გასული კვირა პოლიტიკური ხასიათის ორი ოინბაზობით დაგვამახსოვრდა. ოინბაზობა კი იყო ორი, მაგრამ, როგორც ჩანს, ავტორი ჰყავს ერთი – "ნაცმოძრაობა".

ოინბაზობა I – ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე მოხსენებას კითხულობს ვინმე ნონა მიხელიძე.

ეს ჩვენ ვამბობთ, ვინმეო, თორემ ქ-ნი ნონა, როგორც "რუსთავი 2" იუწყება, დიდი ვინმეა თურმე _ საერთაშორისო ექსპერტია!
გასაკვირი ის არის, რომ ამ საერთაშორისო ექსპერტს საერთაშორისო მასშტაბით არავინ იცნობს.

კიდევ უფრო გასაკვირი ის არის, რომ ამ საერთაშორისო მასშტაბით უცნობ საერთაშორისო "ექსპერტს" ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ ანალიტიკური ხასიათის გამოკვლევის ჩატარებას უკვეთავს.

ამ გასაკვირზე გასაკვირ ამბავზე კიდევ უფრო გასაკვირი ის გახლავთ, რომ ეს საერთაშორისო მასშტაბით უცნობი საერთაშორისო ექსპერტი ევროპარლამენტის სხდომაზე საკუთარ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ კვლევად ასაღებს ტექსტს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა "ნაცმოძრაობის" პარტიული ტელევიზიის "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გადაცემებიდან და თოქ-შოუებიდან ამოკრეფილი ამონარიდების მონტაჟი, რომელმაც მოხსენების სახე, ალბათ, "ნაცმოძრაობის" სამონტაჟო ლაბორატორიაში მიიღო.
ახლა ის არის გასარკვევი, ევროპარლამენტიდან "ნაცმოძრაობის" დავალებით და შეკვეთით "ნაცმოძრაობის" რომელმა ლობისტმა შეუკვეთა ეს მოხსენება "ექსპერტ" ნონას და რამდენი იქნა გადახდილი "ნაცმოძრაობის" ჯიბიდან ამ ოინბაზობაში?

ევროპარლამენტი აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით და აუცილებლად უნდა შეისწავლოს, როგორ და რანაირად შეიძლებოდა განხორციელებულიყო ეს პოლიტიკური აფიორა?

ბოლოს და ბოლოს, სირცხვილია _ ევროპარლამენტია, პოლიტიკური "დელეცების" და ავანტურისტების გილდია ხომ არ არის, რომ ვიღაც-ვიღაცებს ამგვარი ოინბაზობის საშუალება ჰქონდეთ?

ოინბაზობა II – "რუსთავი 2"-მა გასულ კვირას კიდევ ერთი სენსაციური ამბავი გვამცნო _ თურმე "ქართულ ოცნებას" საიდუმლო სოციოლოგიური კვლევა ჩაუტარებია, რომლის შედეგებსაც "ქართული ოცნება" საგულდაგულოდ მალავს.
დამალავს, აბა, რა იქნება _ "კვლევის" მიხედვით გრიგოლ ვაშაძეს პრეზიდენტის პოსტზე გამოკვლევებულთა 27% უჭერს მხარს, ბაქრაძეს _ 17%, სალომე ზურაბიშვილს კი მხოლოდ 12%.

გასაიდუმლოებული და ცხრაკლიტულში ჩაკეტილი "დოკუმენტი", რა თქმა უნდა, "რუსთავი 2"-ს ჩაუვარდა ხელში (ყველაფერი ამათ როგორ უვარდებათ ხელში, გადაირევი პირდაპირ) და იმანაც ქვეყანას მოსდო ეს ზესკანდალური "ფაქტი".
"ქართული ოცნება" იფიცება _ არავითარი სოციოლოგიური კვლევა არ ჩაგვიტარებია, საიდან მოიტანეთ ეს სისულელეო?
პატივცემულო "ქართულო იცნებავ", 18 წელია (მეტი!), ეს პოლიტიკური აფერისტები და თაღლითები პოლიტიკურ სცენაზე დგანან და თქვენ კიდევ ვერ მიხვდით, ვინ არიან ესენი და ვისთან გაქვთ საქმე?

სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის მაინც გეცოდინებათ, რას მოჰყვა ვარდების რევოლუცია და რა მოტივით და რა საბაბით დაიწყო იგი.
_ არჩევნების შედეგები გაგვიყალბესო, _ ყვიროდნენ მაშინ ნაცები და ამ დროს თვითონ არივდარიეს ყველაფერი _ შეყარეს გაყალბებული ბიულეტენები, შეყარეს მკვდარი სულების გრძელზე გრძელი სიები, შეთითხნეს ყალბი ოქმები და მერე თვითონ დაიწყეს ყვირილი _ ნახეთ, ნახეთ, როგორ გააყალბა შევარდნაძემ არჩევნებიო.

