთ აგრარულ სექტორზე იმ გაგებით როგორც ეს ადრე გვესმოდა. ძველი ტრადიციული ტექნოლოგიებით სასოფლო მეურნეობა შედეგს ვერ მოგვიტანს. მაშ, რა ვუყოთ სოფლად მაცხოვრებელ ადამიანებს? _ პოლიტიკა რომ ადამიანები აგრარული სექტორისათვის ზედმეტი გავხადოთ, სწორი იქნება. მაგრამ პოლიტიკა რომ ეს ადამიანები გავათავისუფლოთ სოფლად ცხოვრებისაგან, სწორი არ იქნება. აქვე, ერთსაც გეტყვით: საქართველოს 90-იანი წლების დასაწყისისთვის 100-ზე მეტი დარგი ჰქონდა განვითარებული, მაგრამ როდესაც დადგა საკითხი მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის გატანის თაობაზე, აღმოჩნდა, რომ ამ 106 დარგიდან რომელიც გვქონდა, ფაქტობრივად, არ აღმოგვაჩნდა დარგი, რომლითაც ბაზარს ჩვენს პირობებს ვუკარნახებდით. სხვა ქვეყნებს ზოგს გაზი აღმოაჩნდა, ზოგს ბამბა, ზოგს ფერადი ლითონები და ა.შ. ჩვენ ცოტ-ცოტა ყველაფერი გვქონდა, მაგრამ რომ განგვევითარებინა ჩვენი რესურსები ამას არ გაწვდებოდა. ამიტომ, უნდა შეგვერჩია რომელიმე დარგი და მის განვითარებას შეწყობოდა ხელი, ამ ძიებაში წლები გავიდა. უნდა ავარჩიოთ დარგი და მის საფუძველზე მოვახდინოთ ყველა დანარჩენისრესტრუქტურიზაცია და ეკონომიკის ასე განვითარება, წინააღმდეგ შემთხვევაში განწირული ვიქნებით მარადიული ჩამორჩენილობისთვის.

– ბატონო სოსო, ხშირად ისმის, რომ მიბმული ვართ თურქეთის ეკონომიკას. რატომ არ შეიძლება ვთქვათ სხვა, თუნდაც ჩინურ მოდელს მივებათ?

– დიახ, თურქეთის ეკონომიკაზე დამოკიდებული ვართ. თურქეთს ჩვენს საგარეო-სავაჭრო ბრუნვაში, დაახლოებით, 14–17% უჭირავს. საბჭოთა კავშირის პერიოდში, რუსეთზე მოდიოდა ჩვენი საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 60%. რუსეთისგან თავის დაღწევა შევძელით, მასზე ისე დამოკიდებულნი აღარ ვართ. ჩვენს ქვეყანაში ხდება თურქული საქონლის რეალიზაცია. საქართველოში იმდენ თურქულ საქონელს ვყიდულობთ, რითაც თურქეთში, დაახლოებით, 60 ათას სამუშაოს ვქმნით. რა გამოდის, ჩვენი თანამემამულენი უცხოეთში შოულობენ ფულს, რაც საქართველოში შემოდის და მერე, ამ ფულით თურქულ საქონელს ვყიდულობთ. საქართველოგამოდის როგორც მეგა-ერგნეთი, ფაქტობრივად, სხვაგან შექმნილი დოვლათის უტილიზაციის ადგილი, რაც ნაკლებად ემსახურება ჩვენი ეკონომიკისგანვითარებას. ჩვენ უნდა შევძლოთ მაქსიმალურად მოვახდინოთ უცხოური იმპორტირებული საქონლის იმ საქონლით ჩანაცვლება, რომლის წარმოების კულტურა, ტრადიცია, პოტენციალი გაგვაჩნია.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
8-07-2018, 13:00


ევროპის ქვეყნების მოსახლეობის ყურადღება გასულ კვირას, რუსეთის გარდა, სადაც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, ბრიუსელისკენ იყო მიპყრობილი. ევროკავშირის სამიტზე ერთ-ერთი ძირითადი საკითხი აფრიკა-ახლო აღმოსავლეთიდან მომწყდარი მიგრანტების ბედის განსაზღვრა იყო. თუმცა, რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში არაოფიციალურად შეიკრიბნენ, როგორც ამბობენ, `მოთელვისთვის~. არაოფიციალურ შეხვეარდა 16 ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, უნგრეთმა და პოლონეთმა დემონსტრაციულად უარი განაცხადეს არაოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობაზე. სამიტი, ფაქტობრივად, უშედეგოდ დასრულდა, საერთო აზრს ვერ მიაღწიეს.

