გურჯაანის  მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ახაშენში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, მოასფალტდება 881 მეტრი სიგრძის გზა და მოეწყობა სანიაღვრე არხი. გზის მოასფალტების სამუშაოების დაწყებამდე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია და ააიპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი" წყლის ქსელს აწესრიგებენ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ კარდენახში, ე.წ. ტეტელოანთ უბნის მოსახლეობას მერის წარმომადგენელთან და დეპუტატთან ერთად შეხვდა. კარდენახელებმა ძირითად გადასაჭრელ საკითხად გზა დაასახელეს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერიაში ტრადიციულ ყოველკვირეულ თათბირს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შიოლაშვილთან ერთად უძღვებოდა. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები, პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და სოფლებში მერის წარმომადგენლები.
ირაკლი შიოლაშვილმა და ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოისმინეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე და შეხვედრის მონაწილეებთან ერთად მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ალოობის პროცესს. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში თავთავიანი კულტურის აღების პროცესი დასასრულს უახლოვდება და უხვმოსავლიანობით არც მიმდინარე წელია გამონაკლისი. თათბირზე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც განიხილეს და მუნიციპალიტეტისთვის მათ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სიღნაღის მუნიციპალიტეში

ამინდის გაუარესებისა და სტიქიის გამო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში — ანაგაში, ვაქირსა და მაშნაარში შიდასაუბნო და სავარგულებთან მისასვლელი გზები დაზიანდა. სოფელ ანაგასა და ვაქირში დაზიანებულია წყალსადენი მაგისტრალი, სავარგულებთან მისასვლელი და შიდასაუბნო გზები, დაზიანებულია ელექტროსადენების ბოძები. სოფელ ილიაწმინდაში მოვარდნილმა წყალმა დატბორა სახლები.

ვითარება ადგილზე შეისწავლეს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ილია ხატიაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად. სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ყველა შესაბამისი სამსახური ჩართული, მიმდინარეობს ზარალის შესწავლა. ამ დროისთვის სოფელ ანაგასა და ვაქირში გზების გასაწმენდად ტექნიკა მუშაობს.

სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ხევების პრობლემა საჭიროებს სისტემურ მიდგომას.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების და შექმნილი ვითარების ადგილზე გასაცნობად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის წევრი ირაკლი შიოლაშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი იმყოფებოდნენ


დუშეთის მუნიციპალიტეტში

სტიქია დუშეთის მუნიციპალიტეტში: უხვმა ნალექმა და მოვარდნილმა მეწყერმა რამდენიმე სოფელთან მისასვლელი გზა დააზიანა. სტიქიის ეპიცენტრს წარმოადგენდა ბოსლის ხეობა სოფ. ჩოხში, სადაც ინტენსიური წვიმის შედეგად კალაპოტიდან გადმოვიდა შავი არაგვი და დატბორა მიმდებარე ტერიტორიები.

ამ ეტაპზე, ადგილობრივი წარმომადგენლობის ძალისხმევით სოფლებთან მისასვლელი დროებითი გზა უკვე აღდგენილია. მუშაობს სტიქიის შემსწავლელი კომისია, რომელიც უმოკლეს ვადებში დაადგენს ზარალის ოდენობას.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული — გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა პასუხისმგებელი პირები.
მობილიზებულია ტექნიკა, მიმდინარეობს დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის ადღგენითი სამუშაოები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტში დასრულდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს რუხის ინოვაციების ცენტრის მშენებლობა. რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მდებარე ცენტრი მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნება.
ცენტრი აღიჭურვება ყველა იმ სერვისით, რომლებსაც თბილისისა და ზუგდიდის ტექნოპარკები სთავაზობენ მომხმარებელს. ცენტრის მეშვეობით ადგილობრივ ახალგაზრდებს, კერძო კომპანიებსა თუ მოსახლეობას მიეცემათ შესაძლებლობა, გამოიყენონ აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის, მიიღონ ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. სოფელ ფიჩხიბოგირში ჩასულმა ჯონდო მდივნიშვილმა უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინა, თუ რა აწუხებთ მათ. ადგილობრივები ძირითად პრობლემად სასმელ წყალს და მოსაწესრიგებელ სატრანსპორტო გზას ასახელებენ. მერი ფიჩხიბოგირელებს კომპეტენციის ფარგლებში დახმარებასა და პრობლემების გადაჭრას დაჰპირდა.