არ გჯერათ, ეგერ გყავთ პარლამენტში გოგორიშვილები, ბოკერიები, ბარამიძეები და ჰკითხეთ, ასე იყო თუ არა?
"ნაცმოძრაობამ", რომელიც დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ფსევდონიმით გამოდის ასპარეზზე, შესანისნავად იცის, რომ მათი ფალავანი ამ არჩევნებს წააგებს, მაგრამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შექმნას ილუზია, თითქოს ვაშაძე ყველაზე პოპულარული და სასურველი კანდიდატია დანარჩენებს შორის, მაგრამ რად გინდა _ "ქართული ოცნება" არჩევნების შედეგებს გააყალბებს და ამ ყველაზე ღირსეულ კანდიდატს, ვაშაძეს, ხელოვნურად წააგებინებს, რაც `ნაცმოძრაობის~ და მათი სატელიტების "სამართლიან" აღშფოთებას გამოიწვევს.

ისინი შეეცდებიან, ეს აღშფოთება დიდ სახალხო საპროტესტო განწყობაში გადაზარდონ და "ვარდების რევოლუცია" №2 მოაწყონ.
აი, ამასაა, რომ ჩალიჩობენ ეს პოლიტიკური თვალთმაქცები და ფარისევლები, თორემ არჩევნების მომგები რომ არ არიან, აქედანვე შესანიშნავად იციან.

ასე რომ, ფრთხილად იყავით თქვენ, პატივცემულო `ქართულო ოცნებავ~, თორემ თქვენს მიერ გადარჩენილმა "ნაცმოძრაობამ" შეიძლება ისეთი სპექტაკლი დაგიდგათ, სანანებლად გაგიხდეთ, რომ ეს გველის წიწილები დაინდეთ და ქართველი ხალხის რისხვისგან დაიფარეთ…



მეტის ნახვა
10-09-2018, 16:44


ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს ბიზნესის განვითარებისთვის მეგობრული საგადასახადო/საბაჟო პოლიტიკის განხორციელებას, რაც ეკონომიკურ რეფორმებთან ერთად, ითვალისწინებს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის სტანდარტებთან.

2019 წლიდან, საქართველოს საბაჟო სფეროში ევროპული კანონმდებლობა ექნება.

ფინანსთა სამინისტრომ მუშაობა დაასრულა საბაჟო კოდექსის პროექტზე, რომელიც სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვანი სტიმული გახდება ევროკავშირიდან ინვესტიციების მოსაზიდად და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე.
ამ წუთებში, ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ახალი საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ სიახლეებს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აცნობს.

ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების შედეგად, გამარტივდება საქართველო-ევროკავშირს შორის საბაჟო პროცედურები, კერძო სექტორს შეუმცირდება საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული დანახარჯები, საქართველოსა და ევროკავშირის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, შეიქმნება ერთნაირი საბაჟო რეგულირების გარემო, მარტივი და სამართლიანი წესები.

კანონპროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს საბაჟო პროცედურების გამარტივების მიმართულებით:
• შემოდის მარტივი გაფორმების ახალი წესები და დეკლარირების ფორმები;
• იქმნება გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების შესაძლებლობა;
• საბაჟო გადაწყვეტილების მიღების დროს, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მეწარმის ინტერესები;
• ბიზნესის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება გარანტიის ახალი სახის (თავდებობა) გამოყენება;
• იქმნება მნიშვნელოვანი წინაპირობა, ბიზნესმა გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ისარგებლოს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში;

ამასთან, საბაჟო კანონმდებლობაში შენარჩუნდება ყველა ის პოზიტიური ცვლილება, რაც რეფორმების შედეგად განხორციელდა საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ერთიანი/გამარტივებული ადმინისტრირების მიმართულებით, მათ შორისაა: გადასახადის გადამხდელის ერთიანი ბარათი (საგადასახადო და საბაჟო), „სივრცეში" და „საზღვარზე" არსებული ზედმეტობის ურთიერთჩათვლა, ერთიანის სახაზინო კოდი საგადასახადო/საბაჟო ვალდებულების შესასრულებლად, გასაჩივრებისა და საგადასახადო შეთანხმების ერთიანი სისტემა.

საბაჟო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ახალი საბაჟო კანონმდებლობითაც სრულად უპასუხებს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში.

ფინანსთა სამინისტროს გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, დაიწყება საჯარო განხილვები ბიზნესსექტორის, ექსპერტების, ყველა დაინტერესებული და მიზნობრივი ჯგუფების მონაწილეობით.

მეტის ნახვა
10-09-2018, 11:30


საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დასრულების შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებები 18 ნოემბერს ამოქმედდება, – ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისიის სხდომის დაწყებისას ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აუცილებელია ყველა შესაბამისი კანონის ოქტომბრისთვის მიღება.

„როგორც მოგეხსენებათ, 28 ოქტომბერს არის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების პირველ ტურში დასრულების შემთხვევაში, 18 ნოემბერს ამოქმედდება უკვე საკონსტიტუციო ცვლილებები. იმისათვის, რომ 18 ნოემბრამდე უზრუნველყოფილი იყოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, ყველა ვადის დაცვით, საჭიროა, არაუგვიანეს ოქტომბრისა მივიღოთ ყველა შესაბამისი კანონი, ანუ ოქტომბერს არ უნდა გადასცდეს შესაბამისი კანონების მიღება. ეს არის ჩვენი ვადა და ამ ვადის გათვალისწინებით უნდა დავგეგმოთ ჩვენი შემდგომი სამუშაო პროცესი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

1tv.ge

მეტის ნახვა
10-09-2018, 10:30