საქართველოში ჩამოსული არაბები მიიჩნევენ, რომ მათი წინაპრები 300 წელი აშენებდნენ თბილისს და ამ ქვეყანაში გარკვეული პრივილეგიები უნდა ჰქონდეთ

ვაგრძელებთ ინტერვიუს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილესთან, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ გელა ხუციშვილთან. ჩვენმა რესპოდენტმა "ქართული ოცნების"ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, გარდაბნის რაიონის გამგებლის თანამდებობა დაიკავა, თუმცა საკრებულოს მიერ მოწყობილი იმპიჩმენტის გამო, თანამდებობის დატოვება მოუწია, რაც გელა ხუციშვილის განცხადებით, გარდაბნის რაიონის მიწების განიავების საკითხით მის დაინტერესებას უკავშირდება.

ჯერ კიდევ ჩემი გამგებლობის პერიოდში მოდიოდნენ ირანელი ბიზნესმენები და მაინც და მაინც ვაზიანსა და მის შემოგარენში ითხოვდნენ მიწის გამოყოფას სასაწყობო მეურნეობისა თუ მაღაზიების ასაშენებლად. რომელი ცენტრალური გზა და ხელსაყრელი სავაჭრო მიდამოა ვაზიანი, თუ შორს გათვლილი ზრახვები არ აქვთ? ახლახანს ინტერნეტსივრცეში ახალი სიმღერაც გამოჩნდა, სადაც ირანელი მომღერალი ითხოვს მათი `კუთვნილი~ ტერიტორიები დაუბრუნდეთ, თურმე საქართველო მათი კუთვნილება ყოფილა. საქართველოში ჩამოსული ახალგაზრდა არაბები კი მიიჩნევენ, რომ მათი წინაპრები 300 წელი აშენებდნენ თბილისს და ახლა მათია. საქართველოს ტერიტორიების მიმართ ანალოგიური პრეტენზიები აქვთ თურქებსაც, ასე რომ, ჩვენ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ. საქართველო კი არის ტოლერანტული ქვეყანა, მაგრამ ტოლერანტები რელიგიური აღმსარებლობის მიმართ ვართ და არა იმ უზნეობის, რაც ქვეყანაში ხდება. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სუნიტები და შიიტები მშვიდად ლოცულობენ ერთ მეჩეთში, არასდროს ყოფილა მათ შორის კონფლიქტი, არადა ხომ ხედავთ რა სისხლიანი დაპირისპირება ამ ორ ფრთას შორის მთელს მსოფლიოში. რაიმე კონფლიქტი რომ მოხდეს შიიტურ ირანში, თავისთავად წამოვა ლტოლვილთა ნაკადი, ჩვენი საზღვარი ფაქტობრივად დაუცველია, ისინი უპრობლემოდ შემოვლენ საქართველოში, სად არის გარანტია, როგორი კონფლიქტის კერა გაღვივდება ადგილობრივ მუსულმანებთან, რომელთა უმეტესობა სუნიტია?!

