წინაპართა საფლავის მხვნელები სამშობლოსაც ისე გაუთხრიან სამარეს, ხელი არ აუკანკალდებათ

გვესაუბრება პოეტი თემურ ჩალაბაშვილი:

– უპირველესად, კეთილი იყოს ჩვენი შეხვედრა, მივესალმები თქვენს ბრწყინვალე გაზეთს. მინდა გულწრფელად გამოვეხმაურო ჩემი სიყრმის მეგობრის, შესანიშნავი პუბლიცისტის და პოეტის ვახტანგ ხარჩილავას წერილს – "პენისი კალმის ნაცვლად, თანამედროვე პროლეტკულტები და "წმინდანთა" დისციპლინა. ისეთ პატარა ქვეყანაში როგორიც საქართველოა, როგორ შეიძლება მწერალი გერქვას და ეროვნულის, ქართულის წინააღმდეგ იბრძოლო. დიდი ერებისთვის ეროვნულობა იქნებ არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის ამოსავალი წერტილია. ის რაც სხვა ერებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა – ნარკომანია, პროსტიტუცია და ა.შ., აქ, გამანადგურებელი ეფექტი აქვს. აი, რა არის პრობლემა და არა ლიტერატურული გემოვნება — წერონ როგორც უნდათ, მაგრამ ვაი, რომ მკითხველამდე ჭეშმარიტი მწერლობა კი არ მიდის, არამედ მათი მდარე ნაწარმოებები. ამდენი უწმაწური სიტყვა, აღვირახსნილობა საიდან მოდის? აბა, ჩავიხედოთ მიხეილ ჯავახიშვილის, გრიგოლ რობაქიძის, თუნდაც, თანამედროვე მწერლების – ჭილაძეების, გეგეშიძის, დოჩანაშვილის შემოქმედებაში, როგორი სისადავეა. ბავშვი რომ ვიყავი, ყველაზე მნიშვნელოვანი პირადი ტკივილი მეგონა, მაგრამ მერე მივხვდი, ეროვნული ტკივილი ნამდვილი უბედურება ყოფილა. ეს ყველაფერი, გარკვეულწილად, საზოგადოების მხრიდან ამა თუ იმ საკითხებზე წაყრუებამ ასევე, ქვეყნის ბედის აშლილობამ, ჩვენი ცხოვრების წესმა გამოიწვია, რაც ძალიან მედარდება და სევდა მიპყრობს.

– სამშობლოს – ეს მივიწყებული სიტყვა, დღეს, ჩამორჩენილობის სიმბოლოდ იქცა. ეს რამ გამოიწვია?

– დიახ, სამშობლო ლექსიკონიდან, სასკოლო სახელმძღვანელოებიდან ამოღებულია. ეს დიადი სიტყვა სასაცილო გახდა. დაგვცინიან – რაღა დროს პატრიოტიზმია, ვის უნდა შენი სამშობლოზე დაწერილი ლექსი, ცუდად ხომ არ ხარო. გამოქვეყნდა ჩემი ერთ-ერთი ლექსი, რომელსაც უნეტარესმა მართლმადიდებლობის ჰიმნი უწოდა, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. მას თემურ წიკლაური კაპელასთან ერთად ასრულებს. ალბათ, რამდენმა გაიფიქრა: რა დროს მართლმადიდებლობააო. საზოგადოება რომელიც რელიგიას ებრძვის, რომელსაც სანთელ-საკმეველის მადლი დაჰკარგვია, განა გასაკვირია, რომ შემოქმედებაში იგინებოდეს, უზრდელობდეს. ღმერთმა შეაქმნევინოთ ისეთი შედევრები, რომ გაოცებულნი დავრჩეთ, მაგრამ ურწმუნო ადამიანი ვერაფერს შექმნის. ბიბლიურ სამყაროზე დიდი სამყარო არ არსებობს. ქართველები ვიტყვით-ხოლმე: გვაქვს ბიბლია და "ვეფხისტყაოსანი". თუ ამაზე დიდი ხარ, კი ბატონო. სამწუხაროდ, დღეს, საზოგადოებას არსებობა გაუჭირდა. აბა, დავფიქრდეთ, რამდენად იშვიათად ვაწყდებით ადამიანური ტკივილებით სავსე პიროვნებებს. საზოგადოებრივი ტკივილი დაკარგულია. ერთი ადამიანი მეორეს ხვდება და არც კი უსმენს რა ჭირს, ზერელედ შეეკითხება: როგორ ხარო და გარბის. საზოგადოებრივი პრობლემები, ქვეყნის სატკივარი არავის აწუხებს. ამას ბევრად დიდი ფესვები აქვს, ვიდრე გვგონია. ამიტომ, ძალიან გამიხარდა თქვენი რედაქტორისგან ამ თემის წამოწევა, იქნებ, ჩვენს მიერ ატეხილმა ხმაურმა რაღაც შეაკავოს, გამოასწოროს, თორემ, მაშინ მივუშვათ ეს აღვირი და ასე, რა გამოვა?!

