აქა ამბავი ლარისა და ლირას საიდუმლო მიჯნურობისა ანუ ქართული ეკონომიკა თურქული ეკონომიკის გაგრძელებაა

“ლარი დავარდა, დავარდა, საქმე წავიდა  შავადა,ნუ გეშინიათ, დავარდნას ყოველთვის მოსდევს  ავარდნა”. ხალხური
საქართველოს  მოქალაქეებს რომ ჰკითხო, ასი კაციდან ასივე გეტყვის,  რომ  ქართული  ლარი დოლარზეა მიბმული და ლარის კურსის მერყეობა საერთაშორისო  საფინანსო  ბაზარზე  დოლარის  კურსის  ცვლილებით  არის განპირობებული.

ასი კაციდან ასივე ერთსა და იმავეს იმიტომ ამბობს, რომ ასე ამბობენ ექსპერტები, ფინანსისტები, ეკონომისტები, ბანკირები, პოლიტიკოსები, ანუ ადამიანები, რომლებსაც  ამ  საქმის  მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად მიიჩნევს  საზოგადოება.
ამ  ფონზე  სრულიად  მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო  ექსპერტ  ვახტანგ ლეჟავას განცხადება,  რომელიც მან  ერთ-ერთ  ტელეგადაცემაში გააკეთა, სადაც სწორედ ლარის კატასტროფული  გაუფასურების  გარშემო  იყო  გამართული დიდი  დისკუსია.
ბატონი  ლეჟავას  მოსაზრებით,  ლარი  მყისიერად  რეაგირებს  არა  დოლარის,  არამედ თურქული ლირას კურსის ცვალებადობაზე და ლირას კურსის ნებისმიერი,  თუნდაც  უმნიშვნე- ლო  რყევები  დაუყოვნებლივ აისახება  ლარზე.
ვახტანგ ლეჟავამ გადაცემის წამყვანს  სთხოვა,  გამოექვეყნებინა ცხრილი, სადაც თვალსაჩინოდ  იყო  ასახული,  თუ  როგორ კვალი-კვალში  მისდევს  ლარი ლირას  და  როგორი  საოცარი სიზუსტით  აირეკლავს  იმ  ცვალებადობას,  რასაც  ბოლო  ხანებში საკმაოდ მძიმე სიტუაციაში აღმოჩენილი  ლირა  განიცდის.

წამყვანმა  ტექნიკური  პრობლემები  მოიმიზეზა,  რის  გამოც ცხრილის ჩვენება მაყურებლისთვის  თურმე  შეუძლებელი  იყო. დისკუსია გაგრძელდა, თუმცა დისკუსიის მონაწილეებს, სამწუხაროდ,  სიტყვა  არ  დაუძრავთ ვახტანგ  ლეჟავას  მიერ  გაჟღერებული  არაორდინარული  და, იმავე  დროს,  საკმაოდ  სკანდალური მოსაზრების გამო, რომელიც  უდავოდ  შეიცავდა  ფრიად საყურადღებო და მნიშვნელოვან ქვეტექსტს.
ვახტანგ ლეჟავას ამ რეპლიკამ „საერთო გაზეთში“ დაბეჭდილი ერთი ინტერვიუ გაგვახსენა ეკონომისტ სოსო არჩვაძესთან, რომელიც ბატონი ვახტანგის  სატელევიზიო  ჩართვამდე ორი  თვით  ადრე  გამოქვეყნდა.

გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

„ერთ  მაგალითს  გეტყვით, მესტიის  რაიონში  თითქმის ყველა  ადგილობრივმა  მცხოვრებმა  თავისი  სახლი  სასტუმროდ  გადააკეთა,  ტურისტებს კი  ღებულობენ,  მაგრამ  მათი გამოსაკვები  პროდუქტები  სხვა რეგიონებიდან  ჩააქვთ.  მარტო სახლს ვინ ჩივის, კაცს 12 ძროხა  ყავდა,  ფერმა  გააუქმა  და ბოსელი ჰოსტელად  გადააკეთა,  ახლა  ხორცი,  ძეხვი,  რძის პროდუქტები  გარედან  შეაქვს. მარტო სვანეთში კი არა, საქართველოს  ნებისმიერ  რეგიონში ასეთი  სიტუაციაა, ლამის მთელი ქვეყანაა ქცეული უტილიზაციის ობიექტად.  შემოდის  ტურისტი, დახარჯავს  ფულს,  მაგრამ  ამ ფულის  დიდი  ნაწილი  საქართველოდან  გადის,  რადგან  კვების პროდუქტების დიდ ნაწილი თურქეთშია  წარმოებული.  თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ამ დოვლათის უტილიზაციის, წარმოებისა  და  სხვა  საყოფაცხოვრებო ნარჩენების ადგილი იქნება. იმის  გამო,  რომ  ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია  ჩვენს  მოთხოვნილებას  ვერ აკმაყოფილებს, ყოველწლიურად მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის იმპორტი გვიწევს.  მართალია,  გარკვეული  პროდუქციის  ექსპორტიც ხდება,  მაგრამ  იმპორტის  წილი 70–80%-მდეა.  ევროკავშირმა ნება  დაგვრთო,  რომ  ევროპის ბაზარზე  8.000  ტონა  ხორცი შევიტანოთ.  ქართული  ანდაზა მახსენდება  –  ყვავს  რა  ჰქონდა,  ბუს  გაჰქონდაო.  ადგილზე დაახლოებით  40–50  ათას  ტონა  ხორცს  ვაწარმოებთ,  60–70 ათასი ტონა კი საზღვარგარეთიდან  შემოგვაქვს, თანაც, მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე, საჭიროზე  ნაკლებ  რაოდენობას მოვიხმართ.  ყიდვის  საშუალება რომ  გვქონდეს,  150–200  ტონა უნდა შემოვიტანოთ. ასეა ბევრ სხვა პროდუქტთან დაკავშირებითაც. ჩვენ თუ მილიარდ დოლარზე მეტის საქონელი შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს ექსპორტზე, გამოდის, მილიარდ დოლარზე მეტი გადის ქვეყნიდან და როგორ უნდა დავიჭიროთ დოლარის კურსი?  

2003  წლამდე  ჰოლანდიას უფრო მეტი ყვავილების ექსპორტი ჰქონდა, ვიდრე საქართველოს მთლიანი  შიდა  პროდუქტი  იყო. მერე ცოტა შეიცვალა ვითარება, მაგრამ  თუ  გვინდა  ეკონომიკა წინ  წავიდეს,  ტურიზმი  განვითარდეს,  პირველ  რიგში  შესაბამისი ბაზა უნდა გვქონდეს, აგროსექტორი, გადამამუშავებელი მრეწველობა, ინფრასტრუქტურა უნდა  იყოს  განვითარებული.  იმ ტურისტულ  ობიექტებში  თურქული  საქონლითა  და  ნედლე- ულით  მზადდება  პროდუქტები, ასე  რომ,  ჩვენ,  ფაქტობრივად, თურქეთის  ეკონომიკის  გაძლი- ერებას  ვემსახურებით. მე  ორი  წლის  წინ  ჩავატარე კვლევა,  როგორც  გითხარით, როცა  თურქეთიდან  ვაწარმოებთ იმპორტს, ამით ვაძლიერებთ თურქულ  ეკონომიკას,  მარტო იმის  ხარჯზე,  თურქულ  საქონელს  რომ  ვყიდულობთ  დაწყებული  ტექსტილიდან,  დამთავ- რებული სანტექნიკის საშუალებებით,  თურქეთში  დამატებითი სამუშაო ადგილები იქმნება. ჩვენ ერთ  დღეს  უარი  რომ  ვთქვათ თურქულ  პროდუქციაზე,  დაახლოებით  60.000  კაცით  გაიზრდება  თურქეთში  უმუშევართა რაოდენობა.  ამის  გარდა,  თურქი  გადამზიდავების  საქართველოში მოძრაობა, ცენტრალური ავტომაგისტრალის გაყოლებაზე კვების  და  საეჭვო  რეპუტაციის მქონე  ობიექტების  არსებობა, ეს  არის  თურქეთის  ეკონომიკის გაგრძელება საქართველოს ტერიტორიაზე.

