რამდენი სახელმწიფო ენაა საქართველოში?

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საარჩევნო ბიულეტენები სამ ენაზე დაიბეჭდა და დარიგდა _ ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად, რაც ქართული სახელმწიფოს მხრიდან იმის ოფიციალურად აღიარებას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეთა ერთმა ნაწილმა ქართული ენა, სახელმწიფო ენა, არ იცის და, გამომდინარე აქედან, იძულებულნი ვართ, ბიულეტენები მათ მშობლიურ ენაზე მივაწოდოთ.

გამაოგნებელი ფაქტია, მით უმეტეს, როცა იცი, რომ არამარტო ეს ადამიანები, არამედ მათი წინაპრებიც, საქართველოში დაიბადნენ, ანუ სომხები და აზერბაინაჯელები საუკუნეებია, საქართველოში ცხოვრობენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ენა, ქართული ენა, იმ დონეზეც კი ვერ ისწავლეს, რომ საარჩევნო ბიულეტენის უმარტივესი ტექსტის წაკითხვა და გაგება შეძლონ.

ცხადია, ყველა სომეხზე და აზერბაიჯანელზე არ ითქმის ეს, ბევრი მათგანი ჩინებული ქართულით მეტყველებს, მაგრამ რადგან საჭირო გახდა საარჩევნო ბიულეტენების სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდვა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქართული ენის არმცოდნე სომხებიც და აზერბაიჯანელებიც მრავლად გვყოლია, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ისინი კომპაქტურად არიან დასახლებულნი.
საუკუნეებია, ისინი აქ ცხოვრობენ და ქართული ენა არ იციანო, ვთქვით ზემოთ.

კი, მაგრამ, კიდევ რამდენი საუკუნე უნდა გავიდეს, რომ ამ ადამიანებმა ქართული ენა ისწავლონ და ამ ქვეყნის სრულყოფილი მოქალაქეები გახდნენ?
გუშინ ჩამოსული ჩინელი თუ ინდოელი ახერხებს ქართულად ლაპარაკს, ამათ კი, ამ ჩვენს ძმებს და მოყვრებს, რა მოუვიდათ ისეთი, საუკუნეების განმავლობაში ქართული რომ ვერ ისწავლეს?

ცხადია, ნაწილობრივ ამ ადამიანების ბრალიც არის ეს, მაგრამ მთავარი დამნაშავე, პირველ ყოვლისა, ქართული სახელმწიფოა, რომელმაც ვერ უზრუნველყო ამ ადამიანების ქართულ რეალობაში ინტეგრირება და გაუცხოებისა და გარიყულობისთვის გასწირა ისინი.

კარგად რომ დავუფიქრდეთ და სიტუაცია ობიექტურად შევაფასოთ, ძალზე სახიფათო და საგანგაშო სურათია _ საქართველოში არის რეგიონები, სადაც ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა, არ ვრცელდება, თუმცა ეს რეგიონები საქართველოს შემადგენლობაში შედის და იქ მაცხოვრებლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, სახელმწიფო კი თითქმის არაფერს არ აკეთებს მდგომარეობის გამოსასწორებლად.

რით შეიძლება ეს ყველაფერი დამთავრდეს, ამაზე თუ ფიქრობს ვინმე ამ ქვეყანაში და თუ ფიქრობს, სად არის ამ ნაფიქრალის შედეგი?

გიორგი გამეზარდაშვილი
скачать dle 12.0