(გაგრძელება. დასაწყისი "ს.გ" N28-32)

ამჯერადაც ბიძინა ივანიშვილის პირველი წერილიდან მცირე ამონარიდით დავიწყებ – ვისთან ვერ ვითანამშრომლებ? წერს ბატონი ბიძინა 2011 წლის მიწურულს და იქვე აკონკრეტებს:
"ვერ ვითანამშრომლებ ფსევდოოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებასა და კავშირში არიან და მისი ინსტრუქციებით და მითითებებით მოქმედებენ".

ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმთან გარიგებულთა ვინაობა ღიად დაასახელა, პირადად ჩემთვის ჩამონათვალი მოულოდნელი არ ყოფილა – მაგალითად, "ახალ მემარჯვენეებზე", გიორგი თარგამაძეზე, ბაჩუკი ქარდავაზე, გია თორთლაძეზე, პაატა დავითაიასა და სხვებზე საზოგადოებაში მანამდეც არსებობდა ეჭვები, მოულოდნელი იყო "ლეიბორისტებისა" და შალვა ნათელაშვილის ხსენება მათ გვერდით. ბიძინა ივანიშვილის წერილის ეს თავი ასე მთავრდება:
"დიახ, მე ვერ ვითანამშრომლებ ამ ადამიანებთან, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამ ფსევდოოპოზიციური პარტიების ზოგიერთ წევრთან ურთიერთობაზე დავთანხმდე, თუ ისინი საკუთარი პოლიტიკური წარსულის რევიზიას შეძლებენ".

ივანიშვილმა დასაწყისიდანვე უარი თქვა ნათელაშვილთან თანამშრომლობაზე და როგორც დრომ გვიჩვენა, არც რაიმე სახის რევიზიას ჰქონია ადგილი. ქარდავები, დავითაიები, თორთლაძეები და სხვები რომ ყოველთვის სააკაშვილის "პადელნიკები" იყვნენ და დღესაც არიან, ეს ვიცოდით და ვიცით, მაგრამ შალვა ნათალაშვილი, კაცო, შალვა, რომელიც 2007-ში (როცა მიშა დასაჭერად დასდევდა) სიღნაღის რაიონის ერთ-ერთ სოფელში იმალებოდა, რომელიც რუსეთის აგენტად იყო შერაცხული?! არა, კი დადიოდა რაღაც ჭორები, მიშას საკრებულოს თავმჯდომარეობა მიჰყიდაო, კაი "მაყუთი" აიღოო, მაგრამ ჩემთვის ამის დაჯერება მაინც წარმოუდგენელი იყო და ამის თაობაზე ბატონ ბიძინას ვკითხე კიდეც. პასუხი ასეთი გახლდათ:

- ვინ უნდა დავიყენო გვერდით, გაყიდული შალვა ნათელაშვილი, 2007-ში ფორმალურად რომ დარბოდა და იმალებოდა?!
- აი, შალვაზე ვერ წარმომიდგენია, რომ გაყიდული იყოს, სააკაშვილს ებრძვის გააფთრებული.
- მე წარმომიდგენია და ვიცი!
`ლეიბორისტების~ ოფისი. შალვა ნათელაშვილის კაბინეტი. მე ვცდილობ, დავამშვიდო აღელვებული შალვა, მაგრამ არ გამომდის:
- ბიძინა ივანიშვილმა მერაბიშვილსა და სააკაშვილს დაუკვეთა ჩემი მკვლელობა!!!
– შალვა, მე მგონი, აჭარბებ, ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა შენი მხრიდან.
- ნახე, რას აქვეყნებს ცნობილი საიტი "ვიკილიქსი", ეს არის ამერიკელი დიპლომატის წერილი გაგზავნილი სახელმწიფო დეპარტამენტში: "საქართველოში
ამერიკის ელჩმა, ჯონ ტეფტმა მიხეილ სააკაშვილს ტელეფონით დაურეკა. ტეფტმა და საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციის შესახებაც ისაუბრეს. სააკაშვილმა უთხრა ელჩს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს შალვა ნათელაშვილი თავის ოჯახთან ერთად ცხინვალის გავლით რუსეთში გაემგზავრა. საქართველოს მთავრობას სჯერა, რომ ნათელაშვილი კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად რუსულ ფულს იღებდა იმისთვის, რომ 2 ნოემბრიდან დაწყებული საპროტესტო აქციები ხელისუფლების დასამხობად გამოეყენებინა". ნახე, როგორი გეგმა იყო, მე უნდა გავქცეულიყავი ცხინვალის გავლით, რუსეთის მიმართულებით და ჩამცხრილავდნენ საზღვარზე. ამ ყველაფერში ჩართული იყო ბიძინა ივანიშვილი, ის არის მკვლელი, ქილერი, მას ბევრი ჰყავს გასტუმრებული ამ ქვეყნიდან. მე ხომ არაფერს ვიგონებ?!

