გვესაუბრება "იბერიულ-კავკასიური მოძრაობის" თავმჯდომარე, ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის ყოფილი წევრი ბესო მიქავა, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე "თავისუფლებისმოყვარეთა" "გრანდიოზული" აქციების დროსვე აცხადებდა, რომ სინამდვილეში ეს იყო კორუმპირებული მთავრობის მიერ მოწყობილი პროვოკაცია. ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდებოდა მისი ე.წ. გუნდის ნაწილი კვირიკაშვილის მეთაურობით. მმართველი ძალა სავსეა "საბოტაჟნიკებით", ნაცების ე.წ. ბანდა არსად წასულა, ხელისუფლებაში არიან, დროზე გაწმინდოს ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნება" პროვოკატორებისგან, თორემ გამწარებული ხალხი მტყუან-მართალის გარჩევას აღარ დაიწყებსო. ბესო მიქავას ვარაუდი საფუძველს მოკლებული რომ არ იყო, შემდგომ განვითარებულმა პროცესებმაც დაადასტურა.

ბესო მიქავა: როგორც კი დაიწყო ვითომდა თავისუფლების მოთხოვნით აქცია პარლამენტის წინ, მაშინვე გამოჩნდა ორი მხარე, ე.წ. აქცია და ე.წ. კონტრაქცია. სინამდვილეში არავითარი კონტრაქცია არ ყოფილა, თუმცა მავანთ ძალიან უნდოდათ, რომ ყოფილიყო. აქციის დაშლის შემდეგ, "პროტესტანტებმა" სახელმწიფო კანცელარიასთან გადაინაცვლეს ვითომდა 17 მაისი უნდა "ეზეიმათ", მაგრამ თითზე ჩამოსათვლელი ხალხი მივიდა. იმ ღამეს პარლამენტთან ვიყავი, ავტომანქანა მოშორებით მყავდა გაჩერებული, მობილური ტელეფონი დამიჯდა და დამტენის ასაღებად წავედი. პოლიციას კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, პარლამენტის შენობის ზედა მხარეც გადაკეტილი ჰქონდა, ორი კორდონი იყო. ავტომანქანისკენ მიმავალი შევესწარი, როგორ რეკავდა ვიღაც, შემდეგ მოდიოდა რამდენიმეკაციანი ჯგუფები, პოლიციელებს ისინი შიდა კორდონისკენ მიყავდა, გახსნიდნენ კორიდორს და ამ ხალხს კანცელარიის წინ მოწყობილ აქციაზე უშვებდნენ. "სტუმრებში" ჩემი ნაცნობები შევნიშნე, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ ნარკოტიკთან, სიგარეტსაც კი არ ეწევიან. გამიკვირდა შუაღამისას ამ ხალხს იქ რა უნდოდა, მერე გამახსენდა სადაც მუშაობდნენ და ეჭვი გამიჩნდა, რომ სპეციალურად მოყავდათ ხალხი, აქციას მონაწილეებით "ამარაგებდნენ" მრავალრიცხოვანი რომ გამოჩენილიყო, ე.ი. მთავრობაც ჩართული იყო ამ ყველაფერში.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რა ინტერესი ჰქონდა ამ უკანასკნელს, მით უმეტეს, რომ ის ძვირადღირებული აპარატურა, რომელსაც "პროტესტანტები" იყენებდნენ, თი-ბი-სი ბანკს ეკუთვნოდა. მოგეხსენებათ, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერი მამუკა ხაზარაძემ მოიგო, მაგრამ პროექტის განსახორციელებელი თანხა სახელმწიფოს მოსთხოვა. იმ პერიოდში ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია გახლდათ. ვფიქრობ, მან ხელი არ მოაწერა შესაბამის დოკუმენტს ხაზარაძეს ბიუჯეტიდან დაფინანსება რომ მიეღო, ამას ეკონომიკის მინისტრის თანხმობა ჭირდებოდა. გახარიას უარმა "ხაზარაძესა და კომპანიას" იმედები გაუცრუა, რომ მილიარდებს იშოვნიდნენ, ანაკლიის პროექტის წყალობით, საშვილიშვილოდ იქნებოდნენ უზრუნველყოფილი. ხაზარაძეს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უჭერდა მხარს, საერთოდაც ისინი ყოველთვის ერთად იყვნენ, მოქკავშირის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე. ანაკლიის პროექტის ასე ვთქვათ, ჩაგდებამ ფულის შოვნის შესაძლებლობა კი დაუკარგა, მაგრამ სურვილი რა თქმა უნდა დარჩა და დაიწყეს მოქმედება, რომ როგორმე განეხორციელებინათ. 

