ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ბრიუსელში, დონალდ ტუსკისა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი ივლისში შედგება. დონალდ ტუსკი მონაწილეობას მიიღებს ბათუმში დაგეგმილ საერთაშოროსო კონფერენციაში, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს მიეძღვნება.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში დღეს შეხვდა.

მანამდე, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა, სადაც საქართველოს ევროპული მისწრაფებები განიხილეს. პრეზიდენტმა იოჰანეს ჰანს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ასევე, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტ ანტონიო ტაიანის შეხვდება. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინთან და მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრამდე გაგრძელდება.


მეტის ნახვა
22-01-2019, 17:30