განა პარადოქსი არ არის, დღეს, 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკო ნიკოლაძისა და ივანე ზურაბიშვილის შთამომავალს პრეზიდენტობას უღმერთოთა კავშირის თავმჯდომარის შვილიშვილის, მიხეილ სააკაშვილის, ფავორიტი, სსრკ-ის პოლიტიკურ ლაბორატორიაში გამოჩეკილ-გამოჯეკილი, სსრკ-ის უშიშროების სამსახურებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის სტაჟის მქონე გრიგოლ ვაშაძე ეცილებოდეს?

"ეს დიდი პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრების წინაშე, ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც 100 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ ეს დამოუკიდებლობა ვეღარ აცოცხლა.
ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩემს ოჯახში და არა მხოლოდ ჩემს ოჯახში, ვინც საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი იქნებოდა, მაგრამ ვერც პრეზიდენტი გახდა, ვერც პარლამენტარი, სახელმწიფოს ვერ ემსახურნენ, რისთვისაც ჩემზე მეტად მზად იყვნენ. ამ ადამიანების გამო ვთვლი, რომ ამ მომენტში ასეთ გამოწვევაზე უარის თქმა არ შეიძლება. ესაა ჩემი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზია", _ თქვა სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

თუ ქალბატონი სალომე გრძნობს პასუხისმგებლობას თავისი წინაპრებისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც 100 წლის წინათ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, რატომ ვერ გრძნობს ამ პასუხისმგებლობას დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და მისი ცესკო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად ისეთი ბიოგრაფიის ადამიანს არეგისტრირებს, როგორიც გრიგოლ ვაშაძეა?

ადამიანი მის მიერ განვლილი გზით, მისი ბიოგრაფიით ფასდება.
ამ ორი ადამიანის, სალომე ზურაბიშვილის და გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიების შედარება ნათელს ხდის, როგორ განსხვავებულ იდეებს და იდეალებს ემსახურებოდნენ ეს ადამიანები.

* * *
როცა ამხანაგი გრიგოლი კომპარტიაში შესვლაზე "ჩალიჩობდა" და რუსული პოლიტიკის ლაბირინთებში გზას იკვლევდა, ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაბადებული სალომე ზურაბიშვილი სამშობლოსკენ ცდილობდა გზის გაჭრას.
მან ეს მხოლოდ 35 წლის ასაკში მოახერხა.

სალომე ზურაბიშვილი:
"საქართველოში ჩამოსვლა ამდენი წელი აკრძალული მქონდა, ჯერ საბჭოთა წყობის, მერე უკვე პირადად ვიზის აკრძალვის გამო. პირველად რომ ჩამოვედი, 35 წლის ვიყავი. გული მწყდება, მამაჩემი ისე გარდაიცვალა, რომ ვერ მოესწრო დამოუკიდებელ საქართველოს.

პოლიტიკაში მოსვლა არასდროს მდომებია, სამაგიეროდ, საქართველოს სამსახურში ყოფნის ჟინი მომყვება, როგორც მუდმივი სწრაფვა. ახალგაზრდობაში მე და ჩემი მეგობრები დემონსტრაციებს ვაწყობდით საბჭოთა ლიდერების ჩამოსვლის გასაპროტესტებლად, ხან სტატიებს ვწერდით, ხან მიმართვებს ქართულ ენაზე, რომელსაც ვავრცელებდით ჩვენი მცირე საშუალებებით, გაზეთს ვუშვებდით ("ამირანი" ქართულ ენაზე), მერე დისიდენტური მოძრაობა გაჩნდა, გამსახურდიასა და კოსტავას წერილებს ვთარგმნიდით და ვავრცელებდით სხვადასხვა ევროპულ უწყებებში… ვიღაცებს მიაჩნდათ, რომ ცოტა არანორმალური ვიყავი, იმდენად შეპყრობილი ვიყავი ამ ერთი იდეით. იმ დროს, როდესაც ახალგაზრდა გოგო თავის პირად ცხოვრებაზე უფრო უნდა ფიქრობდეს".

საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველების ემიგრაციაში იძულებით წასული შვილებისა და შვილიშვილების დაბრუნებას სამშობლოში სწორედ ის სისტემა უქმნიდა გადაულახავ ბარიერს, რომელსაც ვაშაძეები ყურმოჭრილი მონის ერთგულებით ემსახურებოდნენ.

უსამართლობა, უფრო ზუსტად, ბედის დაცინვა და ცინიზმი არ არის, დღეს იგივე ვაშაძეები, გნებავთ, სააკაშვილები თუ პარტიული ნომენკლატურის და საბჭოთა სპეცსამსახურების წარმომადგენელთა ნაშიერები ამ სხვისი სიცოცხლის, სხვისი სისხლის და თავგანწირვის ფასად მოპოვებულ დამოუკიდებელ საქართველოს კვლავ თავზე უპირებდნენ წამოჯდომას?

თუმცა რაღა უპირებდნენ _ ისინი არც ჩამოსულან საქართველოს კისრიდან _ დამოუკიდებლობის მიღებიდან ერთი წლის თავზე ტყვიით და ცეცხლით მობრუნდნენ უკან, სახელად დემოკრატები დაირქვეს, ორიენტაცია შეიცვალეს _ პროდასავლურები გახდნენ, თუმცა მორიელისა არ იყოს, ზნეს და ხასიათს ვერაფერი მოუხერხეს.

ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, მისი პრინციპებიდან და პოზიციიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს იმ უმსგავსობის დამთავრებას, რაზეც ამ წერილში ვილაპარაკეთ.
დროა, თუნდაც ასი წლის შემდეგ, ისტორიული სამართლიანობა აღდგეს!
ვახტანგ ხარჩილავა
"სგ" N 33, 2018 წ.

ირაკლი კობახიძე: 

ეს არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება!

„ეს არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება,“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია რუსთავი ორის დირექტორის ნიკა გვარამიას პოსტს, რომელიც მან სალომე ზურაბიშვილის დამფინანსებლების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

გთავაზობთ ფრაგმენტებს ირაკლი კობახიძის განცხადების ტექსტიდან:

„ნიკა გვარამია ზურაბიშვილის შემომწირველების შესახებ პოსტში წერდა, რომ „ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვო თ. უნდა დავიმახსოვროთ, და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან.”
“ეს ისტერიული განცხადება უსათუოდ უკავშირდება კანდიდატების არსებულ რეიტინგებს, რომელთა მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს, ხოლო ნიკა გვარამიასა და ნაციონალური მოძრაობის პარტიული კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, შეიძლება მეორე ადგილზეც ვერ გავიდეს. ეს არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება, რომელიც გასული 6 წლის მანძილზე არაერთგზის მწარედ დამარცხდა ქართული დემოკრატიის, საზოგადოების და სიმართლის წინააღმდეგ ბრძოლაში.

"სგ" N 37, 2018 წ.

სალომე ზურაბიშვილს თუ არა, აბა ვის დაუჭიროს მხარი ქართველმა ხალხმა - კაგებეშნიკ ვაშაძეს, რუსეთთან დანა-ჩანგლით მეომარ ბაქრაძეს თუ ნარკომომხმარებელ ჯაფარას?

გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაციის _ "ყოფილი პოლიტ.პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე:
_ ქალბატონო ნანა, ეკლესიის რამდენიმე წარმომადგენელი დაუპირისპირდა ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს _ სალომე ზურაბიშვილს და მისი კანდიდატურის მოხსნას ითხოვს. ამ შემთხვევაში, რასთან გვაქვს საქმე?

_ ეს ნამდვილად არ არის ეკლესიის პოზიცია, პატრიარქმა ამის შესახებ თავის წერილში დააფიქსირა. "ციანიდების" გარდა თუ კიდევ ვინმე სხვამ გამოთქვა ასეთი პოზიცია, ეს, უბრალოდ, მხოლოდ და მხოლოდ იმ პიარის შედეგია, რომელიც საზოგადოების ფართო მასებზე ზეგავლენას ახდენს. 

ინტერნეტ-სივრცეში დევს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციები, მათ შორის, ამერიკის ელჩის, მაკ კეინის, რომელიც "ნაციონალებს" თავიანთ გურუდ, ღმერთად მიაჩნიათ. განა რას ამბობს განსხვავებულს ამერიკის ელჩი, მაკ კეინი ანდაც ტალიავინის დასკვნა? რატომ ამაზე არ ტეხენ "ნაცები" ერთ ამბავს? _ ისინი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, თუ რა როლი აქვს სააკაშვილს ქვეყნის ოკუპაციაში. რა თქმა უნდა, ეს არის სწორი, ჯანსაღი პოზიცია. თუ ჩვენს პრობლემას სახელს არ დავარქმევთ, ნებისმიერ ავადმყოფს სწორ დიაგნოზს თუ არ დაუსვამთ, მისი მკურნალობა შეუძლებელი იქნება. ჩვენ, თუ არ გავიაზრებთ იმას რა დანაშაული ჩაიდინა "ნაცმოძრაობამ" და სააკაშვილმა 2008 წლის ომის დროს და ვინ არის დღეს პასუხისმგებელი ტერიტორიების დაკარგვაზე, არაფერი გვეშველება. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ სააკაშვილმა, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ქართული მიწები რუსეთს გადასცა, აჩუქა. წარწერას ვერ გაუკეთებდა, ტერიტორიებს ვერ დააწერდა: სახსოვრად პუტინს მიშასგანო და ამიტომ, გააკეთა, ის რაც გააკეთა _ ჩვენი ტერიტორიები რუსეთს გადასცა. თუ მკითხავთ, ამას, სალომე ზურაბიშვილი კიდევ რბილი ფორმით ამბობს. მე, უფრო მკაფიოდ და მეტსაც ვიტყოდი.

"სგ" N 35, 2018 წ.



მეტის ნახვა
26-10-2018, 18:30


ესოდენი ისტერიკული საპრეზიდენტო არჩევნები მხოლოდ ზვიად გამსახურდიას დროს ვიხილეთ. ახლაც მახსენდება წერეთლის გამოსვლა, კატეგორიულობით რომ მოუწოდებდა მოსახლეობას განზე გადგომოდნენ პრეზიდენტობის კანდიდატს.

ამ გამოსვლამ ხმების ლამის 20–25 პროცენტი შემძინაო, იტყვის მოგვიანებით ნეტარხსენებული ზვიადი.

სალომე ზურაბიშვილთან როგორ არის საქმე? დაახლოებით იგივე სურათია, იგივე ისტერიკა, იგივე ყაყანი და წიკვინი:
მქონდა ბედნიერება მცნობოდა ცხონებული გერმანე ფაცაციას მეშვეობით რაინდული ბუნების ჯანრი კაშია, რომელიც გასაოცარი გემოვნების ესთეტიკისი გახლდათ და ამავდროულად მაღალი ერუდიციის პოლიტოლოგიც. აზროვნების მისეული მოდელი ბატონ სერგი საჯაიას დიდებულ ნაშრომშია აღბეჭდილი, რომელიც საქართველოს გეოსტრატეგიულ პლატფორმის ქვაკუთხედად შეიძლება მივიჩნიოთ. ყველაფრის გათვალისწინებით რატომ უნდა გვიკვირდეს ქალბატონი სალომეს პრაგმატული ინტელექტუალობა – "ბრძოლა, რომელიც იწყება, არ არის მოგებული, მაგრამ ჩემს გვერდით ქართველები არიან, დღევანდელი და მომავლის ქართველები; ჩემთანაა აგრეთვე ისტორია, კულტურა, ფესვები, ტრადიციები, ყველაფერი ის, რამაც ეს ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში გადაარჩინა შემოსევებსა და დამონებას; რაღაც ძალზე ძლიერი, მაცოცხლებელი ენერგია, რომელიც დღესაც მჟღავნდება იმ ადამიანებში, რომლებიც ჩემს შესახვედრად მოდიან და მეუბნებიან: "დარჩით!"

მერედა, ჟანა დ,არკის ქვეყნის შვილია, ეს მშვენიერი მანდილოსანი ჩვენი, მაია წყნეთელისა და ქეთევან დედოფლის სულიერი მემკვიდრეა ეს გონებადაუნჯებული ქალბატონი, რომელიც თავისი 18-თვიანი მინისტრობის წლებში არნახულ წარმატებებს მიაღწევს რუსეთის მიმართულებით, ამას არ პატიობენ, ამას უცაცხანებენ, რადგანაც ჩვენ ხომ ნიადაგ მტრულ დამოკიდებულებაში უნდა ვიყოთ ჩრდილოელ მეზობელთან, რომ ვერადროს გავთავისუფლდეთ.

ერთი, НТВ-ს გადაცემა მახსენდება, სადაც თავგადაკლული ერთგულების მტკიცებაა მავანისაგან რუსებისადმი, ცხადია, ქართველების გთახსირების ხარჯზე. პირდაპირი ეთერია და ჩაერთვება ჟირინოვსკი მისთვის დამახასიათებელი სიფიცხით: თქვენისთანა ათას ცოცხალს ერთი მკვდარი ქართველი მირჩევნიაო – მოსჭრის. ამისთანა ვითარებაში რატომ არ ვიქნებით ანექსირებული? განა "რუსთავი 2"-ის ლოგოც ამას არ ღაღადებს ცისფერი ეკრანიდან, მეორე ტროას გაგიმართავთ დღეს იქნება თუ ხვალ-ზეგო.

წარუშლელია ქალბატონ სალომეს ზურაბიშვილის წიგნი "საქართველოსკენ". ქალბატონ სალომეს მოვლილი აქვს ტიბეტი, მსოფლიოს ეზოტერიკული ცენტრები, ორიგინალში დაწაფებია ჟან-პოლ სარტრს, ალბერ კამიუს, ჯეიმზ ჯოისს, უილიამ ფოლკნერს, "ცნობიერების ნაკადის" ფასეულობებს თუ კლასიკას ზოგადად, ძირეულად გარკვეულა თავისი დედასაქართველოს მისსიაში, რომელიც იგივე სურამის ციხეა მისთვის, მისი უწვერული წინაპარი რომ ჩაეშენება საკუთარი ნებით. აი, როგორ საქართველოსკენ მოეშურება მეორე მანდილოსანი პოლიტიკური ფიგურა ქართულ სინამდვილეში 8 საუკუნის მერე.

