"საერთო გაზეთის" სტუმარია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჰომეოპათიის აკადემიის პრეზიდენტი, ევროკავშირის ექსპერტი, თინათინ თოფურია. მას ხუმრობით "ახალი წლის ექსპერტსაც" უწოდებენ. ქალბატონი თინა წლების მანძილზე საახალწლო განწყობას გვიქმნის და სასარგებლო რჩევებს გვაძლევს. მისი საახალწლო რჩევები და პროგნოზები ორიგინალურობით გამოირჩევა, რაც ასტროლოგების პროგნოზებისაგან განსხვავდება _ იგი სხვადასხვა კულტურების, ტრადიციებისა და სიმბოლოების ანალიზზეა დაფუძნებული. ვიმედოვნებთ, ეს რჩევები ჩვენი გაზეთის ერთგულ მკითხველს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

_ ქალბატონო თინა, 2019 წელი მიწის ღორისაა. მისგან რას უნდა ველოდოთ?

_ სულ მალე ერთგული ძაღლი თავის უფლებებს მიწის ღორს გადააბარებს. საინტერესოა რას გვპირდება ახალი მფარველი? ღორი დინჯი, მშრომელი, მზრუნველი, კეთილი, ხელმომჭირნე, ამტანი, პატიოსანი, ადამიანების მფარველი სიმბოლოა. მისი პრიორიტეტი ახალი ოჯახების შექმნა, ოჯახურ სიმყუდროვესა და კეთილდღეობაზე ზრუნვა იქნება. მიწის ღორი ყურადღების გარეშე არც მიწათმოქმედებს დატოვებს. მისგან, ზოგადად, სიმშვიდეს, სტაბილურობას, ხვავსა და ბარაქას უნდა ველოდეთ.

_ ქალბატონო თინა, საახალწლო ნაძვის ხის ტრადიციებზე რას გვეტყვით?

_ ნაძვის ხე ოდითგან მარადიული სიცოცხლის სიმბოლოდ ითვლება და მისი ოჯახში შეტანით სახლი ავი სულებისგან იწმინდება. რიგი ქვეყნების ტრადიციის მიხედვით, ნაძვი მარადიული ახალგაზდობის, სიკეთის, კეთილშობილების, აღორძინების, განახლებისა და ჯანმრთელობის სიმბოლოა.
ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია გერმანიიდან წამოვიდა. კელტები, რომლებიც მცენარეებს ცოცხალ სულებად თვლიდნენ, ნაძვს განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ როგორც უკვდავების მომცემსა და სამართლიანობის მფარველს. მათი ღრმა რწმენით, ნაძვის წიწვებში ცხოვრობს ტყის კეთილი სული. ომში წასვლის წინ მეომრები შემდეგ რიტუალს ატარებდნენ: უხუცეს ნაძვს ნაირნაირი საჩუქრებით ეახლებოდნენ, რითაც მის ტოტებს რთავდნენ და მტერზე გამარჯვებას სთხოვდნენ. მათ სწამდათ, რომ მფარველი ნაძვი სიკვდილისგან დაიფარავდა და მალე, შინ საღსალამათები დაბრუნდებოდნენ. ბევრმა არ იცის, რომ საშობაოდ ნაძვის მორთვა ქრისტიანული ტრადიციაა, რაც სათავეს გერმანიიდან იღებს. ცნობილია, რომ მარტინ ლუთერმა ეკლესიაში ნაძვის კენწერო ვარსკვლავით შეამკო, როგორც ბეთლემის ვარსკვლავის განსახიერება, ხოლო ტოტებზე სანთლები დაუნთო, როგორც ბეთლემის შუქის სიმბოლო. თანდათან, ამ ყველაფერს, ახალი ატრიბუტები დაემატა: ვაშლი, როგორც ნაყოფიერების ნიშანი და კაკალი, როგორც ღვთიური სიბრძნის შეუცნობადობის სიმბოლო. ეს ლამაზი ტრადიცია სწრაფად გადაიღეს ინგლისელებმა, მოგვიანებით კი, იგი, მთელ ქრისტიანულ სამყაროში გავრცელდა და ისე შეესისხლხორცა შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომ დღეს, შობა ათასნაირი შუქებითა და სათამაშოებით მოკაზმული ნაძვის გარეშე ვერც კი წარმოგვიდგენია.სხვათა შორის, საშობაო ნაძვის ხის დაბადების დღედ 1513 წელი ითვლება. ახალი წლის დადგომას მსოფლიო ზეიმით აღნიშნვას. მას ოთხი ათასი წლის ტრადიცია აქვს და დასაბამს მესოპოტამიაში იღებს, საიდანაც ის ებრაელებმა გამოიტანეს, შემდეგ, მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

