იქ, მეორე ნაპირზე…

გასულ წელს, სრულიად მოულოდნელად, დიასპორის სამინისტრო გაუქმდა. როგორც ამბობენ, ხელისუფლება სამინისტროების სერიოზულ რეორგანიზაციას და რეფორმირებას აპირებდა და დიასპორის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე სხვა სამინისტროს გაუქმებაც ჰქონდა განზრახული, მაგრამ ამ სხვა სამინისტროებმა მთავრობის გადაწყვეტილებას მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და თავი გადაირჩინეს, თუმცა ამასობაში დიასპორის სამინისტრო უკვე გაუქმებული იყო.

ასე შეეწირა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და უმნიშვნელოვანესი სამინისტრო რეორგანიზაციის მცდელობას, რომელიც ისე დამთავრდა, რომ არც დაწყებულა.

იმ დროს, როცა სხვადასხვა გარემოებათა გამო, მილიონნახევარი (შეიძლება მეტიც) ქართველი უცხოეთშია გადახვეწილი და ეს რიცხვი კი არ იკლებს, მატულობს, საზოგადოების მიერ დიასპორის სამინისტროს გაუქმება სრულ გაუგებრობად და ანაქრონიზმად იქნა აღქმული.
სამშობლოს მოწყვეტილი ქართველებისთვის დიასპირის სამინისტროს არსებობა ერთგვარი იმედის კუნძულივით იყო, რომელიც, სამწუხაროდ, ისე მოულოდნელად ჩაიძირა, რომ ჩაძირვის მიზეზებიც კი არავის აუხსნია ამ კუნძულს იმედის თვალით მიჩერებული მილიონობით ადამიანისთვის.
არადა, დიასპორის სამინისტრომ, იმ უკიდურესად მწირი დაფინანსების პირობებშიც კი, ბევრი კარგი საქმის გაკეთება მოასწრო, თუმცა ვერ მოასწრო იმ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რომლებიც ფრიად მომგებიანი იქნებოდა, როგორც საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის, ასევე, ზოგადად, ქართული სახელმწიფოსთვის.
მწირ დაფინანსებას რომ ვამბობ, იმას ვგულისხმობ, რომ საქართველოს დიასპორის სამინისტროს წლიური ბიუჯეტი სულ რაღაც 1 მილიონ ლარს შეადგენდა, ეს იმ დროს, როცა ჩვენი მეზობლები, სომხები და აზერბაიჯანელები, ასეულობით მილიონ დოლარს ხარჯავენ თავიანთი სამინისტროების ნორმალური და ეფექტური ფუნქციონირებისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტულ თავიანთ დიასპორებთან ნორმალური ურთიერთობა და მჭიდრო კავშირების შენარჩუნება შეძლონ.

ისინი თვალისჩინივით უფრთხილდებიან თითოეულ ადამიანს, რომელიც გენეტიკურად დაკავშირებულია მათ ეროვნულ ფესვებთან ეძებენ, პატრონობენ, განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობიან, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიმოფანტულ ამ ადამიანებს შეუნარჩუნონ სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი.
რას ვაკეთებთ ამ დროს ჩვენ, ქართველები?
რას ვაკეთებთ და დიასპორის სამინისტროს ვაუქმებთ!
უპასუხოდ რჩება პოეტის ცრემლნარევი შეკითხვა: საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი.
საქართველო არ ეძებს თავის დაკარგულ შვილებს.
დედას, რომელსაც თავისი შვილები უპატრონოდ ჰყავს მიგდებული, დედობას ჩამოართმევენ ხოლმე.
ენა როგორ მომიტრიალდება იმის სათქმელად, ქართული სახელმწიფო იმის ღირსია, რომ დედობა ჩამოართვან-მეთქი, თუმცა ის მილიონნახევარი ქართველი რომ მახსენდება, დედამ რომ დაივიწყა, ეს მკრეხელური აზრი კვლავ ამოტივტივდება ხოლმე და საკუთარ თავზე ვბრაზდები.

საქართველო ინვესტიციების შიმშილს განიცდის და ინვესტორების ძებნაში ხან ჩინელებს მიადგება, ხან არაბებს, ხან – თურქებს, ხან – ირანელებს, ხან – ინდოელებს, მაგრამ, ფაქტობრივად, არ ახსენდება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ძალა რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები.
შეიძლება ამის მთავარი მიზეზი ის იყოს, რომ ეს ადამიანები ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და იქ ეწევიან ბიზნესსაქმიანობას, ეს კი პროდასავლურად და იმავე დროს პატრიოტულად განწყობილ ქართველთა (ასე უწოდებენ ისინი საკუთარ თავს), ერთი ნაწილისთვის მიუღებელია.
არ ვიცი, ვინ დაგვაჯერა და ვინ დაგვარწმუნა, რომ ოკუპანტად შერაცხულ ქვეყანას არ უნდა დაველაპარაკოთ, ხმა არ უნდა გავცეთ, მასთან პირდაპირ დიალოგში არ უნდა შევიდეთ და თუ რომელიმე ქართველი, ვინც ამ აკრძალვას არ დაექვემდებარება, ერის მოღალატედ გამოვაცხადოთ.
აი, ეს არის ის გარედან ნაკარნახევი მთავარი იდეოლოგიური ხაზი, რომელსაც საქართველო ბრმად და მორჩილად მიჰყვება, აგერ უკვე 25 წელიწადია, თუმცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით, რისთვისაც კეთდება თურმე ეს ყველაფერი, ერთი ნაბიჯით არ წავწეულვართ წინ.
კაცობრიობის არსებობის მანძილზე სახელმწიფოთა შორის უამრავი ომი მომხდარა და ყველა ეს ომი, საბოლოო ჯამში, დაპირისპირებულ მხარეთა შორის მოლაპარაკებებით, პირდაპირი დიალოგით და შეთანხმებით მთავრდებოდა.

