ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება აბსოლუტურად კომერციული ბანკების დიქტატის ქვეშ აღმოვჩნდეთ

გვესაუბრება ინვესტიციებისა და კაპიტალის მართვის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი:

_ ბატონო ვახტანგ, აგვისტოს მეორე ნახევარში მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული სეზონი იყო და ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოდიოდა, ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება. რით ახსნით ყოველივეს?


_ ამან შეიძლება საკმაოდ რთულ სიტუაციამდე მიგვიყვანოს. `ეროვნულ ბანკს~ სავალუტო ბაზარზე, წესით, ცოტა აქტიური ჩარევა უნდა განეხორციელებინა, რათა ლარი არ გაუფასურებულიყო. `ეროვნულ ბანკს~ მერე გაუჭირდება ლარის კურსის კონტროლი იქედან გამომდინარე, რომ ასეთი ზედმეტი ზეწოლა ლარზე, წარმოქმნილი მოლოდინების ფონზე, სავალუტო ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას ყოველთვის ართულებს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიმდინარეობს ლარიზაციის პროგრამა, სესხები ლარში გაიცემა. ანუ, წესით ლარზე მოთხოვნა მატულობს, მაგრამ კურსის ცვლილება, ამ კუთხითაც, აბსოლუტურად, საპირისპიროდ მოხდა.
საერთოდ, კურსის ცვლილებას, ლარის გაუფასურების თვალსაზრისით, შეიძლება რამოდენიმე ობიექტური მიზეზი ჰქონდეს. ერთი _ `ეროვნული ბანკის~ მხრიდან ლარის ფულადი მასის გაზრდა, რაც მდგომარეობს შემდეგში _ `ეროვნული ბანკი~, ამ შემთხვევაში, რეფინანსირების სესხებს გასცემს უფრო მზარდი მოცულობით, რაც რეალურად არ მომხდარა. მეორე მიზეზი შეიძლება ასეთი იყოს _ დოლარზე მოთხოვნა ბუნებრივად ხდება იქედან გამომდინარე, რომ იმპორტზე ორიენტირებული კომპანიები თავის საქმიანობას ააქტიურებენ და იგივე, საიმპორტო შესყიდვების მოცულობებს ზრდიან, რაც ასევე, არ მომხდარა. არსებობს სხვა წინაპირობებიც _ ის, რომ ქვეყანას საგარეო ვალების გადახდა და ამისთვის დოლარი სჭირდება. ამ შემთხვევაში, ხდება დოლარის აკუმულირება, მაგრამ ესეც, არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, ისევ და ისევ ერთი მიზეზი გვრჩება _ არასრულყოფილი კურსის ფორმირების სისტემა, რაც დღეს `ეროვნულ ბანკში~ ფუნქციონირებს და მეორე, ბანკების სპეკულაციური ოპერაციები, რაც შესაბამისი სარგებლის მიღების მიზნით, სწორედ, ლარის გაუფასურებისკენ იყო მიმართული.

_ `ეროვნულ ბანკს~ ახალი რეგულაციები შემოაქვს, ერთ-ერთი ლარზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდაა. როგორ შეაფასებთ ამ მიდგომას?