ახალი წლის მობრძანებას ძალიან საინტერესოდ ხვდებოდნენ ბაბილონში. მეფის ოჯახის ყველა წევრი მდიდრულს იხდიდა, უბრალო სამოსით იმოსებოდა და თერთმეტი დღით ქალაქიდან უჩინარდებოდა. მათი ადგილსამყოფელი არავის უნდა სცოდნოდა. ეს თერთმეტი დღე კალენდარშიც არ ფიქსირდებოდა, თითქოს, არც არსებობდა. ამ დროს ქვეყანაში სრული თავისუფლება სუფევდა. ყველა განცხრომას ეძლეოდა. არავინ მუშაობდა _ არც დიდგვაროვანი, არც უბრალო მოქალაქე, არც მონა. ყველა ერთობოდა, კანონი არ კანონობდა და არც არავინ ისჯებოდა. თერთმერტი დღის შემდეგ მეფის ოჯახი ბრუნდებოდა და ყველაფერი თავის ადგილას დგებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ქვეყანას თავისი კალნდარი ჰქონდა და შესაბამისად, წლის ათვლაც სხვადასხვა დროს იწყებოდა, რაც როგორც წესი ამა თუ იმ ქვეყანაში მოსავალის აღებასთან იყო დაკავშირებული. ახალი წლის ათვლა 1 იანვრიდან არც თუ ისე ძველი ტრადიციაა _ ეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 45 წელს დაიწყო, როდესაც რომის იმპერატორმა იულიუს კეისარმა ახალი კალენდარი შემოიღო, რითაც დღესაც ვსარგებლობთ. წლის პირველ თვეს მან იანვარი ორსახიანი ღვთაების _ იანუსის საპატივცემულოდ უწოდა, რომელიც ერთი სახით წარსულში, ხოლო მეორეთი მომავალში იყურება. ახალი წლის აღნიშნვა პირველ იანვარს თითქმის ყველა ქვეყანაში სხვადასხვა დროს შემოიღეს: მაგალითად, საფრანგეთში კარლოს IX პირველი იანვარი 775 წელს დააკანონა; გერმანიაში მხოლოდ მე 16 საუკუნეში იქნა მიღებული; ინგლისში კიდევ უფრო გვიან _ მე 18 საუკუნეში; იმპერატორ პეტრე I დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რათა რუსეთის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი კალენდარი დაეკანონებია. რთული აღმოჩნდა თავგასული ბოიარების ერთჭკუაზე მოყვანა. ამისთვის მას სპეციალური კანონის გამოშვება დასჭირდა, რომლის მიხედვითაც ახალი წლის შეხვედრა 1 იანვრის გარდა, სხვა დროს იკრძალებოდა. ურჩობისათვის სასჯელიც დაწესდა _ წვერის გაპარსვა!

_ ქალბატონო თინა, რას გვირჩევთ: სად შევხვდეთ ახალ წელს?