- აქ ივანიშვილი რა შუაშია? როგორც ვხედავ, ტეფტი მას საერთოდ არ ახსენებს.
- სააკაშვილი ელაპარაკება ტეფტს და ისიც აგზავნის სახელმწიფო დეპარტამენტში ამ წერილს. აი, რა დონის გულუბრყვილო ვარ, კაცს ჩემი მოკვლა აქვს შეკვეთილი და მე პრემიერ-მინისტრად ვასახელებ. პრემიერ-მინისტრად დავასახელე კაცი, ამხელა პიარი გავუკეთე მთელ მსოფლიოში და მადლობის სანაცვლოდ აგერ, ტყვიას მესროდა თურმე!
- საინტერესოა, რატომ დაასახელე პრემიერობის კანდიდატად, რა აზრი გქონდა ამაში ჩადებული?
- ნესტან კირთაძემ მირჩია.


ალბათ, დამეთანხმებით, ეს უკვე შეურიგებელი მტრობაა. შალვა ნათელაშვილი განიცდის, ნერვიულობს, ივანიშვილს აკრიტიკებს, ლანძღავს, ყველგან უჩივის, ამერიკაშიც, ევროპაშიც, კერძოდ – ჰააგაშიც, მაგრამ ჩემი აზრით, ჯერ ვერაფერი დააკლო. თუ ნინო ბურჯანაძე უფრო დელიკატურია და დიპლომატიის რაღაც დონეს მაინც ინარჩუნებს მილიარდერის მიმართ, ნათელაშვილი ყველაფერზე მიდის. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილი არ უშვებს მომენტს, სატელევიზიო გამოსვლების დროს არ გაკენწლოს ნათელაშვილი. აშკარაა, ამ ჭიდილში ივანიშვილი იგებს, მისი პირველივე წერილის შემდეგ "ლეიბორისტებში" იწყება რყევები, პარტიიდან მიდიან მნიშვნელოვანი ფიგურები – კახა ძაგანია, პაატა ჯიბლაძე და სოსო შატბერაშვილი. ისინი თავიანთ ყოფილ ლიდერს ადანაშაულებენ ფულის აღებასა და ათასგვარ მაქინაციებში. რასაკვირველია, არ არის ლამაზი, როცა თანამებრძოლები ასე შორდებიან ერთმანეთს, მაგრამ ეს გახლავთ ჩვენი სამწუხარო რეალობა. რამდენიც არ უნდა ამტკიცოს შალვა ნათელაშვილმა, ჩემი პარტია ამ ადამიანების წასვლით არ დაზარალდაო, ივანიშვილმა ვერაფერი დამაკლო, ვერ ჩამძირაო, ეს იქნება მტკნარი სიცრუე. "ლეიბორისტების" ლიდერი იმაზე მეტად ფიცხია, ვიდრე პოლიტიკური მოღვაწე უნდა იყოს, ის ხშირად გადადის გაუწონასწორებელ მდგომარეობაში და უშვებს უამრავ შეცდომას.

მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის ურყევი დამოკიდებულებისა, შალვა ნათელაშვილს ჰქონდა შანსი, შეენარჩუნებინა სოლიდურობა, აეღო კურსი სიდინჯისკენ, რათა თავადვე არ გაენადგურებინა ჯიბეში ჩადებული გარკვეული რეიტინგი, რაც სრულიად საკმარისი იყო ხოლმე პარლამენტში მოსახვედრად. არა, მან ეს ვერ და არ გააკეთა, სრულად ავარდა `ფინთი გოიმივით~ და 2012 წლის შემდეგ თავისი ნაბიჯებით დაამტკიცა, რომ ივანიშვილი არ ტყუოდა, უნებლიედ თავადვე "გააპრავა". სულაც რომ მართალი ყოფილიყო არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ უფალთან და ერთან, წუპაკი `"ნაციონალების" გვერდით მაინც არ უნდა დამდგარიყო. ბოლოს და ბოლოს, ქარდავებთან, დავითაიებთან, მაჭუტაძეებთან, ვაშაძეებთან, გვარამიებთან და ათასი ჯურის უნიჭო ავანტიურისტებთან რომ დადგები, სააკაშვილთან ხარ გარიგებული, აბა, რა ხარ?!

წინა საპარლამენტო არჩევნების დროს დავწერე, "ლეიბორისტული პარტია" ვერ გავა, დაახლოებით 5 პროცენტს აიღებს-მეთქი. მაშინ შალვამ დამირეკა და "შემაჩვენა" – მეგონა, თუ არ გიყვარდი, პატივს მაინც მცემდიო. შალვა, მიყვარხარ და პატივსაც გცემ, მაგრამ რეალობა ასეთია, მე არაფერ შუაში ვარ-მეთქი. ჩემი პროგნოზი გამართლდა. შალვა ისე იყო გაღიზიანებული, ყვიროდა, ივანიშვილს ცულით მივუვარდები თავის შუშის სასახლეში და თავს მოვაჭრიო. გრაფიკიდან ამოვარდნილმა ნათელაშვილმა ივანიშვილს ვერა, მაგრამ თავად კი მოიჭრა უამრავჯერ თავი – ჭორების გავრცელება იქცა მის მთავარ ხელობად, სადაც კი რამე საეჭვო თემა წამოიჭრება (მაგალითად ნარკოტიკები), ეგრევე ბერა ივანიშვილს მიაწერს, არიქა, ეგ "კრიშავსო". შემდეგ კი რამდენიმე საათში ირკვევა, რომ ბერას არანაირი კავშირი არ აქვს იმ საქმესთან. რომ გითხრათ, შალვას ნათქვამ სიტყვას შედეგი არ აქვს-მეთქი, მოგატყუებთ, აქვს სადღაც 3–5 პროცენტის ფარგლებში, რაც ნამდვილად აღარ არის საკმარისი, რათა პოლიტიკაში "იბაირამო". ბოლოს კიდევ ერთხელ გამოვთქვამ წუხილს, რომ შალვა ნათელაშვილი, რომელსაც თავის დროზე ჰქონდა მშვენიერი რეიტინგი, ვიღაც მაჭუტაძის დონეზე დაეშვა და იმ პოზიციებიდან გამოუცხადა ომი ბიძინა ივანიშვილს. ამით მან გაუშვა ხელიდან დიდი შანსი, რომ ქართულ პოლიტიკაში დარჩენილიყო სოლიდურ პიროვნებად და ივანიშვილთან ელაპარაკა ცოტა სხვა სიმაღლეებიდან. შალვა, ჩემო მეგობარო, შენ შეგეშალა, ბიძინამ გაგიგო, გაგთქვა და ამიტომაც შეიძულე სამარადჟამოდ. თუმცა მანამდე სცადე, "პლასტინკა" შენებურად დაგედო, გამოხვედი და პრემიერ-მინისტრობა შესთავაზე. არ დატრიალდა "პლასტინკა" შენებურად, ბიძინამ სულ სხვა სიმღერა დაუკვეთა და მოდი, ვთქვათ სიმართლე, კაი გვარიანადაც მიგაფარჩაკა. მაპატიე, არ მინდოდა ამის თქმა, უბრალოდ შენმა გამოხტომებმა მაიძულა… აი, ამას წინებზე რაღაც ვიდეო ვნახე რომელიღაც სატელევიზიო გადაცემიდან ამოჭრილი, სადაც ივანიშვილს მახინჯს უწოდებ – ტიპი ისეთი მახინჯია, დაკომპლექსებული იყო და საზოგადოებაში თავს ვერ ყოფდა, გარეთ ვერ გამოდიოდაო. ჯერ ერთი, ივანიშვილი სულაც არ არის საფრთხობელა და მეორეც – ასეთი ლაპარაკი რა კაცის საქმეა, ამით რას მიაღწევ? ვერაფერს, რაც აქამდე პოლიტიკური ქულები მოგინაგრებია, თუ უკვე არ გაგიცამტვერებია, ნულამდე დაიყვან.

