საქართველომ ხელახლა უნდა აღმოაჩინოს საკუთარი თავი კავკასიაში

გვესაუბრება კავკასიოლოგი მერაბ ჩუხუა:

_ ბატონო მერაბ, თქვენ ეროვნული მოძრაობის ღირსეული წარმომადგენელი ბრძანდებით. სწორედ, ზვიად გამსახურდიას დროს დაიბადა "ერთიანი კავკასიური სახლის" იდეა, რომელიც დღემდე ცოცხლობს, თუმცა, ვერ ხორციელდება. რა არის ამის მიზეზი და რამდენად ხედავთ იდეის ხორცშესხმის შესაძლებლობას?

_ დიახ, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიდგომა, რეგიონული განვითარების კუთხით, აბსოლუტურად, ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობდა. 9 აპრილის შემდეგ, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა გააქტიურდა, სადაც ბევრმა თავი გამოიჩინა, ბევრმაც შეირცხვინა. გამსახურდია სუფთა ხელებით, წმინდა ნაციონალური იდეით მოვიდა. ანუ, მის ხელში კავკასიური ერთიანობის, ისე როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეა, მხოლოდ პროგრესირებადი იყო. მან შეძლო საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება. სწორედ, მის ოფლსა და სისხლზე დგას თანამედროვე საქართველო. ამავე დროს დაგვიტოვა ერთიანი კავკასიის იდეა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობდა. თუმცა, ეს ისტორია გამსახურდიადან არ დაწყებულა, არამედ ოდითგანვე, ქართველებშიც და კავკასიელებშიც ცოცხალი, ქმედუნარიანი იდეა, კეთილმეზობლური, პატრიოტული, ურთიერთდაფასების ფორმატი იყო და არა ვასალურ პირობებში შექმნილი რამ. ეს იყო თანასწორთა ერთიანობა, რაც საქართველოს კავკასიურ სივრცეში, წარმატებული არსებობისათვის, აუცილებელი მომენტია. ჩვენ, უნდა ვაღიაროთ იმ ხალხების თანასწორუფლებიანობა, რომლითაც საქართველო გარშემორტყმულია. გამსახურდიას პერიოდში, ჩემი უშუალო მონაწილეობით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩერქეზეთის, დაღესტნის მიმართულებით. ჩერქეზული შერეული დელეგაცია საკუთრივ ჩერქეზეთიდან და უცხოეთის დიასპორული ჩერქეზეთიდან, საქართველოს ხელისუფლებიდან კორიდორს ითხოვდნენ, ანუ, სამშობლოსკენ გასასვლელს. ისინი, გენოციდის შემდგომ, სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობას საქართველოდან ხედავდნენ. ზვიად გამსახურდიამ ამაზე თანხმობა განაცხადა. მკითხველის გასაგონად მინდა ვთქვა: მთელს მსოფლიოში მიმობნეული ჩერქეზები, დაახლოებით, შვიდმილიონიან ჩერქეზულ დიასპორას ქმნიან. ეს ერთი უდიდესი, კავკასიური რასის ღირსეული ნაწილია. ჩეჩნეთის მიმართულებით განხორციელდა პროექტი, რომელიც თავისუფალი ჩეჩნეთის ეროვნული იდეიდან გამომდინარეობდა. შეიქმნა რესპუბლიკა იჩქერია ყველა დემოკრატიული სეგმენტით, რაც დამოუკიდებელ სახელმწიფოს ახასიათებს, რაშიც მონაწილეობას ქართველი დეპუტატები იღებდნენ. შემდგომ იყო ინგუშეთის თემა, რომელიც შიგნით, რუსეთის ფედერაციის ფარგლებში, ტერიტორიული ერთიანობისკენ მიისწრაფვოდა. მოგეხსენებათ, ინგუშური ტერიტორიების დასავლეთი ნაწილი ანუ, დასავლეთ-ინგუშეთი მაშინ და დღესაც ინგუშეთის შემადგენლობაში არ იყო და ისინი, ტერიტორიულ ერთიანობას ოსებთან კონფედერაციის საწყისებზეც კი ფიქრობდნენ, ანუ, ოსურ-ინგუშურ რესპუბლიკაზეც თანახმა იყვნენ. ჩვენი, ქართული სეგმენტის მონაწილეობა აქტიური იყო. დაღესტანთან დაკავშირებით იყო პრობლემები, მათ ეუბნებოდნენ, რომ გამსახურდია საფრთხობელაა, თუმცა, მოგვიანებით ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ბატონ ზვიადს ტრადიციული დაღესტნური ხმალი მიართვეს როგორც სიმბოლო მეგობრული და ძლიერი ერთიანობისა. ანუ, მაშინ ყველა მიმართულება მოგვარებადი იყო. გამსახურდია, ასევე, აქტიურ პოლიტიკას აძლიერებდა ოსეთის ჩრდილოურ ნაწილთან, შეხვედრები ჰქონდა ოსურ ხელმძღვანელობასთან კერძოდ, გალაზოვთან. ამ მიმართულებითაც დიდი პერსპექტივა ჩანდა, მაგრამ ეს ყველაფერი ძალას იძენდა მხოლოდ იქედან გამომდინარე, რომ გამსახურდია საქართველოს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი იყო. სამწუხაროდ, აქ, უკვე, გადაიდგა ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული ნაბიჯი პუტჩის სახით, რამაც საქართველოს პირველი ეროვნული ხელისუფლება იმსხვერპლა.