_ ჩნდება კითხვა _ რისი მეშვეობით ზრდის საპროცენტო განაკვეთს? _ ალბათ, ეს ეხება დეპოზიტების დაზღვევას, რაც თავისთავად საპროცენტო განაკვეთებზე იმოქმედებს. ანუ, რეალური საპროცენტო განაკვეთები დაიწევს დეპოზიტებზე და შესაბამისად, გაიზრდება სესხებზე. ეს ბუნებრივიცაა იმიტომ, რომ როდესაც კომერციული ბანკები ამ დეპოზიტების დაზღვევის ფონდში გარკვეულ თანხას იხდიან, ისინი ამ სხვაობას ყოველთვის ამოიღებენ მეანაბრეების, მსესხებლების მეშვეობით. ამ შემთხვევაში, ბანკის ხარჯი დეპოზიტების ან მსესხებლის ხარჯზე გადადის. აქედან გამომდინარე, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა თითიდან გამოწოვილი ინიციატივაა, რომელიც არავის სჭირდება და პრიორიტეტულიც არ არის. ანუ, აქ, სულ სხვა პრიორიტეტული საკითხებია, რაც უმალ უნდა გადაწყდეს. ის, რომ `ეროვნულმა ბანკმა~ შემოიტანა რეგულაციები იგივე მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებთან მიმართებაში, თანხების მოზიდვის თვალსაზრისით, დაუწესა ლიმიტები, ანუ, მხოლოდ 100 ათასის ფარგლებში შეიძლება იყოს თანხები მოზიდული და არა წვრილი მეანაბრეებისგან ან ინვესტორებისგან, რაც, პრაქტიკულად, მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებს აეკრძალათ. ვთვლი, რომ ეს არ არის აბსოლუტურად ეფექტიანი. მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებს, ამ შემთხვევაში, საკმაოდ გაუჭირდებათ თანხების მოზიდვა იმისათვის, რომ თავიანთი საქმიანობა განახორციელონ. ეს ნიშნავს, რომ ბანკები, ნელ-ნელა, მიკრო-საფინანსო ორგანიზაციების ბაზრის სეგმენტს დაიკავებენ, რითაც საბანკო სისტემა კიდევ უფრო გაიბერება, რაც მიზანშეწონილი არ არის და ყოველგვარი თავისუფალი კონკურენციის პრინციპებს არღვევს. რაც შეეხება თვითონ თანხების მოზიდვის თემას, მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებს მხოლოდ ერთი გზა დარჩათ _ თანხები ფასიანი ქაღალდების გამოშვების მეშვეობით მოიზიდონ, იქნება ეს ობლიგაციები თუ აქციები. ესეც, გარკვეულწილად, ამ ორგანიზაციებისთვის საპრობლემოა იმდენად რამდენადაც ფასიანი ქაღალდების ბაზარი ჩვენთან განუვითარებელია, საფონდო ბირჟა ორიენტირებულია მხოლოდდამხოლოდ მსხვილ დივიდენდებზე და არა საშუალო დონის კომპანიებზე. დაახლოებით, ასეთი სიტუაციაა დღეს საფინანსო ბაზარზე და თუ სისტემის რეფორმირება დროულად არ მოხდება, საბოლოო ჯამში, შეიძლება აბსოლუტურად კომერციული ბანკების დიქტატის ქვეშ აღმოვჩნდეთ როგორც საპროცენტო განაკვეთების თვალსაზრისით, ისე დაბანდების კუთხით, რაც ძალიან ნეგატიურია ჩვენი ეკონომიკისთვის.

_ ახლა, მიკრო-საფინანსო ორგანიზაციები ახსენეთ. კომერციულ ბანკებს, ძირითადად, `ეროვნული ბანკი~ ზედამხედველობს, მაგრამ არსებობს უამრავი მიკრო-საფინანსო, საკრედიტო ორგანიზაციები, რომლებიც არავისგან კონტროლდება. არ არსებობს საკანონმდებლო რეგულაცია, რათა `ეროვნულმა ბანკმა~ მათ პასუხი მოსთხოვოს.

_ დიახ, თავისთავად, ასეა. `ეროვნულმა ბანკმა~ შეზღუდა საპროცენტო განაკვეთები სესხებზე, გარკვეულწილად, დაკრედიტრებასთან დაკავშირებით, რაღაც რეგულაციები შეიტანა, რაც პოზიტიურია, მაგრამ არა საკმარისი. `ეროვნულმა ბანკმა~ უშუალოდ უნდა დაარეგულიროს ნებისმიერი კომპანიის საკრედიტო საქმიანობა. ანუ, ამ საქმიანობაზე ლიცენზია უნდა გაიცეს, საკრედიტო საქმიანობა მკაცრად რეგულირებადი უნდა იყოს.
რაც შეეხება კიდევ ერთ მიმართულებას _ ეს არის საფინანსო ბაზრებზე არსებული ე.წ. ფორექს კომპანიები, რომლებიც გვთავაზობენ ანგარიშის გახსნას და ა.შ. მათი რამოდენიმე წარმომადგენლობა საქართველოშიც არის, რომლებიც ადამიანებს სთავაზობენ ანგარიშის გახსნას და ვაჭრობას უცხოეთის საფინანსო ბაზარზე და სხვადასხვა ბირჟაზე. `ფორექსი~ ეს არის საერთაშორისო სავალუტო ბაზარი. ამ საკითხის დარეგულირებაც, მე თუ მკითხავთ, `ეროვნულ ბანკს~ ეხება. მან ეს მიმართულება უნდა არეგულიროს იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც ხსნის ანგარიშს და ვაჭრობს, გათვითცნობიერებული არ არის რამდენად სარისკოა იქ ვაჭრობა და ამიტომ, მათი დიდი ნაწილი თანხებს კარგავს.

_ რატომ არის ეს საკითხები საკანონმდებლო რეგულაციის გარეშე, ეს მიკრო-საფინანსო ორგანიზაციები რომელიმე ბანკის გაგრძელება ხომ არ არის?