ხელისუფლება გვიცხადებს, კონსტიტუციით ავკრძალეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწის გაყიდვაო, მაგრამ იქ ძალზე ვერაგული სქემა მუშაობს. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე ჩამოვა თავისი ოჯახით, აეროპორტშივე იხდის საქართველოში შემოსვლის თანხას, იქიდან იუსტიციის სამინისტროში მიდის, გადაიხდის 35 თუ 38 ათას დოლლარს, ღებულობს ბინადრობისა და საქმიანობის უფლებას, მისი დასაქმების სფერო კი მიწათმოქმედებაა. ამ თითო უცხოელს ოთხი ცოლი რომ ჩამოყავს თავისი 4–4 შვილით, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. ეს უცხოელი დეკლარაციას რომ ავსებს, რატომ არავინ კითხულობს მისი ფულის წარმომავლობას. როდესაც რომელიმე სახელმწიფო თავის მოქალაქეს სუბსიდიას აძლევს, წადი და სხვა ქვეყანაში, იგივე საქართველოში დასახლდიო, ეს ხომ არ არის ერთგვარი ექსპანსიის მცდელობა? როგორც კი ეს უცხოელი საქართველოში მიწას იჯარით იღებს და საქმდება, მნიშვნელობა არ აქვს იჯარის ხანგრძლივობას, მისი ცოლები საქართველოშიც უჩენენ შვილებს. საქართველოს კანონმდებლობით, ქვეყნის მოქალაქე შეიძლება გახდეს პირი, რომელიც საქართველოში დაიბადა. ამ უცხოელის საქართველოში დაბადებული შვილები, იჯარის ვადის გასვლამდე უკვე სრულწლოვანები იქნებიან, ე.ი. ამ მიწის კეთილსინდისიერი მფლობელები ხდებიან. ნახეთ რა ვითარებაა კახეთში ან ქვემო ქართლში, ზოოვეტინსტიტუტის მიმდებარედ, ე.წ. გიგანტის დასახლების ტერიტორიაზე მიწები არაბებს მიყიდეს. ამ არაბმაც დაყო ეს მიწა პატარ-პატარა ფართობებად, ააშენა 40 თუ 60 კვ.მ ფართობის სახლები, რომელსაც პროექტი არ ჭირდება და ახლა მათი გაყიდვის საკითხი დგება, ის ან არაბზე გაყიდის, ან იმაზე, ერთი სიტყვით, პატარა სოფელია. ასეთი სოფლის გაკეთების მცდელობა იყო კუმისშიც. გარდაბნის რაიონი ავჭალამდე ვრცელდებოდა, ადრეც გითხარით, ქართული მოსახლეობა ნაკლებად ცხოვრობდა ამ ტერიტორიაზე, თავიდან სტალინის მმართველობის პერიოდში ჩამოასახლეს აღმოსავლეთი საქართველოს მთიანეთიდან მოსახლეობა, მაშინ გაშენდა სოფლები: გამარჯვება, ფოლადაანთკარი, სამგორი. მოგვიანებით ჯუმბერ პატიაშვილის ცეკას პირველი მდივნობის დროს ჩაასახლეს ეკომიგრანტები და გაჩნდა სოფლები ლელაშხა, ლემშვენიერა. და დემოგრაფიული ვითარებაც მნიშვნელოვნად გამოსწორდა.ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ, თაღლითების `დოღი~ გაიმართა გარდაბნის რაიონის ტერიტორიაზე, ადამიანებს, რომლებიც სრულიად შემთხვევით აღმოჩნდნენ ხელისუფლების სათავეში, იაფი ფულის შოვნის საშუალება მიეცათ, ქართული მიწა ყიდვა-გაყიდვის საგნად აქციეს. გარდაბნის რაიონს ჩამოართვეს საკურორტო ზონა (კოჯორი, წავკისი, კიკეთი, ტაბახმელა და ა.შ) და თბილისს გადასცეს, რომ უფრო სარფიანად ევაჭრათ.

გარდაბნის რაიონის გამგებელი რომ გავხდი, პირველი მიწების საკითხით დავინტერესდი, დავიწყე დოკუმენტაციის მოძიება. ნაციონალების მმართველობის პერიოდში დაიწვა ახალსოფლის, საცხენისის და გამარჯვების საკრებულოს შენობა, განადგურდა დოკუმენტაცია და საკრებულოს ბეჭედი. 1993 წლის მიწის რეფორმა, რომელიც იუესაიდის პროგრამის ფარგლებში გაკეთდა, აღიწერა და დაურიგდა ხალხს მიწები შესაბამისი მოწმობებით, იყო უდიდესი თაღლითობა. ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა, რაღაც მაქინაციებით გარკვეული გავლენები მოიპოვეს და სარგებელიც მიიღეს. შემდეგ მოდის 2005 წელი, როცა აუქციონის წესით დაიწყეს მიწების გაყიდვა, ეს იყო მოსახლეობის ძარცვა, რადგან მათი გაუთვითცნობიერებლობით ისარგებლეს. დავინტერესდი, რატომ ირეგისტრირებდა ხალხი 2013 წელს იმ მიწებს, რომლებზეც 1993–94 წლებში ან 2005 წელს იყო გაცემული მიღება-ჩაბარების აქტები. ვისარგებლე საზღვრის დაცვის დეპარტამენტთან ჩემი ურთიერთობით და გამოვითხოვე ამ ხალხის ქვეყნიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია, მათი უმეტესობა იმ პერიოდში, როცა მიღება-ჩაბარების აქტებია გაფორმებული, საქართველოში არ იმყოფებოდა. ხომ აშკარაა, რასთან გვაქვს საქმე.