_ … და ერთიანი კავკასიური სახლის იდეა განუხორციელებელი დარჩა. მაგრამ ჩვენ, ქართველები ხომ კავკასიელები ვართ. განა შეიძლება კავკასიური სივრციდან ამოვვარდეთ?


_ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, რაც ქართული ეროვნული ენერგიის აქტიური მოქმედების ნაყოფი იყო, მაგრამ ჩრდილოეთ-კავკასიელები თავიანთ ეროვნულ იდეებს ავითარებდნენ. ასევე, ფიქრობდნენ დამოუკიდებელი რესპუბლიკების შექმნას, სულ მცირე რუსეთის შემადგენლობაში ოღონდ, არა კაბალური არამედ ჰარმონიული, თანასწორუფლებიანობის ფარგლებში. მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, სპეცსამსახურებმა მოახერხეს ჩრდილო-კავკასიური, ამ ეროვნული ტალღის არა საკუთრივ ჩრდილო-კავკასიური იდეის გზით ტარება, არამედ მისთვის ანტიქართული მიმართულების მიცემა. ეს, პრაქტიკულად, ანტიქართული მოძრაობა გახდა, რისი პიკიც შევარდნაძის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი იყო აფხაზეთის ომის სახით, სადაც ურთიერთს ორი დიდი ეროვნული ენერგია _ ჩრდილო-კავკასიური და ქართული შეეჯახა. რისთვის? შევარდნაძე იყო ამ პროექტის ნაწილი, რომელიც ანტიქართულად იყო განწყობილი და საქართველო, როგორც თქვენ ბრძანეთ, საკუთარივე ფესვებით დაამარცხა. ჩვენ ეს ომი ჩრდილო-კავკასიელებთან ფიზიკურად წავაგეთ იმიტომ, რომ საკუთარ ფესვებს და მათთან ჰარმონიული თანაარსებობის პრინციპებს დავუპირისპირდით. რაც შეეხება ჩვენს ევროპულობას, რა თქმა უნდა, მომხრე ვარ საქართველო ვითარდებოდეს თანამედროვე ცივილიზაციების და პროგრესის პირობებში, მაგრამ ამავდროულად, ევროპისთვის საქართველო საინტერესო ხდება იქედან გამომდინარე, თუ რამდენად რეგიონული სახელმწიფოა, რამდენად შეუძლია მას რეგიონში ლიდერი სახელმწიფოს სახე შექმნას, რომელმაც რეგიონი უნდა მოიცვას და მას ყველა ის პლუსი დაანახოს, რაც განვითარებასთან, პროგრესთან და დემოკრატიასთან არის დაკავშირებული. მაჩანჩალა, უიდეო საქართველო, რომელსაც არ აქვს ეროვნული ნაციონალური იდეა, არც კავკასიელებს მოეწონებათ და არც ევროპელებს.
დღესაც კი, საქართველოს, მთელი კავკასია იმედის თვალით შეჰყურებს, რაც პირდაპირ ჩანს სომხებთან, აზერბაიჯანელებთან, ჩრდილო-კავკასიის ხალხებთან ურთიერთობაში. რატომ? _ საქართველო ერთადერთია, რომელსაც შეუძლია გამაერთიანებლის როლი ითამაშოს. გაერთიანება არ ნიშნავს მატერიალურ ან ტერიტორიულ ერთიანობას. აქ საუბარია ღირებულებებზე, ფასეულობებზე დაფუძნებულ ერთიანობაზე, რომლის ცენტრიც ჯერ კიდევ თბილისია. ჩვენს დედაქალაქს მთელი კავკასია თავის ქალაქად აღიარებს.