ცოტა მოგვიანებით აქტიურად ვრცელდებოდა ხმები, კვირიკაშვილს გადააყენებდნენ და მის თანამდებობას გიორგი გახარია დაიკავებდა. სწორედ იმ პერიოდში კვირიკაშვილი აგინებს ფაქტობრივად თანაგუნდელ, ნაციონალ ნიკა მელიას, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბატონი კვირიკაშვილი ნაცმოძრაობასთან ძალზე დაახლოებული გახლდათ, თავის დროზე მათ საარჩევნო შტაბშიც კი იყო, შესაბამისი ფოტოც მაქვს, რომელიც ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა ჩემს ინტერვიუსთან ერთად. სხვათა შორის, თავიდან გამიკვირდა მელიამ კვირიკაშვილს რომ არ უჩივლა, თითქმის არ ჰქონია რეაქცია გინებაზე, სამაგიეროდ, კვირიკაშვილი გამოჩნდა მაგარ ბიჭად. "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განვაცხადე, რომ კვირიკაშვილის ფიტულს დავწვავდი ამერიკის საელჩოსთან, როგორც მანამდე სააკაშვილის ფიტული დავწვი, ეს პირველმა გავაკეთე. აბა, სად უნდა დამეწვა, ამერიკელების მოყვანილი იყო სააკაშვილი, ისინი იყვნენ მისი პატრონები და თქვენვე წაიყვანეთ-თქო. კვირიკაშვილიც ამერიკის კაცია, ამიტომ მათ საელჩოს წინ ვაპირებდი კვირიკაშვილის ფიტულის დაწვასაც. შემდეგ იყო ღამის კლუბ "ბასიანში" პოლიციის შევარდნა და აჟიოტაჟი, რასაც პარლამენტის წინ აქციები მოყვა.

სულელი უნდა იყო, თუ რაიმე მიზანი არ გამოძრავებს, რომ ვიღაც ნარკობარიგის დასაჭერად კლუბში შევარდე და ასეთი სისულელეები აკეთო. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მობრუნებას მოყვა ეს შევარდნა-აქციები, მაგრამ ეს გეგმა მანამდე არსებობდა და მექანიზმიც ამუშავებული იყო. ეს აქციები მთავრობის ხელდასმით იყო ორგანიზებული, რადგან ხელშეუხებელი იყო მისი მხრიდან. მე 9 აპრილის შიმშილობის აქციას რომ ვმართავდი, ბორდიურზე დაჯდომის უფლება არ მომცეს, ამ დროს ეს "პროტესტანტები" რას აღარ აკეთებდნენ იქ, მთელი ღამე საშინელი ხმაური იყო და კაციშვილს ხელი არ შეუშლია, ე.ი. ვიზირება იყო მიცემული. ამავე გეგმის ნაწილი იყო ე.წ. კონტრაქცია, რომელთანაც შეჯახება უნდა მომხდარიყო, რაც პირადად მე არ დავუშვი. გიორგი გაბედავას და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ქაშუეთის ტაძართან იყვნენ შეკრებილი, ვურჩიე, კანცელარიასთან შევიკრიბოთ, აქციის მონაწილეებს დავეთანხმოთ კვირიკაშვილის გადადგომის მოთხოვნაში და იგივე მოვითხოვოთ, მაშინვე მქონდა დიდი ეჭვი, რომ პარლამენტის წინ აქცია კვირიკაშვილის ინიციატივით იყო დაწყებული და მინდოდა მისი ნასროლი ბუმერანგივით დაბრუნებოდა.

