საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ლიეტუვას რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება . პირველი შეხვედრა მან ქვეყნის პრემირ–მინისტრთან გამართა. როგორც მამუკა ბახტაძემ საულიუს სკვერნელისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სიმბოლურია, რომ მისი ვიზიტი საქართველოსა და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ემთხვევა.

„ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ნამდვილად არ დაწყებულა მეოთხედი საუკუნის წინ და გაცილებით უფრო დიდი, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ლიეტუვა საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარი ქვეყანაა. ჩვენს განსაკუთრებულ ურთიერთობებზე ის გადაწყვეტილებებიც მიუთითებს, რომლებიც გასულ წელს უმნიშვნელოვანეს თარიღებს – საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებისა და ლეიტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა. ამიერიდან ჩვენს ენებში ჩვენი ქვეყნები მათი ავთენტური დასახელებებით – საქართველო და ლიეტუვა – მოიხსენიება. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღეს კიდევ ერთხელ უნდა დავადასტურო, რომ დიდად ვაფასებთ იმ ერთგულებას, რომელსაც ლიეტუვა წლების განმავლობაში იჩენს საქართველოს მიმართ. ყოველწლიურად მტკიცდება და ღრმავდება თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყნებს შორის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოსა და ლიეტუვის თანამშრომლობის პოტენციალი ძალიან დიდია და მიმდინარეობს მუშაობა ახალი მიმართულებების გამოსავლენად.

ლიეტუვა „განვითარების სფეროში თანამშრომლობისა“ და ევროკავშირის „თვინინგის“ პროექტების ფარგლებშიც აქტიურად აგრძელებს თავისი გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს გვიწყობს რეფორმების განხორციელებაში. დღევანდელ შეხვედრაზე ჩემს კოლეგას ვესაუბრე ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე, ჩვენ განვიხილეთ მნიშვნელოვანი რეგიონალური ენერგო და სატრანსპორტო პროექტები, რომელთა ერთობლივი განხორციელება ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის გაზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას შეუწყობს ხელს. ბოლო წლების განმავლობაში მზარდია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, ასევე გაორმაგებულია ვიზიტორთა რიცხვი საქართველოში, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პირდაპირმა საჰაერო მიმოსვლამ ქუთაისსა და ვილნიუსს შორის. დარწმუნებული ვარ, ეს ასევე ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას და ბიზნესკონტაქტების კიდევ უფრო გახშირებას. სასიხარულოა, რომ ღრმავდება ხალხთაშორისი და კულტურული კავშირები, განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდებს შორის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტი ირჩევს ლიეტუვის უნივერსიტეტებს სასწავლებლად.

„ამჟამად, თქვენს უმაღლეს სასწავლებლებში 200-მდე ქართველი სტუდენტი სწავლობს, რომლებსაც შეუძლიათ, ისარგებლონ ლიეტუვის მთავრობის მიერ გამოყოფილი სახელმწიფო სტიპენდიებით. ამისთვის მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ლიუტუვის მთავრობას. ამასთან ერთად, მე დღეს მქონდა თხოვნა ჩემს კოლეგასთან, რომ დავიწყოთ აქტიური თანამშრომლობა კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეფორმაში. ლიეტუვა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ “სტარტაპების” და “სტარტაპ” ბიზნესატმოსფეროს შექმნის თვალსაზრისით. საქართველო იწყებს პირველ ნაბიჯებს ამ მიმართულებით და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ გაგვიზიაროს გამოცდილება ამ თვალსაზრისით. ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, სადაც ჩვენ უპრეცედენტო დინამიკა გვაქვს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მეტის ნახვა
21-01-2019, 12:00