– ბატონო თემურ, აღშფოთება გამოიწვია რატიანის საქმესთან დაკავშირებით შსს მინისტრისთვის მწერალთა ერთი ჯგუფის მიერ გაგზავნილმა უსტარმა. თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამ საკითხზე?


– ეს ინციდენტი, რაც რატიანსა და პოლიციას შორის მოხდა, გასახარელი ნამდვილად არ იყო. განა, ხარატის ან რომელიმე სხვა პროფესიის ადამიანის გალახვა იქნებოდა დასაშვები? პოეტი უფრო თავშეკავებული უნდა იყოს. ჩვენ, ცხოვრებისგან, სიღარიბისგან ვართ გალახულები და კიდევ ცემა გვინდა?! მაგრამ ასე რატომ უნდა გამოვიწვიოთ ვინმე? ბავშვები გარდაიცვალნენ და ე.წ. დამცველებს მათზე ხმა არ ამოუღიათ, რატიანზე რა ამბავი შექმნეს. სად იყვნენ გირგვლიანის, რობაქიძის და სხვათა მკვლელობის დროს?! რატიანი, მგონი, უფრო ადვილად შეეგუა ამ ფაქტს, ვიდრე მისი დამცველები. ეს როგორ ხდება? მე რომ გაველახე ვინმეს, არც ვიტყოდი პოეტი ვარ-მეთქი, თუ თავად არ მიცნობდნენ. პოეტს მეტი არ მოეთხოვება? ვისი გალახვის მომხრე უნდა იყოს, საერთოდ, ქართველი მწერალი? გინდ პოეტი იყოს, გინდ მევენახე, გინდ მეურმე, რა მნიშვნელობა აქვს? მაგრამ ჩვენი ახალგაზრდობა, რომელიც ამ უწმაწური სიტყვებით გაჯერებულ ნაწარმოებებს კითხულობს და ეს შედევრები ჰგონია, ამ პრობლემას რა ვუყოთ?! ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს რა ვუყოთ, რომლებსაც სკოლის პროგრამიდან ყველაფერი პატრიოტული ამოუღეს და გაურკვეველ ტექსტებს ასწავლიან? რაც მესიზმრება, რომ წამოვდგე და ყველაფერი ვწერო, არ იქნება სწორი. შეიძლება მეც მესიზმრება ისეთი ამბავი, რომლის გამოქვეყნებაც არ შეიძლება. ამ თანამედროვე მწერლებს აღვირი ამოუვარდათ, რასაც ამოდება და მიხედვა უნდა.

– ვინ უნდა ამოსდოს აღვირი?


– ვინ და ერში იდეოლოგია უნდა არსებობდეს, რაც არ გვაქვს. ეროვნული განწყობის კაცი – დავით სოკოლოვი, ყველასგან მივიწყებულია, რაც ძალიან მედარდება. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გადაცემაში თანაწამყვანი იყო, მისმა ქართულმა მომხიბლა.

– ამ გადაცემას მეც ვუყურე, განსხვავება ახლანდელ დიქტორებსა და დავით სოკოლოვს შორის, მართლაც თვალშისაცემი იყო.


– დიახ, ზოგი მათგანის მოსმენა, საშინელებაა – ერთი ამოსუნთქვით გვახრჩობენ, გვმოძღვრავენ, ყოვლისმცოდნე ჰგონიათ თავი, არადა როგორი ქართულით მეტყველებენ, შეძრწუნდებით. ვერ ხვდებიან, რომ ეს ქართული არ არის?! 15 წუთში სოკოლოვმა ყველაფერი დააწყნარა. ძველი თბილისის აშუღი ამბობს: სირცხვილი იმ გუთნის-დედას, ვინც წინაპრის საფლავს ხნავდესო. შე დალოცვილო, შექმენი ახალი, მაგრამ იმ ძველს, კარგს რას ედავები. გოგებაშვილი წერდა: რაც ჩემში მოძველებულად ჩათვალოთ, ამოიღეთო. ის კი არ უთქვამს წამშალეთ, აღარ მახსენოთო. შვილიშვილის წიგნებში ვიყურები და მრცხვენია. მაგალითად, მოცემულია ანა კალანდაძის ლექსი, რომელშიც სამი წერტილებია დასმული. დავალება შემდეგია: სამწერტილების ადგილას ანა კალანდაძის ლექსი ბავშვმა თავისი სიტყვებით უნდა გააგრძელოს. ანა კალანდაძის ლექსი ვინ უნდა გააგრძელოს, ეს როგორ შეიძლება?

