საქართველო დიდი ხანია უსმენს ლევან ვასაძეს, უსმენს და გული იმედით ევსება, რომ ეს კაცი ლაპარაკიდან სულ მალე საქმეზე გადავა და მის ბედკრულ სამშობლოს უშველის, მაგრამ ამაოა ჩვენი მოლოდინი – ვასაძე ისევ ლაპარაკობს და ლაპარაკობს, ლაპარაკობს და ლაპარაკობს, ლაპარაკიდან კი საქმეზე გადასვლას ჯერჯერობით არ ჩქარობს.

ლაპარაკი საქმის ნაცვლად _ ასეც შეიძლება დავარქვათ ვასაძის მიერ მოღვაწეობისთვის არჩეულ სტილს.

არა, სულ კი არ ლაპარაკობს, ხანდახანს თავის ლექსებსაც გვიკითხავს ხოლმე, გვიკითხავს არტისტულად, ლამაზად, კარგად დაყენებული ხმით.
მხატვრული ღირებულების თვალსაზრისით, ლექსები საკმაოდ მდარე და დაბალი ხარისხისაა, სამაგიეროდ, პატრიოტულ-ჰეროიკული სულისკვეთებითაა გაჟღენთილი, აი, ისეთით, ურაპატრიოტიზმს რომ ვეძახით და იმ შეზარხოშებულ ქართველებს რომ მოსწონთ ძალიან, სუფრა ბრძოლის ველად რომ ეჩვენებათ და ყანწი ხმლად.

მოკლედ, როგორც პოეტი, დიდი ნიჭით ვერ გამოირჩევა ბატონი ლევანი, სამაგიეროდ, ლაპარაკშია ნიჭიერი და ისიც ლაპარაკობს და ლაპარაკობს, თან ისეთ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებზე და ისეთი დამაჯერებელი და საქმიანი ტონით, ხალხში პერიოდულად ხმა ვრცელდება, ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდისო.

ვასაძის ლაპარაკი იძლევა ამ ხმების გავრცელების საბაბს, ამ ლაპარაკის გამოა, ხან რომელიმე სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტს რომ "აბარებენ", ხან პრემიერ-მინისტრად "ნიშნავენ", ამ ბოლო დროს კი ისიც ითქვა, ლევან ვასაძე, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, პრეზიდენტობაზე იყრის კენჭსო, თუმცა ყველა ასეთ ჭორს ვასაძის კატეგორიული განცხადება მოსდევს ხოლმე – პოლიტიკაში არ ვერევი, პოლიტიკური ამბიციები არც არასდროს გამაჩნდა და არც ახლა გამაჩნიაო.

ასე ბრძანა ახლაც, გრიგოლიას "რეაქციაში" – მე პოლიტიკაში არ ვერევიო, თუმცა განცხადება, რომელიც მან ამ გადაცემაში გააკეთა, წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადებაა.

ვერ გეტყვით, რას ეძახის ლევან ვასაძე პოლიტიკას, მაგრამ ის, რასაც ბატონი ლევანი ლექსად თუ პროზად ამბობს, თავიდან ბოლომდე პოლიტიკაა.
საერთოდ, რაც კი ამ ქვეყანაზე კეთდება, პირდაპირ თუ ირიბად, ყველაფერი პოლიტიკისკენ მიდის, ყველაფერი პოლიტიკაში იყრის თავს.
თქვენ წარმოიდგინეთ, როცა ამბობ, პოლიტიკაში არ ვერევიო, ესეც პოლიტიკაა.

ლევან ვასაძე პოლიტიკოსია, ოღონდ პოლიტიკოსის ოფიციალური სტატუსის გარეშე, რაც ხშირად უფრო მომგებიანია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობა და პარტიული ტრიბუნიდან ლაპარაკი.

"მე მიმაჩნია, რომ რაც მალე ჩამოშორდება ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა, რაც მალე ჩამოშორდება "ქართულ ოცნებას", მით უკეთესი იქნება პირადად ბიძინა ივანიშვილისთვისაც, "ქართული ოცნებისთვისაც" და ჩვენი ქვეყნისთვისაც", – ბრძანებს პატივცემული ლევანი და იქვე აყოლებს: ეს არ არის პოლიტიკური განცხადებაო.