გელა ზედელაშვილი
(გაგრძელება იქნება)

მეტის ნახვა
22-09-2018, 17:30


თქვენი არ ვიცი და… მე ამხანაგი გრიგოლ ვაშაძე თავისი ჰაბიტუსით ფილმ "ღიმილის ბიჭების" ერთ-ერთ პერსონაჟს — ბეთჰოვენას მაგონებს. ერთი ეგაა, ბეთჰოვენა, რომელიც ვიოლინოს თანხლებით დადიოდა და სულ ცაში იყურებოდა, უფრო კეთილშობილი გახლდათ. მას მეორე მსოფლიო ომმა მოუსწრო, ვიოლინო გადადო და ფრონტის ხაზზე წავიდა.

პრინციპში, ვაშაძეც ჩამოვიდა ფრონტის ხაზზე რუსეთიდან, როცა სამშობლოს დასჭირდა, მაგრამ ეს საქმე ცოტა ვირეშმაკულად გამოუვიდა — თან პატრიოტულს მიაწვა, თან რუსული პასპორტი ვერ დათმო, თან პროდასავლური კურსი აიღოსავით. ერთი სიტყვით, რამდენიმე ცხენზე ერთდროულად ჯდომა მოინდომა და აერია რამსები — თან რუსებს ლანძღავდა 2008-ში, ეს რა გვიქენით, თქვე ბოზებოო, თან კიდევ წერილი გააგზავნა რუსეთის კულტურის სამინისტროში — არიქა, ჩვენი ერები კულტურულად უნდა დავაახლოვოთ, ერთობლივი კონცერტები გავმართოთო… უი, არა, არა, თქვენ ნუ შეწუხდებით, მომღერლებსა და მოცეკვავეებს ჩვენ გამოვაგზავნით, თქვენ მხოლოდ ტაში დაუკარით, რომ ძმობას, ერთობას და სოლიდარობას უფრო ღრმა საფუძველი ჩაეყაროსო. დიახ, ეს წერილი იწერებოდა მაშინ, როცა გორი, ახალგორი და მიმდებარე სოფლები ჯერ კიდევ ცეცხლის ალში იყო გახვეული.

დღეს ამხანაგ გრიგოლს თავის ბიოგრაფიასაც უხსენებენ — შენა, კაცო, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი დაამთავრე 1981-ში… 1990 წლამდე, როცა საქართველო საბჭოთა იმპერიას ებრძოდა და ჩვენი ახალგაზრდობა ტანკებით გადათელეს, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში კოსმოსის და ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში იყავი მოკალათებული, ახლა იმ ნიგერიელისა არ იყოს, ტელევიზორში აქეთ რომ დაგვამუნათა, რა "ფრითენზიები" გაქვსო? აბა, რა გითხრათ… შენიშვნა სამართლიანია, ამხანაგი გრიგოლი ვერც 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებმა მოიყვანა აზრზე და ისე იყო წამოპლაკული საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში, ისე გახდა დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი, ისე ჩააგრიალა ცხოვრება 2008 წლამდე, გეგონება არც არაფერი მომხდარა. ჰო, კიდევ იმას საყვედურობენ, იმ ბირთვულ რაღაცაში რომ მუშაობდი, მანდ კაგებეს გარეშე არ მიგიღებდნენ, ვის ატყუებ, რომ ვითომ პროდასავლელი ხარო? ვერაფერს იტყვი, ესეც სამართლიანი შენიშვნაა, მაგრამ ამხანაგი გრიგოლი მაინც იძახის, ჩემი წილი რუსეთი ჩემია, ჩემშია, ვერავინ წამართმევსო. რასაკვირველია, მისი წილი რუსეთი მასშია, მისია და ვერც ვერავინ წაართმევს. ან კი რატომ უნდა წაართვას?!