გადამწყვეტი ბრძოლა ტროასთვისო, თუ განაცხადა ჰექტორმა, ყველაფერი გასაგებია, რომ პროტოიბერიული რასის გადარჩენაზეა საუბარი, მაგრამ იგივე სიტყვები თუ გაიმეორა ბერძნების წინამძღოლმა აგამემნონმა, აქაც ცალსახადაა გადმოცემული განწყობა, ოღონდ პროტოიბერიელის მიწის პირისაგან აღსახოცად. მხოლოდ მეტისური წარმომავლობის სააკაშვილის და მისი ნაციონალური მოძრაობის შემთხევაშია გაურკვეველობა, რებუსები, ორჭოფობა, კონკრეტულად რომელ საქართველოზეა საუბარი, ქართველები რომ ვცხოვრობთ და ვმოღვაწეობთ, თუ უქართველებო, და მიკვირს, დიდად გავსახრტებულვარ ამისთანა კატეგორიის ხალხს ქვეყნის მოღალატეს რომ ეძახიან გულუბრყვილონი. მოღალატეა ის, ვინც შენი თანამემამულე იყო ოდესღაც, ესენი კი პირწავარდნილი სახელმწიფი დამნაშავენი არიან, სამხედრო ტრიბუნალის პერსონაჟები, საერთაშორისო ტერმინოლოგიით – რეზიდენტები. ჩინებულად რომ ასრულებენ თავიანთი სულიერი მამების მითითებებს და თვალში ნაცარს აყრიან უბირ მოსახლეობას, აქაოდა, შეხეთ, რა კარგად ვაგებდით ასფალტს, როგორ მძლავრობდა ჩვენს დროში ელექტროენერგია, როგორ ვმღეროდით "თბილისოს" და იმაზე დუმან ეს დუმაშეჩვენებული ყურუმსაღები, საღ-სალამათ მამაკაცებს რომ წაკუზავდნენ ხოლმე ახოსპირა ბუნკერებში ნამუსის ასახდელად; სასიცოცხლო ორგანოებს რომ ამოაცლიდნენ სხეულიდან ჯერაც სულმოხანტალე ადამიანებს.

დრაკონის ხიდს გვიშენებდნენ მშვიდობის ხიდის სახელწოდებით; ცილინდრის ფორმის, სპილოგადაყლაპული პითონის აღნაგობის პარლამენტის შენობას გვიგებდნენ ქართული კანონშემოქმედების შესასანსლად, ეგზიუპერის "პატარა უფლისწულის" მაგალითისამებრ; არქიტექტორ მიკელე დე ლუკს რა ენაღვლება, შეუკეთეს ურჩხული და გამოაჩონჩხა. შლაპანცებით გვაბიჯებენ თოხლო კვერცხებს და გვაბრტყელენბენ თავიანთი ჭკუით; ლოტოსის ყვავილის სახურავიან იუსტიციის სახლში 24-საათის განმავლობაში შეუძლია ნებისმიერ უცხოელს შეიძინოს 100, 200, 300 ჰექტარი ქართული მიწა, რომ შემდგომ კანაფის ნარკობიზნესში გაჰხვიოს სრულიად საქართველო.

პოლიტიკურ არენასთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია. გაიკრიახა ჟუჟუნა წვიმასავით გვალვიან ცაზე ჯონდი ბაღათურიამ და ეგრევე მიკულისდა; ედეპეელი ბაჩუკი ქარდავა (შეხვედრაზე რამდენიმეგზის შეხმიანებულს ციებიანივით გამირბის), ხაბაზობს ძველებურად და არის პირში წყალჩაგუბებული; ვსტუმრებივარ თავიანთ ოფისში თენგიზ ჯგუშიას და კახა კუკავას, მაგრამ რუსული ვოიაჟების შემდეგ რატომღაც მივავიწყდით – არადა, ჩამიდის ხმები – 200-ზე მეტი ქართველი დიასპორელი მილიონერი და რამდენიმე მილიარდელი სერიოზულ თანხებს გაიღებენ თურმე ქართული პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცაკი ეს ფულადი რესურსი ჯანსაღი პოლიტიკური ასპარეზის გაშლის ნაცვლად უნიტაზებისა და ჯაკუზების შეძენას ხმარდება ამათგან სავალალოდ.
ღონემიხდილი და დაუძლურებული საქათველოს საშველად მოეშურება მარადქალური მადლით ცხებული სალომე ზურაბიშვილი, იგივე სურამის ციხისკენ, საუკუნეების წინათ პირტიტველა მისიანი რომ ჩაშენებია საკუთარი ნებით იმ კედლების ურყეობასა და რა უფლება გვაქვს ხაბარდა-თქო, არ შევძახოთ რიგითებმა, რადგან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს აღებული საკუთარ თავზე; რადგანაც საჭიროა ახალი მიძრაობის შექმნა, რომელიც ამიერიდან ვერ იქნება მხოლოდ პატროფილურ ფასეულობებზე აგებული, ალბათ, გაითვალისწინებს მომავალში სამოქალაქო ინტეგრაციასაც, და რაც მთავარია, გზას გაუხსნის ნიჭიერებას, შიდა ბაზრის დაცვას, ინვესტიციების მოზიდვას ენდემური ჯიშების ასაღორძინებლად და ვინ მოსთვლის.

აი, როგორი საქართველოსკენ, როგორი სურამის ციხისკენ მოეშურება სალომე ზურაბიშვილი და ფეხბედნიერი ყოფილიყოს სრულიად საქართველოსთვის თავდადებული მსწრაფველობა მისი.

გური ოტობაია,
მწერალი.

მეტის ნახვა
26-10-2018, 17:30


გვესაუბრება ორგანიზაცია "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე, ანალიტიკოსი რეგიონალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი.

"საერთო გაზეთს" და მის მკითხველს პატივს რომ არ ვცემდე, ამ ბინძურ წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ინტერვიუზე არ დაგთანხმდებოდით. რა თქმა უნდა, გვინდა ჩვენი მოსაზრებები საქართველოს მოსახლეობამაც იცოდეს, სახეზეა უღირსი მეთოდებით მიზნის მიღწევის მცდელობა. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა თუ ამდენი, ბოდიში მომითხოვია და ნაბოზარი კაცი თუ ცხოვრობდა საქართველოში. 80-იან წლებში, საქართველოში მამაკაცების უმრავლესობა კაცობაზე დებდა თავს, როგორც ჩანს, მაძღარ ადამიანს სურვილი უჩნდება მორალური ავტორიტეტიც იყოს, ამ სიტუაციამ ყველას ჩამოხსნა ნიღაბი და მათ თავიანთი ნამდვილი სახე გამოაჩინეს. მე კაცი-მამის და კაცი-პაპის გარემოცვაში ვარ გაზრდილი და ვიცი, ადამიანი საიდუმლოს რომ გაგანდობს, ის სამარეში უნდა წაიღო, თუნდაც ის კაცი მერე შენი მტერი გახდეს. ახლა პირიქით, ერთმანეთთან იმისთვის მიდიან, რომ საუბარი ჩაიწერონ და მერე ეს ადამიანი ან დააჭერინონ, ანდა ჩირქი მოსცხონ. რატომღაც ვისი საუბარიც ჩაიწერეს ის ცუდია, "ჩამწერი" კი არა. ვთვლით, რომ ძალიან ბინძური წინასაარჩევნო კამპანიაა, სასოწარკვეთილი პოლიტიკოსების ისტერიას ჰგავს ეს ყველაფერი. განსაკუთრებულს არაფერს ველოდებით, არჩევნების მერე ერთი გაფართხალება ექნებათ ოპოზიციონერებს, ერთს კიდევ გაიბრძოლებენ, მაგრამ ვერც პოლიტიკურ ტემპერატურას აწევენ და მით უმეტეს ვერც რევოლუციამდე მიიყვანენ ვითარებას, რომ ძალით დაამხონ ხელისუფლება.

