არ მჯერა!!!
არ მჯერა, რომ გრიგოლ ვაშაძეს 6000 000-მდე ქართველმა მისცა ხმა.
გრიგოლ ვაშაძე ვინ არის _ მიხეილ სააკაშვილის ფსევდონიმია, ანუ გამოდის, რომ 600 000-მა ადამიანმა სააკაშვილის და `ნაცმოძრაობის~ ხელისუფლებაში დაბრუნებას მისცა ხმა.

არ მჯერა ეს ამბავი, თუნდაც იმიტომ, რომ მე უფრო კარგი წარმოდგენისა ვარ ქართველებზე და საქართველოზე.
თუ ამ ქვეყანაში მართლაც ცხოვრობს 600 000 ისეთი ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს მკვლელების, სადისტების, ყაჩაღების, მანიაკების უკან მობრუნებას, მაშინ ეს ქვეყანა უკვე დაღუპულა და დაქცეულა.
25 000 პატიმარი, 300 000 პრობაციონერი, 160 ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდა, 10 000 ოჯახი, რომელსაც ქონება წაართვეს _ აი, "ნაცმოძრაობის" "კეთილშობილურ საქმეთა" არასრული ჩამონათვალი.
ეს 600 000 მოქალაქე მარსზე ხომ არ ცხოვრობდა, რომ არც მას, არც მის ახლობელს, მეზობელს, ნათესავს, მეგობარს, არავის გარშემო და მის სიახლოვეს, ახლოსაც არ გაკარებია ეს საყოველთაო უბედურება?

დავუშვათ, რომ ასე იყო, მაგრამ გაგებით მაინც არაფერი გაუგიათ იმის შესახებ, რაც მათ გარშემო ხდებოდა?

კარგი, ეს "წვრილმან-წვრილმანი" და "უმნიშვნელო" ამბები ყურადღების ღირსი არ იყო მათთვის, მაგრამ არც სამაჩაბლოს და კოდორის შესახებ სმენიათ რაიმე, რომლებიც "ნაცმოძრაობამ" რუსებს მიართვა ხონჩით, რასაც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა მოჰყვა?
ამ 600 000 ადამიანიდან ყველა ისეთი ლენჩი და რეგვენი როგორ არის, რომ ვერავინ ხვდება: 2008 წლის აგვისტოს ომი ეს იყო "ნაცმოძრაობის" და რუსების მიერ ერთობლივად დაგეგმილი პროვოკაცია საქართველოს წინაააღმდეგ, რასაც უამრავი მსხვერპლი და ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა მოჰყვა.
"ნაცმოძრაობის" მიერ გრიგოლ ვაშაძის, თხემით ტერფამდე რუსი პოლიტიკოსის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წამოყენება 2008 წლის პროვოკაციის პირდაპირი გაგრძელებაა, მისი ფინალია, რასაც გარდაუვალად მოჰყვება ქართული სახელმწიფოს დაშლა-დანაწევრება ჯუჯა სახელმწიფოებად და მისი გადანაწილება, როგორც რუსეთზე, ასევე ჩვენს მეზობელ სხვა სახელმწიფოებზე.

"ნაციონალები", იყენებენ რა მათი აკვნის დამრწევი კგბ-ს კაგებეშნიკურ მეთოდებს, სალომე ზურაბიშვილს აბრალებენ იმას, რაც თვითონ არიან და რის გაკეთებასაც თვითონ აპირებენ.

ისინი კი აბრალებენ, მაგრამ ჩვენ გონება არ გვაქვს, ჭკუა არ გვაქვს, განსჯის და აზროვნების უნარი არ გვაქვს, რომ დავფიქრდეთ და ადვილად გასაშიფრი ეს ელემენტარული მზაკვრობა გავშიფროთ?
ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა "ნაცმოძრაობის" მიერ რუსეთის გარკვეულ წრეებთან არის შეთანხმებული და მათგან არის დასტურმიცემული.