ჩვენი სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა, რომ იპოვოს თავისი ადგილი მისსავე ბუნებრივ წიაღში არამხოლოდ ტრადიციით, არამედ დღევანდელობითაც. საქართველომ აჩვენა, რომ შეიძლება ახალი სახელმწიფოს შენება ნულიდან კი არა მინუს უსასრულობიდან დაიწყო. შევარდნაძის დროს საქართველოს იდეა არ ჰქონდა. დღეს, საქართველოს მიმართულება, განვითარების თვალსაზრისით, აბსოლუტურად სწორია, მაგრამ ჩვენ ერთ სეგმენტში ძალიან მოვიკოჭლებთ _ რეგიონის შეფასებაში. პრაქტიკულად, არ ვგრძნობთ ჩრდილოეთ-კავკასიას. ჩვენთვის, ჩრდილოეთ-კავკასია არის მტრული გარემოცვა. დიდი ნაწილი ასე უყურებს, მათ შორის, ზოგი მეცნიერიც, რომელიც საზოგადოებას ელაპარაკება რომ იყო ლეკიანობა, აფხაზეთის ომი, ოსებში დიდი წინააღმდეგობები. არა, ჩვენ უნდა მოვახერხოთ პოზიტივის მობილიზება და წინ წამოვწიოთ ის რაც გვაერთიანებს. გვაერთიანებს ბევრი რამ. ჩვენ ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი თავი კავკასიაში.

ჩვენ ხომ არ დაგვითვლია, არ ვიცით რა პოტენცია არსებობს ჩრდილო-კავკასიელ დიასპორებში, რომლებიც მთელს მსოფლიოშია. თვით რუსეთშიც უმდიდრეს მილიარდერთა სიას თუ გადახედავთ, ყველაზე მდიდრები კავკასიელები არიან _ ჩერქეზები, ჩეჩნები, ინგუშელები, დაღესტნელები, რომლებთანაც, პრაქტიკულად, დიალოგი არ გვაქვს, თუ რატომ, ჩემთვის გაუგებარია.
ჩვენ, ახალი ეროვნული კონცეფცია, სახელმწიფოებრივი ნაციონალური იდეა გვჭირდება, რაც ჩამოყალიბებული არ არის. ვთვლი, რომ საქართველოს ყველაზე დიდი ნაციონალური იდეა უნდა იყოს რეგიონის ანუ, კავკასიის მშვიდობიანი განვითარების კონცეფცია, რომელსაც მიესალმება და საქართველოსგან ყველა ელოდება.

_ ბატონო მერაბ, საქართველო რეგიონალური ცენტრი იყო, თუმცა, ეს ფუნქცია დიდი ხანია დავკარგეთ. რით ახსნით ყოველივეს? კავკასიელები ტრადიციებს, ეროვნულ იდენტობას ინარჩუნებენ. ჩვენ ამ იდენტობას ვკარგავთ...

_ ადამიანის უფლებების დაცვა თანამედროვე მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ იგი არსად და არასდროს უზნეობასთან ასოცირებული არ ყოფილა. თქვენ, რა საფრთხეზეც ამბობთ, ეს საგანგაშოა. ძალიან გაგვიგრძელდა, გაგვიძნელდა დუღილის, საზოგადოებად ჩამოყალიბების პროცესი. ჩვენ ვართ პატრიოტები, გვიყვარს ჩვენი სამშობლო, მაგრამ ვერ გავხდით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. პატრიოტი მოქალაქე უკვე პასუხისმგებლობაა. ჩვენ ამ სამყაროში და არც რეგიონში მარტო არ ვართ. ჩვენ გვიყურებენ, თვალს გვადევნებენ. ფეხებზე დაკიდებით ჩვენი სამშობლო განადგურდება. ასეთმა დამოკიდებულებამ ეროვნული იდეის მიმართ ნიჰილიზმი გამოიწვია, რაც იმით დამთავრდა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ქვეყნიდან განდევნეს. ასევე, ვერ ავლაგმეთ აფხაზეთის ომი, რომელიც აბსოლუტურად, ანტიქართული იყო და ეს იმაში გავცვალეთ რომ გავიძახოდით: ახლა, დავსჯით აფხაზებს, ავიღებთ სოხუმსო. რომელი სოხუმის აღებაზეა საუბარი, აგერ ყურის ძირში ქართული მიწები ვერ აგვითვისებია. ჩვენ თუ მიწების, ტერიტორიების ათვისება გვინდა, ვაჩვენოთ ყველას, რომ ჩვენს ტერიტორიებს ისე გავანაშენებთ როგორც ეს თანამედროვე ქართველს ეკადრება. რაც შეეხება აფხაზეთს, ჩვენ სოხუმი, გაგრა და ტერიტორიები კი არ უნდა დავიბრუნოთ, არამედ აფხაზები როგორც ერი, ნაცია.

_ აშკარად ავცდით მთავარ გზას, ამასობაში ჩვენც უგნური თაგუნასავით არ დაგვემართოს.


