დენდროლოგიური პარკი - ერთიანი ფიქრის სამყარო…

 ოზურგეთში წვერმაღალასა და შეკვეთილის ტერიტორიაზე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მიმდინარეობს დენდროლოგიური პარკის გაშენება. ამ გასაოცარი პარკის მოსაწყობად საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და თემიდან გადააქვთ უზარმაზარი ხე-მცენარეები. მათ შორის საუკუნეებს გადაცდენილი გიგანტური ხეები, როგორც ჩვენში იტყვიან – მერქნოსნები. „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლების მხრიდან არაერთგზის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოთხსენებულ პარკში 60-მდე ხე-გიგანტის გადარგვა იგეგმება, აქედან მხოლოდ 5 პროცენტამდე – ერთეული სახელმწიფოსგან იქნება შესყიდული, დანარჩენი 95 პროცენტი კი – კერძო პირებისგან. სხვადასხვა ალაგიდან გადმოფესვებული, თითქმის ტოლ-ასაკიანი ხეები, რომელთაც მრავალი რამ უხილავთ ათეულობით წლების გადასახედიდან, ერთიანად ულამაზეს ზღვისპირეთში მოიყრიან თავს და ერთიანი ფიქრით შესწვდებიან ცასა და ხმელეთს, ზღვასა და სატალღეთს… ნეტავი მას, ვისაც ძალუძს ამ საუბრების და ჩურჩულის მოსმენა, მათი შრიალით სულის ტკბობა. სადა გვყავს ჩვენი ვაჟა- ფშაველა, მესაიდუმლე ხეთა და ბალახთა, ყვავილთა და ფრინველ- ნადირთა… ან კიდევ – ხოგაის მინდი, გველისმჭამელის სიბრძნითა და გულმისნობით ზეადამიანურ საოცრებათა შემსმენელი?!.

 ჩვენთან, ჭალიპირის სანახიდან უზარმაზარი, ადრე სიცოცხლით აჩქროლებული, ამ-ბოლოს კი წყენამორეული ცაცხვი გადაამზევეს. ჭაობიან, წუნწუხ ალაგს საავადოდ მოეჭყლურთა ფესვი და მერქანი, ცას მიწვართული გიგანტისა, ჭლექმოკიდებულივით ჩამოეყარა ფრთები, ტკივილმოძალებულს სოკოები დაჰყროდა ატკივილებულ ტანზე, ალაგ-ალაგ ტოტები და კეწეწები შეხმობოდა კიდეც. დაღონებულ პატრონს, აბა, რა უნდა ეწამლა ამოდენა ხისთვის, ან რა გაეგებოდა მისი წამლობისა? გული წყდებოდა, მაგრამ თავს ზემოდ ძალა არ იყო. ეგ ჩაილაპარაკა მხოლოდ: ოთხი საწნახელი გამოვა და დანარჩენი შეშად გამომადგებაო. ხეს ესმის ადამიანისა, თქმა თქმაა და მისი არც ფიქრი გამოეპარება და არც მიზანი. ახედა ზეცას, დაიწყო შეუსვენებლივი ჩურჩული და ვედრება უფლისადმი, გადმომხედე, გამჩენო, და მისაშველეო… ჰოდა, მოხდა სასწაული, შეისმინა თითქოს უფალმა ვედრება ესე, გამოჩნდნენ ღვთისნიერი ადამიანები, ესაშველა ხესაც და პატრონსაც, რომელსაც მეტად დიდი თანხა გადაუხადეს, დიდი შრომითა და თანამედროვე ტექნიკის წყალობით მიუძირყოფეს უზარმაზარ ცაცხვს და საგანგებოდ შემოყვანილი ბეტონის გზით, რომელიც ასე სჭირდებოდა სოფელს, ზღვისკენ წაასვენეს და ბარჟით მიაყენეს წვერმაღალასა და შეკვეთილის ნაპირს. ასე აღმოჩნდა ჭალისპირის ცაცხვი ძმათა სამყოფლოში, შეყვარებულების სავანეში.

მალევე მოვინახულე, არ ვიცი, ნიადაგთან შეგუებამ დამართა თუ გარემოს შეცვლამ, ნაღვლიანი მეჩვენა, გულსაწყენად დუმდა. ორი კვირის თავზე ისევ მივაკითხე, გაოგნებული დავრჩი, სიცოცხლე და ხალისი დაბრუნებოდა, მიწაში იმედიანად ჩაჯიჯგვულიყო და საამოდ შრიალებდა.

