გვესაუბრება კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა:

_ ბატონო გოგა, სახეზეა საარჩევნო კამპანია _ ბრძოლა წესების გარეშე. `ქართული ოცნების~ მხარდაჭერილ კანდიდატს "ნაციონალები" ღალატში სდებენ ბრალს.

_ პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ეს ბრალდება არ არის. პირისთვის ბრალის წაყენება სამძებრო ორგანოებში ხდება, ეს კი ცილისწამება, სადისტურ-ბოლშევიკური მეთოდოლოგია გახლავთ, რასაც "ნაცმოძრაობა" ყოველთვის ძალიან აქტიურად იყენებდა იმიტომ, რომ ამ პარტიის დამფუძნებელის ფესვები ბოლშევიკური, ჩეკისტური სამყაროდან მოდის. მხედველობაში მყავს მიხეილ სააკაშვილი თავის ბიძიანად. ერთიც და მეორეც საბჭოთა კავშირის უშიშროების სამჭედლოში გაიზარდნენ, ვგულისხმობ, მოსკოვის და კიევის დიპლომატიურ აკადემიას. ორივე ამ ინტერესების დაცვას ემსახურებოდნენ. იქვეა, ვაშაძეც, რომელიც 1976-დან 1981 წლამდე (სტალინის მერე, ასეთი რეპრესიები, დისიდენტური საქმიანობის და იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავისუფლებისთვის იღწვოდა და ილტვოდა, საბჭოთა კავშირიში არასოდეს ყოფილა) მოსკოვის დიპლომატიურ აკადემიაში სწავლობდა. იგი, დღესაც, ამ ბნელ დაწესებულებას, მშვიდობისა და თავისუფლების კუნძულს ეძახის. საბჭოთა დიპლომატია გარდა უშიშროების სპეცსამსახურებისა სხვა არაფერი ყოფილა. საბჭოთა დიპლომატიური მისიების შესრულებისას ყველას კაგებეს სკოლა ჰქონდა გავლილი და მის დავალებებს ასრულებდა. ეს ცნობოლია. დღეს, საქართველოში, ჩამოიყვანეს ცნობილი რუსი პიარ-მენეჯერი, რომელიც პუტინს არჩევნებს "ულაგებდა", ასევე, სობჩაკის საარჩევნო პიარ-მენეჯერი იყო.

ახლა, აქ, იმისთვის ჩამოიყვანეს, რომ გრიგოლეტო ვაშაძეს კრემლის იდეების განხორციელებაში დაეხმაროს. მათი მიზანია კონკურენტს ისეთი რამ დააბრალონ, რაც ყოვლად წარმოუდგენელია. ჩემი შენ გითხარიო ისე გამოსდით — მთელი ცხოვრება თავად ემსახურებოდნენ რუსულ ინტერესებს და დღესაც ამას აკეთებენ. თუმცა, ღალატი სალომეს გადააბრალეს. ამას აჰყვა პრესის ძირითადი ნაწილი. ასეთი ბნელეთით მოცული სხვა ინსტიტუცია როგორიც, უმეტეს შემთხვევაში, ქართული პრესაა, ძნელი წარმოსადგენია. მეტსაც გეტყვით, მედია-სამყარო იქამდე დაეცა, რომ ტელეეთერში პირდაპირ ცილისმწამებლური კლიპები გაჩნდა ვითომდა სალომეს მოღალატეობაზე. საზოგადოების ამაზე მეტად დაცემა წარმოუდგენელია. ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირში, საქართველოშიც, 1933 წელს გერმანიაშიც, ამგვარ კამპანიებს, აზროვნებას ექვსი მილიონი ებრაელი და დაახლოებით, 12 მილიონი ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქე ემსხვერპლა. ამიტომ, ვფიქრობ, ქართველი საზოგადოებისთვის ძნელი წარმოსადგენი და გასაგები არ უნდა იყოს რასთან გვაქვს საქმე. ეს, აბსოლუტურად, დესტრუქციული ძალაა. ახლა, მე, გეკითხებით: დამისახელოს ვინმემ თუნდაც ერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა, რომელიც საქართველოში დესტაბილიზაციით არის დაინტერესებული. არის ასეთი ქვეყანა?