ეს თუ პოლიტიკური განცხადება არ არის, აბა სხვა რა არის?

რა არის და ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქის განცხადებაა, რომელსაც ისევე უყვარს თავისი სამშობლო, როგორც ბევრ ჩვენგანსო.
ხედავთ, თურმე რა ყოფილა? – რიგითი მოქალაქის განცხადება ყოფილა!

რიგითო მოქალაქევ, ბატონო ლევან, როცა ასეთ "რევოლუციურ" მოწოდებას აჟღერებთ და ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებთ, ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობის ტვირთი ჩამოიხსნას მხრებიდან, იქვე ისიც არ უნდა დაამატოთ, ვინ უნდა აიკიდოს ეს ტვირთი?

თქვენ ხომ, როგორც თავად ბრძანებთ, თქვენი სამშობლო ძალიან გიყვართ. ჰოდა, იმაზე ფიქრით და იმის ანალიზით არ უნდა შეიწუხოთ თავი, რა შეიძლება თქვენს საყვარელ სამშობლოში მოხდეს, ივანიშვილმა თქვენს რჩევას რომ დაუჯეროს, უცებ გადგეს განზე და ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობაზე საერთოდ უარი თქვას?

პატრიოტობის ან ანალიტიკური აზროვნების ხარისხით მე თქვენთან, აბა, რას მოვალ, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ვარაუდს მაინც გაგიმხელთ: დღესვე, დაუყოვნებლივ, მოუმზადებლად, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ბიძინა ივანიშვილის მიერ თქვენგან შემოთავაზებული ნაბიჯის გადადგმამ, შეიძლება ქვეყანაში უმართავი პროცესები გამოიწვიოს და დესტაბილიზაციის რეალური საფრთხე შექმნას.

გიფიქრიათ თქვენ ამაზე, პატივცემულო ლევან?

ალბათ, არ გიფიქრიათ და თუ არ გიფიქრიათ, მაშინ თქვენი დიდი პატრიოტობა და ქვეყნის გულწრფელი გულშემატკივრობა როგორ უნდა ვირწმუნოთ?
სიმართლე გითხრათ, არ მჯერა იმ ადამიანების პატრიოტობისა, თავიანთ ლოკალურ ბედნიერებაში, თავიანთ მიკროდიდებაში, თავიანთ ნარცისულ წარმოსახვებში შეყუჟულნი რაღაცნაირი ხაზგასმული თავმოწონებით რომ გეტყვიან, მე პოლიტიკაში არ ვერევიო.

თუ ქვეყანა თავზე გენგრევა, თუ ქვეყანა იქცევა, რას ჰქვია პოლიტიკაში არ ერევი და არაფერს არ აკეთებ იმისთვის, რომ ქვეყანას, რითაც შეგიძლია და როგორც შეგიძლია, კატასტროფა ააცილო თავიდან.

მარტო ბატონ ლევანს არ ვგულისხმობ, სხვაც ბევრი მინახავს ამ მუდმივი წეწვა-გლეჯვის რეჟიმში მყოფ ქვეყანაში, ვითომ დიდი რეჟისორია, დიდი პოეტია, დიდი მეცნიერია და გამომდინარე ამ თავისი "სიდიდიდან" თუ "სიდიადიდან", ქვეყნის ყოველდღიურ პრობლემებზე, მით უმეტეს, პოლიტიკაზე ფიქრით თავის შეწუხება და თავისი პოზიციის დაფიქსირება თავის დაკნინებად და დამცირებად მიაჩნია – ზის თავის ოლიმპოზე და იქიდან მშვიდად ადევნებს თვალს საბედისწერო მოვლენებს.