გასულ კვირას, ხუთშაბათს, ევროკავშირის სამიტი მართლაც დაძაბული გამოდგა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ პირველ დღეს შეხვედრა 12 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. კერძოდ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააგრძელეს. მიგრანტებთან მიმართებაში კი გაურკვევლობაა. ევროკავშირის ქვეყნების სურვილია, მესამე, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში გადანაწილდნენ მიგრანტები. ამის გარდა, ევროკავშირის გეგმაა, აზია-აფრიკის ქვეყნებში შეიქმნას მიგრანტების საფილტრაციო ბანაკები, რომლებსაც ზედამხედველობას პოლიცია გაუწევს. ამ მიზნით იმყოფებოდა ვიზიტით იტალიის პირველი ვიცე-პრემიერი და შსს-ის მინისტრი მატეო სალვინი ლიბიაში. იქაურმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა ქვეყანაში მიგრანტთა ბანაკების შექმნაზე. სალვინის ვიზიტი უშედეგო აღმოჩნდა. 

ევროკავშირის გეგმებმა მიგრანტებთან მიმართებაში კიდევ უფრო მეტი კრიტიკა დაიმსახურა ექსპერტების მხრიდან. მათთვის გაუგებარია, რომელი ქვეყნის პოლიციამ უნდა განახორციელოს ზედამხედბელობა მიგრანტების ბანაკებში, ან რას ნიშნავს ფილტრაცია. ისრაელელი სამხედრო ექსპერტის იაკობ კედმის განცხადებით, ბანაკების შექმნისთვის გამოყოფილი მილიონობით თანხა არაოფიციალური, გაურკვეველი შეიარაღებული ფორმირებების ხელში აღმოჩნდება. "…ლიბიაში, სადაც არ არსებობს ერთიანი ხელისუფლება, ვისთვის აპირებენ ფულის მიცემას? ვინ იქნება გარანტორი, რომ თანხები მიზნობრივად გაიხარჯება?" – აცხადებს იაკობ კედმი. რუსეთის სენქციებზე იგივე კედმის განცხადებით, ამით რუსეთი პოლიტიკას არ შეცვლის. "…რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მათთვის სასიკეთოც აღმოჩნდაო", – ამბობს ექსპერტი.

პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ მიგრანტების საკითხმა, რომელიც პრობლემად იქცა ევროკავშირისთვის, შესაძლოა, წევრ ქვეყნებს შორის განხეთქილება გამოიწვიოს. ამაზე მეტყველებს იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტესა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შელაპარაკება სამიტზე. კონტემ მოუწოდა, საფრანგეთმაც გაუღოს კარი მიგრანტებს. ამაზე გაღიზიანებულმა მაკრონმა უპასუხა: "…არავის ჭკუის სწავლება არ გვჭირდებაო". ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსგავსი დაპირისპირების შედეგად, შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებმა ჩაკეტონ თავიანთი ქვეყნის საზღვრები, რითიც ეჭვქვეშ დადგება შენგენის არსებობა. ევროკავშირის სამიტის შემდეგ შემაჯამებელი ერთობლივი დოკუმენტი არ მიუღიათ, რაც დღემდე არ მომხდარა. ამიტომ მიმომხილველებმა "უშედეგო სამიტად" მონათლეს.

"სავაჭრო ომი" ევროკავშირის დასასუსტებლად არის აგორებულიო, აცხადებენ ექსპერტები. "ევროკავშირის ქვეყნებიდან ეკონომიკურად ძლიერი სამია – გერმანია, დანია და ნიდერლანდები. დანარჩენები დოტაციის ხარჯზე ცხოვრობენ, ფაქტობრივად, გერმანელების, – აცხადებს კედმი. – ამას თუ დავუმატებთ სავაჭრო ომს, ქვეყანაში კიდევ უფრო გაუარესდება მდგომარეობა". ამასობაში შეირყა კანცლერ ანგელა მერკელის პოზიციები ქვეყნის შიგნი თ. მართალია, ევროკავშირის სამიტზე კონკრეტულად არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ და ყველა საკვანძო საკითხი შემოდგომისთვის გადაიდო, მერკელის კოალიციური მთავრობის ბედი, ექსპერტების განცადებით, ჯერაც გაურკვეველია.