დედაქალაქის  აეროპორტის რეკონსტრუქციასთან  დაკავშირებით, გერმანული ფირმა გაცილებით მეტ ტერმინალს, ასაფრენ ზოლს  და  მომსახურების  უკეთეს  პირობებს,  თანაც  იაფად სთავაზობდა  ქართულ  მხარეს, მაგრამ რატომღაც ნაციონალების  ხელისუფლებამ  ნაკლებად ცნობილი  თურქული  ფირმა  ამჯობინა, უფრო მძიმე და უარესი პირობები ჰქონდა. რომ იტყვიან, თეთრი ძაფითაა ნაკერი, ეს „გარიგება“,  რომლის  გამოც  2027 წლამდე თბილისიდან იაფად და კომფორტულად  შესაძლებლობები  არ  გვექნება  არც  ჩვენ  და არც  საქართველოს  სტუმრებს. ამ კონტრაქტში ცალსახად არის ჩაწერილი, რომ თბილისიდან 200 კმ-ის  რადიუსში  არ  უნდა  იყოს აეროპორტი,  რომელიც  კონკურენციას  გაუწევს  თბილისის აეროპორტს.  კიდევ  კარგი,  ქუთაისი  230  კმ-შია  და  “კოპიტნარის”  აეროპორტით  სარგებლობის  საშუალება  გვაქვს.
 
არ ვიცი რა დავარქვა იმ დამატებით გადასახადს,  რომელსაც  ხსენებული  ხელშეკრულების  გამო იხდის თითოეული მგზავრი დედაქალაქის  აეროპორტში,  კონტრიბუცია თუ ბეგარა. უამრავი „დრაკონის კბილია“ დათესილი საქართველოს ეკონომიკაში თუ სამართლებრივ სივრცეში, რომელიც ჯერ არ გამომჟღავნებული, მაგრამ შხამიან ნაყოფს ანტისახელმწიფოებრივი  შედეგით  კიდევ მოიტანს და ამისთვის მზად უნდა  ვიყოთ“.
როგორც  ხედავთ,  ბატონო სოსო  არჩვაძე,  ფაქტობრივად, ხსნის და შიფრავს იმ მიზეზებს, იმ  წინაპირობებს,  რის  გამოც ლარი  ასე  მყარად  არის  მიბმული  თურქულ  ლირაზე.

ორი სერიოზული და მაღალკვალიფიციური სპეციალისტის, სოსო არჩვაძის და ვახტანგ ლეჟავას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად  გაკეთებული  ეს  ორი დასკვნა, რომლებიც ერთმანეთს ამყარებს და ავსებს, ვფიქრობთ, სერიოზული  განსჯის  და  განხილვის  საგანი  უნდა  გახდეს სახელისუფლო  წრეებისთვის, რომლებიც ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით სხვადასხვა, ზოგჯერ ერთმანეთის გამომ- რიცხავ ვერსიებს გვთავაზობენ. თუ  ლირა  დოლართან,  ლარი  დლართან  მიბმულ  ლირასთან,  ხოლო  ქართული  ეკონომიკა  თურქულ  ეკონომიკასთან არის  მიბმული  და  მისი  ერთგ- ვარი  გაგრძელებაა,  მაშინ  ხელისუფლებამ,  პირველ  რიგში, იმაზე  უნდა  იფიქროს,  როგორ უნდა  გათავისუფლდეს  ქვეყანა ამ  მდგომარეობისგან.
ტყუის,  ვინც  ამბობს,  რომ ქვეყანაში  არაფერი  არ  კეთდება ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
გაკეთებით  როგორ  არ  კეთდება,  მაგრამ,  როგორც  ჩანს, რაღაც  მთავარი  არ  კეთდება ისე,  რომ  ქვეყანა  სიღარიბის ჭაობიდან  ამოვიდეს  და  წელში გაიმართოს,  ხოლო  რა  არის  ეს მთავარი,  ამის  დასადგენად  და განსასაზღვრად,  როგორც  ჩანს, ქვეყნის  საუკეთესო  ინტელექტუალური ძალების მოხმობა და მათთან დათათბირება, მათი მოსაზრებების ურთიერთშეჯერება და ამ გზით ქვეყნის ეკონომიკური  განვითარების  კონცეფციის ჩამოყალიბებაა  საჭირო.

გიორგი გამეზარდაშვილი

скачать dle 12.0