სინამდვილეში, დეზერტირობაა ეს, კონფორმიზმი და ეგოიზმია, რომელსაც ხშირად პატრიოტიზმის ნიღბით ნიღბავენ მავანნი და მავანნი.
სპეკულაცია პატრიოტიზმით, "მარიაჟობა" პატრიოტიზმით, კეკლუცობა და თავის მოწონება პატრიოტული თემებით ჩვენს საზოგადოებაში კარგად ფესვგადგმული ტენდენციაა, რომელიც სათავეს არცთუ ისე შორეული კომუნისტური ეპოქიდან იღებს და დამოუკიდებელ საქართველოშიც ისე გადმოგვყვა, როგორც სახადი.

ბიძინა ივანიშვილიც ისე რომ მოქცეულიყო, როგორც ლევან ვასაძე იქცევა და არ ვერევი მე პოლიტიკაშიო, რომ ეთქვა, "ნაცმოძრაობა" და მისი ბელადი ახლაც თავზე გვეყოლებოდნენ წამოსკუპებული.

ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, სწორედ ეგ არის ნამდვილი პატრიოტიზმი, ნამდვილი გმირობა, რისთვისაც, ვასაძის აზრით, ბატონ ბიძინას ორი ძეგლი ეკუთვნის – ერთი სააკაშვილის მოშორებისთვის, მეორე – ქვეყნის წინაშე გაწეული უამრავი ქველმოქმედებისთვის.
კი, მაგრამ ამ ორი ძერგლის ღირს ბიძინა ივანიშვილს რომ ურჩევთ წასვლას, რატომ იგივე არა ურჩიეთ საძეგლოდ საერთოდ უვარგის მარგველაშვილსაც, რომელმაც თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში უამრავი შეცდომა დაუშვა?

ხშირად ვაკრიტიკებდი მარგველაშვილსო, კი ამბობთ, მაგრამ კრიტიკა და საყვედური სხვაა – არაა შენი საქმე პრეზიდენტობა, ჩემო გიორგი და წადი სახლშიო, რატომ არ უთხარით?

თქვენი შვილის ნათლია და ბავშვობის მეგობარი რომ არის, იმიტომ ვერ გაიმეტეთ "ჩამოსალაბროანტებლად"? აკი, სამშობლოს გამო არავის და არაფერს დავერიდებიო?

ბატონ ლევანს აქვს თავისი ოლიმპო – კიკეთი.

აი, იქიდან გვმოძღვრავს, იქიდან გვიკითხავს განმანათლებლური და დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი ხასიათის ლექციებს.
ბატონი ლევანის საუბრებს რომ ვუსმენ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ადამიანმა ერის უგვირგვინო მეფის, ერის აღმზრდელის და პირუთვნელი მედიატორის ამპლუა აირჩია თავისი მისიის აღსასრულებლად.

ვასაძე ისე გველაპარაკება, თითქოს ილია ჭავჭავაძე ან მაჰათმა განდი იყოს.

კარგია ეს, მაგრამ როცა ილია ჭავჭავაძეობა ან მაჰათმა განდობა გინდა, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ შეიძლება შუბლში ტყვია გკრან.
აი, ეს ვარიანტი კი ბატონ ლევანს ხელს არ აძლევს და ალბათ ამიტომაც აუჩემებია, პოლიტიკაში არ ვერევიო.
კიკეთშივე არსებობს ვასაძის მიერ დაფუძნებული სკოლაც, სადაც ერთი ბავშვის აღზრდა-განათლება წელიწადში, რამდენადაც ვიცი, 10 000 ლარამდე ღირს, ანუ ეს არის სკოლა ძალიან მდიდარი ოჯახების შვილებისთვის.

ეს სკოლა სულაც რომ არ არსებობდეს, მდიდარი ოჯახები მაინც მისცემენ თავიანთ შვილებს სათანადო განათლებას.
არ სჯობდა, ეს სკოლა ღარიბი ოჯახების ნიჭიერი ბავშვებისთვის რომ დაგეარსებინათ, ბატონო ლევან?

ბიძინა ივანიშვილს თუ ორი ძეგლი უნდა დავუდგათ, თქვენ ერთს მაინც დაგიდგამდით, ეს სამადლო და მამულიშვილური საქმე რომ გაგეკეთებინათ,
აბა, მხოლოდ ლაპარაკში ჰაერის ძეგლს რომ არ დაგიდგამთ, ბატონო ლევან?

