"განათლების მინისტრს ვთხოვ, ამ იდეისგან თავი შეიკავოს - ეს ინიციატივა მას მინისტრობის ვადას შეუმოკლებს"

სკოლის გამოსაშვები გამოცდები შესაძლოა, რამდენიმე საგანში გაუქმდეს. ამჟამად განათლების სამინისტრო გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად, მოსალოდნელ ცვლილებებზე მუშაობს. კითხვას იგეგმება თუ არა სკოლის გამოსაშვები გამოცდებისა და უმაღლესი სასწავლებლების მისაღები გამოცდების გაერთიანება, განათლების მინისტრმა უპასუხა, რომ გაერთიანება არ იგეგმება, მაგრამ მუშაობა ორივე ტიპის გამოცდაზე მიმდინარეობს: „ გაერთიანება არ არის სწორი ფორმულირება, მაგრამ ორივე ტიპის გამოცდაზე ვმუშაობთ და ცვლილებები შესაძლებელია, ორივეს შეეხოს. განსაკუთრებით, სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს. თუმცა, გაერთიანება ნამდვილად არ მოხდება. ეს ორი სხვადასხვა რამეა. გაუქმდება თუ არა გამოსაშვები გამოცდები ვნახავთ. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა მოდელზე. გვინდა, რომ ჩვენი გამოცდების სისტემა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს. გამოცდების ოპტიმიზაცია მოხდება და გამოცდა რეალურად შეამოწმებს ცოდნას. შესაძლებელია, კონკრეტული მიმართულებით ცვლილებები წელსაც იყოს“ — განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

განათლების სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რომელი საგნებში შეიძლება გაუქმდეს გამოცდები, თუმცა განათლების ექსპერტი ფიქრობს, რომ მოსალოდნელი ცვლილებები საბუნებისმეტყველო საგნებს შეეხება. მანანა ნიკოლაიშვილი დარწმუნებულია, რომ ამ ინიციატივის განხორციელება სკოლისმოსწავლეებისგან დაცლას და სასწავლო პროცესის ჩაშლასგამოიწვევს:

– გამოსაშვები გამოცდების რაოდენობის შემცირება ჩხენკელის ინიციატივა არ გახლავთ. ეს იდეა განათლების სამინისტროში თამარ სანიკიძის მინისტრობის დროიდან არსებობს, მაგრამ სანიკიძემ და ჯეჯელავამ სიბრძნე და წინდახედულება გამოიჩინეს და ამის განხორციელებაზე უარი თქვეს. სამწუხაროდ, მიხეილ ჩხენკელს ეს ყოვლად უვარგისი და მავნებლური იდეა მოწონს, ამიტომ მაინტერესებს იცის თუ არა, თავის დროზე რატომ დაინიშნა ეს გამოცდები?

– იქნებ, ჯერ მკითხველს განვუმარტოთ რატომაა გამოცდების რაოდენობის შემცირების იდეა უვარგისი და მავნებლური?


– დავიწყებ იმით, რომ ჩვენი განათლების სისტემა ყველაზე ხარისხიან ცოდნას მაშინ აძლევდა, როცა ბავშვები 9 და 12 გამოსაშვებ გამოცდას აბარებდნენ. გამოცდების გაუქმების შემდეგ კი საქართველოს სკოლები მოსწავლეებისგან დაიცალა. წლების წინ, მე და თქვენ ამ პროცესებს დინამიკაში ვაშუქებდით. ამოიღონ და ნახონ, როგორ ვაფრთხილებდი ხელისუფლებას, რომ ეს მავნებლური იდეა სკოლებს მოსწავლეებისგან დაცლიდა, არასრულწლოვნებში დანაშაულის სტატისტიკას გაზრდიდა და ა.შ. ზუსტად ასე მოხდა. სკოლა ჯერ მესამე საფეხურის მოსწავლეებისგან დაიცალა, შემდეგ მეორე საფეხურიც მიჰყვა და ბოლოს, სკოლაში მარტო დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები დადიოდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, სასწავლო პროცესს მოწყვეტილ არასრულწლოვნებში იმატა კრიმინალის შემთხვევებმა, ანუ ზუსტად ის პროცესები ვითარდებოდა, რისკენაც ახლა მივდივართ. მაშინ სააკაშვილი იძულებული გახდა საგანგებო ზომები მიეღო. ჰუმანისტი ნოდია ამას ვერ გაატარებდა, ამიტომ სისტემაში შაშკინი შეიყვანეს. გამოსაშვები გამოცდები აღედგინეს და ეფექტური სადამსჯელო მეთოდებიც აამუშავებეს.

– გაცდენებზე დაწესებულ ზღვარს გულისხმობთ?