_ სანამ გადაწყვეტთ თუ სად შეხვდეთ ახალ წელს, გაიგეთ რა საფრთხე გელით ახალი წლის ღამეს თუ უცხო წეს-ჩვეულებების ქვეყანაში აღმოჩნდებით: იტალიაში შეიძლება ტრამვა მიიღოთ. იარეთ შუა ქუჩაში, არ მიუახლოვდეთ სახლებს, თორემ შეიძლება საახალწლო ტრადიციის მსხვერპლი გახდეთ! აქ, ითვლება, რომ სწორედ ამ ღამეს ძველი ნივთების ფანჯრიდან გადაყრა ოჯახს ხვავსა და ბარაქას მოუტანს. ამიტომ, სახლიდან ყრიან ყველაფერს –ჭურჭელს, ავეჯს და ა.შ. შოტლანდიაში შეიძლება თავი კუპრში ამოყოთ. არ იაროთ აღმართზე, თორემ შეიძლება კუპრით სავსე ცეცხლმოკდებული კასრი დაგეტაკოთ! სწორედ ასე წვავენ შოტლანდიელები ძველ წელს თავისი პრობლემებით და დაღმართებზე აგორებენ. საბერძნეთში შეიძლება თავში ქვა მოგხვდეთ. როცა სახლებთან ახლოს გაივლით კარგად დააკვირდით შიგ შესვლას სტუმრები ხომ არ აპირებენ. თუ ასეა, გაერიდეთ იქაურობას, თორემ, შეიძლება ქვა მოგხვდეთ, რომელსაც სტუმრები, ტრადიციისამებრ, მილოცვის ნიშნად მასპინძლის სახლს უშენენ. რაც უფრო დიდი ქვას მოიტანს, მით უფრო მაგარი `ბიჭია~ სტუმარი! ავსტრიაში — შეიძლება სმენა დაკარგოთ. თუ სუსტი გული გაქვთ ეცადეთ ახალი წლის ღამეს ქუჩაში არ გახვიდეთ. კანონმორჩილი ავსტრიელები ისვრიან ყველაფერს, რაც ხმას გამოსცემს და თავადაც საოცარ ხმაზე კიჟინებენ. კანონმორჩილი ავსტრიელები მთელი წლის დაგროვილ სროლის ჟინს სწორედ ამ ღამეს იკმაყოფილებენ, რადგან კანონით მხოლოდ ამ ღამეს შეიძლება ხმაური! ბირმაში შეიძლება ფილტვების ანთება აიკიდოთ. თუ სუსტი ჯანმრთელობა გაქვთ, ქუჩაში გასვლას მოერიდეთ. ახალ წელს აუცილებლად წყლის შემოსხმით მოგილოცავენ და რაც უფრო პატივს გცემენ, თქვენთვის მით მეტ წყალს გაიმეტებენ! კუბაში შეიძლება ტანსაცმელი დასვაროთ. საათი 11-ჯერ რომ დაკრავს, ფანჯრებიდან ნარეცხი წყლის გადასხმას იწყებენ, რათა ძველი წლის სიბინძურე მოიშორონ _ წარმავალ წელს გაატანონ. ტიბეტში შეიძლება წონაში მოიმატოთ. ითვლება, რომ რაც მეტ ტრადიციულ ღვეზელს შეგაჭმევენ, მით მეტი ბარაქა შეუვათ სახლში. 

უკრაინაში შეიძლება ეჟვანი შეგაბან. ტრადიციულად ამ ღამეს გასათხოვარი ქალები მკითხაობენ და ფანჯრიდან ფეხსაცმელს ისვრიან _ ვისაც მოხვდება მის საბედოდაც ის ითვლება. თუ შემთხვევით ფეხსაცმელი მოგხვდათ, თავს ვერ დააღწევთ, არც იფიქროთ! ასე, რომ უმჯობესია სახლში დარჩეთ და ახალ წელს ოჯახურ გარემოში შეხვდეთ, ჯეროვნად დახვდეთ ყვითელ ღორს და მიიღოთ მისი მფარველობის გარანტიები.

_ როგორი ნაძვის ხე დავახვედროთ ყვითელ ღორს, რათა მისი კეთილგანწყობა მოვიპოვოთ?

_ წელს ნაძვი ყვითელი, ბრჭყვიალა ოქროსფერი და ყავისფერი სათამაშოებით უნდა მოირთოს, შიგადაშიგ შეურიეთ მწვანე. ნაძვი გაანათეთ წითელი და ყვითელი ნათურების გირლიანდებით. აუცილებლად უნდა დაკიდოთ ცოცხალი მცენარეებისგან დაწნული გვირგვინი. ნაძვის ქვეშ დასვით გოჭები, რაც მეტი იქნება, უკეთესია. ნაძვის ქვეშ მიწით სავსე ქოთანი დადგით, ჩამალეთ შიგნით ოქროს მონეტა, რათა ღორმა გამოთხაროს. ნაახალწლევს მონეტა თავად ამოთხარეთ და წლის ბოლომდე თან ატარეთ. ეს იქნება თქვენი ფინანსური კეთილდღეობის თილისმა. უხვად დაყარეთ ნაძვის ხის ქვეშ ღორის საყვარელი სასუსნავი რკო და წაბლი. ამით თქვენ მოიგებთ მიწის ღორის გულს და იგი მთელი წელი თქვენი ოჯახის მფარველი იქნება.

_ სად დავდგათ ნაძვი?