ჯონდო მდივნიშვილმა ვაშლოვნის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. გზის აღდგენის მეორე ეტაპი დასასრულს უახლოვდება და სულ მალე ამ ქუჩის მცხოვრებლებს კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურა ექნებათ.

მარტვილის მუნიციპალიტეტში

ქალაქ მარტვილში წერეთლის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტი ასევე მოიცავს თამარ მეფის, ოქტომბრის, ნ. გეგიას, შეროზიას, დადიანისა და კალინინის ქუჩების რეაბილიტაციას. ჯამში დაიგება 3 500 მეტრი ასფალტბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება, 607 995 ლარს შეადგენს მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა გაეცნო.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი კახა შელია ფონდ "აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ის სერვისები, რომლებსაც მოიცავს პროექტი "რეგიონში დაბრუნებული მიგრანტებისთვის ეფექტიანი მხარდაჭერის გარემოს შექმნა".

პროექტის მიზანია სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების ისეთი სერვისებით უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს მათს გრძელვადიან და მდგრად რეინტეგრაციას, ჯანმრთელობის პრობლემების გადაჭრის, შემოსავლების გაჩენისა და რეინტეგრაციის მდგრადი საფუძვლის შექმნას.

"აფხაზინტერკონტმა“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მიგრანტთა მხარდამჭერი პროექტის განხორციელება 2018 წლის მაისიდან დაიწყო.

ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის  მერიაში

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მიმდინარეობს ტროტუარების კეთილმოწყობა ბაზალტის ბორდიურებით, გადასასვლელებზე იგება რკინაბეტონის საფარი, მონტაჟდება გარე განათების ბოძები. სამუშაო პროცესს გაეცნენ ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილე ირაკლი თოფური. ფარნავაზ მეფის ქუჩის ტროტუარების რეაბილიტაცია ცოტნე დადიანის მოედნამდე გაგრძელდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში

20 ივლისის საღამოს სოფელ დისველში მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად საკარმიდამო ნაკვეთები დაზიანდა. სტიქიამ, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა, ადგილობრივების რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი მსუბუქად დააზიანა, ხოლო მერაბ ქედელიძის სახლს სახურავი მთლიანად გადახადა.

მეორე დღესვე სტიქიის ადგილზე ვითარების შესასწავლად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად იმყოფებოდა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფელი მთლიანად დაათვალიერეს და დაზარალებულ ოჯახებს დახმარება აღუთქვეს.

მერაბ ქედელიძემ უკვე გამოიძახა კერძო აუდიტი, რომელიც ზარალს შეაფასებს და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულს დახმარებას აღმოუჩენს.

დმანისის  მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ევროკავშირის პროექტი — "წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად". პროექტი, რომელსაც ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებში CENN ახორციელებს, ითვალისწინებს Wash ტექნიკურ შეფასებებს. პროექტის ფარგლებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის მდგომარეობა ფასდება მუნიციპალიტეტის სკოლებში, ბაღებში, თავშესაფრებსა და ამბულატორიებში.

წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების შემდეგ მუშაობა ამჯერად დმანისის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
ტექნიკური შეფასების შემდგომ დამოუკიდებელი ექსპერტი ანგარიშში წარადგენს როგორც ობიექტზე არსებულ ვითარებას, ისე რეკომენდაციებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც სოფელ თამარისში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, გადარჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით შემუშავებული პროექტების განხილვას, აგრეთვე თამარისის ისტორიულ ცენტრში გამავალ ქუჩაზე ტრაუბენბერგის სახელის დარქმევის საკითხს მიეძღვნა.

შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის ისტორიულ ნაწილში, გერმანელი პარტნიორების დახმარებით, გერმანული საცხოვრებელი სახლის შესყიდვას, რომელიც შეიძენს საზოგადოებრივ ფუნქციას და სასარგებლო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.


მეტის ნახვა
25-07-2018, 20:30