წეღან ტელევიზიებზე ვსაუბრობდით. საოცარი რამ ხდება. მაგალითად, ჯაჯანიძე იცით, რას აკეთებს? პირდაპირ იწვევს ისეთ სტუმრებს, რომლებიც თამამად იგინებიან, ილანძღებიან, შიშვლდებიან და ა.შ. რაც ენაზე მოგადგება ყველაფერი უნდა მოვყვეთ? – ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. მეც ისე ვიმეტყველო, როგორც ჩვენი ტელე-მწერლები ტელევიზიებიდან გვმოძღვრავენ?! აბა, დაუკვირდით ბერძენიშვილის ლექციებს, მონოლოგი აქვს. როგორც კი ვინმე რამეს შეეკითხება, ეგრევე სხვა საკითხზე გადადის. ხალხი გაბრუებულია – რამდენი რამე იცისო, ამ დროს მათ აკრეტინებს. განსწავლულობა გონებას არ ნიშნავს და არც იმას, რომ პიროვნებაა და ცხოვრების წარმართვა შეუძლია. ზოგიერთის გონების ჭურჭელი ჭკუას ვერ უძლებს და შეიძლება გასკდეს. აი, კიდევ რაშია პრობლემა, თორემ უტვინო კაცი რას დაწერს არ მადარდებს, უფრო ჭკვიან, საშიშ ხალხზე ვსაუბრობ. ამ საშიშ ხალხთან "სოროსი", ფული მუშაობს. წაიკითხონ სულხან-საბა, რომლის პრემიებსაც იღებენ. განა შეიძლება სულხან-საბა წაკითხული არ გქონდეს და მისი სახელობის პრემიას იღებდე?! მათ ვერავითარი პრემია ვერ უშველით, თუნდაც რუსთაველის პრემია ჩამოურიგონ. შალვა ნუცუბიძე წერდა: ვაი იმ კაცს, ვისაც ხარისხის მიშველიება სჭირდებაო. იგი, პირდაპირ აწერდა – შალვა ნუცუბიძე, თან ამბობდა: რად მინდა აკადემიკოსის მიწერა, განა, არ იციან ვინ ვარო.

– ბატონო თემურ, ახლახან, სკოლის პროგრამა ახსენეთ, რომელიც შვილიშვილმა დაიწუნა. ლომაიადან მოყოლებული მუდმივ რეფორმებში ვართ, წინსვლის კი არაფერი გვეტყობა.

– პროგრამა რომ ჩამოყალიბდება, ხომ უნდა დამკვიდრდეს. ერთი მინისტრის ხუთ თვეში წასვლა ახალი პროგრამის დაწყებას ნიშნავს, ის ძველი ხომ იკარგება. ერთი ჭკუათმყოფელი კაცი ვერ იპოვეს. მახსოვს, გიორგი ჯიბლაძე, თამარ ლაშქარაშვილი 10–15 წელი მართავდნენ განათლების სამინისტროს. იმის მომხრე კი არ ვარ ერთ ადგილას გავყინოთ ვინმე, მაგრამ პროგრესულად მოაზროვნე არ ჩანს. ვნახოთ, რას იზამს ახალი მინისტრი, იმედიანად ვარ. აქამდე, ზოგი ვაშლებზე ლაპარაკობდა, ზღაპრებიც დაგვიწუნა, ზოგი ბუღალტერი იყო, აღარაფერს ვამბობ, რაც ლომაიამ განათლებას დამართა. სკოლიდან იწყება ყველაფერი, სადაც სწავლება საშინელი პროგრამით მიდის, ტელევიზორს ჩართავ და შოუებში ტელე-ბიჭუნები ასეთ `შესანიშნავ~ შემოქმედებით საღამოებს ატარებენ. აბა, მითხარით: ბავშვმა რით იკვებოს?!