მეტის ნახვა
8-08-2018, 19:34


დასაწყისი „ს.გ." №28
უმადურთა მოდგმა

ვინ, როგორ და რატომ უღალატა ბიძინა ივანიშვილს?!

საქართველოში ერთი უცნაური ტენდენციაა დამკვიდრებული… უფრო სწორად, ეს ტენდენცია კი არა, შავი პიარის ნაყოფი უფრო გახლავთ, რაც საზოგადოების ნაწილზე დამანგრევლად მოქმედებს.  პრინციპში,მას თვით მოსახლეობის დაქვეითებული აზროვნებაც უწყობს ხელს.  თუ ბიძინა ივანიშვილზე სიმართლეს იტყვი და მადლიერებას გამოხატავ, ეგრევე წამოგესევიან და ეშაფოტზე შეგსვამენ — “ივანიშვილს “აპრავებ”, ბიჭოოო”! “ვინ დაგიკვეთა”! “რამდენს გიხდიან”!  სიმართლე გითხრათ, ამდროს მეცინება(თუმცა სასაცილო სულაც არა რის) და გულში ვფიქრობ: კი, მაგრამ რაში სჭირდება ივანიშვილს ჩემი “გაპრავება”? არც არაფერში… ასეთებს, ალბათ, ვერ ავუხსნი, რომ სიმართლეს ისევ უმადურთა სასარგებლოდ ვამბობ, რათა მათი მოდგმა ცოდვებისგან ვიხსნა.
ზოგიერთი მეტყვის, შენ ვინ უნდა იხსნა, ქრისტე ღმერთი ხომ არა ხარო არა, არც ქრისტე ღმერთი ვარ და არც მისი რომელიმე მოციქული, მაგრამ ვინაიდან ბევრი ვიცი,ბევრი მინახავს და ბევრი გამიგონია, იძულებული ვარ, ხან ვწერო, ხან — ვილაპარაკო და ბევრი ავაზაკი გამოვააშკარავო.

აი, სიმართლე კიდევ, როგორც ძველები ამბობენ, ჯანის, სულისა და გონების სისაღეა.  სხვათაშორის, ამ უმადურობის შემყურეს ჩემი პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას პერიოდი მახსენდება — მაშინაც ასე მკიცხავდნენ: “გამსახურდიას “აპრავებ”, ბიჭოოო”! არა, კაცო, რას “ვაპრავებ”, უბრალოდ გული მწყდება, ამდენი მოღალატე რომ აღმოაჩნდა და ამდენი ნაძირალა წაესია-მეთქი. იცით, ახლა რაზე მწყდება გული? იმაზე, რომ როცა გამსახურდიას “გაპრავებაზე” მელაპარაკებოდნენ, თითქოს თავს ვიმართლებდი,იმ დროს ტელერადიოკომიტეტში(დღევანდელ “საზოგადოებრივ მაუწყებელში) ვმუშაობდი და თითქოს ღვარად მოვარდნილ უბედურებას მაინც ანგარიშს ვუწევდი.  ზოგს ჰგონია, თენგიზ კიტოვანი ტყეში გავარდა, თენგიზ სიგუა ზღვაზე დაბანაკდა, ჯაბა იოსელიანმა ავტომატი ააკაკანა და მორჩა, ასე დაემხო ეროვნული ხელისუფლება.  არა,ამ ყველაფერს თან ახლდა შავი პიარი საქართველოდან რუსეთის მიმართულებით, სადაც მოღალატეებს ედუარდ შევარდნაძე ეგულებოდათ.  ასევე, შავი პიარი რუსეთიდან საქართველოსკენ.