_ ნაძვის ხის სწორ ადგილას დადგმა არც თუ ისე სახუმარო საქმეა! თუ გინდა ძლიერი და ყველასათვის საინტერესო პიროვნება გახდე, ნაძვი პიდაპირ, შესასვლელთან ახლოს დადგით; თუ ოჯახურ სიმყუდროვეზე ოცნებობთ, იგი, მარცხენა კედელთან დადგით; თუ თქვენი მიზანი ინტელექტუალური ზრდა ან საერთაშორისო კონტაქტების გაფართოვებაა, ნაძვი კარებიდან ახლოს მარცხენა კუთხეში დადგი; თუ გინდა მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესო, ნაძვი მარცხენა შორეულ კუთხეში დადგი; თუ სექსისა და ინტიმური კავშირის პრობლემები გაქვთ, კარიდან შორსმდებარე მარჯვენა კუთხეში მდგომი ნაძვი დაგეხმარებათ; მაჯვენა კედელთან მდგომი ნაძვი ბავშვებს სიხარულს მოუტანს; თუ ყველაფერი ცოტ-ცოტა გსურთ, ან ზუსტად არ იცით რას მიანიჭოთ უპირატესობა, ნაძვი შუა ოთახში დადგით.

_ როგორი საახალწლო სუფრა დავახვედროთ ყვითელ ღორს?

_ ღორს არც გადაპრანჭული სუფრა მოეწონება და არც მთლად უბრალო. ნუ დაგვავიწყდება ღორი სოფლის ბინადარია და ყველაფერი სადა და ნატურალური მოსწონს. ამიტომ, მის დასახვედრად საუკეთესო ვარიანტი "ქანთრი" სტილი იქნება: სადა სუფრა უხვად გააწყვეთ ცოცხალი მცენარეების დეკორებით, მწვანილით, თიხის ნაკეთობებითა და ჯამებით, რომლებშიც ჩაყრით რკოს, წაბლს, სიმინდსა და თხილს. მაგიდის ცენტრში უნდა იდგას გამჭირვალე ჯამი სუფთა წყლით, მის გარშემო კი _ ფერადი სანთლები. ასევე, აუცილებელია ყვითელი და მწვანე ფერის ხილი: ფორთოხალი, მანდარინი, გრეიფრუტი, ვაშლი, მსხალი, ლიმონი, ბანანი, ნესვი. კერძები სასურველია იყოს მრავალფეროვანი. განსაკუთრებით, ბოსტნეულის სხვადასხვა ვარიანტები. სასმელებიდან უპირატესობა უნდა მიენიჭოს წითელ ღვინოს, შამპანურს და ლიქიორებს. ღორს არ უყვარს ის სასმელები, რომლებითაც `ღორივით~ თვრებიან.

_ ქალბატონო თინა, საახალწლო სუფრის მთავარ კერძზე _ საცივზე რას გვეტყვით?

_ ახალ წელს მიირთვით საცივი და იქნებით ჯანმრთელი! საცივი, უბრალოდ, საჭმელი არ გეგონოთ! ეს უგემრიელესი კერძი მხოლოდ საახალწლო სუფრის მშვენება როდია. ეს გახლავთ კულინარიული სამკურნალო ხელოვნების გასაოცარი ნიმუში, ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ მას თავისი `ინსტრუქცია~ ახლავს _ ჭამე მხოლოდ ახალ წელს! ასეა დაწესებული და ამ წესს ნუ დავარღვევთ. მართლაც, თავისი მრავალფეროვნებით განთქმულ მრავალსართულიან ქართულ სუფრებზე საცივს იშვიათად თუ შეხვდებით, ხოლო საახალწლო სუფრაზე ის ტრადიციულ ატრიბუტად გვევლინება.
წინაპრებმა საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ცოდნა ტრადიციებისა და რიტუალების სახით დაგვიტოვეს.. ასეა, საცივის შემთხვევაშიც _ ვიცით, რომ საახალწლო კერძია, მაგრამ არ ვიცით რატომ. თუმცა, ერთი რამ ცხადია _ საცივს ახალ წელს სულ სხვა გემო აქვს, სხვა დროს არც კი გვინდება. რატომ მაინცდამაინც ახალ წელს? 