ახალგაზრდებს ვუთხარი, თუ აქციის დაშლა გინდათ, ჩვენც მოვითხოვოთ კვირიკაშვილის გადადგომა, დამიჯერეთ, თვითონ დაშლიან აქციას-თქო. ასეც მოხდა. გიორგი გაბედავამ თქვა, მივალთ 9 აპრილის მემორიალთან, სანთლებს დავანთებთ და ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე უკან დავბრუნდებითო, პოლიციამ ნება მოგვცა, მაგრამ მერე ვიღაცამ დარეკა და უმიზეზოდ გამოგვრეკეს. ამ ახალგაზრდების მოტყუება რომ არ გამოუვიდათ, მერე წამოსწიეს ე.წ. ფაშისტი გიორგი ჭელიძე, რომელიც მანამდე ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა და უცებ ფაშისტი გახდა. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილამდე მივიდა ინფორმაცია, რომ კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" სახელით სარგებლობდა, პარტიის წევრებს ეგონათ, რომ ბატონი ბიძინას დავალება იყო და ემორჩილებოდნენ კვირიკაშვილის ბრძანებას, მათ შორის პოლიციელებიც. შვილმოკლული მამების აქციაც ამათი აგორებულია, მე არ ვამბობ, რომ ზაზა სარალიძე მონაწილეობდა მათ მაქინაციებში, ამ ხალხის უბედურება ამათ თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს. კვირიკაშვილის ამ აქციაზე მისვლა, მისთვის ბოთლის სროლა და ა.შ. კვირიკაშვილის ჩაწყობილი მგონია, რომ მათ თანამონაწილედ არ გამოჩენლიყო.

ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის, პირველ რიგში კი გიორგი გახარიას წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ მან შეძლო კონფლიქტის თავიდან აცილება. მე თქვენ გაზეთთან რამდენიმე თვის წინაც ვთქვი, რომ სააკაშვილის ნარჩენები დესტაბილიზაციას აწყობდნენ, მაშინ ჩაცხრა დაძაბულობა, მაგრამ ახლაც ცდილობენ ქვეყანაში გარკვეულწილად არიონ სიტუაცია.

– ბატონო ბესო, ჩვენს გარშემო ძალზე დაძაბული ვითარებაა, თურქეთი ღიად დაუპირისპირდა ამერიკას, სომხეთი მის ტრადიციულ მეგობარ რუსეთს. ამ დროს სერგეი შამბა აცხადებს, რომ ქართველებს მტრად არ თვლის და მოლაპარაკებას გვთავაზობს, აგერ გერმანიის კანცლერი მერკელი გვსტუმრობს. რა პოლიტიკურ პროცესებთან გვაქვს საქმე, რას უნდა ველოდოთ?

– სომხეთში მშვიდობიანი რევოლუცია მოხდა, პრემიერი ფაშინიანი რომ ამერიკის კაცია, ამას აღარავინ მალავს. ფაქტია, რუსეთში მყოფმა სომხურმა ლობმა ამერიკას გზა გაუხსნა სომხეთისკენ, ირანის წინააღმდეგ, სადაც სერიოზული სომხური ლობი არსებობს, ომი რომ მზადდება, ეს ყველას კარგად მოეხსენება, სირიაშიც არსებობს ასეთი ლობი. დღევანდელი სომხები იმ არმენების შთამომავლები არიან, რომლებიც სირიაში, კილიკიაში ცხოვრობენ. რუსეთმა ფაქტობრივად ნება დართო სომხეთს, რომ გაამერიკელდეს, ისიც ითქვა, რომ სომხეთში ჩაიდო ამერიკის სომხური ლობის ფული, ამ დროს სომხეთი რუსეთის მოკავშირედ ითვლება, რუსეთის პოლიტიკური ელიტა რატომღაც არ აპროტესტებს ამერიკის სომხეთში შესვლას, მათ შორის, ლავროვიც. როგორც კი პუტინისგან საქართველოს მიმართ რაიმე დადებითი წინადადება წამოვა, მეორე დღესვე გამოდის ლავროვი და საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებს. გაუჭირდებათ მისი იარაღად გამოყენება, მით უმეტეს კავკასიაში ჩვენი კავკასიელებთან ურთიერთობიდან გამომდინარე. ამასთან ერთად მუდმივად ექნებათ კულტურული ომი ჩვენთან.

ვფიქრობ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ამერიკამ სომხეთში მოეწყო ჩუმი რევოლუცია, მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის ცენტრი საქართველოა. სომხეთმა მათ რომ შესთავაზოს, ნატოს ბაზებს დავაკანონებთ ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ სანაცვლოდ რას მივიღებთო, თავისთავად შესთავაზებენ მთელს კავკასიას კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებთან ერთად, აფხაზეთი და ეს რეგიონები ფაქტობრივად უკვე ისედაც სომხების ხელშია. რუსეთის დაშლაზე რომ მთელი მსოფლიო მუშაობს, ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა. სომხეთის ოცნებაა ზღვაზე გასვლა და კავკასიაზე ბატონობა, ამას თუ შეპირდება ამერიკა, ყველაფერს გააკეთებენ, პუტინსაც სიამოვნებით გააგორებენ, ეს საშიშროება უკვე დგას. სომხებს არასდროს ექნებათ იდეური ომი ნატოსთან, გამორიცხულია, ისინი თვალის დაუხამხამებლად "გადაუვლიან" მთელ კავკასიას. 