– არა მარტო ამას.. მანდატურის სამსახური შექმნეს, დირექტორები დასაჯეს და გაცდენებზე ზღვარი დააწესეს. დიახ, თუ ბავშვს გაცდენების 25% ჰქონდა, კლასში რომ არ დარჩენილიყო, ექსტერნის გამოცდებზე უწევდა გასვლა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაცდენების ზღვარი 30%-მდე აწიეს, რაც არასწორია. 30% ნიშნავს, რომ ბავშვი სასწავლო საათების 1/3 აცდენს და გაუგებარია, კლასიდან კლასში რატომ უნდა გადავიდეს? ნორმალურ უნივერსიტეტში სტუდენტებს ერთი ლექციის და პრაქტიკულის გაცდენის უფლება არა აქვს და ხშირად, ლექციებზე სიცხიანები დადიან. განათლების ხარისხი და დისციპლინა როგორ ამაღლდება, თუ ბავშვმა სკოლაში არ იარა? საინტერესოა, იციან თუ არა განათლების სამინისტროში, რომ ისეთი მძიმე საგნების დღეებში, როგორიც ფიზიკა და ქიმიაა, სკოლებში მოსწავლეთა დასწრება უფრო მაღალია, ვიდრე სხვა დროს? ამ საგნებში გამოცდებს თუ გააუქმებენ, მე 12 კლასელი სკოლაში ოთხი საგნის გამო ივლის? სკოლის დირექტორებისგან გავიგე, რომ მინისტრის ინტერვიუს შემდეგ, ვინც ამ ინიციატივის შესახებ გაიგო, იმ მოსწავლეებს ზარ ზეიმი აქვთ და გაკვეთილებზე აღარ დადიან. საოცარია, ბატონი მინისტრი ამბობს, რომ ბავშვებს შემოქმედებითი, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება უნდა განუვითარდეთ და იმ საგნებში აპირებს გამოცდების გაუქმებას, რომლებიც მათემატიკასთან ერთად, ამ უნარებს ავითარებენ. დიახ, ლოგიკურ აზროვნებას ავითარებს მათემატიკა, ფიზიკა და ქიმია, დანარჩენი ლოგიკური აზროვნების მომხმარებელია.

— თქვენი აზრით, ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, განათლების ხარისხის გაუარესებას და მოზარდებში კრიმინალის მატებას უნდა ველოდოთ?


– ამის მიხვედრას დიდი წინასწარმეტყველობა არ ჭირდება. როცა მოსწავლეთა დასწრება იკლებს, როცა დისციპლინა ირღვევა, როცა სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ჩაშლილია, როცა განათლების ხარისხი მინუსებშია გადასული, როცა აბსოლუტური უკონტროლობაა და სკოლის დირექტორები სასწავლო პროცესის დროს, ტრენენინგებზე დარბიან, კარგს რას უნდა ველოდოთ? დიახ, სკოლის დირექტორები, რომლებიც სკოლას სასწავლო პროცესის დასრულებამდე არ უნდა ტოვებდნენ, მასწავლებელთა სახლთან თანამშრომლობენ, ტრენინგებს ატარებენ და ორმაგ დაფინანსებას იღებენ. ბავშვების სიცოცხლე და უსაფრთხოება ამ ქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანია და თუ დირექტორი ასეთი პასუხისმგებლობის ასაღებად მზად არ არის, სკოლა უნდა დატოვოს და ტრენინგები ატაროს, სადაც საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას უხდიან. სწორედ გაუზარებლად ჩატარებულმა რეფორმებმა და უკონტროლობამ წლების წინ, სკოლაში ვითარება იმდენად უმართავი გახადა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება იძულებული გახდა დისციპლინის აღსადგენად, მანდატურების ინსტიტუტი შემოეღო და გამოცდებზე მოსწავლის ჩაჭრის შემთხვევაში, დირექტორის და მასწავლებლის პასუხისმგებლობის საკითხი დაეყენებინა, რასაც ბოლომდე ვეთანხმები. ამ ქვეყანაში პასუხს არავინ არაფერზე აგებს. ქაოსი კი მაშინ იწყება, როცა პასუხისმგებლობა არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ჯიბიდან შევსებული ბიუჯეტიდან მოსწავლის ვაუჩერებზე მილიონები იმისთვის იხარჯება, რომ სკოლამ გამოცდაზე ბავშვის ჩაჭრა დაასაბუთოს. თუ ბავშვი ვერ ისწავლის, ატესტატს ვერ აიღებს, მიზანს ვერ მიაღწევს და მინიმალურ შედეგზე ვერ გავა, ამ ფულს რაში ვყრით? როგორ, ამაზე პასუხისმგებლობა არავინ უნდა აიღოს? დიახ, მართალი იყო სააკაშვილი, როცა რვა გამოცდა შემოიღო და გამოცდების შედეგებზე პასუხისმგებლობა სკოლის დირექტორს და მასწავლებელს დააკისრა, მართალი იყო გაცდენების პროცენტი რომ დააწესა და თავისებურად მართალი იყო, როცა სკოლაში მანდატურების ბატალიონები შეიყვანა, მაგრამ ტყუოდა, როცა მანამდე, ანტიმეცნიერული რეფორმები განახორციელა. სწორედ ამან გამოიწვია სკოლაში დისციპლინის დარღვევა და ამიტომ გახდა აუცილებელი სკოლაში მანდატურების შეყვანა.

