ალი ბაბაევი: საქართველოს, როგორც ისტორიულად კავკასიის ცენტრს, დიდი ეკონომიკური მომავალი აქვს!

გვესაუბრება საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე, `ქართული ოცნების~ აქტიური მხარდამჭერი ალი ბაბაევი.

_ ბატონო ალი, თბილისში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა მთიანი ყარაბაღის პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით. რას იტყვით ამაზე?

_ სანამ ეს კონფერენცია შედგებოდა, მანამდე გამოჩნდნენ ადამიანები, როგორც აზერბაიჯანიდან, ისე სომხეთიდან, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ დესტაბილიზაციას რეგიონში ყარაბაღის პრობლემა უკვე 27 წელიწადია ქმნის. შეიკრიბა ე.წ. მინსკის ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან რუსეთი, აშშ-ი, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები, თუმცა დღემდე არ გადადგმულა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ამიტომაც შეხვედრა შედგა ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ისტორიულად კავკასიის ცენტრში, თბილისში.
სომხების და აზერბაიჯანელების გარდა შეხვედრაზე იყვნენ თითქმის 16 ქვეყნის წარმომადგენლები.

_ შეხვედრის ინიციატორი რომელიმე უცხოური ორგანიზაცია ხომ არ ყოფილა?

_ ინიციატორები სომხები და აზერბაიჯანელები იყვნენ. აზერბაიჯანსა და სომხეთში ცნობილი ისტორიკოსები, კონფლიქტოლოგები, მეცნიერები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუმრები კალიფორნიიდან, ბოსნია-ჰერცეგოვინადან, რუსეთიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან და სხვ.
გაიმართა საუბრები კონფლიქტის დარეგულირების კუთხით.
საყურადღებო იყო თურქი ექსპერტის სიტყვა. მან ერთგვარი გეგმა დასახა, თუ როგორ უნდა მოხდეს კონფლიქტის დარეგულირება.
დიალოგის შემდეგ შეიქმნა ჯგუფი, სადაც გაერთიანდნენ სომხეთიდან ჩამოსული ექსპერტები, აზერბაიჯანელები, საზღვარგარეთის სხვა ქვეყნების წარმომადგენლები და შემდგომი შეხვედრების პერსპექტივები განიხილეს.

_ აზერბაიჯანელები მიიჩნევენ, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანული ტერიტორიაა, სომხები თვლიან, რომ ის სომხეთს უნდა ეკუთვნოდეს. პირადად თქვენ როგორ გესახებათ კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივა?


_ ყველა ადამიანი, რომელმაც ისტორია არ იცის, იტყვის, რომ მთიანი ყარაბაღი სომხეთის მიწაა.
თუ გაეროს ოთხი გადაწყვეტილება ამტკიცებს, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანისაა, ევროპარლამენტი თვლის, რომ იგი აზერბაიჯანს უნდა ეკუთვნოდეს, ევროსაბჭოც აღიარებს, რომ ტერიტორია სომხების მიერ არის მიტაცებული. როგორღა ამტკიცებს ვინმე, რომ ეს ტერიტორია სადავოა?
პრობლემას ამძაფრებს ის, რომ დღეს სომხეთის ხელისუფლებაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც, თავის დროზე, სეპარატისტებს უწყობდნენ ხელს.
სომხეთში დემოკრატიული ხელისუფლება თუ მოვა, რომელიც ორიენტირებული იქნება რეგიონში სტაბილიზაციისკენ, მშვიდობისკენ, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება-განვითარებისკენ, ეს მოუტანს სტაბილურობას და სიმშვიდეს მთლიანად რეგიონს.

_ საუბარი რაზეა, მთიანი ყარაბაღის მთლიანად გადაცემაზე თუ გაყოფაზე?


_ ჯერ ლაპარაკობენ 7 რაიონის გადაცემაზე აზერბაიჯანისთვის. მერე უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი და ყარაბაღი თვითონ გადაწყვეტს თავის მომავალს  – მიიღოს თუ არა ავტონომიური სტატუსი. აზერბაიჯანი თანახმაა, მაგრამ ყველა შეხვედრაზე სომხეთის მხარე წინააღმდეგობას წევს, ნებისმიერ შეთანხმებას, საბოლოო ჯამში, სომხები არღვევენ.

_ 30 ოქტომბერს ბაქოში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ცერემონია ჩატარდა. დამეთანხმებით, მნიშვნელოვან საქმეს ჩაეყარა საფუძველი.


_ რეგიონში ძალიან სეიროზული ნაბიჯი გადაიდგა. ამ მარშრუტით პირველი სატვირთო მატარებელი ყარსში უკვე ჩავიდა. იქედან ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში მოხვდება. ეს ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. სომხები, მოგეხსენებათ, ამ საკითხს კრიტიკულად უყურებენ, რადგან, სანამ ყარაბაღის პრობლემა არ მოგვარდება, ამ გზით სარგებლობის უფლება მათ არ ექნებათ.
რამდენიმე დღის წინათ მოქმედების ფაზაში შევიდა კიდევ ერთი პროექტი სახელწოდებით "ასტარა 1" და "ასტარა 2" _ ირან-აზერბაიჯანს შორისაც გაიხსნა პირდაპირი რკინიგზა. არაბეთის ქვეყნებიდან ტვირთები იმოძრავებს ირანი-ბაქო-მოსკოვის, ასევე ბაქო-თბილისი-თურქეთის მიმართულებით.
ამ პროექტსაც დიდი მნიშვნელობა აქვს კავკასიის ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისათვის. ამაზე უნდა იფიქრონ აფხაზებმა და ოსებმა. საქართველო რეგიონში ტრანზიტულად მნიშვნელოვანი ქვეყანა ხდება და დიდი ეკონომიკური მომავალი აქვს.