– ბატონო თემურ, წელს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალს საქართველო მასპინძლობს. თუმცა, როგორც არაერთხელ მსმენია, აქაც ასპარეზი ერთიდაიმავე წრეს ეთმობა და მხოლოდ მათი წიგნები ითარგმნება…


– კი არ ითარგმნება, თავად ეთარგმნინებიან. ოდითგან ასე იყო. გალაკტიონის ლექსები არ იყო რუსულ ენაზე ნათარგმნი და ამ დროს, ისეთი პოეტების ლექსებს თარგმნიდნენ სიცილით მოკვდებოდით, კაცმა არ იცოდა მათი სახელი, მეც კი დამავიწყდა. სულიერად გაგვიჭირდა, ამიტომ, საჭიროა დღეს ნორმალური პოეტი, პროზაიკოსი ითარგმნოს. ძველი ანდაზაა: ძაღლი სახლში არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო. ზოგიერთის წიგნი სწორედ ასეა – აქ, არავინ იცის ვინ არის, დიდი ვერაფერი მწერალია და ევროპაში რომ აღიარებენ, თავი კიტრად მოაქვს ისე როგორც ამერიკაში სამთვიან კურსებს გაივლიან და თავს იწონებენ. არადა, ჩვენ ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ენათმეცნიერების სკოლები გვქონდა, რითაც მსოფლიო გაოცებული იყო. ახლა, მაჩვენეთ, ვინ ადგენს სასკოლო, უმაღლესი სასწავლებლის სახელმძღვანელოებს. ამიტომ, ნუ გაგვიკვირდება თუ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე უგემოვნო წიგნი ითარგმნოს. ვინც ეთარგმნინება, ვინც `ჩააწყობს~ ფრანკფურტის ფესტივალზეც მისი წიგნი წარმოჩინდება.

– ისეთი შთაბეჭდილება რჩება, ჩვენი კულტურა მდინარის გაღმა დარჩა.

– იმიტომ, რომ ფუნქციები ვერ გაიყვეს. მწერალთა კავშირი ერთიან ჯგუფს, თანამოაზრეთა შეკრებას ნიშნავს, რომელიც იცავს ქვეყანას, სამშობლოს. ვაი, იმ ქვეყანას, რომელიც მწერალთა კავშირს ყურადღებას არ მიაქცევს. აკაკი შანიძის ფუძედმდებლურ სასწავლებელში მისი გრამატიკა რომ არ ისწავლება, რაღაზე ვლაპარაკობთ? შეიძლება, ჩვენმა სიტყვამ შედეგი ვერ გამოიღოს, მაგრამ აზრს ხომ ვაფიქსირებთ, ხომ მოვა თაობა, რომელიც ამას წაიკითხავს და ყველაფერს მიხვდება. ეს ხომ მაინც დარჩება.

– დღეს, სამწუხაროდ, კულტურა არ არის პროირიტეტი, მაშინ რა საჭიროა კულტურის სამინისტრო?


– დიახ, მართლაც რა საჭიროა. რად უნდა კულტურას სამინისტრო თუ მაგალითად, მწერალთა კავშირს ძაღლად არ აგდებს. შე დალოცვილო, შემოქმედი ადამიანი 80 წლის გახდა, საიუბილეო საღამო არ უნდა აღინიშნოს, უნდა ვწვალობდეთ დაგვითმობენ თუ არა დარბაზს? ეს არის ერის სულიერება, დამშვიდებული ცხოვრება და თავისუფალი საქართველო? რად მინდა ეგეთი სამშობლო? ვისაც ხელეწიფება არ ფიქრობს და ვინც ფიქრობს ძალა არ გვაქვს.

– მაშინ როცა ქართველი მწერალი სულს ღაფავს, როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს მიდგომა მწერლებისადმი?


– სახელმწიფო ვისაც ერი ღირსეულად ჩათვლის, მას უნდა ეხმარებოდეს. ამ საკითხს ხაზარაძეები არ უნდა წყვეტდნენ. ფული ვისაც აქვს მხოლოდ ის კი არ არის მდიდარი, არამედ ვისაც გონება აქვს, როგორც დავით სარაჯიშვილი იყო. აბა, გამოჩნდეს ისეთი კაცი, რომელიც მოგებას არ ელოდება და ისე დაგაფინანსოს. ბოლოს, მინდა ამით დავამთავრო – მე უფრო დიდი საზოგადოებრივი ტკივილი მტკივა, რასაც ქვეყნის გადარჩენა ქვია, თორემ ოთხი კაცის მწერლობის შიში რომ მქონდეს, ბარემ, ახლავე, კუბოში ჩავწვებოდი და გამასვენებდნენ.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0