ასევე, მაინტერესებს: რომელი ქვეყანა არის დაინტერესებული დესტაბილიზაციით უკრაინაში გარდა რუსეთისა? ორივე შემთხვევაში _ უკრაინაშიც და საქართველოშიც თავის თავში დესტაბილიზაციის მატარებელი სააკაშვილი გახლავთ. ყველაფერს აკეთებენ, რათა როგორმე დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. ამიტომ, შეკითხვა მარტივია: თუ ორივე შემთხვევაში _ უკრაინაშიც და საქართველოშიც დესტაბილიზაცია რუსეთის ინტერესებშია და ამას ორივეგან სააკაშვილის ხელით აკეთებენ, ე.ი. ვის ინტერესებს ახორციელებს მიშა? _ ბუნებრივია, რუსეთის. მან იგივე გააკეთა 2008 წელსაც. სააკაშვილი ვისი ხელით აკეთებს ამ ყველაფერს? _ უშიშროების თანამშრომლის გრიგოლეტო ვაშაძის, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ისე დაინიშნა, რომ ამავდროულად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო და საერთოდ, აგვისტოს ომის დროს, რუსეთის მოქალაქე გახლდათ. ასეთი პრეცედენტი მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს _ ადამიანი იმ ქვეყნის მოქალაქე იყოს, რომელთანაც შეიარაღებული კონფლიქტი აქვს და რომლის აგრესიის ქვეშაც სახელმწიფო იმყოფება. ამ შემთხვევაში, საქართველო, რუსეთის აგრესიის, ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა და ამ დროს, რუსეთის მოქალაქე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ასეთი რამ, მხოლოდ, სააკაშვილის მმართველობის დროს თუ იქნებოდა შესაძლებელი.

_ ბატონო გოგა, 2008 წლის ომი ახსენეთ. მოდით, მკითხველს მოვუთხროთ რეალურად, რა ვითარებაში და ვინ დაიწყო ომი?

_ დიახ, ახლა, რაც შეეხება იმ დიდ სიცრუეს, რომელშიც წლების მანძილზე ამყოფებენ საზოგადოებას და სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ამას აყოლილია — თვლის, რომ სჯობს ტყუილები ვილაპარაკოთ. სტრასბურგში, ჰააგაში, ნიუ-იორკში, ჟენევაში ბევრად მოგებული დავრჩებით თუ ვიტყვით ისეთ ტყუილს, რომლის შესახებაც მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ეს სიცრუეა. ხელებს ასავსავებენ, როგორ თქვა სალომემ, რომ საქართველო დამნაშავეაო. საქართველოს არაფერი დაუშავებია. საქართველო ოკუპირებულია რუსეთის იმპერიალიზმის მიერ და ეს პირველი მცდელობა არ არის.

უკანასკნელი სამი საუკუნე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით იწყება. 1801 წელს საქართველოს სამეფო და მერე, საპატრიარქო ტახტიც გააუქმეს და რუსეთმა მიიერთა. მერე, ეს ყველაფერი რევოლუციის შედეგად დაკარგა და 1921 წელს საქართველოში ისევ ინტერვენცია, ოკუპაცია განხორციელდა, მერე 2000 წლებში სალომე ზურაბიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, როცა იგი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარი სრულად იქნა გაყვანილი, სააკაშვილმა კი 2008 წლის აგვისტოში ისევ შემოიყვანა. აბსოლუტური სიცრუეა ის, რომ თითქოს, სააკაშვილმა რუსულ სამხედრო აგრესიას მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. არსებობს უამრავი მასალა, კადრი, ფილმი მაქვს გაკეთებული, სადაც სააკაშვილი პირდაპირ, ღიად ადასტურებს, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას ცხინვალს ცეცხლი გაუხსნა. მანამდე, ცხინვალიდან გაიყვანეს ოსური ეროვნების მოსახლეობა, ხოლო ქართველები ყველანი დატოვეს და ცეცხლი გაუხსნეს. ამიტომ, სააკაშვილი, პირველ რიგში, საკუთარი ხალხის წინაშეა დამნაშავე იმიტომ, რომ საკუთარ მოქალაქეებს გაუხსნა ცეცხლი და არა რუს ოკუპანტებს, რუსულ ინტერვენციას. რუსი ოკუპანტები საქართველოში რომ შემოვიდნენ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისე მოკურცხლა, რომ 11 ათასი მანქანა იდგა აზერბაიჯანის საზღვარზე, ერთმანეთს ასწრებდნენ. ასე, რომ მედგარ წინააღმდეგობაზე ლაპარაკი, აბსურდია. 

2008 წლის 2 ოქტომბერს, ორი თვის თავზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" სტრასბურგში საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას მოაწერა ხელი, სადაც შავით თეთრზე წერია: ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის მიმართულებით გახსნილმა ცეცხლმა გამოიწვია გართულება და, პრაქტიკულად, ფართომასშტაბიანი ომი. ამ რეზოლუციას ხელს აწერს გოკა გაბაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი კანდელაკი _ ეს ავადხსენებული კაცი, რომელიც ევროპელ დიპლომატებს, პარლამენტის წევრებს ეუბნებოდა, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციისთვის ხმა არ მიეცათ, ეს ცნობილია. ასეთი ბოროტმოქმედი გახლავთ კანდელაკი. მთელი ეს ორგანიზაცია ბოროტმოქმედთა ჯგუფია. ახლა, საზოგადოების გარკვეული ნაწილიდან, რომელიც მათ დღემდე უჭერს მხარს, ასევე, პრესის უგუნურობით ხდება პროპაგანდა, რაც ჩემი აზრით, სამარცხვინოა. 