გასულ კვირას ამერიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აპრილში მაკრონის აშშ-ში ვიზიტისას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესთავაზა, საფრანგეთი გასულიყო ევროკავშირიდან. ამით სანქციები შეგიმსუბუქდებათო, უთქვამს ტრამპს. რამდენად მართალია პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, უცნობია. კომენტარები ჯერ არ გაკეთებულა. არავის უარყვია და არც დაუდასტურებია ჩვენი ამერიკელი კოლეგების ინფორმაცია. თუმცა ამან, ეჭვი, რომ ტრამპი ევროკავშირისადმი არაკეთილგანწყობილია, კიდევ უფრო გაამყარა.

როგორც დაგეგმილი იყო, გასულ ოთხშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თანაშემწე უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. "…თქვენი ჩამოსვლა იმედს გვისახავს, რომ ურთიერთობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის გაუმჯობესდება. აქამდე სასურველი პოლიტიკური ვითარება არ იყო. ახლა სიტუაცია გამოსწორდა", _ უთხრა შეხვედრის დაწყებამდე სტუმარს პუტინმა. თავის მხრივ ბოლტონმა ჟურნალისტებს განუცხადა: "…პრეზიდენტები ერთმანეთს კარგად იცნობენ. შარშან უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. მათ პირად შეხვედრაში უჩვეულო არაფერია. ეს უფრო გააუმჯობნესებს ურთიერთობას ჩვენს ქვეყნებს შორის".

ჯონ ბოლტონის ვიზიტის მიზანი დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის პირისპირ შეხვედრის დროისა და ადგილის შეთანხმება გახლდათ. როგორც გადაწყდა, პრეზიდენტები ერთმანეთს 16 ივლისს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში შეხვდებიან. პრეზიდენტებამდე პირველი დიპოლმატები – მაიკლ პომპეო და სერგეი ლავროვი ისაუბრებენ. სამიტი ერთდღიანი იქნება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთ მოკლე დროში ყველა საკითხზე, რომლებიც მრავლადაა დაგროვილი, ვერ მოასწრებენ საუბარს და რაიმე კონკრეტულ შედეგს არ ელოდებიან. მათივე ვარაუდით, ჰელსინკში გამოჩნდება, როგორ განვითარდება აშშ-რუსეთის ურთიერთობა სამომავლოდ.

ჯერ მხოლოდ რუსეთ-აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის თარიღი და დროა ცნობილი, მაგრამ ევროპელებს უკვე აშფოთებთ ორი ქვეყნის დაახლოება. ამის თაობაზე წერენ ევროპული გამოცემები. ამერიკული გამოცემები კი აღნიშნავენ, რომ ტრამპი დიპლომატიურ ენაზე ვერ შეძლებს პუტინს აჯობოსო. ამ დღეებში კი ამერიკელი სენატორები ბიზნესმენების თანხლებით უკვე ჩავიდნენ რუსეთში.

გია ბურდული

მეტის ნახვა
8-07-2018, 12:00


კეშას ბლოგი

ვინც მიცნობს, კარგად იცის, მწარეა ხოლმე ჩემი კალამი. არ ვინდობ ადამიანებს, რომლებიც სხვებს ჩაგრავენ, რომლებიც თავიანთ საქმეს არ ასრულებენ, რომლებიც ფიზიკურად ან მორალურად ანადგურებენ… ზოგჯერ, ზედმეტიც მომდის, ზოგჯერ, მიზანს ვცდები, შესაძლოა – მაგრამ, როცა სათქმელი მომაწვება – უკან დასახევ გზას ვერ ვიტოვებ.