გამონაკლისი რუსეთსა და საქართველოს შორის მომხდარი დაპირისპირება აღმოჩნდა, სადაც ერთი მხარე, საქართველო, უარს ამბობს პირისპირ დაელაპარაკოს მეორე მხარეს, რითაც, ფაქტობრივად, უარს ამბობს იმ ტერიტორიების დაბრუნებაზე, რომლებსაც დღეს მეორე მხარე აკონტროლებს.
ეს ელემენტარული ლოგიკაა და, ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ერის მოღალატეები ისინი კი არ არიან, რომლებიც რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოგვიწოდებენ, არამედ ფრიად საეჭვოდ გამოიყურებიან ისინი, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამ მოლაპარაკებას და რუსეთ-საქართველოს შორის ისეთი კედლის აღმართვას ცდილობენ, რომ ერთმანეთს ხმა საერთოდ ვერ მივაწვდინოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთს და სამაჩაბლოს სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ. (იქნებ უკვე დამშვიდობებული ვართ და არასამთავრობოების, ე.წ. ექსპერტების, ე.წ. პოლიტიკოსების თუ ჟურნალისტურ-ლიტერატურული შპანის მიერ ატეხილი ფსევდოპატრიოტული ქაქანი და კაკანი რეალური სურათის შესაფუთად და მისაჩქმალად გვჭირდება?)
აი, ასეთი სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში და რა გასაკვირია, თუ საქართველო იმ 700 000 ქართველისკენ არც კი იხედება, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო დღეს რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

კი, მაგრამ, რამდენი 700 000 ვართ ჩვენ, ამ 700 000 ქართველს არხეინად რომ შევაქციეთ ზურგი?
რუსეთთან თუ გვაქვს პრეტენზიები, გვქონდეს, მაგრამ იმ 700 000 ქართველს რას ვერჩით და რას ვემართლებით, რომლებსაც არანაირი დანაშაული არ მიუძღვით სამშობლოს წინაშე. საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ქართველი ემიგრანტების მიერ ყველაზე დიდი თანხა რუსეთიდან იგზავნება.
ისინი საქართველოში ათასობით და ათიათასობით ქართულ ოჯახს არჩენენ რუსეთში ტანჯვით და წვალებით ნაშოვნი ფულით და იმის ნაცვლად, რომ ეს ადამიანები ხანდახან მაინც გავამხნევოთ და თბილი სიტყვა ვუთხრათ, ქართული სახელმწიფო საერთოდ არ იხედება მათკენ თითქოს ისინი არც არსებობენ.
არა მგონია, ჩვენი სურვილით და ჩვენი ნებით ვაკეთებდეთ იმას, რასაც ვაკეთებთ როგორც ჩანს, ვიღაცები გვაძალებენ და გვაიძულებენ, ასე მოვიქცეთ.
თუ ეს ასეა, მაშინ იმ ვიღაცების მიერ ის საქართველოც ოკუპირებული ყოფილა, რომელიც ჩვენ თავისუფალი და დამოუკიდებელი გვგონია…


როგორც მოგახსენეთ, რუსეთთან ყოველგვარი ურთიერთობა დრევანდელ საქართველოში დიდ ცოდვად ითვლება.
სულ ახლახან, აგვისტოს თვეში, საქართველოს ხელისუფლება კინაღამ ჯვარს აცვეს როგორ გაბედეთ და რუსეთს დახმარება როგორ სთხოვეთო?
არადა, ნახევარი საქართველო იწვოდა, მაგრამ ამ ვაიპატრიოტებს ერჩივნათ, ნახევარი საქართველო დამწვარიყო და გადაბუგულიყო, ოღონდ რუსეთისკენ არ გაგვეხედა. ასე უყვართ მათ საქართველო, ოღონდ საქართველოზე მეტად ის ფული იყვართ, რომელსაც მათ საქართველოსადმი ამგვარი სადომაზოხისტური სიყვარულის გამო უხდიან.

თითქოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვართ, ესენი კი ზედამხედველებივით გვადგანან თავზე და საკმარისია, საავადმყოფოს შიდა განაწესით დადგენილი ტექსტიდან ოდნავ გადაუხვიოს ვიღაცამ, იმწამსვე სვავებივით დააცხრებიან თავზე, რომ ენა ამოგლიჯონ, ზურგზე კი მოღალატის ბირკა მიაკრან.
არ ვიცი, რა ჰქვია ყოველივე ამას და არც ის ვიცი, სადამდე შეიძლება ამ შიზოიდურ-პარანოიკულ სიტუაციას ქვეყანამ გაუძლოს.
ცოდვათა ჩამონათვალში ერთ-ერთ მთავარ ცოდვად ქართველის მიერ რუსეთში ფულის შოვნა ითვლება.
ასე, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი ლამის არის, ცოცხლად შეჭამონ მაგან ფული რუსეთში იშოვაო.
რა თქმა უნდა, იმაზე არაფერს ამბობენ, რუსეთში ნაშოვნი ფულის დიდი ნაწილი ამ კაცმა საქართველოს რომ მოახმარა.
რუსეთში მრავლად არიან წარმატებული ქართველი ბიზნესმენები, მილიონერები, მილიარდერები, რომლებსაც შეუძლიათ ძალიან დიდი სიკეთე გაუკეთონ საქართველოს, თუმცა საქართველო მათ არ უხმობს ხომ შეიძლება რუსეთში ნაშოვნ და საქართველოში შემოტანილ ამ მილიონებს რუსული ინტერესები შემოჰყვეს თან.

ეს შიში სრულიად უსაფუძვლოდ და ალოგიკურად გეჩვენება, მით უმეტეს, მაშინ, როცა იცი, რომ საქართველოში საკუთრივ რუსეთს ძალზე სერიოზული ეკონომიკური და ფინანსური ბერკეტები უჭირავს ხელში და რაღაც მიზნების განსახორციელებლად ქართველებით დაკომპლექტებული ეკონომიკური დესანტის გამოყენება არაფერში სჭირდება.
ორმაგი სტანდარტი, ორმაგი მიდგომა ერთის მხრივ, ცხოველი ინტერესი რუსული ბაზრისადმი და, ზოგადად, რუსული კაპიტალისადმი, მეორეს მხრივ, ანტირუსული განწყობის მიზანმიმართული, დაჟინებული დეკლარირება, ერთის მხრივ აბაშიძე-კარასინის ფორმატი და მეორეს მხრივ, ანტირუსული განცხადებები, თავისთავად ქმნის იმ ატმოსფეროს რუსეთში, რომელიც იქ მოღვაწე ქართველებს, თუნდაც ბიზნესის კუთხით, ბევრ დაბრკოლებებს უქმნის.
ალბათ, ესეც არის მიზეზი იმისა, რომ ქართველებმა, რომლებიც პირველები იყვნენ ბიზნესის სფეროში, თანდათან დათმეს (თუ დაათმობინეს…) პოზიციები.
ჩვენ უკვე გაგვისწრეს ოსებმა, აფხაზებმა, ადიღეელებმა, ჩეჩნებმა, ინგუშებმა, შუა აზიის რესპუბლიკების წარმომადგენლებმა.
არაფერს ვამბობთ სომხებზე და აზერბაიჯანელებზე, რომლებიც რუსეთის ბიზნესელიტაში წამყვან პოზიციებს იკავებენ.
როგორი სამწუხაროა, რომ ჩვენი არაპრაგმატული პოლიტიკით ჩვენ თვითონ ვუფუჭებთ საქმეებს უცხოეთში მოღვაწე ქართველებს, რაც შემდეგში ბუმერანგივით გვიბრუნდება უკან.

**
შეიძლება უცხოეთშიც იყო წარმატებული და დაფასებული ადამიანი, მაგრამ სრულყოფილი პიროვნება მხოლოდ შენს სამშობლოში შეიძლება გახდე.
ეს სიტყვები ცხონებულ ფრიდონ თოდუას ეკუთვნის, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთში, მაგრამ ბოლოს ყველაფრით უზრუნველყოფილი ყოფა დათმო და სამშობლოში დაბრუნდა.
სრულყოფილებას რომ თავი დავანებოთ, ადამიანი ბედნიერი მხოლოდ საკუთარ სამშობლოში შეიძლება იყოს.
საქართველოს გარეთ გასული ქართველები ამ ჭეშმარიტებას განსაკუთრებული ტკივილით და სიმძაფრით გრძნობენ ხოლმე.
ნუ ჩავუკეტავთ სამშობლოსკენ მომავალ გზას ამ ადამიანებს, რადგან ყველა გზა, რომლებზეც ბედმა ეს ადამიანები ატარა, საბოლოოდ მაინც სამშობლოსკენ მომავალ გზაზე გამოდის…


ერთი ოცნება მაქვს: როდის დადგება ის დრო, როცა ჩინელები და ინდოელები კი არა, თურქები და არაბები კი არა, დღეს უცხოეთში მოღვაწე მდიდარი ქართველები დაიძრებიან საქართველოსკენ, რომ დახლზე გასაყიდად გამოტანილი სამშობლო უცხოს და გადამთიელს არ დაუთმონ…

ვახტანგ ხარჩილავა
скачать dle 12.0