ნათელია, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის საქართველოში პოლიტიკური გამწვავების შემოტანის უბადრუკი მცდელობა, რაც ვერ მოხდება. ანუ, ეს არის საქართველოში რუსული რევანში, რომელსაც სათავეში უდგას "ნაციონალური მოძრაობა" და ვითომ, მას გამოყოფილი "ევროპული საქართველო". რას ჰქვია დავით ბაქრაძის "ევროპული საქართველო"?! ყველას კარგად გვახსოვს მისი მოწოდება _ რუსული სამხედრო აგრესიისგან თავი დანა-ჩანგლით დაგვეცვა იმ დროს, როცა თავად წითელი ხიდისკენ გარბოდა თავის თანაპარტიელებთან ერთად. 

_ თქვენ, პრესკონფერენცია გამართეთ, სადაც სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებები დოკუმენტურად დაადასტურეთ.

_ დიახ, და როგორც მოგახსენეთ, ერთ-ერთ დოკუმენტს თავად აწერენ ხელს, რაც ბოკერიას გადაწყვეტილებით გაკეთდა. 2008 წლის 2 ოქტომბერს რეზოლუცია მათ მიერ არის ხელმოწერილი, ანუ, დათანხმდნენ ამ რეზოლუციის შინაარსს, რომელიც მთელი საპარლამენტო ასამბლეის მიერაა დამტკიცებული. გარდა ამისა, სააკაშვილი 2008 წელს ამის შესახებ თავის გამოსვლაში პირდაპირ ამბობს. ასევე, არსებობს კადრები, სადაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გურგენიძე იგივეს იმეორებს: სეპარატისტების მიერ პროვოკაციის აღკვეთის მიზნით სამხედრო მოქმედებები დაიწყოო. არცერთი მათგანი რუსეთს არ ახსენებს. გარდა ამისა, მაქვს კადრები, სადაც ვაჟბატონი, საქართველოს დიდ პატრიოტად რომ მოაქვს თავი _ გრიგოლეტო ვაშაძე ამბობს: რუსები, საერთოდ, არაფერშუაში არიან, ეს სეპარატისტები არიან, რუსები, საერთოდ, საქმის კურსში არ არიან აქ რა ხდებაო. აი ასეთი ვითარებაა. ჰაერზე კი არ ვლაპარაკობ, ყველაფერი დოკუმენტურად არის დადასტურებული. ყველა მასალა წარვადგინე, ნებისმიერ დროს შემიძლია ვთქვა როდის, ვინ, რა თქვა. ასე, რომ სურათი ნათელია. ჩემი ღრმა რწმენით, უბრალოდ, ამას, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, გაანალიზება სჭირდება და სწორი გადაწყვეტილების მიღება _ არჩევნებზე მისვლა და სალომე ზურაბიშვილის შემოხაზვა. იმიტომ, რომ ამდენად მომზადებული ყველანაირად _ გამოცდილებით, ცოდნით, სკოლით _ ფრანგული სკოლის დიპლომატია მსოფლიოში სახელგანთქმულია და თავისი ბიოგრაფიით, ფესვებით, ცხოვრების წესით, სხვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არ მეგულება. მოსკოვში დაბადებულის, გაზრდილის, ჩამოყალიბებული რუსის საფრანგეთში დაბადებულ, გაზრდილ, ევროპელ სალომე ზურაბიშვილთან შედარება არც კი შეიძლება. ორი წელი და რვა თვე სახელმწიფო მინისტრი ვიყავი და მინდა გითხრათ, რომ სააკაშვილმა საქართველოდან ევროპელი დამკვირვებლების დიდი მისია გააგდებინა, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერს აფიქსირებდნენ _ ყველა გაფაჩუნებას, გასროლას, დაცემინებას. ეს ანგარიშები ყველაფერი დევს სტრასბურგშიც, ჰააგაშიც, ბერლინშიც, ნიუ-იურკშიც, ვენაშიც და ვაშინგტონშიც. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ მაინცდამაინც სალომე ზურაბიშვილის ქართულ ეთერში ნათქვამი სიმართლე ავნებს საქართველოს, აბსურდია. ეს არის სრული დემაგოგია. 

_ როგორ ფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილი, გამარჯვების შემთხვევაში, დაასრულებს "ნაცებთან" კოაბიტაციას?