დღეს ერთი ფიქრი ამეკვიატა – მე რას ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის, მე რა შემიძლია გავიღო ადამიანებისთვის…
სახლი არ ამიშენებია ჯერ, არც ხე დამირგავს, საღამოობით იმაზე ფიქრით არ ვიძინებ – დღის მანძილზე ვის რა ვარგე. ერთ კინკილა შვილს ვუზრდი ქვეყანას და ვწერ…

გზა მაინც გაუყვანელია, მაინც დაუსრულებელია გზა – არ შველის ჩემი წერა და ყვირილი, დაუგებელია ისევ გზა, ხან ვინ გადავარდება ამ გზიდან, ხან ვის აუცურდება ფეხი. მაინც არ ვდგები მოსახვევიდან, მაინც არ ვიკაპიწებ მკლავებს და მაინც არ ვცდილობ საკუთარი ხელებით გზის დაგებას.
იმიტომ, რომ მე ჯერ არ გადავარდნილვარ გზიდან, ჯერ არ ამცურებია ფეხი, ჯერ არ მოვსრიალებულვარ, ჯერ არ აღმოვჩენილვარ ხრამში…
ვზივარ სადღაც მოსახვევში და ვუყურებ, ვუყურებ და ვჩხუბობ დაუგებელი გზის გამო, ვაბრალებ ყველას და ყველაფერს, მერე უსწორ-მასწორო გზიდან, გადაცვენილი ხალხის დროულად არ ამოყვანაში, არ გადარჩენაში ვანაშაულებ ისევ სხვებს და ისევ ვჩხუბობ – და თან ვზივარ, ვზივარ სადღაც მოსახვევში და შორიდან ვუყურებ…

მამა რომ გარდამეცვალა – მაშინ მივხვდი, რომ 50 წელი სიცოცხლისთვის ძალიან ცოტაა, მაშინ გავაცნობიერე, რას ნიშნავს დარჩე უმამოდ, თორემ, ცრემლს ჩამოვაგდებდი, შევწუხდებოდი, მაგრამ რეალურად რას გავიგებდი, რეალურად, როგორ მივხვდებოდი, რა არის უმამომა, სანამ მამა სახლში მელოდა…
მას შემდეგ, რაც მამა დამეღუპა, იმდენ ადამიანში მიძებნია მამა, ვერ დავთვლი, რამდენიმემ დიდი სიტყვაც მითხრა – მამაშვილობა მითხრა – ვერ აასრულა, ვერ შემიყვარა შვილივით, ვერც მე შევიყვარე, ისე, როგორც საჭირო იყო, ამიტომაც მე ერთხელ დავკარგე მამა და არა იმდენჯერ, რამდენჯერაც მამაშვილობა მითხრეს.

სიყვარული რომ შემეძლოს, მე ახლა მგლოვიარე ქალბატონი ვიქნებოდი, ჩემი შვილები იქნებოდნენ, მდინარეში დამხრჩვალი ბავშვები, ჩემი შვილები იქნებოდნენ დანით დაჩეხილი ბავშვები…

მე რომ სიყვარული შემეძლოს, უამრავი მშიერი ბავშვი მეყოლებოდა და რამდენიმე დაპურებული. ერთის დაპურება მიჭირს ახლა სათანადოდ, მაგრამ სიყვარული შემაძლებინებდა, კიდევ რამდენიმე დამეპურებინა, გამოვძებნიდი საშუალებას, ვნახავდი გამოსავალს.
მე რომ სიყვარული შემეძლოს, ის ბავშვებიც ჩემი შვილები იქნებოდნენ, რომლებმაც დანა დაარტყეს ჩემს მეორე შვილს, არ ვიცი, დაარტყამდნენ, თუ არა, რომ სცოდნოდათ რომ ძმები არიან, რომ სცოდნოდათ, რომ ერთი ჯიშისა და ჯილაგისგან მოდიან, ან იქნებ მაინც დაერტყათ, ეგაც ვინ იცის…
მაგრამ, მე რომ მკვლელი შვილები მყოლოდა, სისხლიან ტანისამოსს ვერ გადავყრიდი, არ მეცლებოდა ერთი შვილის ხელის დასაფარებლად, როცა მეორეს მიწაში ვდებ, არ მექნებოდა დრო, ერთის გადასამალად, როცა მეორე სისხლისგან იცლება.