90-იანი წლების ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღევანდელ ხელისუფლებას თვითონაც საკმაო ძალა აქვს და ქვეყნის გარედანაც ძალიან სერიოზული მხარდაჭერა აქვს. წინა ინტერვიუშიც გითხარით და გავიმეორებ, არჩევნების შემდგომ, უახლოეს 5–6 თვეში, საქართველოში არნახული მასშტაბების ინვესტიციები შემოვა, რაც არ ყოფილა არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის მმართველობის დროს. ნაცმოძრაობის და ზოგიერთი ოპოციზიური ორგანიზაციის ისტერია იმის შესახებ, რომ საქართველომ პროდასავლურ კურსს გადაუხვია, არის მცდარი და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. თვითონ ამ საპრეზიდენტო არჩევნებს პრეზიდენტის უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, ჩვენთვის რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, სამაგიეროდ დიდი მნიშვნელობა აქვს ოპოზიციური პარტიებისთვის, რადგან ეს არის ტესტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ოპოზიციამ 28 ოქტომბრის არჩევნებში თუ ვერ შეძლო მოსახლეობის მობილიზაცია და მისთვის სასურველი `პროცენტის~ დაფიქსირება, შეიძლება ბევრი პოლიტიკური პარტია 2020 წელს საერთოდ გაქრეს პოლიტიკური სარბიელიდან. ამიტომ ყველა ცდილობს ხმების რაღაცა რაოდენობა დააფიქსიროს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ამ ხმებით კოალიციის შესაქმნელად სხვებთანაც ივაჭროს და საზღვარგარეთაც მოაწონოს ვინმეს თავი. აი, ეს არის ამ საპრეზიდენტო არჩევნების მთელი ანატომია, სხვა არაფერი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული არ ხდება. 

საქმის კეთება თუ გინდა, სულაც არ არის საჭირო უმრავლესობაში იყო, დეპუტატის სტატუსი, ოპოზიციური პარტიის ლიდერის სტატუსი სავსებით საკმარისია, რომ რისთვისაც ხელისუფლებას აკრიტიკებ, შენ გააკეთო ის საქმე. ჩვენს ორგანიზაციას სახელისუფლებო სტატუსი არ აქვს, მაგრამ უამრავი საქმე გვაქვს გაკეთებული ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ ისე, რომ ხელისუფლებისთვის დახმარება არ გვითხოვია. 2019 წელსაც იმდენ ინვესტიციას შემოვიტანთ საქართველოში, შევარდნაძემ და სააკაშვილმა რომ ვერ შემოიტანეს. სამშობლოს სიყვარულს და ხალზე ზრუნვას სტატუსი არ ჭირდება, თუკი ქვეყნის გარეთ ავტორიტეტი გაქვს და როგორც სერიოზულ კაცს, ისე გელაპარაკებიან. ბევრს კი ხმაურობენ, მაგრამ საქართველოში ფაქტობრივად არ გვყავს ოპოზიცია, ჩვენი აზრით, ოპოზიციონერი ის არის, ვინც უკეთესად აკეთებს იმას, რასაც ხელისუფლება ვერ აკეთებს. სააკაშვილის გუნდს, რევოლუციის გარდა, ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლის შანსი არ აქვს, ამიტომ სააკაშვილი შეეცდება სიტუაციის არევას. სააკაშვილი და მისი გუნდი რამდენიმე მიზეზის გამო ვერ გაიმარჯვებენ, პირველი — მიშა სააკაშვილს აღარ ყავს ლობი დასავლეთში, ამის დასტურია ის ფაქტი, რომ იგი გააგდეს კიევიდან და მისი დამცირება-შეურაცხყოფები ხახვივით შერჩა უკრაინის ხელისუფლებას. სააკაშვილს საქართველოში კიდევ უფრო შეუმცირდა მომხრეები, ემიგრაციაში წასული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, სწორედ ნაციონალების მხარდამჭერია. გარდა ამისა, ვერც 2012 წლის ვერც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ისევე, როგორც ადგილობრივ და შუალედურ არჩევნებში ნაცმოძრაობამ ვერ მოახერხა თავისი მომხრეების ოპერატიული მობილიზაცია და არჩევნებზე მიყვანა. ამდენად, ხელისუფლებას უფრო მეტი შანსი აქვს თავისი მომხრეების მობილიზაცია მოახდინოს და საარჩევნო ყუთებთან მიიყვანოს. შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, ხელისუფლების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, ანუ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს ამ არჩევნებში.

– ბატონო ზაალ, ხელისუფლების მხარდაჭერია ერთია, მაგრამ თავად საზოგადოებაც აქტიურობს, რომ კოლექტიური ნაცების საპრეზიდენტო კანდიდატებს შანსი არ დაუტოვონ. ინტერნეტსივრცეში უამრავი ადამიანი წერს, რომ სწორედ ამ კონტიგენტის არაჯანსაღმა აქტიურობამ გადააწყვეტინა არჩევნებზე მივიდნენ და ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.

– სააკაშვილს, ნაციონალებს, მათ მომხრეებს და სხვა ოპოზიციონერებს ჰგონით, რომ "ქართული ოცნების" ალტერნატივა არიან, რომ საქართველოს მოსახლეობას გემოვნება არ აქვს და ის იძულებულია ან მმართველ ძალას მისცეს ხმა, ან ნაციონალებს. თუ ვინმეს არ მოწონს "ქართული ოცნება" (არ ვგულისხმობ დედაბუდიანად ნაციონალებს), ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ კოლექტიური ნაციონალები მოწონთ და მათ მისცემენ ხმას. საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც ფიზიკურადაც დაუპირისპირდებიან ნაციონალებს და მხოლოდ "ქართული ოცნების" ასე ვთქვათ, დამსახურებაა, რომ ამ ადამიანებმა შურისძიების სერია არ წამოიწყეს. მეორე საკითხია კოჰაბიტაციის პოლიტიკა, რის გამოც ბევრი ლანძღავს "ქართულ ოცნებას". ჩვენ არ ვლანძღავთ, იმიტომ, რომ საქართველოს ვალდებულებები აქვს საერთაშორისო საზოგადოებასთან. მსოფლიომ ნახა, რომ 2012 წელს, დემოკრატიულად, არჩევნების გზით შეიცვალა საქართველოში ხელისუფლება და შემდეგ აღარ იყო შურისძიებები, იგივე პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამომწყვდევა და ქუჩებში ხალხის დახვრეტა, რასაც ნაციონალები და მათი წინამორბედი, ედუარდ შევარდნაძე აკეთებდა. ეს "ბიჭები" შევარდნაძის დროსაც რომ ბრძანდებოდნენ ხელისუფლებაში, რატომ გავიწყდებათ, მაშინაც ციხეები პოლიტპატიმრებით რომ იყო სავსე და ქუჩაში ხვრეტდნენ განსხვავებული პოლიტიკური ქშეხედულების მქონე ადამიანებს, ხმას რატომ არ იღებდნენ? აღარაფერს ვამბობ, თავად რომ მობრძანდნენ ხელისუფლების სათავეში, რა უბედურება დაატრიალეს.