მახსოვს, იმ დაძაბულ დღეებში როგორ ჩამოატარეს ტელერადიოკომიტეტის ყველა განყოფილებაში ბორის ელცინთან გასაგზავნი წერილი და როგორ მოგვთხოვეს ყველას ხელის მოწერა. 95-მა პროცენტმა მოაწერა, ის 95 პროცენტი დღეს ძალიან ყელყელაობს და ისევ ტელევიზორით გველაპარაკება პატრიოტიზმზე, პატიოსნებაზე, კორუფციასა და პროდასავლურ ღირებულებებზე.  წერილს ხელს აწერდნენ ჩვენი სასიქადულო ინტელიგენციის წევრები — მწერლები,მუსიკოსები, მხატვრები,მეცნიერები და ასე შემდეგ.  რუსეთში გასაგზავნ წერილში  ეწერა:

“ძვირფასო ბორის ნიკალაევიჩ, საქართველოში ზვიად გამსახურდიას თაოსნობით დამყარდა პროვინციული ფაშიზმი. 
გთხოვთ, დაგვეხმაროთ, რათა ჩვენთანაც დამყარდეს დემოკრატია”.

იქ კიდევ ბევრი რამე ეწერა, ლანძღავდნენ გამსახურდიას და აქებდნენ შევარდნაძეს.  სამწუხაროდ, მაშინ არც მობილურები გვქონდა და არც ქსეროქსები, რომ ამ წერილის ასლი ჩამეგდო ხელში და დღეს გამომექვეყნებინა. რაღაცას ანგარიშს ვუწევდი-მეთქი, გითხარით და იცით, რას ვგულისხმობ მიუხედავად იმისა, რომ არც წერილზე მომიწერია ხელი და არც ბილწთ შევკვრივარ ზავითა, წლების განმავლობაში მაინც მათ გვერდით ვიჯექი.  მადლობა ღმერთს, დღეს არც ავტომატის აკაკანება შეუძლია ვინმეს, არც ტყეში გავარდნა და არც თბილისის ზღვაზე დაბანაკება, მაგრამ დარჩა მეთოდი და სიტყვა, რაც ისევ ძველებურად მოქმედებს საზოგადოების ნაწილზე.  დიახ, მსოფლიო დონეზე დაიხვეწა ტექნოლოგიები, აჩქარდა დრო, არნახულ პიკს მიაღწია ინფორმაციის გავრცელების სისწრაფემ, დაიხვეწა ადამიანების აზროვნებაც, მაგრამ ამ მხრივ ქართულ ყოფას არაფერი ეშველა,  ბიძინა ივანიშვილსაც იგივე მეთოდებით ებრძვიან,როგორც ებრძოდნენ ზვიად გამსახურდიას.

ახლა გამოხტებიან ვიღაცები და დამამუნათებენ — ზვიადს და ბიძინას ერთმანეთს ადარებ, ბიჭოოო!  არა,არ ვადარებ, ის სხვა ეპოქა იყო, გამსახურდიამ სხვა გზა გაიარა და ხან იმასაცვ ფიქრობ, თავისმა ნამეტანმა პატიოსნებამ და მიამიტობამ დაღუპა.  ივანიშვილი მმართველთა სხვა კატეგორიას განეკუთვნება, სხვა დროში მოუწია მოღვაწეობა გამსახურდიას და ივანიშვილს.  თუმცა ამ ორ ადამიანს ნამდვილად აქვს საერთო—პირველმა კომუნისტური რეჟიმი ჩამოგვაშორა, მეორემ –კომუნისტებზე უარესი მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალური” ხროვა!