შემთხვევით არ დაუწყია შამბას ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი, ეს ინიციატივა რუსეთიდან მოდის. ეს უკანასკნელი ჯერაც არ გამოსულა იმ ხაფანგიდან, რომელშიც 2008 წლის პროვოკაციული ომის დროს აღმოჩნდა. იმას კი არ უნდა კითხულობდნენ, ვინ დაიწყო ომი, ის უნდა იკითხონ ვინ წააგო ეს პროვოკაციულად დაწყებული ომი. რა თქმა უნდა საქართველომ და რუსეთმა წააგო – ჩვენ ტერიტორიები დავკარგეთ, რუსეთმა კი სამშვიდობო მისიის შესრულების შესაძლებლობა.

რამდენად ჭკვიანურ პოლიტიკას გაატარებს რუსეთი და მისი პრეზიდენტი, ჯერ ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ერთი ფაქტი აუცილებლად მინდა აღვნიშნო. პუტინის თურქეთში ვიზიტის დროს ერდოღანმა ხაზგასმით თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მისი მეგობარია. მანამდე არაერთხელ იყო გაცხადებული თურქეთის ხელისუფლების მხრიდან, რომ ბათუმს თავიანთ ტერიტორიად თვლიან. პუტინიც თუ იტყოდა, ერდოღანი ჩემი მეგობარიაო, პოლიტიკის ენაზე ეს ნიშნავდა რომ "მწვანე შუქს" უნთებდა მათ აჭარაში შემოსვლაზე. პუტინმა მკაცრად გასცა ოფიციალური პასუხი, ჩვენ თურქეთთან სახელმწი- ფოებრივი ურთიერთობა გვაქვსო, რითაც ცივი წყალი გადაასხა ერდოღანს. რუსეთის პრეზიდენტზე გაბრაზებულმა ერდოღანმა მერე ანტირუსული განცხადება გააკეთა, თუმცა მალევე დაშოშმინდა. ჩემი აზრით, პუტინმა თავისი ქვეყნისთვისაც სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო თურქეთი ბათუმში რომ არ შემოუშვა. თურქეთი ნატოს წევრია, მისი საქართველოში შემოსვლა ნატოს შემოსვლას ნიშნავს, რაც რუსეთის ინტერესებში არანაირად არ ჯდება.

როგორც გითხარით, ირანთან ომი გარდაუვალია, ამიტომაც შემოდიან საქართველოში ასე მასიურად ირანელები. ესენი ლტოლვილები არ არიან, ჯიბესქელი ხალხია, ისვენებენ, ერთობიან. ირანთან ომს რომ დაიწყებას ამერიკა, ამ ირანელებს და სირიე ლებს, რომლებიც ასევე მრავლად არიან საქართველოში, ირანის წინაღმდეგ საბრძოლველად გაუშვებს. აქ ერთი მაგრამ არსებობს, 1946 წელს სტალინმა ირანთან ხელშეკრულება დადო, რომლის თანახმადაც, როგორც კი ირანში უცხო ძალა შევა, რუსეთს უფლება აქვს მთელი ირანის ოკუპაცია მოახდინოს. რამდენად გამოიყენებს ამ უფლებას რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება, ვერ გეტყვით, მაგრამ ასეთი ხელშეკრულება არსებობს, რომელზეც ორივე მხარეს აქვს ხელი მოწერილი. რაც შეეხება ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს, დარწმუნებული ვარ ეს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენას ემსახურება, რომ რაც შეიძლება მეტი სირიელი ლტოლვილის მიღება გვაიძულონ.

მანანა სუხიშვილი


მეტის ნახვა
27-08-2018, 14:30


გვესაუბრება ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე:

_ ბატონო მამუკა, წელს უჩვეულო საპრეზიდენტო არჩევნები გველოდება  - პირველად ხდება, რომ მმართველ გუნდს საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს. რამდენად სწორია ეს და ზოგადად, რა მოლოდინები გაქვთ?