– ბატონო გელა, ამ აღებ-მიცემობის "შემოქმედნი" ვინ იყვნენ?


– ეს ყიდვა-გაყიდვა თემურ ფეიქრიშვილის გამგებლობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდში ხდებოდა. ფეიქრიშვილი შემდგომ გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი იყო პარლამენტში. მას პირადად ვერ წავუყენებ ბრალდებას, რადგან ჯერ ერთი არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, მან ხომ შეიძლება ისიც თქვას, რომ არ იცოდა რა ხდებოდა ადგილობრივ სამსახურებში. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ, როცა გარდაბნის გაგებელი გავხდი, თითქმის ყველა ხელმძღვანელი მუშაკი და თანამშრომელთა უმეტესობა პრობაციონერი იყო.ე.ი. ჩაიდენდნენ რაიმეს, მისცემდნენ მათ პასუხისგებაში, მერე ან ჩერდებოდა ძიება, ანდა პირობით მსჯავრს გამოუტანდნენ, ეს ხალხი აგრძელებდა მუშაობას და ბუნებრივია, ხელმძღვანელობის მონა-მორჩილი იყო, თვალისჩინივით უფრთხილდებოდა სამსახურს, რომ საარსებო წყარო არ დაეკარგა. სხვათა შორის, ეს ვითარება დღესაც გრძელდება, არა სამსახური, არა შემოსავალი, დასაქმების ძირითადი წყარო თითზე ჩამოსათვლელი საბიუჯეტო ორგანიზაციებია. გარდაბნის რაიონი, რომელიც ბოსტნეულით ამარაგებდა მარტო საქართველოს კი არა, საბჭოთა კავშირის რიგ ქალაქებსაც, დღეს მესაქონლეობაზეა გადასული და ამასაც ვერ ახერხებს, რადგან სოფლებს საძოვრები აღარ აქვს, გაუყიდეს. ზოგი ტერიტორია4–5-ჯერაა გადაყიდული, მათ შორის უცხოტომელებზე, რომელთაც ახლა კეთილსინდისიერი შემძენები ჰქვიათ. კომუნისტები ძალიან რაციონალურად უდგებოდნენ მიწის საკითხს, ნაყოფიერი ნიადაგს სახნავ-სათესის კატეგორია ჰქონდა მინიჭებული, ეწერი ნიადაგები კი საძოვრებად იყო დატოვებული. როდესაც ავადსახსენებელი მიწის რეფორმა ჩატარდა, დაიშალა მეურნეობები, მათმა ყოფილმა ხელმძღვანელობამ უზარმაზარი ფართობები ჩაიგდეს ხელში და შემგომ მისი გაყიდვა დაიწყეს, აღარავინ დაინტერესდა რა კატეგორიის მიწები იყო. აღმოჩნდა, რომ ეს ეწერებიც, ანუ საძოვრები სახნავ-სათესის კატეგორიაში ჰქონდათ გაყვანილი და გასაყიდად გატანილი.

