"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს ნახშირის მოპოვების ლიცენზიას და ახორციელებს ქვანახშირის მოპოვება – გამამდიდრებელ სამუშაოებს.

ჩვენი უმთავრესი ღირებულებაა მომავალზე ზრუნვასთან ერთად გავუფრთხილდეთ ქვეყნის წარსულს, კულტურული მემკვიდრეობის მხარდამჭერი პროგრამების სახით. ჩვენი თანამშრომლები კომპანიის უმთავრესი კაპიტალია. ადამიანი _ მისი ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი, ოჯახის სტაბილურობა, პროფესიული ზრდა, ეფექტიანობა და ქვეყნისათვის, კომპანიისადმი ერთგულება პრიორიტეტია, რაზეც ვაგებთ ჩვენი კომპანიის განვითარების სტრატეგიას", _ განაცხადა `საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ხელმძღვანელმა დავით ბეჟუაშვილმა.

ეს განცხადება გამოწვლილვით რომ განვიხილოთ, დარწმუნდებით, რომ ყოველი სიტყვა ბლეფია, ტყუილი და აი, ეს ტყუილები ღირს მილიონები, ხოლო კაპიკები ქართველი მეშახტის სიცოცხლე, რომელიც ლუკმა-პურისთვის კილომეტრების სიღრმეში შრომობს და ვიღაცისთვის იქიდან, როგორც ხშირად უწოდებენ, ქვანხშირი ამოაქვს.

ორი კვირის წინ, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას 4 მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბოლო ხანებში ორ ათეულზე მეტი მეშახტეა გარდაცვლილი ქვანახშირის მოპოვებისას.
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" განცხადებით, ბოლოდროინდელი ტრაგიკული შემთხვევა ოპტიმალური საინჟინრო გადაწყვეტის არარსებობამ გამოიწვია.

იხოცება ხალხი, ხოლო გარდაცვალების მიზეზები ისევ მიცვალებულს ბრალდება _ მან ვერ დაიცვა უსაფრთხოების ზომებიო. გარდაცვალების ფაქტებზე გამოძიება მხოლოდ და მხოლოდ ამ დასკვნით მთავრდება და კიდევ მიცვალებულის ოჯახისთვის უმნიშვნელო კომპენსაციით.
კომპანია დავით ბეჟუაშვილის ხელში 2007 წელს გადავიდა. მაშინ ის ჯერ კიდევ "ნაცმოძრაობის" წევრი იყო.
ბეჟუაშვილი ქართული პოლიტიკისა და ბიზნესელიტის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი წარმომადგენელია, რომელიც იშვიათად ჩნდება პრესის ფურცლებზე და ერიდება ტელეეკრანებზე გამოჩენას.

მას ფესვები მხოლოდ საქართველოში კი არა, რუსეთსა და უკრაინაშიც აქვს გადგმული. ბეჟუაშვილისთვის უცხო არც ორმაგი თამაშია, მას ურთიერთობის დალაგება ყველა პოლიტიკურ ძალასთან შეუძლია. იგი თავის დროზე შევარდნაძის „მოქკავშირის“ წევრი ყოფილა. 1999 წელს, პარლამენტში, სწორედ ამ პარტიის სიით შესულა, მერე გუნდრუკს „ნაციონალურ მოძრაობას“ უკმევდა, დღეს კი, თურმე, „ოცნების“ მზეს იფიცებს, თუმცა, ამბობენ, რომ ისევ პირწავარდნილი „მიშისტია“ და არამცთუ სააკაშვილის დავალებებს ასრულებს, მის პოლიტიკურ გუნდსაც აფინანსებს, უკრაინაშიც დადის და ფარულად საქართველოს მესამე პრეზიდენტსაც ხვდება. სხვათა შორის, არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ იმ დროს, როცა სააკაშვილი ოდესის გუბერნატორი იყო, დავით ბეჟუაშვილი, რომლის პოლიტიკური „კლიჩკაც“ „გაზავიკი“ ყოფილა, ოდესის პორტის ყიდვას მიშას დახმარებით აპირებდა თურმე…

ნაციონალების მმართველობის დროს დავით ბეჟუაშვილის პერსონა ე.წ. შავ საქმეებში ხშირად ფიგურირებდა, კერძოდ, უკანონო ქმედებებსა და ქონების წართმევაში მას ბრალს არაერთი ბიზნესმენი სდებდა.

