სისულელეა, არავითარი მცურავი კურსი არ არსებობს! - ეს არის აფიორა, რითაც ვიღაც-ვიღაცები ჰაერისგან მილიონებს აკეთებენ

გვესაუბრება ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე:

– ბატონო დემურ, არჩევნების მერე ლარი მკვეთრად გაუფასურდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა რომ ეს ნორმალურია, კურსი მცურავია და ლარი ხან გამყარდება, ხან გაუფასურდება. მოდით, ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ და გვითხარით, რეალურად რა ხდება.

– ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებები, დაახლოებით, სანაგვეზე გადაგდებულ უსაშველო ნეოლიბერალურ ეკონომიკურ შეხედულებებს ჰგავს, რამაც უდიდესი მსოფლიო კრიზისი გამოიწვია. ეს არ არის პროფესიონალის განცხადება, არამედ საკმაოდ არასერიოზულია იმიტომ, რომ ეროვნულ ბანკს წესით, უნდა ჰქონდეს ერთი დიდი ამოცანა, რომელიც მაკრო-ეკონომიკის საერთო პოლიტიკაში ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს. სამწუხაროდ, ეს პრიორიტეტები მას არ გააჩნია. იგი, თითქოს, ინფლაციის დასაშვებ დონემდე და მის შეჩერებაზეა ორიენტირებული, მაგრამ აქედანაც არაფერი გამოდის ყველა ძირითად საქონელზე ფასები ინტენსიურად იზრდება, ნახეთ, რა ხდება წამლებთან, საწვავთან და ა.შ. დაკავშირებით. ამიტომ, ეს განცხადება ძალიან საშიშია. ამ ნეოლიბერალური შეხედულებებით აშკარაა, რომ ეროვნული ბანკი თავის საქმეს არ აკეთებს და კომერციული ბანკების ცრუ მომსახურე რეჟიმზეა გადასული, რაც ლარის კურსსაც ეტყობა და საქართველოს ეკონომიკასაც.

– ლარის გაცურვა-გამოცურვაში, მავანი, ალბათ, დიდ ფულს აკეთებს თუ რას ემსახურება ეს პოლიტიკა?

– არ შეიძლება ლარი თავის ჭკუაზე ცურავდეს. სახელმწიფო წესით იმიტომ არსებობს, რომ უზრუნველყოს მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდა საკუთარი შრომის საფუძველზე. სახელმწიფო დონეზე ასეთი პოლიტიკა, უპასუხისმგებლობა, ადამიანებს განვითარებისკენ მავალ გზას საერთოდ უკეტავს. მსგავსი რამ ევროპის, აზიის წამყვან ქვეყნებში, აშშ-ში რომ მოხდეს, უზარმაზარი ეკონომიკები დაინგრევა. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია ეკონომიკური გათვლა, პროგნოზი, რაც საქართველოზე ძალიან მძიმედ აისახება. რა გვიკვირს მილიონნახევარი მოსახლე ქვეყნიდან არის გასული, მიგრაციის მაღალი ტემპია, შარშანდელთან შედარებით, ქვეყნის მოსახლეობა, თითქმის, 20 ათასზე მეტით შემცირდა და ეს ტენდენცია გაგრძელდება, მიზერული ეკონომიკაა. 4–5%-იანი ზრდა თუ იქნა, ესეც მიზერია და ბევრს ვერაფერს გადაწყვეტს ვერც სიღარიბის პრობლემას მოაგვარებს, ვერც დასაქმებისას. ამიტომ, სურათი საკმაოდ მძიმეა. შემიძლია გითხრათ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ეს განცხადება ქვეყნის მდგომარეობას ძალიან მძიმედ ახასიათებს. მე, ამ ქვეყნიდან არსად გავრბივარ, თითოეულ ჩემს სიტყვაზე პასუხ ვაგებ ის, რაც გუშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა არის განუვითარებლობის გარანტი და სამწუხაროდ, მთლიანობაში, ხელისუფლება არის იმის გარანტი, რომ მის ერთ-ერთ ძალიან მძლავრ და მნიშვნელოვან შტოს შეუძლია ასეთი განცხადებების გაკეთება, რასაც თითქმის, მთელი ხელისუფლება იზიარებს. დასკვნა მკითხველისთვის მიმინდვია.
თავის ნებაზე ვერსად, ვერაფერი ვერ იცურებს იმიტომ, რომ ყველაფერი სახელმწიფო პოლიტიკაზეა დაფუძნებული. თავისუფალი ეკონომიკა არ ნიშნავს სისულელეების კეთებას. სწორად გაგებული ლიბერალური ეკონომიკა ძალიან კარგი რამ არის, მაგრამ არა ის უტოპიური და მითოლოგიაზე აგებული ეკონომიკა, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსნები საუბრობენ. ასე არსად არ ხდება საქართველოს გარდა.