_ არ ვიცი მსოფლიოში განვითარებული სახელმწიფო, მათ შორის, ევროპული, რომელიც უარს ამბობს საკუთრივ ევროპულზე, ევროპის წიაღში საკუთარ ნაციონალობაზე. მრავალმა ქვეყანამ საკუთარი ვალუტა არ დათმო მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ევროკავშირი. ევროს გვერდით ვითარდება და ფუნქციონირებს ეროვნული ვალუტებიც. ევროპულობა არ უნდა განხორციელდეს საკუთარი ეროვნული ინტერესებისა და ფესვების ხარჯზე. ჩვენ, ევროპის ევროპელი ვერ გავხდებით, მაგრამ ევროპული რენესანსი დგას ქართულ რენესანსზე. თუნდაც, ევროკავშირის იდეა _ ეს ქართული იდეაა, რომელიც ქართული პირველი ემიგრაციული ტალღის წიაღში იშვა. პირველი პროექტი ქართველების მიერ შეიქმნა.

_ ბატონო მერაბ, თქვენ, კავკასიელ ხალხებს ხვდებოდით, რა განწყობებია მათში ქართველების მიმართ?


_ ცალსახად შემიძლია გიპასუხოთ, რომ მუხტი დადებითია. თუნდაც, ახლა, ანაკლიაში გვყავდა მთელი კავკასიის მწერლობა, აფხაზიც კი ჩამოვიდა სოხუმიდან. საქართველოს მიმართ დღესაც არსებობს მოწიწება, ამაღლებული დამოკიდებულება, მოლოდინი იმისა, რომ საქართველოში ახალი მოდელი შეიქმნება.

_ ბოლოს, აფხაზეთზეც მინდა გკითხოთ, როგორ შევცვალოთ სიტუაცია, აფხაზებთან მიმართებაში, პოზიტივისკენ?

_ ცხადია, რომ მემკვიდრეობა, ქართულ-აფხაზური ურთიერთობის თვალსაზრისით, უმძიმესია, მაგრამ არა გამოუვალი მხოლოდდამხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავიაზრებთ რეალურად რა მოხდა. რეალურად კი მოხდა ის, რომ საქართველომ უარი თქვა თავის ნაწილზე. საქართველო აზროვნებდა და მართავდა ქვეყანას არა ძალისმიერი, არამედ იმ დიდი მორალური კოდექსიდან გამომდინარე, რასაც ქართველობა ერქვა. ქართველობა არ იყო ფუჭი, ეს მისაღები იყო, მათ შორის, აფხაზებისთვის, რომლებიც თავიანთ სამშობლოს მხოლოდ აფხაზეთში ხედავენ. სხვა სამშობლო აფხაზებს არ აქვთ. ვერავინ ვერ გვაჩვენებს სხვა სამშობლოს ვიდრე ეს გახლავთ საქართველო და მისი ნაწილი აფხაზეთი. აქ მოხდა აფხაზეთის ფორმირება, ისინი ჩვენი მოქალაქეები და ქვეყნის შვილები არიან. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ პირდაპირ დიალოგს, აფხაზურ საზოგადოებასთან, წინ არაფერი დაუდგება. ბოლო პერიოდის პოსტ-კონფლიქტურ სიტუაციაში ვერ ვხედავდი ამ მიმართულებით წინ გადადგმულ ნაბიჯს. არსებობს ფორმატები, ლამის მთელი მსოფლიო არის ამაში ჩართული, მაგრამ არა ქართველი და აფხაზი. არადა, ქართული სახელმწიფო იმთავითვე იყო ქართულ-აფხაზური. აფხაზურის გარეშე ქართული სახელმწიფო, გარკვეულწილად, კარგავს თავის ფუნქციას. ამიტომ, საქართველოში აფხაზური საზოგადოების ჰარმონიული განვითარება უმნიშვნელოვანესია. ამ მიმართულებით აფხაზებთან პირდაპირ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მეიმედება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე ძვრები, პოზიტივი, რაც ზურაბ ხონელიძის მოღვაწეობამ შემოიტანა. ამ საკითხებში უშუალოდ ვარ ჩართული. სოხუმის უნივერსიტეტთან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს და მინდა, იგი, ძლიერი იყოს.

სოხუმის უნივერსიტეტს პირდაპირ ეკუთვნის, ევალება საკუთარ თავში ძალა, რესურსი იპოვოს, რათა აფხაზებთან კონტაქტი დაამყაროს და პოზიტიური ურთიერთობის პრეცედენტი შექმნას, რასაც ბატონი ზურაბი მჯერა, აუცილებლად შეძლებს.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0