მაგალითად, „საქცემენტი“, რომლის დიდი ნაწილი დავით ბეჟუაშვილმა დავით მხეიძეს „დააწერა“, ასევე „ავტოგაზი“, რომლის ერთ-ერთი აქციონერიც, კალანდაძე, იგივე "რიჟა" 2007 წელს უკანონოდ დააკავეს, მოგვიანებით კი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა და როგორც ამ საქმეში გათვითცნობიერებული ადამიანები მეუბნებიან, სწორედ ბიზნესის გადანაწილების საკითხს შეეწირა.

დავით ბეჟუაშვილს ქონების მითვისება-წართმევაში სხვაც ბევრი ედავება, რომლებიც ბეჟუაშვილის მიერ მიტაცებული საკუთრების დაბრუნებას და სამართლიანობის აღდგენას 2012 წლის შემდეგ უშედეგოდ ელიან.

ამასობაში დავით ბეჟუაშვილმა ზურგი აქცია „ნაცმოძრაობას“ და როგორც ამბობენ, მფარველების მონახვა „ოცნებაშიც“ მოახერხა. 
ქართული ქვანახშირი მართლაც ოქროს საბადო იყო მადააღძრული "ნაცმოძრაობის" ლიდერებისთვის და ამის ხელიდან გაშვებას, როგორც ჩანს, დღემდე არ აპირებენ. სააკაშვილი აკონტროლებს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" ფინანსებს უკრაინელების ხელითო, ამბობენ ასევე საქმეში ჩახედული პირები.
არაერთხელ ითქვა, რომ კეზერაშვილთან ერთად ძმები დავით და გელა ბეჟუაშვილები `ნაცმოძრაობის~ დამფინანსებლები იყვნენ და ფარულად დღემდე მათ მთავარ ფინანსურ წყაროდ რჩებიან.

რამდენიმე წლის წინ იმაზეც საუბრობდნენ, რომ საქართველოდან თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტს სწორედ ბეჟუაშვილის კუთვნილი კომპანია ახორციელებდა.

2014 წლის 3 ნოემბრიდან სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იმპორტიორად დაარეგისტრირა.
იმავე წელს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ გამოცხადებულ აუქციონზე გამარჯვებულად,, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ - ,, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანია გამოცხადდა.
აქედან გამომდინარე, მაგალითად, 300 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის გატარების საფასურად, კომპანიას 1 ცენტიც რომ დარჩეს, 1 წლის განმავლობაში, ეს, დაახლოებით, 25 000 000 აშშ დოლარი გამოდის. 

რაც შეეხება თვით ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ხელმძღვანელის დავით ბეჟუაშვილის ქონებას, არაოფიციალური მონაცემებით, ბეჟუაშვილის ქონების საერთო ღირებულება 1 მილიარდ დოლარს აღწევს.

როგორც ზემოთაც მოგახსნენეთ, დავით ბეჟუაშვილის აღზევება ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდიდან, კერძოდ, 1998 წლიდან დაიწყო, როცა ძალიან იაფად და იოლად დაეუფლა სახელმწიფო კომპანია „საქტრანსგაზმრეწვის“ რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარად შეფასებულ ქონებას. მათ შორის, გაზის გამანაწილებელ ქსელსა და მილსადენს, რომლითაც რუსეთიდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება საქართველოსა და სომხეთში ხორციელდებოდა. თუმცა, "საქტრანსგაზმრეწვი" ბეჟუაშვილმა ხელში მიხეილ სააკაშვილის მფარველობის შედეგად ჩაიგდო. მაშინ სააკაშვილი ფრაქცია,, მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარე იყო.

დღემდე ბეჟუაშვილის სახელთან ასოცირდება ჰოლდინგი,, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, რომელიც ათამდე თბო და ჰიდროელექტროსადგურს, ასევე, „საქნახშირს“, "ქუთაისის ავტომექანიკურ ქარხანას“, ,,ქართული ლუდის კომპანიას“ და უძრავი ქონების კომპანია,, ტიფლის სითის“ აერთიანებს. ბეჟუაშვილი სერიოზულ წილს ფლობს საქართველოს ცემენტის, კირის, ღორღის, მშენებლობის, უძრავი ქონების, ტურიზმისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესებში. ამასთან მის სახელთანაა დაკავშირებული კომპანია „გლობალტრანსი“, რომელმაც ბოლო წლებში ასეულობით მილიონი ლარის ოდენობის სახელმწიფო ტენდერი მოიგო.