_ ცოტა ხნის წინათ ჩვენ ერთად შევხვდით თურქეთში ბიზნესმენებს, რომლებსაც, ჩვენთვის და მათთვისაც, ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზების გამო, საქართველოში შემოსვლის უფლება არ აქვთ. ახალი ხომ არაფერი გაგიგიათ, რა ხდება ამ მიმართულებით?


_ ზოგადად, თურქები პატივს სცემენ ქართველებს. თურქეთში, პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებულ ბიზნესმენებს კაბინეტებში ქართული დროშა უკიდიათ. ქართულ სიტყვებს იმეორებენ.ნრაც შეეხება ყარაფაფახ-თურქებს, მათ ორგანიზაციასთან თვითონ რეჯეფ ტაიფ ერდოღანია დაახლოებული. მხოლოდ თურქეთში დღესდღეობით 3 000 000 ყარაფაფახი-თურქი ცხოვრობს.
წლეულს "დმანისობაზე" ყარაფაფახელთა წარმომადგენლობა იყო ჩამოსული თურქეთიდან.
დღესასწაულზე გაუგებრობა მოხდა ბაქოს ჯგუფსა და ადგილობრივებს შორის. ყარაფაფახელთა წარმომადგენლობა კონფლიქტში არ ჩარეულა, მეტიც, ისინი ადგილობრივი, ოფიციალური ხელისუფლების მხარეს დადგნენ, ქართულ სუფრას შეუერთდნენ და ჩვენთან ერთად მოილხინეს. მათ აქვთ გეგმები, რომ ქვემო ქართლსა და სხვაგან, საიდანაც მათი წინაპრები იყვნენ, ინვესტიციები განახორციელონ, შექმნან სამუშაო ადგილები.
თქვენ იყავით მათთან სტამბულში, ბურსაში და თქვენი თვალით ნახეთ, რა უზარმაზარი ქარხნების მფლობელები არიან. ეს ადამიანები თურქეთში ცნობილი პირები გახლავან, ავტორიტეტული ხალხი, რომლებიც გაძევებული არიან საქართველოდან. რა ხდება, ამას, ალბათ, შესაბამისი ორგანოები გაარკვევენ ობიექტურად, მაგრამ ჩემი მოსაზრება თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ გაურკვეველია იმ ჰუმანიტარული დახმარების ბედი, რომელიც მათ მიერ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის იყო გამოგზავნილი.
პირადად მე, ხელისუფლების ერთ-ერთი მხარდამჭერი, გულშემატკივარი და თანამებრძოლი, ვთხოვ ხელისუფლებას, გაარკვიოს ეს საქმე.
ჩემს მოქალაქეობრივ ვალად მივჩნიე, ჩავსულიყავი თურქეთში და გამეცნო ის ხალხი, მათი საქიანობა.
ამ ადამიანებს დიდძალი კაპიტალი აქვთ თურქეთში. საქართველოში თავიანთი წინაპრების ხსოვნის საპატივცემულოდ მოდიან და არა პირადი მოგებისთვის. ეს ადამიანები თავს საქართველოს დიასპორის წარმოამდგენლებად თვლიან თურქეთში.

_ ახლახან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. აირჩიეს საკრებულოების თავმჯდომარეები და წევრები, თვითმმართველი ქალაქების მერები. თქვენ აქტიურად იყავით ჩართული ამ პროცესებში.


_ პოლიტიკურად ძალიან სერიოზული და გლობალურად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პროცესების წინაშე ვართ, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და მის შედეგებს ჰქონდა.
წინაასაარჩევნო პროცესი ძალიან დემოკრატიულად მიმდინარეობდა. "ნაცმოძრაობამ" უნდა შეიგნოს, რომ საქართველო მათ არჩეულ დიქტატორულ გზას აღარ დაუბრუნდება.
აღსანიშნავია, რომ მარნეულში, ამ არჩევნებში პირველად იყო წარდგენილი ქალაქის მერად აზერბაიჯანელი ეროვნების ადამიანი. მარნეულში თემურ აბაზოვმა გაიმარჯვა. სასიხარულო ამბავია ეს.
დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არის ძალიან სერიოზული გამოწვევები. პირველ რიგში, ტერიტორიის 20% გვაქვს დასაბრუნებელი, ეკონომიკური ვითარება გასაუმჯობესებელი, ევროპასთან ურთიერთობა გასაღრმავებელი, ნატოსკენ ინტეგრაციის პროცესი დასახვეწი, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები დასალაგებელი და რა დროს კინკლაობა და პოლიტიკური ინტრიგებია?! "ქართული ოცნება" ქვეყანას უძღვება და მართავს პროგრესის მიმართულებით.
ის ძალები, რომლებიც ამ მიმართულებას ეწინააღმდეგებიან, ქვეყნის მოღალატეები არიან.

ირანდა კალანდაძე
скачать dle 12.0