მე რომ სიყვარული შემეძლოს უამრავი და-ძმა მეყოლებოდა, ზოგი მოკლული, ზოგი დაჭერილი, ზოგი გაღატაკებული, ზოგი დაბნეული… და ხო, ყველას დავეხმარებოდი. ყველას ვერ გავწვდებოდი? – ტყუილია, გავწვდებოდი – მე ხომ მარტო აღარ ვიქნებოდი, მე უამრავი და-ძმა მეყოლებოდა, ერთმანეთს დავეხმარებოდით ყველა…

მე რომ სიყვარული შემეძლოს – ჩემი ძმა იქნებოდა თავშიტყვიადახლილი, ნაწამები ტატუნაშვილი… ოთხოზორიაც ჩემი ძმა იქნებოდა… ყველას გვარის ჩამოთვლას ვერ მოვახეხებ, ბევრი შვილი და ძმა გვყავს ჩვენ წამებით მოკლული…

მე რომ სიყვარული შემეძლოს, ბებიები და ბაბუები მეყოლებოდა, ცხორების ჯაფით გადაღლილი ბებიები, ბაბუები დაკოჟრილი ხელებით. რას გაბედავდა სახელმწიფო წამლის ფული არ დაეფინანსებინა ჩემი ბებიისთვის, როგორ შეძლებდა სახელმწიფო ბოლომდე არ ემკურნალა ჩემი ბაბუისთვის, ფანჯრიდან გადმოიხედავდა მინისტრი და იმდენი და-ძმა ვიქნებოდით შეკრებილი, იმდენი შვილი ეყოლებოდა ბებიას და ბაბუას – ვის შეუძლია ამდენი შვილიშვილის პატრონები აშიმშილოს და სიღატაკეში აცხოვროს.

მე რომ სიყვარული შემეძლოს, ქალაქი და სოფელი ერთნაირად მეყვარებოდა, ჩემი სოფლელების მოყვანილ პროდუქტს ვიყიდდი, არ ვიყიდდი უცხო ქვეყნის გაუგებარ და გენმოდიფიცირებულ პროდუქტს და შეუწყობდა მერე მთავრობა ქართულ მრეწველობას და მეურნეობას ხელს, რა გზა ექნებოდა სხვა.
მე რომ სიყვარული შემეძლოს, ეკლესიაში მხოლოდ სალოცავად კი არ ვივლიდი, მამაოს – მხოლოდ სიტყვისთვის არ ვიტყოდი, მე რომ სიყვარული შევძლო, მამაო რომ მამასავით შევიყვარო, რამდენიმე მამაოს გარდა, მრევლი აღარ ეყოლებოდათ დანარჩენებს და იძულებულნი გახდებოდნენ, იმ მამაოებისთვის მიებაძათ, რომლებიც ჩვენზე ისე სწუხან, როგორც საკუთარ ოჯახზე.

მე რომ სიყვარული შემეძლოს, ეკლესიიდან გამოსული, მარხვადაცული, ნაზიარები, სხვების გასაკითხად როგორ მოვიცლიდი, როგორ ჩავყრიდი წყალში ჩემს ზიარებას, სხვებზე საჭორაოდ, როგორ გავაქიაქებდი, როგორ დავდებდი სანეხვეზე.
მე რომ სიყვარული შემეძლოს, არც ტანისამოსი გამიკვირდებოდა, არც ბრენდი, არც ტუჩი და კანჭი, არც მანქანა და სახლი – ადამიანი და არაადამიანი გამიკვირდებოდა მხოლოდ.

მაგრამ, არ შემიძლია მე სიყვარული, უსიყვარულოდ ვცხოვრობ მე – ამიტომ, მოკლეს ბავშვებმა ბავშვები და ერთის მშობელმა სისხლიანი ტანისამოსი გადამალა, ერთის მშობელმა – ცოცხლები გადამალა, ერთის მშობელმა საქმე შეაკერინა – რომ იცოდეს, ვინმემ რომ უთხრას, იმ ერთის მშობელს, რომ ის მეორეც მისი შვილია, რომელიც მიწაში ჩავდეთ, ისიც მისი შვილია, რომელიც მარტო დაიცალა სისხლისგან – ასე ვერ მოიქცეოდა, ვერ აირჩევდა, ვინ გაეწირა და ვინ არა.
მე რომ სიყვარული შემეძლოს, ჩვენ რომ სიყვარული შეგვეძლოს, შვილმოკლულ მამას ვინ გალანძღავდა, ყველანი შვილმოკლული მამები და დედები ვიქნებოდით, ვინ მოიცლიდა პოლიტიკისთვის, ვის დაუდგებოდა სახლებში გული, ვინ წავიდოდა სამსახურში – უფროსიან-უმცროსიანად ვიდგებოდით ერთად, მანამ, სანამ სამართალს არ მოგვცემდნენ.