სოფელ ქესალოში კურიოზული ფაქტი აღმოვაჩინეთ, თუ დაინტერესდებით, ქესალოელები გაჩვენებენ ამ დოცუმენტს. მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი თითო კომლს 1500 კვ.მ მიწას ჩუქნის. პრეზიდენტის ხელმოწერილ და ბეჭედდარტყმულ დოკუმენტებს თავის მხრივ ამოწმებს გარდაბნის ნოტარიუსი, გეკითხებით, ეს რას ნიშნავს? მოსახლეობას ვითომ გაუმარტივეს საქმე და უთხრეს, სათითაოდ რომ არ გადაიხადოთ ნოტარიალური მომსახურების თანხა, გაერთიანდით 10–10, 20–20 კაცი, ერთს მიეცით მინდობილობა, ის გაიფორმებს და თქვენც ისარგებლებთო. ბევრმა არც იცის, სად არის მისი კუთვნილი მიწა, ჩემი ინფორმაციით, სეზონზე გარკვეულ თანხად აქირავებენ ამ ფართობებს მათ შორის მფლობელებზე, თუმცა გადახდა ოფიციალურად არსად ფიქსირდება, ანუ გადასახადები იმალება. ვინც ამას აკეთებდა, ამ ხალხის 70%, ნაცმოძრაობიდან `ქართულ ოცნებაში~ გადაპორტირებული პერსონები, ახლადარჩეული საკრებულოს წევრი გახდა, ახლა, როგორც ოპოზიციონერ დეპუტატს, ისე მომიწევს მათთან ერთად მუშაობა.
ჩემთან დაპირისპირებული დეპუტატების გარკვეული ნაწილი პრივილეგირებული ფენა იყო, ნაციონალების მმართველობის პერიოდში რამდენიმე მოწვევის საკრებულოს წევრები გახლდნენ, მიწის დიდ ფართობებსაც ფლობდნენ. დღეს აღმოაჩენთ, რომ ეს მიწები უცხოელებზე, ჩინელებზე, ინდოელებზე და ა.შ. აქვთ გასხვისებული, საკუთარ მეზობლებს წაართვეს მიწა და უცხოტომელებზე გაყიდეს და დღეს ისევ ქვეყნის მართვაზე აქვთ პრეტენზია. ესენი არიან საცოდავი ადამიანები და რატომ — კითხვა ისმება, ღალატის პატიება თუ შეიძლება. როდესაც ადამიანი ჩემს მიმართ უკადრებელს ჩაიდენს, ამას ღალატს ვერ დავარქმევ, ეს შეცდომად ან გადაცდომად შეიძლება ჩავთვალოთ, შეიძლება ვაპატიო, ან საერთოდ დავივიწყო. როცა საქმე სახელმწიფო ინტერესებს ეხება, ეს ქმედებაა ღალატი და მისი პატიება დაუშვებელია. ეს ადამიანები საცოდავები იმიტომ არიან, რომ უპატიებელი ცოდვა აქვთ ჩადენილი.

– თქვენ რა გამოსავალს გვთავაზობთ?


– ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძემ შექმნა საადგილმამულო ბანკი, მაგრამ დღეს ამის გამკეთებელი არავინაა, ყველა მოსახლეობის ძარცვაზეა გადასული. აუცილებელია მიწა, როგორც ეროვნული ფასეულობა სახელმწიფო გამგებლობაში დარჩეს, მაგრამ მასზე შეუზღუდავი უფლება ჰქონდეს იმ ხალხს, ვისაც მისი გამოყენება შეუძლია და სურს. წარადგინონ მათ ბიზნესგეგმა, გადასცენ სარგებლობაში სასურველი ფართობი, იყოს გარკვეული გადასახადი და მოიყვანოს მოსავალი. მემკვიდრეობითაც უნდა გადადიოდეს ეს უფლება, თუ დარგს ანვითარებს ეს ოჯახი, მაგრამ ეს უნდა იყოს მხოლოდ სარგებლობის უფლება, გაყიდვა-გასხვისების უფლების გარეშე. გლეხმა ნორმალურად რომ აწარმოოს ფერმერული მეურნეობა, 10 ჰა მიწა მაინც უნდა ჰქონდეს, 8 ჰა მთლიანად აუნაზღაურებს გაწეულ შრომას, შემოსავლის ნაწილსაც მისცემს, ხოლო დარჩენილი 2 ჰა სარეზერვო ფონდი იქნება, რომელიც ან ჭარბი მოგების სახით წავა, ანდა მოუსავლიანობის პერიოდში მდგომარეობას დაუბალანსებს. ამ შემთხვევაში აღარ მოუწევთ ისეთი დაპირებების გაცემა, რომლის შესრულებაც მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დაპირებებს ვიღებთ, თუმცა საბოლოო ჯამში ხალხი სულ უფრო ვღატაკდებით, სამაგიეროდ, პარლამენტში გვაქვს მილიონერების "ცვენა".

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0