– გამოდის, რომ ჩვენთან ყოველი ხელისუფლება წინამორბედთა შეცდომებს იმეორებს და მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე სწავლობს..

– იმიტომ, რომ ხელისუფლების ყველა შტოში მემკვიდრეობითობის პრინციპი გაწყვეტილია. ნაციონალების მოსვლისთანავე, სახელმწიფო უწყებებიდან ძველი თანამშრომლები გაყარეს და წინამორბედების შეცდომები რომ შეეხსენებინა, ასეთი არავინ დატოვეს. გამოცდილი კადრები ჰყოლოდა, სააკაშვილი იმ შეცდომებს არ დაუშვებდა, რომლებმაც თვითონაც და ქვეყანაც ჩიხამდე მიიყვანა. საქართველოს ხელისუფლებაში მემკვიდრეობითობა დარღვეულია და გამოცდილების არმქონე ახალგაზრდობა გვმართავს. ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ უთქმელობაც აღარ შეიძლება.. ყველა ვხედავთ, რომ სკოლაში დისციპლინა თანდათან ირღვევა და გამოსაშვები გამოცდების შეკვეცა ბოლო აკორდი იქნება. მე ვიცი, რომ მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად გრძელვადიანი პერსპექტივით არის დანიშნული და ეს ინიციატივა მას მინისტრობის ვადას შეუმოკლებს. განათლების მინისტრს თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართავ და ვთხოვ, რომ სასკოლო გამოცდებს არ შეეხოს. სასკოლო გამოცდები უნდა დარჩეს, ოღონდ ფორმატი უნდა შეიცვალოს და სხვაგვარი დატვირთვა მიეცეს. თუ რამე უნდა გაუქმდეს, ეს ეროვნული გამოცდებია. კარტოზიას მინისტრობის დროს, ანუ შევარდნაძის პერიოდში, ეროვნული გამოცდების ცენტრი იმ პირობით შეიქმნა, რომ რაღაც გარკვეული პერიოდი უნდა ემოქმედა. უცხოეთის ქვეყნებში ერთიანი ეროვნული გამოცდები არსად არსებობს, მაგრამ სასკოლო გამოცდები ყველგანაა. სკოლაში უნდა ჩატარდეს საატესტატო გამოცდები და ეს ყველაფრის გამოცდები იქნება. შეიძლება ბავშვებს ა+ბ ტესტი მისცენ, საიდანაც „ა“ ტესტით სკოლის ცოდნას შეამოწმებენ და „ბ“ ტესტი იმ მიმართულების იქნება, სადაც ბავშვი აბარებს. გამოცდები ისევ საგამოცდო ცენტრმა უნდა ჩაატაროს, მაგრამ პროცესებში გარკვეულწილად, მასწავლებლები და სკოლის დირექციაც უნდა ჩაერთოს.

– დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ოპონენტები გეტყვიან, რომ ეს კორუფციას გამოიწვევს.

– ეს არგუმენტი არაა. ყველაზე დიდი კორუფციული ცდუნება და შესაძლებლობები უმაღლეს ხელისუფლებას და მთავრობას აქვს და რა ვქნათ, სახლში გავუშვათ? ძალოვანი სტრუქტურები იმისთვის გვაქვს, რომ იმუშაონ და ერთს, ორს და ათს რომ დაიჭერენ, სხვა აღარ გააკეთებს.