ახლა კვლავ მივუბრუნდეთ წერილის დასაწყისში მოცემულ "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ, თურმე, ბოლოდროინდელი ტრაგიკული შემთხვევა ოპტიმალური საინჟინრო გადაწყვეტის არარსებობამ გამოიწვია.

ამხელა ქონების პატრონ ბეჟუაშვილს აუღელვებლად რომ სძინავს მილიონიან აპარტამენტებში, იმას რატომ არ ფიქრობს, რომ ერთხელ მაინც შეამოწმებინოს ვინმეს სწორი სანჟინრო გადაწყვეტით შენდება თუ არა შახტები, რომ იქ გაჭირვებულების სისხლი და ხორცი არ დაინთხეს და ქვანახშირით გამურული აკანკალებული ხელით მუშამ ცივი მჭადი სასიკვდილო შახტში ჩასვლამდე უკანასკენლად არ ჭამოს.

ახლა იმ ვითომდა პოპულისტურ გამონათქვამს, რომ არ გამოვეკიდო, ქართველებს ოკუპირებულ საზღვრებზე ხოცავენ, საზღვარგარეთ კლავენ, ციხეებში რამდენი დაიხოცა, კიბო საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა, ქართველები ემოციური ხალხი ვართ და ნერვიულობისგან უამრავი ჩვენი თანამემამულე კვდება, რა გინდა ბეჟუაშვილო, ქართველების ამოწყვეტაში წვლილი შენც გინდა შეიტანო? ასე თითო-ოროლობით გინდა შახტის ჯურღმულებიდან სისხლიან გვამებთან ერთად საკუთარი კეთილდღეობა ამოიტანო?

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად კომპანია “საქნახშირი” უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. _ ნათქვამია "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" ბოლოდროინდელ განცხადებაში.
როგორც ჩანს, მადლობა ღმერთს და ვიღაცას, იქ, "ზემოთ", გულში ან თვალში მოხვდა, ვითომ ყოფილი, სინამდვილეში ახლაც გულით ნაციონალი ბეჟუაშვილების თვითნებობა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება. იკადრა ბეჟუაშვილმა და კომპანიის დათმობა გადაწყვიტა, მაგრამ ეს როდის, როცა ურემი უკვე კარგა ხნის გადაბრუნებულია?

ახლა ბეჟუაშვილი აპირებს, რომ სახელწმიფოს აჰკიდოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და მართლმსაჯულებას ხელიდან, როგორც ადრე, ახლაც დაუსხლტეს?

არადა, ბატონი დავითი, თურმე დღემდე უკრაინელი ინვესტორების ზურგს ეფარება და თუ საჭირო გახდა, ჯოხის გადატეხვას მათზეც მოინდომებს.
რას ვიზამთ? ესაა კარგი მაგალითი, ფულმა და ძალაუფლებამ როგორ დააბრმავა ადამიანი ისე, რომ სხვისი სიცოცხლე ჩალის ფასადაც აღარ უღირს.
სამაგიეროდ, ჩვენთვისაა ძვირფასი მეშახტეების სიცოცხლე.

ამიტომ, დღევანდელმა ხელისუფლებამ `ნაცმოძრაობის~ ნარჩენებს, ხალხის ძარცვით მუცლებზე ქონებმოდებულ ბობოლებს დანაშაული არ უნდა შეარჩინოს და თავი უნდა უკრას "ვირის აბანოში".

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
7-08-2018, 16:45


კეშას ბლოგი

იჯიგრა „გირჩმა“ და მარიხუანას მოწევის ლეგალიზება მაინც დაამტკიცებინა საკონსიტუციო სასამართლოს.
ჩვენ ხომ უცნაურობების ქვეყანა ვართ, მარიხუანას მოწევა აღარ იქნება დასჯადი, მაგრამ მოყვანა-რეალიზაციის შესახებ კანონში ცვლილებები არ შესულა. არც რეგულაციები დამტკიცებულა ახალი.