ჰო, ბინძურთა ბრძოლის მეთოდებზე მოგახსენებდით… აქ ერთ “საუკეთესო” მაგალითს მოგიტანთ: ბოლო ერთი წლის განმავლობაში ივანიშვილის ლანძღვაში ათენ-აღამებს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია – ბიძინას უწოდებს გაუნათლებელს , ხიხოს, ყაჩაღს და რაღას არა. ბევრჯერ ვიფიქრე, მისთვის პირადად მიმეწერა, მაგრამ თავი შევიკავე.  ახლა კი მინდა, შევახსენო: ცოტნე, შენ მაშინ ბავშვი იყავი და შეიძლება არ გახსოვს, როცა შევარდნაძის მომხრე ე. წ. ელიტარულმა საზოგადოებამ შუბლის ძარღვი ბოლომდე გაიწყვიტა, მამაშენსაც პროვინციელ ფაშისტს, ხიხოს და გაუნათლებელს ეძახდნენ, ხოლო ჩვენ, მის მომხრეებს — ასევე ხიხოებს, გაუნათლებლებს, სოფლელებს, სუნიანებს, აყროლებულებს!  სასაცილოა, არა?  თითქოს ზვიად გამსახურდიას გაუნათლებლობა არავის უნდა დაეჯერებინა, არც მისი ფაშისტობა და დიქტატორობა, მაგრამ მასამ, ბრბომ დაიჯერა.  მეტიც, იგივე ბრბომ იწამა, თითქოს პირველმა პრეზიდენტმა კახელებს შაჰ-აბასის ნაბიჭვრები უწოდა.  ცოტნე, მე არ ვიცი, ასეთი რა გეწყინა ივანიშვილისგან, ან საიდან დაასკვენი, რომ ის ხიხოა, მაგრამ ერთს აშკარად ვხედავ, შენ დგახარ იმ ბრბოს გვერდით, რომელმაც მამაშენს და შენს ოჯახს მოუღო ბოლო.  ვინ, ვინ და… შენ ყველაზე მეტად გამოსცადე საკუთარ თავზე სააკაშვილის რეჟიმის მსახვრალი ხელი!

მე, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, 1990-იან წლებში ვიყავი იქ, საიდანაც ძალიან კარგად ჩანდა საქართველოს მდგომარეობა, ძალიან კარგად ვხედავდი, ვინ რას აკეთებდა და ვინ რას ჩალიჩობდა ქვეყნის დასამხობად.  ასევე, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, 2011 წლიდან მოყოლებული (მანამდეც) ვდგავარ იქ, საიდანაც ძალიან კარგად ჩანს, ვინ რას აკეთებს, ვინ როგორ ცდილობს არა მხოლოდ ივანიშვილის, არამედ ქვეყნის დამხობას.  აი, ამიტომ “ვაპრავებ” კი არა, ვლაპარაკობ სიმართლეს და სანამ ცოცხალი ვარ, ვილაპარაკებ, რათა მტრებს აღარ მივცე საშუალება, გაიმეორონ 1990-იანი წლების მოვლენები!

უმადურობის მეორე სამაგალითო “ეგზემპლიარი” გახლავთ გუბაზ სანიკიძე.  არც ამ ადამიანის ხსენებას ვაპირებდი, სათქმელი არაერთხელ ვუთხარი პრესის საშუალებით, მაგრამ ამას წინებზე ისეთები ილაპარაკა დავით აქუბარდიას გადაცემაში, ახლაც პირი მაქვს დაღებული.  ისაო, ბიძინა ივანიშვილმა ბოლო ინტერვიუში ახლო აღმოსავლეთის პრობლემებზეც ისაუბრა, თურმე იქითაც ვერ ყოფილა საქმე კარგადო.  ჰმ… ბატონო ბიძინა, თქვენ რა იცით, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, ვინ გითხრათ, საიდან გაიგეთო?  ბოლოს და ბოლოს, ვინ მოგცათ უფლება, ჭკუა დაგვარიგოთო?  ამ ყოყლოჩინა ბუტაფორიის ბუყბუყს ფონად გასდევდა “აქუს” ქირქილი: ჰა, ჰა, ჰა… ჰი, ჰი, ჰი… ნწუ, ნწუ, ნწუ… შენ რა გითხარი, გუბაზ.

ვაი, მართლა შენ რა გითხარი, გუბაზ, “აქუ” რომ ქირქილებს, ჩემთვის გასაგებია — ამბობენ, ტელევიზიის ოფისს რომ აშენებდა, ბიძინამ ბლოკის ფული არ მისცაო, მაგრამ შენ ხომ დაგაფასა, შენ ხომ აგიღო და პარლამენტში დაგდო?  ჰო, დაგდო, დაიძინე, ოთხი წლის შემდეგ გაიღვიძე და რაკი მეორედ აღარ დაგდო, მტრად მოეკიდე.  მე რომ ივანიშვილის ადგილზე ვყოფილიყავი, 2012-შივე ამოგაწევინებდი ტოპრაკას კოალიციიდან იმის გამო, რაც მის ოჯახთან დაკავშირებით იკადრე, მაგრამ სულგრძელია ეს ადამიანი,გაპატია!