რაც შეეხება კომპრომატებს, თუ დასაშვებია კომპრომატებით ჭიდაობა, მაშინ წინა ხელისუფლებაზე არსებული კომპრომატებიც ვნახოთ, ყველას კომპრომატი გამოვამზეუროთ, გავხსნათ არქივი. რამდენი წელია საქართველო დამოუკიდებელია, რატომ არ მივიღეთ ლუსტრაციის შესახებ კანონი? ჩვენ სულ ამას ვითხოვთ, კომპრომეტირებული ადამიანები ძალიან ადვილი გადასაბირებელი და სამართავები არიან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან. ვისზეც არსებობს კომპრომატები, ნუ გამოვაქვეყნებთ, საჯაროს ნუ გავხდით, მაგრამ მაგრამ ვინც უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობაშია შემჩნეული თუნდაც ერთხელ, მივიღოთ კანონი, რომ ასეთი ადამიანები ხელისუფლებაში აღარ მოვიდნენ. ასევე აუცილებლად უნდა მივიღოთ კანონი ცილისწამების შესახებ და სამშობლოს ღალატის შესახებ, ნაციონალებმა ეს ბრალდებაც გააუქმეს. სანამ ეს სამი კანონი არ ამოქმედდება, ქვეყანაში მდგომარეობის გამოსწორება ფანტაზიის სფეროა. ვისარგებლებ შემთხვევით და მივმართავ საკანონმდებლო ორგანოს, მმართველ ძალას, რომ ეს სამი კანონი სასწრაფოდაა მისაღები.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
26-10-2018, 15:30


"საერთო გაზეთის" სტუმარია მხატვარი ნიკუშა შენგელაია:

_ ბატონო ნიკუშა, არჩევნები ახლოვდება. რა გადალაგებებია პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე?

_ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე დიდ გადალაგებებს, ახალ მოთამაშეებს ვერ ვხედავ. თუმცა, მმართველმა პარტიამ უარი თქვა ამ თანამდებობაზე თავისი კანდიდატი წარედგინა და მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭირა, რაც შეიძლება სიახლედ ჩაითვალოს. ვფიქრობ, ეს დემოკრატიული პროცესების განსავითარებლად წინგადადგმული ნაბიჯია. ამ ყველაფერს დრო, ბევრი რამის გააზრება, გაანალიზება და პოლიტიკურ არენაზე ახალი ძალების გამოჩენა სჭირდება. ყოველდღიურად მიწევს მოსახლეობასთან საუბარი და მათი განწყობები ჩემთვის ცნობილია. პროცესი ერთიდაიმავე რეჟიმში მიდის, ხალხი ცოტა დაიღალა. წარმოდგენილ კანდიდატთა შორის, რა თქმა უნდა, ბევრი რამის გათვალისწინებით, სალომე ზურაბიშვილი ნდობას ყველაზე მეტად იმსახურებს თუნდაც თავისი ბიოგრაფიის, წესიერების გათვალისწინებით. დანარჩენ კანდიდატებში პოლიტიკური ავანტიურიზმი შეიმჩნევა, ისინი მხოლოდ რევანშიზმით, ძალაუფლების წყურვილით არიან შეპყრობილნი. საშინელი საყურებელი და მოსასმენია მათი დებატები, აქ, მჟღავნდება რასაც წარმოადგენენ _ საქართველოში ქალბატონის ლანძღვა არასდროს ყოფილა მოსაწონი და ღირსეული საქციელი. მათ, საკუთარი თავი მაქსიმალურად გამოამჟღავნეს. მასმედიით მუდმივად გვესმის გაუთავებელი ქილიკი, ბრალდებები, ცილისწამება, ჩანაწერები, რამაც საკმაოდ მახინჯი ფორმა მიიღო. პრეზიდენტობის ოპოზიციონერი მოსურნენი დამოუკიდებელი კანდიდატის დისკრედიტაციით არიან დაკავებულნი. ამიტომ, ამომრჩეველს არ აქვს საშუალება გაიგოს რისთვის მოდის ეს ხალხი, რა პროგრამა აქვთ, რას გააკეთებენ ქვეყნისთვის და ა.შ. "ნაცმოძრაობის" წევრებს რომ ვუსმენ ერთი შთაბეჭდილება მრჩება, ისინი გაბრაზებულები, დაბოღმილები, რევანშიზმით შეპყრობილი ადამიანები არიან.

ვფიქრობ, ქართველ ხალხს ეყოფა გონიერება და სწორ არჩევანს გააკეთებს. ადამიანებისაც მესმის, რომლებშიც ძალიან დიდი ნიჰილიზმი სუფევს. გასაკვირი არ არის, რომ ადამიანებს უფრო და უფრო უკეთესი უნდოდეთ, ეს ნორმალური გამოვლინებაა, მაგრამ ხანდახან, ეს ყველაფერი რეალობას უნდა შევადაროთ _ რა ქვეყანა ვართ, რისი საშუალება გვაქვს და აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მივიღოთ. მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა, მშვიდობაა და ამ ფონზე, საშუალება გვაქვს ვისაუბროთ, ვიკამათოთ თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს ხელისუფლება, რამდენად სწორია მათი მართვის სტილი _ ამაზე დავა და კამათი ნორმალურია. საზოგადოებას და, მათ შორის, მეც გვაქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრი საკვანძო პოსტი არაკომპეტენტურ კადრებს აქვთ ჩაბარებული. მართვის სტილი ნდობაზე, კომპეტენციაზე უნდა იყოს დამყარებული და ა.შ. ვფიქრობ, უფრო ღრმა, გახსნილი პოლიტიკა უნდა იქნას წარმოებული. ჯანსაღი საზოგადოება უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქვეყნის აღმშენებლობაში და მათ მიერ გაჟღერებული ინიციატივები ხელისუფლებამ მეტად იღოს ყურად. მოცემულ ეტაპზე, სჯობს ეს ვითარება დარჩეს, ვიდრე ისევ არეულობაში, დესტაბილიზაციაში აღმოვჩნდეთ, რაც არავითარ ფასეულობებს, ღირებულებებს არ მოიტანს. პირიქით, მერე, წყნარ ვითარებაში უნდა ვისაუბროთ თუ რა ღირებულებების მატარებელი ხალხია შეკრებილი მმართველ ძალაშიც. იქ, ძალიან ბევრი სხვადასხვა ფასეულობის ადამიანია, ბევრიც ყოფილი ხელისუფლების მომხრე თუ თანამდებობის პირი. უნდა მოვითხოვოთ პასუხი: რა პრინციპით ხდება ეს შერწყმა. ხალხის უკმაყოფილებასაც სწორედ ეს იწვევს _ რიგ სფეროებს მორალური, ზნეობრივი და პროფესიონალი კატეგორიები არ ხელმძღვანელობენ. ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს საზოგადოებისთვის ამაზე პასუხის გაცემა. 