პარლამენტმა _ რეგულაციები გამკაცრდება და ამაზე შემოდგომაზე ვიმსჯელებთო.
რატომ შემოდგომაზე? _ თუ ასეთი საშიშია მარიხუანის მოხმარება, მოიწვიეთ რიგგარეშე სხდომები და არ გადადოთ რეგულაციების დამტკიცება.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბევრი მომხრეც ჰყავს და მოწინააღმდეგეც.
მოწინააღმდეგეები ამბობენ, მიჩვევის თვალსაზრისით, მეხუთე ადგილზეა მარიხუანა ნარკოტიკებს შორის. მისი ბოლი არათუ მწეველთათვის, არამწეველთათვისაც საზიანოა და უამრავ დაავადებას იწვევსო.

მომხრეებმა _ რა გინდათ, მაშინ სიგარეტიც და ღვინოც ავკრძალოთ, მარილიც და შაქარიც ამოვიღოთ მოხმარებიდან _ ეგაც ხომ მავნებელიაო. არა, ახლა, ჩვენ კი არ ვეწევით, არც გაგვისინჯავს, იმიტომ, რომ ვიცით, საზიანოა ადამიანისთვის, მაგრამოო, მაგრამ სხვისი შვილი ვის ადარდებსო, სხვისი ძმის ფილტვი ვის აინტერესებსო, სხვისი მამის სიკვდილი ვის დააკლდებაო?

პლანი მოიპარეს ამას წინათ ეზოდან პლეხანოვზე, მთელი ეზო იგინებოდა და ასე ეძებდა ქურდს იმავე ეზოში. რამდენიმე დღის წინ ველოსიპედი და სამშენებლო იარაღები მოიპარეს, მაგრამ ვის ახსოვს. აი, პლანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი კი უსაზღვროა.
თქვენ ამბობთ, რომ არ იწვევს მარიხუანა მოჩვევას. თქვენ ამბობთ, რომ მისი მოწევა არ არის საზიანო სასუნთქი გზებისთვის, ნერვიული სისტემისთვის.
თქვენ ამბობთ, რომ საქართველოში რეგულაციები მარიხუანაზე დაცული იქნება და 21 წლამდე პირები მას არ მოწევენ.

და ბოლოს, თქვენ ამბობთ, რომ „გირჩს“ უკეთესი ადვოკატი ჰყავს, ვიდრე სახელწმიფოს? „გირჩმა“ მეტი მტკიცებულება წარმოადგინა, ვიდრე სახელწმიფომ? ოი, ოი, ეს ცუდი საკონსტიუციო სასამართლო, როგორ დაუჯერა „გირჩს“, როგორ წავიდა სახელმწიფოს წინააღმდეგ _ ვინ ჭამს მაგას? 
რაო, სახელმწიფოს წარმომადგენელმა გაიხსენა სასამართლოზე სულ ცოტა ხნის წინ სასამართლოზე მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ცოლი, ქმარი და დედამთლი რომ ცუდად გახდნენ და სასწრაფო დახმარება დასჭირდათ? ორი წლის ბავშვი რომ უყურებდა გალეშილი ოჯახის წევრებს და ბოლს ისუნთქავდა, ორი წლის ბავშვი რომ დატოვეს უპატრონოდ _ ეგ ფაქტი წარმოადგინა მტკიცებულებად?

სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა სახელწმიფომ _ დანაშაულთა ორი პროცენტია ჩადენილი მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანისგან? _ არა, ხო?

შევახოცოთ ხელი საკონსტიტუციო სასამართლოს, რა გვენაღვლება.

სირცხვილია, მთელი პარლამენტი და მთავრობა დარწმუნებული იყოს, რომ მარიხუანა მავნებელია ადამიანისთვის და მტკიცებულება ვერ წამოუდგინოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ვერ დააჯეროს სასამართლო, „გირჩს“ მოაგებინოს პროცესები. არ თქვათ, ახლა, „გირჩმა“ სასამართლო მოისყიდაო.
ეს საქმე ხორავას საქმეს მახსენებს, მაშინაც იუსტიციის მინისტრმა ბრძანა, სასამართლომ არ გაითვალისწინა პროკურატურის მტკიცებულებებიო, მაგრამ მალევე აღმოჩნდა, რომ არ ჰქონდა პროკურატურას მტკიცებულებები და რას გაითვცალისწინებდა სასამართლო, რაც არ იყო?