"ნაცმოძრაობას" ადვილად შეეძლო ვინმე ისეთი პიროვნება მოეძებნა, რომელიც რუსული პოლიტიკის ძუძუთი არ იქნებოდა გაზრდილ-გამოკვებილი და რომელსაც რუსული სახელმწიფოს ზესაიდუმლო სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი ტვირთითაც არ ექნებოდა მხრები დამძიმებული.
მაგრამ "ნაცმოძრაობა" ასე არ მოიქცა და ყოველგვარი მორიდებისა და შეფარვის გარეშე პირდაპირ რუსული პროექტი წამოაყენა კანდიდატად, რომლის ერთგულებასა და სანდოობაში რუსეთს წამითაც არ ეპარება ეჭვი.

"ნაცმოძრაობის" მიერ გაწნული რუსული "პაშოჩინა" 600 000-მა ქართველმა დედის რძესავით შეირგო და თავზე დაყრილი ნაცარი არც ჩამოუფერთხავს, ისე გაეშურა საარჩევნო უბნებისკენ.
ქართველი ხალხისთვის უფრო დიდი შეურაცხყოფა, უკაცრავად და, უფრო დიდი პანღური, ვიდრე მისთვის გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტად შეთავაზებაა, არ არსებობს.

მსგავსი უტიფრობა, მსგავსი დაცინვა და აბუჩად აგდება მთელი მისი არსებობის მანძილზე არავის უკადრებია საქართველოსთვის.
ვერ ვიხსენებ უფრო ამაზრზენ და შეურაცხმყოფელ ფაქტს.

ჩვენ ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მოგვახალეს, რომ არავინ არ ვართ, ერი არ ვართ, აზროვნების უნარი არ გვაქვს, თავმოყვარეობის და ღირსების გრძნობა არ გვაქვს და აღმოჩნდა, რომ ეს ნაწილობრივ სიმართლეა _ მთლად ყველა თუ არა, მოსახლეობის თითქმის 20% ასეთია თურმე.
მიშა სააკაშვილს ვაშაძე კი არა, ვთქვათ, ლავროვი ან იგორ ივანოვი, ან ალექსანდრ დუგინი, რომ შემოეთავაზებინა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად, ეტყობა, რომელიმე მათგანს აუცილებლად მისცემდნენ ხმას მიშას ფანები თუ მონები.
თუმცა, ვისაც ხმა მისცეს, ის ჩამოთვლილ ამხანაგთაგან არავისზე ნაკლები რუსი არ არის და თავის მეორე სამშობლოს, რომელსაც მარად და ყოველთვის გულით დაატარებს, ბოლომდე უერთგულებს.

ციფრი _ 600 000, რომელიც ერთი შეხედვით შთამბეჭდავად ჟღერს, თუმცა, სინამდვილეში, ის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (3 500 000) მხოლოდ 18%-ია, ამ 18%-იდან კი, დაახოებით 8%, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ "ნაცმოძრაობის" მუდმივი და ერთგული ამომრჩეველი კი არ არის, არამედ შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო `ნაცმოძრაობის~ ბანაკში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანი.

ამ მოსაზრებას თუ გავიზიარებთ, გამოდის, რომ ვაშაძემ და ბაქრაძემ ხმების თითქმის თანაბარი რაოდენობა (10–10 პროცენტი) მიიღეს.
ასე რომ, "ნაცმოძრაობის" ომახიანი ყიჟინა ტრიუმფალური გამარჯვების შესახებ ისეთივე ბლეფია, როგორც თავად "ნაცმოძრაობა".
"ნაცმოძრაობას" მართლაც 600 000 ერთგული მხარდამჭერი და მისი იდეოლოგიის გამზიარებელი რომ ჰყავდეს, კარგა ხნის წინათ ვეყოლებოდით დაპყრობილი…

2 დეკემბერს "ნაცმოძრაობა" გამარჯვებას ელოდება.

არადა, ღრმად ვარ დარწმუნებული, "ნაცმოძრაობა", მის მიერ რუსი პოლიტიკოსის გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების მცდელობით ქართველი ხალხისთვის შემოლაწუნებული რუსული "პაშოჩინის" ნაცვლად, ქართველი ხალხისგან ისეთ ქართულ ხალხურ ალიყურს მიიღებს, თავბრუდასხმული და დარეტიანებული, ალბათ, დიდხანს ვერ მოვა გონს.

იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ 2 დეკემბერს ვაშაძე გაცილებით ნაკლებ ხმებს მიიღებს, ვიდრე პირველ ტურში მიიღო.
"ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლო "ნაცმოძრაობის" დასრულება, მაგრამ 2 დეკემბერს მას ქართველი ხალხი საბოლოო განაჩენს გამოუტანს და მასთან ერთად განაჩენს გამოუტანს იმ პოლიტიკურ პარტიებსაც, რომლებიც "ნაცმოძრაობის" მხარეს დადგნენ.

ეს ის პარტიებია, რომლებსაც შეიძლება სააკაშვილის პოლიტიკურ უნიტაზში ჩარეცხილები ვუწოდოთ.

2 დეკემბერი ქართველი ხალხის გამარჯვების და მის ცხოვრებაში ახალი, ისტორიული ეტაპის დასაწყისის დღეა.

ვახტანგ ხარჩილავა

მეტის ნახვა
8-11-2018, 22:51


გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე.

როცა სახლი იწვის, ხალხი იმას ფიქრობს ჯერ ცეცხლი ჩააქრონ და მერე არკვევენ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს. დღეს ჩვენც ამ სიტუაციაში ვართ, ჯერ თავი უნდა გადავირჩინოთ მერე დავიწყოთ კვლევა, რატომ აღმოვჩნდით იმ მდგომარეობაში, რომელშიც ვართ. ვიმეორებ, რა ვითარებაშიც დღეს აღმოვჩნდით, ეს სამწუხაროდ, პირველ რიგში "ქართული ოცნების" ბრალია, მაგრამ მეორე ტურში აუცილებლად სალომე ზურაბიშვილს უნდა მივცეთ ხმა, მერე გავარკვიოთ რა მოხდა, "ქართულ ოცნებას" კატეგორიულად მოვთხოვოთ, რომ ბოლოს და ბოლოს გააუქმოს ნაცმოძრაობა, არ შეიძლება თამაში ასეთ საშიშ ძალასთან. თუ ნაცმოძრაობა მობრუნდა ხელისუფლებაში, არც დემოკრატია გვექნება და არც რაიმე სახის თავისუფლება, კიდევ უფრო მეტი ოკუპირებული ტერიტორია გვექნება, უფრო მეტ ტერიტორიას დავკარგავთ. მე უბრალოდ ხალხის მიკვირს, რაც არ უნდა გაღიზიანებული იყო "ქართულ ოცნებაზე", მეცოცხეებსა და გამაუპატიურებლებს რატომ უნდა მისცე ხმა?!

ვფიქრობ, არჩევნების ამგვარ შედეგს დადებითი მხარეც აქვს, ხომ გაგიგონიათ, ზოგი ჭირი მარგებელიაო, იქნებ ახლა მაინც გამოფხიზლდეს "ქართული ოცნება". წარმოიდგინეთ, სალომე ზურაბიშვილი უპრობლემოდ რომ გამხდარიყო პრეზიდენტი, მერე საპარლამენტო არჩევნები მოდის, იქ რომ მიეღო მმართველ პარტიას ასეთი სავალალო შედეგი, მერე უკვე ვეღარაფერს ვიზამდით ხომ? ამიტომ ხელისუფლებამ სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოს. სხვათა შორის, ეს შედეგი შიდა ღალატის ბრალიც იყო. ჩემი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის შტაბის წევრებმა გაყიდეს ქალბატონი სალომე, გრიგოლ ვაშაძეზე იმუშავეს, ყველა "სიკეთესთან" ერთად, ღალატთანაც გვაქვს საქმე. მე არასდროს მითქვამს არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ ხმა, მაგრამ არც გამილანძღავს და არც ის მითქვამს ვაშაძისთვის დაეჭირათ მხარი. შეიძლება არ ვარ სალომე ზურაბიშვილის ფანი, მაგრამ იმას კარგად ვაცნობიერებდი, რომ არ შეიძლებოდა მისი ლანძღვა, რადგან ამით ნაცების წისქვილზე დავასხამდით წყალს, აბა, სხვა ვინ გაიმარჯვებდა გელა სალუაშვილი თუ თემურ შაშიაშვილი, რომელთა მიმართაც არავითარი პრეტენზია არ მაქვს. ხომ გამოჩნდა ზღაპარი იყო, ვიღაცები რომ ყვიროდნენ (აქ კიდევ ერთი ლუსტრაცია მოხდა), ბიძინამ იყიდა ვაშაძე, ჯიბეში უზისო, ისიც კი თქვეს, თან ძალიან "დამაჯერებლად", ბიძინა ვაშაძეს გახდის პრეზიდენტადო. ძალიან მაინტერესებს, სად არის ახლა ეს ხალხი?