_ ეს, დასავლეთთან გარკვეული კონსულტაციების შედეგად მიღებული, გარკვეული მანევრია. იმის თქმა, რომ "ქართული ოცნება" მხარს არავის უჭერს, სწორი არ იქნება. სალომე ზურაბიშვილს ამ პარტიის მხარდაჭერა ნამდვილად ექნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს მაინც ვერ იქნება სრულყოფილი. ეს ერთი, მეორეც, გულახდილად უნდა ითქვას: სახელისუფლებო გუნდში ერთი პირი არ აქვთ მიუხედავად იმისა, მშვენივრად იციან, რომ მხარი სალომე ზურაბიშვილს უნდა დაუჭირონ. დღეს ასეთი ვითარებაა: ამ გუნდის ზოგიერთი წევრი ხმამაღლა ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი კანდიდატურა უნდა დააყენოს, სხვაგვარი მიდგომა არასწორიაო, ზოგიც სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს. ამ შემთხვევაში "ქართული ოცნების" ელიტას ვგულისხმობ და არა რიგითი პარტიის წევრებს. ასეთი უცნაური სიტუაციაა. ამ გუნდში არიან ადამიანები რომლებიც თვლიან, რომ სალომეს მხარი უნდა დაუჭირონ. არჩევნები ახლოვდება და მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, არ მახსოვს მმართველი ძალა კონკრეტული გადაწყვეტილების გარშემო კონსოლიდირებული არ ყოფილიყოს. "ქართულ ოცნებას" კონსოლიდირება ძალიან აკლია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ არის გამორიცხული "ქართულმა ოცნებამ" ბოლო მომენტში სხვა კანდიდატურა დააყენოს, რადგან ვხედავ შემდეგ პროცესს - პრაქტიკულად, სალომე ზურაბიშვილი მარტოა მიტოვებული. 

_ როგორც აღნიშნეთ, "ქართული ოცნების" ნაწილი მხარს უჭერს ზურაბიშვილს, ნაწილი კი -არა. რა გამოდის, არჩევნები ოპოზიციას უნდა შევატოვოთ?


_ არ მგონია, არჩევნები ოპოზიციას შეატოვონ, მაგრამ შესაძლოა გვერდზე გადგნენ ან პასიური პოზიცია დაიკავონ. ავიღოთ, თუნდაც მაჟორიტარები, მათი გარკვეული ნაწილი ზურაბიშვილის მომხრეა, მეორე ნაწილი პრინციპულად არ უჭერს მხარს და ნაწილიც ნეიტრალურ პოზიციას იკავებს. აი, ეს არის უბედურება და "ქართული ოცნების" მთავარი ხინჯი, რომ კონსოლიდირებული გუნდი არ ჰყავთ. მაჟორიტარებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული თუ რა მოხდება კონკრეტულ რეგიონში. თუ კონკრეტული მაჟორიტარი პასიურად მოიქცა, ჩრდილში ჩამოჯდა და თქვა: რაც გინდათ ის ქენითო, წარმოგიდგენიათ რა მოხდება. იმიტომ, რომ რიგ რაიონებში ადგილობრივი პარტიის ხელმძღვანელი მაჟორიტარი დეპუტატის მიერ არის შერჩეული და მასზეა დამოკიდებული. არ ვიცი ამ სიტუაციას რა უშველის.

_ თქვენ ახსენეთ, "ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა საკუთარი კანდიდატიც წარადგინოსო. ვინ წარმოგიდგენიათ ამ ამპლუაში?

_ არავინ წარმომიდგენია, აზრზე არ ვარ ვინ შეიძლება ეს იყოს იმიტომ, რომ ისიც კი არ ვიცი "ქართულ ოცნებას" რა უნდა. ამის პროგნოზი რომ გავაკეთო, უნდა ვიცოდე მას რა უნდა. ჯერ ვერ გავიგე - ქალი უნდათ პრეზიდენტად თუ კაცი, საზოგადო მოღვაწე თუ პოლიტიკოსი და ა.შ.

_ ამ ფონზე არასასურველი კანდიდატი არ შეგვრჩეს ხელთ?