_ ბუნებრივია, აქ ინტერესთა კონფლიქტია. საკრედიტო ბაზარი ბანკებისა და მიკრო-საფინანსოების ინტერესთა გადაკვეთაა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ `ეროვნული ბანკი~, ამ შემთხვევაში, კომერციულ ბანკებს ლობირებს. ეს არ არის სწორი და ასე არც უნდა იყოს. `ეროვნული ბანკი~ არის მარეგულირებელი არა მხოლოდ საბანკო სისტემით, არამედ საფინანსოთიც. არ შეიძლება `ეროვნული ბანკი~ სირაქლემას პოზიციაში იყოს.

_ ბატონო ვახტანგ, როგორ რეგულირდება ევროპის სახელმწიფოებში სესხის გაცემაზე პროცენტი. როგორც ვიცი, იქ, ეს 7–8%-ს არ სცდება. ეს ბანკების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული თუ კანონი არეგულირებს?


_ ეს, ჩვეულებრივი, თავისუფალი კონკურენტული პრინციპის შედეგია. ანუ, იქ, საბანკო სისტემა მონოპოლიზირებული არ არის. ჩვენთან, საბანკო სისტემაში ე.წ. ოლიგოპოლიაა, ანუ, მთლიანად აქტივების 80%-ს მხოლოდ რამოდენიმე ბანკი ფლობს, პლუს ამას ემატება არაპროფილური აქტივები. რეალურად, ამ საბანკო ოლიგოპოლიაში შესვლა და მოქმედება ძალიან რთულია. თუ გახსოვთ, საქართველოში, რამოდენიმე უცხოური ბანკი იყო შემოსული, მათ შორის, ფრანგული ბანკი. მათ, საბოლოო ჯამში, თავიანთი წარმომადგენლობები დახურეს, წილები გაყიდეს და წავიდნენ. უცხოეთში ასე არ ხდება. იქ, ძალიან ბევრი ბანკია, სადაც თავისუფალი კონკურენციაა, ცენტრალური მარეგულირებელი ორგანო არც კი უშვებს იმას, რომ ბანკების ოლიგოპოლია ჩამოყალიბდეს.

_ კომერციულ ბანკებს წელს ორჯერ მეტი მოგება ჰქონდათ, ვიდრე წინა წელს. ეს, ალბათ, იმითაც არის განპირობებული რომ ყველაფერი მათ ხელშია: საწარმოები, ბინები, ანუ სხვა პროფილურ საქმიანობებს ეწევიან…


_ ეს მკაცრად უნდა იყოს აკრძალული, მათ შორის, ბანკების ჰოლდინგები, მათთან ასოცირებული კომპანიები და პირები, მსხვილი აქციონერები. ეს დაუშვებელია. ბანკი მხოლოდ საბანკო საქმიანობას უნდა ახორციელებდეს. მეორეც, ბანკების შემოსავლებს თუ გადახედავთ, ეს სამომხმარებლო სესხებიდან შემოსული თანხებია _ ჯარიმები. წარმოიდგინეთ, ბანკებმა ჯარიმებიდან უფრო მეტი აიღეს, ვიდრე იგივე საკრედიტო პროცენტიდან, რაც არანორმალურია. რეალურად, ბანკები ბიზნესის განვითარებას არ აფინანსებენ იმიტომ, რომ ბიზნესი ჩვენთან ვერ ვითარდება. გამოდის, რომ ბანკები, საბოლოო ჯამში, მსხვილ მევახშეებს დაემსგავსნენ, რომლებიც, მონოპოლიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შექმნილი სიტუაციით სარგებლობენ, რაც პირდაპირ მოსახლეობას ურტყამს. ეს ფული მიდის იგივე, არაპროფილურ აქტივებში. შედეგად, ბიზნესის დაფინანსება არ იზრდება, არამედ იზრდება მათი საკუთრების მოცულობა და გავლენა რეალურად ეკონომიკაზე.

_ ბოლოს, მცურავ კურსზეც მინდა გკითხოთ…


_ კურს ბლუმბერგი აყალიბებს. რეალურად, ეს მეთოდი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები _ სადაც პატარა ეკონომიკა, პატარა სავალუტო ბაზარია, იგი დამაზიანებელია. ეს მეთოდი შეიძლება კარგად მუშაობდეს ინგლისის ან საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე. ჩვენ, კურსის ფორმირების, აბსოლუტურად, განსხვავებული მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რომელიც თავის დროზე ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე მუშაობდა და სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკონემდაციების საფუძველზე იყო გამოყენებული. ახლა, რა კურსიც არის, ეს სპეკულაციების, კურსის ცვლილების ისეთ საშუალებას იძლევა, რაც ბანკებს აწყობთ. ვიმეორებ, ეს არის ნაღმი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს აფეთქდეს.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0