მე არაერთხელ მითქვამს მათ შორის, თქვენს გაზეთთანაც, რომ ნაცების ვითომდა გაყოფა იყო ბლეფი, არავითარი გაყოფა არ მომხდარა, ისევ ერთნი არიან, ხომ ხედავთ, ვაშაძე, კოლექტიური ნაცები თავიანთ სატელიტებიანად და "ენჯეოშნიკ"-მედია საშუალებებიანად კვლავ ერთი გუნდია. ცხოველი სისხლს რომ იგრძნობს და დაიგეშება, ესენიც ზუსტად ასე არიან, იგრძნეს რომ შეიძლება რამე გამოდნეს და ბოლომდე დაიგეშნენ, ყველაფერზე წამსვლელები არიან. პლიუს ამას უკრაინიდან ჩამოყვანილი ყავთ 500 "ბოევიკი" და სხვა სცენარისთვის ემზადებიან. ახლა რომ გვაჩვენებენ, ახალქალაქში ვიღაცამ სცემა ნაცების წარმომადგენელიო, ესეც დადგმული სპექტაკლია, ამას იმიტომ აკეთებენ ნაცები, რომ მერე თვითონ გამოიყენონ ძალა და თავი იმართლონ, თავს ვიცავდითო. ვიმეორებ, ესენი ყველაფერის მკადრებლები არიან. მე არ ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს ნაცებზე რომ ამბობს, ესენიც ჩვენი ხალხიაო. ფაშისტებიც გერმანელები იყვნენ, იცით, გერმანიაში დღესაც რამდენი ფაშისტური მიმდინარეობებია, რომლებიც ზარზეიმით აღნიშნავენ ჰიტლერისა და ჰებელსის დაბადების დღეებს, მაგრამ გერმანია იმ მოტივით, ჩვენი ხალხიაო, თავზე ხელს არ უსვამს. დღემდე სჯიან ღრმად მოხუცებულ ნაცისტ დამნაშავეებს. რას ნიშნავს ჩვენი ხალხია, მაშინ რატომ აკრძალეს კომუნისტური პარტია, კომუნისტები არ იყვნენ ჩვენი ხალხი, მით უმეტეს, რომ ეს ქვეყანა ფაქტობრივად მათ ააშენეს? ნაცმოძრაობაც უნდა აიკრძალოს, კანონი გვაძლევს ამის უფლებას და საშუალებას, პარტია, რომლის ლიდერებიც ეწევიან ძალადობას, მათ მიმართ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენები, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშეობით შეგვიძლია ავკრძალოთ. როდემდე შეიძლება 2012 წლის შემოდგომაზე ბუჩქებში შემძვრალი ნაცმოძრაობა პოლიტიკურ სივრცეში დავაბრუნოთ, დავმარხოთ, ამოვთხაროთ, მერე ისევ დავმარხოთ, ისევ ამოვთხაროთ, სანამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს?

ამ ტელევიზიებს ეს ექვსი წელი ნაციონალების პიარის მეტი არაფერი უკეთებიათ, მაგათ სტუდიებში სულ კოლექტიური ნაცები, მათი სატელიტები და "ობიექტური" უფლებადამცველები სხედან და ახლაღა გაახსენდათ, რომ ნაცმოძრაობა ცუდი ძალაა. ეს ტელევიზიებიც დამნაშავეები არიან, რაიონებში ხალხი ინფორმაციას რომ არ ფლობს სასიკეთო რა გაკეთდა "ქართული ოცნების" მმართველობის დროს. გურიიდან მაქვს ინფორმაცია, რომ სოფლებში, სადაც ცხოვრებაში არ გაყვანილა გზა, სიკეთე არ უნახავს იქაურებს, გზა, სკოლა, საბავშვო ბაღები გაუკეთეს, ამათ კი ნაციონალებს მისცეს ხმა. მითხარით, სად არის ლოგიკა. შე დალოცვილო, ნაცების მმართველობისას კატასტროფულ მდგომარეობაში იყავი, ახლა რაღაც სიკეთეებია და ამას არ აფასებ?