ასე, რომ ჩხენკელმა სკოლის გამოცდებს თავი დაანებოს და გამოცდების ამ მოდელზე იფიქროს. ამასთან, სასწავლო პროცესი ხელშეუხებელი გახადოს და რეალურად აამოქმედოს ის მუხლი, სადაც წერია, რომ დირექტორი პასუხისმგებელია სასწავლო-აღმზრდელობით პროცესზე, რაშიც ბავშვის უსაფრთხოებაც შედის და სახელმწიფოს წინაშე პასუხს აგებს. სად არის დღეს ეს პასუხისმგებლობა? დაადგინოს გამოძიებამ სად იყვნენ ის დირექტორები, როცა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მოსწავლე მოკლეს? ეს არის ფაქტი, რომელსაც შეიძლება ხელისუფლება გადააყოლო და ამათ დირექტორების გათავისუფლება არ უნდათ. ბავშვებს როგორ და რატომ ვთხოვთ პასუხისმგებლობას, როცა უფროსები პასუხს არაფერზე ვაგებთ? თქვენ გგონიათ, ბავშვები ვერ ხედავენ, როგორ გადის დირექტორი დამატებითი ფულის საშოვნელად სკოლიდან?

– მაღაზია „დელფოსი“, კლინიკა „მედი“,„მაგთის ოფისი“- ეს არასრულწლოვანთა მიერ ბოლო ორ თვეში გაძარცვული ობიექტების არასრული ჩამონათვალია. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?

– ეს კომპლექსური პრობლემაა და უამრავ საკითხს მოიცავს. ჯერ ერთი, ვფიქრობ, რომ ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი არასრულწლოვან დამნაშავეთა მიმართ მეტისმეტად ლოიალურია. დანაშაულისთვის ყველამ უნდა აგოს პასუხი სრულწლოვანმაც და არასრულწლოვანმაც. რა თქმა უნდა, მოზარდები ციხეში სხვა პირობებში უნდა იყვნენ, მაგრამ სასჯელი უნდა მოიხადონ.

— თუ ჩვენი მიზანი დამნაშავე არასრუწლოვანის გამოსწორება და რესოციალიზაციაა, ციხე ამისთვის შესაფერისი ადგილი არ უნდა იყოს..

– რომ არ დაიჭერ, მაგით გამოსწორდება? სწორედ სასჯელი და პასუხისმგებლობაა ის მუხრუჭი, რომ ადამიანმა ის არ გააკეთოს, რისი გაკეთებაც არ შეიძლება. სასჯელი რომ არ არსებობს, იმიტომ იქმნება არასრულწლოვანთა ბანდები და ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდება. შექმნილი მდგომარეობა ზუსტად იმ ანტირეფორმების ბრალია, რასაც მოქმედი, წინა თუ იმის წინა ხელისუფლებები წლების მანძილზე ახორციელებდნენ. „ზოგადი განათლების კანონით“ სკოლას აღარ გააჩნია აღმზრდელობითი ფუნქცია, დედ-მამას კი შვილისთვის აღარ სცალია. კვლევებით დადგენილია, რომ მშობელი დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ, 7 წუთი ეკონტაქტება შვილს. საქართველოდან წასული მშობლების თემა კიდევ სხვა საკითხია. ასეთ რეალობაში, ბავშვებისთვის სკოლას და მის დირექტორსაც არ სცალია და სასწავლო საათების დროს, ტრენინგებს ატარებს..

– საუბრის ბოლოს, სამინისტროს კიდევ ერთ ინიციატივაზე გკითხავთ, რომელიც რელიგიის ისტორიის არჩევით საგანთა ნუსხაში ჩასმას ითვალისწინებს. თქვენი აზრით, ეს საგანი საერო თუ სასულიერო პირმა უნდა ასწავლოს?


– დავიწყოთ იმით, რომ რელიგიების ისტორია და კულტურა მართლმადიდებლური საგანი არაა, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ. მე რელიგიების ისტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეკითხებოდა და მართლმადიდებლობის გარდა, ვისწავლე კათოლიციზმი, ისლამი, იუდაიზმი, ბუდიზმი, და ა.შ. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც რელიგიების ისტორიისა და კულტურის სწავლებას ეწინააღმდეგებიან. როგორ, განათლებულმა ადამიანმა ეს არ უნდა იცოდეს? რაც შეეხება საგნის მასწავლებლებს, სანამ სააკაშვილი საგნის სწავლებას გააუქმებდა, საერო პირები ასწავლიდნენ, რომლებმაც გია მურღულიას დახელოვნების ინსტიტუტში გაიარეს გადამზადება. ის კადრები დღესაც არსებობს, თანაც სასულიერო აკადემიას უამრავი ახალგაზრდა ამთავრებს და მათაც შეუძლიათ სწავლება. ეს ადამიანები მარტო მართლმადიდებლობას კი არ სწავლობენ, მსოფლიოში არსებულ ყველა რელიგიაზე და სექტაზე აქვთ წარმოდგენა. ასე, რომ სპეციალისტები საძებნელი არ გვაქვს და იმ პრობლემებს მივხედოთ, რომლებიც მართლა მისახედია..

ნელი თორდია
скачать dle 12.0