საცივი ადაპტოგენის როლს ასრულებს. მასში შემავალი სანელებლები სხვადასხვა სისტემებზე ახდენენ ზემოქმედებას და ორგანიზმი მწყობრში მოჰყავთ. აქტიურდება სასიცოცხლო ძალები, ძლიერდება იმუნიტეტი, იწყება თვითგანახლების პროცესი. საცივში შემავალი ყოველი კომპონენტი ცალკე აღებული წამალია. როცა გაეცნობით თითოეული მათგანის სამკურნალო თვისებებსა და მოქმედებას, მიხვდებით თუ რატომ არის საცივი მხოლოდ საახალწლო კერძი და რატომ არის დაწესებული მისი მირთმევა ასე იშვიათად. საქმე გვაქვს ძალიან ძლიერ სტიმულატორებთან. 

მართლაც საოცრებაა _ გურმანულ კერძს მიირთმევ და თან ჯანმრთელდები!

_ როგორც ამბობენ: ახალი წლის ღამეს ჩაიფიქრებული სურვილი სრულდება.

_ სამყარო ბრძენია და ჩვენ მისი განუყოფელი ნაწილი ვართ. მას ჩვენი ესმის.
ახალი წლის ღამეს მისი კარი იღება და ის მზადაა ყველა ნატვრა შეგვისრულოს! მას თავის ენაზე უნდა ესაუბრო. ეს სიყვარულის ენაა. სამყაროს თავისი კანონები აქვს. ერთ-ერთი მათგანი ბუმერანგის პრინციპია _ რასაც გაუგზავნი, იგივე დაგიბრუნდება. ახალი წლის ღამეს გეძლევა შანსი ბედნიერების ილუზორულ სამყაროში მოხვდე. ნუ გეშინიათ ოცნების! მიენდეთ ინტუიციას, იპოვეთ სულის სიღრმეში ჩამალული ბავშვი, დაემსგავსეთ მას და თამამად შეაბიჯეთ ოცნებათა ჯადოსნურ სამყაროში. გახსენით გული სიყვარულისთვის და დაინახავთ თუ რა საოცარ სიურპრიზებს გიმზადებთ ბედი! დაიჭირეთ მარჯვენა ხელში ფიჭის სანთელი, მარცხენაში _ ჭიქით წითელი ღვინო, გამოაღეთ ფანჯარა, ახედეთ ცას, სადაც თქვენი მფარველი ანგელოზი გიღიმით, გაანდეთ სანუკვარი სურვილი და გჯროდეთ, აგისულდებათ.

გილოცავთ შობა-ახალ წელს! სურვილები აგსრულებოდეთ!

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
31-12-2018, 13:00


ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია, როცა ირგვლივ ყველაფერი იდუმალებით არის მოცული, თითქოს ზღაპრულ სამყაროში ვართ და ველოდებით ჩვენი სურვილების ასრულებას. ამ დროს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თითოეულ დეტალს, რომელზეც, დიდწილად არის დამოკიდებული, როგორი იქნება მომავალ წელი…

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სჯერათ, რომ ტრადიციულ კერძებს ბედნიერების მოტანა შეუძლია…

ინგლისი
ინგლისში საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია პლუმპუდინგის გარეშე, რომელსაც ღორის ქონის, პურის ნამცეცების, ფქვილის, ქიშმიშის, კვერცხისა და სანელებლებისგან ამზადებენ. სუფრაზე მიტანამდე მას რომს ასხამენ და ცეცხლს უკიდებენ, რაც დღესასწაულს უფრო ალამაზებს.
სადღესასწაულო კერძია ბოსტნეულით ფარშირებული ინდაურიც.

ამერიკა
ამერიკაში საახალწლო სუფრის აუცილებელი კერძია ინდაური, რომელსაც სახლში არსებული პროდუქტით ავსებენ: ყველით, ნივრით, სოკოთი, შავი ქლიავით… და სანელებლებით…

ავსტრია-უნგრეთი
ამ ქვეყნებში სადღესასწაულოდ ფრინველს არ ამზადებენ. ტრადიციულ ავსტრიულ სუფრაზე აუცილებლად იხილავთ შნიცელს, შტრუდელს, ასევე, თევზის სალათს ავსტრიულად.
უნგრეთში საახალწლო სუფრის მშვენებაა ბეიგლები – ხაშხაშისა და კაკლის რულეტები, რომლებმაც აქ ებრაული სამზარეულოდან გადმოინაცვლეს.

დანია, შვედეთი
დანიელების მთავარი საახალწლო კერძია ვირთევზა, რომელიც ბედნიერებისა და სიმდიდრის სიმბოლოდ ითვლება.