ვისაც არახსოვს, შევახსენებ: ბატონმა გუბაზმა, დაიგულა რა თავი ქუდში, ეგრევე დაუწყო “შპილკაობა” ივანიშვილს, დაურეკა ვიღაც თანამოაზრეს და სისულელეები და სიბინძურეები აფრქვია.  ჰო, ეს ვაჟბატონი იმავე ფარულ ჩანაწერში ამბობს, ხელისუფლებაში იმიტომ მოვდივარ, მილიონი დოლარი უნდა ვიშოვოო.  აშკარად ვერ იშოვა გუბაზმა მილიონი, არ მისცა ბიძინამ და აჰა, ახლა კვირაში ერთხელ “აქუს” კანტორაში იქარვებს დარდებს.

თქვენ რა იცით, ბატონო ბიძინა, რა ხდება ახლო აღმოსავლეთშიო? — ეკითხება ტელევიზორიდან სანიკიძე ივანიშვილს, წარმოგიდგენიათ? გეგონება, ბიძინას ან წიგნის ყიდვა უჭირს, ან ინტერნეტი არ აქვს, ან გაზეთს ვერ გადაშლის, ან კიდევ პოლიტოლოგებს ვერ დაელაპარაკება.  უი, თუმცა ამათი მტკიცებით ხომ ის ხიხო და გაუნათლებელია?  აქ ერთი კეისარი მახსენდება (მგონი ცეზარი იყო, გუბაზს ეცოდინება კარგად, მაინც ისტორიკოსია), როდესაც მას სენატის ერთ-ერთი წევრი გადაეკიდა, მიუბრუნდა და ჰკითხა: კი, მაგრამ ჩემგან რა გინდა, შენთვის ხომ სიკეთე არასოდეს გამიკეთებიაო?  აი, გუბაზ, გამოდი ახლა და თქვი, რატომ ელაპარაკები ტელევიზორიდან ივანიშვილს ასე ა გდებულად, ასე თავხედურად, იმიტომ, რომ ბევრი სიკეთე გაგიკეთა, ხომ? დიახ, ასეა, მან პარლამენტში დაგდო არა მხოლოდ შენ, არამედ შეტენა შენი “პადელნიკებიც”, რომელთა სახეები ქართველმა ხალხმა ვერც კი დაიმახსოვრა.  სახეები ჯანდაბას, გვარებსაც ვეღარ ვიხსენებთ.  კაცმა შანსი მოგცათ, ძმაო, ოთხიწელიწადი საკმარისი იყო იმისთვის, რომ თავი გამოგეჩინათ და შემდეგ საკუთარი ტრაკით შესულიყავით საკანონმდებლო ორგანოში, რა უნდა გაეკეთებინა მეტი ბიძინა ივანიშვილს?

ვინ მოგცათ უფლება, ქვეყანა ჭკუაზე დაარიგოთო — დაჟინებით კითხულობს “აქუს” ქირქილის ფონზე იგივე სანიკიძე და არც კი წითლდება.  რაია, ბიჭო, შენ კი გვარიგებ ჭკუაზე დღეგამოშვებით და რა, ივანიშვილს არ აქვს უფლება?  ჯერ ერთი, მე ასეთი მორიდებული ბიძინა ივანიშვილი არასდროს მინახავს და მეორეც — ტარანი ხომ თვლით არი?  გამოდით, აბა, ხომ ხართ მაგარი ბიჭები, გამოდით და მაჩვენეთ რამე თქვენი აშენებული, ან ერთი ხე დარგული, ან ერთი ადამიანი გადარჩენილი.  ვერ მაჩვენებთ, არ აგიშენებიათ და ამიტომ, არ დაგირგავთ და ამიტომ, არავინ გადაგირჩენიათ და ამიტომ…დიახ, ამიტომ, ამიტომ და ამიტომ!
ტელევიზორში ყბედობის მეტი არაფერი გაგიკეთებიათ, თითი თითზე არ დაგიკარებიათ, პარლამენტში კი გეძინათ!