_ აი, ეს უკვე მეორე საკითხია. მოდით, სხვა კანდიდატებსაც შევეხო თ. რიგი კანდიდატები როგორც ჩემთვის, ისე საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, აბსოლუტურად, მიუღებელია მიუხედავად იმისა, რომ მათი პარტიის წევრები ბევრს ბაქი-ბუქობენ. არ გამოვა, ეს ადამიანი პრეზიდენტი ვერ გახდება, ვგულისხმობ, გრიგოლ ვაშაძეს. ეს, უბრალოდ, სამარცხვინოა. ოპოზიცია მართალია იმაში, რომ მმართველი ძალის მიმართ საზოგადოებაში დიდი ანტაგონიზმი, გაღიზიანების მაღალი ხარისხია, მაგრამ არანაკლები გაღიზიანებაა "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ "ქართულ ოცნებაზე" გაბრაზებული, იმედგაცრუებული ამომრჩეველი "ნაცმოძრაობას" დაუჭერს მხარს, ძალიან ცდება. ასე, რომ რა საარჩევნო კამპანიაც არ უნდა ჩაატარონ, ზოგი მათგანი წინასწარ განწირულია, ამას ნათლად ვხედავ, ვგულისხმობ, ვაშაძეს. მე, დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე ვსაუბრობ, თორემ შეიძლება რაიმე გარიგება მოხდეს, ან ვაშაძემ ისეთი მუშაობა დაიწყოს, რომ ვარსკვლავები მოსწყვიტოს, ვერ გეტყვით. დღევანდელი გადმოსახედიდან "ნაცმოძრაობის" განაყარი პარტიებიდან ბევრად უფრო სიმპატიურად გამოიყურება დავით ბაქრაძე. მას გამოცდილებაც აქვს და თავშეკავებაც იცის, ერთი სერიოზული შეცდომის გარდა, რომელიც ჩანგლებით თავდაცვას უკავშირდებოდა, საზოგადოებას სხვა მისი გადაცდომა არ ახსოვს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ხალხს არც მისი გაკეთებული საქმე ახსოვს. საპრეზიდენტო კანდიდატთა შორის არიან ალეკო ელისაშვილი, დავით უსუფაშვილი. პირადად, უსუფაშვილის მიმართ ნაკლები პრეტენზია მაქვს. იგი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ჭკუადამჯდარი და გამოცდილი პოლიტკოსია, თუმცა მას აკლია ის, რაც პრეზიდენტისთვის საჭიროა და თანაც, მმართველი ძალის მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაუჭირდება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მის უკან ისევ ფიგურირებს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის მიუღებელი "რესპუბლიკური პარტია". აქედან გამომდინარე, მას ბიოგრაფიაში არსებული ამ ფრაგმენტის გამო, სერიოზული პრობლემები აქვს. რაც შეეხება ელისაშვილს, მას გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ასოცირდება როგორც პატიოსანი, პატრიოტი ადამიანი და გარკვეული მხარდამჭერები ჰყავს, ოღონდ, თბილისში. 

_ თუ არ ვცდები, დაახლოებით, 15 საპრეზიდენტო კანდიდატი გვყავს, მაგრამ დიდი არჩევანის საშუალება მაინც არ არის, ანუ, პოლიტიკური თვალსაზრისით მრავალფეროვნება არ არის.

_ მრავალფეროვნება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ხარისხს. საერთოდ, უნდა გითხრათ, განსაკუთრებული მოვლენაა ის, რომ საზოგადოების სერიოზულ ნაწილში, პოლიტიკური ელიტის მიმართ, ნიჰილიზმია. დღეს რომ იყოს არჩევნები, ძალიან დიდი ალბათობით გავაკეთებდი პროგნოზს, რომ ძალიან ცოტა ხალხი მივა. "ქართულ ოცნებას" ძალიან დიდი მუშაობა დასჭირდება, მიუხედავად იმისა დაუჭერს თუ არა ვინმეს მხარს, რათა მოსახლეობა არჩევნებზე მივიდეს. აქვე, ერთსაც გეტყვით: ხალხს უკვე აღარ აინტერესებს ვინ პრო-დასავლელია და ვინ პრო-რუსი, მათ სურთ სოციალური მდგომარეობის გამოსწორება. ახლა, დაიწყო ლარის გაუფასურების პროცესიც. ადამიანები ჯერ ვერ აცნობიერებენ, მაგრამ ცოტა ხანში თავს იჩენს დენის საფასურის გაზრდისგან გამოწვეული პრობლემა. ეს ყველაფერი კიდევ უფრო გააუარესებს სიტუაციას. სხვათა შორის, მიაქციეთ ყურადღება, არცერთი კანდიდატის პლატფორმა ცნობილი არ არის, საკვანძო საკითხებს თუ არ ჩავთვლით.