_ სალომეს გამგელებული ებრძვიან იმიტომ, რომ მშვენივრად ესმით_ მარცხისთვის არიან განწირულნი. რაც შეეხება კოაბიტაციის დასრულებას, ეს კიდევ ერთი მითია, რომ პრეზიდენტი რაიმეს დაასრულებს და ა.შ. "ნაცმოძრაობის" ნამსხვრევი _ ბაქრაძე დადის და იძახის: პენსიას გავზრდიო, გრიგოლეტო ამბობს: პენსია 400 ლარი გახდებაო. ეს ხომ ტყუილია. დღევანდელი კონსტიტუციით მსგავსი უფლება პრეზიდენტს არ აქვს. სააკაშვილი უცხოეთიდან გაჰყვირის: 28 ოქტომბერს დავამ- თავრებთ "ქართულ ოცნებას" და მის მმართველობასო. ეს ყველაფერი სიცრუეა იმიტომ, რომ დღევანდელი კონსტიტუციით არანაირი მსგავსი უფლებები პრეზიდენტს არ აქვს _ ვერც ვერაფერს დაამთავრებს, ვერც პენსიას გაზრდის, ეს არ არის მისი კომპეტენცია.

გრიგოლ ვაშაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბირთვული განიარაღების კომიტეტში მუშაობდა. როგორ ფიქრობთ, ვინ გააკარებდა კრემლის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბირთვული განიარაღების კომიტეტში ადამიანს, რომელსაც რუსეთის უშიშროების კომიტეტში სათანადო ინსტრუქტაჟი არ ჰქონდა მიღებული. ეს ხომ სასაცილოა. საერთოდ, სასაცილოა, რომ ეს ადამიანი საქართველოში აღიქმება როგორც პოლიტიკური ფიგურა. ასეთი ხალხი ადრეც იყო მაღალ თანამდებობაზე, მაგალითად, იგორ გიორგაძე, რომელიც განსხვავებით გრიგოლეტოსგან, არასდროს მალავდა, რომ რუსეთის უშიშროების თანამშრომელია. იგი, პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოს მხო- ლოდ რუსეთთან ერთად ხედავდა.
ამიტომაც არის დღეს მოსკოვში.

იგივეა, ვაშაძეც _ რუსეთიდან მისი ამფსონები ცდილობენ მას საქართველოში ხელისუფლების რაღაც წილი ერგოს, რომ მერე რაც შე- იძლება მეტი პრობლემა შეუქმნან ქვეყანას, ეს ფაქტია.

_ მისი ბიოგრაფიის მიუხედავად, დღეს, ვაშაძე პრო-დასავლელად გვევლინება. მეტიც, ევროპის სახალხო პარტიაც კი უჭერს მხარს. ეს რა ფენომენია?

_ ეს არის იმ ფსევდო-ლიბერალიზმის შედეგი, რაც პრაქტიკულად, ევროპას ანგრევს და თავისი მავნე გავლენით მთელი მსოფლიო შეარყია. რაც შეეხება ევროპის სახალხო პარტიას, მათი ლიდერი დონ პედრო, აქ, ჩამოდიოდა და მერაბიშვილს პოლიტპატიმარს ეძახდა. მოგვიანებით კი სამარცხვინო მოვლენების მომსწრე გავხდით _ დეპუტატების მთელი წყება, უბრალოდ, პოლიტიკური მექრთამეები არიან, რომელთაც სათავეში დონ პედრო უდგათ. მათ წინააღმდეგ, მექრთამეობის მუხლით, სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული, ეს ნათლად აჩვენებს რა ვითარებაში არიან ფსევდო-ლიბერალური ძალები.

_ ვაშაძე გვპირდება შევიწყალებ სააკაშვილს, მერაბიშვილს, ახალაიასო.

_ ეს გეგმის ნაწილია. მისი ფუნქცია არის შეიწყალოს სააკაშვილი, ახალაია, ადეიშვილი და ამით შეეცადოს საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევას. ეს გამოიწვევს ქართველი ხალხის უკმაყოფილებას, ესენი დაეყრდნობიან თავიანთ სექტას, მისი ნამსხვრევები პარლამენტის შენობის წინ დგანან, ესეც დესტაბილიზაციის მცდელობაა. ეს რუსული გეგმის ნაწილია, რასაც ვაშაძე არც მალავს, პირდაპირ აცხადებს რისთვისაც მოდის.

ასე, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ის საფრთხე ვინ დგანან მეორე მხარეს _ ცოცხებით გამაუპატიურებელთა პარტია, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატის გინება დედის ნანასავით ესმით ჟურნალისტებს _ რუსულად კარგად ჟღერს გინება, ხოლო ტვინის განძრევა _ შეურაცხყოფაა. ადრე, ქმედება ცოცხით ხდებოდა, ახლა, ვაშაძე ამას სიტყვით აკეთებს, რაზეც რეაქცია არ აქვთ. მოდით, ქართველებო ამაზე დავფიქრდეთ და ძნელი მისახვედრი აღარ იქნება რა არჩევანი უნდა გავაკეთოთ.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
4-10-2018, 21:47