მე რომ სიყვარული შემეძლოს, ჩვენ რომ სიყვარული შევეძლოს, ჩვენ ასე ცოტანი, ისე ბევრნი გამოვჩნდებოდით, იმდენნი ვიქნებოდით, მთელი დუნია ჩვენი იქნებოდა…

მე რომ სიყვარული შემეძლოს, ჩვენ რომ სიყვარული შეგვეძლოს, ბანაკებად არ დავიყოფოდით, მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად არ დავიყოფოდით, პარტიებად და უპარტიო პარტებად არ დავიყოფოდით და ჩვენი ხმა იქნებოდა ერთიანი და ერთი.

ხო, ჩვენ ცოტანი ვართ და უფრო და უფრო ვცოტავდებით – ეს კიდევ ცალკე სასაუბროა, ეს კიდევ სხვა თემაა – მაგრამ, ცოტაც კი შეიძლება დიდი ძალა იყოს, ცოტამაც შეიძლება ერთ დღეს თავისი სათქმელი თქვას.

ერთი ბიჭია, 10-11 წლის იქნება, სოლოლაკში ცხოვრობს, ვიცი, რომ ოჯახი ჰყავს, მაგრამ ვერ დავადგინე კონკრეტულად ვინ პატრონობს, არ ამბობს, ყველაფერზე საუბრობს ამის გარდა, ეშინია, რომ წაიყვანენ და უპატრონო სახლში გამოამწყვდევენ. უმეტესად მათხოვრობს, სკოლაში არ დადის, არც არასოდეს უვლია. შემხვდა გუშინ, ბურახის აპარატთან იდგა, ვიღაც ბავშვებთან ერთად, იმ ბავშვებს ჰქონდათ ბურახის ფული, ამას არა და არ უსხამდნენ 30 თეთრიან ბურახს უფულოდ, მთხოვა: – ერთი ჭიქა შეგიძლია მიყიდოო? ათასი მადლობა მითხრა. მომიბოდიშა კიდეც, გიცანი და იმიტომ გთხოვე, თორემ, ისე არ გთხოვდიო.

ვერ გადავწყვიტე, ვერ მივხვდი რა ვქნა, რა სჯობს მისთვის, იყოს იმ ოჯახში, სადაც უნდა ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ თავის სარჩენად პატარაობიდან მათხოვრობა უწევს, თუ სახელმწიფოს ვთხოვო და უპატრონო სახლში გადავაყვანინო, სადაც, იქნებ რამე ხელობა მაინც ასწავლონ…
ვერ გადავწყვიტე, რადგან არ მიყვარს ისე, როგორც საჭიროა, თორემ, რომ მიყვარდეს, როგორ დავტოვებდი ქუჩაში, პატარა ხელით ჩაბღუჯული ერთი ჭიქა ბურახით?

არ შეგვიძლია ჩვენ სიყვარული, თორემ, რას გაბედავს სახელმწიფო, პატარა ბავშვები აშიმშილოს და ამათხოვროს, რას გაბედავდა სახელმწიფო, რომ უპატრონო ბავშვთა სახლების ეშინოდეს ბავშვებს…

არ შეგვიძლია ჩვენ საკუთარი თავის სიყვარული, თორემ, რა დროს პოლიტიკა და პარტიებია, რა დროს დაპირისპირება და ბანაკებია, რა დროს პრემიები და დანამატებია – ვცოტავდებით, ყველა დილით და საღამოს ვცოტავდებით, ვინც ვრჩებით, მათ მიწა აღარ გვადარდებს ჩვენი, ხალხი აღარ გვადარდებს, მხოლოდ საკუთარი სახლი და საკუთარი ჭერი, მხოლოდ მანქანა და ფული, მხოლოდ კანჭი და ტუჩი…

არადა, მე რომ სიყვარული შემეძლოს, ჩვენ რომ სიყვარული შეგვეძლოს – წარმოდგენაც კი მიჭირს, რამხელა ძალა ვიქნებოდით, რამდენი ვიქნებოდით, რა კარგად ვიქნებოდით…



მეტის ნახვა
8-07-2018, 11:00