ვინმეს თუ ჰგონია, გირჩმა სახელმწიფოს მოუგო, მწარედ სცდება _ ეს სახელმწიფომ მოუგო სახელმწიფოს. ეს სახელმწიფო დამარცხდა სახელმწიფოსთან.
ჩვენ ის ხალხი ვართ, ლეღვის ნახარშისგან რომ ვიფუფქებით და მაინც ვისმევთ სხეულზე ლეღვის ნახარშს.

ჩვენ ის ხალხი ვართ ფსიქოტროპული აფთიაქის წინ უწვერ-ულვაშო ბიჭებს რომ ვხედავთ წამლებით ხელში და მშვიდად ვუვლით გვერდს.
ჩვენ ის ხალხი ვართ, დემოგრაფიული მდგომარეობა რომ გადაშენებას გვიქადის.
ჩვენ ის ხალხი ვართ, რომლის საცხოვრებელი ადგილიც აღარ დარჩება მალე ქვეყანაში.
და დავბოლდეთ, რატო არა?

დავბოლდეთ, ჩვენ ხომ გვშია და გვწყურია, ჩვენ ხომ გვცივა და გვცხელა _ დავბოლდეთ, დარდი გადავიყაროთ გულიდან.
საკონსტიტუციო სასამართლოს და „გირჩს“ იმაზე თუ უფიქრიათ, ნეტა, დაბოლილებს რომ „კიშკა“ გაეხსნებათ, რა უნდა აჭამონ? სად უნდა იშოვნონ მშიერ ქვეყანაში ამდენი დაბოლილისთვის „კიშკა“.

მე არ ვბოლდები, მაგრამ ვისაც უნდა დაბოლება, არ ავუკრძალოთ.
მე არ ვქურდობ, მაგრამ ვისაც უნდა იქურდოს და წაართვას მდიდარს, აკი, ადრე ასე იყო, აკი, არსენა ყველას უყვარდა, აკი, ბევრად ადრე, როცა თემებად ვცხოვრობდით, მდიდარი და ღარიბი არ არსებობდა _ ყველაფერი საერთო იყო.
მე არა ვარ მკვლელი, მაგრამ ვისაც უნდა _ მოკლას! აკი, ადრე ასე იყო, სკალპს აცლიდნენ, ხვრეტდნენ, კლავდნენ, ჭამდნენ.
იესო ისმევდა კანაფის ზეთს, ანუ იესოც მოიხმარდა მარიხუანასო!

ჯერ იმდენჯერ ილოცეთ, რამდენჯერაც იესო, ჯერ გოლგოთას გზა გაიარეთ, მთელი კაცობრიობის ცოდვას არ გთხოვთ, ახლობლების ცოდვები იტვირთეთ, საკუთარ ცოდვებზე იყავით პასუხისმგებელნი და მერე კი ბატონო, წაისვით კანაფის ზეთი ტანზე, თუ კანაფის ზეთსა და კანაფის მოწევას შორის სხვაობას ვერ ხედავთ.

სიცილად არ მყოფნის ხალხი, რომლებიც გვაბოლებენ, რომ აი, არ გაუსინჯავთ, მაგრამ იციან, რომ შეიძლება ადამიანებმა მოწიონ.
გაუსინჯავთ კი არა, ისე აქვთ მონაწევი, როგორც დაგიბარებია, მაგრამ ტიპობენ, თამაშობენ, თავს გვაჩვენებენ.
მე გავსინჯე ცოტა ხნის წინ, ავდექი და გავსინჯე და არ მომეწონა, საკუთარ თავში აღმოჩენილი ცვლილებები არ მომეწონა, მოჩვენებითი თავისუფლება და რეალობის კარგვა არ მომეწონა.

გავსინჯე და გეუბნებით, მარიხუანა ნარკოტიკია, მარიხუანა სახიფათოა, მარიხუანა ვერც ღვინით თრობასთან მივა და ვერც კონიაკით ბახუსთან _ საერთოც კი არაფერი აქვთ.

ასე რომ, არ გვინდა ბაიათები, არ გვინდა შეთქმულების ისტორიები, რეალობა ესაა _ სახელმწიფომ გაგვყიდა, საკონსტიტუციო სასამართლომ ბეჭედი დაასვა და „გირჩი“ უბრალოდ, შემსრულებელია, ქილერია.

ხოდა, დავბოლდეთ, დავბოლდეთ, და მერე „კიშკა“ მოვითხოვოთ. აბა, ერთი არ მოუციათ.

მეტის ნახვა
7-08-2018, 07:30