– რა როლი მიუძღვის ამ პროცესებში სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს?


– არავის, არაფერი როლი არ აქვს, ტყუილად ნუ ვაბრალებთ დასავლეთს ჩვენს წარუმატებლობას. 25 წელი გავიდა და სახეზეა კვლავ პოლიტიკური პასუხისმგებლობის, პროფესიონალიზმის დეფიციტი, პოლიტიკური ჯგუფების უამბიციობა იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარების სტრატეგიაზე გაიყვანონ. ამიტომ, არის ეს პოსტსაბჭოური ქვეყნის სინდრომი. ხელისუფლებაში მოდის ვიღაც ბელადის მატარებელში შემხტარი ხალხი, თავის საქმეებს აგვარებს რაც შეიძლება მალე იმიტომ, რომ იცის ის პროფესიონალი არ არის და მისი მომავალი, პოლიტიკაში, ნულოვანია. ამიტომ, რაკი ბედმა გაუღიმა და გრუზინული ოცნება ახდა იგი სარფიან თანამდებობაზე მოხვდა, იმას აკეთებს, რასაც უკვე წლებია ვხედავთ.

სხვას ნურაფერს ნუ ვაბრალებთ, ეს არის ქვეყანაში პოლიტიკური პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმის დეფიციტი. ჩვენ საზოგადოებას, ახალგაზრდებს ვატყუებთ, თითქოს, ისინი ეკონომისტები და ფინანსისტები არიან. არავითარი ეკონომისტები და ფინანსისტები საქართველოში არ მზადდება, ვერცერთი მათგანი საუკეთესო და მაღალი დონის უნივერსიტეტებში ვერ გაივლიან. აქ, ისწავლება შესავალი კურსები, რაც არ არის პროფესიონალიზმი.
ბატონო დემურ, როგორც ცნობილია, სავალუტო ფონდმა ბევრი ქვეყანა გაკოტრების პირას მიიყვანა.
ეს ყველაფერი არის არასწორი წარმოდგენები. არ შეიძლება სავალუტო ფონდის მტრად აღქმა. კიდევ ვიმეორებ, ჩვენი უბედურება არ შეიძლება სავალუტო ფონდსა და რუსეთს მოვკიდოთ კისერზე. ჩვენ, ჩვენი უბედურება გვჭირს და არ გვინდა საკუთარ თავს გავუმხილოთ რატომ ვართ ასეთ მდგომარეობაში, რატომ არის მდიდარი ქვეყანა უსაშველოდ, სამარცხვინოდ ღარიბი და არ გვინდა მივხვდეთ რა არის ამის რეალური მიზეზი.
ხელოვნურად არავინ გაგაკოტრებს, არავინ გაგაფუჭებს. ქართველები საკუთარ თავს კარგა ხანია თავად იფუჭებენ.

– ახლახან, სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საქართველოში იმყოფებოდა და ჩვენი მთავრობა შეაქო. რაში აისახება ეკონომიკის ზრდა მაშინ, როცა მოსახლეობა ღატაკდება?