დაუშვა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა შეცდომები? რა საკვირველია, დაუშვა და მის პირველ შეცდომად ვთვლი გიორგი მარგველაშვილს.  დღემდე საზოგადოებამ ზუსტად არ იცის, როგორ და რა ვითარებაში მოხდა ამ ადამიანის გაპრეზიდენტება, როგორ მოხდა შეთავაზება, ვისი იდეა იყო და რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს.  სხვათა შორის, როგორც გია ხუხაშვილმა მითხრა, თავიდან მარგველაშვილი წინააღმდეგი იყო, მაგრამ ერთ კვირაში დაითანხმეს.  სხვა ინფორმაციით, ეს იყო ამერიკის საელჩოს შეთავაზება.  ყოველ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი დიდ იმედებს ამყარებდა — ალბათ, გახსოვთ, ერთხელ ისიც კი თქვა, თუ მარგველაშვილი ვერ გაიმარჯვებს, საქართველოს დავტოვებო.  ეს იმდენად ხისტი ნათქვამი იყო, ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე ვკითხე, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძე გაიმარჯვებდა, ის  პოლიტიკიდან წავიდოდა? ბატონმა ბიძინამ მაშინ ასეთი განმარტება გააკეთა — არ არის პრობლემა, ხელისუფლება სხვა პრეზიდენტთანაც ითანამშრომლებს, მაგრამ მე პირადად ჩავთვლი,რომ ნდობის რესურსი ამოვწურე და წავალო.

ასეა თუ ისე, ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ მარგველაშვილი გაპრეზიდენტებულიყო, მაგრამ სამაგიეროდ რა მიიღო? არნახული უმადურობა. არა, მე შორს ვარ იმ აზრისაგან და არც თვითონ ბატონი ბიძინა ისურვებდა, რომ პრეზიდენტი მისი ხელქვეითი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არსებობს ელემანტარული საკითხები, ელემანტარული ზრდილობა და ასევე ელემენტარული მორალი. ნამდვილად არ არის ნორმალური, როცა არჩევნებამდე სულ სხვანაირი ხარ და არჩევნების შემდეგ კი ქამელეონივით იცვლი ფერს.

სხვათა შორის, ფერისცვალება ძალიან ბევრმა განიცადა და ამაში ივანიშვილს ვეღარ ვამტყუნებ, რადგან თხევადი მდგომარეობიდან მყარ მდგომარეობაში გადასვლა ჩვენში უკვე ტრადიციადაა ქცეული. თუ როგორ იცვლიან ფერს საქართველოში და როგორ გადადიან ჩაღვენთილი მდგომარეობიდან გაციებული პლასტელინის მდგომარეობაში, ამაზე მომდევნო წერილში მოგითხრობთ. პლასტელინი ვიქნებიო, მხოლოდ მარგველაშვილს არ უთქვამს, სხვები უფრო “უკეთეს” დაპირებებს იძლეოდნენ, მაგრამ მოგვიანებით “გადაგვაგდეს”. დარწმუნებული ვარ, მავანთა პლასტელინობა საერთოდ არ მოსწონდა და არც დღეს მოსწონს ივანიშვილს, დასაწყისში ის ხშირად იბნეოდა კიდეც. როგორ გგონიათ, დღეში ასი კაცი რომ შედის მასთან კაბინეტში და ასივე ერთმანეთზე უყვება, თუ როგორი გათახსირებულები არიან დანარჩენები, არ დაიბნევი და სწორ ანალიზს გააკეთებ ალბათ, ისიც გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილს უამრავი ახალი პროექტი ჰქონდა დასაწყისში, მაგრამ როგორც კი დაინახა, ყველა პროექტს წურბელებივით შეესივნენ და მხოლოდ ფულის კეთება მოინდომეს, მალევე ჩაშალა. უახლოეს ხანში ამ იდეებსა და ჩვენი საუბრის რამდენიმე დეტალზეც მოგითხრობთ.

(გაგრძელება იქნება)

მეტის ნახვა
8-08-2018, 18:46