_ დღემდე, სალაპარაკო თემაა წინა არჩევნებში "ნაცმოძრაობის" მიერ აღებული 27%. იგივე შედეგის აცილება რამდენად შესაძლებელია?

_ ეს პროცენტი ყოველთვის იქნება. ჯერ ერთი, ადამიანები ამით თავის პირად უკმაყოფილებას გამოხატავენ: ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი დაუსაქმებელი, ღატაკია, რაც პირდაპირ ტვირთად აწევს არსებულ ხელისუფლებას. ამიტომ, ასეთი ციფრები ყოველთვის იქნება. ამ ადამიანების ნაწილი, რა თქმა უნდა, უბრალოდ, საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული და ისე აძლევს ხმას, ხოლო ნაწილი _ ტყუვდება-ხოლმე, ჰგონიათ, რომ პენსიას 50 ლარს დაუმატებენ. აქვე, ვიტყვი: ისეთი სარეკლამო რგოლები, დაპირებები გადის, რაც პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის, ეს ხომ ტყუილია. ამიტომ, მგონია ხალხმა ეს ყველაფერი კარგად უნდა გაიაზროს და საკუთარი უკმაყოფილების გამო ქვეყნის სათავეში ის ძალა არ მოიყვანოს, რომელიც, ქვეყანასაც დააზარალებს და მათაც. ეს დასაფიქრებელია. თორემ, ეს პროცენტი ნებისმიერ საზოგადოებაში, განსაკუთრებით, ჩვენში ნორმალურია. 

_ გრიგოლ ვაშაძე პრო-დასავლელად აცხადებს თავს, მის კონკურენტ სალომე ზურაბიშვილს კი პრო-რუსულობაში დებს ბრალს. ეს რამდენად ლოგიკურია?

_ სალომეს საგარეო საქმეთა მინისტრობისას, საქართველოდან რუსეთის ბაზები გავიდნენ. ამ საქმეში მას დიდი წვლილი მიუძღვის. ზოგადად, ზურაბიშვილს ძალიან დიდი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. ვამბობთ, რომ ჩვენი გზა ევროპისკენაა. ამ ქალბატონს დიპლომატია სწორედ ევროპაში აქვს ნასწავლი და პრაქტიკაც იქ გაიარა. ვაშაძეზე რა უნდა ვთქვა. იგი მიშას ახლობელი იყო, მოიყვანა მინისტრად და რა ქნეს?! ეს პირადი ინტერესების სფეროა. მათ მიერ ქვეყნისთვის კარგი გაკეთებული საქმე, არაფერი მახსენდება. სხვისკენ თითების ქნევას, სჯობს საკუთარ წარსულს გადახედონ. ეს ქვეყანა მართლა ჩალით კი არ არის დაფარული _ ყველამ ვიცით ვაშაძე სად ცხოვრობდა, სად მუშაობდა და რას აკეთებდა. სხვათა შორის, ჩეკისტების თვისებაა: თუ ჩეკისტი თავად ხარ, ეს სასწრაფოდ სხვას უნდა გადააბრალო. ეს კაგებეს სკოლაა. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ლიდერი მინახავს, რომელიც თავად იყო ჩეკისტი და სხვას აბრალებდა, ლაფს ასხამდა. არ გვინდა ამაზე საუბარი, ყველამ ყველაფერი იცის, ხალხს თვალებში ნაცარს ნუ აყრიან. შეიძლება ადამიანი ღარიბი იყო, მაგრამ ღირსეული და ფასეულობებზე ორიენტირებული. საქართველო ყოველთვის ღარიბი ქვეყანა იყო, მაგრამ ჩვენი წინაპრები ღირსეული ადამიანები იყვნენ. ტყუილად როდი დაგვიტოვა ილიამ ეს ტრიადა _ ენა, მამული, სარწმუნოება. ჩვენ ისევ ამაზე უნდა ვიდგეთ და არა ფუფუნებაზე, ქონებაზე და ჭამა-სმაზე. მერე, ნელ-ნელა ყველაფერი განვითარდება. ამიტომ, დღეს, ძალიან მნიშვნელოვანია აქტიურობა, არჩევნებზე მისვლა და პოზიციის დაფიქსირება, რათა საკუთარი ნიჰილიზმი, უკმაყოფილება ცუდმა ძალამ არ გამოიყენოს და მერე, სანანებელი არ გაგვიხდეს. რაც შეეხება ვაშაძის პრო-დასავლელობას, იცი რა, ძალიან ცუდია, რომ დღევანდელი პოლიტიკა საერთოდ, თავის თავში ისე მარტივად მოიცავს დაპირებებსა და ტყუილს, რომ ამ ყველაფერზე ხალხს გული უცრუვდება. ვაშაძემ რაც უნდა ილაპარაკოს, ხალხმა ხომ იცის სიმართლე. გაიძახის: ევროპული სახალხო პარტია მიჭერს მხარსო. ევროპარლამენტში სხვა პარტიებიც არის. ან ვინ უჭერს ერთი მხარს? ამ პარტიის რომელიმე ლიდერმა გააკეთა მსგავსი განცხადება? მე, არ მომისმენია. შუბლზე ძარღვი აქვს გაწყვეტილი და რაც თავად აწყობს, იმას ამბობს.

_ როგორ მუშაობს მასმედია წინასაარჩევნოდ?

_ ტელევიზიებში არცერთ ნორმალურ ადამიანს მისვლა არ უნდა. ჭკვიან ხალხს კი ეძახიან, მაგრამ მათ, ფორმატიდან გამომდინარე, ასეთ გადაცემაში მონაწილეობის მიღება არ სურთ, რაც აბსოლუტურად სწორია. ჟურნალისტი რესპონდენტს აგინებინებს და ალანძღინებს კონკურენტს. მერე, ვის ეძახიან საპირწონედ, ვინ არის ეს ხალხი, რა გაუკეთებიათ ქვეყნისთვის. რა კრიტერიუმებით აფასებენ იმ ხალხს, ვისაც აზრს ეკითხებიან. ეძახიან დაპირისპირებულ მხარეებს, რათა ერთმანეთი დაჭამონ. ყველა ტელევიზიას არ ეხება, თუმცა რიგი მათგანი შოუებით დაპირისპირებას უწყობს ხელს. მასმედიას აკლია ანალიტიკური გადაცემები. საერთოდ, ნორმალურ ადამიანებს, ქართული მასმედიის ყურების სურვილიც აღარ გვაქვს.

_ გვარამიამ განაცხადა: ვინც ზურაბიშვილს მისცემთ ხმას, ყველას გიმახსოვრებთ და მერე, ვაი, თქვენი ტყავის ბრალიო.

_ გვარამიას მოწოდებებს არც ვუსმენ, არც ვკითხულობ. საერთოდ, ეგ პიროვნება თავის ტელევიზიიანად სრულებით არ მაინტერესებს. გაშიფრულნი არიან ვინც არიან და რა მიზნებიც აქვთ. რამდენიც უნდათ იყეფონ _ ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის.

_ როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში?