– კარგია თუ არა მთავრობა, ხელისუფლება, ამას ერთადერთი შემფასებელი ჰყავს არა სავალუტო ფონდი, არამედ საქართველოს მოქალაქეები. თუ ჩვენ ორიოდე დღის წინ დასრულებულ არჩევნებს შევხედავთ ქართველი ხალხი საკუთარი ხელისუფლებით კმაყოფილია. რაკი ასეთი შედეგია, ქართველი ხალხი ძირითადად, ხელისუფლების კმაყოფილია. ამიტომ, სავალუტო ფონდი აქ არაფერ შუაშია. ანუ, მოგვწონს ის მდგომარეობა რომელშიც ვართ, სხვა ახსნა ამას არ აქვს.
კარგით. მოდით ისევ ეროვნულ ბანკს და კომერციულ ბანკებს დავუბრუნდეთ. ეროვნული ბანკი ზედამხედველობს უწევს კომერციულ ბანკებს, მაგრამ მიკრო-საფინანსო, საკრედიტო ორგანიზაციებს პატრონი არ ჰყავთ.
მთლად უკონტროლოდ არ არიან, მაგრამ საქმე ისაა, რომ რეგულაცია არასაკმარისია. უკანონოდ არაფერი არ არის შექმნილი, ერთადერთი ონლაინ-კომპანიებში იყო საკანონმდებლო ხარვეზები, მაგრამ თვითონ პოლიტიკა არის მცდარი და ვიღებთ იმას, რომ მახინჯმა ფინანსურმა სისტემამ, რაც ხელისუფლებებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩამოაყალიბეს, ეკონომიკის ყველაზე დიდი დამამუხრუჭებელი ძალის ფუნქცია შეიძინა. ზღაპარს ჰყვება ვინც ამბობს, რომ ეკონომიკა განვითარდება. ამ მახინჯ ფინანსურ სისტემაში ვერაფერი განვითარდება. მთლიანობაში ყველაფერი ხელისუფლების ხელშია. როგორ განვითარდნენ სხვა ქვეყნები? არსებობს ბრწყინვალე გამოცდიელბა, შესანისნავი მონოგრაფიები თუ რატომ განვითარდნენ რიგი ქვეყნები და არ განვითარდნენ სხვები. მე, ეს ყველაფერი კარგად ვიცი, ბევრი დრო დავკარგე, რომ ამაში გავრკვეულიყავი. ჯერჯერობით, საქართველოში არაფერი კეთდება ისეთი, რაც გაკეთდა ყველა განვითარებულ ქვეყანაში დასავლეთი იქნება ეს თუ აზია.
კომერციული ბანკები დროებითი ლიკვიდურობის აღმოსაფხვრელად, ეროვნული ბანკიდან ათდღიან სესხებს იღებენ, თუმცა, სესხად გაცილებით მეტს იღებენ. ეროვნული ბანკი ამას ყურადღებას არ აქცევს, ვიდრე მათ ეს დროებითი ლიკვიდურობის დაკარგვის შესავსებად სჭირდებათ. აქაც, ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება. სად მიდის ზედმეტი ფული, რომელსაც ბანკი ათი დღით საკმაოდ დაბალი პროცენტით იღებს? ცხადია, მომენტალურად სავალუტო ბირჟაზე ხდება ვალუტის შეძენა, ათი დღის მერე შეთამაშდება კურსი და არაფრისგან, ჰაერისგან ადამიანები ძალიან დიდ ფულს შოულობენ. ამიტომ, შემთხვევით არაფერი ხდება.

– ბატონო დემურ, წეღან ახსენეთ, ზღაპარია ვინც ყვება, რომ ეკონომიკა განვითარდებაო. თუ ხელისუფლება არ ზრუნავს, ხომ შეიძლება შეიკრიბონ გარკვეული სპეციალისტების ჯგუფი, ვინც ქვეყნის ეკონომიკურ კონცეფციას შეიმუშავებს?


– ეს საქართველოა, აქ, ქართველები ცხოვრობენ, მათ ასეთი ამბიცია არ აქვთ შეიკრიბონ თვითორგანიზაციის გზით და სერიოზული, ამბიციური პროექტები განახორციელონ. ქართველები იმად რჩებიან, რაც საუკუნეების მანძილზე იყვნენ ისინი გათითოკაცებული რაღაც ფორმით ცდილობენ ამ სიტუაციას მოერგონ და ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ. თუ აკრიტიკებენ მას ისიც იმიტომ, რომ გარკვეულად ყურადღება მიიქციონ. ასე არაერთმა მათგანმა ასე თუ ისე თავიანთი სიტუაცია გაიუმჯობესა. ასეთ ნაბიჯებს მხოლოდ შინაგანად თავისუფალი ადამიანები დგამენ. ვცდილობ, ამ პროცესს სტიმულები მივცე, არ ვარ უმოძრაოდ. ვფიქრობ, საქართველოში თანდათანობით მოხდება იმ ათასობით ადამიანის თვითორგანიზაცია, რომელიც საკუთარი ქვეყნის მომავალზე ძალიან მყარ შეხედულებებს ჩამოაყალიბებს და ის ძალა იქნება, რომელიც ეცდება ეს ყველაფერი რეალიზდეს, რათა ჩვენ ღირსეული, ფანტასტიური ქვეყანა გვქონდეს. სხვის ხელს შემყურე ადამიანებს თვითორგანიზაციის უნარი არ აქვთ, ეს შეუძლია მხოლოდ თავისუფალ, ღია საზოგადოებაში მყოფ თავისუფალ ადამიანებს.

– ბატონო დემურ, კომერციულ ბანკებს გასულ წელთან შედარებით დიდი მოგება ჰქონდათ. რის ხარჯზე?

დიახ, ეს ყველაფერი ოფიციალური მონაცემებია. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც საბანკო მოგებები ასეთი ფანტასტიკური მასშტაბით იზრდებოდეს.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0