შემდეგ, როცა ამხანაგი გრიგოლი უმუშევარი დარჩა, რაღაც ბიზნესი წამოიწყო. ბიზნესი კი არა, სინამდვილეში ეს იყო საკუთარი მეუღლის პიარ-მენეჯერობა, სხვადასხვა ქალაქებში კონცერტებს უგეგმავდა. მამუკა გამყრელიძემ, მიშას დროს ჩინეთში ელჩად რომ იყო გამწესებული, "კავკასიის" ეთერში თქვა: გრიგოლ ვაშაძემ ყველაზე დიდი გამოცდილება ცოლის სამსახურში მიიღოო. ჰა, ჰა, ჰა… გაიგონეთ? ცოლის სამსახურში მიიღო დიდი გამოცდილებაო. დიახ, სწორედ ამაზე ამბობს ზაალ უდუმაშვილი, ამხანაგ გრიგოლს რომ ვუყურებ, კლასი, გამოცდილება და ცოდნა ზედ აწერიაო. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მიხა სააკაშვილს მისივე ნათელ-მირონმა ნინო ანანიაშვილმა სთხოვა, ჩემი პიარ-მენეჯერობით ბევრი არაფერი გამოდის, ქმარი უნდა დამისაქმოო. იმან უთხრა, არ არი პრობლემაო და 2008 წელს ეგრევე მოსვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, შემდეგ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად, ბოლოს კი საგარეო საქმეთა მინისტრად. აი, კლასი… აი, გამოცდილება… აი, ცოდნა-განათლება!

თუმცაღაააა… ამხანაგი გრიგოლი მაინც არაადექვატურია, ხშირად ისეთ სისულელეებს ლაპარაკობს, კაცს რუსი ვანია გეგონება. თუნდაც ის ვთქვათ, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ჟურნალისტებს რომ წამოუწვინა: უკვე ЗАЕБАЛИ, ანუ უკვე ტვინი მოტ…ანითო!
მას შემდეგ, რაც გრიგოლმა საპრეზიდენტო ხეტიალი დაიწყო, ბევრი მიჰქარა, ანუ ბევრი თავხედობა ჩაიდინა. მაგალითად, ჩავიდა კახეთში და რამდენიმე დედაკაცს ეუბნება, ყველა ყურით მოათრიეთ საარჩევნო უბნებშიო. ჰმ… სადაა, ბიჭო, ყურით მოსათრევი ხალხი კახეთში? ან სამიოდე გამოშტერებულმა ქალმა როგორ უნდა მოგითრიოს ყურით ზაქებივით ბიჭები?!