_ არ ვიცი, ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს. ვფიქრობ, ჩვენთან არის ერთი მნიშვნელოვანი თემა, რასაც შეიძლება პრეზიდენტი სათავეში ჩაუდგეს და საზოგადოებასთან ერთად სერიოზული მოძრაობა დაიწყოს _ ეს არის ეკოლოგია და დემოგრაფია. ეს თემები, მე თუ მკითხავთ, პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე მეტად საყურადღებოა. ამ თემას სათანადო ყურადღება თუ არ მიექცა, მთელი ეკონომიკა და მასთან ერთად სახელმწიფოც, უკან დაგვრჩება. ჯობია, თავიდანვე ვიაქტიუროთ და სასურველ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, რათა მეორე ტური საჭირო არ გახდეს. თუმცა, ესეც არ არის პრობლემა. დემოკრატიულ არჩევნებში, ძალიან ბევრ ქვეყანაში, სწორედ მეორე ტურში წყდება კანდიდატის ბედი.

_ ვაშაძე შეგვპირდა სააკაშვილს შევიწყალებო. ამას რა მოჰყვება?

_ ვაშაძე რომ მოვიდეს პრეზიდენტად, ჩათვალე, საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივა. ეს გვინდა? "ნაციონალებს" შეიძლება სწორედაც ეს სურთ. მათთვის ქვეყანა, ხალხი როგორც მაშინ, ახლაც არაფერს წარმოადგენს. თუ ცოტა ჭკუა გვაქვს, ქვეყნის წინსვლაზე, შვილების მომავალზე და მშვიდობაზე უნდა ვიფიქროთ, არჩევნებზე მივიდეთ და იმ ბნელ ძალას, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებას გეგმავს, უარი ვუთხრათ.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
26-10-2018, 13:00


"საერთო გაზეთის" სტუმარია მხატვარი შოთა გლურჯიძე:

_ ბატონო შოთა, არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება. რა მოლოდინი გაქვთ?

_ ჩემი აზრით, წლევანდელი არჩევნები, სახელისუფლო, უფრო ზუსტად, დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართ, უზომოდ საშინელი დევნით ხასიათდება. ოპონენტების მიერ არჩეული ბრძოლის ეს ფორმა დიდი ხანია პოლიტიკის ფარგლებს გასცდა და პირად შეურაცხყოფაში, უზნეო დევნასა და ცილისწამებაში გადაიზარდა. პირადად, ქალბატონ სალომეს დიდი ხანია ვიცნობ. მასთან ურთიერთობა იმ დროიდან მაქვს, რაც საქართველოში ჩამოვიდა. სალომე ზურაბიშვილს რუსეთის აგენტობა ანდა ამ ქვეყნის მიმართ ლოიალური განწყობა დააბრალო, ეს აბსოლუტური უნამუსობაა. მეტიც, ჩემი აზრით, ქალბატონი სალომე ზედმეტად რუსოფობიც კი არის. ზოგადად, იგი, მრავალმხრივ საინტერესო ადამიანია. მის ბიოგრაფიაში, ჩვენთვის საყვარელი ემიგრაციის ბედ-იღბალი, სრულად არის ასახული. ამიტომ, ვთვლი, თუ იგი საქართველოს პრეზიდენტი გახდება, ჩვენი მხრიდან ეს იქნება პატივისცემის გამოხატულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც წლების მანძილზე ქართული კულტურა შეინარჩუნეს. საფრანგეთში სალომე ზურაბიშვილის ოჯახმა, საკუთარი ხარჯით, პატარა მართლმადიდებლური ტაძარი გახსნა, რაც ბევრმა არ იცის. შეკითხვა _ კათოლიკეა იგი თუ მართლმადიდებელი, უადგილოა იმ თვალსაზრისით, რომ ეს ქალბატონი ამ წიაღში გაიზარდა, საკუთარი მართლმადიდებლური ეკლესია აქვს და როგორ შეიძლება კათოლიკე იყოს. ანუ, იგი, ბავშვობიდან ამ სივრცეში იზრდებოდა, მეტად ქართველია, ვიდრე აქაური ქართველები.

ასე ვიტყოდი, სალომე ზურაბიშვილი, ყველა თვალსაზრისით, სამაგალითო ქართველია. მას თავისუფლად შეეძლო საკუთარი ცხოვრება საფრანგეთში გაეგრძელებინა, მაგრამ ამ ოჯახის მისია ყოველთვის საქართველოში დაბრუნება, მისით სუნთქვა იყო. ამიტომ, ჩემთვის, სალომე ზურაბიშვილი უალტერნატივო კანდიდატია. წინა არჩევნებში ქალბატონ სალომეს რაღაც სისულელეები მოუგონეს და მონაწილეობის საშუალება არ მისცეს, რის გამოც `ქართულ ოცნებაზე~ ძალიან გაჯავრებული ვიყავი. ამის გამო, მარგველაშვილისთვის ხმის მიცემა არ მინდოდა. მას, ჩემი აზრით, სალომესთვის მხარი უნდა დაეჭირა. გასაგებია, რომ იგი თავად იყო კანდიდატი, მაგრამ სალომესაც უნდა ჰქონოდა საშუალება, რათა კენჭი ეყარა. ძალიან მინდა, რომ ზურაბიშვილმა არჩევნებში გაიმარჯვოს. პროგნოზის გაკეთება ძნელია, მაგრამ `საერთო გაზეთის~ ფურცლებიდან, ამ ინტერვიუს მეშვეობით მინდა ქართველებს მოვუწოდო: მხარი ღირსეულ კანდიდატს დაუჭირონ. ეს არამარტო სალომესადმი, არამედ, იმ ადამიანებისადმი მხარდაჭერა იქნება, რომლებმაც ქართული გენი, კულტურა წლობით შეინარჩუნეს და ატარეს. ეს, ჩვენი, ერთგვარი ვალია. ამ საკითხს ასე ვუყურებ.

_ როგორ დაახასიათებთ "ნაციონალების" კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს?

_ არ მინდა იმ ადამიანებს დავემსგავსო, რომლებიც პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბინძურ პიარს იყენებენ. ჩემთვის სავსებით საკმარისია ის, რომ გრიგოლ ვაშაძე კენჭს 5 ნომრით იყრის. ეს ციფრი ქართველებისთვის, უკვე, საძულველია. აქედან გამომდინარე, მგონია, ეს მისი ოჯახის მთავარი პრობლემაც არის, რომელსაც წესით, უწინაც სხვა არჩევანი უნდა გაეკეთებინა, როცა დაინახა თუ რა ძალასთან ჰქონდა ურთიერთობა. ახლაც, ამ სივრცეში, დარჩენა, ჩემი აზრით, კულტურული, ნორმალური ადამიანისთვის, სამარცხვინოა. 

_ სალომე ზურაბიშვილისადმი შავი პიარის აგორება, ძირითადად, მისი განცხადებიდან დაიწყო, რაც ომის თემას უკავშირდებოდა. ამ საკითხზე თქვენი მოსაზრება როგორია?