საოცრებაა ხე. მით უფრო გიგანტური, ის სამყაროს ერთსახეს ქმნის და ბევრ რამეზე გაფიქრებს ადამიანს…
დედაქალაქში გვაქვს დენდროლოგიის პარკი, რომელიც 1956 წელს ცნობილი მეცნიერისა და მკვლევარის იოსებ ჩოდრიშვილის იდეითა და ცეკას მაშინდელი მდივნის, მართლაც გამორჩეული კაცის ვასილ მჟავანაძის უშუალო მხარდაჭერით აშენდა. თავდაპირველად, პარკი 250 ჰექარზე იყო განაშენიანებული, მოგვიანებით მიემატა 50 ჰა ტერიტორია უნიკალური ხე- მცენარეებითა და შესაბამისი მოწყობილობებით, ინფრასტრუქტურითა და სამეცნიერო დაწესებულებით. მაგრამ, როგორც სხვა ეროვნულად საყურადღებო და მნიშვნელოვანი ცენტრები, სააკაშვილის „ნაც-ხელისუფლების“ მიერ, 2006 წელს, თბილისის დენდროლოგირი პარკი გაუქმდა, შესაბამისად, შეუწყდა ყოველგვარი მეთვალყურეობა და დაფინანსება. ხოლო გაუქმებულ და უპატრონოდ, უკაცრავად პასუხია და, მიგდებულ ამ ულამაზეს სივრცეს რა მსახვრალი კვალიც დაეტყო – ყველას კარგად გვახსოვს. ამ დროს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შეისყიდა ტერიტორია, გაწმინდა, დაასუფთავა, გააკულტურა გაველურებულ-გაჯაგებული ადგილები და საშვილიშვილო, სამერმისო საქმეს ჩაუყარა საფუძველი. კეთილი და ეროვნული საქმეების კეთება ამ ცამაღალი კაცისგან რა გასაკვირია, მაგრამ მადლიერების გამოხატვა თვით უფალსაც მატებს შუქსა და ძალას. ასევე დიდი მადლობით და პატივისცემით უნდა მოვიხსენიოთ სამეგრელოში „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლები, რამეთუ მათი ზრდილობიანი, მაღალზნეობრივი და კეთილგულოვანი დამოკიდებულება ჩვენი რეგიონის მოსახლებისადმი ნამდვილად ყურადღებისა და განსაკუთრებულად აღნიშვნას იმსახურებს. ხალხი იმედით ელის მათ გამოჩენას, საქმდებიან სოლიდური ანაზღაურებით ადგილობრივები, რემონტდება და უმეტესწილად, ახლიდან კეთდება გზები, შუკები, ეწყობა სკვერები, სათამაშო მოედნები, სხვადასხვა შენობები და.ა.შ. ფინანსური დახმარება ეწევა შეჭირვებულთ, ავადმყოფთ და კიდევ მრავალი რამ. ასევე, გადაძირებულ-გადარგული ხის პატრონები იღებენ მეტად სოლიდურ თანხას!.. ყოველ კეთილ საქმეს გამოუჩნდება მაწყევარი და ბოროტად მომზირალი, რომლებიც თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო – ყოველივე კარგსა და სამომავლოს უპირისპირდებიან! ასე ხდება ამ შემთხვევაშიც, მაგრამ უფლისგან კურთხეული საქმე არ შეიძლება შეყოვნდეს და დამარცხდეს. ერთი რამის მეშინია მხოლოდ, ადამიანური უმადურების უსაშინლესმა ნაღველმა, ასე რომ წალეკა და გაანადგურა ბევრი რამ, არ მოსპოს სიკეთის ქმნის უღვთიურესი წადილი. ხეები დენდროლოგიურ პარკში შრიალებენ და ქრშიალებენ… ასე იქნება მერმის, მაშინაც, როცა ჩვენ ცოცხლები არ ვიქნებით და ამ ქვეყანაზე, უფლის ნებით, უშურველი, ჩვენზე უკეთესი ქართველები იქნებიან!..

ლაშა გვასალია
ზუგდიდი
скачать dle 12.0