გერმანია

გერმანიაში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ქაშაყი, რომელსაც ბედნიერება მოაქვს.
სადღესასწაულო კერძია მოშუშული კომბოსტოს მწნილი სოსისთან ერთად, მოხარშული ღორის ხორცი და მრავალფეროვანი ძეხვეული და ცნობილი საშობაო ნამცხვარი, რომელიც ქიშმიშისა და ნუშისგან მზადდება.

ისრაელი
ისრაელში ახალი წელი სექტემბერში იწყება. სადღესასწაულო სუფრას ამშვენებს მხოლოდ ტკბულეული: ფინიკი, თაფლი, ვაშლი და ბროწეული. ასევე მოხარშული თევზი, შემწვარი ვაშლი, კომბოსტო და ჭარხალი.

ჰოლანდია, საფრანგეთი
ჰოლანდიელების სადღესასწაულო სუფრა წარმოუდგენელია ფრიტიურში მოხალული ფუნთუშებისა და მარილიანი მარცვლეულის გარეშე.
საფრანგეთში კი საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს შემწვარი წაბლი, ლამაზად გაფორმებული ბუტერბროდები ბატის პაშტეტით, ხამანწკები, ყველის მრავალი სახეობა და… ფრანგული ღვინო.

პოლონეთი
პოლონეთში სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად თორმეტი კერძი უნდა იყოს, ოღონდ ხორციანი არც ერთი კერძი არ არის. სოკოს სუპი ან ბორშჩი, შვრიის ფაფა შავ ქლიავთან და შოკოლადის ტორტი. აუცილებელი კერძია თევზი, რომელიც ბევრ ქვეყანაში ოჯახური ბედნიერებისა და კეთილდღეობის სიმბოლოა.

ჩეხეთი და სლოვაკეთი

ამ ორი ქვეყნის საახალწლო სუფრის მშვენებაა შტრუდელი – ფენოვანი რულეტი ვაშლით.

რუმინეთი, ავსტრალია, ბულგარეთი
ამ ქვეყნების სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად ნახავთ განსაკუთრებულ ნამცხვარს, რომელშიც დებენ მონეტას, თხილს ან წიწაკის თესლს. ვისაც "საჩუქარი" შეხვდება, დამდეგ წელს აუცილებლად იპოვის თავის მეორე ნახევარს.

იაპონია
იაპონიაში 30 დეკემბერს სადღესასწაულო სუფრას აუცილებლად ამშვენებს მოტი – მოხარშული ბრინჯისგან და ხილისგან მომზადებული ნამცხვარი. სუფრაზე უნდა იყოს ლაფშა, რაც უფრო გრძელი იქნება, მით უფრო ხანგრძლივი ცხოვრება ელით სტუმრებს. სუფრას ამშვენებს ზღვის კომბოსტო, შემწვარი წაბლი, მოხარშული თევზი და მარცვლეული. ეს ყველაფერი ბედნიერების, წარმატების, ჯანმრთელობის და სიმშვიდის წინაპირობაა.

ესპანეთი, პორტუგალია, კუბა

ბევრ ქვეყანაში – ესპანეთში, პორტუგალიასა და კუბაზე კეთილდღეობისა და ბერნიერი ოჯახური კერის სიმბოლოდ ვაზი ითვლება. ამიტომ ამ ქვეყნის მაცხოვრებლები ახალი წლის დადგომისას, 12 საათზე, ჭამენ 12 მარცვალ ყურძენს და თითო მარცვლის მირთმევისას თითო სურვილს ჩაუთქვამენ.

იტალია
იტალიაში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ყურძენი, კაკალი, ოსპი, როგორც ხანგრძლივი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სიმბოლო.

ტიბეტი
ტიბეტში ახალ წელს უამრავ ღვეზელს აცხობენ სხვადასხვა შიგთავსით და ურიგებენ ნაცნობებსა და უცნობებს. რაც მეტ ღვეზელს დაარიგებ, მომავალ წელს უფრო მეტად გამდიდრდები!

ბელგია
ბელგიაში ახალ წელს მიირთევენ საქონლის ძეხვს ტრუფელებთან ერთად, ტახის ხორცს, ტრადიციულ ტორტსა და ღვინოს.
ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

დაე, მომავალ წელს მოეტანოს სიმშვიდე, სიკეთე და კეთილდღეობა!

ბელა გველესიანი



მეტის ნახვა
31-12-2018, 05:00