სამინისტროების პრესსამსახურებში ყავის სმის მეტს არაფერს აკეთებენ, ქვეყანაში უამრავი კარგი გაკეთდა, მაგრამ არაფრის პოპულარიზაცია არ ხდება. ქვეყანა ვითარდება, რაიონებში გზები კეთდება, სკოლები, საბავშვო ბაღები შენდება, უამრავი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა და კაციშვილმა არაფერი იცის, აბა, რა დანიშნულება აქვს პრესსამსახურს თუ ეს ინფორმაცია მოსახლეობამდე არ მიიტანეს? ესენი "რუსთავი 2"-ის დღის წესრიგს უყურებენ, სახელმწიფო ტელევიზია გვაქვს, საზოგადოებრივი მაყურებელი, მაგრამ რად გინდათ, ისიც კერძო ტელევიზიების მსგავსად "რუსთავი 2"-ის სწორებაზეა.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- ვაშაძე, ხომ ხედავთ უკვე დაპირებებს იძლევა, რომ ყველა ნაცჯალათს შეიწყალებს. კარგი, გადალახა სალომე ზურაბიშვილმა ბარიერი და გახდა პრეზიდენტი, მერე რას ვაკეთებთ? აუცილებლად უნდა მოხდეს "ქართული ოცნების" რიგების გაწმენდა, თვითონვე აღიარეს შიდა მოღალატეები გვყავს და ახალი ხალხი გვჭირდებაო. თუ პარტიაში ყველაფერი კარგადაა, ახალი ხალხი რატომ დაჭირდებოდათ? როგორც იქნა მიხვდნენ, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ღალატია. ეს ყველაფერი ავადსახსენებელი კოჰაბიტაციის შედეგია, 2012 წელს, ახლად არჩეულ პარლამენტს უნდა ეთქვა, რომ ის არჩევნები გაყალბდა, არადემოკრატიულად ჩატარდა და რიგგარეშე არჩევნები უნდა დაენიშნათ. გაყალბების გარეშე ნაციონალები იმდენ ხმებს ვერ მიიღებდნენ, ამიტომ იმ პარლამენტის ამოქმედება ძალიან დიდი შეცდომა იყო. ვიმეორებ, ერთადერთი გამოსავალი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაა, თორემ სისხლისღვრა, ტერიტორიების დაკარგვა, ლარის გაუფასურება და შიმშილობა მერე ნახეთ. ახლახანს ტყიბულიდან დამკავშიიდნენ, თურმე ვიღაცები დარბიან და ხალხს აშინებენ, გრიგოლ ვაშაძეს თუ არ მისცემთ ხმას, შახტები დაიხურებაო. მმართველ პარტიაში პორტირებული ყველა ნაცი ნაცმოძრაობაზე მუშაობს, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ, როგორც ყოფილი "კაგებეშნიკი" არ არსებობს, ისე არ არსებობს ყოფილი ნაცი. ზოგი ამ პორტირებულთაგანზე ალბათ გადაღებული აქვთ კომპრომატები, ალბათ ცოცხგაკეთებულიც ჰყავთ გადაღებული. ნაცებმა დააკომპრომატეს, ამიტომ სხვანაირად ვერ იქნებიან. ზოგი შეიძლება არ ამბობს ხმას ნაცმოძრაობას ვაძლევო, მაგრამ მათზე მუშაობს. ყველაზე გამაღიზიანებელი მედროვე პოლიტიკოსები არიან, დავით ჭიჭინაძე გუშინ "ქართულ ოცნებაში" იყო, დღეს ამბობს დემოკრატიისთვის კარგი იქნება თუ მეორე ტურში ვაშაძე გახდება პრეზიდენტიო. მე ვხვდები ვინ ვინ არის და "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაარკვია? თითქმის ყველა რაიონის მერია თუ გამგებელი ნაცია, რანაირად შეეძლო სალომე ზურაბიშვილს ამ პირობებში არჩევნები მოეგო, როცა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ნაცებითაა გაძეძგილი.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
8-11-2018, 13:30