_ ეს იმდენად ღრმა საკითხია, ასე მარტივად პასუხს ვერ გაგცემ. შესაძლოა მერე, ამ ინტერვიუდან მავანმა რაღაც ნაწილი ამოგლიჯოს და ათასგვარი სიბინძურე დამაბრალოს, როგორც ეს სალომეს შემთხვევაში მოხდა. ეს ძალიან რთული საკითხია, რაც სათანადოდ გამოძიებული არ არის. ამ თემის გამოსაძიებლად შექმნილი იყო კომისია თუმცა, ისეთი პირებით დაკომპლექტებული, რომელთა მიმართ ნდობა არც საზღვარგარეთ აქვთ და არც ქვეყნის შიგნი თ. საკითხი კვლავ აქტუალურია, ამიტომ, მე, პარლამენტის ადგილას კიდევ ერთხელ მოვიწვევდი საგამოძიებო კომისიას, ოღონდ, ამჯერად საერთაშორისო დონისას და ამ საკითხს წერტილს დავუსვამდი. რა თქმა უნდა, საქმის მოკვლევა "ნაცმოძრაობას" არ აწყობს და კოაბიტაციაში მყოფი "ქართული ოცნებაც" ამ საქმის გამოძიებას არ ჩქარობს. სალომეს განცხადებიდან რამდენიმე ფრაზა კონტექსტიდან ამოგლიჯეს და ბინძურად ატრიალებენ. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ეს არ გტკიოდეს, ამ თემის მიმართ მკაფიო პოზიცია არ გქონდეს. ამიტომ, გამოძიება უნდა ჩატარდეს და ამ თემით სპეკულირებას საბოლოოდ წერტილი დაესვას. ასეთია ჩემი პოზიცია.

_ ხშირად მსმენია: ვაშაძე და ბაქრაძე საარჩევნო სიაში კი არა, არამედ ციხეში უნდა იჯდნენ. "ქართული ოცნება" აქაც ხომ არ ტყუის, როდესაც თავის დროზე "ნაცმოძრაობის" გასამართლების საკითხი არ დააყენა?

_ ყველაფერზე მკაფიო პასუხი უნდა გვქონდეს. ამ ადამიანებს იგივე, ვაშაძეს ხელფასს ვუხდით, რაც ჩვენი ჯიბიდან მიდის. აქედან გამომდინარე, პარლამენტი ანგარიშვალდებულია პასუხი გაგვცეს იმ თემებზე, რაც ცოტა ხნის წინ "პატრიოტთა ალიანსმა" დააყენა. ჩემი აზრით, ეს ინიციატივა ძალიან დაგვიანებულია. სულაც არ არის საჭირო 300 ათასი თუ მეტი ხელმოწერის შეგროვება იმისთვის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს, იგივე, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რომელმაც 2003–2012 წლები უნდა შეისწავლოს. არ არის იმის აუცილებლობა, რომ ამას მთელმა საქართველომ ხელი მოაწეროს. ეს ხალხი სწორედ იმისთვისაა არჩეული, რომ მსგავსი მწვავე საკითხები განიხილოს. მგონი, ეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე ბუსუსებიანი პრეზერვატივი. გამოიძიონ რა, როგორ მოხდა, რამდენად აქვს ამ ხალხს მორალური, ზნეობრივი უფლება, რათა პარლამენტში ისხდნენ. ბევრი მათგანი "ქართულ ოცნებაშია" გადაბარგებული. მათ არ აქვთ ზნეობრივი უფლება საქართველოს პარლამენტის წევრებად იწოდებოდნენ.

_ ხშირად გვესმის: რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება პრეზიდენტი, მას მაინც არავითარი უფლებები არ აქვსო. ამ ლოგიკით, არაუშავს თუ ქვეყნის სათავეში ვაშაძეს ან ბაქრაძეს ვიხილავთ?

_ იცი რა, მართლაც ხშირად გვესმის: მთავარია ინსტიტუცია იყოს და მნიშვნელობა არ აქვს მას ვინ წარმოადგენსო. ვთვლი, რომ ეს არასწორია. ეს ინსტიტუცია მართლა პატივსაცემი რომ გახდეს, ჰქონდეს ძალა, სათავეში ღირსეული ადამიანი უნდა ედგეს. მის სათავეში ღირსეული ადამიანი თუ იქნება, დამერწმუნეთ, რამდენიმე წელში იგი საზოგადოებაში უზარმაზარ როლს შეიძენს და შესაბამისად, პოლიტიკაშიც. ვიცი, რომ ქალბატონი სალომე ამ ინსტიტუციას ღირსეულად ჩაუდგება სათავეში. შესაბამისად, ასე ქვეყანაც მოიგებს, პრეზიდენტის ინსტიტუტიც გაძლიერდება და მის მიმართ პატივისცემაც გაჩნდება. მთავარია, მის სათავეში ზნეობრივი, წესიერი ადამიანი იდგეს.

_ წარმოვიდგინოთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ვაშაძეა, რომელიც სააკაშვილის, მერაბიშვილის, ახალაიას შეწყალებას გვპირდება. როგორ საქართველოში გავიღვიძებთ?


_ ახლახან, ერთმა ჩემმა ნაცნობმა მითხრა: ხმა ვაშაძეს უნდა მივცე, რა ვქნა, მიყვარს ბალეტიო. არ ვიცი, ვისაც ბალეტი უყვარს, შეიძლება ხმა მას მისცეს. ჩემი აზრით, მისი გაპრეზიდენტება შეუძლებელია. საერთაშორისო, ძალიან ბნელი ძალების მხარდაჭერა რომ არა, "ნაცმოძრაობა" არც იარსებებდა. ფანტასმაგორიაა, მაგრამ თუ მსგავსი რამ მოხდა ეს, რა თქმა უნდა, საქართველოში სამოქალაქო ომს გამოიწვევს. იმიტომ, რომ ქართველი ხალხი "ნაცმოძრაობის" დაბრუნებას არ შეეგუება, ვერც ვაშაძეს მოგვახვევენ თავს და ვერც ბაქრაძეს. ასე, რომ ეს ცუდი სიზმარი უფროა. ვაშაძე სააკაშვილის ხელში მარიონეტია და რასაც მიშა ეტყვის, იმას გააკეთებს.

_ არჩევნებთან მიმართებაში არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის როლზე რას იტყვით?

_ ჩვენი საზოგადოების ეს ორი კომპონენტი, საქართველოში, ყველაზე დიდი პრობლემაა. ვთვლი, რომ ასეთი ძალების გარედან დაფინანსება მაინც მოხდება, მაგრამ ჩემი აზრით, ენ-ჯე-ოების გარედან დაფინანსება კანონით, მაქსიმალურად, უნდა შეიზღუდოს. იმიტომ, რომ როდესაც ისინი ფინანსდებიან რაღაც ფონდების მიერ, რომლებიც განლაგებულია სხვა ქვეყნებში ან მის კონგლომერატებში, ეს ხალხი მათ ინტერეს ატარებს. ჩვენ გვჭირდება საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყნის შიგნიდან იბადება, იმ პრობლემებს ასახავს, რაც საქართველოში არსებობს და არა იმას, რაც ეფხანებათ ევროსაბჭოში, ევროკავშირში, აშშ-სა თუ რუსეთში. ჩემი აზრით, ასეთი აკრძალვა უპრიანი იქნებოდა. ამაზე, შესაძლოა, ერთი ამბავი ატყდეს: საზოგადოებრივ სექტორს ხურავთო და ა.შ., მაგრამ ენ-ჯე-ოებმა იმ თემებზე უნდა იმუშაონ, რაც საქართველოში ადამიანებს მართლა აწუხებთ.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
26-10-2018, 11:00