კიდევ ერთი დიდი სისულელე: ამ დღეებში საჩხერეში ჩავიდა, ერთ მუჭა ხალხს შეხვდა, როგორც იცის ხოლმე, ყველა გადაკოცნა, ყველას ხელი ჩამოართვა (ეს "ნაციონალების" საფირმო ნიშანია) და უცებ დააბრეხვა:

"საჩხერე, ივანიშვილის მშობლიური მხარე, სხვა რეგიონების მსგავსად, უყურადღებოდ არის მიტოვებული. ადგილობრივებმა ყველაზე უკეთ იციან ოლიგარქის ტყუილის მაღალი ფასი. მოსახლეობა თანადგომას ითხოვს და ჩვენი ეიმედება. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოძრაობა "ძალა ერთობაშია" გაზრდის პენსიას 400 ლარამდე, მასწავლებლის ხელფასს — 1000 ლარამდე, პოლიციელის ხელფასს — 2000 ლარამდე. ჩვენ გამოვაცხადებთ ორ წლიან მორატორიუმს უსამართლო საბანკო თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კრედიტების გადახდაზე და ყველა ვალი დაანგარიშდება 2012 წელს არსებული ლარის კურსით".

აი, ამ რამდენიმე წინადადებაში უამრავი ტყუილია — ჯერ ერთი, ბიძინა ივანიშვილისგან საჩხერე ნამდვილად არ არის მიტოვებული, ჯერ კიდევ 2012 წლამდე იქ ყველაფერი იყო მოწესრიგებული — გზები, გაზი, წყალი… რომელი ერთი ჩამოვთვალო? მშობიარობა უფასო, გაზი — უფასო, დიდი სპეციალური დარბაზი, სადაც ჭირია თუ ლხინი — უფასო, ყოველ დაქორწინებულზე — ხარჯები უფასო, პლიუს 5 ათასი ლარი საჩუქრად. ჰო, კიდევ ისა… თავის დროზე ყველა ოჯახს რომ თეთრი ნივა აჩუქა ივანიშვილმა, მაგაზე არავინ ლაპარაკობს. აი, ახლა ჩავიდა საჩხერეში ამხანაგი გრიგოლი გაზეთ "პრავდაში" გახვეული ღიმილით და იძახის, აქაურებს ჩვენი იმედი აქვთო. ვისაც მაჭუტაძე-ვაშაძე-დავითაია-ქარდავას იმედი აქვს, ის აზრზე არ არის, რომ მომავალ პრეზიდენტს არც პენსიების გაზრდა შეუძლია, არც ხელფასებისა და მით უმეტეს, ვერც ბანკების საკითხს მოაგვარებს. ტყუის ამხანაგი გრიგოლი, ტყუის და ვირეშმაკობს!
მისტერ ბეთჰოვენს მარიხუანასთან დაკავშირებითაც აქვს თავისებური ხედვა, ამ შემთხვევაში ტრადიციულ გაგებას აწვება და სინამდვილეში აბრაკადაბრა კი გამოსდის:
"არავითარი ექსპორტისთვის ეს ნარკოტიკები გათვალისწინებული არ არის. ეს არის შიდა მოხმარებისთვის გათვალისწინებული. თავიდანვე გასაგები იყო, ეს ისტორია საით მიდიოდა, როდესაც ჯერ სიმღერები შემოგვაპარეს, შემდეგ კონსტიტუციურმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თურმე ადამიანს უფლება აქვს, ისე დაისვენოს, როგორც უნდა და შეკითხვა მაქვს კონტიტუციურ სასამართლოსთან: პედოფილსაც აქვს უფლება, ისე დაისვენოს როგორც უნდა?! ამ პლანტაციებს რომ გვიშენებენ, ხომ გასაგებია, ვის ჯიბეში წავა აქედან აღებული მილიონები".

ან სიმღერები, ან პედოფილია რა შუაშია მარიხუანასთან? რა სიმღერები შემოგვაპარეს და ვინ ამბობს, რომ პედოფილია თავისუფალი "პროფესიაა"? არა, ამას არ აინტერესებს სინამდვილე, ამას მხოლოდ სიტუაციის დაძაბვა სწყურია და ამ დროს რომ კაი გვარიანად უქიქინებს, ვერ გრძნობს. წააგებს ამხანაგი გრიგოლი, უთუოდ წააგებს და მერე დაიწყებს, გამიყალბესო!

პრინციპში, უკვე წაგებულია, რაღა გაყალბება უნდა?!

გელა ზედელაშვილი

მეტის ნახვა
22-09-2018, 14:00