_ ვაშაძემ განაცხადა: გამარჯვებისთანავე საპარლამენტო არჩევნებს დავნიშნავთ და მთავრობას გადავაყენებთო. სცენარის გაგრძელება მიშას ჩამოყვანა, მისთვის ყველა დანაშაულის ჩამოწერა და სრული ქაოსის შექმნა ხომ არ არის?

_ თქვენს დასმულ კითხვას, პასუხი თავად გაეცით. ის ფორმატი, რომელიც ახლა არსებობს, ნამდვილი პოლიტიკური ბრძოლისთვის არ გამოდგება, რადგან ყველა ერთი გუნდიდან არის აფრენილი, ვგულისხმობ, "ნაცმოძრაობის" განაყოფ პარტიებს. ეს არ არის ის ვითარება, როდესაც პრეზიდენტის არჩევა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ხდება. ხალხმა ზუსტად ისიც კი არ იცის რა უფლებები აქვს ქვეყნის პირველ პირს. პრეზიდენტი რომელსაც ახლა აირჩევენ ბევრად უფრო შეზღუდული იქნება თავის უფლებებში, ვიდრე წინამდებარე. ასეთი ვითარებაა.

_ პრეზიდენტის უფლებები ახსენეთ. ხშირად ისმის: რა მოხდა თუკი პრეზიდენტი "ნაციონალი" გახდება, მას მაინც არაფერის უფლება არ აქვსო. ასე მარტივადაა საქმე?

_ პრეზიდენტი მხოლოდ წარმომადგენლობითი ფიგურაა. მას შეუძლია, გარკვეულწილად, მედიატორის როლი შეასრულოს, იაქტიუროს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიპლომატიურ სივრცეში. რა თქმა უნდა, მას შეუძლია პარლამენტის წინაშე ზოგი თანამდებობის პირის წარდგენა. ასევე, შეუძლია აკონტროლოს სიტუაცია იმ მხრივ, რათა არ დაირღვეს კონსტიტუცია. ომის დროს კი მთავარსარდალია. ძალიან კომიკური სიტუაციაა, კაცს არაფრის უფლება არ აქვს და უცებ, ომის შემთხვევაში, მთავარსარდალი ხდება, ეს წარმოუდგენელი, ალოგიკურია. ეს არის პრინციპული დაპირისპირება კანდიდატებს შორის, ანუ ებრძვიან ერთმანეთს იმიტომ, რომ ის შედეგი მიიღონ, რაც მათი პარტიის, პოლიტიკური ძალის გამარჯვებას ხაზი გაუსვამს.

_ პრეზიდენტს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის უფლებაც ხომ აქვს?

_ კი ეს შეუძლია, მაგრამ ძალიან სერიოზული ავანტიურისტი უნდა იყო, რომ ამ სიტუაციაში საპარლამენტო არჩევნები დანიშნო, რისთვისაც მზად არავინ არის და არც ამის რესურსია შექმნილი.

_ ავანტიურა რაზეც თქვენ საუბრობთ, არც ვაშაძეს აკლია, არც ჯაფარიძეს და არც ბაქრაძეს.

_ კი, ეგრეა. რასაკვირველია მათ შეუძლიათ ამ ავანტიურაზე წასვლა, მაგრამ ეს ისეთ ვითარებაში უნდა გააკეთო, როცა გამარჯვება გარანტირებული გაქვს. ასეთი სიტუაცია კი საქართველოში კიდევ დიდხანს არ შეიქმნება. არც "ევროპულ საქართველოს", არც "ნაცმოძრაობას" თუნდაც ერთადაც რომ იყვნენ, ამის შანსი მაინც არ აქვთ იმიტომ, რომ ძალაუფლება, არჩევნების წინ, მათ ხელში არ არის.

_ როგორი პრეზიდენტი ჭირდება დღეს ქვეყანას?

_ კარგი. ახლა, მკითხავენ: ცუდი რომელიაო? არა, ცუდში არ არის საქმე. პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს თვისებები, რაც კონსტიტუციით განსაზღვრულს ესადაგება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზურაბიშვილს არ აქვს ის რესურსი, რომ ამ შავ პიარს მარტო ებრძოლოს. ამ ეტაპზე, ხელისუფლება, სალომეს დაცვას, მხარდაჭერას მანცდამაინც არ ცდილობს.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
27-08-2018, 05:30